topmenu

 

თ.ადამია - "წმინდა ნინოს ცხოვრების" პარადიგმატული სახისმეტყველება. ხის სიმბოლიკა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ქრისტიანობის ისტორიის მიმართულება და

სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (თბილისი)

I

გამომცემლობა "უნივერსალი"

თბილისი 2008


თამარ ადამია - "წმინდა ნინოს ცხოვრების" პარადიგმატული სახისმეტყველება. ხის სიმბოლიკა

მე-4 საუკუნე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ამ ეპოქას უკავშირდება მოვლენა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, განსაზღვრა ერის შემდგომი ბედი, განვითარების გზა და ერთგვარი გადატრიალება მოახდინა ადამიანთა ცნობიერებაში. ეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იყო. უდავოა, რომ წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლა არ არის იოლი, იგი უმტკივნეულეს ძვრებს უკავშირდება. ამასთანავე, ძალიან საინტერესოა კულტურათა ცნობიერებების შერწყმის, გარდასახვა-გადამუშავების პროცესი, რაც ცხადად თუ დაფარულადაა გამოვლენილი უნიკალურ ქართულ აგიოგრაფიულ ნაწარმოებში - "წმ.ნინოს ცხოვრება". მართალია, ძეგლი მე-9 საუკუნით თარიღდება მაგრამ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნინოს ცხოვრების" ტექსტი სხვადასხვა დროსაა შესრულებული და მასში უძველესი პასაჟების გამოვლენაა შესაძლებელი. რ.სირაძემ "ნინოს ცხოვრების" მხატვრულ სახეთა სისტემას მნიშვნელოვანი გამოკვლევა უძღვნა,რომელშიც გამოკვეთილია თხზულების არაერთი სახე-სიმბოლო. ამ მრავალსახეობიდან ჩვენ ვარჩევთ ხის სიმბოლიკას.

ჩვენი თემის მიზანია, გამოვკვეთოთ "ნინოს ცხოვრების" რედაქციათა მიხედვით ხეთა სიმბოლური დატვირთვა. შევისაწავლოთ, თუ რამდენად მიჰყვება იგი მითოსს და როგორ ხდება მისი "მოქცევა"; ბიბლიური წიგნების, საღვთისმეტყველო ლიტერატურის მოშველიებით დავძებნოთ მისი წინამძღვრები და ვაჩვენოთ მისი პარადიგმული შინაარსი. სხვადასხვა ტრადიციაში ბევრი ხე ითვლებოდა წმინდად ან მაგიურად. ასეთი დამოკიდებულება ხეების ჯადოსნური ძალისადმი წარმომდგარია პრიმიტიული რწმენისაგან, რომ ხეში ცხოვრობენ ღვთაებები ან სულები. გასულიერებული ხეების სიმბოლიკა შემონახულია ევროპულ ფოლკლორში ადამიანი-ხის და მწვანე ადამიანის სახით. ხის ჯადოსნური ძალა არაერთხელ ვლინდება ზღაპრებში. თანდათანობით ძლევამოსილი ხის იდეა,როგორც ღვთაებრივი ძალის გამოვლინება და შემაერთებელი ცისა და მიწისა გადაიქცა სიმბოლურ გამოხატულებად სიცოცხლისა და კოსმოგონიური ხისა. მისი ფესვები არის ქვესკნელში, ღერო ამოდის სკნელში, ხოლო მისი წვერო ზეცას სწვდება. ეს სიმბოლო თითქმის ყველა ხალხის მითოლოგიაშია. ეს ხე, სხვადასხვა ტრადიციაში იზრდება წმინდა მთაზე ან სამოთხეში და მისი ფესვებიდან მოედინება ღვთაებრივი წყარო (2,82). ადამინი ოდითგანვე ეთაყვანებოდა ამ საოცარ ქმნილებას. ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში დაცული საკმაოდ ვრცელი მასალა კი მიუთითებს, რომ არანაკლებ პოპულარული უნდა ყოფილიყო ხის კულტი ჩვენშიც. ალ.ოჩიაურის ხევსურულ მასალებში დაცულია გადმოცემა შუბნურის ხატის დაარსების თაობაზე. ერთერთი ოჯახის კერაში ამოსულა იფნის ხე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ამ ადგილს ღვთაება დაეპატრონა. მართლაც, მოსახლეობას მიუტოვებია იგი და აქ შუბნურის ხატი დამკვიდრებულა. საინტერესო წარმოდგენები უკავშირდება ხევსურთა სახლის თავხეს, რომელსაც კეზი ეწოდება. კეზი ძალიან მსხვილი ხეა და ძირს ბოძები უდგას. იგი მთელ სახლს ამაგრებს, რის გამოც სახლში მთავარ საყრდენად თვლიან. ამბობენ,რომ ყველა სახლს ჰყავს "მეკეზისწვრე ანგელოზი", რომელსაც ოჯახის მფარველობას შესთხოვენ. ამ ორი შემთხვევიდან - ერთგან კერაში ამოსული ხე ღვთაების გამოვლინებას წარმოადგენს, ხოლო მეორეგან სახლის საყრდენში დამკვიდრებულია ოჯახის მფარველი სული. ორივე მაგალითი ცხადჰყოფს, რომ სახლის არქიტექტურაში შესული ხის საკრალური ხასითი უკავშირდება ბუნებაში არსებული, გაღმერთებული ხეების რწმენას. ხის კულტის ფართოდ გავრცაელებას საქართველოში მიუთითებენ ივ.ჯავახიშვილი, ნ.მარი და ვ.ბარდაველიძე. მათ ხის კულტის გადმონაშთები დაადასტურეს როგორც ყოფაში, ისე წერილობით წყაროებში კულტმსახურებაში, ენობრივ მონაცემებსა და ტოპონიმიკაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთიელთა შორის ხის დარგვა სალოცავში ბევრად უფრო მნიშვნელოვან სამსახურად ითვლებოდა, ვიდრე ცხოველის შეწირვა (3,98) ხის კულტთან დაკავშირებული ლეგენდები გვიჩვენებს, რომ ჩვენი წინაპრების კოსმოგონიურ შეხედულებებში ხეს გარდამავალი რგოლის ფუნქციაც ეკისრებოდა. მისი ან ხიდან ცაში ასული შიბის საშუალებით ღვთაებები, რომლებიც ხშირად ასტრალურ სხეულებს განასახიერებდნენ, ციდან ეშვებოდნენ და ხეზე დაივანებდნენ (4,187).

ხე მოიაზრებოდა როგორც კავშირი ცასა და მიწას შორის, როგორც დედაბოძი, რომელიც სამყაროს ცენტრში იყო აღმართული და ბიბლიური იაკობის კიბის დატვირთვას იმეორებდა. ხე იყო ნაყოფიერებისა და სიცოცხლის ძალთა გამგებელი, სამყაროსა და, შესაბამისად, კულტურის ცენტრი. "წმინდა ნინოს ცხოვრების" უძველეს, შატბერდულ-ჭელიშურ რედაქციაში გვხვდება ხის კულტთან დაკავშირებული არაერთი ეპიზოდი, რომელთა შესწავლითა და ამავე ნაწარმოების სხვადასხვა რედაქციებთან შედარებით არაერთი საინტერესო შეხედულება და ვარაუდი წარმოიშვა. წმ.ნინოს მიერ ბრინჯის ხისთვის თავის შეფარება და მასზე ჯვრის გამოსახვა დავუკავშირეთ ქართულ ხალხურ წარმოდგენებში შემონახულ ლეგენდას, რომლის თანახმადაც, მე-17 ს. ლანჩხუთში, ეკლესიის დანგრევის შემდეგ წმ.გიორგის ხატი დავანებულა იქვე მდგომი მუხის ხის ტოტებზე. ხატი იქიდან ახლადაშენებულ ეკლესიაში გადაუსვენებიათ, მაგრამ ის ისევ ხეზე დაბრუნებულა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მუხის ადგილას ახალი ეკლესია არ ააგეს, სადაც ხატი საბოლოოდ დამკვიდრებულა (4.187). როგორც ვხედავთ, ღვთაების მიწიერი სადგომი არის საკულტო ხე, რომელიც თავისთავად კულტის ობიექტია ან საკულტო ნაგებობასთან დგას. "წმ.ნინოს ცხოვრებაში" ნახსენები ბრინჯის ხეც საკულტო ადგილას, არმაზის მთაზე იდგა. წმ.ნინო სწორედ ამ საკრალურ ადგილას მივიდა და ჯვრის გამოსახვით ერთგვარად ქრისტეს რწმენით დაბეჭდა, სული შთაბერა, ახალი შინაარსით დატვირთა ეს მითოლოგემა. ნაწარმოებში პირველად სწორედ ამ ეპიზოდშია წარმოდგენილი მითოსური ხის ქრისტიანული ადაპტაცია. მხატვრული და სახისმეტყველებითი თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია წმ.ნინოს სიზმრის ეპიზოდი, სადაც საუბარია სამეფო ბაღზე, რომლის აღწერილობაც საკმაოდ დამაჯერებლად ჰგავს ბიბლიური სამოთხის ბაღს, და ფრინველებზე, რომლებიც მდინარეში ჩადიან, "ბაბილოსა მოისთულებდიან" და ამბობენ, რომ წმ.ნინოს ეკუთვნის სამოთხე. საყურადრებოა ის მომენტი, რომ სხვადასხვა რედაქციაში სხვადასხვა ხეზეა საუბარი და ზოგან, მისი სახელი საერთოდ არ იხსენიება. ეს ფაქტი შეიძლება სამეფო ბაღის ბიბლიური სამოთხის ბაღთან მსგავსების კიდევ ერთ მაგალითად მივიჩნიოთ, რადგან ზუსტად არ არის ცნობილი თუ რისი ხე იდგა სამოთხეში. როგორც ბიბლიურ, ისე ამ სიუჟეტში ყურადღება გამახვილებულია არა ხეების სახეობაზე, არამედ მათ მნიშვნელობაზე, ასევე შესაძლებელია, ის მდინარე, რომელიც სამეფო ბაღში მოედინებოდა და რომელშიც ჩიტები ჩადიოდნენ, სამოთხის ბაღის ოთხ მდინარეს დავუკავშიროთ. ფრინველი სულიწმინდის სიმბოლოა, რომელიც მდინარეში ჩადის, ანუ ერთგვარად სიმბოლურად მადლს გადასცემს, რომელიც შემდგომ მთელ ბაღს მოეფინება. სამოთხის ოთხ მდინარესაც, რომლებიც სიცოცხლის ხესთან იღებდა სათავეს, სასიცოცხლო ენერგია გადაჰქონდა სამყაროს ოთხივე კუთხეში (8,73). თუ წინა ეპიზოდს ქართული ხალხური ლეგენდა დავუკავშირეთ, როგორც ვხედავთ,ამ შემთხვევაში უკვე ბიბლიურ წინამძღვრებთან გვაქვს საქმე. ძალიან საინტერესოა სამეფო ბაღში სპარსი ხურას განკურნების ეპიზოდი, რადგან აღნიშნულ მონაკვეთში კარგად ჩანს, თუ რაოდენ დიდი ძალის მატარებელია ოდესღაც წარმართული ხის კულტი, როგორი სიწმინდითა და სასწაულებრივი ძალით გამოირჩევა.

კურნება სწორედ ამ გამორჩეული ხეების სამყოფელში აღესრულება, რადგან ის ქრისტიანული მადლით აივსო, ძველს დაეფუძნა ახალი, ქრისტიანული ცნობიერება. სახისმეტყველების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აბიათარ მღვდლის მონათხრობი მცხეთელი ურიების მიერ მის "ბაგინთან" მდგარი ხის მოჭრის შესახებ, რადგან ამ ეპიზოდში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ წარმართული რწმენის კვალი, რომლის მიხედვითაც ხის წაქცევა, მოჭრა ნიშნავდა ხის სულის მოკვლას, რწმენის შერყევას. შესაძლოა ამ აქტით მცხეთელი ურიები მღვდლისთვის სარწმუნოებრივი ზიანის მიყენებას აპირებდნენ. დ.ფრეზერი წიგნში "ზოლოტაია ვეტვ" აღნიშნავს, რომ ძველი სლავები მუხას ეთაყვანებოდნენ და როცა ქრისტიანებს ამ წმინდა ხეების მოჭრა დაუწყიათ, ხალხი ძალიან განიცდიდა, რადგან ეს მათი რწმენის მოსპობას ნიშნავდაო. საყურადღებოა საჯვრე ხესთან დაკავშირებული ეპიზოდი, რომლის მოჭრის თარიღად მიჩნეულია 25 მარტი და ძალინ საინტერესოა, რომ სწორედ ამ დღეს ხდებოდა წარმართული კულტის მიხედვით საკულტო ხის მოჭრა. ეს ხე თავისუფლად შეგვიძლია დავუკავშიროთ ბიბლიურ სიცოცხლის ხეს, რომლის შესახებ წარმოდგენები ფართოდ ჩანს გავრცელებული მთელ საქათველოში. ვ.ბარდაველიძის მიხედვით, სიცოცხლის ხის ვარიანტებია ჩიჩილაკი, ასევე საქორწინო რიტუალებში გავრცელებული "მაშხალა" ან "ჩირაღდანი". როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე მონაკვეთი ერთდროულად ბიბლიურ სიმბოლიკასაც ატარებს და ძველ ქართულ ხალხურ წარმოდგენებსაც ეხმაურება. ჩვენ შეგვიძლია დავიმოწმოთ რ.სირაძის მოსაზრება, რომ "წმ.ნინოს ცხოვრებაში" უშუალო შეხვედრა გვაქვს მითოსური და შუასაუკუნეობრივი სახისმეტყველებისა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხე უძველესი მითოლოგიური კულტმსახურების ობიექტია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. სხვადასხვა ტრადიციაში ის იყო გააზრებული, როგორც სიცოცხლის, სიკვდილისა და განახლების, დინამიური ზრდის, ცისა და მიწის კავშირის, ღვთაებათა სადგურის და თვითონ ღვთაების სიმბოლო. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ეს წარმართული სიმბოლო კი არ აკრძალა და უარყო - შეითვისა და ახლებურად გაიაზრა, ქრისტიანულ კანონიკას მოარგო. ამ ორი კულტურის შერწყმა-მორიგების მაგალითები კი თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი უნიკალურ ქართულ აგიოგრაფიულ ნაწარმოებში “წმინდა ნინოს ცხოვრება".

გამოყენებული ლიტერატურა

1. რევაზ სირაძე; “ქართული აგიოგრაფია”; ნაკადული;თბილისი; 1987 წ.

2. სიმბოლოთა ლექსიკონი; ჯეკ ტრესიდერი; მოსკოვი; 2001 წ.

3. ვ.ბარდაველიძე; ”უძველესი რელიგიური წარმოდგენები”; 1957 წ

4. ი.სურგულაძე;” ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა”; თბილისი; 1993 წ.

5.ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები; ტ. 1; თბილისი;1963 წ.

6. "ცხოვრება წმინდა ნინოსი შედგენილი დიდის არსენიც ქართლისა კათალიკოზისა მიერ"; გამოცემა საეკლესიო მუზეუმისა; თბილისი; 1902 წ.

7. უცნობი ავტორის “ნინოს ცხოვრება”;ქართული პროზა; თბილისი; 1982 წ.

8. სიმბოლოთა,ნიშანთა და ემბლემათა ენციკლოპედია; მოსკოვი; 2 000 წ.

9. "მოქცევაი ქართლისაი”; ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები; თბილისი; 2007 წ.

10. ა.შანიძე; ქართული ხალხური პოეზია;ხევსურული; თბილისი; 1931 წ.

11. ძველი ქართული მწერლობის ძეგლები; შატბერდის კრებული; მეცნიერება;თბილისი; 1979 წ.

12. კ.კეკელიძე; ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან; თბილისი; 1956 წ.