topmenu

 

დარბაზული საცხოვრებელი სახლი თრიალეთში - თ.ჩიქოვანი

<უკან დაბრუნება...<<<საერო ნაგებობანი>>>

დარბაზული საცხოვრებელი სახლი თრიალეთში - თ.ჩიქოვანი (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) // საბჭოთა ხელოვნება, 1955წ.,  № 6, გვ.58-59

ქართული ხალხური სამშენებლო ხელოვნება, კერძოდ გლეხური საცხოვრებელი სახლის დარბაზული ნაგებობა ქართველი ხალხის არქიტექტურული შემოქმედების ერთი მეტად საინტერესო მხარეა. დარბაზული ანუ გვირგვინიანი საცხოვრებლის ისტორია შორეულ წარსულში იწყება. ამას მოწმობენ თრაკიაში, ყირიმში და მცირე აზიაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ცადაქმნილი აკლდამები, რომელთა უმრავლესობის (მალთეფე, კურთკალე, ბელევი, მუდანია, ჰიზირ ილიასი და სხვ.) წინაგარდებს გვირგვინიანი გადახურვა ახასიათებს. ეს აკლდამები დაახლოებით V-III საუკუნეების (ძველი წელთაღრიცხვით) ძეგლებია. მეცნიერული კლევა-ძიებით გამორკვეულია, რომ ეს აკლდამები იზოლირებული მოვლენა როდია. მთელ რიგ კულტურულ ელემენტებთან ერთად, მათთან მჭიდროდაა დაკავშირებული გვირგვინიანი ტიპის მიწური საცხოვრებელი სახლებიც (გ.ჩიტაია). კოლხური სახლი დარბაზული ნაგებობის პროტოტიპს წარმოადგენდა. დარბაზული ანუ გვირგვინიანი საცხოვრებელი სახლისადმი მეცნიერულ ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ მისი გავრცელების არეალი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. საქართველოს გარდა დარბაზული ტიპის ნაგებობა გვხვდება მცირე აზიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, პამირში, ინდოეთსა და აბისინიაში. მაგრამ როგორც არქიტექტურული, ეთნოგრაფიული და სხვა ხასიათის მასალები მოწმობენ, დარბაზი ინტერიერისა, განსაკუთრებით, გვირგვინის ნაირსახეობის მიხედვით, ყველაზე უფრო საქართველოშია გავრცელებული. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში გვირგვინს ძირითადად ოთხკუთხოვანი კუთხური წყობა ახასიათებდა, აღმოსავლეთ საქართველოში იგი ექვსი სახით იყო წარმოდგენილი. ქართულ დარბაზებში არსებულ გვირგვინებს შემდეგი სახის წყობა ჰქონდათ: 1) ოთხკუხოვანი კუთხური, 2) რვაკუთხოვანი კუთხური, 3) შერეული. 4) ოთხკუთხოვანი პარალელური. 5) რვაკუთხოვანი პარალელური და 6) თორმეტკუთხოვანი პარალელური. აქედან მარტო თრიალეთში სამი სახის გვირგვინი იყო გავრცელებული. თრიალეთური გვირგვინების სიმაღლე, როგორც ამას ეთნოგრაფიული ხასიათის მასალა მოწმობს, 13-14, ხოლო ზოგჯერ 16 საფეხურსაც აღწევს. საგულისხმოა ისიც, რომ გლეხურმა დარბაზმა განვითარების ყველაზე მაღალ დონეს საქართველოში მიაღწია. სწორედ ეს გარემოება ჰქონდათ მხედველობაში უცხოელ მეცნიერებს (ი.სტრჟიგოვსკი. ფრ.ბაუმჰაუერი. ჟ.მურიე). როდესაც წერდნენ, ქართული გლეხური დარბაზი, სხვებთან შედარებით, "სრულყოფილი და დიდებულია", ხალხური სამშენებლო "ხელოვნების დიდი მიღწევაა" და ა.შ.

ამ მოსაზრებას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ ქართულმა სასულიერო ხუროთმოძღვრებამ ქვის მასალისათვის გლეხური დარბაზისაგან ისესხა გვირგვინის მხატვრული არსი და დაეყრდნო რა ხალხურ სამშენებლო მოტივებს, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის კრისტალური სისტემა. ჯვრის ტიპის დიდებული ტაძრები (ივ.ჯავახიშვილი, გ.ჩუბინაშვილი, ლ.სუმბაძე და სხვ.). საკითხი, თუ რომელ ქვეყანაში წარმოიშვა პირველად დარბაზული ტიპის ნაგებობა, ჯერჯერობით დაუზუსტებელია. დარბაზის გვირგვინის არსი იმდენად მარტივი და ლოგიკურია, რომ შეიძლებოდა პრიმიტიული სახით იგი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, სხვადასხეა ადგილას და სხვადასხვა დროს გაჩენილიყო (ლ.სუმბაძე). ასე, რომ დასაშვებია მისი დამოუკიდებლად წარმოქმნა აბისინიაში, ინდოეთსა და საქართველოში. რაც შეეხება საერთოდ ქართულ დარბაზულ ნაგებობას, მისი არქიტექტურული ტიპი წარმოიშვა და განვითარდა საქართველოში. აქვე მიაღწია თავის სრულყოფას. ეს ტიპი ძველი ეროვნული, ხალხური ხელოვნების ტრადიციებზეა აღმოცენებული (ივ.ჯავახიშვილი, ნ.ბერძენიშვილი, ს.ჯანაშია). ვიდრე უშუალოდ თრიალეთში გავრცელებული დარბაზული ნაგებობის აღწერას შევუდგებოდეთ, საჭიროა მოკლედ გავარკვიოთ, თუ რას წარმოადგენს დარბაზული ნაგებობა. უპირველეს ყოვლისა, დარბაზი ისეთი მიწური საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელსაც მოდარბაზულ -მოგვირგვინებული სახურავი აქვს. დარბაზი გადახურულია რამდენიმე საფეხურიანი, ხის ნიყურებისაგან (ნიყური - ხის მოკლე ძელია) შემდგარი გვირგვინით. გვირგვინი ზემოთ თანდათან ვიწროვდება და ბოლოში ოთახის გასანათებლად მოწყობილი აქვს პატარა სარკმელი - ერდო. დარბაზული საცხოვრებელი სახლის მთავარს, განმსაზღვრელ ნაწილს გვირგვინი წარმოადგენს (გ.ჩიტაია, ლ.სუმბაძე). თრიალეთში გავრცელებული დარბაზი, რომელიც უფრო მესხურ-ჯავახურს ენათესავება, პირველ ყოვლისა, კომპლექსური ხასიათის მიწური ნაგებობაა. აქ, ჰორიზონტალურ განზომილებაში, სხვადასხვა ტიპის სახურავების ქვეშ, მაგრამ ერთ შენობაში, ერთმანეთის გვერდით წარმოდგენილია ადამიანის საცხოვრებელი ოთახი - დარბაზი, სასადილო საკუჭნაოთი, მარანი, საბძელი, ბოსელი და დერეფანი. დარბაზისაგან განსხვავებით, რომელსაც გვირგვინიანი გადახურვა აქვს, ყველა დანარჩენი სათავსო ბრტყელი, ანდა ოდნავ ამობურცული ბანით არის დასრულებული. დარბაზული საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ მხარეში გადმონაშთის სახითაა შემონახული და უკვე ეთნოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს, ძირითადად ოდნავ შემაღლებულ ადგილზეა გაშენებული. ასეთ სახლს სამი კედელი, განსაკუთრებით უკანა, სანახევროდ მიწაში აქვს ჩადგმული. მხოლოდ საფასადო კედელია მიწის ზემოთ ამოყვანილი და პატარა ეზოში ან ქუჩის პირას გამოდის. იმ სოფელში, სადაც მიწური სახლები ჭარბობენ, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები ერთმანეთზე ისე არიან გადაბმულნი, რომ მიწურების მთელ კვარტალებს ქმნიან. დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას თრიალეთში ახალ გაზაფხულზე იწყებდნენ. მოსამზადებელი სამუშაოები კი - ქვისა და ხის მასალის მოზიდვა და დამუშავება ადრე  იწყებოდა. სახლის ასაშენებელი ადგილის შერჩევა წინასწარ ხდებოდა. თუ სამოსახლო მიწის ნიადაგი ნოტიო აღმოჩნდებოდა, მას გადათხრიდნენ და მოსუფთავების შემდეგ კარგად ტკეპნიდნენ. ქვა - მასალად იყენებდნენ ბაზალტს, რომელიც უხვად მოიპოვება  თრიალეთის ქედის სამხრეთ - აღმოსავლეთ და დასავლეთ კალთებზე.

ქვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ, ხის ნაწილებს მართავდნენ. თრიალეთში, კერძოდ, სოფ.რეხაში ხის მასალად მეტწილად მუხას, წიფელს და ფიჭვს ირჩევდნენ. თრიალეთის მთაგრეხილის მთიან ნაწილში (ბორჯომის რაიონში) მოჭრილ-დამზადებულ და ჩამოტანილ ხის მასალას, გათლა - დახერხვის შემდეგ კარგად აშრობდნენ. დაჭრილ - დახერხილ მასალას ზოგჯერ კუპრსაც უსვამდნენ, რაც იმავე მიზნით შებოლილ ხეს ლპობისაგან იცავდა. მუხას, წიფელს და ფიჭვსაც თავიანთი დანიშნულება ჰქონდათ. მაგალითად, მუხას როგორც ყველაზე გამძლე და მაგარი ჯიშის ხეს, მხოლოდ დედაბოძებად და თავხეებად იყენებდნენ. წიფელისაგან საწარბე ძელებს და ნიყურებს თლიდნენ და ა.შ. დარბაზში მოვხვდებით მის წინ არსებული დერეფნის გავლით. დერეფანი თითქმის ყოველთვის მოგრძო ოთხკუთხედის ფორმის ოთახია და ყოველთვის ბრტყელი მიწური ბანით არის გადახურული. მისი სახურავი შემდეგნაირად არის მოწყობილი. დერეფნის მთელ  სიგრძეზე, კედლის თავებზე, ძელებია გაწყობილი. შემდეგ, ძელებზე გამართულია მოკლე კოჭები, რომლებიც თავის მხრივ, "ჭერებით" არის ამოფიცრული. ჭერებს შორის დარჩენილი ნახვრეტები თივითაა ამოტენილი. ხის ამ კონსტრუქციაზე ჯერ თიხის თხელი ფენაა გადალესილი და შემდეგ დაყრილ - დატკეპნილი მიწაა. დერეფნის ორი კარიდან ერთს დარბაზში, ხოლო მეორეს ჯერ საბძელში და შემდეგ ბოსელში შევყავართ. საბძელი და ბოსელი საკმაოდ დიდი ზომის სათავსოებს წარმოადგენენ და მათი სახურავი თითქმის ერთი და იმავე პრინციპით არის მოწყობილი. მაგრამ საბძელთან შედარებით, ბოსლის სახურავის კონსტრუქცია გართულებულია, რადგან ჰაერის მეტ ტევადობას მოითხოვს. ამის გამო ბოსლის სახურავი უფრო მაღალი და ჰაერმტევიც არის. თუ საბძელს ყოველთვის ერთკონტიანი, ძელური გადახურვა აქვს, ბოსელი, პირიქით ორ, სამ და ზოგჯერ მეტ კონტიანი გადახურვით თავდება. რაც შეეხება ადამიანის საცხოვრებელს - დარბაზს, ანდა საკუჭნაო - სამზარეულო ოთახს, მათი სახურავი სულ სხვა პრინციპთაა აგებული. დარბაზი დიდი ზომის ოთახია (საშუალოდ 30-40 კვ.მეტრს  უდრის და სიმაღლე ერდოსთან ექვს მეტრამდე აღწევს). იგი შემდეგნაირად არის დახურული: უპირველეს ყოვლისა, დარბაზის გვირგვინი დედაბოძებზე და მის დამხმარე საკედლო სვეტებზეა გამართული.

საკედლო სვეტებიდან ოთხი ერთი კედლის მხარეზეა მიდგმული, ოთხიც მეორე კედელზე და მათზე საწარბე ძელებია გამართული საკედლო სვეტებისაგან განსხვავებით, დედაბოძებს თავეზე ბანდუშები ანუ სვეტისთავები აქვთ მოწყობილი. ვხვდებით დარბაზებს ორი, სამი და ოთხი დედაბოძით, საინტერესო ის არის, რომ მათი ბანდუშები, თარგისა და ორნამენტირების მიხედვით, ერთი და იგივე დარბაზის დედაბოძებზე ყოველთვის სხვადასხვანაირია. ბანდუშები ერთმანეთის ფორმას და ორნამენტის მოხატულობას არ იმეორებენ. ეს უკანასკნელი გარემოება კი, როგორც ცნობილია, ქართული კლასიკური არქიტექტურისათვის დამახასიათებელია. ასე, მაგალითად, შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღერულ ძეგლებში (იშხანი, ოშკი, ხახული და სხვ.) სვეტისთავები სულ სხვადასხვა ფორმისაა. სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებდა ივ.ჯავახიშვილი. იგი გადმოგვცემს, რომ "ერთსა და იმავე შენობაში სვეტისთავები და ხარისხები (სვეტის საყრდენები) ერთნაირი კი არ არის, არამედ ერთმანეთისაგან განსხვავებულია". ვფიქრობთ, რომ თრიალეთის დარბაზებში შემონახული ეს ტრადიცია უთუოდ ძველიდან უნდა მომდინარეობდეს. ბანდუშებზე გამართულ თავხეებზე და საწარბე ძელებზე კონტებია გაწყობილი. შემდეგ კი უშუალოდ კონტებზე ნიყურების ჯერადი წყობით გვირგვინია აგებული. წარმოდგენილ სურათზე გვირგვინი დასასრულისაკენ თანდათან ვიწროვდება. იგი ოთხ მუხლამდე რკაკუთხოვანია, ხოლო შემდეგ ოთხკუთხოვანი. ასეთს შერეული წყობის გვირგვინი ეწოდება. ხის კონსტრუქციაზე თანმიმდევრობით ჯერ თიხა, შემდეგ მიწაა დაყრილ - დატკეპნილი. ასეთი გადახურვის გამო დარბაზის ბანი ყოველთვის ამობურცულია და პატარა ბორცვის შთაბეჭდილებას გოვებს. შერეული წყობის გვირგვინების გარდა, თრიალეთში ოთხკუთხოვანი წყობის გვირგვინებიც გვხვდება. საერთოდ კი, გვირგვინის სილამაზე და, განსაკუთრებით, მისი სიმაღლე ნიყურების წყობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მრავალკუთხოვანია ნიყურების წყობა, მით უფრო ლამაზი, მაღალი და თანაც ჰაერმტევია გვირგვინი. გვირგვინის დასასრულს ყოველთვის ერდოა მოწყობილი, რომელიც ერთდროულად სარკმელიცაა და ბოლის გასასვლელიც. ქართველი ხალხის რწმენა - წარმოდგენაში გვირგვინისა და ერდოს ასე მოწყობა ასტრალურ კულტთან არის დაკავშირებული. სწორედ იმის  გამო, რომ დარბაზის სახურავი უშუალოდ სვეტებზეა დაყრდნობილი. იგი, სხვა ტიპის სახლებთან შედარებით, ყველაზე კარგად უძლებს მიწისძვრას.

დარბაზის შინაგანმა მოწყობილობამ, განსაკუთრებით, კერამ დროთა განმავლობაში გარკვეული ცვლილება განიცადა. თუ წინათ კერა ოთახის ცენტრში იყო მოთავსებული, დღეს იგი კედელზე მიდგმულ ბუხარშია გადატანილი. აქა - იქ კერის კულტს მნიშვნელობა დღეისათვისაც არ დაუკარგავს. ბუხართან დაკავშირებით თრიალეთში ერთი საინტერესო გარემოება ირკვევა. ი.ჯავახიშვილი გადმოგვცემს, რომ "კამარა", როგორც სამშენებლო ტერმინი, აღარსად გვხვდება გარდა რაჭისა, სადაც იგი ბუხრის თაღს ეწოდებოდა. კვლევა-ძიებით გამოირკვა, რომ ეს ტერმინი თრიალეთის ეთნოგრაფიულმა სინამდვილემაც შემოგვინახა. აქაც "კამარა" ბუხრის თაღს ეწოდება. დარბაზულ საცხოვრებელ სახლში ორნამენტი მეტად დამახასიათებელი მოვლენაა. თრიალეთში ორნამენტი როგორც ხეზე, ისე ქვაზე უმეტესად მცენარეულია.ქვაზე, ძირითადად ბუხრის კამარაზე გამოსახულია სიცოცხლის ხის მოტივი, რომელიც თავის პარალელებს საქართველოს მრავალ კუთხეში (მესხეთი, აჭარა, იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სხვ.) პოულობს. თრიალეთის დარბაზების დედაბოძები, შიდა ქართლის დარბაზების დედაბოძებთან შედარებით, უფრო მცირე ზომის და თან ნაკლებ ორნამენტირებულია, სამაგიეროდ, ისინი საგულდაგულოდაა გათლილი, ხოლო მათი თარგები და ორნამენტები დიდი ოსტატობითაა გამოყვანილი. ლამაზად გათლილ ოთხკუთხოვან ქვის საყრდენზე აღმართული და ორნამენტირებული ბანდუშით დამშვენებული თრიალეთური დედაბოძი მნახველზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. დარბაზის წარმოშობის ისტორია, პირველ ყოვლისა, მეურნეობასთან და დიდი ოჯახის არსებობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. გარდა ამისა, საქართველოს პირობებში დარბაზული ტიპის საცხოვრებელ ნაგებობას სამხედრო, თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ჩვენი აზრით, ამ უკანასკნელ გარემოებაზე მიგვითითებს საერთოდ დარბაზის დაგეგმარება, შიგ არსებული სამალავებისა და გვირაბების მოწყობის ტრადიცია.