topmenu

 

ს.დავითაშვილი - ორი აშოთან მუხრანბატონის მოღვაწეობის კვალი ათონის წმ.მთაზე

<უკან დაბრუნება...<<<სახელოვანი ქართველები//ქართველები წმინდა მიწაზე>>>

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა

გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი

ISSN 1987-7129

ქრისტიანობის კვლევები V

გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი 2010


სოფიო დავითაშვილი

თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის კურსდამთავრებული

ორი აშოთან მუხრანბატონის მოღვაწეობის კვალი ათონის წმინდა მთაზე

XIV-XV საუკუნეებში, პოლიტიკური დაშლილობისა და საერთო ეკონომიური დაქვეითების პირობებში საქართველოში საგრძნობლად დაქვეითებულმა შემოქმედებითმა აქტივობამ XVI-XVII საუკუნებისათვის შესამჩნევი აღმავლობა განიცადა. ირანისადმი მორჩილების პოლიტიკის ხარჯზე მოპოვებულ სიმშვიდეს, ადგილობრივი კულტურის აღორძინება მოჰყვა - ყოველივე ეს, პირველყოვლისა, ქვეყნის სხვადასხვა სამეფო-სამთავროებში კულტურის კერების განახლება-აღმოცენებაში გამოიხატა. აქტიურდება აღმშენებლობით-აღდგენითი, სამწიგნობრო თუ სხვა სახის მოღვაწეობა. ქართველი ხალხი კვლავ იცლის საკუთარი თვითმყოფადი შემოქმედებითი სულის ამოქმედებისათვის, ძალას იკრებს და არა მარტო საკუთარი კუთხეების მოვლას, არამედ საზღვარგარეთ - ათონსა და იერუსალიმში არსებული ქართული კერების ყურადღების მიქცევასაც ახერხებს. XIV საუკუნიდან ბერძეთაგან მიტაცებულ ივერთა სავანეში, ქართული ელემენტი თანდათან მცირდებოდა, მაგრამ ფაქტიურად მონასტერი მაინც საქართველოს კუთვნილებად ითვლებოდა; ამით აიხსნება, ის ფაქტი, რომ XV-XVI საუკუნეებში მუსულმანთა რბევისაგან დანგრეული და გაპარტახებული სასულიერო კერის ქართველი მესვეურები, თურქთაგან ქონებაჩამორმევისა და დავალიანებული მონასტრის ბერძენთაგანაც მიტოვების პირობებში, დახმარებისათვის უპირველესად საქართველოს მიმართავდნენ.1

XV საუკუნიდან ათონზე მოღვაწე ქართველებმა, სავანის აღდგენის თხოვნით დაიწყეს წარმომადგენლების გამოგზავნა საქართველოში. იმ დროიდან მოყოლებული, კვლავ ჩანს ქართველთა ღვაწლი ივერონის აღსადგენად და გადასარჩენად. შეწირულობათა წერილობითი აღწერა-დაფიქსირების წყალობით (იგულისხმება ქრონიკები), რომელთაც მონასტრის ქართველი ძმობა აწარმოებდა, ცნობილი ხდება იმ ქართველ მეფე-დედოფალთა სახელები, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ივერთა მონასტრის კვლავ აღორძინებაში. ამ ქრონიკების გარდა, საკმაოდ დაწვრილებით ცნობებს შეიცავს მომლოცველთა და მეცნიერთა ჩანაწერები, რომლებიც ემყარება მონასტრებში დაცულ სიგელ-გუჯრებსა და ნაწილობრივ ზეპირ გარდამოცემებს, რომელთაც მონასტრის ძმობა აცნობდა დაინტერესებულთ. ამ მასალების შეჯერება საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ქართველ შემწირველთა ღვაწლი ათონის მთაზე. კლევისას აღმოჩნდა, რომ ათონზე მუხრანბატონთა უკვდავსაყოფად ორი ადამიანი იღვწის და თან ორივე სახელით - აშოთანი. ისინი ერთმანეთთან თითქმის ერთი საუკუნით არიან დაშორებულნი. მათი სახელები ხშირად ჩანს ქართლის ცხოვრების ფურცლებზე, როგორც იმდროინდელი საქათველოს პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შექმნის მონაწილეებისა; ხოლო მათი ქტიტორული ღვაწლის განსაზღვრა კი მხოლოდ ზემოთ მოყვანილი წერილობითი თუ ზეპირი წყაროების გაცნობის შემდეგ ვლინდება. პირველად აშოთანის სახელი, 1560 წელს კარის ღვთისმშობლის ხატისათვის შეწირული სახარების ვერცხლში ნაჭედი ყდაზეა მოხსენიებული. ათონზე, აშოთანის სახელი, პირველად - 1560 წელს ივერიის ღვთისმშობლის ხატისათვის შეწირული სახარების ვერცხლში ნაჭედ ყდაზეა მოხსენიებული. საქტიტორო წარწერაში ვკითხულობთ: "ქ:ჩუენ საქართველოს ხელმწიფის ბიძაშვილმან ბაგრატოვანმან ბატონისშვილმან აშოთან შემოგწირე თქუენ პორტაიტისა ღმრთისმშობელსა წმიდა ესე სახარება. ვინც 11 ნახევდეთ, შენდობას ბრძანებდეთ, ამინ. ქორონიკონსა ხÀÁ~2 (6068-5508=1560 წელს) წარწერაში მოხსენიებული აშოთანი არის ლუარსაბ მეფის ბიძაშვილი და შემდგომში მთელი საქრისტიანოსათვის ცნობილი - წმ.ქეთევან წამებულის მამა. იმის გამო, რომ მას ვაჟი არ ჰყავდა, გამუხრანბატონების შემდეგ, ეს ტიტული მის ძმას, ვახტანგს და მის შთამომავლობას გადაეცა. აშოთანი, "ქართლის ცხოვრებაში" რამდენიმე ადგილას ჩანს, მაშინ როცა თხრობა ეხება სამუხრანბატონოს და როცა იხსენიებენ მის შვილებს: კახთა მეფის დავითის ცოლს - წმინდა მოწამე ქეთევანს და მეორე ქალიშვილს, დედისისმედს, რომელიც იყო მეუღლე ქაიხოსრო ათაბაგისა.3 სხვა მხრივ, იგი პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ ჩანს, წყაროები შემდეგ მისი გარდაცვალების დროს აფიქსირებს; იგი 1561 წელს, ანუ სახარების შეწირვიდან ერთი წლის შემდეგ, ძეგვში, სულტან შაჰვერდისთან ბრძოლაში დაღუპულა4. მეორე აშოთანის მოღვაწეობის პერიოდი ათონზე 1672-1687 წლებით შეიძლება განისაზღვროს; იგი, როგორც ქტიტორი, სხვადასხვა დოკუმენტში საკმაოდ ხშირად ჩანს. აშოთანი თავისი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ქველმოქმედია - იგი დიდძალ საფასს გასცემს თურქთაგან გაღარიბებული ათონის ივერთა მონასტრისათვის. მისი კვალი ათონის სხვა მონასტერშიც ჩანს (ამაზე ქვემოთ). აშოთანი იყო ქართლის მეფის, გიორგი XI-ის (1677-1688 წწ.) ბიძაშვილი5; იგი 1688-1692 წლებში განაგებდა სამუხრანბატონოს6.

მისი მთავრობის პერიოდს დაემთხვა ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის მებრძოლი გიორგი XI-ის გადაყენება ირანის შაჰის მიერ, და კახეთის ბაგრატიონთა შთამომავლის, გამაჰმადიანებული ერეკლე I-ის (1688-1703 წწ.) გამეფება. ერეკლე I-ს დაუმდაბლებია მეფე გიორგი XI-ის ერთგული მუხრანელები7. 1688 წლიდან, სტატუს ჩამორთმეულ აშოთანს ძვირფას შეწირულობათა გაღება ალბათ აღარ შეეძლო, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როცა "კუალად უვლინებდნენ მრავალსა საგანძურსა" დევნისაგან შევიწროებულნი და დამცრობილნი" აშოთან მუხრან-ბატონი, გივი ამილახორი და ნიკოლაოზ მაღალაშვილი, რათა მით დაუყოს პირი მეფემან (გიორგი XI - ს.დ.) ოსმალთა ანგართა8. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ იგი ათონისათვის დიდძალი საფასის გაღებას მხოლოდ 1688 წლამდე პერიოდში ახერხებს, მაშინ როცა მისი გვარი, გიორგი XI-ის წყალობით, ჯერ კიდევ ძლიერია. ათონის წმიდა მთისადმი მისი ღვაწლი ასეთია: ტ. გაბაშვილი, "მიმოსლვის" სხადასხვა რედაქციებში, ივერონის მონასტრისადმი ქართველთა ღვაწლის ყურადღებით აღწერისას შენიშნავს9 ..."პალატი დიდი, ხომლითა აღვსილი, საძმო ტრაპეზ, აღშენებული აშოთანისა მიერ მუხრანის ბატონისა თვით და ძით და ასულით იქ ხატიან. იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონიეს ბატონიშვილი იყოს". "...საძმო, პალატი, ტრაპეზი თავის ხომლებით გაწყობილი არის, აშენებული აშოთან მუხრანის ბატონისაგან (ახლა რომ აშოთან ყოფილა), თავისის შვილებით შინ ხატიან და ქართველებ მოხსენება უწერია. იქ ხატია კატალიკოზი ნიკოლოზ და იქავე მიცვალებულა, მგონია ბატონიშვლი ნიკოლოზ იყოს". ჩ. "საზოგადცხოვრებო ტრაპეზი თავისის ხომლითა და განწყობილობით აღუშენებია აშოთანს მუხრანის ბატონს... იქ ხატია კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონიეს, ბატონიშვილი იყოს" 10. ამ ცნობას ამყარებს XVI საუკუნის ქრონიკა, სადაც აშოთანის ეს ღვაწლი შემდეგნაირადაა ასახული: "შ დათას ას ოთხმეოცესა წელსა [ქრისტესით] ჩქობ, გავაკეთეთ კამარები ტრაპეზსა შინა და დახატულიცა იყო სრულიად წინამძრვრობასა დამასკელისა მღდელმონაზონის სკურტისასა, ხოლო წარსაგებელი იყო საქართველოითგან უგანათლებულესისა ბატონისა აშოთანის"11. ე.ი. 1672 წელს, აშოთანის წარსაგებლით კამარებით გაუმართავთ და მოუხატავთ მონასტრის სატრაპეზო12. საყურადღებოა, რომ ეს ქრონიკა აშოთანს "უგანათლებულესად" მოიხსენიებს. ამ წოდების შესახებ იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში - "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" დასძენს: "ხოლო მდაბალნი რომელთაც არა ხვდათ მეფობით შთამომავლობა, იხსენებოდნენ ტიტლოთი განათლებულესით, ბრწყინვალე თავადად, ვითარცა არს აწ მუხრანის თავადი, მუხრანის ბატონად წოდებული13.

• ისევ ტ.გაბაშვილი შენიშნავს, რომ იგი 1678 წელს, ქართლის მეფე გიორგი XI-სთან და იმერეთის მეფე არჩილთან ერთად, გუმბათების და პალატების აღდგენისთვის, ხარჯს იღებს კარაკალოს მონასტრისთვის14.

• 1680 წელს მისი ხარჯით აუშენებიათ, მონასტრის კარიბჭესთან მცირე ეკლესია, სადაც შემდეგ გადმოუსვენებიათ კარის ღვთისმშობლის ხატი15. ამაზე ტ.გაბაშვილი მონასტრის ტაძართა ზოგადად ჩამოთვლისას დასძენს: "სხვა გუმბათიანი ტაძარი პორტაიტისა - აღშენებული აშოთანის მიერ მუხრანის ბატონისა16. მოგვიანებით კი უფრო კონკრეტულად განმარტავს: ..."და ზედ გუმბათიანი მცირე ეკლესია აღუშენებია აშოთანს, თითონაც მას შინა სახია და ძე მისი ეზეკიელი. არა უწყოდი, თუ რომელი ეზეკიელის მამამ აღაშენა აშოთან".... "ზედ საყდარი აღუშენებია ხატისათვის აშოთანს მუხრანის ბატონსა, თვითონაც შიგ ხატია და ძე მისი ეზეკიელ გვერდით უხატია. მე ეგრე ვგონებ ქეთევან დედოფლის მამა აშოთან იყოს". ჩ. "და კარზედ ხატისათვის გუმბათიანი მცირე ტაძარი აღუგია აშოთანს მუხრანის ბატონსა, თვითონაც შიგ ხატია და ძე მისი იესე თან უხატია"17. როგორც სჩანს, მღვდელმთავარი საბოლოო რედაქციაში სწორად განსაზღვრავს აშოთანის ძის სახელს. ამასთანავე, მის მიერ რედაქციაში გამოთქმული ვარაუდი, რომ ეს აშოთანი ქეთევან დედოფლის მამა შეიძლება იყოს, არამართებულია, რადგან ქეთევან წამებულის მამას, რომელიც 1561 წელს გარდაიცვალა, ვაჟი არ ჰყოლია18. სწორედ ამიტომ გადავიდა მუხრანბატონობა მემკვიდრეობით მის ძმიშვილზე. ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ეს ეკლესია 1683 წელს, მოიხატა უნგრო-ვლახეთის მმართველის, სერბან კანტაკუზელის ხარჯით, პატრიარქ დიონისეს და ქართველი კათალიკოსის ნიკოლოზის მოღვაწეობის დროს19. პ.იოსელიანის ცნობით, ეს ეკლესია 1849 დაინგრა20; თუმცა ამ მის დასავლეთ კედელზე ახლაც არის შემორჩენილი აშოთანისა და იესეს გამოსახულებები. ა.ნატროშვილი და პ.უსპენსკი აშოთანის გამოსახულებასთან ერთად, ქაიხოსროს (ჯაყელი) და მზეჭაბუკს მოიხსენიებენ და არაფერს ამბობენ იესეს გამოსახულებაზე21.

• 1680 წელს უნდა იყოს შექმნილი ათონზე დაცული, აშოთანისაგან შეწირული ხატებიც. მაცხოვრის ხატზე, გამოსახულია თავშიშველი, მუხლებზე დამხობილი, მლოცველი აშოთანი. მეორე, ღვთისმშობლის ხატზე კი გამოსახულია აშოთანის ჯერ კიდევ ახალგაზრდა შვილი, იესე22.

• 1686 წლის შენაწირია წმიდანთა ნაქარგი გამოსახულებებით დაფარული ივერიის ღვთისმშობლის ხატის საჩრდილობელი ქოლგა, სადაც ამჯერად მეორე შვილთან - ქაიხოსროსთან ერთადაა გამოსახული23.

• 1687 წელს, აშოთანს მონასტრისთვის შეუწირავს ზემო ქართლის სოფელი ხვითი, თავისი გლეხებითა და მიწებით. სწორედ ამ შეწირულების აქტში იხსენიება მისი ორი ვაჟიშვილის სახელი: ქაიხოსრო და იესე24. როგორც ჩანს, აშოთან მუხრანბატონის ხარჯით, ივერიის მონასტერში ბევრი რამ გაკეთდა. მისი ზრუნვით მონასტერში აიგო და განახლდა ნაგებობები, მოიხატა სატრაპეზო, შეიქმნა ხატები, ივერიის ღმრთისმშბლის ხატისთვის ნაქარგი საჩრდილობელი კარავი, შეწირულ იქნა სოფელი. მუხრანბატონების საგვარეულოს წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ ქართული მწერლობისა და ისტორიის კარგი ცოდნით და მრავალმხრივ უწყობდნენ ხელს ქართული კულტურის განვითარებას; მუხრანბატონთა გვარის ამ ორი წარმომადგენლის კვალი ათონის მთაზე მკაფიო მოწმობაა გვიანი შუა საუკუნეების მანძილზე ქართველ მეფე-დედოფალთა და წარჩინებულთა სულიერი, ზნეობრივი, ეროვნული მისწრაფებებისა, და წინაპართა დანატოვარისადმი პასუხისმგებლიანი მოპყრობისა, რაც ივერთა მონასტრისადმი მათ მიერ გაწეულ ღვაწლშიც აისახებოდა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1 კ.კეკელიძე, მიტაცება ბერძენთა მიერ ქართული ლიტერატურის კერისა ათონზე და მისი მდგომარეობა XVI-XVII სს-ში, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, III, თბილისი, 1971 გვ. 80.

2 გ.მიქაძე, ათონის ივერთა მონასტრის ქართული სიძველენი, ისტორია საზოგადოებათმცოდნეობა გეოგრაფია სკოლაში, 1978, №3, გვ. 45-47. ავტორისავე შენიშვნით ასეთი რიცხვები ქორონიკონით წელთა აღრიცხვის სისტემისათვის შეუსაბამოა, ამიტომ შესაწირის თარიღის დასადგენად უნდა გამოვიყენოთ ერა - დასაბამითგან.

3 ქართლის ცხოვრება,II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1959, გვ. 433, 494, 538.

4 `_:სმთ: მეფე სვიმონ და ლეონ-მეფის ძე გიორგი ძეგვს შავერდი-სულტანს შეებნენ, შავერდის გაემარჯვა და მოჰკლეს გიორგი, ძე ლეონ მეფისა, და აშოთან, მეფის კოსტანტინეს ძის ძე, ფხოველთ მოკლეს...~ (თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ.II., თბილისი, 1897, გვ. 402).

5 დ.გვრიტიშვილის მიერ შედგენილი გენიალოგიის მიხედვით, ეს აშოთანი ნამდვილად მეფის ბიძაშვილია, ხოლო დ. ნინიძე საგვარეულო შტოს სხვაგვარად აწყობს და შესაბამისად ეს ნათესაური კავშირი არ ყალიბდება. ვინაიდან ერთერთ შეწირულობაზე აშოთანი (საჩრდილობელი ქოლგა) თავის თავს, ქეთევან წამებულის მამის მსგავსად მეფის ბიძაშვილად მოიხსენიებს, სარწმუნოდ დ.გვრიტიშვილისეული გენიალოგია მივიჩნიე და იმით ვიხელმძღვანელე.

6 დ.გვრიტიშვილი, გვიანფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, დისერტაცია, თბილისი, 1952; დ. ნინიძე, ბაგრატოვანთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია XIII-XVIII სს-ში, თბილისი, 2004. გვ. 184-185; А.Калиновский, Г, виев де Правда? История Афонского Иверского Монастыря, Петербургъ, 1885; П. Успенский, Первое путешествіе Афонские монастыри в 1845 году, ч. I, отд. II, киев, 1877; П. Успенский, История Афона, III, киев, 1877.

7 დ.ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 184; (შდრ. ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1959, გვ. 465.)

8 იქვე, ვვ. 184 (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 466).

9 ....ჩ ლიტერებით აღნიშნულია ტ.გაბაშვილის "მიმოსლვის" ტექსტის სამი რედაქცია.

10 ტ.გაბაშვილი, მიმოსლვა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა, თბ., 1956, გვ. 21; "მიმოსლვის" სხვადასხვა რედაქციაში ჩანს, რომ სატრაპეზოში, აშოთანი თავის ძესთან და ასულთან ერთად არის გამოსახული, თუმცა არცერთი საბუთით არ დასტურდება, რომ მას ასულიც ჰყავდა.

11 კ.კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, III, მიტაცება ბერძენთა მიერ ქართული ლიტერატურის კერისა ათონზე და მისი მდგომარეობა XVI-XVII სს-ში, გვ. 79, 86.

12 П. Успенский, Первое путешествіе ..., стр.191. მისივე - История Афона, III, стр. 410; А. Натроев, Иверскій Монастырь на Афонђ въ Турціи,тифлис, 1910 г. стр.59; ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, II, 1988, გვ. 230.

13 სამუხრანბატონოსა და მუხრანბატონთა წარმოშობისათვის, ჟ. "არტანუჯი", 5, 1996, გვ. 22-23;

14 ლ.მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, II, 1980, გვ. 230, შენ.307. ლ.მენაბდის შენიშვნით, ამ ცნობის წყარო უცნობია.

15 კ.კეკელიძე, მიტაცება..., გვ.80; А. Калиновский, Где Правда?..., стр.23-24; А. Натроев, დასახ. ნაშრ., стр. 63, 201-202; П. Успенский, Первое путешествіе ..., стр. 193. მისი თქმით, თავად ტაძრის ფასადზე დატანილი ორი წარწერით ირკვევა, რომ იგი აუშენებია მოწყალე მმართველ აშოთანს და სტეფანეს (?); ლ. მენაბდე, დას. ნაშ., გვ. 230.

16 ტ.გაბაშვილი, მიმოსლვა, გვ. 1813-14.

17 იქვე, გვ. 1917-19.

18 ქართლის ცხოვრება, II, გვ. 433.

19 А. Натроев, დასახ. ნაშ., გვ. 202; П. Успенский. Первое путешествіе..., стр.194 სადაც ამატებს, რომ ტაძარი მოიხატა ექვთიმეს იღუმენობისას.

20 ლ.მენაბდე, დასახ. ნაშ., გვ. 230; პ. იოსელიანი, `მოხილუა~, გვ.43, შენ. 20.

21 А.Натроев, დასახ. ნაშ., გვ. 56. ; П. Успенский. Первое путешествіе..., стр.190.

22 А.Натроев, დასახ. ნაშ., გვ. 60-61; П. Успенский. Первое путешествіе..., стр. 200-201. შენიშვნა: ეს ხატები ახლაცაა ივერონში, თუმცა სტატიის ხელმძრვანელის, ზ.სხირტლაძის შენიშვნით, მათი ქართული წარმომავლობა და გამოსახულ პირთა უსპენსკისეული იდენტიპიკაცია გადამოწმებას საჭიროებს.

23 ამ საჩრდილობელის შესახებ სტატიის გამოქვეყნება იგეგმება უახლოეს მომავალში (ავტორის შენიშვნა)

24 А.Натроев, დასახ. ნაშ., გვ. 300-303; А. Калиновский, დასახ. ნაშრ. стр.26-28.