<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები წმინდა მიწაზე>>>
ფოტოს წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki
ნაწილი II (გაგრძელება)
XI საუკუნის შუა წლებში პალესტინაში მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, შეიქმნა ერთგვარი პირობები სამონასტრო ცხოვრებისათვის. იმ დროისათვის ქართველი მოღვაწეები მრავლად იყვნენ იერუსალიმისა თუ მისი შემოგარენის ეკლესია-მონასტრებში, მაგრამ არ არსებობდა მძლავრი ცენტრი, რომელიც უხელმძღვანელებდა პალესტინის სავანეებში გაფანტულ ქართველობას. სათავეში ჩაუდგებოდა და ორგანიზებულად წარმართავდა მის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. ასეთი ცენტრის არ არსებობა მწვავედ იგრძნობოდა, მით უფრო, რომ საჭირო იყო წინაპრების ღვაწლის წარმოჩენა და ქართველთა უფლებების დაცვა ე.წ. წმიდა ადგილებზე. ამასთანავე, საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ განაპირობა ქართველ მეფე-დიდებულთა მეტი ყურადღება პალესტინისა და იქ მოღვაწე ქართველთა ბედისადმი. ყოველივე ამან მოამწიფა საკითხი ახალი სავანის დაარსებისა და, მართლაც, იერუსალიმის ახლოს აშენდა ჯვრის მონასტერი, სადაც თავი მოიყარა ქართველთა დიდმა ჯგუფმა. იგი იქცა პალესტინელი ქართველების მთავარ შესაკრებ პუნქტად და პილიგრიმთა საიმედო თავშესაფრად, იერუსალიმისა და მისი სანახების სავანეებში მოსახლე ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად, მწიგნობრულ-შემოქმედებითი მუშაობის მნიშვნელოვან კერად. ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით იდგა, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ახლა კი ქალაქის გაზრდის შედეგად მის ტერიტორიაზეა, ახალ კვარტალთა შუაგულში, ზეთისხილის ბაღნარში. "ჯვრის მონასტერი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი პალესტინაში. იგი არსებითად მთელი ციხე-ქალაქია, რომელიც მაღალი ზღუდით არის შემოზღუდული. ზღუდის შიგნით მოთავსებულია მეტად რთულ ნაგებობათა კომპლექსი სამ და ოთხ სართულად, მრავალრიცხოვანი სათავსებით, რომელთა რაოდენობა დღესაც ორას სამოცდაათს აღწევს. მონასტრის ძირითად ტაძარს უჭირავს ფართობი 27,5მხ15,2მ ზომისა (418 კვ. მეტრი). იგი წარმოადგენს ოთხ სვეტზე დაყრდნობილ თაღებს და ბოლოვდება გუმბათით. სვეტების განია დაახლოებით 1,42X1,43 მ. მონასტერი ერთ დროს მთლიანად დაფარული ყოფილა ფრესკებით". ადგილი, სადაც ჯვრის მონასტერი აშენდა, მიჩნეული იყო წმიდა ადგილად, რადგან ცნობილი გადმოცემით, რომელიც სხვადასხვა ვარიანტითაა გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში, იქაური ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე. ეს გადმოცემა იერუსალიმელ ქართველთა წრეში ადრევე გავრცელდა. ამას მოწმობს ჯვრის მონასტრის დამაარსებლის მინაწერი (1038 წ.) ერთ ხელნაწერზე: "ღირს ვიქმენ მე, გლახაკი და ფრიად ცოდვილი გიორგი-პროხორე, სახელად ოდენ მღდელი, ხოლო საქმითა არა ღირსი, რომლითა შემძლებელ ვიქმენ უძლურებითა და სიგლახაკითა შემითა აღშენებად წმიდისა ამას ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ადგილისა". ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ესაა უძველესი წერილობითი ცნობა ქართულ წყაროებში. შემდეგ ხანაში გადმოცემა ჯვრის მონასტრის ადგილზე (სხვადასხვა ვარიანტით) არაერთი ქართველის ჩანაწერებში გვხვდება. დასავლურ წყაროებში იგი ცნობილია XII საუკუნიდან. კარგად იცნობენ მას სლავი მოღვაწენიც. საგულისხმოა, რომ ამ გადმოცემამ ჩვენს დრომდეც მოაღწია. უცილობელია, ამ გადმოცემამ შეუწყო ხელი ჯვრის მონასტრის პოპულარობას; იგი პალესტინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმიდედ ითვლებოდა და მრავლად იზიდავდა პილიგრიმებს, რომელთა ჩანაწერებში უხვად ვხვდებით ცნობებს პალესტინელ ქართველთა ცხოვრება-მოღვაწეობაზე. ჯვრის მონასტრის ადგილის შესახებ გავრცელებული გადმოცემა და ცნობები ახალი ქართული სავანის დაარსების ისტორიაზე შედარებით სრული სახით შემოგვინახა ტ.გაბაშვილმა. მის „მიმოსვლაში“ ვკითხულობთ: "უკეთუ გენებოს ცნობად, თუ ქართველნი ვითარ იპყრობდნენ იერუსალიმს, ესრეთ ვპოვენით მუნ წერილთა შინა. რამეთუ პირველი ქრისტიანე ქმნილი მეფე საქართველოსა მირიან ხოსროიანი ნინოს მიერ წარმოვლენილ არს, მეფე კონსტანტინე უხილავს და იერუსალიმად მისრულ არს და ჯვარისა მონასტრის ადგილი მას უშოვნია. რამეთუ ესე არს ადგილი იგი, რამეთუ ლოთ სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი - დანერგვა სასწაულად, უკეთუ მიეტეოს ცოდვა იგი, და სამივე ერთ ხე დიდ აღმოხდა. ამისა შემდგომად მოსჭრა იგი სოლომონ შენებასა ტაძრისასა, არამედ უქმად გამოჩნდა სახმარება მისი მუნ, და მდებარე იყო საჯდომად კაცთა გარე. ხოლო ჯვარცმასა უფლისასა, განგებითა ზენათათა მას ზედა აცვეს უფალი. რამეთუ მონაკვეთი ხისა მის ძირი ქვეშე წმიდისა ტრაპეზისა დღესამომდე ჩანს. ხოლო ამისა შემდგომად სულიერი ვინმე მონაზონი შავთელი, სახელად პროხორე, მოსრულ არს მონასტერსა და ლავრასა წმიდისა საბასსა დაყუდებულა. და მეფესა საქართველოსასა ბაგრატ კურაპალატს საფასე დიდძალი წარმოუცემია ღირსისა პროხორესათვის, რათამცა ჯვარის მონასტერი აღაშენა, და მას აღუშენებია ჯვარის მონასტერი შესაკრებად ქართველთათვის“. თავის დროზე ამ წმიდა ადგილის ქართველთათვის დასამტკიცებლად ფრიად უღვაწია დიდ ქართველ ხელმწიფეს ვახტნაგ გორგასალს. როგორც „წმიდა პროხორეს ცხოვრება“ მოგვითხრობს, პროხორე იყო „ნათესავით ქართველი, ქუეყანით შავშეთით“. ადრევე წავიდა კლარჯეთს და წყაროსთავის მონასტერში დამკვიდრდა, თავის ძმასთან. როდესაც აკურთხეს, შემდეგ „შეიმოსა სახე მონაზონებისაი“ და „აკურთხეს ხუცად“. მომდევნო ხანაში მას პალესტინაში ვხედავთ, საბას ლავრაში, სადაც გაატარა „წელნი მრავალნი“ შემდგომ „მახლობელად იერუსალემს, დასავლით კერძო... აღაშენა და განასრულა და შეამკო ეკლესიაი ყოვლითა სამკაულითა“, შემოიკრიბა მოღვაწენი, რომელთაც განუჩინა წესი და კანონი „მსგავსადვე წმიდისა საბაის ლავრისა“. მანვე იერუსალიმში ააშენა ქსენადუქი (სასტუმრო). როდესაც „სრულ-ყო ესე ყოველი“, დაუძლურდა, სიბერე ეწია. დატოვა „ჯუარისა მონასტერი“ - ერთ-ერთი მოწაფე (გიორგი) დაადგინა მამასახლისად, ხოლო თვით ორი მოწაფითურთ წავიდა „უდაბნოსა არნონს“, სადაც „შედგომად მცირედისა ჟამისა“, 1066 წელს, გარდაიცვალა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ წმიდა პროხორე მონასტრის დაარსებისთანავე ზრუნავდა არა მხოლოდ ცალკეულ თხზულებათა გადაწერაზე, ახალი ხელნაწერების დამზადებაზე, არამედ პალესტინის გამოჩენილ მოღვაწეთა „ცხოვრებათა“ კრებულის შედგენაზე. სწორედ მისი თაოსნობით გაჩნდა „პალესტინის პატერიკის“ ქართული ნუსხა, რომელიც ლონდონშია დაცული. წმიდა პროხორე მის მიერ დამზადებულსა თუ მოგებულ ხელნაწერს ჯვარს სწირავდა და ამით საფუძველს უყრიდა იქაურ წიგნსაცავს. მისი თანამედროვენი საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ პროხორემ „ჯუარსა შინა დასხნა ყოველნივე შუენიერნი და კეთილნი წიგნნი საღმრთონი“. ამრიგად, ჯვრის მონასტერში გახშირდა ხელნაწერთა გამრავლება. გარდა დასახელებულისა, ცნობილია კიდევ რამდენიმე ხელნაწერი, რომელიც ჯვარში დამზადდა პროხორეს სიცოცხლეში. შეიძლება დავიმოწმოთ, მაგალითად, გაბრიელ საყვარელის მიერ 1061 წელს „მონასტერსა წმიდისა ჯუარისასა, მამობასა გიორგისასა“ გადაწერილი პარაკლიტონი, მის მიერვე გადაწერილი (1062 წ.) ოთხთავი, რომელიც „სალოცავად სულისა მოძღურისა გიორგი-პროხორესსსა და მამისა გიორგისა“ მოუგია ჯვრის დეკანოზს დანიელს, და სხვ. ხელნაწერთა გამრავლება და ზოგჯერ ორიგინალურ-შემოქმედებითი საქმიანობაც შეინიშნება წმიდა პროხორეს გარდაცვალების შემდგომ ხანაშიც. მაგალითად, მიქაელ დვალმა, რომელიც ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ როგორც ხელნაწერთა დამზადების მონაწილე, პროხორეს გარდაცვალების შემდეგ გადაწერა ჟამნი. XI საუკუნის 60-იანი წლების მოღვაწე უნდა იყოს ის უცნობი ქართველი მწიგნობარი, რომლის კალამს ეკუთვნის ჩვენს მიერ ზემოთ დამოწმებული „პროხორეს ცხოვრება“. ამ ძეგლის მნიშვნელობა პალესტინის ქართული კოლონიის ისტორიისა და იერუსალიმელ ქართველთა კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესასწავლად ძალზე დიდია. არსებითად იგია უპირველესი და უსრულესი წყარო ჯვრის მონასტრის აღმშენებლის - პროხორეს ბიოგრაფიის შესასწავლად. მართალია, როგორც ვნახეთ, ცნობები პროხორეზე სხვა წყაროებშიც გვხვდება, მაგრამ სვინაქსარული „ცხოვრების“ მნიშვნელობა განსაკუთრებულია. არსად, არც ერთ წყაროში არაა მოცემული პროხორეს ბიოგრაფია. ასე რომ, უცნობი ავტორის ნაწარმოები მრავალმხრივ საყურადღებო პირველწყაროა. XI საუკუნის მეორე ნახევარში, 1066 წლის ახლოს, ჯვრის მონასტერში დამზადდა სვინაქსარი, რომელიც ცნობილია როგორც აღაპებით, ისე ქართველ მოღვაწეთა სვინაქსარული „წამება-ცხოვრების“ ტექსტებით. იგი გადაწერილია ჯვრის კრებულისათვის; მასში ადრევე შეიტანეს „პროხორეს ცხოვრება“ და პირველი აღაპი. შემდეგ იგი მონასტრის სააღაპე წიგნად იქცა. გვიან ხანაში (XV ს.) მასში შეიტანეს სხვა ქართველ მოღვაწეთა - წმიდა ლუკასა და ნიკოლოზის სვინაქსარული „წამებანიც“. ახლად აღმოცენებულ სავანეში ინტენსიურად გაშლილი მწიგნობრულ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად წმიდა პროხორეს მიერ დაარსებული წიგნსაცავი სწრაფად გაიზარდა. საგულისხმოა, რომ იგი მდიდრდებოდა არა მხოლოდ ადგილზე - ჯვრის სავანეში - გიორგი-პროხორე, იოანე დვალის, შავი იოანესა და სხვათა მიერ დამზარებული ხელნაწერებით, არამედ სხვა ქართულ კერებში გადაწერილი წიგნებითაც. ჯვრის მონასტერს შესწირეს ხელნაწერები კალიპოსელებმა, საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებმა და სხვ. ჯვრის ხელნაწერთა კოლექცია ამჟამად ძირითადად იერუსალიმშია, ნაწილი კი ინახება სინას მთაზე. ამრიგად, ჯვრის მონასტერი დაარსებისთანავე იქცა ქარველ მწიგნობართა მნიშვნელობან საკურებულოდ, ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის კერად. უკვე პროხორეს წინამძღვრობის პერიოდში გაჩაღდა იქ ღვთივსულიერი ლიტერატურული საქმიანობა, რომელიც წარმატებით გრძელდებოდა მრავალი წლის მანძილზე, რასაც თვალნათლივ წარმოაჩენს და ადასტურებს იქაურ ხელნაწერთა კოლექცია. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც შესამჩნევია, რომ იერუსალიმელ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა რამდენადმე შეზღუდული იყო. ჯვრის სავანე ძირთადად კალიგრაფთა კერას წარმოადგენდა; ის ადრინდელ ქართულ სავანეებს, რასაკვირველია, სარგძნობლად ჩამორჩებოდა. საერთოდ პალესტინელ ქართველთა კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობა ძველებური (VIII-X სს.) მასშტაბისა და გაქანებისა აღარ იყო. ქვემოთ ვნახავთ, რომ გიორგი-პროხორეს მომდევნო ხანაში იერუსალიმელი ქართველები ეკონომიკურად და უფლებრივად ძლიერდებიან, სავანეთა რიცხვი იზრდება და მწიგნობრები განაგრძნობენ ლიტერატურულ საქმიანობას, მაგრამ პალესტინის ქართულ კოლონიას მაინც აღარ ძალუძს ძველი დიდების შენარჩუნება. ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, მაჰმადიანურ გარემოცვაში მომწყვდეული იერუსალიმის მოწყვეტა ბიზანტიის კულტურული ცენტრებისაგან, მეორე მხრივ, ქართულ-ბიზანტიური სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობის გაცხოველება, რასაც შედეგად მოჰყვა საკუთრივ ბიზანტიის ტერიტორიაზე, თუ მისი გავლენის სფეროში ქართული სავანეების აღმოცენება და იქ ქართველთა შემოქმედებითი ცენტრების გადანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ პალესტინის, კერძოდ, იერუსალიმის ქართულ კოლონიას აღარ ჰქონდა ძველებური დიდი კულტურული მნიშვნელობა, ქართველ მოღვაწეთა სწრაფვა იქაური სავენეებისაკენ მაინც შესამჩნევი იყო. საგულისხმოა, რომ მგზავრობის საშიშროება, პოლიტიკური არეულობა და გაუთავებელი ბრძოლა, რაც გამუდმებით მიმდინარეობდა მრავალი წლის მანძილზე, ვერ აფრთხობდა ქართველ პილიგრიმებს, ვერ ანელებდა ქართველთა ინტერესს იერუსალიმისადმი. ჯვრის მონასტერი გადაურჩა ლათინებს. ეს განაპირობა არა მხოლოდ ამ მონასტრის იერუსალიმის გარეთ მდებარეობამ, არამედ საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ და ჩვენი წინაპრების თავგანწირულმა ბრძოლამ მაჰმადიანთა წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა თურქ-სელჩუკთა თუ სხვათა ძალების შესუსტება და საქართველოს ავტორიტეტის ზრდა საერთაშორისო არენაზე. ჯვაროსანთა პირველმა ლაშქრობამ გარკვეული გავლენა მოახდინა ქართველთა ცხოვრებაზე როგორც იერუსალიმში, ისე საკუთრივ საქართველოში. მას უთუოდ დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის. შემთხვევითი არაა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მაჰმადიანთაგან იერუსალიმისა და ანტიოქიის განთავისუფლების აღნიშვნის შემდეგ უშუალოდ მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე: „გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“. ჯვაროსანთა წარმატებამ ხელი შეუწყო დავით აღმაშენებლის გაძლიერებას, ხოლო, თავის მხრივ, ქართველთა ბრძოლა მაჰამდიანურ სამყაროსთან ჯვაროსნებისათვის მხარდაჭერასა და დახმარებას წარმოადგენდა. საგულისხმოა ფრანგი გოტიეს აღტაცება დიდგორის ომში (1121 წ.) ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების გამო. მართლაც, დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვება ჯვაროსნებისათვის დახმარების გაწევასაც ნიშნავდა. საქართველოს გამარჯვება განმათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალების შესუსტება მოჰყვა, ხელს უმართავდა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომაც ჯვაროსანთა თავკაცები საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მასთან უშუალო კონტაქტის დამყარებასა და დაახლოებას ცდილობდნენ. საგულისხმოა, რომ დავით აღმაშენებლის თავგანწირულმა და საარაკო ბრძოლამ მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან სამშობლოს დაცვისა და გაძლიერებისათვის განაპირობა მასზე ლეგენდების შექმნა და გავრცელება ჯვაროსანთა შორის. დავით აღმაშენებელი არა მარტო მაჰმადიან მტრებს ებრძოდა, არამედ, საერთოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახლო აღმოსავლეთს.
ფოტოს წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki
მას ამოძრავებდა როგორც სახელმწიფოებრივ-პოლიტიური, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო მიზანი - ქართველთა უფლებების დაცვა-წარმოჩენა წმიდა მიწაზე. მისთვის სავსებით ნათელი იყო, თუ რაოდენ დიდი კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთში არსებულ ქართულ საეკლესიო კოლონიებს. მემატიანის ცნობით, დავითმა „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. და მყოფნი იერუსალემისანი თვითოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა“. ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსანთა ლაშქრობამ და მაჰმადიანთა შევიწროებამ, ერთი მხრივ, და დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს ძლიერებამ და საერთაშორისო ავტორიტეტმა, მეორე მხრივ, განაპირობა იერუსალიმელ ქართველ მოღვაწეთა მდგომარეობის გაუმჯობესება. თურქ-სელჩუკთა მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ დარბეული და ნაწილობრივ დანგრეული ჯვრის ტაძარი აღდგა, განახლდა და მოიხატა. ქართველთა სავანეში სამონასტრო ცხოვრება გამოცოცხლდა. ყოველივე ეს იყო ბუნებრივი შედეგი დავით აღმაშენებლის მზრუნველობისა და მშვენიერი დემონსტრაცია საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა. XII საუკუნის დამდეგიდან მოგვეპოვება ორი არაქართული მოღვაწის ცნობები ჯვრის მონასტერზე. 1102-1103 წლებში ჯვარი ინახულა, ეკლესია, დაზიანებული სენაკები და მინაშენები დაათვალიერა მოგზაურმა ზევულფმა. რუსმა მოღვაწემ დანიელ წინამძღვარმა, რომელიც 1106-1108 წლებში იყო იერუსალიმში, ჯვარი ნახა აღდგენილი, განახლებული და მოხატული. საგულისხმოა, რომ დასახელებული მოღვაწენი აღფრთოვანებით წერდნენ ჯვარზე, საგანგებოდ წარმოაჩენდნენ მის სიდიადესა და სილამაზეს (როგორც ჩანს, მნახველთა ყურადღებას იპყრობდა ქართული ტაძრის დიდებული მოხატულობა). საქართველოდან მიღებული შეწირულობებით აღდგენილ-განახლებულ სავანეში მომრავლდნენ ქართველი სასულიერო მოღვაწენი. სამონასტრო ცხოვრების გამოცოცხლების კვალდაკვალ გაიშალა ჯვრის ქართველ მწიგნობართა საქმიანობა, მომრავლდნენ კალიგრაფები, გაგრძელდა ხელნაწერთა დამზადება. ტრადიციული გადმოცემით, ამ პერიოდში ჯვარში მოღვაწეობდა არა მხოლოდ კალიგრაფთა ჯგუფი, არამედ ისეთი ცნობილი მწერალი და მოაზროვნე, როგორიცაა არსენ იყალთოელი (XI-XII სს.). ტ.გაბაშვილის ცნობით, „არსენი ვაჩნაძე, კაცი ფილოსოფოსი და მთარგმნელი ღრმათა წერილთა, მოძღვარი დავით აღმაშენებლისა“ ერთხანს ჯვრის მონასტერში ცხოვრობდა. მისივე სიტყვით, „წმიდა მამა არსენი იბადის ძე ქართველი, გვარად ვაჩნაძე, ფილოსოფოსი“ მონასტრის მთავარი ეკლესიის კედელზე იყო გამოხატული; თ.ბაგრატიონის ცნობით, არსენ იყალთოელი - „მოძღვარი, აღმზრდელი და მასწავლებელი“ დავით აღმაშენებლისა - „აღზრდილი წმიდისა იერუსალიმის ჯუარის მონასტერსა შინა ქართველთასა, განაგებდა იერუსალიმსა ქართველთა მონასტერთა ყოველთავე“. იგი „ჟამად იყოფებოდა წინაშე დავით მეფისა აღმაშენებელისა და ჟამად იერუსალიმად ჯვარის მონასტერსა შინა“. არსენ იყალთოელი ერთხელ „დავით აღმაშენებელმან წარავლინა დიდითა საფასითა და წარსააგებელითა და მრავლითა ძვირფასითა ნივთითა იერუსალიმად შესაწირავად წმიდათა მათ ადგილთა. მიიწია ესე, განაახლა და განამშვენიერნა ჯვარის მონასტერი და სხვანი წმიდანი მონასტერნი ქართველთანი და ყოველთა მათ წმიდათა ადგილთა განმამდიდრებელი, აღმაშენებელი და შემამკობელი მოიქცა საქართველოდვე“. ჯვაროსანთა ბატონობა იერუსალიმში დიდხანს არ გაგრძელებულა. XII საუკუნის მეორე ნახევარში, 70-იანი წლებიდან, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არსებითად შეიცვალა. ეგვიპტის, სირიის ნაწილისა და მესოპოტამიის შეერთების შედეგად შეიქმნა ერთი მძლავრი სახელმწიფო, რომლის ცენტრი ეგვიპტეში იმყოფებოდა. ჯვაროსნებს ნაცვლად ცალკეული სამთავრო-საამიროებისა დაუპირისპირდა დიდი სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ალ-აიუბ სალაჰ ად-დინი (სალადინი) ედგა (1171-1193). გაძლიერებულმა სულთანმა დაისახა სირია-პალესტინიდან ჯვაროსნების გაძევება. სალადინის გაძლიერება მძიმე და საშიშ მდგომარეობას უქმნიდა იერუსალიმელ ჯვაროსნებს და აიძულებდა მათ თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გადასახადების ზრდას. იერუსალიმის მეფის ბალდუინ მეოთხის (1173-1185) მიერ დაწესებული ყოველწლიური გადასახადები (1177 წ., 1182 წ.) ჯვრის ტაძარსაც მძიმედ დააწვა. ბალდუინმა ჯვარს ზვრების ნაწილიც კი წაართვა. სალადინმა დიდძალ ჯარს მოუყარა თავი და 1187 წელს აიღო იერუსალიმი. ქრისტიანობა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯვაროსნებმა მესამე ლაშქრობა წამოიწყეს (1189 წ.), მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს; აიღეს აკრა და იგი იერუსალიმის სამეფოს სატახტო ქალაქად გამოაცხადეს (იერუსალიმი კვლავ სალადინს ეპყრა), ხოლო 1192 წლის ზავით ანტიოქიის სამთავრო შეინარჩუნეს. მაჰმადიანთა გარემოცვაში მოხვედრილ ჯვრის მონასტერს ქართველი მოღვაწენი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ამ დახმარებამ განსაკუთრებული სახე მიიღო იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს სათავეში თამარ მეფე (1184-1213) იდგა. მაგრამ, ვიდრე ამ პერიოდზე დავიწყებდეთ საუბარს, გვსურს ორიოდე სიტყვა ვთქვათ თამარის ერთ გამოჩენილ თანამოღვაწეზე, რომელიც სწორედ თამარის გამეფების წინა წლებში ყოფილა იერუსალიმში. ესაა XII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი მწერალი ნიკოლოზ გულაბერისძე. იგი დაახლოებით 1150-1178 წლებში ქართულ ეკლესიას მეთაურობდა, შემდეგ „სიმდაბლისა ძალით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან“ და წავიდა იერუსალიმს, სადაც დარჩა 1184 წლამდე, ვიდრე თამარმა არ „აღმოუწოდა წმიდით ქალაქით“. როგორც ჩანს, 1178-1184 წლები მან იერუსალიმში გაატარა და ჯვრის მონასტრის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯები გადადგა: მონასტრისეული ვენახი დაიხსნა - „უკუმოისყიდა“ და სხვა დახმარებაც აღმოუჩინა. არ არის გამორიცხული, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე იერუსალიმში მწიგნობრულ-შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა. კიდევ უფრო გაიზარდა იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი დახმარება საქართველოს მხრივ წმიდა თამარის მეფობის წლებში. თამარი დიდი გულისყურით ზრუნავდა უცხოეთში არსებულ ქართულ სავანეებზე, კერძოდ იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე. როგორც ქართულ მემატიანეთა სიტყვებიდან ჩანს, თამარი იერუსალიმს, - ივარაუდება, უპირველეს ყოვლისა, ჯვრის მონასტერს, - დიდად ეხმარებოდა, „სარწმუნოებითა თვისითა“ ხელით უხვ შეწირულობას უგზავნიდა. აქვე უნდა დავიმოწმოთ არაქართველ მოღვაწეთა მიერ შემონახული ორიოდე ცნობა. არაბი ისტორიკოსის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის (1145-1234) ცნობით, 1192-1193 წლებში თამარმა სალადინს 200000 დინარი შეაძლია და მუსულმანთა მიერ 1187 წელს მიტაცებული ჯვრისა (რომელზეც მაცხოვარი აცვეს) და (აგრეთვე მიტაცებულ) ქართულ სავანეთა დაბრუნება სთხოვა. 1192 წელს „ქართველთა ელჩი მოვიდა და მოახსენა სულთანს სპეციალურად წმინდა ადგილების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც მათ ჰქონდათ იერუსალიმში და მოახსენა აგრეთვე თავიანთი დასახლებული ადგილების შესახებ. (ქართველები) ჩიოდნენ, რომ წაართვეს მათ მონასტერი და ითხოვდნენ სულთნის კეთილგანწყობას, რათა დაებრუნებინა იგი მათჲ გამგებლისადმი“. არ ჩანს, რომ თამარმა ამ დროს დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მოდევნო ხანაში რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების უფლებრივი მდგომარეობა რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა, ეს უდავოა. სომეხი მემატიანის კირაკოს განძაკეცის (XIII ს.) ცნობით, 1210-1211 წლებში, - ივანე მსახურთუხუცესის ხლათელთა ტყვეობიდან დახსნისა და მისი ასულის თამთას სულთანთან გაგზავნის შემდეგ, - ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ქართველ მეფესა და მაჰმადიან მბრძანებელთ შორის დაიდო ზავი, მონასტერთ ხარკი შეუმცირდათ, მლოცველთა ძარცვა აღიკვეთა, ქართველ ქრისტიანებს პატივი მიეგოთ. XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველომ მოიპოვა აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მფარველობა, ხოლო მაჰმადიანურ ქვეყნებში მოგზაურ ქართვლებს ფართო პრივილეგიები მიენიჭათ. მართებულად შენიშნავდა რ.ჟანენი, რომ „ძველად ყველა იმ ხალხთა შორის, რომელთაც უპირატესობა და დიდი გავლენა ჰქონდათ წმინდა ქალაქში, ქართველებს უდავოდ ერთი უპირველესი ადგილი ეჭირათ“. არაა ინტერესს მოკლებული, რომ მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ უფლება იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლისა. ალბათ, ამ დროსვე დამკვიდრდა საყურადღებო წესი: ქართველ მლოცველებს არაბი მოხელე ალეპოში ხვდებოდა, იერუსალიმში მიჰყვებოდა და შემდგომ უკან აცილებდა, ე.ი. მოსალოდნელი განსაცდელისაგან იცავდა. სწორედ ამ პერიოდში, თამარის ზეობის ხანაში, დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სავანეს დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე შოთა რუსთველი. აზრი რუსთაველის იერუსალიმში წასვლისა და იქ (ჯვრის მონასტერში) ცხოვრების შესახებ კარგა ხანია გავრცელებულია როგორც ხალხურ სიტყვიერებაში, ისე სამეცნიერო ლიტერატურაში. იგი შეიჭრა სიტყვაკაზმულ მწერლობაშიც. ამასთანავე, რუსთველს ზოგჯერ ბერად მიიჩნევენ და მის საფლავს იერუსალიმშივე იგულებდნენ. სათანადო საფუძველს თითქოს იძლეოდა ზეპირი გადმოცემა, ჯვრის მონასტრის ფრესკა და სააღაპე სიგნის ცნობა. ძველი გადმოცემა პირველმა ჩაიწერა, შოთა რუსთველი მეჭურჭლეთუხუცესად მიიჩნია და ჯვრის განმაახლებლად და მომხატველად გამოაცხადა ტ.გაბაშვილმა. მან პირველმა მოგვაწოდა ლიტერატურული ცნობა რუსთველის ფრესკაზე („ჯვრის მონასტერი დაძველებულია და გუმბათს ქვეით სვეტნი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთას რუსთველს, მეჭურჭლეთუხუცეს[ს]. თვითონაც შიგ ხატია მოხუცებული“). დღეს სავსებით დადასტურებულია პოეტ შოთა რუსთველისა და შოთა მეჭურჭლეთუხუცესის იდენტურობა. საკამათო აღარაა, რომ შოთა რუსთველის ფრესკის დახატვა ჯვრის მონასტერში და მისთვის აღაპის დადება აიხსნება იმ დიდი დამსახურებით, რაც ქართველ პოეტს მიუძღვის ძველი ქართული სავანისადმი. როგორც, ტ.გაბაშვილის ცნობაც ადასტურებს, შოთა რუსთველმა მართლაც საყურადღებო და მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ჯვარსა, განაახლა და მოახატვინა იგი. როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა სამხედრო-პოლიტიკურმა გაძლიერებამ და ეკონომიკურმა მოღონიერებამ, ქართველთა ენერგიულმა ზრუნვამ პალესტინის სავანეებზე სათანადო შედეგი გამოიღო. მეფე-დიდებულთა უხვი შეწირულობითა და ქართული სამეფო კარის ინტენსიური მზრუნველობით იერუსალიმის ქართული კოლონია განმტკიცდა და გაძლიერდა როგორც მატერიალურად, ისე უფლებრივად. საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფოს კვალდაკვალ იგიც გაიზარდა რიცხობრივად და დაწინაურდა კულტურულად. თავის მხრივ ამ კოლონიამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებას, საგარეო პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას. საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ XII-XIII საუკუნეებში საქართველო, - ვითარცა წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო, - ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა დამცველის როლში გამოდიოდა. მისი სამხედრო პოტენციალი ისე დიდი იყო და პოლიტიკური წონა ისე შესამჩნევი, რომ ბევრ უცხოელს სავსებით სარწმუნოდ ეჩვენებოდა საქართველოს ძლიერებაზე შეთხზული ლეგენდები. ასეთი განწყობილება ჩანს, მაგალითად, ფრანგი ჯვაროსანი რაინდის წერილში: „მოისმინეთ გასაოცარი და მნიშვნელოვანი ახალი ცნობები. ჯერ ყურმოკრული სიტყვა შევიტყვე, ხოლო შემდეგ სარწმუნო ელჩის მეშვეობით დანამდვილებით შევამოწმე, რომ იბერიელი ქრისტიანების, რომელნიც გეორგიანებად (ქართველებად) იწოდებიან, დიდძალმა ცხენოსანმა და ქვეითმა ჯარმა, ღვთის შემწეობით აღფრთოვანებულმა და ძალზე კარგად შეიარაღებულმა, გამოილაშქრა ურწმუნო წარმართების წინააღმდეგ, სწრაფად დაჰკრა მათ და უკვე აიღო 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, რომელთაგან სუსტნი ნაცარტუტად აქცია... ზემოაღნიშნული ჯარი მოეშურება, რათა გაათავისუფლოს იერუსალიმის წმინდა მიწა-წყალი და დაიპყროს წარმართთა მთელი სამყარო. მათი წარჩინებული მეფე 16 წლის ჭაბუკია. იგი ალექსანდრე მაკედონელს ჰგავს ვაჟკაცობითა და სათნოებით. მაგრამ არა სარწმუნოებით. ამ ჭაბუკს თან მოაქვს ძვლები თავისი დედისა, უძლიერესი მეფის თამარისა, რომელსაც თავის დროზე იერუსალიმს წამოსვლის აღთქმა დაუდვია და უთხოვია შვილისათვის, თუ აღთქმის ასრულება არ დამცალდეს, ჩემი ძვლები ქრისტეს საფლავზე წაიღეო. შვილს არ დავიწყებია დედის თხოვნა და... გადაუწყვეტია წმიდა ქალაქში გადმოიტანოს დედის ნეშტი, მიუხედავად იმისა, მოისურვებენ ამას წარმართები თუ არა“. მართალია, თამარის სურვილი იერუსალიმში წასვლისა, ანდერძი - მისი ძვლების იერუსალიმში წასვენების შესახებ, გიორგი ლაშას (1213-1222) ცდა ანდერძის სისრულეში მოყვანისა სხვა წყაროებით არაა ცნობილი და შეთხზული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. საინტერესო და საყურადღებოა წარმოდგენა ქართველებზე, რომელიც ევროპელებს ჰქონდათ. როდესაც აღმოსავლეთში გამოლაშქრებული ჯვაროსნების სისუსტე თანდათანობით შესამჩნევი გახდა, ქართველთა ძლიერებამ ზენიტს მიაღწია. სწორედ ამან გამოიწვია ქართველთა განდიდება და მათ ძლიერებაზე ლეგენდების შეთხზვა. 1244 წელს ჯვაროსნებმა სამუდამოდ დაკარგეს იერუსალიმი. ეგვიპტის სულთნებმა ნელ-ნელა ხელთ იგდეს ანტიოქია (1268 წ.), ტრიპოლი (1289 წ.), აკრა (1291 წ.) და სხვა ქალაქები. ბუნებრივია, ეგივპტელთა უღელქვეშ მყოფი იერუსალიმის ქრისტიანი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ქრისტიანულ სავანეებს არსებობა გაუძნელდათ, მაგრამ ქართველებმა ერთხანს კიდევ შეინარჩუნეს ძველი პატივი და პრივილეგიები. ეგვიპტელთა ბატონობის პერიოდში იერუსალიმელ ქართველთა უფლებამოსილებაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრუვიუსი): „ცხოვრობს აღმოსაველთში ქრისტიანი ხალხი - ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მერბძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები... როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თავყვანისსაცემად, წმინდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრაბიან ორადინუსს, დამასკოს პრინცს, იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ". მიუხედავად ზემოთქმულისა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მაჰმადიანურ გამოცვაში მყოფ ჯვრის მონასტერს მოაკლდა როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე მატერიალური დახმარება. მართალია, ქართველების ჯვრის კრებულს ეხმარებოდნენ XIII საუკუნის მეორე მეოთხედშიც, შუა წლებშიც, მაგრამ ის ძველი მასშტაბისა აღარ იყო. ამასთანავე, ჯვრის ბინადართა მთავარ საზრუნავს სავანის შენარჩუნება წარმოადგენდა, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. პალესტინის ქართული სავანეების დაკარგვითა და ჯვრის მონასტრის მეჩეთად გადაკეთებით აღშფოთებული ქართველები აქტიურად მონაწილეობდნენ ილხანთა ლაშქრობებში ეგვიპტელთა წინააღმდეგ. მაგალითად, 1277 წელს აბაღას მიერ მოწყობილ ლაშქრობაში ბაიბარს ბუდბუკდარის წინააღმდეგ თავდადებით იბრძოდა 3000 ქართველი, 1281 წელს სულთან მანსურ საიფ ად-დინკ ალაუნის (1279-1290) მამლუკთა არმიას ებრძოდა დიმიტრი თავდადებულის მხედრობა და სხვ. მართალია, ქართველთა მონაწილეობა ამ ბრძოლებში მონგოლთა დაძალებით ხდებოდა, მაგრამ ქართველებს უთუოდ საკუთარი ინტერესიც ამოძრავებდათ. რადგან მათ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით არ შეეძლოთ ეგვიპტელთა წინააღმდეგ გამოსვლა და ქართული სავანეებისათვის ბრძოლა, ისინი სხვათა ლაშქრობაში მონაწილეობდნენ და ამით იმედოვნებდნენ მიზნის მიღწევას - ქართული ტაძრების დაბრუნებას, ძველი პრივილეგიების აღდგენასა და უფლებრივი სასჯელების გაუქმებას. ამ მიზნით ჩაება ოლხანთა ლაშქრობაში ვახტანგ III (1290-1308). ჯვრის მონასტრის ერთი აღაპი გვამცნობს, რომ "ოდეს ჯუარისა მონასტერი კვ[=26] წელსა სპარსთა წაეღო", მეფე ვახტანგს მისთვის დიდი დახმარება აღმოუჩენია - "რვაი თავი ღაჰრი და ათასი თეთრი" შეუწირავს. მეფე ვახტანგი, რომელმაც უხვი შეწირულობით აღაპის დაწესება დაიმსახურა, ვახტანგ მესამეა, ქართლის მეფე, რომელიც 1299 წლის ნოემბრიდან ახლდა ეგვიპტელთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონგოლთა მბრძანებელს ყაზან ყაენს (1295-1304). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც ყაზანმა "იწყო ამხედრება მეგვიპტელთა ზედა, მოუწოდა მეფესა ვახტანგს". ვახტანგის მეთაურობით ქართველთა მხედრობამ მონაწილოება მიიღო ყაზანის საომარ ექსპედიციაში. ეგვიპტის სულთანი ნასირ მუჰამედი (1293-1294, 1299-1341) ვაჟკაცურად დახვდა მტერს, "იქმნა ომი სასტიკი", "ვახტანგ და სპანი მისნი მხნედ იბრძოდეს". მონგოლებმა და თანამოლაშქრეებმა აიღეს ჰემსი, დამასკი, იერუსალიმი. საფიქრებელია, ვახტანგმა მაშინ მოინახულა იერუსალიმელი ქართველები, გაიგო მონასტრიდან გაძევებულ ჯვარელთა გაჭირვება და ძვირფასი ქსოვილი და ფული მისცა მათ. ე.მეტრეველის აზრით, ეს 1299 წელს მოხდა. მართალია, ქართველი მამულიშვილები თავგამოდებით ებრძოდნენ ეგვიპტელებს და ზოგჯერ იერუსალიმელ ქართველებსაც ეხმარებოდნენ, მაგრამ მალე მათთვის ცხადი გახდა, რომ ილხანების ილხანების ლაშქრობაში მონაწილეობითა და ბრძოლით საკუნვარი მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო. ილხანებს სირია-პალესტინის განთავისუფლებისა და ქართველებისათვის მათი ძველი სავანეების დაბრუნების ძალა არ შესწევდათ. ქართველებმა გადაწყვიტეს ძველი ტრადიცია აღედგინათ, ეგივპტელებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ, მონგოლთა წინააღმდეგ მოკავშირენი შეეძინათ და ეროვნული სავანეები დაებრუნებინათ. ამ მიზნის მისაღწევად ქართველთა მეფემ კაიროში ელჩები გაგზავნა და მოლაპარაკება დაიწყო. მემატიანე ბადრ ად-დინ ალ-აინის (1361-1411) ცნობით, ქართველი მეფის ელჩები თავდაპირველად კონსტანტინოპოლში მივიდნენ.
<<გაგრძელება
|