topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ველევი (რაჭა)

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ფოტოების წყარო: https://www.facebook.com/media/set/?set=a.308574514200.141805.291794199200&type=1

ველევი - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის (რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ბეთლევი, კორტი, შხივანა). ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. ველევი წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესია.

გამოყენებული წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, გვ. 348, თბ., 1979 წელი

ველევის თემი

წყარო: http://www.georgia-racha.ge/ge/main.php?id=1284023095

ველევის თემი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რეგიონული ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კილომეტრის დაშორებით, რაჭის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ველეულას მარჯვენა ნაპირას. ველევის თემში ოთხი სოფელი შედის: ველევი, კვირიკეწმინდა, ბეთლევი და შხივანა. თემი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს. სოფელ ველევს ჩრდილო-დასავლეთით აკრავს გაბუნის კლდე, რომელიც სოფელს ხდის მყუდროს და ერთგვარი ქარსაცავის როლს ასრულებს. გაბუნის კლდის თავზე მდებარეობს სოფლის მთავარი სალოცავი – წვერის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც გასაბჭოების შემდეგ უპატრონობისგან დაინგრა და გაპარტახდა. ახლა იგი მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. სოფლის და მისი სახელწოდების შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში არის ცნობა, სადაც ვკითხულობთ, რომ სოფელი წყაროებში XVII საუკუნიდან მოიხსენება. ველევი გვხვდება ვახუშტი ბაგრატიონთან "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", სადაც მოხსენებულია სოფლის სახელწოდება და მისი მიმდებარე ტერიტორიები: "სამხრეთით წინიდამ წამოსული მთა დასავლეთად აღმოსავლეთიდამ ვიდრე არჰანისა და დღნორამდე, გაჭრილი რიონისგან მუნ მთარა ამას საერთოდ უწოდებენ რაჭის მთას, ხოლო განყოფით დღნორს ზეით წმიდისას გიორგისას. მესამე გაჭრილს, ნაქერალს, ველევს, გარჯილას, საწალიკე და კეცებს"... აღნიშნული აღწერიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ XVIII საუკუნის I ნახევარში ველევი, როგორც ტოპონიმი უკვე არსებობს, მაგრამ ნაშრომში არ არის მითითებული, არის ეს სოფლის სახელწოდება თუ არა. ერთი რამ კი უეჭველია, რომ ტოპონიმი – ველევის მთა არსებობდა. ასევე არ არის გამორიცხული, რომ სოფელიც არსებობდა, რადგან ვახუშტი თავის ნაშრომში ძირითადად რაჭა-ოკრიბის საზღვრებს აღწერს და არა სოფლებს. არსებობს სოფლის სახელწოდების შესახებ ორი ხალხური გადმოცემა. პირველი გადმოცემით სოფლის სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან “ველები.” როგორც ამბობენ, იქ სადაც ახლა სოფელია, ადრე გაშვებული ველები, ვრცელი ფართობი ყოფილა. აქედან გამომდინარე, დასახლებას ველევი დარქმევია. მეორე გადმოცემა უკავშირდება იმერეთის მეფის სოლომონის და როსტომი რაჭის ერისთავის სახელებს. გადმოცემის თანახმად, როსოტმს რაჭის დასაპყრობად მოსული სოლომონი სოფელ შხივანას მიდამოებში დაუმარცხებია. უკუქცეული სოლომონისთვის უკითხავთ თუ რას აპირებდა იგი შემდგომში. მას ასეთი პასუხი გაუცია- “რა ვქნა, ველევი ამ ადგილებსო,” და თურმე იგი მდგარა იმ ადგილზე, სადაც დღეს ველევი მდებარეობს. ეს ამბავი XVIII საუკუნის II მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო. როგორც ყველა სოფელს, ველევსაც ჰყავდა აზნაურები. ესენი აქ კვიტაშვილების გვარით იყვნენ წარმოდგენილნი. როგორც ვარაუდობენ, ისინი სოფელ კვირიკეწმინდადან უნდა იყვნენ გადმოსახლებულნი. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ სოფელ კვირიკეწმინდაში დღემდე არის მე-9 საუკუნის კვიტაშვილების ციხე. არის ცნობა, რომ ველეველი კვიტაშვილი რაჭველთ რაზმით ერეკლე II ასპინძის ომში ხლებია. მათ გარდა სოფელში სახლობენ: მაცაბერიძეები, გოგსაძეები, ჩიხრაძეები, გორგიაშვილები, გელბახიანები. არის რამდენიმე შემოსახლებული ან ჩასიძებული გვარი: ენუქიძე, საყვარელიძე და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თემში შემავალი წმინდა ადგილები. სოფელ კვირიკეწმინდაში დღეისთვის აღდგენილია წმინდა კვირიკესა და ივლიტეს სახელობის ეკლესია, აგებულია X-XI საუკუნეში, არის სამნავიანი ბაზილიკა. სამხრეთ კარიბჭის თავზე ხუცური წარწერაა შემორჩენილი, რაც ეკლესიის სიძველეზე მეტყველებს. შემკულია ჩუქურთმებით, რელიეფებით. შუა ნავის კედელში ცხვრის თავის სკულპტურული გამოსახულებაა ჩატანებული. სოფელ ბეთლევში მოღწეულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნანგრევების სახით, რომელიც აიგო და მოიხატა 1493 წელს. იგი იყო დარბაზული ტიპის ნაგებობა. სოფელ შხივანაში დღეისთვის ნანგრევების სახითაა შემორჩენილი მაცხოვრის სახელობის ეკლესია. აიგო XVII საუკუნეში. იყო დარბაზული ტიპის ნაგებობა. ეკლესიის ზარი ინახება სოფელში. სოფელ ველევში არის ორი ეკლესია: სამებისა და წვერის წმინდა გიორგის. სამების ეკლესია სოფლის განაპირას მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ იგი მე-19 საუკუნისაა. როგორც ამბობენ სამების ეკლესია ძალზე ლამაზი ყოფილა. შიგნით ცაცხვის ხის შესანიშნავი საკურთხეველი მდგარა, კედლებში სპეციალურად დატანებული ქვაბები შესანიშნავ აკუსტიკას ქმნიდნენ. ცნობილია ამ ეკლესიის ბოლო მღვდლის გვარიც, ადგილობრივი მკვიდრი ნესტორ სირაძე. შენობა იყო დარბაზული ტიპის. არ იყო მოხატული, შემკული იყო მცირე ჩუქურთმებითა და რელიეფებით. მოღწეულია ნანგრევების სახით. ეკლესიას საბჭოთა პერიოდში, 1935 წელს სახურავი მოხადეს, რათა იმით სკოლის შენობა გადაეხურათ. ის სკოლა ორჯერ დაიწვა, მეორედ – მთლიანად, სახურავთან ერთად. ტაძარი, რომელიც გადახურვის გარეშე დარჩა თანდათან განადგურდა და ბოლოს 1991 წლის მიწისძვრის დროს სრულად დაინგრა. მისი სიძველეებიდან შემორჩენილია სპილენძის ზარი, ასევე ბრინჯაოს ჩაფრასტი (ინახება ქუთაისის მუზეუმში). მეორე მთავარი სალოცავი არის ველევის წვერის წმინდა გიორგი. იგი მდებარეობს გაბუნის კლდეთა წყების, გორისტევის მთაზე ზღვის დონიდან 1442 მეტრზე. გიორგობას, რომელსაც საქართველოში ორჯერ აღნიშნავენ, აქ დიდი ზეიმით ხვდებიან. ამ დღეობისთვის თემში წინასწარ ემზადებიან, კლავენ შესაწირ პირუტყვს და მიაქვთ სალოცავზე. წინათ გორისტევის ეკლესიას ბერები ემსახურებოდნენ, ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა და სოფელს ნაკლებად აწუხებდნენ. ვარაუდობენ, რომ გორისტევის ეკლესია XVIII საუკუნისაა. ამჟამად იგი მთლაინად დანგრეულია და მხოლოდ სამრეკლოს ნანგრევებია შემორჩენილი.

ველევის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. - VIII.თბ.,1933.-გვ.227

2. ველევის წმ. სამების ეკლესია // კეზევაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.16. - 1811-1917 წწ. ველევის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების სია.

3. ველევი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, გვ. 348, თბ., 1979 წელი

4. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.150:

- ველევის ეკლესია ქვიტკირის შენობაა ახალი დროისა. სიძველე: (ქ.2198). ბრინჯაოს ჩაფრასტი, ანუ ღილი სარტყლისა

 

 

ველევის სამების ეკლესიის რელიეფი - ფოტოს წყარო: http://macateo.blogspot.com/

ფოტოების წყარო: https://www.facebook.com/media/set/?set=a.308574514200.141805.291794199200&type=1