topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ფილიმონ ქორიძე - ადამიანი, რომელმაც მილანი აღაფრთოვანა და ქართული გალობა გადაარჩინა - ე.მახარაშვილი

<უკან დაბრუნება...<<<სახელოვანი ქართველები //ქართული საგალობლები>>>

ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში - გიგო გაბაშვილის ნახატი

ეკა მახარაშვილი - ფილიმონ ქორიძე - ადამიანი, რომელმაც მილანი აღაფრთოვანა და ქართული გალობა გადაარჩინა // გაზეთი 24 საათი 30.01.10

"უმთავრესი და უსაჭიროესი ნოტებისა და გალობის სწავლების საქმეში ის არის, რომ მასწავლებელმა საფუძვლიანად იცოდეს ის საგანი, რომელიც უნდა ასწავლოს მსურველთ. მასწავლებელს უნდა შეეძლოს განმარტება ყოველის საგნისა იმ სიმტკიცით, რომელსაც ითხოვს მუსიკა და გალობა. მასწავლებელი, ვიდრე გალობის სწავლებას შეუდგებოდეს, ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეთ მტკიცედ და გარკვევით გამმები, ნიშნები, კლიტეები, ინტერვალები, ტერმინები და ზომები. შემდეგ ამისა გაუსინჯოს ხმა და სმენა ყველას თითოეულად. კარგის სმენის მოსწავლენი უნდა დააყენოს ცალკე და სუსტისა - ცალკე. მერე უნდა განარჩიოს ხმები მათის თვისებისამებრ, ე.ი. იმის მიხედვით, თუ ვის რომელი ხმა აქვს: კრინი (სოპრანო), ზილი (კონტრალტო), ბანი (ბასსო) მაღალი, ბანი (ბარიტონი), დვრინი (ბასსო პროფონდო) და გამყივანი (ტენორი). შემდეგ ასეთის გარჩევისა, უნდა დაუწყოს ხმებს ვარჯიშობა ცალ-ცალკე - ე.ი. კრინებს - ცალკე, ზილებს - ცალკე, ბანებს - ცალკე და სხვ. ვარჯიშობაში მასწავლებელს დიდი სიფრთხილე და ყურადღება ჰმართებს, რომ ხმებს ძალა არ დააყენოს, - ნელ-ნელა, ცოტ-ცოტად, ნახევარ-ნახევარ ტონით უმატოს ხმების ზრდას იმ სიმაღლემდის, რა სიმაღლემდინაც უწევს ხმა თვისს ბუნებურის ძალით, თორემ უზომოთ თუ ძალა დაადგმა ხმას, ხმის ძაფები დაუძლურდება ყელში და ხმაც დაჰკარგავს თავისს შნოსა და სიმძლავრეს. ვარჯიშობის დროს მოსწავლენი ფეხზედ უნდა იდგნენ, რადგანაც დგომის დროს, გულმკერდი და ფილტვები უფრო თავისუფლად არის; თავი და ტანი უნდა სწორედ ეჭიროთ; ხელები - თავისუფლად, პირი უნდა ჰქონდეთ გაღებული ბუნებრივ, თითქმის ისე, როგორც ლაპარაკში. მეტად გაღებული პირი ყელს ავიწროებს, რის გამო ვიწროვდება ხმაც და ისე თავისუფლად აღარ ამოდის, ნაკლებ გაღება პირისა ხმას ართმევს სივრცელეს და ისე გარკვეული აღარ არის, ამიტომ ხმა ზმუილივით ისმის, ყრუდ. ენა, პირი უნდა იწვეს პრტყლად, თორემ ხშირად მოხდება, რომ ენა დარგვალდება და მიეკვრის ყელს, მაშინ ხმა შეწუხებულია და ყიყინით ამოდის. მოსწავლე უნდა ეცადოს, რომ ენა სასას არ მიეკაროს, თორემ ხმა ცხვირში დაიწყებს დუდღუნს, ღრუტუნს. როდესაზ ზემო აღნიშნულ ნაკლოვანებას აშორდება ყელი, მაშინ ხმა სუფთაა, შნოიანი, კრიალა, ხოლო სიმძლავრე და დიდ ხანს გაგრძელება მისი დამოკიდებულია ჰაერის ჩასუნთქვაზედ..." - ასე მოძღვრავდა მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს ფილიმონ ქორიძე საუკუნეზე მეტი ხნის წინ... ეს შეგონებები არც დღესაა აქტუალობას მოკლებული. გურიის მთებში აღზრდილს, ისე შეუთვისებია გურული სიმღერა და კილო-კავი, სულ ერთი ციდაზე, მამამისი, სოფელ გამოჩინებულის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მღვდელი მამა იესე ამბობდა: "ძალიან უყვარს სიმღერა, საგალობლებიც იცის. გაგონილ კილოს მაშინვე ითვისებს. ხმაც ისეთი აქვს, ცხრა მთას იქით გააგონებს კაცს. მისი კრიალა დისკანტი ტყეს და მინდორს აყრუებსო..." მოკლედ, პატარა ფილიმონი, საოჯახო საქმეს აკეთებდა, მშობლებს ეხმარებოდა თუ ტყეში სეირნობდა, ყველგან გამუდმებით მღეროდა - განსაკუთრებით კრიმანჭული იტაცებდა. მისი უსწავლელობა საცოდაობა იყო, ამიტომაც ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გაგზავნეს, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში... თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა წინაპრების გზა არეჩია და მღვდელმსახურებას შედგომოდა, მაგრამ არც დაოჯახებას ჩქარობდა, ვერც ბერად შედგომა გადაეწყვიტა... ერთხელ, შემთხვევით, ერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა თბილისში ჩამოსული იტალიელი მომღერლები გაიცნო და მეგობრებთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა მათი თანდასწრებით. სტუმრები გააოგნა ფილიმონის ბანმა - "ღმერთო, ამ ხმით თქვენ მსოფლიოს დაიმონებთ!" - აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ უცხოელები. სწორედ მათ ურჩიეს იტალიის გზას დადგომოდა და საოპერო ხელოვნებას დაუფლებოდა...

იტალიამდე გზა შორი იყო და, რაც მთავარია, ზღაპრულად ძვირი... საიდან უნდა მოეტანა ამდენი ფული? არა და, ვერ ისვენებდა... მხოლოდ ერთი ოცნება ჰკლავდა - იტალიური ოპერა! არავინ იცის, სიყვარული ეწვია თუ სანუკვარი ოცნების განხორციელებისთვის, ცოლად მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახის შვილი, ვინმე ხანჯალაძე მოიყვანა და მისი დახმარებით ძალიან მალე გაემგზავრა ოცნების ქალაქში - მილანში... ის გახლდათ პირველი ქართველი, რომელიც იტალიას სასწავლებლად ესტუმრა - პროფესორ რონკონის გაკვეთილებმა ამაოდ არ ჩაიარა - მალე ის იტალიურს მიმსგავსებული ფილიპო კორიძის ფსევდონიმით კონცერტებშიც კი იღებდა მონაწილეობას... იტალიაში ცნობილ ესპანელ მომღერალს - ლოპეცს დაუმეგობრდა და მის დასთან ერთად ამწერიკა საოცარი წარმატებით მოიარა... წინ დიდი გამოცდა ელოდა - პრემიერა ყველა საოპერო მომღერლისთვის საოცნებო ლა სკალაში, თანაც ასეთი რთული და მნიშვნელოვანი დონ ბაზილიოს პარტია როსინის "სევილიელ დალაქში". ეს დღეც დადგა და გემოვნებიანი იტალიელი მსმენელი, რომელიც ერთ მცირეოდენ, უმნიშვნელო ფალშსაც არ პატიებდა მსმენელს, ოვაციით შეხვდა ქართველი მომღერლის დებიუტს... 1870 წელი იდგა. ფილიმონის წინ საოცარი პერსპექტივა იშლებოდა, მაგრამ... მალე მის ყურამდე მეუღლის მძიმე ავადმყოფობამ მიაღწია და სასწრაფოდ თბილისისკენ აიღო გეზი... მეუღლე გარდაცვლილი დახვდა, უკან დასაბრუნებელი გზა კი უფინანსობის გამო - მოჭრილი. სამაგიეროდ, მიწვევა პეტერბურგის მარინის თეატრიდან მიიღო და არც დაფიქრებულა. დირექციის დაჟინებული მოთხოვნით კორიჯის ფსევდონიმით დაიწყო მოღვაწეობა და პირველი როლიც მიიღო - წამყვანი პარტია გლინკას "ივანე სუსანინში". "უფალი კურიცინი მხოლოდ ყვირის. სუსანინის როლი კი ითამაშა, მაგრამ როგორც აქტიორი სრულებით არ ვარგა..." - ცდილობდა დაეკნინებინა რუსულ პრესას ქორიძის ნიჭი. "უფალ კურიცინს ხმა ძალიან მაღალი აქვს. პეტერბურგის საზოგადოებას ამისთანა ხმა სულაც არ გაუგონია, მაგრამ რად უნდა კაცს ცარიელი ხმა, თუ მისი მოხმარება არ იცის." - არ დაინდეს რუსმა პუბლიცისტებმა იტალიელების მიერ აღიარებული მომღერალი - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქართველი იყო, მეორეც იმიტომ, რომ იტალიური ტრადიციების მიმდევარი, რუსები კი რუსული ვოკალური სკოლის უპირატესობას ამტკიცებდნენ, და კიდევ მრავალი მიზეზის გამო... აღელდა ფილიმონი... აღელდა კი არა, ცხოვრება აღარ უნდოდა, მაგრამ ნუგეში იქვე ახლოს იყო - უკრაინელი სენატორის ქალიშვილი ზინაიდა ვორობეცი, მისი თანაგრძნობით გაწვდილი ხელი, მისი ნაზი ღიმილი და ლამაზი ლურჯი თვალები... წყვილი მალე შეუღლდა და საქორწინო მოგზაურობაში მილანში გაემგზავრა. მილანმა ისევ გაუხსნა გული ძველ ნაცნობს და ლა სკალას კარი ისევ გაუღო... გაუღო კი არა ფილიპეს პარტია შესთავაზეს ვერდის "დონ კარლოსში" და აღიარებამაც არ დააყოვნა... "არ არის ჩვენში ისეთი თეატრი, რომელსაც დიდის ამბითა და პატივით არ მიეღოს ჩინებული ბოხი ხმის პატრონი მომღერალი არტისტი ფ. ქორიძე და არც ისეთი ჟურნალი, რომელსაც არ ექოს ის, სხვათა შორის, იმან იმღერა მილანის ლა სკალას თეატრში, სადაც შარშან მშვენივრად შეასრულა მძიმე როლი მეფე ფილიპე II-ისა ოპერა "დონ კარლოსში" - წერდნენ იტალიაში. "ქორიძე ისეთი არტისტია, რომელიც თავის ხმის ძლიერებითა და გალობის მანერით ყველა უპირველეს თეატრში პატივცემული იქნება. მას საზღვარგარეთაც უმღერია საუკეთესო თეატრებში. დღეს ის ჩვენს ქალაქში იმყოფება და მზათ არის, თუ პირობით შეეკვრებიან, ჩვენს თეატრში დარჩეს". რუსეთში მიღებული დაუმსახურებელი წყენა დიდმა პატივისცემამ და სიყვარულმა შეცვალა. ფილიმონი თან მღეროდა, თან მოგზაურობდა საყვარელ მეუღლესთან ერთად. პირველი შვილი - მიხეილი, შემდეგში ცნობილი მსახიობი მიხეილ ქორელი, უცეთში შეეძინა. ერთი-ორჯერ სამშობლოშიც მოუხერხებია ჩამოსვლა და კონცერტის ჩატარება. "ჩვენს მამულიშვილს ათი-თორმეტი წელიწადი დაუყვია უცხო ქვეყანაში, გაუვითარებია, გაუვრცელებია თავისი ნიჭი და ეხლა, მის ნიჭს უპირველეს თეატრებშიც ღირსეულად აფასებენ, არ გვივიწყებს ჩვენ და არც თვითონ ავიწყდება, რომ რაც ბუნებას კაცისთვის ნიჭი მიუცია, პირველად თავის მამულს, თავის მოძმე მამულიშვილებს უნდა მოახმაროს" - წერდა გაზეთი "დროება". ივიწყებდა კი არა, დროდადრო ნოსტალგია ისე ეძალებოდა, გული მისდიოდა. 1881 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. თბილისის საოპერო თეატრიც რუსი მოხელეების ინტერესების მფარველი და გამავრცელებელი იყო. ფილიმონს აქ დადებული ხელშეკრულებით, რუსული არიები უნდა მოემზადებინა. ლა სკალას აღიარებული მომღერალი ისევ ჩიხში მოექცა. მერე სად? - საკუთარ სამშობლოში... საკუთარ სამშობლოში გადაგვარებული და დამახინჯებული დახვდა ქართული გალობა. მხოლოდ ძველ, ცენტრს მოშორებულ მონასტრებში და ძირძველ ქართულ ოჯახებში თუ მოისმენდით ნამდვილ ქართულ საგალობლებს... ფილიმონმა მიზნად დაისახა ზუსტი ვარიანტების აღდგენა და სანოტო სისტემაზე გადატანა. ეს საშვილიშვილო საქმე იყო! მას გვერდში ამოუდგნენ დიდი მოღვაწეები - დიმიტრი ყიფიანი, აკაკი, გიორგი და ნესტორ წერეთლები, მელიტონ ბალანჩივაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ნესტორ კონტრიძე, მელქისადეკ ნაკაშიძე, ილია კიკნაველიძე და სხვები. ფილიმონს საოცარი ტემპით გადაჰქონდა გალობები, ქართული ხალხური თუ საერო სიმღერები ნოტებზე. ამ საქმეში მას მუსიკაში კარგად განსწავლული მეუღლე დაეხმარა.

ფილიმონის მეუღლე ზინაიდა ვორობეცი და მათი ვაჟი მიხეილი

მათ დაამტკიცეს რომ მანამდე გავრცელებული წარმოდგენა - "ქართული მუსიკა ევროპულს, მისთვის უჩვევ და უცხო ნიშნებს - ნოტებს ვერ მოირგებს, ვერ შეითვისებს" მცდარი იყო. მელიტონ ბალანჩივაძე კი მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ფილიმონს სურვილი კლავდა გამოეცა შეგროვებული და ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ბანკში შენახული დანაზოგის იმედი ჰქონდა, მაგრამ ბანკი გაკოტრდა და მუსიკოსმა მთელი ფული დაკარგა, მაგრამ არ გაჩერდა, ფინანსების მოძიება დაისახა მიზნად. მის წამოწყებას ქართველი საზოგადო მოღვაწეები და სასულიერო პირები სიხარულით შეხვდნენ, სამაგიეროდ რუსმა ჩინოვნიკებმა და სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს ხელის შეშლა. მათ სათავეში სემინარიის ცნობილი რექტორი ივან ჩუდეცკი ჩაუდგა, სწორედ ის ჩუდეცკი, მოგვიანებით შეურაცხყოფილმა სემინარიელმა იოსებ ლაღიაშვილმა რომ გამოასალმა წუთისოფელს. მაგრამ სანთელ-საკმეველმა გზა არ დაკარგა - ფილიმონს მალე იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელიც (ქიქოძე) ამოუდგა გვერდში. "ვმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს, ფილიმონს, დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა დაასრულებიეს და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში, რომელმაც მათი სწავლა-განათლება ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნათ მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას მძლავრის ხმით დასძახა: აწი უნდა აღსდგესო! და ჩვენი ხმათა სიმშვენიერე და სიდიადე სხვათა სამეფოთა შორის უნდა იდიდებოდესო." - ეს სიტყვები გაბრიელ ეპისკოპოსმა ერთ-ერთი წირვის ბოლოს წარმოსთქვა. 1895 წელს მაქსიმე შარაძის დახმარებით ფილიმონმა საქართველოში პირველად გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისთვის. ამაგდარი მუსიკოსი კი განაგრძობდა სოფელ-სოფელ ხეტიალს, ჩქარობდა დაუფიქსირებელი საგალობლების დაფიქსირების მოსწრებას, რადგან ნიჭიერ მგალობელთა რიცხვი დღითიდღე მცირდებოდა. ეროვნული საქმე კი წინ მიიწევდა - ქართულ გალობას გადაშენება აღარ ეწერა. ჩაწერილ საგალობლებს, ხელნაწერებს, მათ მოვლა პატრონობას კი ფილიმონი მის ყოფილ შეგირდს, ესტატე კერესელიძეს (შემდეგში წმინდა ექვთიმეს) ანდობდა. "ოჰ, ამაზე კარგი ღმერთს არაფერი შეუქმნიაო" - ყოველ საგალობელს ღვთიურ ქმნილებად მიიჩნევდა და წერდა: "ხომ სხვადასხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ მთელ ქვეყანაზე არცერთ ტომს, არცერთ სამეფოს არა აქვს ისე მრავალი, ისე სრული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ამ ჩვენს პატარა ერს გვაქვს. ამისთვის დღე და ღამე თავს ვიკლავ მეტის-მეტის შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმები."

ეკა მახარაშვილი