topmenu

 

ამბროლაური - გ.ბოჭორიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ციხე - ქალაქები და ეკლესიები>>>

 

ამბროლაური - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.137-142

ამბროლაური მოხსენებული აქვს ვახუშტის თავის გეოგრაფიაში. იგი წერს: "ამბროლაურს ყოფილა სასახლე აწინდელთა მეფეთა ადგილის შემკობილებისა-თვის"-ო (გეოგრ.374). სასახლისა დღეს ნაშთიც აღარ არის. ისტორიული ადგილი კი, სახელდობრ, დღევანდელი სკოლის ეზო და მიდამო ახლაც ისევ შემკულია ბუნებით და საუცხოო სანახაობას წარმოადგენს ზაფხულში; ეს არის მცირე, ოდნავ ამაღლებული ლამაზი და მშვენიერი ვაკობი, რომელზედაც დგას ორი მრავალსაუკუნოვანი შესანიშნავი ცაცხვის ხე; ერთი (დასავლეთ მხარეს) კოშკით და მეორე (აღმოსავლეთ მხარეს) ეკლესიის ნანგრევით. აღვწერ ამ ძეგლებს. ცაცხვის ხეები დგას ეზოს შუა გულში ერთი აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით. აღმოსავლეთით მდგომი ცეცხვის ხის ძირას, ჩრდილოეთით არის სწორი ქვა, ზომით 2,6X1,77X0,12 მ. დადებული ოთხ მრგვალ დაბალ ფეხზე. მეორე, დასავლეთით მდგომი ცაცხვის ხის სამხრეთით არის მეორე სწორი ქვა, ზომით 3X1,37X0,31 მ, დადებული აგრეთვე ოთხ მრგვალ დაბალ ფეხზე. ორივე ეს ქვა მაგიდისმაგვარია და საზაფხულო სუფრად უნდა ყოფილიყო (?) მეფის სასახლის წინ, რომელიც (სასახლე) აქვე, მახლობელ მიდამოში იქნებოდა.

ცაცხვის ხეების დასავლეთით დგას ქვიტკირის კოშკი ოთკუთხი ფორმისა. ცაცხვის ხეების დასავლეთით დგას ქვიტკირის კოშკი ოთხკუთხი ფორმისა. ცაცხვის ხეების აღმოსავლეთით არის ღვთისმშობლის (?) ეკლესიის ნანგრევი. ეკლესია უკანასკნელ ხანამდე მთელი ყოფილა. იგი დაუნგრევიათ 1925 წელს. დღეს მის ადგილას მხოლოდ ნანგრევიღა არის 1მ სიმაღლისა. ეკლესია ერთნავიანი შენობა ყოფილა 10,4X5,9 მ. ნაგები თლილი მოთეთრო ქვისა და კირისაგან. ნანგრევის გარშემო არის კარ-სარკმლიდან ჩამოყრილი შესანიშნავი ქვები, სახელდობრ:

1. დასავლეთის კარის თავის ქვა, 1,83X1,03X0,23 მ. ნახევარწრის ფორმისა, შემკული ჩუქურთმითა, ჯვრის გამოსახულებით და წარწერით, მარცხენა მხარე დაზიანებული (მომტვრეული აქვს ორი ნატეხი, რომელიც იქვე ინახება).
2. იმავე კარის სიმაღლის ქვა, 1,8X0,58X0,33 მ, შემკული ჩუქურთმით.
3. იმავე კარის სიმაღლის ქვა, 1,8X0,52X0,31 მ შემკული ჩუქურთმით.
4. სამხრეთი კარის თავის ქვა 0,98X1,55 X0,25 მ. ნახევარწრის ფორმისა, შემკული ჩუქურთმითა, ჯვრის გამოსახულებით და წარწერით.
5. იმავე კარის სიმაღლის ქვა, 1,79 X 0,45 X 0,22 მ შემკული ჩუქურთმით.
6. იმავე კარის სიმაღლის ქვა, 1,79 X 0,48 X 0,38 მ შემკული ჩუქურთმით.
7. სარკმლის ქვა, 1,08 X 0,71 X 0,31 მ. შემკული ჩუქურთმით.
8. ქვა, 76 X 57 X 16 სმ. შემკული ჩუქურთმით.
წარწერები:
პირველი ნომრით აღწერილ დასავლეთი კარის თავის ქვას აქვს წარწერები:
ჯვრის თავზე ასომთავრულად:
j~ i q~e Z~ la mt~Ta
- ჯვარი ქრისტესი - ძლევა მტერთა
(წარწერას ბროსე შეცდომით კითხულობს: "ჯიუ ძისა მეოხ, დ..." ჯვრის ქვევით მხედრულად:
1. ქწ ადიდნეს: ღთ~ნ;. (ბროსე: ადიდენ) ორთავე:. შინა:. ცხორებათა მეფეთ:. მეფე
2. გიორგი:. და:. თანა:. მეცხედრე:. მისი დედოფალთ:. დედოფალი თამარ.
3. და ძენი:. მათნი:. ალექსანდრე:. როსტომ:. და მამკაი (იკითხება მამუკაი; ბროსე კითხულობს: „მაიას“-ს):. აწდა:. უკუნისამდე. ა~ნ:.
მეოთხე ნომრით აღწერილ სამხრეთ კარის თავის ქვაზე არის მხედრული წარწერა: 1. [ქწ ადიდენ] მეფე გიორგი სო... [აღაშენა] ეკლესია
2. [ესე] ყოვლად:. წმიდისა:. ღ~თის:. მშობელისა:. საოხად:. სული
3. სა... მისისათვის... (ამ ნაწერიდან ბროსეს მარტო მეორე სტრიქონის ორი სიტყვა აქვს გადმოწერილი, სახელდობრ: ...ღვთისა მშობლისა (იქვე); იგი ამბობს, წარწერა გადასულია და მარტო ეს ამოვიკითხეო)
ბროსე ფიქრობს, რომ წარწერაში მოხსენებული მეფე არის იმერეთის მეფე გიორგი II, რაც შეცდომაა: ეს არის მეფე გიორგი III (მეუღლით თამარით და შვილებით: ალექსანდრე, როსტომ და მამუკაი, რომელიც მოხსენებულია გელათისათვის მიცემულ ორ შეწირულების წიგნში - 1604 და 1630 წწ. (საეკლესიო საბ. I, 48). ადგილობრივ პირთა ცნობით, ეკლესიაში იატაკზე ყოფილა ადგილის უკანასკნელ მეპატრონეთა - მაჩაბელთა გვარის ერთ-ერთი წევრის საფლავის ქვა. ეკლესიის დანგრევის დროს განუზრახავთ მისი ახდა და საფლავის გათხრა: ქვა გაუტეხიათ, მაგრამ მერმე თავი გაუნებებიათ და დღეს იგი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილიო.
სიძველე:
(ქ. 1886). ფიცარზე ნახატი ღვთისმშობლის ხატი, 26,5 X 20 სმ შეჭედილი ვერცხლით, ოქროს წყალში დაფერილი და შემკული 62 დიდ-პატარა თვლითა და წვრილი მარგალიტით (აკლია თვალიცა და მარგალიტიც. ხატთან ინახება სხვა, რომელიღაც ხატის თვალი. ხატის ქვედა ნაწილში აშიის ადგილას აქვს ასომთავრული წარწერა.

 

"ქწ. ღმერთო და წმიდაო ამბროლაურისა ღვთისმშობელო, დაიცავ ორთავე შინა ცხოვრებათა მამკობი და შემომწირველი თქვენი მთავარეპისკოპოზი ჯაფარიძე სვიმონ". წარწერა ყურადღებას იპყრობს დამწერლობის მხრივ: მასში ორ ადგილას ა-ს ნაცვლად ნახმარია ჲ, რომელიც აქ გადმოცემულია შავად. ხატი ეკუთვნის XVII ს. წარწერაში მოხსენებული მთავარეპისკოპოზი სვიმონ ჯაფარიძე ამ ხანის პირი არის. იგი მოხსენებულია რუსეთის ელჩების ტოლოჩანოვისა და იევლევის აღწერილობში რამდენიმე ადგილას; ის არის ძმა მოლარეთუხუცესის ლომკაც ჯაფარიძისა, მას აქვს სასახლე და ფიცრული ეკლესია მთავარანგელოზის სახელზე კრიხულას აქეთ მდ.რიონთან. იგი იწვევს ელჩებს ეკლესიაში, სადაც ისინი ნახულობენ: 1. დროშა-ჯვარს, ანუ მღვდელმთავრის წინსაძღოლს, შეჭედილს ვერცხლით და შემკულს თავში ოქროს ჯვრითა და თვალმარგალიტით და 2.ღვთისმშობლის ხატს, შეჭედილს ოქროთი და შემკულს ძვირფასი თვლებით. ამ სიძველეთაგან პირველი   დღეს არსადა ჩანს. ხოლო მეორე შესაძლებელია იყოს ზემოთაღწერილი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ოქროსი კი არ არის, როგორც ამას ელჩები წერენ, მაგრამ ოქროს წყალში კი არის დაფერილი. იგივე მთავარეპისკოპოსი სიმონი ხელს აწერს იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის 1651 წლის საფიცრის წიგნს. ადგილობრივი რაიაღმასკომის სახლი ფიცრის შენობაა, მრავალთვალი, ჩამოტანილი ძველად (1900 წლებში) სოფ.სხვავადან; იგი განახლებულ-გადაკეთებული უნდა იყოს. მას აქვს შესანიშნავი ჩუქურთმიანი ხეები, სახელდობრ: აივნის სვეტი, შეღებილი წითლად - 7 ცალი, სიგრძის კოჭი, შეღებილი თეთრად, სახლის წინა მხარეს, მაღლა - 2 ცალი; ისეთივე კოჭები, შეღებილი წითლად, სახლის: გარშემო, ძირს - 7 ცალი: სულ ერთად 16 ცალი. პირველი 9 (7+2) ხე საუცხოო ნამუშევარია. ეკუთვნიან XVI -XVII სს. ამბროლაურის ღვთისმშობლის ეკლესიაში საკურთხევლის წინ სამხრეთ მხარეს აქვს ქვიტკირით ამოგებული საფლავი; ზედა ქვა აკლია და აქვე გდია ზომით არის 297X83X15 სმ. მისი აშიები შემკულია ორნამენტებით, ზევითა ნაწილში (თავში) გამოსახულია ხე, ხოლო მის ქვეშ წრაწერა მხედრულად:

ქვემდებარე ვარ საფლავსა ამას კნიაზის -

მაჩაბლის ზურაბის შვილი

სახელ წოდებით იესე მერქვა ვიყავ

გონებით კეთილ ზრდილი

5. უნდო სიკვდილმა წამით მიმხადა თვა-

ლთა მომკიდა ვუკუნის ძილი

და ცოლ შვილი მჭუნვით შე-

ვმოსე მიწას მივბარდი ვარ მისი შვილი

ყოვლი კაც მიცნობდენ დიდის ოჯახის შვილობით

10. კეთილის გულის გულის მექონი ყველასთან ვიყავ შვიდობით?

...ვთ (აქ შენახულა ასოს ნაშთი, იქნებ ნ-ს თავი იყოს, წინა ასოები კი სულ ამოტეხილია) მიხელთა სოფელმა აწ ჩემთვის გახდა ფლიდობით

წვრილიშვილები დავსტოვე გული უწყლულე ობლობით

ცოლი დავსტოვე ყმაწვილი მას დაუწყლულე გულია

ერთხორცთა ერთად (sic) ნაკურთხთა გაშორდა ჩემი სულია

15. აღარ მითვისა სოფელმა ხედავთ მარადის კრულია

თქვენც არ გინდობსთ მხედველთ ძველათ უძს ეს სჯულია?

ნუ სტირის ჩემთვის ცოლშვილი ნურც აქვსთ ჩემიმი (sic) ჯავრია

მიმიძღვის ანგელოზები ქ~ეს იესოს ჯვარია

ახლოს ღაღდებს (?) გუნდივე ანგელოზებთა ჯარია

20. უკუნისამდე ვიხარებ მმს? მარჯვენით სხდომარი

წინ მიძს ნათელი ციურნი ვარ მარდ? ლხინს შვებასა?

მოყვასთა გთხვ (?) არ იწუხოთ თავი? არ მისცეთ ვნებასა

ვერ მშელის (sic) თქვენი წუხება ნუ გარდახთებით ცნებასა

თქვენი უწესოთ მოქცევა აქ მეცა მომცემს? ვნებასა

25 აღვესრულე ჩყმე სეკდენბრის მეათერთმეტე რიცხვს

აქვე მახლობლად შენახულა ქვები:

1. სარკმლის პირი ჩუქურთმით.

2. სამხრეთი კარის თავის ქვა წარწერით.

3. დასავლეთი კარის თავის ქვა წარწერით

4. კარის სვეტები ჩუქურთმიანი 4 ცალი.