<უკან დაბრუნება...<<<ქართული ეკლესიის ისტორია>>>
გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი
ISSN 1987-7129
ქრისტიანობის კვლევები V
გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი 2010
მიხეილ ქართველიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი)
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ (1943წ.)
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ჯერ ქართლკახეთის და დასავლეთ საქართველოს ანექსია მოახდინა, ხოლო შემდგომ საქართველოს ეკლესიის რეფორმა-რეორგანიზების მიზნით კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვია. 1811 წლის 30 ივლისს რუსეთის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მცხეთის საკათალიკოსო ტახტი გაუქმდა. კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობით. საქართველოში საეკლესიო მმართველობისათვის შეიქმნა სპეციალური ორგანო-დიკასტერია. საქართველოს საეგზარქოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდეს სინოდს დაექვემდებარა. რუსეთის საერო და სასილიერო ხელისუფლებამ უპრეცედენტო აქტი განახორციელა - გააუქმა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ძალისმიერი გზით დაიქვემდებარა იგი1. პროგრესულად მოაზროვნე ქართველი საერო და სასულიერო საზოგადოება არასოდეს შეგუებია, როგორც საერო დამოუკიდებლობის, ასევე ავტოკეფალიის დაკარგვას. ბრძოლა კანონიერი უფლებების აღდგენისათვის წლების მანძილზე არ შეწყვეტილა. ყოველ ხელსაყრელ მდგომარეობაში საეკლესიო და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთობლივი აღიარებისათვის მიმდინარეობდა ბრძოლა. ქართულ ეკლესიას სახელმწიფოს განვითარების საქმეში პროგრესული პოლიტიკური პოზიციის გამოვლინების დიდი ისტორიული გამოცდილება გააჩნდა. იგი ყოველთვის თანაიუგრძნობდა და თავისი სათანადო წვლილი შექონდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი იყო და ცდილობდა იდეოლოგიურად გაეერთიანებინა საზოგადოების ფენები, შეექმნა საქართველოს მთლიანობის და განუყოფლობის ერთიანი რწმენა და სათავეში ედგა მთელი ერის კულტურულ ცხოვრებას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე ეროვნული თავისუფლებისა და თვითმოწესეობისათვის ბრძოლა ერთდროულად მიმდინარეობა და ქვეყნისა და ერის გადარჩენის საქმეში წამყვანი ადგილი ეკავა2. სწორედ ამიტომ ავტოკეფალისტური მოძრაობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ და სისხლხორცეულ ნაწილად უნდა შეფასდეს. 1917 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს უაღრესად საინტერესო ალღო აუღო ქართველმა სამღვდელოებამ და 12/25 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: "ამიერითგან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოს შინა ავტოკეფალური საეკლესიო მართველობაი...”3.
ქართველმა სასულიერო პირებმა აქტიური ბრძოლა დაიწყეს სრული ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარებისათვის, რადგან თუ ეკლესიას არ ექნებოდა სრული ავტონომია, მისი იურისდიქცია სრულიად საქართველოში ვერ გავრცელდებოდა. ქართველ სამღვდელოებას შესანიშნავად ესმოდა, რომ ეს ჯერ ერთი ეროვნული ავტოკეფალიის გამოცხადება საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა იყო, მეორეც ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებდა მოსახლეობის ნაციონალურ თვითშეგნებას, რომელთათვისაც ისტორიულად მართლმადიდებლური მრწამსი იყო სახელმწიფოებრივი ერთიანობის განმსაზღვრელი. სწორედ ამიტომ დროებითი მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებას ყველანაირად აჭიანურებდა. არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რუსეთის და შემდეგ საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოსულმა ძალებმა ეკლესიას, როგორც სოციალურ ინსტიტუტს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს. მიუხედავად ამისა ქართველ სამღვდელოებას ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის არც მისთვის ურთულეს პირობებში არ შეუწყვეტია, აღნიშნულის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს კათოლკოს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის უაღრესად მრავალმხრივი და მეტად საინტერესო მოღვაწეობა XX საუკუნის 30-იან წლებში, ეს უკანასკნელი საბჭოთა ხელისუფლებასთან მაქსიმალურად ლოალური პოლიტიკის სანაცვლოდ ცდილობდა მიეღწია ეკლესიათან მიმართებაში მთავრობის კომპრომისისთვის4. მისი მმართველობის დროს ქართული ეკლესია ეტაპობრივად ემზადებოდა თითქმის საუკუნენახევრის სანუკვარი ოცნების -ავტოკფალიის დაკანონებისათვის. ქართველი სამღვდელოება დაძაბული ადევნებდა თვალს ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკის ევოლუციას და ეროვნული ეკლესიის დაცვისათვის გონივრულად იყებენდა მთავრობის ყოველ კომპრომისულ ნაბიჯს. საქართველოს ეკლესიის პოზიცია ამ მიმართულებით ერთობ ორიგინალურია. ის აშკარად არ ეწინააღმდეგება ერთიანი საბჭოთა ქვეყნის ინტერესებს, აქტიურად ერთვება მთავრობის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკაში, გვევლინება მისი იდეოლოგიის გამტარებლად, მაგრამ ამავდროულად ითხოვს ეროვნული ეკლესიის ინტერესების დაკანონებას, რაც უწინარესად ავტოკეფალური უფლებების დაკანონება იყო5. სამამულო ომის პერიოდში საერთაშორისო ვითარებით ნაკარნახევმა საბჭოთა მთავრობის კომპრომისულ საეკლესიო პოლიტიკას ქართულმა ეკლესიამ შემხვედრი ნაბიჯებით უპასუხა და ცენტრალური ხელისუფლების თვალში აქტიურ მხარდამჭერად მოგვევლინა. აღნიშნულმა გარემოებამ ბუნებრივია მისდამი ნდობა კიდევ უფრო გააძლიერა, რაც კონკრეტულ ხელშემწყობ ნაბიჯებში გამოიხატა. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას რუსულ ეკლესიას ხელსაყრელი პერიოდი დაუდგა პატრიაქობის აღდგენისათვის. უმაღლესმა ხელისუფლებამ დააფასა ეკლესიის როლი სამამულო ომში; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების კრება შედგა მოსკოვში 1943 წლის 8 სექტემბერს. კრებას ესწრებოდა 19 იერარქი (3 მიტროპოლიტი, 1 არქიეპისკოპოსი, 5 ეპისკოპოსი). ეპისკოპოსების კრებამ რუსეთის პატრიარქად აირჩია პატრიარქის ტახტის მონაცვლე, მოსკოვისა და კოლომენსკოეს მიტროპოლიტი სერგი (სტრაგოროდსკი). 1943 წლის 12 სექტემბერს შედგა ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია6. სრულიად რუსეთის პატრიარქის არჩევას კმაყოფილებით შეხვდა საქართველოს ეკლესია, რამეთუ ამ ფაქტს უდიდესი როლის შესრულება შეეძლო ქართული ეკლესიის საბოლოო დამოუკიდებლობისათვის. ქვეყნის პოლიტიკურმა ვითარებამ ხელსაყრელი პირობები შექმნა საქართველოს ეკლესიის უფლებების აღიარებისათვის. კათოლოკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ისეთი პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც ადგილიდან დაძრავდა ქართული ეკლესიის აღიარების საკითხს. სამამულო ომში საქართველოს ეკლესიის დამსახურება, კათოლიკოს-პატრიარქს უფლებას აძლევდა ავტოკეფალიის აღდგენა მოეთხოვა რუსეთის ეკლესიისაგან. 1943 წლის 14 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მისალოცი დეპეშა გაუგზავნა სრულიად რუსეთის პატრიარქს სერგის და იმედი გამოთქვა მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ღვთის სადიდებლად. საპასუხო ტელეგრამაში პატრიარქმა სერგიმ გამოთქვა სურვილი, რომ "თანაცხოვრება ეკლესიებისა ხელს შეუწყობდა ამ ორი ხალხს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას”.
ორი საეკლესიო იერარქის ურთიერთობისაკენ ლტოლვამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ 1943 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო მთელ რიგ საკითხებზე შემამზადებელი მოლაპარაკებები. ამ მიზნით რუსეთის პატრიარქმა სერგიმ საქართველოს საკათალიკოსოში წარმოგზავნა მისი წარმოამადგენელი სტავროპოლისა და პიატიგორსკის არქიეპისკოპოსი მეუფე ანტონი. საქართვეელოს სასულიერო ხელისუფლებასთან შეხვედრისას არქიეპისკპოსმა ანტონმა აღნიშნა, რომ ის პატრიარქისგან მოვლინებული იყო საქართველოს ეკლესიის ხელისფლებასთან, რათა ადგილზე გამოერკვია რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ლოცვითი და კანონიკური განხეთქილების ლიკვიდაციის საშუალებანი. მან საეკლესიო კანონმდებლობიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ საეკლესიო საზღვრები უნდა დამთხვეოდა სამოქალაქოს, რომ რუსული საპატრიატრქო თანახმა იყო ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია საქართველოს სსრ-ს ფარგლებში. პარალელურად, მან ქართული ეკლესიისგან კატეგორიულად მოითხოვა სახელმწიფო პოლიტიკური კურსის აღიარება და მისდამი ერთგულება, რაც უნდა გამოხატულიყო რუსული ეკლესიის ანტიკანონიკური დაჯგუფებების უარყოფაში, მათთან ყოველგვარი ურთიერთობის აღკვეცაში7. კათოლიკოს პატრიარქ კალისიტრატეს განცხადებით ქართულ ეკლესიას არ გააჩნია ანტიკანონიკური გადახრა, რომელიც ხელს შეუშლიდა რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის კანონიკურ ურთიერთობათა აღდგენას, მას შემდეგ რაც კათოლიკოს-პატრიარქმა დაარწმუნა იგი თავისი ამომწურავი პასიხებით არქიეპისკოპოსმა ანტონმა მისი უწმინდესობის მოსკოვის პატრიარქის მიერ ბოძებული უფლებამოსილებით კანიონიკურად შესაძლებლად ჩათვალა ეთხოვნა ნებართვა ერთობლივ მსახურებაზე, რომელიც შედგა 1943 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს უძველეს საკათედრო ტაძარში სიონში, რითაც ფაქტიურად აღსდგა ლოცვითი თანაზიარება ორ ეკლესიას შორის. აღნიშნული მოვლენა მიმანიშნებელი იყო რუსული ეკლესიის მხრიდან ქართული ეკლესიის აღიარებისა8. მოსკოვს დაბრუნებულმა არქიეპისკოპოსმა ანტონმა საანგარიშო მოხსენებით სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის სერგის წინაშე ასეთის სახის განცხადება გააკეთა: გამომდინარე იქიდან, რომ რადიკალურად შეიცვალა საქართველოს სახელმწიფოებივი (იურიდიული) მდგომარეობა, მართალია იგი რჩება სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად, მაგრამ უკვე საბჭოთა კავშირის ნაციონალურ რესპუბლიკებთან ერთად და მათ მსგავსად აქვს თავისი განსაზღვრული სახელმწიფო ტერიტორია და მმართველობა, ამიტომ მართლმადიდებელი რუსული ეკლესია აბარებს რა წარსულს ყოველგვარ სჯულისმიერ ანგარიშსწორებებს და ცდილობს სიხარულით ხელგაშლილი შეხვდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც მუდამ ეძიებდა რუსეთის ეკლესიასთან თანამშრომლობას ლოცვებში და საიდუმლოებებში". აღნიშნულის საფუძველზე, რუსეთის უწმინდესმა სინოდმა განაჩინა: მიიღება რა მხედველობაში, რომ საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი იერარქიის სამღვდელო დასისა და სამწყსოს სახელით დაამტკიცა ქართული ეკლესიის უცვლელი გადაწყვეტილება, როგორც წარსულში ასევე აწმყოში და მომავალშიც დარჩეს წმინდა მოციქულთა და წმინდა მამათა მიერ გადმოცემული მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, შეინარჩუნოს და დაიცვას ეკლესიის კანონები, აღიარებულ იქნას: ა) ყოვლადუსაღმვდელოეს სტავროპოლის მთავარეპისკოპოსის ანტონის მოქმედება კანონიერად, რომელმაც 1943 წლის 31 ოქტომბერს უწმინდეს კათალიკოსთან ერთად და მისდამი დაქვემდებარებულ სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა ლოცვა და ევქარისტია, რითაც არ დაარღვია მოსკოვის უწმინდეს პატრიარქის მიერ ყოვლად უსამღვდელოეს ეპისკოპოსისადმი მინიჭებული უფლებამოსილება. ამგვარად: ბ)ჩვენდა სასიხარულოდ აღდგენილია ლოცვითი და ევქარისტული ურთიერთობა ქართულ და რუსულ ორ ავტოკეფალიურ დედა-ეკლესიებს შორის: გ) ეცნობოს მომხდარის შესახებ საქართველოს სსრ-ს ფარგლებში მყოფ მართლმადიდებელ სამწყსოს, და განვუმარტოთ მათ, რომ ამიერიდან მათი ვალია ღვთისმსახურებისას მოიხსენიონ იერარქიული თანმიმდევრობით საქართველოს უწმინდესი კათოლიკოსის და სხვა იერარქების სახელები და უეჭველად საიდუმლოთა აღსრულებისთვის მიმართონ ქართულ მღვდელთმსახურებს, როგორც მართლმადიდებლებს; დ) ეთხოვოს საქართველოს უწმინდეს კათოლიკოს-პატრიარქს მიიღოს საქართველოს სსრ-ში მცხოვრები მართლმადიდებელი რუსი მრევლი თავის საჭეთმპყრობილებაში და მიეცეთ მათ უფლება შეინარჩუნონ თავიანთ მღვდელმსახურებაში და სამრევლო პარაქტიკაში ის წესები და ჩვევები, რაც მიიღეს მათ რუსული კელესიისგან მემკვიდრეობით9.
სინოდალური განჩინების შემდეგ რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა სერგიმ წერილი გაუგზავნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კალისტრატეს, რომელშიც მიუთითებდა, რომ არ უნდა მიექცეს ყურადღება იმას, რაც იწერებოდა და ითქმოდა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, თუ მხარდასაჭერად. ასევე, არ უნდა დაიწყოს ურთიერთ-ანგარიშსწორებანი, რომლებიც ხელს უშლიდნენ მოცემული საკითხისადმი მიუკერძოებელ მიდგომას. საქართველოს ავტოკეფალია უკვე აღარ არის ამ ორ ეკლესიას შორის ცილობის საგანი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში რუსეთის ეკლესია ცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მის განჩინებაში: აღავლდენდა ლოცვით და ევქარისტულ კავშირს მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და საეკლესიო წესების დოგმატების დაცვის პირობით, კერძოდ განშორებას ლოცვით ურთიერთობისაგან პირებთან და საზოგადოებებთან, რომლებიც განყენებული იყვნენ ზიარებიდან რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სამსჯავროს მიერ10. ნიშანდობლივია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ რუსეთის პატრიარქმა წერილებით მიმართა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს და აცნობა, რომ ამიერიდან რუსეთის ეკლესია ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, აღნიშნულ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის თვითმოწესეობის შემდგომი საერთაშორისო აღიარებისათვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარებას რუსეთის ეკლესიის მიერ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც სასულიერო, ასევე საერო თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა ეკლესიის თვითმოწესეობის აღიარება აძლიერებდა ქართველთა ეროვნულ თვითმყოფადობა იდენტობას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანსვეტიც ისტორიულად სწორედ მართლმადიდებლური მრწამსი იყო, რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ უკანასკნელის შემდგომი განვითარებისა და საეკლესიო-დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებისათვის.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. დიმიტრი შველიძე. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში XX საუკუნის პირველ მესამედში. წგნ-ში: საქართველოს ისტორია. XIX საუკუნე. საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო. თბ. 2004. გვ. 68
2. მედეა ბენდელიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნის 20-30-იან წლებში. თბ. 2002. გვ. 123-124
3. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი, გამოსაცემად მოამზადა ლუკა ხუნდაძემ. თბ. 2005. გვ.4
4. ქეთევან პავლიაშვილი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დაკანონების საკითხი და კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III (XX საუკუნის 20-იანი წლები). კრ. “XX საუკუნის კათოლიკოს-პატრიარქები”. თბ. 2008. გვ. 27
5 ქეთევან პავლიაშვილი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დაკანონების საკითხი და კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III...გვ. 34-35
6 მერაბ ვაჩნაძე. ვახტანგ გურული. რუსეთის ეკლესიის ისტორია. ტომი I. ნაკვ.I. თბ. 2008. გვ. 82-83; Daniel H. Shubin. A History of Russian Christianity: Vol.IV Tsar Nicholas II to Gorbachev's Edict on the Freedom of Conscience. Agora Publishing. 2006. გვ. 145-150; Прот. Владислав Цыпин, История русской церкви (1917-1997). Москва, 1997. გვ. 249-252.
7 მედეა ბენდელიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნის... გვ. 137-138
8 ნიგზარ პაპუაშვილი. საქართველოს ეკლესია ორ მსოფლიო ომს შორის. თბ., 1996. გვ. 25
9 მედეა ბენდელიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნის.... გვ. 141-142
10 მედეა ბენდელიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნის.... გვ. 143.
|