topmenu

 

რკინის მადნები, ლითონის დამუშავება და ცივი იარაღის წარმოება საქართველოში

<უკან დაბრუნება...<<<ქართული იარაღი>>>


რკინის მადნები, ლითონის დამუშავება და ცივი იარაღის წარმოება საქართველოში

სტატიის წყარო: http://www.georgians-weapons.ge/sxvadasxva.htm

საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში, ლითონის დამუშავება ქრისტესშობამდე VI-V ათასწლეულების მიჯნაზე იწყება. ამას ხელს უწყობდა სამხრეთ კავკასიაში არსებული ხელსაყრელი პირობები: ლითონის გამადნებების მრავალგვაროვნება და ნაირსახეობები (ოქრო, საპილენძი, დარიშხანი, ტყვია, თუთია, ვერცხლი, რკინა, ვოლფრამი, მოლიბდენი, მანგანუმი, პოლიმეტალური საბადოები), საწვავი მასალის სიუხვე (სხვადასხვა ჯიშის ხის ჯიშები და ნახშირი), წყლის უზომოდ დიდი რესურსები და რა თქმა უნდა ხელოსანთა ის მაღალი დონე, რომელიც ნელ-ნელა, საუკუნეების მანძილძე მუდმივად იხვეწებოდა. გეოლოგიური მონაცემებით საქართველოში ცნობილია 200-ზე მეტი სპილენძის, დარიშხანის, ანთიმონის, რკინისა და პოლიმეტალური საბადოებისა და ზედაპირული გამოვლინებების ადგილები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა უმთავრეს საბადოზე აღმოჩენილია მადნის მოპოვებისა და დამუშავების კვალი. დასაწყისში ლითონის დამუშავება წარმოებდა თვითნაბადი ოქროსა და სპილენძის ცივი წესით გამოჭედვის სახით. უკვე მომდევნო პერიოდში, ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. IV-II ათასწ.) ფერადი ლითონების მადნის ათვისებამ გაიარა განვითარების ყველა კლასიკური საფეხური - ჟანგეული მადნების ათვისებიდან დაწყებული, ვიდრე სულფიდური მადნების მოპოვება-დამუშავებისას წარმოებაში რთული ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესების დანერგვით დამთავრებული (ირ.ღამბაშიძე, ბ.მინდიაშვილი, ბ.გოგოჭური, კ.კახიანი, ი.ჯაფარიძე - უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში. გამომცემლობა "მწიგნობარი". თბილისი, 2010. 592გვ.). ტექნოლოგიურად - ხელოსნები სპილენძში უმატებდნებ დარიშხანს და იღებდნენ ბრინჯაოს, ეს ფაქტი დამახასიათებელია საქართველოს მელითონეებისათვის, რადგან სხვა ქვეყნებში, სპილენძს ძირითადად კალას (Sn - Stannum) უმატებდნენ. სპილენძის მოპოვების, მათი გამოდნობისა და მათგან მიღებული ბრინჯაოს ნივთებისა და იარაღის დამზადების უმაღლეს დონეს ძველქართულმა ტომებმა III-II ათასწლეულების მიჯნაზე მიაღწიეს. კერძოდ ასეთ ლითონის მომპოვებელ და გადამამუშავებელ რეგიონებს ძირითადად განეკუთვნებოდნენ კავკასიონის მთავარი ქედის გასწვრივ: აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის, სამაჩაბლოსა და კახეთის, ხოლო მცირე კავკასიონზე და აჭარა -თრიალეთში: ქვემო და შიდა ქართლის და აჭარა-გურიის სამთო-მეტალურგიული კერები; აგრეთვე სამეგრელოსა და იმერეთის მცირე გამოვლენები. როგორც ავღნიშნეთ, ჩვ.წ.-მდე II ათასწლეულის დასაწყისი საქართველოში აღინიშნა ლითონის - ჯერ სილენძისა და ბრინჯაოს, ხოლო შემდეგ კი - რკინის მასიური წარმოებით. ასე მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე, საყოფაცხოვრებო და მატერიალური კულტურის ძეგლებისა და ლითონთა გამოდნობის ცენტრების მრავალრიცხოვნებით, არქეოლოგები როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვანს გამოყოფენ რაჭის რეგიონს. აქ, მეცნიერისა და არქეოლოგის, ბ-ნი გელა გობეჯიშვილის აზრით, მარტო ბრილის სამაროვანში (საერთო ფართი 700 კვ.მ.) აღმოჩენილი და შესწავლილი იყო 250 სამარხი. მეცნიერთა აზრით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ჯერჯერობით გვიმალავს მრავალსაუკუნოვანი მიწაყრილები. მთელი ეს ტერიტორიები, სადაც ჩატარებული იყო არქეოლოგიური სამუშაოები, მოფენილია ლითონის ნიმუშებით (როგორც ბრინჯაოს, აგრეთვე რკინის). ეს ნანახი არტეფაქტები (სურ.1) მიგვანიშნებენ აქაური მოსახლეების საკმაოდ მაღალი განვითარების დონეზე და აგრეთვე შორეულ ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტებზე (რაზეც მიგვითითებს სამარხებში ნაპოვნი დიდი რაოდენობის ეგვიპტური მინის მძივები).

(სურ.1. ა) სატევრები, შუბის პირი, ნაჯახი და ბ) თმის ქინძისთავი ბრილის სამარხიდან (რაჭა). ქრისტესშობამდე მე-18 საუკუნე. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი.

რაჭის ამავე რაიონში იქნა ნანახი ლითონის მადნების დაახლოებით 150 გამონამუშევარი და გამოსადნობი და დასამუშავებელი სახელოსნოების დიდი რაოდენობა. როგორც ჩანს რკინის გამოდნობა და მისგან ნაკეთობის დამზადება II ათალწკეულის დასაწყისში საკმაოდ პრობლემატური იყო, რადგან ჯერ ერთი ხელოსნებს უჭირდათ მაღალი ტემპერატურის მიღება და მეორეც- სუფთა რკინა იმდენად რბილია, რომ მისგან შეუძლებელი იყო მტკიცე ცულის ან თუნდაც დანის დამზადებაც კი. ამიტომ ლითონური ნაკეთობის დამზადებას შენადნობების დამატება სჭირდებოდა. ამ დამატებებმა წარმოშვა ფოლადიცა და თუჯიც. ჩვეულებრივი რკინა საიარაღო მასალად გადააქცია - ჭვარტლმა. სწორედ ჭვარტლს ან ხის ნახშირს ძალუძს რბილი რკინა მტკიცე თუჯად ან ფოლადად გარდაქმნას. რკინის ზოგიერთი „სახეობა“ იწრთობოდა გახურებული მდგომარეობიდან წყალში გაცივებით, ზოგიერთი კი - არა. ფოლადის ეს თვისება - იწრთოს წყალში გაცივებისას, მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშანს რკინასა და ფოლადს შორის. ქართველი არქეოლოგების მრავალრიცხოვანმა ექსპედიციებმა ცხადყო, რომ მე-II ათასწლეულის ბოლოსათვის (მე-12 საუკუნე ჩვ.წ-მდე) მკვეთრად გაიზარდა რკინის ნაკეთობათა რაოდენობა, რაც თავისთავად შეუძლებელი იყო მოპოვებული მადნებისა და გამოდნობილი რკინის ნაკეთობათა მოცულობის გაზრდის გარეშე. მაგრამ ამის მიუხედავად, მკვეთრი ნახტომი რკინის მოპოვებისა და დამუშავებისა შეიმჩნევა ცოტა მოგვიანებით (X-IX საუკუნეები ჩვ.წ.). რკინის მადნების ადგილობრივი რესურსები მოიხმარებოდნენ უხსოვარი დროიდან. ეს საბადოები და მადანგამოვლინებები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან მადნების მარაგე¬ბითა და წარმოშობის პირობებით. საქართველოს ტერიტორიაზე რკინის მეტალურგია და "რკინის ხანის" დასაწყისი თანდათანობით ძლიერდებოდა, თუმცა იგი არ ჩამოყალიბებულა როგორც ცალკე, დამოუკიდებელი მიმდევრობა. მეტალის დამუშავების ხელოსნები მუდამ ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ თავიანთი ტრადიციები და გაემეორად ბრინჯაოში უკვე აპრობირებული ფორმები, რაც დასტურდება უხვი არქეოლოგიური მასალებით სამთავ¬როდან, ღები, ვანი, ურეკი, ჭითახევი და ლარილარიდან(სურ.2).

 

 

სურ.2. ქართული სატევრების პირები: ზედა სურათზე- რკინა (ბრილი, რაჭა); ქვედა - ბრინჯაო (ნიგოზეთი, იმერეთი). ჩვ.წ-მდე პირველი ათასწლეულის პირველი ნახევარი.

იმ დროის რკინის სადნობი სახელოსნოები, როგორც წესი, შესდგებოდა ერთი ან ორი სადნობი ღუმელისაგან, ქვის მაგიდისაგან და სპეციალურად გამოყოფილი ფართისაგან, სადაც ინახებოდა ცეცხლგამძლე თიხის მარაგები (სურ. 3). კოლხეთის ტერიტორიაზე უძველესი სადნობი ღუმელები წარმოადგენდნენ ორმოს, რომელშიც ეწყობოდა მადანი და ხის ნახშირი. ორმოს თავზე იქმნებოდა თაღი მოკლე მილით; გვერდიდან - კი მოწყობილი იყო სპეციალური საბერველი. ამ ორმოს ფსკერი ნახევრადსფერიული იყო და გვერდები კი მოპირკეთებული ქვით. წიდის (სურ. 4) ამოღება არ ხდებოდა. იგი ღუმელის ძირში გროვდებოდა. წარმოების ნარჩენები - წიდის დიდი რაოდენობა, ღუმელის გადახურებული თიხის იზოლაცია და ჭურჭელი იყრებოდა მთის ფერდობებზე.

ა) ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ფორმები. (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი). ბ) ქურაში ჟანგბადის მისაწოდებელი თიხის მილი მაღალი ტემპერატურის შესანარჩუ-ნებლად.

გ) მეტალურგიული ცენტრი ამირანის გორა (by Kavtaradze G.L.The Importance of Metallurgical Data for the formation of a Central Transcaucasian achronology. In: Hauptmann A., Pernicka E., Rehren T. & Yalcin U. (eds.), The begin­nings of Metallurgy, Der Anschnitt 9, 1995. P.67-101, Deutsches bergau Museum, Bochum) სურ. 3.

საქართველოს ისტორიის განვითარების მთელი ამ პერიოდისათვის, ლითონის სადნობი ღუმელების ფორმები, პრაქტიკულად შეუცვლელნი რჩებოდნენ მთელი ამ საუკუნეებისათვის. ხელოსნების გამოცდილებამ (რკინის მადნების გალღობა და მისგან პროდუქციის შექმნა) გამოიწვია სადნობი ღუმელის მუდმივი პარამეტრების არსებობის აუცილებლობა. წლების, საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა, რომ მაღალხარიასხიანი ლითონის დასამუშავებლად საჭიროა ღუმელი, რომლის მშენებლობისათვის აუცილებელია მისი ზედა რკალისათვის მუდმივი სიდიდეები (G.Inanishvili. About the History of Iron Production in Georgia. “METALLA”, #14. 1/2, Bochum, 2007).ადრეული პერიოდის (ჩვ.წ-მდე XII-V საუკუნები) მცირე ზომის ღუმელებისათვის დამახასიათებელი იყო : Н = 0.7-1.0 მ., D = 0.6-0.8 მ., ხოლო შემდგომი მოგვიანებითი პერიოდისათვის კი - Н = 0.9-1.2 მ. და D = 0.8-1.0 მ.).

სურ.4. რკინის წიდები, რომელიც რჩებოდა ლითონის გადამუშავების შედეგად.

ამავე პერიოდის არქეოლოგიური მონაცემები ყურადღებას იპყრობენ იმით, რომ საქართველოში ფიქსირდება ლითონის გამოლღობისა და დამუშავების ძალიან მაღალი დონე. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ თუნდაც მხოლოდ სამთავრო (მცხეთის რ-ნი). ამ ადგილებში იყო განლაგებული რკინის წარმოებები, აქვე იყიდებოდა და შესაძლებელია, რომ აქედანვე ხდებოდა ამ ნაკეთობათა ექსპორტირება (სურ. 5).  ამ ნაკეთობების ულამაზესი დიზაინი და შესრულების ხარისხი გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რაც თავისთავად ხელს უწყობდა ადგილობრივი მადნის მომპოვებელთა, მეტალურგებისა და ხელოსნების მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებას. საერთოდ უნდა ავღნიშნოთ რომ, როგორც ჩანს, ქართველური ტომებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იარაღის არსებობა და აქედან გამომდინარე მისი დამზადებაც. ეს ტომები უძველესი დროიდან სხვადასხვა სახეობის შუბებს (სურ.1) ამზადებდნენ და იყენებდნენ. ბერძენი ისტორიკოსების მონაცემების მიხედვით, კოლხებს მოკლე შუბები ჰქონდქათ, ხოლო მოსხებს (მესხებს) და ხალიბებს (ქართველური ტომებია) კი -გრძელი.

სურ. 5. ხმალი. II ათასწლეულის მეორე ნახევარი. სამთავრო. მცხეთის რაიონი.

გამორჩეულნი იყო აგრეთვე იარაღის სხვა სახეობებიც, რომლებიც მკვეთელი იარაღების რიცხვს მიეკუთვნებოდნენ (ხათუნა იოსელიანი. ტრადიციული ქართული საბრძოლო იარაღი. მეომრის ბიბლიოთეკა, №21. თბილისი, 2008). ესენი იყო: ხმალი, მახვილი, ხანჯალი, დაშნა, დიდი სატევარი, სატევარი (სურ. 2) და ცული. როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, ძველ დროში ყველაზე მეტად გავრცელებული ხმალი (სურ. 5) ყოფილა. იგი სხვადასვა მოყვანილობის იყო და რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა: პირი, კოტა (ხელის მოსაკიდებელი), ვადა ან ჯვარედი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, ქართული კლასიკური ხმალი სწორი ფორმის იყო და მას „შვეტი“ ერქვა. საეკლესიო მხატვრობიდან ჩანს, რომ ასეთი ფორმის ხმლები საქართველოში XII საუკუნემდე იყო გავრცელებული, ხოლო XIII საუკუნიდან ხმლის ფორმა ოდნავ იცვლის სახეს და იხრება. ხმალი ორპირად მჭრელი იარაღი არ იყო, მას ერთ მხარეზე ჰქონდა ფხა, ხოლო მეორეზე - ყუა, ანუ გნდე. საქართველოში საუკეთესო ფოლადი (ე.წ. დამასკოს ან ბულატი) VII—XII საუკუნეებში იწარმოებდა. იარაღის დამზადების საიდუმლოებები თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ეს ცოდნა ინახებოდა როგორც ოჯახური რელიქვია. მეტალის მოხარშვისა და მისგან იარაღის გამოჭედვის გამოცდილებები თვით ხელოსანისა და მისი შვილების გარდა არავის გაეზიარებოდა. ასე მაგალითად, შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში რამოდენჯერმე მოიხსენიებს იარაღს, მაგრამ არასდროს მის შექმნის პირობებს. დაწყებული მე-14 საუკუნიდან ფოლადის და განსაკუთრებით ბულატის დამუშავება საქართველოში (ჩვენი ცნობით მთელ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთშიც) ორი-სამი საუკუნის განმავლობაში, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, ფაქტიურად მივიწყებას მიეცა. სამაგიეროდ უნდა აღვნიშნოდ, რომ ამ ხელობის ამობრწყინება საქართველოში ხდება XVIII საუკუნის დასაწყისში და თავის პიკს აღწევს XIX საუკუნეში. ამ პერიოდში საქართველოში, და განსაკუთრებით თბილისში იქმნება ბულატის იარაღი, რომელიც წარმოუდგენლად დიდ მოწონებას იმსახურებენ მთელ კავკასიაში, რუსეთსა და ევროპაში (ეს ექსპონატები დღესაც დაცულია ერმიტაჟში, მოსკოვის ისტორიულ და გერმანიის მუზეუმებში). აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ბულატის წარმომავლობის შესახებ. იმ ლეგენდებიდან, რომელნიც გვიამბობენ ბულატის გასაოცარ თვისებებზე, ბულატის დაბადება ბურუსით არის შენიღბული. არსებობს ცნობები, რომ ჯერ კიდევ 1300 წლის წინ ჩვენს ერამდე მას უკვე ამუშავებდნენ ინდოეთში, სპარსეთში, სირიასა და ეგვიპტეში. ფოლადის ჭედვის საიდუმლოებას ფლობდა იაპონიაც - ეს არის ცნობილი სამურაის ხმლები. თვით ეს სახელი „ბულატი“ წარმოშობილია არაბულიდან - ელ-ფულადი ან სპარსული فولاد -ფულადი ან თურქული „ბოლოტ“-ისაგან. ყველა ეს სახელი ფოლადს ნიშნავს. აქედანვეა წარმოშობილი ქართული სიტყვა - ფოლადი და ინდური „ვუტცის“ შესატყვისი - პულადი. არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც ეკუთვნის აკადემიკოს გ.მელიქიშვილს. მისი აზრით, უძველეს დროს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რკინის დასამუშავებელი კერას წარმოადგენდა ადგილი, რომელიც მოიცავდა თანამედროვე თურქეთის, საქართველოს, სომხეთის, ირანისა და სირიის ნაწილის ტერიტორიებს. ჩვენ წელთაღრიცხვამდე XII-XI საუკუნეებში ეს რაიონი წარმოადგენდა ძველი სახელმწიფოს - ფულუადიის შემადგენელ ნაწილს. სწორედ ამ სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული მაღალი ხარისხის ლითონის სახელი. ლითონის ნაყში და მოხატულობა წარმოადგენდა ბულატის ფოლადისაგან დამზადებული ნაკეთობის ყველაზე მთავარ, გარეგნულ განმასხვავებელ ნიშანს. ოსტატები გულდასმით ინახავდნენ ბულატის წარმოების საიდუმლეობას და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. დამზადების რეცეპტი უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული. საიდუმლოს გათქმისათვის მკაცრი სასჯელი იყო დადგენილი. ბულატის დამზადების რამოდენიმე ცნობილი ცენტრი არსებობდა. განსაკუთრებით განთქმული იყო სირიის ქალაქი დამასკო. იქ ჯერ კიდევ 1800 წლის წინ არსებობდა ფოლადის წარმოების პირველი მსხვილი სახელოსნო. „დამასკური ფოლადი“ მოგვიანებით ბულატის ფოლადის კრებით ცნებად გადაიქვა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მზადდებოდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბულატის წარმოება საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა XVIII-XIX საუკუნეებში. ამ საქმის ოსტატების ჩამონათვალი მოცემულია წიგნში: Э.Аствацатурян-Оружие народов Кавказа. История Оружия. თბილისში წარმოებული იარაღი განთქმული იყო კავკასიის ფარგლებს გარეთაც. არსებობს ცნობები, რომ XVIII საუკუნეში კავკასიის მთიელ ხალხებს და ირანს ხმლები და ხანჯლები მიეწოდებოდათ თბილისიდან. ამ იარაღის ხარისხზე და მის პოპულარობაზე 1827 წელს წერდა ა.ს.პუშკინი თავის ლექსში "ოქრო და ბულატი":

"Все мое, сказало злато;

Все мое, сказал булат.

Все куплю, сказало злато;

Все возьму, сказал булат."

ათწლეულების მანძილზე ბულატის წარმოებით გამოირჩეოდა ელიაზაროშვილების (მოგვი¬ა¬ნებით მოხდა ამ გვარის რუსიფიცირება- ელიაზაროვად) გვარი. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა და ფოლადის წარმოების სპეციალისტმა ბ-მა კ.ჩოლოყაშვილმა თავისი კვლევებით დაადგინა, რომ ამ ოჯახმა ბულატის წარმოების საიდუმლოება შთანმომავლობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. იმ პერიოდში განსაკუთრებულ პოპულარობას სარგებლობდა ამ იარაღის ერთ-ერთი შემქმნელი გიორგი ელიაზაროშვილი, რომლის ხელობითაც აღრფთოვანებულმა მ.ი.ლერმონტოვმა მას თავის ლექსში „პოეტი“ მიუძღვნა შემდეგი სიტყვები: «В серебряных ножнах блистает мой кинжал, Геурга старого изделье. Булат его хранит таинственный закал, Для нас давно утраченное зелье». გიორგის შვილმა -ყარამან ელიაზაროშვილმა გააგრძელა მამის საქმე და ამზადებდა ბულატის იარაღს ქართული ნალებისაგან, თურქული ფოლადის ნაქლიბისაგან, თუჯისაგან და რკინისაგან. ეს იარაღი გამოირჩეოდა ისეთი მაღალი ხარისხით, რომ როგორც პ.ანოსოვი წერდა "ამ სატევრების გამოცდისას მათი მეშვეობით, ხარებს ერთი დარტყმით აჭრიდნენ თავებს". ამავე პერიოდის რკინის დამუშავების წესებზე მიგვითითებს რაჭაში, წედისში მადანის მოპოვებისა და მისი გადამუშავების თავისებურებები. აქ ძველ დროში ძირითად საქმიანობას შეადგენდა მეტალურგობა. მათ ჰქონდათ საკუთარი რკინის საბადო ველუანთას “ქვა-წითელას” სახელწოდებით. ადგილობრივი მოსახლეობა რკინის ამ მადნებს ოდითგანვე ამუშავებდა. ამ საქმიანობასთან დაკავშირებით რკინის მწარმოებელ მთელ ხეობას “სარკინეთი” ეწოდებოდა. რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც ამ რკინის გადამუშავებით იყო დაკავებული, მათ რკინის კაცებს ეძახდნენ. ისინი თავიანთი საქმიანობის მიხედვით იყოფოდნენ რამდენიმე ჯგუფად: მაძიებელნი, რომელნიც აწარმოებდნენ საბადოს მიგნებას; ამომცნობნი, რომელნიც მადნეულის ხარისხს და მის რკინად გამომავლობას ამოწმებდნენ; მთხრელნი – რომელნიც საბადოდან მადნეულის გამოწველას აწარმოებდნენ; მზიდავნი – რომელთაც ევალებოდათ მადნეულის გადაზიდვა დანიშნულ ადგილას; მკაზმავები – რომელთაც ევალებოდათ მადნის გაკაზმვა და მისი შემზადება დასაწურად; მწურავები, რომელნიც აწარმოებდნენ დაკაზმული რკინის მადნის დარიგებას საწურ “ბოვში” და წურვის მსვლელობის წესიერად წარმართვას; მბერავები – რომლებიც უსხდნენ საბერველს და ხელაწყობით უბერავდნენ განუწყვეტლად; მეუროვენი – რომელნიც ბოვიდან ამოღებულ დაწურულ რკინის ლუგვს ხის დიდი უროებით ბეგვდნენ ქვის ბრტყელ გრდემლზე – საბეგვ ქვაზე; მენახშირენი – რომელთა უშუალო საქმეს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯიშის ხის ნახშირის დაწვა – დამზადება; მჭედლები ანუ “კვერით ხურონი” – რომელთა მიერ წარმოებდა სხვადასხვა სახისა და დანიშნულების რკინის გაჭედვა; მადანს რკინის კაცები უწოდებდნენ ლითონს, ხოლო მადნეულის საბადოს სალითონეს. რაჭის სარკინეთში, მაღალი ხარისხის რკინის დამზადებაში დიდ როლს თამაშობდა ერთის მხრივ მადნეულის გარჩევა, სხვადასხვა ხასიათის ხის ნახშირი, სადუღი მიწა, წრთობის წესი, ხოლო მეორე მხრივ რკინის მადნეულში სარევი ლითონის “ფაშას”’ (შავი ქვა) მირთვა. მადანში გარკვეული პროპორციით შავი ქვის დამატება, რომელიც ძველი წესი ყოფილა და ცნობილი იყო როგორც ხალიბური რკინის დამზადების წესი, ჰქმნიდა რკინისაგან ჭედურ საფოლადე მასალას. ჩვენი აზრით, ეს შავი ქვა მანგანუმის მადანს უნდა წარმოადგენდეს. რკინის დამუშავების პრაქტიკაში ფართო გამოყენება ჰქონდა ერთგვარ მიწას, რომელსაც “სადუღი” ეწოდებოდა, რომლის ხმარებასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხიანი რკინის დაყენების საქმეში. წურვის დროს იგი იცავდა რკინას ცეცხლში ჩაწვისა და გამოფიტვისაგან, ხელს უწყობდა დნობის ნორმალურ მსვლელობას და ნელნელა სათანადოდ წურავდა ლითონს. მჭედლები რკინის გახურების მსვლელობისას აყალო მიწას, კაჟს, სილას, ქვაკაჟას ხმარობდნენ. რკინის დამუშავება სპეციალურ ქურებში ხდებოდა. 1820 წლისათვის წედისში 20 ასეთი ქურა იდგა. თვით სოფლის სახელიც - წედისი- რკინის მეტალურგიასთან არის დაკავშირებული. აკაკი წერეთელი მიუთითებდა: "დღესაც არის ჩვენში, რაჭის მაზრაში ერთი მთა. გული რკინის მადნისა აქვს და უხსოვარი დროიდან ირგვლივ მცხოვრებნი მჭედლობის მეტს არას აკეთებენ. ამ მთას ჰქვია წედისი ანუ “ჭედისი” (აკ. წერეთლის კრებული, 1897 წ). იმ დროს წედისის რკინა მოიხმარებოდა არა მარტო რაჭაში, არამედ ის გაჰქონდათ როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, ასევე ჩრდილო კავკასიაშიც. დამახასიათებელია ის ვითარებაც, რომ წედისის რკინის წარმოებისას ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე სხვა სოფლებიდან მოსული ხალხი. დამუშავების პროცესი ატარებდა სეზონურ ხასიათს (ძირითად სამუშაო პერიოდს წარმოადგენდა შემოდ-გომა და ზამთარი). დაახლოებით იგივე სურათს ვაწყდებით ზემო იმერეთშიც, სადაც სოფ. ტყიბული, საწირი და სორმონის მიდამოებში არსებობს რკინის მცირე საბადოები. ტყიბულთან ძირითად საწარმოო ობიექტს რკინის ოხრა წარმოადგენდა, რომელიც იმ ტერიტორიაზე გვხვდება დიდი ქვარგვალების სახით. აქ მადნის დამუშავება მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდულობით. ცალკეული მცირე საბადოების გამომუშავება ხდებოდა 3-4 წელიწადში. ამ სოფლებში მადნის მოპოვება ხდებოდა ერთდროულად დაახლოებით 30 ოჯახის მეშვეობით, წლის იმ დროს, როდესაც ისინი არ იყვნენ დაკავებულნი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. რკინის გამოლღობა ხდებოდა მწირე მადნებიდან, სადაც რკინის შემცველობა არ აღემატებოდა 17%. XVIII-XIX საუკუნეებში რკინის მადნების დამუშავება დაახლოებით იგივე წესით ხდებოდა თითქმის მთელ საქართველოში (რამოდენიმე რეგიონის გარდა). XIX საუკუნის ბოლოში კი, მაშინ როდესაც საკმაოდ გავრცელდა ცეცხლსასროლი იარაღი, რკინის გამოდნობა და მისგან ბულატის მიღება ფაქტიურად შეწყდა. ამას დაემთხვა ის, რომ იმპორტირებული ფოლადი (მართალია გაცილებით უხარისხო) შეუდარებლად უფრო იაფი იყო. ასე მაგალითად, ამ პერიოდში, არა მარტო საქართველოში, არამედ ინდოეთსა და სირიაშიც კი ცივი იარაღის წარმოება უკვე ხდებოდა ინგლისური და შვედური უბრალო ფოლადის გამოყენებით. სიამაყით უნდა ავღნიშნოთ, რომ დღეს-დღეობით საქართველოში ენტუზიასტი ხელოსნების და ზოგიერთი ამ საქმეს შეყვარებული სხვა პირის მეშვეობით აღდგენილია მაღალხარისხოვანი ფოლადის - ბულატის წარმოება. თუმცა, აქვე ავღნიშნავთ, რომ ამ ხელობის განახლებას მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდაბა სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოში, რკინის დამუშავების შედეგების განხილვის დასკვნით ნაწილში უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი საკითხი: ის რომ ჩვენ წინაპრებს გააჩნდათ მაღალი ტექნოლოგიური დონე - ეს დღეს უკვე გასაგებია, მაგრამ საკითხავია თუ კონკრეტულად სად მოიპოვებდნენ ისინი ნედლეულს (ძირითადი საბადოები) და საიდან ხდებოდა მათი ტრანსპორტირება? მაგალითისათვის, ჩვენთვის ლიტერატურული ცნობებით ცნობილია, რომ დამასკოს მახლობლად არსებობდა მთა, რომელიც შესდგებოდა ბუნებრივი რკინისაგან, ნახშირბადისაგან (0,9-1%), ვოლფრამიტისაგან (8-9%), ცოტა გოგირდისა და ფოსფორისაგან. უძველესი ხელოსნები უბრლოდ ატეხავდნენ ნატეხებს ამ ქანებს და მისგან ამზადებდნენ ხმლებს და ხანჯლებს. მოგვიანებით მისგან მიიღეს ვოლფრამიტული ბულატი. პოლონელი სპეციალისტის ი.პისკოვსკის მიხედვით, მე-18 საუკუნის ბოლოში ეს მთა ბოლომდე იქნა გამომუშავებული. ვთქვათ ჩვენთვის გასაგებია, თუ რა იყო დამასკოს ფოლადის წყრო, მაგრამ ამ შემთხვევაში იბადება კითხვა - საიდან მოჰქონდათ მადანი ძველქართულ ტომებს, რას ხმარობდნენ ნედლეულად? ჩვენი აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე, ესეთი მადნის მოსაპოვებელი ადგილები შეიძლება ყოფილიყო რამოდენიმე:

1. ყველაზე ადვილად მოსაძიებელ და მოსაპოვებელ ნედლეულს, რომელიც როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით მიწის ზედაპირზე იდო, წარმოადგენდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და მდ.ჭოროხის ხეობაში გავრცელებული მაგნეტიტური ქვიშები. ეს ნედლეული, ბაზალტური ქანების დაშლის პროდუქტს წარმოადგენს. ისინი თავის შემადგენლობაში დაახლოებით 11% მაგნეტიტს შეიცავენ. ეს რკინისშემცველი ქვიშები მრავალრიცხოვან მდინარეებს ჩამოჰქონდათ და ილექებოდნენ შავი ზღვის სანაპიროზე. ეს ზუსტად ის მასალაა, რისგანაც ჩვენი აზრით, მიიღებოდა ცნობილი ხალიბური რკინა. ამ ქვიშებისაგან დამზადებულ ლითონს (არისტოტელეს აზრით) ჰქონდა ვერცხლის ფერი და ითვლებოდა დაუჟანგავად. ალბათ ამ მაგნეტიტური ქვიშების გამდიდრებასთანაა დაკავშირებული კოლხეთის დაბლობის ძველი ქართველური ტომების სადგომებში ნანახი დიდი მოცულობის აბაზანები, რომლებიც დამზადებულნი იყო უხეში თიხისაგან. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ რკინის ოთხი ძირითადი ქანთმაშენი მინერალიდან, კოლხეთის ტერიტორიის ამ ქვიშებში გვხვდება სამი. ესენია -ჰემატიტი, მაგნეტიტი და ლიმონიტი. პირველი ორი მათგანი შეიცავს 65-70% სუფთა რკინას. მადანსალღობი სახელოსნოების მაღალ კონცენტრაციას ვაწყდებით მდ.ჩოლოკის შუა წელში, სადაც დაფიქსირებულია ჩვ.წ.-მდე VI—II საუკუნეების დიდი ნაქალაქარი. ასეთივე სახელოსნოებია ნანახი მდ.ხობისა და ოჩხამურის აუზებში, რომელთაგან ყველაზე ძველი მათგანი დათარიღებულია როგორც ჩვ.წ.-მდე IX საუკუნის ძეგლი.

2. აგრეთვე გამორჩეულად უნდა აღინიშნოს მცირე კავკასიონის მეტალმატარებელი ზონა, და განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ ნაწილი (მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და ნაწილობრივ დმანისის რ-ები), რომელზედაც განლაგებულია მრავალრიცხოვანი ლითონური გამადნებები. მათ რიცხვშია რკინის გამადნებებიც. ამ მადნიანი ველის გეოლოგიურმა შესწავლამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა, რომ აქ არის კონცენტრირებული როგორც ჰემატიტური (ჩათახი, მადნის-წყარო და სხვა), ასევე მანგანუმ-ჰემატიტური (თეთრიწყარო, მადნის სერი, სოშები და სხვა) საბადოები. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ რაიონშია განლაგებული კოლჩედანური, სპილენძის, ოქროსა და პოლიმეტალური საბადოები, რომლებიც შეიცავენ არც თუ ისე მცირე ვერცხლის რაოდენო¬ბებსაც. რკინის უძველესი მეტალურგიისათვის რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ ტერიტორიაზე განლაგებული იყო ჰემატიტური და მანგანუმ-ჰემატიტური მრავალრიცხოვანი გამადნებები. არ არის გამორიცხული, რომ ძველი მეტალურგები მაღალხარისხიანი ფოლადის მისაღებად მადანს მანგამუმს უმატებდნენ. თუმცა ისინი იგივე შედეგს მიიღებდნენ მანგანუმ-ჰემატიტური მადნების უბრალო დამუშავებით. ცნობისათვის აქვე ავღნიშნავთ, რომ ჩათახის საბადოს წარმოება XX საუკუნის დასაწყისამდე ფუნქციონირებდა.

3. საქართველოს ლითონის დამუშავების ისტორიაში არც თუ მცირე როლს თამაშობდა ძამის სკარნული რკინის საბადო ოქროთი (აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალური სეგმენტი. სოფ. ტყემლოვანას მიდამოები). აქ გასული საუკუნის 40-60-იან წლებში აღმოჩენილი იყო ლითონის სახარში უძველესი ღუმელები და წიდების აუარებელი რაოდენობა. სამწუხაროდ, ეს ნანახი სახელოსნოები განადგურებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისა და დროის მეშვეობით.

4. ეს არის მცირე გამადნებები აფხაზეთის, სვანეთისა და ზემო სამეგრელოს ტერიტორი-ებზე, სადაც მადანში Fე3O4-ის შემცველობა 91-95% აღწევს. აგრეთვე რაჭისა და ზემო იმერეთის მადანგამოვლინებები, სადაც აგრეთვე მოძიებული იყო უძველესი მეტალურგიული კერები.

დავით ყუფარაძე

გეოლოგ. მინერ. მეცნიერებათა დოქტორი