topmenu

 

ნიკორწმინდის ეპარქია

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ეკლესიის ეპარქიები>>>

ნიკორწმინდის ეპარქია (ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ონისა და ამბროლაურის რაიონები)

მთავარეპისკოპოსი ელისე (ელდარ ჯოხაძე)

დაბ. - 1949 წ. ონის რაიონი, სოფ. შქმერი;
1972 - პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1985 - მღვდლად კურთხევა;
1985-1994 - მოძღვარი ნიკორწმინდაში, დიდუბის ეკლესიაში;
1994-1996 - მოძღვარი ანჩისხატის, მეტეხის ეკლესიებში;
15.03.1996 - ბერად აღკვეცა;
17.03.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა;
2002 - ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი.

ნიკორწმინდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ კუთხეს - რაჭას მოიცავს და მდინარე რიონის ზემო წელის აუზზეა განვრცობილი. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, დასავლეთიდან - ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან - ქუთაის-გაენათისა და საჩხერე-ჭიათურის ეპარქიები, ჩრდილოეთი მიჯნა კავკასიონის ცენტრალური ქედს მიჰყვება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში, რეგიონების მიხედვით, საეკლესიო დანაწილების მხრივ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ერთი ეპარქიის იურისდიქცია და საზღვრები ვრცელდება მხოლოდ ერთ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კუთხეზე. ისტორიული კუთხე - რაჭა და ნიკორწმინდის ეპარქია ერთსა და იმავე გეორგაფიულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაა. ასე იყო ადრიდანვე, XIV ს-დან, რაჭის ერთ მსხვილ საეკლესიო იურიდულ ერთეულად, წმ.ნიკოლოზის სახელობის ეპარქიად ჩამოყალიბებისთანავე. ეს რეგიონი სახელდების მხრივაც ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს. როგორც წესი, ახლადდაარსებულ ეპარქიას სახელი ძირითადად ისტორიულად ჩამოყალიბებული ადგილმდებარეობის მიხედვით ეძლეოდა. ამ შემთხვევაში კი ეპარქიას ამ მხარეში არსებული დიდი მონასტრის - წმ.ნიკოლოზის (ნიკოლაოზწმიდის - ნიკორწმიდის) სახელი ეწოდა, ხოლო რაჭის სახელწოდების წარმოშობის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ისტორიულ და გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების შესაბამისად, რაჭას სამ ნაწილად ყოფენ: ქვემო რაჭა, ზემო რაჭა და მთა რაჭა. ქვემო და ზემო რაჭის საზღვრად მიჩნეულია ხიდიკარი. ისტორიულად ზემო რაჭა ხიდიკარიდან ზემოთ მდ. ლუხუნის, რიონის ზემო წელისა და ჯეჯორას აუზებს მოიცავდა. წლების მანძილზე ჯეჯორას ხეობა - ისტორიული წონა და კუდარო, საქართველოს უსაფუძვლო, არასამართლებრივი ადმინისტრაციული დაყოფის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. უწერის ზემოთ „ჭიდროთაგან“ (ადრე „იწროთასაც“ უწოდებდნენ) ტერიტორიას მთის რაჭა ეწოდება. გარკვეულ დროს, ზემო რაჭის მთის ეს რეგიონი - მთის რაჭა - არ შედიოდა ნიკორწმინდის ეპარქიის შემადგენლობაში და იგი მეზობელ ნიქოზის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ისტორიულიად კი „მთის რაჭა რაჭის საერისთავოს მიეკუთვნებოდა და ამ საერისთავოს არანაკლები ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება-დაწინაურებაში.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ამას მოწმობენ მთელ რაჭაში მიმოფანტული ნანგრევები და დღემდე დაცული ისტორიული ძეგლები. რაც შეეხება ნიკორწმინდის ეპარქიას, იგი იმერეთის რეფორმატორი მეფის ბაგრატ III (1510-1565) მეოხებით ჩამოყალიბდა. ბაგრატი სამეფოს გაერთიანებისათვის თავგასულ მთავრებთან ბრძოლაში მოკავშირედ ეკლესიას მიიჩნევდა და მუდამ მის მორალურ-მატერიალურ აღორძინებას ცდილობდა. მან საკუთრივ იმერეთის ტერიტორიაზე შექმნა და აღადგინა რამდენიმე საეპისკოპოსო. ამისათვის მეფემ ძველი ქუთაისის საეპისკოპოსო რამოდენიმე სამწყსოდ დაჰყო და მის ბაზაზე დააარსა გელათის და შემდეგ ნიკორწმინდის საეპისკოპოსოები. მის მნიშვნელოვან ღონისძიებადაა მიჩნეული მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე თავის მომხრე ფეოდალების დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოს თითქმის ხუთ კათედრაზე უმაღლეს იერარქებად ერთდროულად ერთი და იგივე გვარის წარმომადგელები, სახელდობრ, ჩხეტიძეები არიან. ბაგრატს მანამდე არსებული, მართალია, უკვე დაკნინებული, ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია და პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია. მართალია, ნიკორწმინდის ეპარქია, რომელიც დაარსებიდანვე მოიცავდა რაჭას, ბაგრატ III დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ ქრისტიანობის დამკვიდრებას რაჭაში მანამდეც გაცილებით დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. უპირველესი ქართულენოვანი წერილობითი წყაროს "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ანდრია პირველწოდებულს მესამე შემოსვლისას სვიმონ კანანელთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მხარე მოუვლია, მათ შორის მდ.რიონის ხეობაც. ამდენად, რაჭაში ქრისტიანობის ქადაგება, შესაძლოა, წმიდა მოციქულებს - ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელს და მატათას დავუკავშიროთ, ხოლო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრება წმინდა მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას. ქრისტიანობის შემოსვლაც აღმოსავლეთიდან, ქართლიდან (მცხეთიდან) არის მიჩნეული, არა მარტო რაჭაში, არამედ მის მეზობელ ლეჩხუმშიც... ნიკორწმინდის ეპარქიის დაარსებისთანავე, XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან (1534 წ.) იგი იმერეთის საკათალიკოსოს ექვემდებარება (მაგ. იმერეთის კათოლიკოსი ბესარიონი (XVIII ს.) ასე იხსენიება: ლიხთიმერთა, სვანთ, ოსთ, დვალთა და სრულიად ჩრდილოეთისა საჭეთმპყრობელი კათოლიკოზ-პატრიარქი...). დროის ცვალებადობის კვალად იმერეთის სამეფოს ეკონომიკურ-პოლიტიკური გაძლიერება-დამცრობის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ეპარქიათა რიცხვი იზრდება ან მცირდება (25 ეპარიიდან 4 ეპარქიამდე). ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დას. საქართველოში 1821 წლამდე) არსებობდა. 1801 წ. ქართლ-კახეთის, 1810 წ. კი იმერეთის სამეფოების გაუქმების შემდეგ შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. 1811 წ. აღმოსავლეთ საქართველოში, 1814 წ. დასავლეთ საქართველოში რუსეთმა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებელი მმართველობა - ავტოკეფალია გააუქმა და კათოლიკოს-პატრიარქის ნაცვლად ეგზარქოსის ინსტიტუტი დააარსა. საქართველოს ეკლესიის საქმეს რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული რუსი ეგზარქოსი განაგებდა. 1815 წ. ეგზარქოსთან დაარსდა "საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა", რომელსაც საეგზარქოსოს ეპისკოპოსები ექვემდებარებოდნენ. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი 1819-21 წლების ცნობილი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა - ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის - აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ იმერეთი ერთ ეპარქიად გაერთიანდა. აჯანყების ორგანიზატორებად ეჭვმიტანილი დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი საქართველოს განაშორეს. იმერეთის სამეფოს აჯანყება ყველაზე დიდი მასშტაბით რაჭაში გამოვლინდა. ფაქტობრივად, აჯანყებულებმა ხელისუფლება ხელში აიღეს და რუსის ჯარის ყველა ნაწილი, რომელიც ამ ოლქში იყო, ალყაშემორტმული და მოწყვეტილი აღმოჩნდა გარე სამყაროსგან. აჯანყებულები რაჭაში ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ატარებდნენ დიდი მასშტაბის შეკრებებს, სადაც ფიცს დებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ თავისუფლებისათვის....

ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარი

1820 წ. 21 მაისს კვარა ციხესთან და მისი მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე გამართული ბოლო ბრძოლების შემდეგ აჯანყება უმკაცრესად ჩაახშვეს, ამბოხებულთა სოფლები გადაწვეს და დაანგრიეს... მდგომარეობა თითქოს დამშვიდდა და რუსეთის ეკლესიის მაღალჩინოსნები თავის დაქვემდებარებაში გადასულ ტერიტორიათა მოსანახულებლად და აღსაწერად რაჭასაც მიადგნენ. მაღალმთიან სოფელ წედისში სტუმრობისას, რომლის წიაღისეულით სიმდიდრის შესახებ ადრევე აცნობიერებდნენ რუს მოხელეებს დოსითეოზ და ექვთიმე მღვდელმთავრები, რუსმა სამღვდელოებმა მანამდე არგაგონილიდა ქრისტიანისთვის წარმოუსდგენლად მიუღებელი საქციელი ჩაიდინეს: როგორც წესი, სოფელში ისინი მღვდელმსახურებთან სტუმრობდნენ. სოფელ წედისში ერთი გვარის ხალხი - მაისურაძეები ცხოვრობდნენ. სხვათაგან გამოსარჩევად ღვთისმსახურ მაისურაძეებს "ხუციანთებს" უწოდებდნენ. დანაყრებულმა და შემთვრალმა რუსმა ღვთისმსახურებმა მასპინძელთა ოჯახის დიასახლისების შეურაცხყოფა მოინდომეს, რის გამოც სოფლიდან პანღურისკვრით გამოყარეს... მცირე ხნის შემდეგ სოფელს რუსის დამსჯელი ჯარი მოადგა განსაკუთრებული მისიით - აეწიოკებინათ სოფელი და კასტრირება ჩაეტარებინათ "ხუციანთა" მამაკაცებისათვის... ვინც ამ სადისტურ სასჯელს გადარჩა, გაქცევით უშველა თავს. ხუციანთების ლტოლვილი მაისურაძეები ზემო და ქვემო რაჭის სოფლებში - ჩორდში, ფსორში, ცხრომში, ურავში და სხვაგან გაიფანტნენ... 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებული ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, კათედრის ცენტრით ქუთაისში. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, სოფრომს (წულუკიძეს), მანამდე ნიკორწმინდის ეპისკოპოსს მიანდვეს. სოფრომს რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. აღდგა ნიკორწმინდის ეპარქიაც. გასაგები მიზეზების გამო XX ს. 20-70 წწ. ეპარქია ფაქტობრივად მღვდელმთავრის გარეშე იყო, კათედრა შეთავსებული ჰქონდა ხან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ხან მეზობელ ეპარქიათა მღვდელმთავრებს. ამჟამად სამღვდელმთავროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისე ჯოხაძე მწყემსმთავრობს.

გაზეთი „აღსავალი“ №2, 2004 წ.

http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/nikortsminda.htm