There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები//(ტაო-კლარჯეთი)>>>
ზურაბ ბატიაშილი (დარუჯანაშვილი) - ლაზური წარწერები პარხლის ეკლესიაზე
ზუსტად არაა ცნობილი, თუ როდის დაიწყეს ძველმა კოლხებმა წერა. მაგრამ ზოგიერთი ისტორიული ცნობა გარკვეულ მინიშნებებს იძლევა. ძველი ბერძენი მეცნიერი აპოლონ როდოსელი (ძვ. წ. 295-215) კოლხების შესახებ წერდა: "კოლხებს ახლაც შენახული აქვთ ფიცრები (კირბები), რომლებზედაც მათი მამა-პაპის მიერ წარწერებია გაკეთებული და მოგზაურობისათვის ნაჩვენებია ყველა გზა და წყლისა და ხმელეთის საზღვრები"1. IV საუკუნეში ქ.ფაზისში (დღევანდელი ფოთი) წარმატებით ფუნქციონირებდა კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა2. ძველი კოლხების წერისადმი მიდრეკილება კარგად ჩანს ერთ ლაზურ გამონათქვამში "ნჭარი დე ნოშქერითე ნჭარი" (წერე და თუ თუ გინდა ნახშირით წერე). ამ რეგიონში საუკუნეთა განმავლობაში უამრავი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დოკუმენტების უმრავლესობა ან განადგურდა, ან დაიკარგა. მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი არ განადგურებულა. ართვინის ვილაიეთის იუსუფელის ილჩეში მდებარე ს.ალთიფარმაქის (პარხალი) მეჩეთად ქცეულ ეკლესიის კედლებზე ძველი ქართული დამწერლობით შედგენილ წარწერებში ქართულის გარდა ლაზური სიტყვებიც გვხვდება. როგორც სპეციალისტები წერენ, იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეს დიდი ზომის ეკლესია X საუკუნეში (973 წლამდე) უნდა იყოს აგებული3.
ეკლესიის სამხრეთი კედლის მერვე კამარაზე ქართული დამწერლობის ხუცურ-მხედრული ასოებით დაწერილ ქართულ წინადადებაში იკითხება ტერმინი ჩასდუდარაÁ. ეს ტერმინი არ გვხვდება ქართულ ლიტერატურაში. ქართულ ენაში არ არის ასეთი სიტყვა ან ტერმინი. ნ.მარის მოსაზრებით ჩასდუდარა ლაზურია. მარის მიხედვით კავკასიურ ენებში სიტყვები "თავი", "მთა" და "ცა" ხუროთმოძღვრების თვალსაზრისით ნიშნავს "კამარას". ამის საუკეთესო ნიმუში პარხლის ეკლესიაზე არსებული ტერმინი ჩასდუდარაÁ-ა. ეს ტერმინი ორი სიტყვისაგან (ჩა და დუდ) შედგება. ჩა იგივეა, რაც ცა (ჩა-ს შეცვლა ცა-თი შენიშნულია სამეგრელოს სოფლისა და მისი მონასტრის სახელში: "ჩაისი" "ცაიშის" მაგიერ); დუდ ანუ დუდი ჭანურ-მეგრული სიტყვაა და ნიშნავს თავს; ხოლო არ კარგად ცნობილი დაბოლოებაა მრავლობითი რიცხვისა, რომელიც შენახულია აგრეთვე სვანურ ენაში. ერთი სიტყვით, "ჩას-დუდ-არა" კამარებს ნიშნავს4. ექ.თაყაიშვილის მოსაზრებით წარწერაში ნახსენები კურაპალატი - დავით დიდი, ტაოს კურაპალატია (გარდაიცვალა 1001 წ), რომელსაც პარხლის სახარების მინაწერის თანახმად, პარხლის ტაძრის შენება 973 წელზე ადრე უნდა დაემთავრებინა5. ექ.თაყაიშვილი იქვე წერს: "უეჭველია, რომ წარწერა შესრულებულია პარხლის წინამძღვრის იოანეს მიერ, რომელიც ლოცვით იხსენიებს მეორე წინამძღარს გიორგის (საქართველოში მონასტრებს ზოგჯერ ორ-ორი წინამძღვარი ჰყავდათ ხოლმე)6." ლაზური სიტყვები გვხვდება ეკლესიის მეცხრე კამარაზე არსებულ ნახევრად გადაშლილ წარწერაზეც. ამ წარწერებში მოხსენიებულია მშენებლობაში მონაწილენი და ხელისშემწყობნი. აქ ერთგან ისევ ძველი ქართული დამწერლობით შედგენილი შანიფხე კოჩემაისათა იკითხება. როგორც ი.ყიფშიძე აღნიშნავს "ფხე" ჭანურ-მეგრულში ასულს, ქალს ნიშნავს და ემატებოდა ხოლმე გვარს მდედრობითი სქესის აღსანიშნავად7. მამაკაცის ამ გვარის ქართული დაბოლოება იქნება "ძე".
ქართველებში დღემდეა შემორჩენილი გვარი შანიძე. სიტყვა კოჩემაი-ს სრულად ახსნა შეუძლებელია. მაგრამ ყველამ იცის, რომ სიტყვა კოჩი ლაზურ-მეგრულში კაცი-ს მნიშვნელობით იხმარება. ეპიგრაფიკით მდიდარ პარხლის ეკლესიაზე ბევრი წარწერა დროთა განმავლობაში სრულად ან ნაწილობრივ წაშლილა. დღის გარკვეულ მონაკვეთებში ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე ჩნდება ზოგიერთ ასოთა და სიტყვათა ნაწილები. სამწუხაროდ აღმოსავლეთ კედელზე არსებული წარწერათა ნაშთები დღემდე სერიოზულად არ ყოფილა შესწავლილი. თუ ასეთი კვლევა ჩატარდა, ქართულთან ერთად შესაძლოა ლაზური ასოები და სიტყვებიც გამოჩნდეს. პარხალში ლაზურენოვანი წარწერების არსებობა სრულიად ბუნებრივია. ეს შავიზღვისპირეთისკენ მიმავალი ყველაზე მოსახერხებელი გზა იყო. ამ გზას ლაზებიც ხშირად იყენებდნენ. ამის ნათელი მაგალითია პარხლის სიახლოვეს მდებარე ქართული სოფლის იუქსექობას (ქობაქი) ერთ-ერთი უბნის სახელწოდება ნეკნარი (სიტყვა ნეკნა ლაზურია და კარს ნიშნავს8). ამის გარდა ლაზები ტრადიციულად სავაჭროდ გადმოდიოდნენ პარხალში, რომელიც ადრე დაბა იყო. დაახლოებით 90 წლის წინ აქ ჩასული ჯგუფი აღნიშნავდა, რომ ჯამე-ბაზილიკის ეზოში ყოველ პარასკევს ბაზრობა იმართებოდა. ამ ბაზრობაზე მთის გადაღმიდან მოდიოდნენ ჭანები ანუ ლაზები, რომელთაც გასაყიდად მოჰქონდათ ხის ნაწარმი და კონსტანტიპოლური იაფი ფართალი. ბაზარშივე მუშაობდნენ მკერავები, ეწყობოდა სხვადასხვა სავაჭრო გარიგება, იყიდებოდა სიმინდი და ირჩეოდა საჩივრები9. პარხალში ადრე ლაზებიც ცხოვრობდნენ. სოფლის ერთი უბნის სახელი ახლაც ლაზგილი-ა, რაც ლაზიანთ-ს ნიშნავს. 90 წლის წინ აქ ამოსული ჯგუფიც წერდა, რომ ერთ-ერთი უბნის სახელი ლაზგილი იყო10. პარხლის ეკლესიაზე არსებული ლაზური წარწერა თვალნათლივ აჩვენებს თუ რომელი ანბანით იწერებოდა ლაზური.
_____________________________________________________
1. ზარდალიშვილი გრ., "გამოჩენილი ქართველი მოგზაურები", თბილისი, 1958, გვ.7.
2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.10, თბილისი, 1986, გვ.238.
3. თაყაიშვილი ექ., "1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში", თბილისი, 1960, გვ.88.
4. Марр Н., «Избранные работы», т. 3, 1934, стр.199-218.
5. თაყაიშვილი ექ., "1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში", თბილისი, 1960, გვ.89-91.
6. თაყაიშვილი ექ., "1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში", თბილისი, 1960, გვ.91.
7. Кипшидзе И., «Граматика Мингрельсково языка», СПБ, 1914, стр.400.
8. www.yusufelidernegi.org. 16.07.2003
9. თაყაიშვილი ექ., "1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში", თბილისი, 1960, გვ.83.
10. თაყაიშვილი ექ., "1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში", თბილისი, 1960, გვ.83.
|