There are no translations available.
<უკან დაბრუნება ...<<<ექსპონატები>>>
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა
გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი
ISSN 1987-7129
ქრისტიანობის კვლევები V
გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი 2010, გვ.29-34
ლედი მარკოზაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანობის ისტორიის სპეციალობის I კურსის მაგისტრანტი) - ოქონის ხატის ისტორიისათვის
"ოქონის ხატი" საქართველოს ისტორიაში XI საუკუნიდანაა ცნობილი, ხატის ირგვლივ აქტიური კვლევა XIX საუკუნის მიწურულიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა მეცნიერ-მკვლევართა მიერ შესწავლილი მასალის ურთიერთდაკავშირება და საერთო დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ არ მომხდარა. საკვლევია თვით ხატისა და მასთან დაკავშირებული ჯვარცმის ისტორია, გაურკვეველია ცნების "ოქონის ხატი" და "ჯვარცმა" - შინაარსი. ჩვენი ნაშრომი წარმოადგენს, მეცნიერ-მკვლევართა მიერ “ოქონის ხატის” ირგვლივ არსებული ზოგადი მასალის შეჯერებას, მითუფრო, რომ დღემდე კვლევის შედეგები და დასკვნები ერთობლიობაში წარმოდგენილი არ ყოფილა1. "ოქონის ხატი" თავის წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი. ჰერაკლეს იმპერატორობის დროს, არაბთა დაპყრობებით შეშფოთებულმა ხატის მცველებმა, სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი საქართველოში ჩამოაბრძანეს. XIII საუკუნიდან კი "ოქონის ხატი" გორში იქნა დაბრძანებული, როგორც გორის მფარველი და მცველი. საუკუნეთა მანძილზე სიწმინდეს კიდევ რამდენიმეს გზის შეუცვალეს ადგილი, საბოლოოდ კი 1925 წლიდან დაბრძანებულ იქნა ცხინვალის მუზეუმში.
2001 წელს კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ ოლეგ ზემლიანიკოვმა გასაყიდად წარადგინა სპილოს ძვლის უბრწყინვალესი ნიმუში ოქონის სამკარედი, როგორც გაირკვა აღნიშნული ხატი ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიკტის დროს 1991 წელს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ხატი იყო. ოქონის ტრიპტიქონმა საოცარი ვნებათაღელვა გამოიწვია არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, რომელიც მას საკუთარ განძად მიიჩნევს, არამედ მის გარეთაც, ვინაიდან ამ რიგის ნაწარმოები მსოფლიო საკუთრებად ითვლება2. 2004 წელს ხატი საქართველოში ჩამოაბრძანეს. "ოქონის ხატი" ყოველთვის იყო მკვლევართა და მეცნიერთა ინტერესის საგანი. XIX საუკუნიდან აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ რომელი ხატი იყო ნამდვილად ის ოქონის ხატი, რომელიც განსაკუთრებული პატივით ჩამოაბრძანეს საქართველოში. მკვლევართა ნაწილი ოქონის ხატად მიიჩნევს ღვთისმშობილის ხატს, ნაწილი ჯვარცმას, ბოლო პერიოდში თამარ მესხის მიერ გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს იყო მთავარანგელოზ მიქაელის ხატი. ხატის შესახებ ინფორმაცია დაცულია ვახტანგ VI-ის მიერ გარსევანიშვილებისათვის მიცემულ ორ გუჯარში; ერთი 1708 წლისაა, აზნაურობის მაძიებელ გარსევანიშვილებს წარუდგენიათ 1864 წლის სპეციალური კომისიისთვის, რომელიც ყალბად ცნეს. მეორე გუჯარი კი უთარიღოა, სწორედ ეს გუჯარი გვატყობინებს, რომ ოქონის ხატი იყო ბაგრატ IV ბიზანტიელი მეუღლის, ელენე დედოფლის მზითვი, სხვა ხატებთან და ძვირფასეულთან ერთად "თანა მოუშორებელად ჰქონდა მუნვე სახელსა ზედა ოქონის ღვთისმშობლისასა". ალექსანდრე გარსევანიშვილის მიხედვით სიწმინდეთა შორის იყო "ლურსმანი იესო ქრისტეს ჯვრისა და ნაწილი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლის სარტყლისა"3 ხატისთვის თან გამოუყოლებიათ მისივე მცველი დეკანოზი ფილიმონი თავისი სახლობით, რომელიც ამავე დროს იყო დედოფლის მოძღვარი და გარსევანიშვილების წინაპარი. ალექსანდრე გარსევანიშვილისავე თქმით ხატი ბაგრატ IVდან ვიდრე თამარ მეფემდე "იყო მეფის სასახლის ეკლესიასა შინა, დიდის პატივით, ქალაქს ტფილისს, ისანსა.."4. უთარიღო გუჯარში ვკითხულობთ, რომ თამარ დედოფალმა დღევანდელი გორის ტერიტორიაზე ნახა ბერი ათანასე, აქვე "იხილა ბორცვი ერთი, რომელი არს გორაკა კლდე "ტონთიოდ" სახელდებული"5 სწორედ ამ ბორცვზე ააგებინა "ოქონის ღვთისმშობლის" ეკლესია და აქვე დაასახლა გარსევანიშვილების წინაპრებიც, ალექსანდრე გარსევანიშვილი ათანასეს ასახელებს ფილიმონის შვილიშვილად, ასევე მოჰყავს თარიღი 1187 წელი, როდესაც აიგო ეს ტაძარი. 1868წლის ცისკარში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ამავე წელს თამარმა ააშენა გორი და ააგო მეორე ეკლესიაც, გორის ღვთისმშობლის ეკლესია, აქვე გვხვდება ცნობა, რომ პეტრე დოდაშვილმა მახლობლად კიდევ ერთი მცირე ეკლესია ააგო - ღვთისმშობლის მიძინებისა 6 სწორედ ამ ეკლესიაში უნებებია დედოფალს "ოქონის ხატის" გადმობრძანება, ანუ თუ აღნიშნულს დავეყრდნობით 1189 წლიდან ოქონის ხატი დაბრძანებულ იქნა გორში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ე.წ. ოქონის ხატის საყდარში - ოქონაში. ხატის შესახებ მეტად მნიშვნელოვანი ცნობაა დაცული ვახტანგ VI კიდევ ერთ გუჯარში, რომელიც მარი ბროსეს უნახავს და რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ რაც 1590 წელს ქართლის მეფე სვიმონ I ოფშკვითის ბრძოლაში დამარცხდა, ხატის მტვირთველი გარსევანიშვილი მოკლულ იქნა, ხატი კი "მეგრელებს და იმერლებს" დარჩათ 1661 წლამდე, როდესაც შახნავაზ I დააბრუნა ხატი თავის ადგილას. ამ გუჯარზე დაყრდნობით მარი ბროსე აცხადებს, რომ ოქონის ხატი ინახებიდა გორის პატარა ეკლესიაში, მის აზრს იზიარებს ასევე დიმიტრი ბაქრაძე. ხატის ზემოთ აღნიშნულმა მრავალგზის გადაადგილებამ ქართველ მკვლევართა შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ სად ინახებოდა და რომელი ხატი იყო ნამდვილი ოქონის ხატი, გორის მცველი და მფარველი. გარსევანიშვილის მიხედვით "ხატი იკონიისა არის ხის სამკარიანი, გაბმული ერთი მეორეზედ რკინის ანჯამებით. შუაზე არის გამოსახული მაცხოვარი, მარჯვნივ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი და მარცხნივ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ნამდვილი ხატი ღვთისმშობლისა, იკონიის ქალაქიდან მოსვენებული, არის აწინდელი, გორის მიძინების პრიხოდის ეკლესია-ოქონა"7. მოსაზრება აქვს გრაფინია უვაროვას, რომელმაც ეკლესიაში ნახა ორი ხატი: ღვთისმშობლის ჭედური მოოქროვილი ხატი, რომელიც მისივე აღნიშვნით ქართული ნახელავი იყო და ტრიპტიქონი, რომლის უკან ყოფილა მხედრული წარწერა, რომლის ამოკითხვა ვერ შეძლო. ამ ტრიპტიქონზე გამოსახული იყო სამი ხატი: მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. აღნიშნული ხატი პარასკევა უვაროვამ ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნია, ჩათვალა რომ არც ისე ძველი იყო. საქმე იმაში გახლდათ, რომ 1850-იან წლებში გოლიცინს ხატი სიძველის გამო სითხით გაუწმენდია, ხოლო 1863 წელს მღვდელმა იესე იაკობის ძე გარსევანიშვილმა ვერცხლით შეაჭედინა და ამის გამო ტოვებდა ერთი შეხედვით ნაკლებ ხანდაზმულობის იერს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ პარასკევა უვაროვა სპეციალური მისიით იყო მოვლინებული საქართველოში; უნდა შეესწავლა ქართული საგანძური, რომელსაც მეფის რუსეთი შემდეგში თვითონ მიითვისებდა, ქართული საგანძურის და სიწმინდეთა მნიშვნელობის დამცრობა კი უვაროვას პირდაპირი მოვალეობა იყო. გამორიცხულია მას არ სცოდნოდა ამ ხატის რეალური ღირებულება და ესოდენ დიდი მნიშვნელობა. განსხვავებული აზრი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც გამორიცხავს, როგორც ალექსანდრე გარსევანიშვილის ასევე პარასკევა უვაროვას ვარაუდს. მკვლევარს მტკიცებულებად მოჰყავს 1717 წლის ვახტანგ VI გუჯარი, სადაც გადმოცემულია "ოქონის ხატის" ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი "მოგზაურობა", თაყაიშვილის მტკიცებით, ხატზე რომელსაც ის მიიჩნევს ოქონის ხატად, სწორედ გუჯარში მოთხრობილი ისტორიაა აღწერილი. 1717 წლის გუჯარში აღწერილ ისტორიასთან კი საერთო არ აქვს არც გორში დაცულ და არც სოფელ ოქონაში პარასკევა უვაროვას მიერ ნანახ ხატთან. "ოქონის ხატის საფუძველს შეადგენდნენ ნაწილები წმინდანების რიცხვით 80, რომელნიც უჯრებად არიან დაყოფილნი და თითოეულს წმინდანის ნაწილს თავის ბუდე აქვს. ამათში ურევია თვით სამსჭვალიც უფლისა პატარა ოქროს მინანქრიან სვეტის მსგავს ბუდეში ჩასმული... ნაწილების წინაპირს დაფარული აქვს მინა და მინას ზემოდ ხატი ჯვარცმისა"8, რომელიც შინაარსით განიყოფა ორ ნაწილად. ეს ჯვარცმის ხატი თავისი ნაწილებითურთ ჩასვენებულია ვერცხლის კუბოში, მეცნიერი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია ნაწილებს ზემოდან ბიზანტიური წარმომავლობის სხვა ხატი ჰქონოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი მტრების მიერ განიძარცვა. წლების მანძილზე ოქონის ხატის ირგვლივ ჩატარდა არაერთი გამოკვლევა და ზემოთ აღნიშნულ ზოგიერთ საკითხს ნათელი მოეფინა; აღნიშნული გაუგებრობანი გამოწვეული იყო: ა) ოქონის ტრიპტიქონთან ერთად წამობრძანებული რამდენიმე სიწმინდისათვის დაახლოებით XIV საუკუნეში ცალკე ჯვარცმის და სანაწილის შექმნით. ბ) ოქონის ტრიპტიქონისა და ჯვარცმის პერიოდული დაშორებით, რამაც განაპირობა, სხვადასხა პერიოდის სიგელგუჯრებში ჯერ მხოლოდ ჯვარცმის დასახელება, შემდეგ ცალკე "ოქონის ხატის", ამჟამად კი ოქონის ხატი აღნიშნავს "ოქონის ტრიპტიქონს", "ოქონის ჯვარცმა"კი მოიხსენიება, როგორც გარსევანიშვილების საწინამძღვრო ჯვარცმა, სწორედ ეს უკანასკნელი აქვს აღწერილი თაყაიშვილს სანაწილესთან ერთად9. და ბოლოს მიმდინარე წელს გამოითქვა სრულიად ახალი ვარაუდი, რომელიც ბიზანტიოლოგ თამარ მესხს ეკუთვნის, მისი თქმით გორის მფარველი "ოქონის ხატი" არის მთავარანგელოზი მიქაელის; ხატზე მთავარანგელოზთან ერთად გამოსახულია ბერი არქიპო (ათანასე) ამ ხატის ბერძნული სახელია - "ტო ენ ჰონეს საუმა". "ჰონეს" ნიშნავს სასწაულს, მთავარანგელოზის ეპითეტია "ოხონიატა" და არტიკლის და სახელის შერწყმით მივიღეთ "ოქონი"10. აღნიშნული მოსაზრება მეტად საინტერესოა, მით უფრო, როგორც მეცნიერი აღნიშნავს ემყარება ბერძნულ წყაროებს, თუმცა ჯერ-ჯერობითარ არსებობს წყარო, სადაც გორის მფარველად მთავარანგელოზი მიქაელია დასახელებული. ამრიგად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე შესასწავლი და გასარკვევია, რომელიც შემდგომ მუშაობას მოითხოვს, თუმცა აღნიშნულ მასალაზე დაყრდნობით გამოვთქვავთ ვარაუდს, რომ გორის მფარველი ხატი არის ე.წ. "ოქონის ტრიპტიქონი", ვინაიდან გორის დაარსებამდეც და მის შემდგომაც, პირველი ეკლესიები სწორედ ღვთისმშობლის სახელობის იყო. ჩვენს თემაში წარმოვადგინეთ ის მასალა რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა. კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია და ამდენად არ მოგვეცა საშვალება გავცნობოდით და თემაში წარმოგვედგინა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. თამარ გოგოლაძე, ოქონის ჯვარცმის ისტორიის ხელნაწერი წყაროები, I საერთაშორისო სიმპოზიუმი "ქართული ხელნაწერი" მოხსენებათა თეზისები, თბ.,2009, გვ. 96
2. ლ. ხუსკივაძე-საქართველოს სიძველენი, 2004, გვ. 6
3. ცისკარი" - 1868წ. №2
4. "ცისკარი"-1868წ. №2
5. ე. მამისთვალიშვილი-გორის ისტორია, ტ I. 1994
6. ე. მამისთვალიშვილი-გორის ისტორია, ტ I. 1994
7. "ცისკარი"-1868წ. №2
8. "ივერია"-1900წ. N231
9. თამარ გოგოლაძე, ოქონის ჯვარცმის ისტორიის ხელნაწერი წყაროები, I საერთაშორისო სიმპოზიუმი "ქართული ხელნაწერი" მოხსენებათა თეზისები, თბ., 2009, გვ.96
10. www.sg-sakdari.ge
http://www.kheoba.ge/?cat=readmore&topic=206&lang=ka
http://www.sg-sakdari.ge/2009.php
|