<უკან დაბრუნება ... <<<ციხე-ქალაქები და საერო ნაგებობები>>>
არქიტექტურა გათხრითი არქეოლოგიის მონაცემებით - ი.ციციშვილი // საბჭოთა ხელოვნება, 1955 წ., №4, გვ. 33-36
არქიტექტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს იმ მაღალი ეროვნული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც ქართველ ხალხს საუკუნეების მანძილზე შეუქმნია. ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლების მხატვრული თვისებები, მეტყველი ეროვნული ხასიათი, ხალხური ძირები და შესრულების შეუდარებელი ოსტატობა საპატიო ადგილს მიუჩენენ მათ მსოფლიო ხელოვნების საგანძურში. დღესაც, ქართული მონუმენტური და ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებში ჩვენი არქიტექტორების და მშენებლების ყურადღებას იქცევს და შესწავლის ღირსია ფორმების ლოგიკური არსი და ჰარმონიული პროპორციები. მასალის თვისებების ღრმა ცოდნა და ეკონომიური გამოყენება. ჩუქურთმების მშვენიერი ნახატი და მათი განაწილება, ხალხის ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების უნარი და რაც მთავარია, ფორმისა და შინაარსის ერთიანობა. საქართველოს მცირე ტერიტორიაზე მიწის ზემოთ თუ მის წიაღში შემორჩენილია მრავალი ძეგლი. მაგრამ თუ ფეოდალური ეპოქის მიწისზედა ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხელოვნებისმცოდნეების მიერ შესწავლილია, უფრო ძველი პერიოდების ძეგლების მეორე ნაწილი თანდათანობით ვლინდება არქეოლოგიური გათხრების წყალობით. არქიტექტურის განვითარება დაკავშირებულია პირველყოფილი ადამიანის შრომის ფორმებთან. ბუნებრივია, რომ საზოგადოების განვითარების საწყის ეტაპზე ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას თავშესაფარის ძებნა წარმოადგენდა. ყველაზე მარტივი იყო საცხოვრებლად ბუნებრივი თავშესაფარის გამოყენება. მართლაც, გამოქვაბული, კლდის შვერილი, ორმო, ქარისაგან დასაცავი ფარდული წარმოადგენენ პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებლის ძირითად სახეებს. არქეოლოგთა მიერ გამოვლენილი გამოქვაბულები - გვარჯილას კლდე, დევის ხვრელი, საკაჟია, მღვიმევი, საგვარჯილე და სხვ. მოწმობენ საქართველოში ადამიანის არსებობას ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაში. მაგრამ, არქიტექტურის აღმოცენება უნდა დავუკავშიროთ არა ბუნებრივი გამოქვაბულების გამოყენებას, არამედ მათ შეგნებულ გადაკეთებასა და გაუმჯობესებას, უფრო კი, ღია ცის ქვეშ მიწურებისა ან კარვების სახით ხელოვნური საცხოვრებლის შექმნას. დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი ქვის ხანის სადგომების - კისტრიკის (გუდაუთის მახლობლად), თეთრამიწას (ქ.ქუთაისთან) და სხვა შენობათა კედლების თიხის ბათქაშის ნაშთები გვაფიქრებინებს, რომ ნეოლითის ხანის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ხის ღეროებისა და ტოტებისაგან შედგენილ წნულს (ფაცხას), თიხის ნალესობით ორსავე მხრიდან და კარვისებრი გადახურეით. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ წარსულში ადამიანები თავის "საიმქვეყნო ბინას არსებული შენობების ყაიდაზე აგებდნენ, ცხადია, საცხოვრებელი სახლის განვითარების საკითხს რამდენადმე გააშუქებენ მემორიალურ ძეგლებში - ყორღანებში დაცული სამარხი ნაგებობანიც. 1950 წ. გ.ნიორაძემ გათხარა სამგორის ერთ-ერთი ყორღანი ე.წ. "კოხრასგორა", სადაც ქვა-მიწაყრილის ქვეშ აღმოჩნდა მოზრდილი შენობის ნაშთი. იგი სწორკუთხა ფორმისა ყოფილა, ჯარგვალის ყაიდაზე შედგენილი მორებით, რომელთა ბოლოები კუთხეებში ოსტატურად იყო დაჭდეული. სამგორის ყორღანი გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოს საქართველოში ხით ხუროობა საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარა. არა ნაკლებ საყურადღებოა კოლხეთის დაბლობში გავრცელებული ხელოვნური ბორცვები (ნაოხვამუ, დიხაგუძუბა და სხვა), რომლებიც წარმოადგენდნენ გვაროვნულ მოსახლეობას ან ზოგჯერ საკულტო ადგილს. გათხრის შედეგად გამოვლინდა ბორცვის ირგვლივ შემორტყმული, ძელურ საფუძველზე ამოყვანილი თიხატკეპნილი გალავანი, რომლის შიგნით მოთავსებული იყო წრიული ან რვაწახნაგოვანი ფორმის შენობა. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, წარმოადგენდა ჯარგვალური ტიპის, ან თიხით ნალეს წნულს, რომელსაც, ალბათ, კონუსისებრი, ჩალით დახურული სახურავი ექნებოდა. თრიალეთში წარმოებული გათხრების შედეგად ბ.კუფტინმა გამოავლინა შუაბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხები, რომელნიც წარმოადგენენ ქვათა დიდ ყორეს, მასში მოთავსებული სამარხი დარბაზით. სწორკუთხა ფორმის დასაკრძალავი დარბაზის კედლები, შემომტკიცებული რიყის და ყორექვით. გადახურული ყოფილა ხის მძლავრი ძელებით.
სოფ.ოზნისთან და ბეშთაშენის მახლობლად წარმოებული გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ენეოლითურ ხანაში მოსახლეობას აქ უცხოვრია საგვარეულო სოფლებად. საცხოვრებელი სახლები წარმოადგენდნენ წრიული მოყვანილობის შენობებს, ქვის საფუძველზე ამოყვანილი ალიზის ან ხის კედლებითა და კონუსისებრი სახურავით - მსგავსად კრეტას ე.წ. "თოლოსებისა". ქვით მდიდარ რაიონებში ბუნებრივია, ძირითად სამშენებლო მასალას ქვა წარმოადგენდა. ბედენის ლოდოვანში სადგომების მოწყობის მიზნით გამოყენებულია კლდის ნაპრალები, რომლებიც გაწმენდა - გაფართოების შემდეგ გადახურულია მოზრდილი ფილებით. ზოგიერთ შემთხეევაში, გადახურვის მალის გადიდებისა და ამავე დროს შრომატევადი სამუშაოს შემსუბუქების მიზნით, ნახმარია ე.წ. ცრუკამაროვანი გადახურვა - ერთმანეთის ზემოთ საფეხურისებურად დაწყობილი ფილებით. მეორე ნასოფლარ - დუმეილაში (ახალქალაქის რაიონი), თითოეული საცხოვრებელი სადგომი წარმოადგენს ნაწილობრივად მიწაში შეჭრილ, ოვალური მოყვანილობის ნაგებობას ქვით შემომტკიცებული კედლებით. კედლები და გადახურვა ამოყვანილია ცრუ კამარის სისტემით, რომელიც ზემოთ გვირგვინდება მოზრდილი ფილით. სადგომში ჩადიოდნენ ზემოდან, საგანგებოდ საფეხურისებურად დაწყობილი ქვების საშუალებით. ამგვარად, ქართველი არქეოლოგების კელევა-ძიების წყალობით ირკვევა ჩვენს ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის თანდათანობთი განვითარების სურათი. გამოქვაბულებისა და სხვა ბუნებრივი თავშესაფარის გამოყენების შემდეგ ადამიანი ეჩვევა ხელოვნური სახლების აგებას ხის ტოტებისა, წნულისა, ლერწმისა, და ბოლოს მორებისაგან. ქვიან რაიონებში ადამიანი ხმარობდა ქვას მიწურების შემომტკიცებისათვის და ბლინდაჟების მოსაწყობად. ხოლო ქვით და ხით ღარიბ ადგილებში ამზადებდა ალიზის აგურს თიხისაგან. ამგვარად, შეიქმნა საცხოვრებლის რამდენიმე სახეობა: გეგმაში სწორკუთხოვანი ფორმისა, მორებისაგან შედგენილი ჯარგვალით ორქანობიანი ან ბანური სახურავით, წრიული ან ოვალური გეგმისა, ვერტიკალურად დარჭობილი მორებით და კარკასული ტიპის შენობები, საყრდენი ბოძებით და თიხით მოლესილი წნულით შუალედების შევსებით. როგორც ვხდავთ, უკვე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელ ნაგებობებში ჩაისახა წრიულ და სწორკუთხოვან შენობათა სივრცითი კონცეფციები, სივრცის შემოფარგვლის სურვილმა ადამიანი მიიყვანა ცრუ კამარის სისტემის იდეამდე. ეს მნიშვნელოვანი სიახლე შემდგომში იძლევა ინტერიერის საყურადღებო არქიტექტურულ გადაწყვეტას შვერილთა რიტმული მონაცვლეობისა ან კონუსისებრი კამარის სახით. ნეოლითის დასასრულს, განსაკუთრებით კი, ბრინჯაოს ხანაში საცხოვრებელი შენობების გვერდით ჩნდება ნაგებობანი, დაკავშირებულნი მიცვალებულის კულტთან და ბუნების ძალებთან. ქვის დიდი ლოდები მშრალად აგებული მეგალითური ან ე.წ. "ციკლოპური" ნაგებობანი წარმოადგენენ უკვე იდეოლოგიის პროდუქტს, პირველ არქიტექტურულ კატეგორიას, რომელთა შექმნის საფუძველს არ შეადგენდა არსებობისათვის ბრძოლა. ასე შეიქმნა მენჰირი - ჩვეულებრივად საფლავის მახლობლად ვერტიკალურად დაყენებული ლოდი; დოლმენი - საცხოვრებელთან გენეტიკურად დაკავშირებული სამარხი ნაგებობა, შედგენილი რამოდენიმე ვერტიკალური ფილისაგან და გადახურული ერთი დიდი ფილით; კრომლეხი - ქვებით შედგენილი წრე, შუაში მოთავსებული საკურთხევლით, მიძღვნილი ბუნების ძალებისა და მზის კულტისადმი. ცხადია, ქვის წყობა ჩაისახა მაშინ, როდესაც საჭირო გახდა საცხოვრებლად გამოყენებული გამოქვაბულების ზედმეტი ხვრელობების ამოქოლვა. ქვის ნაყარის თვისებების გამო შეუძლებელი იყო უბრალო ყრილით ვერტიკალური კედლების ამოყვანა. თანდათანობით გაირკვა, რომ ეს შესაძლებელი გახდება, თუ ქვები მყარად დაიწყობა ერთმანეთზე, მათი ბუნებრივად ახლეჩილი ზედაპირის გამოყენების შემთხვევაში. ასე შეიქმნა "ციკლოპური" წყობა შემდგომში, როდესაც საძოვრებისა თუ სახნავი მიწების ძებნამ ადამიანი აიძულა გამოქვაბულების მოშორებით დასახლებულიყო, ქვის წყობამ მიიღო დამოუკიდებელი ხასიათი. "ციკლოპური" წყობით ამოყვანილი ზღუდეები მრავლადაა შემორჩენილი საქართველოში. ეს წყობა წარმოადგენს საწყის ფორმას, რომელმაც განსაზღვრა ქვის წყობის შემდგომი განვითარება. მენჰირის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ ადამიანის პირველ მისწრაფებას შექმნას გარკვეული შთაბეჭდილება. ვერტიკალურად დაყენებული ქვა - ბოძი თავისი მარტივი და ცხადი ფორმით, ერთგვარად, უკვე წარმოადგენს არქიტექტურის საწყისს. დოლმენში, პირველად მონუმენტურ ნაგებობაში, იფარგლება შიდა სივრცე და მკვეთრად ვლინდება გარემოცულობა. აქ მასალის დაზვინვით ადამიანმა შესძლო დაესახა არქიტექტურული ინტერიერი და ერთმანეთს დაუპირისპირა მზიდავი და დაყრდნობილი ნაწილები, ე.ი. გამოვლინდა არქიტექტურის კონსტრუქციული არსი. კრომლეხში ვხვდებით არქიტექტურულ" კომპოზიციის მთელ რიგ ახალ ელემენტებს. არ შეიძლება კრომლეხის ბოძებსა და მათ გადამხურავ ფილებში არ დავინახოთ მომავალი სვეტნარებისა და თაღედების ჩანასახი. თუ კრომლეხში შეიმჩნევა სივრცის შემფარგელის ერთი ხერხი -საყრდენების მონაცვლეობით, ციკლოპურ ნაციხარებში საყურადღებოა მთლიანი კედლით სივრცის შემოფარგვლის მაგალითი. ამგვარად, არქეოლოგიური მონაპოვრის განხილვისას, ჩვენს წინაშე იშლება სურათი საქართველოში სამშენებლო საქმის განვითარებისა პალეოლითიდან, ვიდრე მონათმფლობელურ ფორმაციაზე გადასვლის ხანამდე. თუ პრიმიტიული მშენებლობა დასაწყისში წარმოადგენს მხოლოდ მატერიალური კულტურის სახეობას, რადგან ადამიანი იყო სრულიად დათრგუნვილი არსებობის სიძნელით, ბუნებასთან ბრძოლის სიძნელით" (ლენინი), შემდგომში, უკვე ბარბაროსობის ეტაპზე იგი ღებულობს "არქიტექტურის. როგორც ხელოვნების ყველა ნიშანს" (ენგელსი).
ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე მეოთხედში საზოგადოების საწარმოო ძალთა განვითარებამ შექმნა პირობები ცხოველი ურთიერთობის, ხოლო შემდეგ, ენობრივი და კულტურული სიახლოვის საფუძველზე, ქართველი ტომების გაერთიანებისათვის. ეს პერიოდი ქართველი ტომებისათვის კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფორმირების ხანაა. საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ორი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - აღმოსავლეთქართული - იბერია და დასავლეთქართული - კოლხეთი. მონათმფლობელური საზოგადოების ეპოქის არქიტექტურის შესწავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ძველი დედაქალაქის - მცხეთის გათხრების შედეგებს. მცხეთის ექსპედიციამ, რომელსაც გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსები ივ.ჯავახიშეილი და ს.ჯანაშია ხელმძღვანელობდნენ, მიაკვლია დედაქალაქის ვრცელი ტერიტორიის რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს, ისეთს, როგორიცაა სამთავრო, არმაზისხევი, ბაგინეთი (რაზმების ხელმძღეანელები; ა.აფაქიძე, გ.გობეჯიშვილი, ალ.კალანდაძე, მ.ივაშჩენკო. გ.ლომთათიძე). საყურადღებო პარალელური მასალა გამოვლინდა ვანში (ნ.ხოშტარია), სარკინეთსა და წიწამურში (ა.აფაქიძე), შორაპანში, ბიჭვინთაში და სხვ. არქეოლოგიური კელევა - ძიების მიხედვით ირკვევა, რომ ქართველი ტომების სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ, საზოგადოებრივი ურთიერთობის უფრო რთულმა ფორმებმა და საქალაქო ცხოვრების წინსვლამ ხელი შეუწყეს არქიტექტურის განვითარებას. საზოგადოების სოციალური დანაწევრების შედეგად იქმნება საცხოვრებელი სახლების სხვადასხვა ტიპები. ერთი მხრივ წარმოიშვა მეფის, ერისმთავართა და მაღალი წოდების წარმომადგენელთა რთული და მდიდრული სასახლეები, ხოლო მეორე მხრივ, დაბალი ფენების მასობრივი, მარტივი საცხოვრებელი. საქალაქო ცხოვრების განვითარება იწვევდა საზოგადოებრივი შენობების აგებას, გაფართოებული ვაჭრობა კი მოითხოვდა საწყობების მშენებლობას. ახ.წ. პირველ საუკუნეებში აბანოების სახით, ჩნდება შენობის ახალი სახეობა, რომელიც შემდგომში, როგორც ჩანს, ქალაქისათვის აუცილებელ ნაგებობას წარმოადგენდა. კვლავ მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა თავდაცვით ნაგებობებს. ყველა ქალაქი ჩვეულებრივად შემოზღუდული იყო კოშკებიანი მძლავრი გალავნით. ქალაქებში მოსახლეობის დიდი რაოდენობით თავმოყრა მოითხოვდა საქალაქო კეთილმოწყობას: სხვადასხვა ნაგებობებს, პირველ ყოვლისა, წყალსადენისა და კანალიზაციის გაყვანლობას. სოციალური და ქონებრივი დანაწილება. აგრეთვე, აისახა სამარხ ნაგებობებზე. მოსახლეობის ფართო მასებისათვის გამოყოფილი კრამიტის, აგურ-კრამიტის უბრალო სამარხების ან ქვაყუთების გვერდით ჩნდება პიტიახშთა სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამეფო აკლდამები. მონათმფლობელური ეპოქის კულტურა საქართველოში წინა დროის კულტურის კანონიერი მემკვიდრეა. სამშენებლო ხელოვნების მხრივაც იგი ეყრდნობა ძველ ტრადიციებს. საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების ცვლილებათა შესაბამისად. ძვ.წ. VI-V საუკუნეებში ჯერ კიდევ იხმარება "ცილოპური" წყობა, რომლის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს ე.წ. "პოლიგონალური" წყობა ქვების მარტივი ახლეჩვითა და დამუშავებით. ძვ.წ. III –II საუკუნეებში განსაკუთრებით ვრცელდება კვადრული წყობა. როგორც საფუძველი ალიზის კედლებისა, ასევე დამოუკიდებლადაც. გათლილი კვადრები იწყობოდა მშრალად - უხსნაროდ და ერთმანეთს უკავშირდებოდა „მერცხლის კუდის“ სახით ხის სამაგრი კოტებით ან ლითონის გამირებით. დუღაბის შემოღებასთან ერთად იცვლება როგორც სამშენებლო ტექნიკა, ასევე მასალაც. კედლების ამოყვანა ხდება უხეშად დამუშავებული ქვით, ფლეთილი ანუ რიყის ქვით. კირის ხსნარი იხმარება აგრეთვე შელესვისათვის. ასეთი ნალესობა ნახმარია აუზების, აბაზანების და აკლდამების შიდა ზედაპირზე. ხშირად მას სინესტისადმი წინააღმდეგობის მისანიჭებლად ემატება აგურის ფხვნილი. ქვის წყობასთან ერთად გავრცელებული ყოფილა ალიზის კედლები, რომლებიც ხშირად ქვის საფუძველს ეყრდნობა.
ხე იხმარებოდა სამაგრი კოჭებისათვის ალიზისა და ქვის წყობაში, სვეტებისათვის და ნაგებობათა გადასახურავადაც. შენობათა გადახურვა ძირითადად ჰორიზონტული ყოფლა, მაგრამ ბანურ სახურავებთან ერთად გვხვდება გადახურვა ცრუ კამარის პრინციპზე აგებული გვირგვინით. ხის ნივნივებზე დარდნობილი ორკალთიანი სახურავი იხურებოდა თიხის კრამიტით. ჰორიზონტულ კოჭოვან გადახურვასთან ერთად იხმარებოდა თაღები და კამარებიც. მცხეთაში აღმოჩენილი, სოლისებრი ქვებით გამოყვანილი კამარები ახ.წ. I საუკუნეს მიეკუთვნება, მაგრამ ამ პერიოდში მათი სრულქმნილი ფორმა და მშენებლობის მაღალი ტექნიკა მოწმობს ტრადიციის გარკვეულ სიძველეს. მცხეთაში გამოვლენილ ნაგებობათა შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. უკანასკნელ საუკუნეებში მშენებლები ცდილან ზუსტ და პროპორციულ შენობათა აგებას. ასე, მაგალითად, ბაგინეთის მონუმენტურ ნაგებობათა უმრავლესობა პროპორციულობის გარკვეულ პრინციპებზეა დამყარებული. ამავე ნაგებობათა განზომილებათა მნიშვნელოვანი ნაწილი უნაშთოდ იყოფა 52 სანტიმეტრზე, რაც ძველი სიგრძის საზომ ერთეულს - წყრთას შეადგენდა. საყურადღებოა სამთავრომი აღმოჩენილი საფლავის ქვის წარწერა, რომლის მიხედვით ახ.წ. IV საუკუნეში და შეიძლება უფრო ადრეც მცხეთაში ყოფილა განსაკუთრებული წოდებისა და თანამდებობის პირი - "არქიტექტონი და არქიზოგრაფი (ხუროთმოძღვარი და მხატვართუხუცესი) აქოლისი". ვინაიდან აქ შეუძლებელია ამ პერიოდის ყველა ნაგებობის განხილვა, ამიტომ შევეხებით მხოლოდ რამდენიმე დამახასიათებელ ძეგლს. ბაგინეთის (არმაზციხის) ქვედა ტერასაზე გაითხარა წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის დიდი დარბაზი, რომლის გრძივ ღერძზე განლაგებულია 6 სვეტი. გრძივი ფასადური კედლის ცენტრში ანტისებრივ შვერილებს შორის მოთავსებულია შესასვლელი, საიდანაც დარბაზში კიბის ოთხი საფეხურით ჩადიოდნენ. კედლები 1,75 მ. სიმაღლეზე ამოყვანილია შესანიშნავად გათლილი კვადრებით, ხოლო ზემოთ ალიზის წყობით. სვეტების ბაზისები და სვეტისთავები პროფილირებულია მარტივად და ლაკონურად, მაგრამ საკმაოდ მეტყველ ფორმებში. საყურადღებოა, რომ ბაზის - კაპიტელები ქვისაა, ხოლო ღერო კი ხისა, რაც იშვიათი მოვლენაა ხუროთმოძღვრების ისტორიაში. შენობა გადახურული ყოფილა ორქანობიანი კრამიტის სახურავით. შენობის შიგნით აღმოჩენილი მორთულობის ელემენტები გვიჩვენებს, რომ იგი მდიდრულად ყოფილა შემკული ფერადი მოზაიკითა და ინკრუსტაციით. "სვეტებიანი დარბაზი" ძვ.წ. IV- III სს. აგებული სრულიად ორიგინალური ნაგებობაა, მაგრამ მისი კომპოზიცია, სამშენებლო ტექნიკა და მორთულობის ელემენტები მიგვითითებენ ერთი მხრივ წინააზიურ - ხეთური, ხოლო მეორე მხრივ - ელინისტური კულტურის ტრადიციებთან გარკვეულ სიახლოვეზე. ნაგებობათა საყურადღებო ნაშთები გამოვლენილია არმაზისხევში, რომელიც ახ.წ. II-III საუკუნეებში ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ მთლიან კომპლექსში შედარებით უკეთ დაცულია აბანო, რომელიც წარმოადგენს ორსართულიან (სარდაფისა და მიწისზედა სართულები) წაგრძელებული ფორმის შენობას ფილაქნით ამოყვანილი კედლებით და კრამიტის სახურავით. მასში კარგად ირკვევა ვესტიბული, გასახდელი, სათბობი, კალორიფერები, - ჰიპოკაუსტების სისტემის ოთხკუთხა და წრიული მოყვანილობის საყრდენებით და ცივი, თბილი და ცხელი სააბაზანო განყოფილებები. სადგომთა გათბობის მიზნით კედლებში მოწყობილია არხები ცხელი ჰაერის მისაწოდებლად. როგორც ჩანს, არმაზისხევში (ისევე, როგორც ბაგინეთის უფრო მცირე ნაგებობის სახით) გვაქვს ამ პერიოდისათვის ტიპიური აბანო, ყველა ძირითადი სათავსოდა გათბობის დამახასიათებელი სისტემით. ცხადია, იბერიას აბანოები განსხვავდებიან რომის გრანდიოზული თერმებისაგან თავისი ზომითა და სადა დამუშავებით, მაგრამ, როგორც ბანაობისათვის განკუთვნილი შენობები, ისინი მარჯვედ არიან მოწყობილი და უპასუხებენ თავის პირდაპირ დანიშნულებას. აბანოს მახლობლად მდგარი სასახლე ძლიერ დანგრეულია და შემოძარცული, მაგრამ ნანგრევებშიაც ირკვევა დიდი სადგომების საძირკვლები, ფართო შესასვლელები პროფილირებული ზღურბლით. შემორჩენილი ფრაგმენტები: ანტაბლემენტი კბილანებიანი ფრიზით, კარნიზი, კორინთული რიგის სვეტისთავი და ბაზისი, მარმარილოს ქანდაკებათა ნაწილები - ერთგვარ წარმოდგენას ქმნიან ოდესღაც მდიდრული შენობის თავდაპირველ ფორმებზე. როგორც ჩანს, ანალოგიური შენობები ყოფილა იბერიის მეფეთა რეზიდენციაში - არმაზციხეზეც. აქ აღმოჩენილია დორიული სვეტისთავი, კესონებით დამუშავებული თავანის ფრაგმენტი, ელინისტური ხანის, აკანთებით დამუშავებული ორიგინალური სვეტისთავი და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც არქიტექტურული ძეგლი 1951 წ. სადგ. მცხეთასთან გათხრილი, იშვიათად დაცული და ზუსტად დათარიღებული (ახ.წ. I საუკუნის ბოლო მეოთხედი) აკლდამა. იგი წარმოადგენს სწორკუთხოვანი მოყვანილობის ნაგებობას აღმოსავლეთ კედელში დატანებული კარით. კედლები და ნახევარწრიული კამარა, რომლითაც დახურულია აკლდამა, აგებულია დიდრონი თლილი კვადრებით, უდუღაბოდ. აკლდამის ყველა კედელი, კარის წირთხლები და კამარა დაფარულია ნალესით. აღმოსავლეთის ფასადის კედელი დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე და ზემოთ მთავრდება ფრონტონით, რომელიც დაგვირგვინებულია მარტივი მოხდენილი პროფილის მქონე ლავგარდანით. ცენტრში მოთავსებულია კარი დაბალი ზღურბლითა და მკაფიოდ პროფილირებული საპირეთი. კარის ორსავე მხარეს ჩანს რკალისებრი ნაკერები, რომლებიც შეესაბამებიან კამარის მოხაზულობას. ყურადღებას იქცევს აგრეთვე ლავგარდანის დამაგრების ხერხი. ორივე მხარეზე ლავგარდანის ქვედა კუთხე ამოკვეთილია ფრონტონის ტიმპანის ქვეშ მდებარე კვადრთან ერთად. ერთ ქვაში ისე, რომ ეს კუთხის ქვები ამაგრებენ ფრონტონის შუა ნაწილს. კამარაზე გამოყვანილი ორკალთიანი სახურავი დახურულია ძველი მცხეთისათვის დამახასიათებელი მოზრდილი კრამიტით.
მცხეთის აკლდამა საერთო იერით ანტიკურ ძეგლთა წრეში ექცევა, მაგრამ, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია მისი დამოუკიდებლობის მომასწავებელი ნიშნები. ფასადი აქ სრულიად ორიგინალურია და მას პარალელები არ მოეპოვება. ფასადის დამაგვირგვინებელი ფრონტონი შედგება ორი დაქანებული ლავგარდანისაგან, მას არა აქვს ჰორიზონტული სარტყელი, რაც ძლიერ იშვიათი გამონაკლისია ანტიკურ ხუროთმოძღვრებაში. პირიქით, ამგვარი ფრონტონი დამახასიათებელია ფეოდალური ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას კამარასთან ორკალთიანი სახურავის შერწყმაზე, კედლებში კვადრების თავისუფალ განაწილებაზე და სხვა მომენტებზე, რომლებიც მოწმობენ ქართველი ოსტატების დამოუკიდებლობას და არქიტექტურის განვითარების საკუთარ გზებს. ძეგლების განხილვიდან ჩანს, რომ მონათმფლობელური ეპოქის საქართველოს ქალაქებს ახასიათებდა კულტურული და მხატვრული ცხოვრების მაღალი დონე. ამ ქალაქების მშენებლები გვევლინებიან, როგორც ადგილობრივ ტრადიციებზე განვითარებული თვითმყოფადი ხელოვნების შემქმნელნი. მონათმფლობელურ ეპოქაში თანდათანობით ვითარდება ქვისა და ხის დამუშავების წესები. საფეხურისებრივი ცრუ კამარის განვითარების შედეგად იქმნება ქვისა და ხის დარბაზების ორიგინალური გვირგვინები და, ბოლოს კამაროვანი, ნახევარცილინდრული გადახურვა (მცხეთის აკლდამა). ამ პერიოდში ხდება პირველყოფილი საყრდენების გარდაქმნა ბაზისკაპეტელების შემცველ სვეტებად (ბაგინეთი). ბოლოს იქმნება ორდერული სისტემის დასრულებული სახეები (არმაზისხევი, ბაგინეთი, სარკინეთი). პირველყოფილი საცხოვრებლის პრიმიტიული უჯრედებიდან იქმნება მარტივი და სადა, მაგრამ პროპორციული და გარკვეულ კომპოზიციურ სისტემას დაქვემდებარებული შენობები. ძველ ნაციხართა ციკლოპური ზღუდეების ტრადიციის საფუძველზე განვითარდა ქალაქთა კედლების ახალი სახეები. სადაც ხდება ალიზის შერწყმა უკვე თლილი ქვის საფუძველთან. ეროვნული ტრადიციის სიმტკიცის მაჩვენებელია ხის მონუმენტურ შენობებში გადატანილი ხის ხუროთმოძღვრების ფორმებიც (უფლისციხე, მცხეთის აკლდამა). ამ პერიოდის არქიტექტურა სადა და ორგანულია. მისი მასების განრიგებისა და საერთო ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს სწორკუთხედი. განსაკუთრებით, კვადრატთან მიახლოებული ფორმა ცხადი პროპორციების (1:1, 1:2) შენობების კომპოზიცია ემორჩილება სიმეტრიის ერთ ძირითად ღერძს, ასე რომ გამოვლენილია შენობათა ფრონტალობა, ხაზგასმული ფასადითა და მთავარი შესასვლელით. ეს უკანასკნელი ყოველთვის წარმოადგენს შენობის კომპოზიციურ ცენტრს. სვეტები განლაგებულია თანაბარ მანძილზე, ხოლო სვეტნარის ცენტრი შეეფარდება მთავარ შესასვლელს. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებული ტომების მიერ გამომუშავებული ხერხები და ნიშნები შემდგომ განვითარებას, ახალ ხარისხობრივ საფეხურს სწორედ მონათმფლობელურ ეპოქაში აღწევენ. როდესაც მონათმფლობელური ეპოქის ძეგლების გაცნობის შემდეგ ვიხილავთ ფეოდალური პერიოდის არქიტექტურას, ჩვენ ვრწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ცნობილი ტრადიციული ფორმების განვითარებასთან. როგორ უნდა აიხსნას ადრექრისტიანულ ძეგლებში თაღების, კამარების, სვეტების ფართო გამოყენება, ქვის მთლელთა მაღალი ოსტატობა, ქვის წყობის ხასიათი და მთელი რიგი ფორმები და მოტივები, თუ არა საუკუნოვანი გამოცდილებითა და ადგილობრივი სამშენებლო ტექნიკის განვითარებით. ფეოდალური დროის ძეგლების არქეოლოგიურმა შესწავლამ (გათხრები დმანისში, უჯარმაში, რუსთავში, ვაშნარში, ბიჭვინთაში და სხვა). მოგვცა ახალი საყურადღებო მასალა არქიტექტურის ისტორიისათვის. გამოავლინა უწყვეტი განვითარება ადგილობრივი კულტურული ტრადიციისა, რომელიც ხალხურ ძირებთან და შრომით პროცესებთან, ხალხის საწარმოო ურთიერთობასა და ქვეყნის კონკრეტულ ისტორიულ პირობებთანაა დაკავშირებული.
|