<უკან დაბრუნება... <<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ქოროღო //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბ., 2004. გვ.327-331
414. ქოროღო სოფელი, ისტორიული ძეგლი დასახლებული იყო ადრინდელი შუა საუკუნეებიდან. ამ დროისათვის ქოროღოზე უკვე გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც მიჰყვებოდა მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირს, ხადის ხეობას და სოფელ ქვეშეთს აკავშირებდა ქოროღოსთან. ამ გზის დაცვა და ბარის მოსახლეობის შეხიზვნა მტრის შემოსევების დროს ადგილობრივ მოსახლეობას ევალებოდა. მთიულეთი ადრინდელ შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც სახასო ქეეყანა იყო და მას მეფის მოხელენი განაგებდნენ. ქოროღო, როგორც მთიულეთის მნიშვნელოვანი სოფელი, მეფის მოხელის, აზნაურის საგამგებლო ერთეულის ცენტრი იყო. XVII ს-ში მთიულეთის არაგვის ერისთავმა შეიერთა და სამეფო ხელისუფლებამ მცირე ხნით დაკარგა მასზე გავლენა. 1756 წელს მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო, მთიულეთი კვლავ სახასოდ გამოცხადდა, ჩამოყალიბდა მლეთის სამოურავო და ქოროღო მისი ცენტრი გახდა. სამოურავომ 1801 წლამდე, ქართლ - კახეთის სამეფოს გაუქმებამდე იარსება.
კ.კახაძე
415. მაგარციხე - კოშკი, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილოეთით, 1,5 კმ-ზე, მთის კალთაზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით. კოშკი ზურგიანია (8,2 X 5,7 მ.), ხუთსართულიანია. ნაგებია მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული ქვით. კარ-სარკმლის ღიობები გამოყვანილია მოწითალო თლილი ქვით. კოშკის I სართული მიწიდან 6,5 მ. სიმაღლეზეა. შესასვლელი გაჭრილია I სართულზე, სწორ კედელში. კარი სწორკუთხაა, გადახურულია მოზრდილი ქვით, რომელზეც მარტივი ჯვარია ამოკვეთილი. გარედან შესასვლელის ოდნავ ქვემოთ, შემორჩენილია მის წინ არსებული პატარა ბაქნის საყრდენი ორი კონსოლი. კოშკის მომდევნო სართულების სწორ კედელში ერთ ვერტიკალზე განლაგებული თითო სარკმელია. სართულშუა გადახურვა ქვის ფილებისაა, რომლებშიც სართულებს შორის კავშირისათვის ოთკუთხა ხვრელებია დატანებული. კოშკის V სართულის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია სწორი კედლის მხარეს მოწყობილი აივნის საყრდენი კონსოლების ნაწილები.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე.
416. მინდელაურების ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, 0,7 კმ-ზე, მდინარე ხადისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ მიდელაურთკარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანშუასაუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,7X3,6 მ.), ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე მაღალი, ერთადერთი სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, ჩრდილოეთ კედელში - ერთი. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია.
417. მინდელაურების ციხე - კოშკი, არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის სამხრეთით, 0,7 კმ-ზე, ნასოფლარ მიდელაურთკარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (4,8 X 6,9 მ.) ნაგებია დიდი ზომის (ზოგიერთი ქვის სიგრძე 2მეტრს აღწევს), ერთმანეთს კარგად მორგებული, ზედაპირმოსწორებული ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ 6 მეტრ სიმაღლეზე. კოშკის სწორ (სამხრეთ) კედელში, მიწიდან 2,5 მეტრ სიმაღლეზე, წყობის ერთ-ერთ ქვაზე, რომელზეც ასომთავრული წარწერის ნაწილია შემორჩენილი, დაბალი რელიეფით გამოსახულია ადამიანის ორი სქემატური სახე (მზისა და მთვარის სიმბოლოები), რომლებიც ერთმანეთს მშვილდისებრი ფორმის რკალით უკავშირდება.
418. ორციხის ზედა კოშკი, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 0,6 კმ-ზე, მთის კალთაზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით, კოშკი ზურგიანია (5,8 X 4,3 მ), რომლის სწორი კედელი მიმართულია სამხრეთით, მდინარე ხადისწყლის ხეობისკენ. კოშკი ნაგებია მოგრძო ნატეხი ქვით. მისი ზედა ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია სამი სართული და მეოთხის მხოლოდ დასავლეთ კედელი. კოშკის ქვედა ნაწილი ყრუა, შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 4,5 მეტრზე. კარის ღიობი მუქი ღვინისფერი თლილი ქვებითაა გამოყვანილი. კარის ზღუდარზე პატარა,ბოლოებგაშლილი ჯვარია ჩაკვეთილი. ოვალური ფორმის I სართულის უმეტესი ნაწილი ნანგრევებითაა ამოვსებული. II და III სართულები სწორკუთხაა. II სართულის სამხრეთ კედელში პატარა სწორკუთხა სარკმელია, დანარჩენ კედლებში - კვადრატული ნიშები. III სართულის სამხრეთ კედელში სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. სართულები გადახურულია ქვის ფილებით, რომლებშიც ასაძვრომი ხვრელებია, მოწყობილი.
თ.დვალი
419. ორციხის ქვედა კოშკი, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 0,6 კმ-ზე, მთის კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი სწორკუთხაა (4,5X4,2 მ), ნაგებია კლდის ქვით. შემორჩენილია სამი სართული (სიმაღლე 11,2 მეტრი). კოშკის ქვედა ნაწილი ყრუა, შესასვლელი I სართულზეა, სამხრეთით, მიწიდან 3,2 მეტრ სიმაღლეზე. კარი ოთკუთხაა. სართულის დანარჩენ კედლებში ორ-ორი სათოფურია. II სართულს სამხრეთით სარკმელი და ერთი სათოფური აქვს. აღმოსავლეთ კედელში - ორი სათოფური, დასავლეთისაში - სამი. III სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია, აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში - ორ-ორი, ხოლო დასავლეთისაში - სამი. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ნისკარტისებრი სალოდის ქვის კონსოლი. სართულები ერთმანეთს ოთხკუთხა საძრომებით უკავშირდებოდა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ფიქლის დიდი ფილების ნაწილები, რომლებიც კედლებიდან კონსოლისებურადაა გამოშვერილი.
ა.ქალდანი
420. ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის სამხრეთით, მაღალი მთის კალთაზე, კლდოვანი ქარაფის პირას. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, ზურგიანი კოშკი, მცირე სამლოცველო და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა. 1954 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ კომპლექსზე ჩაატარა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვანლი ლ.ხიმშიაშვილი). ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,8X7,6 მ), აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ამ ტიპის ნაგებობებს შორის გამოირჩევა შიდა სივრცის სრულიად განსხვავებული, თავისებური გადაწყვეტით. ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. კონსტრ. ნაწილები (კამარები, კონქი, თაღები, ბურჯები), კარ-სარკმლის მოპირკეთება და ლავგარდანი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნით და გარედან სწორკუთხაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. საკურთხევლის მხრების ხაზზე ორი კვადრატული ბურჯი დგას, რომლებსაც აღმოსავლეთის მიმართულებით გადაყვანილი ორსაფეხურიანი თაღები ეყრდნობა. ამ კონსტრუქციით საკურთხეველი სამ ნაწილადაა გაყოფილი. საკურთხევლის შუა ნაწილი გვერდითებზე ორჯერ უფრო მაღალია და წესიერი ფორმის კონქი ხურავს. კონქის ნახევარწრიული საფუძველი კუთხეებში გარდიგარდმო გადებული თითო მოზრდილი ქვითაა შექმნილი, რომელზეც ტრომპისმაგვარი ელემენტია ამოკვეთილი. კონქისა და საკურთხევლის გვერდითი ნაწილების კამარების თავზე სამალავებია.
დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილ დასავლეთ ნაწილთან შედარებით საგრძნობლად მაღალია და ერთიანი კამარითაა გადახურული. დარბაზის შუაში ორსაფეხურიან ბაზისზე დაყრდნობილი კვადრატული ბურჯია. ბურჯიდან დასავლეთით გადყვანილია თაღი, რომელიც დარბაზის დასავლეთ ნახევარს ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს. თითოეულ მათგანს ცილინდრული კამარა ხურავს. ლამარების ზემოთ აქაც სამალავია. ინტერიერი განათებულია შვიდი თაღოვანი სარკმლით. მათგან სამი აღმოსავლეთითაა, თითო-თითო სამხრეთით და ჩრდილოეთით, ხოლო ორი - დასავლეთით. სარკმლებს საფეხურებიანი რაფები აქვს. დარბაზის კედლებზე ორსაფეხურიანი შეკიდებული თაღებია, რომლებიც სამი ლილვისგან შედგენილ მარტივ იმპოსტებზეა დაყრდნობილი. სამხრეთ კედელში, შესასვლელის არქიტრავის თავზე, ღრმა თაღოვანი ნიშია. ერთი ნიში საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის ქვემოთაცაა. ეკლესიის სამივე ბურჯი მასიური კაპიტელითაა დაგვირგვინებული, რომელთა პროფილს შეადგენს თარო, წრეთარგი და ლილვი. მათგან სამხრეთ - აღმოსავლეთით და დასავლეთით მდგარ ბურჯებს წიბოები ჩამოკვეთილი აქვს. ჩრდილო-აღმოსავლეთით ბურჯის წიბოები კი გრეხილი ლილვითაა შემკული. ეკლესიის ფასადები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია თაროსა და ლილვს შორის მოქცეული სიბრტყით. აღმოსავლეთის ფასადზე მხოლოდ ცენტრალური და სამხრეთით მდებარე სარკმელია მორთული.
ცენტრალური სარკმლის რელიეფურ წარბზე ჯვარია დადგმული. სამხრეთით მდებარე სარკმლის ზემოთ ჩაკვეთილია ნახევარწრიული თაღი, რომელსაც ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სამხრეთის ფასადზე, კარის არქიტრავზე მარტივპროფილიანი თაღით შემოსაზღვრულ არეში, რელიეფური ჯვარია. კარის მარჯვნივ მდებარე სარკმელი, ეკლესიის სხვა სარკმელისაგან განსხვავებით, ერთ მთლიან ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის თავზე სანახევროდ შემორჩენილი რელიეფური ჯვარია. ჩრდილოეთის ფასადზე სარკმელი დაგვირგვინებულია რელიეფური თაღით. ფასადზე ლავგარდნის შუა ნაწილი გაფორმებულია თაღებით, რომლებშიც შიგადაშიგ ჯვრებია გამოსახული. ფასადის კიდეებზე, ისევე როგორც დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ კიდეზე, ეკლესიის შეკეთებისა და გამაგრების დროს მიშენებულია კონტრფორსები. გაფორმებით გამოირჩევა დასავლეთის ფასადი. ლავგარდნის შემადგენელი თორმეტი ფილა მორთულია ეკლესიის მშენებლობის ამსახველი რელიეფური სცენებით, რომლებიც შესრულებულია თაროსა და ლილვს შორის მოქცეულ ფართო არეზე. ლავგარდნის კეხის ქვაზე ღვთისმშობლის ფიგურაა. მის მარჯვნივ და მარცხნივ ცალკეული სცენებია: ხარებშებმული მარხილით ტვირთის გადაზიდვა, დუღაბის შემზადება და მისი გადატანა, ქალების მიერ მშენებლებისათვის საგზალის მიტანა და ბოლოს მოსასხამიანი ქტიტორის გამოსახულება ეკლესიის მოდელით ხელში, რომელსაც იგი ღვთისმშობელს მიუძღვნის. ამავე ფასადზე, ჩრდილოეთით მდებარე სარკმლის თავზე ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ერთი წარწერაა ლავგარდნის ჩრდილოეთ ფერდის კიდურა ქვის თაროზეც. პალეოგრაფიული ნიშნებით ორივე წარწერა XII საუკუნით თარიღდება და ეკლესიის აგების შემდგომაა შესრულებული.
ზურგიანი კოშკი (5,3X 8,3 მ) დგას ეკლესიის სამხრეთით, 1 მეტრზე. კომპლექსის ნაგებობათაგან ყველაზე ადრეულია. განეკუთვნება X საუკუნეს. ნაშენია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია, შემორჩნილია ორი სართული და III სართულის კედლების ნაწილი. კოშკს მთელ სიმაღლეზე ზურგის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს. კოშკი პირით აღმოსავლეთისკენ, ხეობისკენაა მიმართული, ხოლო ზურგით ჩართულია ზღუდის კედელში, რომელიც სამხრეთით ფერდობზე ეშვება და უკავშირდება საერო დანიშნულების ნაგებობას. კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მიწიდან 5 მეტრ სიმაღლეზე.
კარის არქიტრავზე ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა (დაზიანებულია), შესასვლელის ზემოთ, II სართულზე, მცირე ზომის სარკმელია. კოშკის ქვის ფილების სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია. კოშკსა და ეკლესიას შოროს ვიწრო გადასასვლელია, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კედლებითაა შემოზღუდული. ამ კედლებში ჩასმულია კაპიტელი, ბურჯი და ბაზისი. კაპიტელზე ერთმანეთის მიჯრით სამი ქტიტორის რელიეფური გამოსახულებაა, რომელთაგან ერთს ხელში უჭირავს ეკლესიის გეგმის გამოსახულებიანი სწორკუთხა ფილა. ბურჯი (სიმაღლე 1,2 მ) ოთხწახნაგაა. მის ოთხივე კუთხეს თითო ლილვი აუყვება. ერთი ლილვი გრეხილია. ბურჯის ერთ-ერთ წახნაგზე გამოსახულია გრძელსამოსიანი ფიგურა მაღალი სწორზედაპირიანი ქუდით. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან 1 მეტრზე, ნატეხი ქვითა და ფიქლით ნაგები, პატარა (4,8X2,2 მ) სამლოცველო დგას, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. სამლოცველო უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთ კედელში ერთადერთი სწორკუთხა სარკმელია. შიდა სივრცეს გრძივ კედლებზე გამოყოფილი მარტივი პიკასტრები და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად ჰყოფს. დასავლეთ კედელში ერთი მცირე ზომის ნიშია. სამლოცველო გადახურულია კამარით, რომელსაც განივკვეთში სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს. ზურგიანი კოშკის სამხრეთ ფერდობზე, შემორჩენილია გეგმით ტრაპეციული (12,1X7,8 მ) საერო ნაგებობის კედლების ნაწილები და გვიანდელი შუა საუკუნეების ერთი პატარა სამლოცველოს და აკლდამის ნაშთი. ეკლესიის სამალავებში აღმოჩენილია XI საუკუნის სპილოს ძვლის ღვთისმშობლის ხატი, ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ჭედური ფირფიტები, რომლებიც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
თ.დვალი
421. ცეცხლისჯვრის კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთ - დასავლეთით, 3-4 კმ-ზე, მაღალ მთაზე. კომპლექსში შედის მიჯრით განლაგებული ეკლესია, ზურგიანი კოშკი და საცხოვრებელი ნაგებობა. ეკლესია დარბაზულია (6,8X 5 მ), განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი ეკვრის. ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვითა და მოყვითალო ფერის კირხსნარით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი და განივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომლის გარეთა ღიობი ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება და დასრულებულია ერთ ქვაში გამოკვეთილი, თითქმის წრის ფორმის თაღით. მეორე, შიგნით სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმელი, დასავლეთ კედელშია. ორივე სარკმლის რაფა საფეხურებიანია. გრძივ კედლებზე ორ-ორი დეკორატიული თაღია. კამარა ეყრდნობოდა შუა და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს.
ინტერიერი შელესილია. კედლებზე შემორჩენილია XVI -XVII საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის ფასადები სადაა, აღმოსავლეთის სარკმლის თავზე გამოყვანილია ნახევარწრიული სადა წარბი. მინაშენი ეკლესიის თანადროულია და ეკლესიაზე ოდნავ უფრო გრძელია. შესასვლელი მას სამხრეთიდან, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ ჰქონდა. მოგვიანებით მინაშენი დასავლეთ ნაწილში (ეკლესიის შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხლში ხაზზე) ტიხარი ჩააშენეს და ვიწრო ტალანი მოაწყვეს. მინაშენში შესასვლელი ტალანიდანაა. აღმოსავლეთით შიგნით სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმელია. სარკმლის სამხრეთით ერთი სწორკუთხა ნიშია. მსგავსი, მიჯრით განლაგებული ოთხი ნიშია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმელს რელიეფური წარბი ამკობს. შესასვლელის არქიტრავის ქვაზე ბოლოებაზნექილი სადა ლილვით ცრუ ტიმპანია მოსაზღვრული, რომელზეც ბოლოებგაშლილი ჯვარია ჩაკვეთილი. შემორჩენილია ეკლესიისა და მინაშენის თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები. იგი ნახევარწრიული თაღების მწკრივითაა მორთული.
ზურგიანი კოშკი (5,5X4 მ) ეკლესიის მინაშენს დასავლეთიდან ეკვრის. აგებულია X-XI სს-ში. ექვსსართულიანია (სიმაღლე 14 მ) და ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: მონგრეულია VI სართულის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია სართულშუა გადახურვები. კოშკის ქვედა ნაწილი ყრუა. შესასვლელი ტრაპეციის ფორმისაა, გაჭრილია აღმოსავლეთ სწორ კედელში, მიწიდან 3 მეტრ სიმაღლეზე. ამავე მხარეს II, III, IV და V სართულებზე თითო ვიწრო სარკმელია. V სართულს ერთი სარკმელი სამხრეთითაც აქვს. ბოლო, VI სართული აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ხისმოაჯირიანი ფართო თაღებით იყო გახსნილი. კოშკის სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებული იყო ქვის ფილები. სართულები ერთმანეთს ოთხკუთხა საძრომებით უკავშირდებოდა.
საცხოვრებელი ნაგებობა კოშკსა და მინაშენზე სამხრეთიდანაა მიდგმული. ორსართულიანია, გეგმით ტრაპეციული (8,2X6,5 მ). განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნახეტი ქვით. დაზიანებულია. შემორჩენილია I სართული და II სართულის კედლების მცირე ნაწილი. სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია. შესავლელი აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდესთანაა. კარი არქიტრავითაა გადახურული, მასზე ცრუ ტიმპანია ამოკვეთილი. დასავლეთ კედელი ყრუა. სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, აღმოსავლეთსიაში - ერთი.
თ.დვალი
|