<უკან დაბრუნება...<<<სახელოვანი ქართველები>>>
მედეა ბენდელიანი (ისტორიის დოქტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი) - საეკლესიო რეფორმის პირველი ეტაპი: ეგზარქოს ვარლამ ერისთავის მოღვაწეობიდან ერთი ფრაგმენტი
ქართულ საისტორიო მეცნიერებაში ცნობილია, რომ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიზანს საქართველოში (საეკლესიო თვითმოწესეობის გაუქმების შემდგომ მ.ბ.) რეფორმის დროული გატარება წარმოადგენდა. უწმინდესი სინოდის გადაწყვეტილებით სასულიერო დიკასტერიის ხელმძღვანელად და საქართველოს ეკლესიის ქგზარქოსად დაინიშნა ვარლამ ერისთავი. ვარლამ ერისთავის ეგზარქოსად დანიშვნა რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკის მნშივნელოვან ნაწილს ემსახურებოდა. ხელისუფლებისთვის საკმაოდ იყო ცნობილი ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება ეროვნული ეკლესიისადმი, რომ იგი ვერაფრით ვერ შეეგუებოდა უცხო ელემენტის მეშვეობით ტრადიციული ეკლესიის მართვას. ამდენად, იმპერიის მესვეურთათვის საქართველოს ეკლესიის მწყემთავრობა ეთნიკურად ქართველი დიდებულისთვის უნდა მიენიჭებინათ, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით იგი უთუოდ პრორუსული ორიენტაციისა და ამავდროულად, ქართულ სამეფო საგვარეულოს მოწინააღმდეგე ბანაკიდან უნდა შერჩეულიყო. სწორედ ასეთ კანდიტატად მიჩნეული იქნა ვ.ერისთავი. რუსი მოხელეები არწუნებდნენ პეტერბურგის უმაღლეს ხელისუფლებას, თითქოსდა საეკლესიო რეფორმის გატარება არა მარტო პოლიტიკურ, ეკონომიურ სარგებელსაც მოუტანდა იმპერიას. საგანგებოდ გაზვიადებული იყო ეკლესიისა და მისი მამულების შემოსავლები, ამდენად, ხელისუფლება ცდილობდა რეფორმის დაჩქარებულ რეჟიმში გატარებას. პირველ და სასწრაფო მოთხოვნად მიჩნეულ იქნა: ეკლესია-მონასტრებისა და სამღვდელოების რიცხვის დადგენა, მათი ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა, შემოსავლების ოდენობის განსაზღვრა და საეკლესიო გლეხთა რაოდენობის დადგენა. ეგზარქოსმა ვარლამმა მის მიერ ხელისუფლების წინაშე წარდგენილი პროექტის დამტკიცებისთანავე სამრევლოებს დაუგზავნა შემოსავლების აღწერის სპეციალური ფორმულიარი, რისი მეშვეობითაც საეგზარქოსოს კანცელარიას სამწყსოების მღვდელმთავრებისგან სასწრაფოდ უნდა მიწოდებოდა მასალები შემოსავლებისა და საეკლესიო გლეხების რაოდენობის შესახებ. საქართველოს კ.კეკელიძის ხელმაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში დაცულია ხელნაწერი (ფ.11200) რომელიც დათარიღებულია 1814 წლით. იგი შედგენილია სამთავისის სამწყსოს მღვდელმთავრის მიერ. მოცემული დოკუმენტით ნათელი ხდება მოთხოვნების შესაბამისად, თუ როგორი სახის ცნობებს იძლეოდნენ სამწყსოთა მღვდელმთავრები. ზემოთ ავღნიშნეთ, რომ ხელისუფლება ჩქარობდა რეფორმის დროულად გატარებას. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი კი შედგენილია 1814 წელს, რაც არსებითად მიუთითებს, რომ რეფორმა გვიანდება. "ცნობები" საეგზარქოსო კანცელარიაში დროულად არ მიედინება. ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ სამთავისის სამწყსოს მთავარ ხუცესს შეუდგენია სამრევლოს შემოსავლების არა დეტალური არამედ ზოგადი მონაცემები. იგი აღნიშნავს, რომ საეკლესიო გადასახადებს ყველა სოფლიდან დროულად ვერ კრებენ ზოგჯერ ხდება ისე, რომ დრამას იღებენ და სახუცოს კი არა, ან პირიქით: "ჩყიდ წელიწადში დრამა არ აღებულა არც სახუცო. ჩყიმ წელიწადის დანარჩენი სახუცო ავიღე, დრამა არ ამიღია... ჩყიდ წელს არც დრამა აგვიღია არც სახუცო. ჩყიმ დანარჩენის წლის ავიღეთ, სახუცო და დრამა სულ არ აგვიღია... ჩყიდ წელიწადში მოსული პური თუ ღვინო თუ სხვა არა იყო რა სამთავისიდან. ნადარბაზევიდან აბელამიდამა სულ შემოსულია პური და ქერი კოდი 140. ღვინოცა შემოსულა კასპიდამ 6 ელვა, ჭალიდამ 2 ელვა ნახევარი ტკბილი, საჩალედამ ელვა ტკბილი, სამთავისის ბაღიდამაც 8 ელვა და 1 ელვა კულუხი მჭედლისაგან. ღალაც ეს აქვს კულუხიც ეს აქვს ღმერთი ნუ წამიწყდეს მამული აქვს, მაგრამ უკაცო ძის მიზეზით უხმარ აქვს. სამთავის ვინც გლეხნი სახლობენ თითო დღე ხვნა ქნეს თითო დღე მკა თითო ლეწვა, ფარცხვა, რწყუა ფასით უნდა მაარწყვევინო აქ ნება კაი სიტყვაი გყონ". გარდა შემოსავლებისა მოხსენების ავტორი მიუთითებს გასავალზეც. მას სასულიერო პირებისთვის აუშენებია საცხოვრებელი სახლი რის მშენებლობაზედაც დახარჯულა ზემოთ ჩამოთვლილი შემოსავალი: "ეს პური და ღვინო სულ ამაზედ დაიხარჯა... სხვაცა მევე ვიყიდე" – წერს უსამღვდელო ღერვასი და იქვე დასძენს, "სამთავისის ეკლესიის შემოსავლისა და ნივთის აღწერა რომ გიბრძანებიათ მე პასუხად ეს მომიხსენებია, სულ რომ დამკარგოთ ქვეყნიდან არც დაწერა მეშინია და არცა ვიცი ნუსხაც ამილახვარსა აქვს იმის უბრწყინვალესობას უბრძანეთ და პასუხს მოგახსენებთ, დიდი კაცი ბრძანდებით და ამილახვარიც დიდი კაცი არის ქართლშია, მოყუარე ბრძანდებით და ნათესავ ერთი მეორისა მისწერეთ და პასუხს როგორ არ გაგცემთ". საბუთიდან მოტანილი ამონარიდი ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სამღვდელო პირები შემოსავლების დეტალურ ანგარიშს ვერ იძლევიან, ისინი ამ მიმართულებით ხელს იშვერენ ადგილობრივი - "დიდი კაცების"- ამილახვრების მისამართით, რომელთაც ხელთ უჭირავთ შემოსავლების ნუსხები, ისინი კი შემოსავლებს შეგნებულად მალავენ. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებს ქვეყნის მთელი მასშტაბით მრავალი ანალოგი ექნებოდა, აღნიშნული მოვლენა კი პროექტის დროულად გატარებას სერიოზულად აფერხებდა. გრძნობს რა უდიდეს პასუხისმგებლობას, სამთავისის სამწყსოს მღვდელმთავარი ხსენებული წერილის მეშვეობით ცდილობს საკუთარი თავის დაცვას, რათა არ იქნეს დათხოვნილი თანამდებობიდან და მისი საქციელით ზიანი არ მიაყენოს ამილახვარსაც, ამდენად გამოსავალს იგი პოულობს შემდეგში. ეგზარქოსს მოახსენებს: "რაც მე შემიტანია ამ მცირის შემოსავლითა მოგახსენებ სხვისა არა ვიცი რა, ხოლო რაიცა ჩემგან მინართმევ შეწირულ სამთავისს წმინდა ეკლესიაშია:
1. ჯვარი მურასა ვერცხლისა ოქროთი მძიმედ დაფარული;
2. ჯვრის სანთლები, პატარა 6 თუმანი მივეც და დავიხსენ გირაოთი იყო და ისევ შევწირე;
3. ზარი რუსეთიდამ მიატანინე;
4. ჯვარგიაც 8 თუმანი მიმეცა;
5. ბარძიმ ფეხშუმი გავაკეთებინე და შევწირე თავის გაწყობილობით 12 თუმანი მიმეცა;
6. ერთი დიდი სააიაზმე თავის სახურავითა 1 თუმანი მივეც;
7. ხუთი კანდელი ვერცხლისა გავაკეთებინე ზოგი ოსებმა წაიღეს ზოგი ისევ აქვს დიდის ზედ გადმოსაკიდ რკინებითა და ჯაჭვებითა;
8. გარდამოხსნა მშვენიერი და კარგი რუსეთიდან მიატანინე;
9. წმინდა სახარება სტამბისა ახალი;
10. კოწაკი ახალი;
11. მარგვანი ახალი;
12. ზადიკი ახალი;
13. საბუხრეები
14. ცეცხლის საცეცხლურები გაბრიელს გავაკეთებინე და თათრებმა წაიღეს 6 თუმნისა;
15. მეორე რუსული სპილენძის საცეცხლურები;
16. ერთი ხის ჯვარი დახატული აფხაზისაგან;
17. კანკელი დახიეს თათრებმა მერმეთ იონათანს გავაკეთებინე 7 თუმანი მიმიცია მერმეთ ომარხანობას დახიეს კიდეცა;
18. ჩითის წმინდის ტრაპეზის შესამოსი შევაკერინე;
19. წისქვილი დავაბრუნე თათრებმა დამიმტვრიეს და კიდევა სხვა დავაბრუნე.“
შეწირულ ნივთთა ჩამონათვალი დართული კომენტარებითურთ, მეტად მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც. ეროვნული ეკლესიის სასულიერო მოღვაწეები დიდად ზრუნავენ მატერიალური კულტურის გასამდიდრებლად, ისინი დიდი თანხის ფასად იძენენ ძვირფასს საეკლესიო ნივთებს, უკვეთავენ ცნობილ ხელოსნებს საეკლესიო მოწყობილობებს, რუსეთიდან ჩამოაქვთ საეკლესიო ზარები, ხატები, საცეცხლურები, გირაოთი ჩადებულ ნივთებს გამოისყიდიან და ისე სწირავენ წმინდა ეკლესიას, ასევე იძენენ მაღალი გემოვნებით შესრულებულ სახვითი ხელოვნების ნიმუშებს და სხვა. მაგრამ ხელისუფლებას რეფორმისთვის მისთვის უფრო მეტად სასარგებლო და ამომწურავი ინფორმაცია სჭირდებოდა. აღნიშნული მიმართულებით საიმპერიო ხელისუფლება მკაცრად რეაგირებდა. ეგზარქოსი ვარლამი ხედავდა, რომ რეფორმის გატარება რადიკალური ზომების მიღებას ითხოვდა, რისი აღსრულებისთვის მას, ქვეყნის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, მორალური ძალა არ შესწევდა. ამდენად, ეგზარქოს ვარლამ ერისთავის მიერ დაწყებული საეკლესიო რეფორმა ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იგი უკან, - რუსეთში გაიწვია.
|