topmenu

 

გ.გობეჯიშვილი - დასავლურ-ქართული კულტურის ძეგლები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<უძველესი საქართველო...<<<არქეოლოგიური აღმოჩენები>>>


გ.გობეჯიშვილი - დასავლურ-ქართული კულტურის ძეგლები // არქეოლოგიური გათხრები საქართველოში, საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის გამომცემლობა, თბ. 1952 წ.მ გვ. 96-110

..ადრე და შუა ბრინჯაოს ხანაში დასავლეთ საქართველოში იქმნებოდა ადგილობრივი კულტურის შესანიშნავი ძეგლები (საჩხერეში, რაჭაში და სხვა). ამ კულტურის განვითარებამ ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ახალს, მაღალ საფეხურს მიაღწია. ძირითადი ცვლილება განიცადა იარაღმა. ყუამალიანი ცულების ადგილი დაიკავა ბრინჯაოს ახალი ტიპის ცულმა (ტაბ.XXXVI, სურ.1-5).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

მას კოლხურ ცულს უწოდებენ იმიტომ, რომ უმთავრესად გავრცელებულია კოლხი ტომების ძველ (ო.ჯაფარიძე, კოლხური ცული. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XVI- B, გვ.35-89. თბ., 1950 წ.) და ახალ საცხოვრისში, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაპირებზე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან დაწყებული, ვიდრე ცენტრალური კავკასიონის ჩრდილო კალთებამდე. პირველად ასეთი ცულები იპოვნეს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფ.ყობანში. ამიტომ მას დიდი ხნის განმავლობაში უწოდებდნენ "ყობანურ ცულს". მერედამერე ეს იარაღი დიდი რაოდენობით აღმოჩნდა მთელს დასავლეთ საქართველოში: სვანეთში (ტაბ. XXXVII), რაჭაში (ტაბ.XXXIX, სურ.1,3), ლეჩხუმში, აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში და იმერეთში, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ თემში: შიდა ქართლში (ტაბ.XXXIX, სურ.2) და თრიალეთში. საქართველოშივეა ნაპოვნი ამგვარი ცულის ჩამოსასხმელი ყალიბებიც. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ადვილად მტკიცდება ამ ცულის ქართული წარმომავლობა. ამიტომაა, რომ მას კოლხურ ცულს უწოდებენ, ხოლო იმ კულტურას, რომლის გარემოცვაშიც იგი გვხვდება - კოლხურ კულტურას". კოლხური ცულის უძველესი ნიმუშები დიდი ზომისაა და თანაც სადა. ისინი ნამდვილ სამეურნეო, ხის საჭრელ-საპობ იარაღს წარმოადგენს. ეს ცული შემდეგ და შემდეგ უფრო პატარავდება და ლამაზდება, ამასთან, მას ნაირნაირი ორნამენტით ამკობენ. გარდა ლამაზი გეომეტრიული სახეებისა, კოლხურ ცულს ამკობს აგრეთვე გველისა და რომელიღაც მტაცებელი ცხოველის სტილიზებული სურათები. ყობანში აღმოჩენილ ერთ ცულზე გამოსახულია ადამიანის მსგავსი არსება, ალბათ, ღვთაება, რომელიც შვილდისრით ნადირობს გველებზე (2). ზოგ შემთხვევაში ცულის ყუას ამშვენებს ამა თუ იმ ცხოველის ქანდაკება (ტაბ.XXXIX, სურ.2) ჩანს, რომ ყუამილიანმა ცულებმა (ტაბ.XI) შემკობის ასეთი წესი ტრადიციის ძალით გადმოსცა გვიან ბრინჯაოს ხანის იარაღს. სხვადასხვა გამოსახულებებით შემკული ცულები წარმოადგენს საბრძოლო და სარიტუალო იარაღს. ამათ გვერდით გვხვდება ბრტყელი ცულები (ტაბ.XL, სურ.2), რომლებიც დამახასიათებელია აღმოსავლურ-ქართული კულტურისთვისაც.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ყველა ფოტოზე

ზოგიერთ კომპლექსში დამოწმებულია ბრინჯაოს წალდიც. იგი საოცრად ჰგავს თანამედროვე წალდს. სხვა კულტურებში მის მსგავსს ვერაფერს ვხვდებით. ეს ძლიერ მტკიცე საბუთია მოგვიანო ქართული კულტურის ადგილობრივ, ძველ ფესვებზე ამოზრდილობის სამტკიცებლად. ხის დასამუშავებელი იარაღებიდან აღსანიშნავია აგრეთვე სატეხი და ხელეჩო (ტაბ.XL, სურ.3,4), მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული საგნებიდან კი - ბრინჯაოს თოხი და ნამგალი (ტაბ.XL, სურ.5; ტაბ.XXV, სურ.3). ამ იარაღების საფუძველზე მტკიცდება, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში საქართველოში დაწყებულია ინტენსიური მუშაობა ახოების ასაღებად და მიწის ახალი ნაკვეთების გამოსაყენებლად. განვითარებული ყოფილა ხის დამუშავებაც. კოლხური მატერიალური კულტურის სხვა შემადგენელი ნაწილების შესახებ წარმოდგენას გვაძლევს, როგორც შემთხვევით მოპოვებული, ისე, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო ექსპედიციების მიერ დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ძეგლები. აფხაზეთში ამ დროის სამარხები, ხშირად, ქვევრების სახით გვევლინება. არის ჩვეულებრივი ორმოსამარხებიც. სამარხის ინვენტარში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცულებს, რომელთაგან ზოგიერთს ბრინჯაოსავე ტარი აქვს.

არის შუბისწვერებიც. აღმოსავლურ - ქართული სათანადო საგნებიდან მათ განასხვავებს მეტად გრძელი სატარე მასრები. იქაური სატევრებიც გრძელია და, იბერიული მახვილების მსგავსად, აქვთ ძლიერ მკაფიოდ გამოსახული შუა ქედი. კოლხური ბრინჯაოს სარტყლები შედარებით ვიწროა და ბოლოვდება ბალთით, რომელზედაც კაკვის მოვალეობას ასრულებს ცხოველის თავის ქანდაკება. სამკაულებიდან ყურადღებას იქცევს ფართო სამაჯურები, შვილდის მსგავსი საკინძები, საკისრე რგოლები ანუ კირკლები სხვადასხვანაირი საკიდები, რომლებიც ცხოველებსა და ფრინველებს გამოსახავს, ქინძისთავები, მძივები და სხვა მისთ. ბრწყინვალე აღმოჩენები მოგვცა ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ გუდაუთის რაიონში, არქეოლოგ მ.ტრაპშის ხელმძღვანელობით. სოფ, ყულანურხვაში, ექსპედიციამ მიაკვლია სამაროვანს, რომელიც შეიცავს კოლხური კულტურის მრავალრიცხოვან ინვენტარს. აქ არის მომხიბვლელი სილამაზის ბრინჯაოს ცულები (ზოგჯერ ბრინჯაოსავე ტარით), ერთ შემთხვევაში ცხოველის ქანდაკებით შემკული, აგრეთვე სატევრები, სამაჯურები, მძიგები და სხვა. განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ნივთთა შორის იპყრობს მწოლარე ნადირის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება. ამ კულტურის ძეგლები ბრილის სამაროვანზვც საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. ისინი მდებარეობს უშუალოდ შუა ბრინჯაოს ხანის სამარხთა თავზე (ქვემოდან II ფენა) და, მაშასადამე, იმავე ხალხს ეკუთვნის, რომელმაც ანტიმონიანი ბრინჯაო დაგვიტოვა. ამ მეორე ფენაში აღმოჩენილ ნივთთა შორის დავასახელებთ მეტად ლამაზ ბრინჯაოს სატევარს, რომელსაც ერთ მხარეზე გველის, ხოლო მეორეზე გველისა და "ზენური" ხვიების გამოსახულებანი ამკობს. იქიდანვეა რქადახვეული ვერძისთავის ქანდაკება, შვილდის მსგავსი საკინძი (ფიბულა), სარტყლის სწორკუთხოვანი აბზინდა და თავხვია სამაჯური (ტაბ. XLI), რომლებიც ზედმიწევნით ჰგავს ყობანიდან ცნობილ სათანადო ნივთებს.

ძვ.წ. I ათასწლეულის დამდეგის კოლხური კულტურის ელემენტები დიდი რაოდენობით შემოინახა აგრეთვე ბრილის სამაროვანის III ფენამაც, რომელიც ძვ.წ.აღ-ის VII–IV სს. ეკუთვნის. იგი ხასიათდება არა მარტო ბრინჯაოს, არამედ რკინისა და მინის ან მინისებური პასტის ნივთების (ტაბ.XLII-XLV) სიჭარბითაც. (1951 წ. გათხრებმა ცხადყო, რომ რკინის იარაღი ბრილში ფართოდ ყოფილა ხმარებაში უკვე ძვ.წ I ათასეულის დამდეგს). ძლიერ დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი რკინის სატევრები და ცულები (ტაბ. XLIV-XLV). არქეოლოგები მათ უწოდებენ სკვითურ აკინაკებს და საომარ ცულებს. ისინი თარიღდებიან ძვ.წ. VII და მომდევნო საუკუნეებით. ბრილში, ამ დროს ერთ სამარხთაგანში, რომელშიც დაკრძალული იყო რამდენიმე მიცვალებულის დამწვარი გვამი, ექსპედიციამ აღმოაჩინა თორმეტი რკინის აკინაკი, 15 საომარი ცული, ორი მოხრილი დანა, ერთი ლაგამი, ბრინჯაოს საყბეური რგოლები, ზარები, ეჟვანი, ორი ჭურჭელი, ელექტრუმის საყურე, ძვლის მხატვრულად დამუშავებული ნივთები, სალესი ქვები და სხვა მრავალი. ყველაფერი ეს ახლო ნათესაობას ამჟღავნებს სკვითების ყორღანებიდან ცნობილ ინვენტართან. განსაკუთრებით ყურადღებას, ამ მხრივ იპყრობს ძვლის პაწია სამკაულები, რომლებითაც მოკაზმული ყოფილა ცხენის უნაგირი. ერთი მათგანი ზედმიწევნით იმეორებს სამთავროს ორმოსამარხებში დამოწმებულ იმ ორმაგ ბლოკისებური ბრინჯაოს ბალთებს, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოყენებული იყო მახვილის ჩამოსაკიდებელი თასმის შესაკრავად: ერთი მათგანი ზედმიწევნით იმეორებს სამთავროს ორმოსამარხებში დამოწმებულ იმ ორმაგ ბლოკისებური ბრინჯაოს ბალთებს, რომლებიც, როგორც ცანს, გამოყენებული იყო მახვილის ჩამოსაკიდებელი თასმის შესაკრავად; მეორე ნივთი ცხენის ფეხის მინიატურულ მოდელს წარმოადგენს; მესამეზე ვხედავთ პირდაღებული ადამიანის სქემატურ გამოსახულებას, ხოლო მეოთხეზე - ასევე პირობით (სტილიზებულად) გადმოცემულ ცხოველის თავს (ტაბ.XLVI). ვინ იცის, მხატვრულად დამუშავებული ძვლის კიდევ რამდენი ნივთი იყო ამ სამარხში, მაგრამ ისინი ცეცხლს ვერ გადარჩენია. სკვითურ ყორღანებში ძვლის ნივთები საერთოდ ცნობილია, მაგრამ ასე კარგი ხელობის თითქმის არაფერი გვეგულვება. როგორც დავინახეთ, ბრილის სამარხებში მასობრივად ჩნდება საგნები, რომელთაც სკვითურად მიიჩნევდნენ.

ესენია, პირველ ყოვლისა, რკინის სატევრები ანუ აკინაკები და საომარი ცულები. ამგვარი იარაღი დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი სამთავროში, დვანში, თრიალეთში და კავკასიის ქედის ჩრდილო კალთებზე. მასალის შესწავლილობის დღევანდელ დონეზე უკვე გადაუდებლად დგება კითხვა: მართლა სკვითური წარმოშობისაა ეს იარაღი, თუ ადგილობრივ, ქართულ ნიადაგზე ამოზრდილი? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ორიოდე სიტყვით გავიცნოთ, თუ ვინ იყვნენ სკვითები ან რა ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ ტომებთან? დიდი ხანია სკვითების ისტორია მეცნიერების თავსატეხ საკითხად იქცა, მაგრამ სავსებით ამომწურავად დღესაც არაა გაშუქებული. პირველი ვრცელი ცნობები სკვითების შესახებ ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ (ძვ.წ. Vს.) დაგვიტოვა, უფრო გვიან (I ს.) სტრაბონიც ბევრ ცნობას გვაწვდის. ირკვევა, რომ ძვ.წ. VII საუკუნიდან დაწყებული სკვითებს ეკავათ ვრცელი ტერიტორია მდ.დუნაიდან მდ.დონამდე. ისინი წარმოადგენდნენ მრავალი სხვადასხვა ტომის გაერთიანებას. მართალია, ძველ წყაროებში მათ მეთაურებს "მეფეები" თუ "მეფუკები"- ეწოდებათ, მაგრამ ადრეულ ეპოქაში ისინი სახელმწიფოებრივად გაერთიანებული არ ყოფილან. არამედ გვაროვნული წყობილების უკანასკნელ საფეხურზე მდგარან. მათ შექმნეს ძლიერ განვითარებული კულტურა. სკვითურ ყორღანებში მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის ნატიფი ნივთები, კერძოდ, მახვილთა ტარები და ქარქაშის გარსაკრაჯვები, კაპარჭები. გორიტები (მშვილდის ბუდე), ჭურჭელი, ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები და სხვა მისთ. წარმოადგენს საბჭოთა კავშირის ბევრი მუზეუმის მშვენებას. სკვითები სხვადასხვა ეთნიკური გაერთიაბებისაგან შედგებოდნენ.

დიდი ხანია წარმოიშვა მოსაზრება, რომ სკვითები აღმოსავლეთ ევროპის სლავური ხალხების წინაპრები იყვნენ. ეს მოსაზრება ჯერჯერობით ჰიპოთეტური ხასიათისა ჩანს, რადგანაც განვითარების თანამედროვე საფეხურზე მეცნიერებას არ გააჩნია სათანადო, მყარი საბუთები. სკვითებთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მიუთითებს ბრილისა და სამთავროს VII–IV საუკუნეთა ორმოსამარხები. საიდან მოვიდნენ სკვითები? წყაროებზე დაყრდნობით განსვენებული აკადემიკოსი ივ.ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში, ე.ი. დაახლოებით ამ 3500 წლის წინათ, წინა აზიიდან მომავალმა რომელიღაც სკვითურმა ტომმა გადმოლახა მდინარე არაქსი და ნელნელა წაიწია წინ ჩრდილოეთისაკენ (ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წიგნი პირველი: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ.1950, გვ.58). უთუოდ კავკასიაშიც დატოვეს მათ თავიანთი კვალი, მაგრამ მათი ძირითადი მასა მტკიცედ დამკვიდრდა სამხრეთ რუსეთის ველებზე და შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე. მე-VIII საუკუნის დასასრულისათვის ისინი უკვე გაბატონებული ჩანან და იმ ადგილებიდან აძევებენ კიმერიელებს. სკვითების ერთი ტალღა კვალდაკვალ მისდევს კიმერიელებს და წინა აზიის სახელმწიფოებში იჭრება. მათ დიდი როლი ითამაშეს ძველი აღმოსავლური ტიპის მონათმფლობელური სახელმწიფოების შერყევაში. სკვითების ლაშქრობის გზებს არქეოლოგები და ისტორიკოსები ახლა არკვევვნ მატერიალური კულტურის იმ ნაშთების მიხედვით, რომელიც მათ ამა თუ იმ ქვეყანაში დაუტოვებიათ. დიდი დამსახურება ამ მხრივ ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ნიჭიერ არქეოლოგს ბ.პიოაროვსკის. ის ფიქრობს, რომ ურარტუს სახელმწიფოს დანგრევაში (ძვ.წ.VIს.) სკვითებს მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებიათ. ბ.პიოტროვსკი ხელმძღვანელობს კარმირ - ბლურის (წითელი ბორცვი) გათხრებს ქ.ერევნის ახლო. ამ ბორცვზე ყოფილა ურარტუს მეფის ნაცვლის რეზიდენცია - გამაგრებული ქალაქი თეიშებაინი (ღვთაება თეიშების ქალაქი). მეტად მდიდარ არქეოლოგიურ მასალათა შორის ბ.პიოტროვსკიმ შენიშნა რომ ქალაქის კედლის ირგვლივ ბლომად ეყარა ურარტულისაგან განსხვავებული, სკვითური ისრის წვერები, რომელთა შორის ბევრს მოტეხილი ან მოღუნული წვერი ჰქონდა: ერთი ისრის წვერიც შერჭობილი იყო თიხით შელესილ კედელში.

ამ და ზოგიერთი სხვა აღმოჩენის საფუძველზე ბ.პიოტროვსკიმ დაასკვნა, რომ თეიშებაინი სკვითთა რაზმებმა აიღეს და გადასწვეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ საკვლევია, ეს უშუალოდ სკვითებმა შეძლეს, თუ კავკასიის იმ ხალხებმა, რომლის ლაშქარში სკვითები შედიოდნენ, როგორც დაქირავებული ჯარი. ამ უკანასკნელ მოსაზრებას ადგია ისტორიკოსი გ.მელიქიშვილი (გ.მელიქიშვილი, ურარტუ, თბ., 1951, გვ.133). მაგრამ მანამდე ახლო კულტურულ-ეკონომიური ურთიერთობა ჰქონიათ სკვითებს და ურარტუელებს. ეს კარგად მტკიცდება გათხრებით. ამ საერთო ფონზე, თითქოს, სრულებით ბუნებრივად გამოიყურება და გასაგები ხდება სკვითური ტიპის ინვენტარის მოჭარბება VII-IV სს. კავკასიის სამარხებში. ისტორიული წყაროებითაც მტკიცდება ქართველი და სკვითი ტომების მჭიდრო ურთიეთობა. სტრაბონმა, მაგალითად, დაგვიტოვა ასეთი ცნობა: "იბერიელთაგან დაბლობზე მოსახლეობენ ისინი, რომელნიც უმთავრესად მისდევენ მიწათმოქმედებას და აქვთ მშვიდობიანი ცხოვრებისადმი მიდრეკილება... ხოლო მთიან ნაწილს ფლობს მეომარი უმრავლესობა, ყოფა-ცხოვრების მხრივ მსგავსი სკვითებისა და სარმატებისა, რომლებსაც კიდევაც ემეზობლებიან და ენათესავებიან კიდეც". მართალია ეს ცნობა I საუკუნის ავტორს ეკუთვნის. მაგრამ, საბჭოთა არქეოლოგიის უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით, იგი უფრო ადრინდელი ვითარების ამსახველი დოკუმენტის მნიშვნელობასაც ღებულობს. სკვითების ქართველებთან მონათესაობა, რასაკვირველია, განსაზღვრულ აზრით უნდა გავიგოთ. მრავალტომიან სკვითთაგან ქართველ ტომებს მხოლოდ ისინი ემეზობლებოდნენ და ენათესავებოდნენ, რომელნიც კავკასიის მთების ჩრდილო კალთებზე მოსახლეობდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სკვითების ძირითადი მასა საკვლევ ეპოქაში დნეპრსა და დონს შორისაა საგულვებელი, უფრო გვიან კი - ყუბანშიც. ორივე ამ ვრცელ რაიონში აღმოჩენილია ცულებიც და აკინაკებიც, მაგრამ ყუბანსა და ჩრდილო კავკასიის სხვა რაიონებში უფრო ბევრი, ვიდრე სამხრეთ რუსეთში.

საქართველოში კი, სადაც არქეოლოგიურ გათხრებს დიდი ხნის ისტორია არა აქვს, გაცილებით უფრო მეტი ცული და აკინაკი ჩნდება, ვიდრე ზემოხსენებულ რაიონებში ერთად. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბრილში თითო სამარხში 20-30 რკინის ცული და სატევარია დამოწმებული, ამასთან ისინი თარიღდება დროით, როდესაც სკვითური კულტურა ტრამალებში, ის - ის იყო, ახლად იდგამდა ფეხს. ამიტომ ბუნებრივია, თუ ჩვენთვის საინტერესო იარაღებს საქართველოდან გავრცელებას მივაწერთ. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ჩვენში, კერძოდ, სვანეთში მიკვლეულია რკინის ძველი წარმოების უამრავი ნაშთი და, ალბათ, იქვე დამზადებული რკინის იარაღი. ძვ.წ. VI-IV სს. ბრილის სამარხებში მრავლდება საფეთქელთა შესამკობი ვერცხლის რგოლები, ელექტრუმის საყურეები, ბრინჯაოს კირკლები, ყელსაბამები, ცხოველთა ქანდაკებები და სხვ. (ტაბ.XLVII). ყურადღებას იპყრობს ორი ქანდაკება: ერთი მათგანი მწოლარე ჯიხვს გამოსახავს, ხოლო მეორე - მხედარს, რომელიც ფაფარ და კუდდაწნულ ცხენზე ზის. არაჩვეულებრივად მრავლდება ქარვის, ფერადი მინის და ფერადი პასტისნაირი მძივები (ტაბ.XLII, სურ1, 2). თითოეულ სამარხში ზოგჯერ რამდენიმე ასეული და კიდევ მეტი მძივი გვხვდება (ტაბ. XLVIII). ზოგიერთი მძივი უჩვეულო სიდიდისაა, სხვა მძივები კი გვაოცებს თავისი სილამაზით - ნაირ-ნაირ ფერთა შეხამებით და მოკაზმულობით. ამავე პერიოდში შიგადაშიგ თავს იჩენს უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი სამკაული და თილისმებიც ასეთებია, მაგალითად ზოგიერთი სახის მძივები და ცისფერი პასტის ე.წ. სკარაბეი. სკარაბეი წარმოადგენს ფუნაგორიის ანუ ფუნის ხოჭოს გამოსახულებას. ამ თილისმის სამშობლო ეგვიპტეა. ძველი ეგვიპტელები ფუნაგორიას მზის ღვთაებას უკავშირებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ როგორც მუდმივ მოფუსფუსე ხოჭო ფუნასაგან აკეთებს პატარა ბურთულებს და მიაგორებს მას, ეგრე უხილავი დიდი სკარაბეი ამოაგორებს ცის აღმოსავლეთი ნაპირითან მზის ვეებერთელა ბირთვს და მანამდე ეზიდება, სანამ ცის დასავლეთ ნაპირს იქით არ ჩაასვენებს. ეგვიპტელები სკარაბეის მუცელზე წერდნენ სხვადასხვა ტექსტებს "მიცვალებულთა წიგნიდან" და ამოკვეთილი გულის ადგილას უდებდნენ მიცვალებულს.

ამას იმიტომ აკეთებდნენ რომ, როდესაც მიცვალებული წარდგებოდა ღვთაება ოზირისის სამსჯავროს წინაშე, გულს მიკერძოება არ გამოეჩინა და გადაჭარბებულად არ დაეხასიათებია მიცვალებულის ამქვეყნიური ღვაწლი; სკარაბეის მიუკერძოებლად უნდა აღენიშნა მიცვალებულის კეთილი საქმეებიც და ცოდვებიც. არ ვიცით, ჩვენი ძველი წინაპრებიც ასევე მსჯელობდნენ თუ არა, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ეგვიპტური სკარაბეი, რომლებზედაც იეროგლიფური წარწერებია, მათაც უტარებიათ მძივების სახით ასხმული. არც იმ კითხვაზე შეიძლება გადაჭრილი პასუხი გავცეთ, თუ რომელი გზით მოხვდა ჩვენში ეგვიპტური ნივთები - ხმელეთის თუ საზღვაო გზით. უფრო საფიქრებელაა, რომ ამ უკანასკნელით. ცნობილია, რომ ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა აქემენიანთა სპარსეთის მონარქია, რომელმაც შესძლო მთელ ახლო აღმოსავლეთში გაბატონება და ამით საქართველო დროებით მოსწყვიტა ძველი აღმოსავლეთის მთელ რიგ კულტურულ კერებს. არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ წინააზიური კულტურული ნაკადები (თუ მხედველობაში არ მივიღებთ საკუთრივ აქემენურ, არცთუ მრავალრიცხოვან ელემენტებს, რომლებიც რასაკვირველია ძველი ხეთურ - იბერული კულტურის გავლენით წარმოიშვა) ჩვენი ქვეყნის სიღრმეში ვეღარ აღწევს. სამაგიეროდ, საქართველოს ჩრდილო საზღვრებთან - შავი ზღვის ჩრდილო და ჩრდილო - აღმოსავლეთ სანაპიროზე წარმოიშვა უფრო პროგრესიული კიმერიის ბოსფორის სამეფო, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებოდა, ერთი მხრივ, მცირე აზიასა და სამხრეთ ევროპასთან, ხოლო მეორეს მხრივ, კოლხეთთან. დასავლეთ საქართველოში ამ დროს უჩვეულოდ ვითარდება ვაჭრობა, რამაც ადგილობრივი ვერცხლის ფულიც წარმოშვა.

ამ ფულს მეცნიერები უწოდებენ "კოლხურ თეთრს". მის ერთ მხარეზე გამოხატულია ადამიანის (ალბათ, რომელიმე მმართველის) თავი, მეორეზე - კი ხარის ან ლომის თავი - სიმდიდრისა და სიძლიერის სიმბოლოები. კოლხურ თეთრს ზოგჯერ პოულობენ ბოსფორის ქალაქებშიც ისევე, როგორც ბოსფორულ მონეტებს - დასავლეთ საქართველოში, რაც ამ ორ ქვეყანას შორის დამყარებულ ახლო ურთიერთობას მოწმობს. ენიმკის ექსპედიციამ ნ.ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით დაბლაგომში და ისტორიის ინსტიტუტის კოლხეთის ექსპედიციამ არქეოლოგ ნ.ხოშტარიას ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რააონში - ქ.ფოთთან, ს.ვანთან და სხვ., ადგილობრივი წარმოშობის უამრავ ნივთებთან ერთად აღმოაჩინა, შესაძლოა, ბოსფორის გზით შემოტანილი უცხოური ნივთებიც - შავლაქიანი და წითელლაქიანი კერამიკის ნატეხები, ამფორები (ვიწროძირიანი მაღალი ჭურჭლები, სითხისათვის განკუთვნილი) და სხვა მისთ. ბოსფორისა და კოლხეთის მჭიდრო ურთიერთობა მრავალმხრივ დასტურდება. სტეფანე ბიზანტიელი იმასაც კი გვამცნობს, რომ ქალაქი პანტიკაპეა, რომელიც შემდეგში ბოსფორის  სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა, დაარსა კოლხთა მეფის აიეტის შვილმა. ბოსფორის სამეფო დიდად იყო დამოკიდებული კოლხურ ქალაქებზე ფაზისსა, (ახლანდელი ფოთი) და დიოსკურიაზე (მდებარეობდა ახლანდელ სოხუმთან). ამ კარგი ნავსადგურებიდან გაჰქონდათ ის ნედლეული და მზა ნაწარმი, რომელიც ჩვენში ბლომად მოიპოვებოდა ბოსფორისათვის - კი სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა. ასეთი იყო რკინისა და სპილენძის მადანი. ახლა ყველა აღიარებს, რომ შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო ქალაქ სინოპიდან საბერძნეთშიც - კი მიჰქონდათ ხალიბების მიერ დამზადებული მაღალხარისხოვანი რკინა. ასევე დიდი გასავალი ჰქონდა მოსინიკების სპილენძს. ამას გარდა, კოლხეთიდან ბოსფორში შედიოდა სელი და სელის ტილო, თაფლი, სანთელი, ფისი და საგემთმშენებლო ხე-ტყე.

ძველ დროში მთელს განათლებულ მსოფლიოში ყველაზე მეტად სახელმოხვეჭილი იყო ეგვიპტური და კოლხური ტილო. ჰეროდოტესა და სტრაბონის ცნობებით, ორივე ქვეყანაში ერთნაირი წესით ამზადებდნენ სელსა და მის ქსოვილებს. ზოგიერთ სხვა საერთო ჩვევასთან ერთად, ჰეროდოტეს ეს იმ საბუთად მიაჩნდა, რომელიც, ვითომ, ადასტურებდა კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობას. აი, სწორედ ის კოლხური ტილო და სხვა ნაწარმი შეჰქონდათ კიმერიის ბოსფორის ქალაქებში, ხოლო, როგორც ვნახეთ, იქიდანაც ბევრი რამ შემოდიოდა კოლხეთში. ბოსფორის სამეფოს მჭიდრო ეკონომიური ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის ქალაქებთან, კერძოდ, ქ.ნავკრატისთან, სადაც ზემოხსენებული სკარაბეი მზადდებოდა. უნდა ვიფიქროთ, რომ სკარაბეი ჯერ ბოსფორელ ვაჭრებს მოუტანიათ შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე, ხოლო იქიდან კოლხეთის ნავსადგურების გავლით ან კოლხეთ-მეოტიდის (აზოვის ზღვის სანაპიროები) სახმელეთო გზით მოხვედრილა რაჭაში. ამდენადვეა სავარაუდებელი, რომ თვით კოლხმა ვაჭრებმა შემოიტანეს ისინი იმავე ან შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე გამავალი გზებით. აკი, მოგვითხრობს ჰეროდოტე კოლხების უშუალო ურთიერთობაზე ეგვიპტელებთან!

ბრილის სამაროვანის IV (ზედა) ფენაც მრავალმხრივ საყურადღებო გამოდგა. ამ ფენაში დამოწმებული სამარხები თარიღდება დროის მოზრდილი მონაკვეთით - ძვ.წ. III საუკუნის დამდეგიდან ახ.წ IIIს. გასულამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სამარხებმა მოგვცა, ეს არის სარტყლის თავისებური შესაკრავი ბალთები (ტაბ.XLIX და L) და უძველესი ქართული ოქროს ფულები. (ტაბ.L). სწორედ ამაზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. ბალთები ბრინჯაოსაგანაა ჩამოსხმული ე.წ. "მოდელის დაკარგვის" წესით, ე.ი. ისეთი წესით, როდესაც ერთი ნივთის ჩამოსხმის შემდეგ ყალიბი აუცილებლად უნდა დაიმტვრეს. ამიტომ არის, რომ თუმცა ერთი  ბალთა ზოგადად ჰგავს მეორეს, მაგრამ ერთმანეთს კი არასოდეს არ იმეორებს. ისინი მეტ-ნაკლებად კვადრატული მოყვანილობისაა, თანაც ჭვირული ხელობის. ბალთებს ლამაზი არშია და სხვადასხვა ცხოველის გამოსახულება ამკობს. ცხოველთა ამოცნობა ყოველთვის როდი ხერხდება. მთავარი ადგილი უკავია ირემს, ცხენს ან ხარს. მთავარ ცხოველს ზურგზე აზის ძაღლი, ხარი ან ფრინველი; ფეხებს შორის, თითქოს ძუძუს სწოვსო, გამოსახულია ფრინველის, ძაღლის თუ კვიცის მსგავსი არსება, წინ აღმართულია ძაღლი (მგელი?) ან გველი. გვხვდება სხვაგვარი კომპოზიციაც. რაჭაში აღმოჩენილი ერთი ბალთა ჩვენ გავიცანით სამთავრული სარტყლების განხილვის დროს (გვ.80-84, ტაბ XXIII, სურ.3). ბალთებზე გამოსახული სცენების დამაჯერებელი ახსნა ჯერ არავის მოუცია. ცხადია, იქ ასახულია ჩვენი წინაპრების სულიერი კულტურის რომელიღაც მხარეები, რომელთა შეცნობა მომავლის საქმეა. ეს ძეგლები საქართველოსათვისაა დამახასიათებელი, სხვაგან კი სპორადულად გვხვდება, როგორც ქართული კულტურის გავლენის მაუწყებელი ნივთები. სანამ რაჭის გათხრებით არ დადასტურდა ბალთების ადგილობრივობა და სიძველე, ამის თაობაზე სულ სხვადასხვა აზრი არსებობდა არქეოლოგთა შორის. ზოგი ფიქრობდა, რომ ბალთები ჩინური ხელოვნების ნაყოფია, ზოგიც საერთო კავკასიურ ძეგლებად აღიარებდა, სხვები კიდევ თანამედროვე დაღესტნელ (კუბაჩელ) ხელოსნებს მიაწერდნენ. ასეთი გაუგებრობის წყარო ის იყო, რომ რაჭის გათხრებამდე ცნობილი ამ სახის ყველა ბალთა შემთხვევით იყო შეძენილი სხვადასხვა პირებისგან. სავსებით ასეთსავე ბურუსში იყო გახვეული ზემოხსენებული ოქროს ფულების საკითხიც.

ეს ფულები მოჭრილია ოქროსაგან ან ელექტრუმისაგან ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მიბაძვით. მის ერთს მხარეზე სქემატურადაა გამოსახული ათენა ქალღმერთის თავი, მეორეზე - კი გამარჯვების ქალღმერთი ნიკეა, რომელიც ფრთბგაშლილ ბუს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ქალღმერთს. ადრეც იყო ცნობილი ასეთი ფულები, მაგრამ, როგორც ზემოხსენებული ბალთები, ისინიც შემთხვევითი პირებისაგან შეუძენია სხვადასხვა მუზეუმს და ამის გამო ვერ ხერხდებოდა მათი წარმომავლობის ზუსტი განსაზღვრა. ზოგი მეცნიერი გამოთქვამდა აზრს, რომ ისინი შუა აზიაში იჭრებოდა. ზოგიც მათ მოჭრას კელტურ-გერმანულ ტომებს მიაწერდა, სხვები კიდევ კავკასიურად მიიჩნევდნენ. რაჭის გათხრების დროს არა ერთი ასეთი მონეტის აღმოჩენის გამო შესაძლებელი გახდა გამოთქმულიყო მართებული მოსაზრება, რომ ეს მონეტები ქართულია. ეს მოსაზრება კარგად დაადასტურა არქეოლოგიურმა გათხრებმა ს.კლდეეთში (ზესტაფონის რ-ნი), სადაც 1924 წ. აღმოჩნდა ასეთივე ფულები. ასეთივე მონეტები აღმოჩენილია სვანეთში, ლეჩხუმში, დიგორში და იმერეთის სხვადასხვა კუთხეში: 1951 წ. მცხეთაშიც ბლომად აღმოჩნდა ამგვარი მონეტები. ისინი იჭრებოდა ძვ.წ.II საუკუნიდან ვიდრე ახ.წ. III საუკუნემდე და, როგორც ჩანს, მხოლოდ შინაური ბაზრისათვის იყო განკუთვნილი. ამით შეიძლება დავასრულოთ რაჭის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგთა მოკლე და არასრული მიმოხილვა.

რაჭის ექსპედიციამ მოიპოვა მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც ადასტურებს ადგილობრივი, კოლხური კულტურის უწყვეტ, ზეაღმავალ განვითარებას ძვ.წ. II ათასეულის შუა ხანებიდან ა.წ. IV საუკუნემდე. ამით ახლებური შინაარსი იდება გამოთქმაში "კოლხური კულტურა". ამ სახელწოდებას, ჩვეულებრივ, ავრცელებენ იმ რიგის არქეოლოგიურ კომპლექსებზე, რომლებიც  პირველად აღმოჩენილ იქნა ძვ.წ. I ათასწლეულის ყობანის სამაროვანზე. ჩვენ კი დავინახეთ, რომ ყობანური დროის ძეგლები ბრილში უშუალოდ მოსდევს მის წინამორბედ, ყუამილიანი ცულების შემცველ სამარხებს. ამიტომ სახელწოდება "კოლხური კულტურა" უნდა გავრცელდეს მთელს განხილულ დასავლურ ქართულ ძეგლებზე და მასში გამოიყოს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები. თუ დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილებში აღმოჩენილ ძეგლებსაც გავითვალისწინებთ. კოლხურ კულტურაში ორი ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი უნდა გამოვყოთ: პირველი - ძვ.წ. II ათასწლეულის და მეორე - ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის. უძველესი ჯგუფის (საჩხერის ყორღანები, აფხაზეთის დოლმენები, ბრილის ქვედაფენა, ქვასათალი, დიგორის სამაროვანთა ქვედა ფენა) წამყვანი იარაღებია ყუამილიანი ცული და ფოთლისებური სატევარი: მომდევნო ჯგუფისა (ყობანი, ბრილის II ფენა, ყულანურხვა და სხვ.) ცული, რომელსაც "კოლხურის" სახელწოდებით ვიცნობთ, და სქელპირიანი სატევარი.

მომდევნო ხანის კოლხური კულტურა თითქმის არაფერს შეიცავს ისეთ სპეციფიკურს, რომელიც აღმოსავლურ-ქართულ კულტურას არ გააჩნდეს. რაჭაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა თუ, ერთი მხრივ, მეტ-ნაკლებად სრულად ასახავს ძველი კოლხური კულტურის განვითარების სურათს, მეორე მხრივ, იგი მოწმობს აღმოსავლურ - ქართულ (იბერულ) კულტურასთან მეტად მჭიდრო კავშირს. ეს კავშირი თვალნათლივ იგრძნობა განხილული პერიოდის მთელ მანძილზე, განსაკუთრებით კი ძვ.წ. II ათასწლეულში. ბრილის სამაროვნის ქვედა ფენაში აღმოჩენილია მარტივი ორნამენტით შემკული ბრინჯაოს ფირფიტის სარტყელი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ სამთავროს მშვენიერი სარტყლების პროტოტიპად. იქვე ნაპოვნია აღმოსავლურ-ქართული ცულის მოყვანილობის საკიდები (ტაბ.XII, სურ,2). ამას გარდა, საკმაოა ბრილის III ფენის მხედრის სახე (ტაბ.XXIII, სურ.2). შევადაროთ ერთ სამთავროულ ბრინჯაოს რგოლზე გამოსახულ ადამიანის თავებს (ტაბ.XXV, სურ.2), რომ დავრწმუნდეთ აკად. ს.ჯანაშიას მიერ დასაბუთებულად გამოყოფილი კოლხური და იბერული კულტურების ორგანულ კავშირში. ამავე კავშირზე მიგვითითებს ბევრი სხვა ნივთიც, კერძოდ ბრინჯაოს ბალთები, რომლებიც ერთნაირადაა გავრცელებული ქართლსა და კოლხეთში. მასალა ადასტურებს, რომ მიუხედავად მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, მთა რაჭაში დამკვიდრებული ძველი ქართველი ტომები თავისი დროის მოწინავე კულტურის სიმაღლეზე იდგნენ. მათს ძირითად საქმიანობას მესაქონლეობა და მადნეულის დამუშავება შეადგენდა, საფიქრებელია, რომ ისინი ლითონით მეზობელ ტომებსაც ამარაგებდნენ.