topmenu

 

ზ.კვიციანი - რელიეფურჯვრიანი კრამიტები პეტრა - ციხისძირიდან

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე ...<<<პეტრა - ციხისძირი//საქართველოს ციხეები>>>

პროფ. ზვიად კვიციანი - რელიეფურჯვრიანი კრამიტები პეტრა – ციხისძირიდან //გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი, ქრისტიანობის კვლევები II, გამ. "უნივერსალი", თბილისი 2010, გვ. 39-43.

როგორც ცნობილია, ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ბოლო საუკუნეებიდან საქართველოში მშენებლობისას ალიზის აგურთან ერთად ფართოდ არის გამოყენებული კრამიტიც ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I - ახ.წ. I ს) აღნიშნავს:, იბერია მეტწილად კარგად არის დასახლებული ქალაქებითა და დაბებითაც ისე, რომ იქ არის კრამიტიანი სახურავები, სახლები არქიტექტურულად მოწყობილი. (შტრაბონ X I,19) მკვლელართა აზრით სტრაბონის ეს ცნობა ძვ.წ.II საუკუნეს ასახავს (Волтунова A. 1947; 142-160. ჯღამაია.ჯ – 1980; 14). საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაადასტურა სამშენებლო კერამიკის, კერძოდ ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის ფართოდ გამოყენება, რამაც ცხადჰყო სტრაბონის ცნობის სიმართლე. მათი აღმოჩენის ვითარება ამტკიცებს, რომ კრამიტი საგანგებო დანიშნულების ნაგებობათა გადასახურავად იხმარებოდა, ხოლო კრამიტის სახურავიანი სახლები გაბატონებული ფენის საკუთრებას წარმოადგენდა. როგორც წესი, მათ მიუწვდებოდათ ხელი კრამიტის სახურავიანი სახლებისათვის, სხვაგვარად არცაა მოსალოდნელი, კრამიტით გადახურვა საიმედო კონსტრუქციის ნაგებობას გულისხმობს: ასეთი სახლები იბერიის სამეფოს რიგით მოქალაქეებს, რა თქმა უნდა არ ჰქონდათ. (აფაქიძე.ა - 1963; 70). ამრიგად ანტიკური ქალაქების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა გამოხატულებას პოვებს სამშენებლო კერამიკის, კერძოდ კრამიტის გამოყენებაშიც. ახ.წ.აღ. პირველი საუკუნეების სამარხებისა (ბაგინეთი, არმაზისხევი, ბიჭვინთა) და აბანოთა მშენებლობაში გამოყენებული სხვადასხვა მოყვანილობის აგურთა და საიზოლაციო კრამიტების ხმარება საფუძველს გვაძლევა ვივარაუდოთ, რომ იმდროინდელი კერამიკული სახელოსნოები (ერთი მათგანის ნაშთი, როგორც ცნობილია ბაგინეთის კლდის ძირას აღმოჩნდა. აფაქიძე.ა -1963) ამზადებდნენ სხვადასხვა სამშენებლო კერამიკულ მასალას, რაც გვიანანტიკური ხანის საქართველოში სამშენებლო კერამიკის წარმოების მაღალ დონეს მოწმობს. ადრე შუა საუკუნეების საქართველოში მშენებლობისას კერამიკა გვიანანტიკურ ხანასთან შედარებით უფრო ფართოდაა გამოყენებული. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ძეგლების (მცხეთაში, უჯარმაში, ბიჭვინთაში, ციხისძირში, ვაშნარში და სხვა) გარდა შემორჩენილი საკულტო და სასიმაგრო ნაგებობანიც. ამ პერიოდში კრამიტი, როგორც სამშენებლო მასალა გამოიყენებოდა განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების არეში მყოფ ნაგებობათა გადასახურავად. კრამიტით ყოფილა დახურული სიმაგრეთა კოშკები (უფლისციხე, უჯარმა) და ყველა საკულტო ნაგებობა (ჯღამაია ჯ. - 1980). აკად. გ.ჩუბინაშვილი წერს, რომ მათი სახურავი ყოველთვის კრამიტით იყო დაფარული, დაწყებული VI საუკუნიდან XII ს-მდე და შემდეგ XVI ს-ნის ჩათვლით არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთის ძეგლებშიაც (Чубинашвили Н. - 1959; 140). ანტიკურ ხანაში შემუშავებული მოყვანილობა კრამიტისა შუა საუკუნეებშიც არ შეცვლილა, ოღონდ ზომა შემცირდა ერთიორად და გარდა ამისა ვიწრო აკეცილი გვერდებიც შესაბამისად უფრო დადაბლდა, ხოლო ფართო ბოლოში გარდიგარდმო დაბალი "ღობე" გაუჩნდა. წვიმის წვეთების სახურავში გაჟონვის შესაფერხებლად. განვითარებული შუა საუკუნეების დროს კრამიტს აღარა აქვს საწვიმარი ღარები. ისინი, როგორც ჩანს მხოლოდ ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების ხანის კრამიტებს ახასიათებს ( ჯღამაია.ჯ - 1980; 36. Mapp H. - 1916; 21) პეტრა-ციხისძირში ჩვეულებრივ ორი სახის კრამიტი ჩანს სახურავზე გამოყენებული; ა) ბრტყელი გვერდებაკეცილი-სოლენის ტიპისა და ბ) ღარისებრი-კალიპტერის ტიპისა. ასევე, ჩვეულებრივ ციხისძირშიც ბრტყელი კრამიტის ნატეხები გაცილებით უფრო ხშირად ჩნდება, ღიარიანისა კი შედარებით იშვიათად. ბრტყელი კრამიტის ნატეხები გამოყენებულია მშენებლობაშიც შედარებით ნაკლებია კალიპტერის მეორადი გამოყენების შემთხვევები, თუმცა ძალიან დამახასიათებელი შემთხვევა არის დადასტურებული პეტრას შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სწორედ საკულტო ნაგებობის უბანზე ბაზილიკების ახლოს გათხრილ კარიბჭეზე. მისი წყობა ადრეულია. შესავლის სიგანე 1,2 მ-ია, კედლების სისქე 1,3 მ. იგი გადახურული ყოფილა აგურებით ამოყვანილი თაღით. დასავლეთსა და აღმოსავლეთის მხრიდან კარიბჭე აღჭურვილი იყო კონტრფორსებით, აღმოსავლეთის მხრიდან კარიბჭის ჩრდილოეთი კედლის წყობაში კალიპტერის კრამიტებით შესრულებული ბოლოებგაფართოებული ჯვრის გამოხასულებაა, რომელიც როგორც ჩანს ბოლნური ტიპისაა. კარიბჭის სამხრეთი კედელი დაზიანებულია. თავისთავად ჯვრის გამოხასულება კედლის იმ ნაწილშიც იქნებოდა. ანალოგიური გამოსახულებების არსებობაზე მიუთითებს რ.გვერდწითელი კონსტანტინოპოლში იუსტინიანეს ეპოქის კარიბჭის კედლებზე (გვერდწითელი რ.; მელითაური კ. – 1973; 17) აღმოსავლეთის კარიბჭე უშუალოდ უკავშირდება ბაზილიკას და უთუოდ უმთავრესად ემსახურებოდა საკულტო დაწესებულებს, ქალაქთან ურთიერთობას, ხოლო კედელზე ჯვრის გამოსახულებას საეპისკოპოსო ადგილსამყოფელის აღსანიშნავად ერთგვარი სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მინიჭებული. 1966 წელს ციხე - ქალაქ პეტრას ტერიტორიაზე, კერძოდ ბობოყვათის დაბლობში გაითხარა ჯერ კიდევ 1959 წელს მიგნებული ძეგლი, რომელიც სამნავიანი ბაზილიკა აღმოჩნდა, მოპოვებული მასალიდან ყურადღებას იქცევს სოლენის ტიპის კრამიტები, ქვის მოზაიკიანი ნაშთები, ქვის კაპიტელი, მარმარილოს სვეტის ნატეხი და "ბოლნურჯვრიანი ქვა" (ინაიშვილი ა. 1973) როგორც საზოგადოდ გვიანანტიკურსა და ადრეფეოდალურ ხანაში, პეტრა-ციხისძირის კრამიტი ყალიბით არის მოჭრილი. ის სათანადო ბრტყელგვერდებაკეცილ ფორმასა და ე.წ. ქობუნაზე არის დაყალიბებული (1935; ბოჭორიშვილი ლ. - 1946) ყალიბებიცა და ქობუნაც, ჩვეულებრივ ხისა ყოფილა და მათი ანაბეჭდი თითქმის ყველა ნატეხებზე შეიმჩნევა, ასევე შესამჩნევია ციხისძირის ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტების სიპატარავე. ისინი შეიძლება ითქვას, მხოლოდ საერთო მოყვანილობით მოგვაგონებენ ანტიკურ სოლენებს (მაგ.სინოპურებს, მათ შორის, დასავლეთ საქართველოს ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნაქალაქარების გათხრისას აღმოჩენილთ) (ვანი I - 1972). ადრეშუასაუკუნეების ხანის ბრტყელ კრამიტებს შორის ყურადღებას იპყრობს ერთი ჯგუფი, რომლებსაც ზედაპირზე რელიეფური ჯვარი აქვთ. ასეთი ჯვრიანი კრამიტები გამოყენებულია VI საუკუნის პეტრა-ციხისძირში. 2007 და 2008 წლებში საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის კლუბ "ტაძართან" ერთად პეტრაციხისძირზე გაწმენდა-გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა თსუ არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელები: პროფ.: ზ.კვიციანი, პროფ.: გ.გრიგოლია) ჩვენ მიერ პეტრას შიდაციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ბრტყელი კრამიტის რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც მოზრდილი რელიეფური ჯვრებია გამოსახული, ასევე ხშირია სოლენების შიგნითა, ე.ი. გამოსაჩენი ზედაპირის ფართო, არა ღრმა ზოლებად დაღარვის შემთხვევები. გვხვდება არასწორხაზოვანი ღარები, ორი ჯვარედინი ღარი, თევზის რელიეფური გამოსახულება და სხვა. მსგავსი სოლენზე მოზრდილი რელიეფური ჯვარია გამოძერწილი ბიჭვინთაში აღმოჩენილ კრამიტზე (დიდი პიტიუნტი - 1975) როგორც ცნობილია ადრე შუასაუკუნეების ძეგლებში აღმოჩენილია რელიეფური ჯვრისა და ცხოველის გამოსახულებიანი არტეფიქსები: რუსთავში ჯვრიანი (საქართველოს არქეოლოგია - 1959 წ) აღაიანში ცხვრის პროტომით შემკული (ჯღამაია ჯ. - 1980) ურბნისში აღმოჩენილია სამი ანტეფიქსი (ჭილაშვილი ლ. - 1964; 117.118) ერთ მათგანზე დაბალი რელიეფური ტვიფრით გამოყვანილია ჯვარი და მარჯვენა პროფილში მდგომი სტილიზებული ირემი, რომელსაც თითქოს ვედრების ნიშნად მარჯვენა ფეხი აქვს ოდნავ აწეული. მეორე ანტეფიქსზე ტვიფრით ორი განედლებული ჯვარია გამოსახული, ხოლო მესამეზე – ერთი (ზაქარაია პ. – 1965; 67) რელიეფურჯვრიანი კრამიტები შემორჩენილი აქვს კახეთის VIII-IX სს. საკულტო ნაგებობებს (გურჯაანის ყველაწმინდა, გუმბათთავიანი ტაძარი ვაჩნაძიანში) (Чубинашвили Г. - 1959;307) XI - XII სს-ის ტაძართა სახურავებს (ფიტარეთი, მანგლისი, კუმურდო) (ჯღამაია ჯ. - 1980). რაც ცხადჰყოფს თვით ჯვართან ერთად, რომ ასეთი კრამიტები საგანგებოდ უნდა ეკეთებინათ საკულტო ნაგებობათა დასაბურავად. ისინი სახურავის გამოსაჩენ ნაწილებში უნდა დაწყობილიყო, რაც საეპისკოპოსო კათედრის სიმბოლურ ნიშანს და ლამაზსა და სიმეტრიულად გაბმულ ორნამენტს ქმნიდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ბრტყელი კრამიტები, რომელთა ზედაპირზე ყალიბის საშუალებით ფართო ბოლოში რელიეფური სამყურა ყვავილია გამოყვანილი (ლომთათიძე გ.- 1955; 152) სამყურას ორნამენტი საკმაოდ ხშირია გვიან შუასაუკუნეებშიც. სამყურას რელიეფური გამოსახულება გვხვდება VI - VIII სს. ბრინჯაოს საკინძებზე, V-XI სს არქიტექტურულ ძეგლებზე – ბოლნისის სიონის კაპიტელებზე (Чубинашвили Г. - 1940; სვეტიცხოვლის კანდელზე) (Шмерлинг Р. -1962; 24-25). ოქრომჭედლობაში, მინანქრებზე. ხეზე კვეთილობაში და სხვა. როგორც ვხედავთ სამყურაყვავილოვანი ორნამენტი გვიანანტიკური ხანიდან მოყოლებული გვიანშუასაუკუნეების საქართველოში საკმაოდ გავრცელებული სიმბოლური ელემენტი ყოფილა. მკვლევართა აზრით არ არის გამორიცხული, რომ სამყურა ყვავილის ორნამენტი მეტად სტილიზებული ჯვრის გამოსახულებაა (ჯღამაია ჯ. – 1980; 39). რელიეფურჯვრიანი კრამიტები სამონასტრო კერამიკული სახელოსნოების პროდუქციას უნდა წარმოადგენდეს. მითუმეტეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩანს, რომ ციხისძირის მოსახლეობაში ახ.წ. IV საუკუნიდან გავრცელებულია ქრისტიანული სარწმუნოება, რაზეც მიუთითებს ეკლესიის ნაშთები, სამარხებში და კულტურულ ფენებში აღმოჩენილი ნივთები ქრისტიანული სიმბოლიკით (გემიანი ბეჭედი თევზების გამოსახულებით, რელიეფურჯვრიანი კრამიტები, კრამიტები თევზის რელიეფური გამოსახულებით, ჯვრის გამოსახულება, ქრისტიანული შინაარსის გრაფიტო ამფორებზე)

ლიტერატურა:

1. აფაქიძე ა. – ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში. I თბ. 1963

2. ბოჭორიშვილი ლ. – ქართული კერამიკა I, თბ. 1946წ

3. დიდი პიტიუნტი I, თბ 1975

4. ვანი I, თბ 1972

5. ზაქარაია პ. – ნაქალაქარი ურბნისის ხუროთმოძღვრება. 1965

6. ინაიშვილი ა. – პეტრას საეპისკოპოსო კათედრის საკითხისათვის ციხისძირის გათხრების შედეგების მიხედვით – სდსძ 1971 ტ.2

7. ლომთათიძე გ. – არქეოლოგიური გათხრები თბილისში 1948 ზამთარში. მასალები საქ. და კავკ. არქეოლოგიისათვის ტ.1. 1955

8. საქართველოს არქეოლოგია თბ. 1959

9. ჭილაშვილი ლ. – ნაქალაქარი ურბნისი 1964.

10. ჯავახიშვილი, ალ., ღლონტი ლ. – ურბნისი. I. 1962

11. ჯღამაია ჯ. – სამშენებლო კერამიკა ფეოდალური ხანის საქართველოში თბ. 1980.

12. Болтунова А. И. – Описание Иберии в «Географий» Страбона. ВDU, 4, 1947

13. Гайдукевич В.Ф – Строителные Керамические Материалы – Боспора, Боспорские Черепицы ИГАИМК, 104, М. – Л.1935.

14. Шмерлинг Р.О. – Малые формы в архитектуре средневековой Грузии. Тб. 1962. I.

15. Марр Н. Я. – Описание дворцовой церкви в Ани. Петроград 1916

16. Чубинашвили Г. Н. – Грузинское чеканнон искуство. Тб. 1958

17.Чубинашвили – Г. Н. Болнисский Сион, ენიმიკის მოამბე ტ. №IX, 1940

18. Чубинашвили Г. Н. – Архитектура Кахетии Тб. 1959. პროფ.:ძვიად Kვიტსიანი