topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გ.ჯაფარიძე - ბეენა ჩოლოყაშვილი ეგვიპტეში და წმინდა მიწაზე 1512-1514 წლებში-2

<უკან დაბრუნება (ნაწილი I)...<<<სახელოვანი ქართველები>>>

ბეენა ჩოლოყაშვილი ეგვიპტეში და წმინდა მიწაზე 1512-1514 წლებში

(ბრძოლა წმინდა ადგილებისათვის)

(ნაწილი II )

ავტორი: გოჩა ჯაფარიძე

<<დასაწყისი (ნაწილი I)...                              ...                               ...<<<გაგრძელება (ნაწილი III)

1512 წლის ივნისის თვეში, იმ დროს, როდესაც კაიროში იმყოფებოდნენ საფრანგეთისა და ვენეციის ელჩები, სულთანს აცნობეს, რომ მის კარზე მოდიოდნენ სეფიანთა და ქართველთა მეფის (მალიქ) ელჩები47. სეფიანთა ელჩობას წინ უსწრებდა მწვავე უთანხმოება მამლუქებსა და სეფიანებს შორის48. მან კულმინაციას მიაღწია 1512 წლის ივნისის დამდეგს. 3 ივნისს სისის მამლუქმა გამგებელმა ეგვიპტის სულთანს გაუგზავნა 10 წითელდოლბანდიანი სეფიანი მეომრის თავი, რომლებიც აოხრებდნენ მის სამფლობელოს. კანსავჰ ალ-ღავრიმ ბრძანა, რომ თავები შუბებზე ჩამოეცვათ და გამოეფინათ კაიროს ქუჩებში, შემდეგ კი ისინი ჩამოკიდა კაიროს კარიბჭეებზე: ბაბ ალ-ფუთუჰზე და ბაბ ან-ნასრზე. ეს ამბავი არასასიამოვნო იყო შაჰ ისმაილისთვის. მან ეგვიპტეში გაგზავნა 100-კაციანი დელეგაცია, რომელსაც გააყოლა თავრიზში ორი წლის მანძილზე დაკავებული კანსავჰ ალ-ღავრის ელჩი, მამლუქი ამირა თამურ-ბეი49. სეფიანთა და ქართველთა მეფის ელჩები, ჩანს, გზად შეხვდნენ ერთმანეთს და ერთდროულად შევიდნენ კაიროში50. მათი შეხვედრა, დაბინავება და თანხლება კანსავჰ ალ-ღავრიმ დაავალა მუჰთასიბ ზაინ ად-დინ ბარაქათ ბ. მუსას. ზ.პაგანი, რომელიც დომენიკო ტრევიზანს ახლდა კაიროში, მოგვითხრობს, რომ 25 ივნისს კაიროში შევიდა Georgian-ად წოდებული51 ქრისტიანი ხალხის მეფის ელჩი 20-მდე მხედრის თანხლებით. ელჩს ეცვა მოოქროვილი ფარჩის ტანსაცმელი და ეხურა პატარა ქუდი, რომელიც გარეშემო სიასამურის ბეწვით იყო გაწყობილი52. 918 წლის 14 რაბი‘ II-ს/1512 წლის 29 ივნისს კანსავჰ ალ-ღავრიმ ჯერ მიიღო სპარსეთის მეფის ელჩი, რომელმაც სულთანს გადასცა შაჰის შეურაცხმყოფელი და უხეში წერილი, რამაც ის გააცოფა. ჰ. რაბის თანახმად, შაჰი კიცხავდა სულთანს სეფიანი მეომრების თავების კაიროს ქუჩებში გამოფენის გამო და დასცინოდა კიდეც იმის გამო, რომ არ შეეძლო შებრძოლებოდა მას53. სეფიანთა ელჩობა კაიროში ერთ თვეზე ნაკლებ ხანს გაჩერდა და უკან დაბრუნდა კანსავჰ ალ-ღავრის ასევე შეურაცხმყოფელი პასუხით54. როგორც იბნ იასი, ისე ზ. პაგანი აღნიშნავენ, რომ 29 ივნისს, სწორედ იმავე დღეს, როცა სულთანი შეხვდა სპარსეთის ელჩს, მან მიიღო ქართველთა მეფის ელჩიც55. იბნ იასი წერს, რომ ელჩმა სულთანს მიართვა "დიდძალი საჩუქარი, მათ შორის სიასამურის, ფოცხვერისა და ციყვის ბეწვები, შალის ქსოვილი და ამის გარდა, სხვა დიდძალი რამ"56. მამლუქებს განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდათ ბეწვეულისკენ. ზამთრის თვეებში ისინი იცვამდნენ სიასამურის, ყარყუმის, კვერნის, თახვისა და ნაცრისფერი ციყვის ბეწვებით გაწყობილ ტანსაცმელს. ბეწვით იყო დაფარული ის საპატიო ხალათები, რომლებითაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ასაჩუქრებდნენ ხოლმე სხვადასხვა პირს; ციყვისა და თახვის ბეწვებით გაწყობილ მოსასხამებს ატარებდნენ მამლუქთა სასულთნოს თეოლოგებიც57. ჩანს, ქართველმა ელჩმა კარგად იცოდა მამლუქთა სულთნის კარზე ბეწვეულზე დიდი მოთხოვნილება. ძვირფასი საჩუქარი სულთნის კეთილგანწყობის მოპოვების ხერხი იყო, თუმცა, მის მიერ მირთმეული ძღვენი ვერ შეედრებოდა ფინანსურად შეუდარებლად ძლიერი საფრანგეთისა და ვენეციის ელჩების ანდრე ლე როისა და, განსაკუთრებით, დომენიკო ტრევიზანის საჩუქრებს58.

The Mamluk Sultanate at its peak (early 14th century)

ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ იბნ იასის ცნობა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ გვიჩვენებს, თუ როგორი ხელდამშვენებულები მიდიოდნენ ქართველი ელჩები ეგვიპტის სულთნების კარზე. იბნ იასი მოგვითხრობს, რომ 26 რაბი‘I-ს/11 ივლისს სულთანმა საპატიო ხალათი უბოძა საფრანგეთის მეფის ელჩს და გამგზავრების ნება დართო. იმავე დღეს მან წვეულება გამართა ქართველთა მეფის ელჩის პატივსაცემად, ციტადელის ძირში იპოდრომის წყალსაცავთან59, მასაც უბოძა საპატიო ხალათი და ასევე ნება დართო გამგზავრებისა60. მაგრამ სულთნის მასპინძლობა კაიროში ამით არ დასრულებულა. ის კიდევ ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. არაბი მემატიანის თანახმად, რაბი‘ II-ის თვის (16 ივნისი – 14 ივლისი) საოცარი ამბავი იყო ის, რომ კანსავჰ ალ-ღავრისთან შეიკრიბნენ 14-მდე ქვეყნის – მათ შორის ქართველთა – მეფის ელჩები და თითოეულს პირის პირ ჰქონდა შეხვედრა სულთანთან61. 29 რაბი‘ II-ს/14 ივლისს, სამშაბათს, ელჩების პატივსაცემად, სულთანმა იპოდრომზე გამართა ცხენბურ თი, რომელსაც ესწრებოდა ყველა ელჩი62. მისი დასრულების შემდეგ სულთანი ავიდა სასახლის ეზოში და დაესწრო ხარებისა და ყოჩების შერკინებას. მერე მან გამართა დიდებული ნადიმი, რომელსაც ესწრებოდნენ ხელმძღვანელი ამირები და ელჩები. შუადღის ლოცვის შემდეგ კი საღამომდე მამლუქებმა მოაწყვეს შეჯიბრი შუბებით ვარჯიშში (რაც შედიოდა ფურუსიას – სამხედრო და ფიზიკური მომზადების კომპლექსში)63, რითაც გაოცდნენ ელჩები64. არაბი მემატიანე წერს, რომ "სასახლის ეზოში ეს იყო ღირსშესანიშნავი დღე"65. იბნ იასი, რომელიც აღწერს ქართველთა მეფის ელჩის მიღების დეტალებს, არაფერს ამბობს მის მიზნებზე. სამაგიეროდ, ზ. პაგანიმ დააფიქსირა კაიროში გავრცელებული ხმები: "ამტკიცებენ, რომ ისინი (ქართველები) მოვიდნენ, რათა ეთხოვათ გახსნა წმინდა საფლავის ეკლესიისა, რომელიც ორი წელი დახურული იყო და რომლის დროსაც მასში შესვლა არ შეეძლო არცერთ ქრისტიანს"66. თუ კაიროში გავრცელებული ხმები მართალი იყო, ქართველთა მეფის ელჩს, დომინიკო ტრევიზანის მსგავსად, საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა. ზემოთ აღინიშნა, რომ იბნ იასის ცნობით, აღდგომის ეკლესია დაიკეტა მხოლოდ ფრანკებისთვის, ზ. პაგანის თანახმად კი – ყველა ქრისტიანისთვის. ამ ქრისტიანთა შორის ქართველებიც იყვნენ და ქვემოთ ვნახავთ, რომ ქართველების, ისევე როგორც აღმოსავლეთის ქრისტიანების პილიგრიმობა აღდგომის ეკლესიაში, სულთნის ბრძანებით, 8 თვის შემდეგ აღდგა. ზ.პაგანის ინფორმაცია ძვირფასია, მაგრამ – არასრული. ქართველ ელჩს კიდევ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი სათხოვარი ჰქონდა სულთანთან. ამას იუწყება ჰიჯრის 918 წლის 1 ჯუმადა I-ს/1512 წლის 15 ივლისს გაცემული სულთნის ბრძანებულება67, რომელიც ქართველი ელჩის შესახებ მოგვითხრობს. ა.ცელიკა მას ათარიღებს 710/1310 წლით68,

Sultan Al-Ashraf Sayf al-Din QaitBay (1468 - 1496)

რაც გამორიცხულია, ვინაიდან მასში მოხსენიებულია სულთან კაით-ბეის (1468-1496) ბრძანებულებები და, რაც მთავარია, ელჩის სახელი – ბინა ბიქ (ბეგი) (სტრ. 19). 1512-1514 წლების სხვა არაბულ დოკუმენტებში, რომლებიც ქვემოთაა მოტანილი, ქართველი ელჩის სახელი უფრო სრულადაა: ბიინა ბიქ და ბიინა ბიქ იბნ შულუკა, ან შულაკა ბიქ69. სახელი ბიინა იგივე ბეენაა, ხოლო იბნ შულუკა/შულაკა შეესაბამება ჩოლაყასშვილს (ასე ასახელებს ბეენა თავის გვარს). ამრიგად, ქართველთა მეფის ელჩია ბეენა ჩოლოყაშვილი, კახეთის მეფის ავგიორგის სახლთუხუცესი, რომელიც ჯვრის მამად გაიგზავნა იერუსალიმში70 და რომლის შესახებაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. 1512 წლის 15 ივლისის ბრძანებულება არასრულია (სულ 53 სტრიქონი), აკლია საწყისი სტრიქონები. ნაკლული შესავალი ნაწილიდან მოულოდნელად ირკვევა, რომ ეგვიპტის სულთანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართველთა მეფესთან, რომლის ვინაობა არ იხსენიება და იგულისხმება კახეთის მეფე ავგიორგი. მეფეს სულთნისთვის თავისი ელჩის ბეენა ჩოლოყაშვილის (ბიინა ბიქ) ხელით გაუგზავნია წერილი, რომელშიც ახსენებდა მას, რომ - თანახმად წინამორბედი მამლუქი სულთნებისგან მიღებული სამეფო ბრძანებულებებისა, არ ყოფილა წესად, ვინმეს შეეწუხებინა ქართველთა მონასტერი (რომელშიც, უეჭველია, იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი იგულისხმება), მისი კუთვნილი ეკლესიები, მათი მიწები და ბაღები (სტრ.2-3). - ხსენებული მონასტრის გამო, მეფის ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს არავინ აწუხებდა მეჩეთებში, სადაც ისინი ლოცულობდნენ და თაყვანს სცემდნენ ღმერთს (სტრ.7), ხოლო მუსლიმთათვის დაიწერა ბრძანებულება, რომ არვის აეღო მათგან რაიმე უკანონოდ, არ შეეწუხებინათ ისინი და მთლიანად გაეთავისუფლებინათ გამოსაღებებისგან (სტრ. 8-10). მიუხედავად ამისა, ატყობინებდა მეფე სულთანს, მაცნობეს, რომ წმინდა იერუსალიმში ამ მონასტრისა და მისი კუთვნილი ეკლესიების მცხოვრებთ აწუხებენო. ამის გამო ის სთხოვდა სულთანს, გამოეცა ბრძანება, რომ

- ეზრუნათ მათზე, ვინც ცხოვრობდა მონასტერსა და მის კუთვნილ ეკლესიებში.

- არავის შეეწუხებინა ისინი მათი მიწების, ბაღებისა და სამონასტრო ქონების (ავკაფ)71 გამო – შესაბამისად სულთნის ძველი ბრძანებულებისა, რომელიც მეფემ გამოატანა თავის ელჩს (სტრ. 14-17). მეფეს იმედი ჰქონდა და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ მის თხოვნას შეისმენდნენ და დააკმაყოფილებდნენ. მართლაც, კანსავჰ ალ-ღავრიმ ბრძანა, რომ იერუსალიმის მოსამართლეებისა და ისლამის საქმეთა გამგეთათვის გაეგზავნათ სულთნის ბრძანებულება (ალ-მარსუმ აშ-შარიფ), რათა მათ

– ეზრუნათ ხსენებულ მონასტერზე და ქართველთა რელიგიური თემის კუთვნილ ეკლესიებზე, იქ მათ წარმომადგენლებზე და მათ სამონასტრო ქონებაზე (ავკაფ). პატივი ეცათ მათთვის და გაეწიათ მფარველობა (სტრ. 23-25);

– ბადრაგებს (ალ-ხუფარა’) და უდაბნოთა მეთვალყურეებს (არბაბ ალიდრაქ) არ შეეწუხებინათ ქართველთა რელიგიური ჯგუფები და წმინდა მიწაზე მოსული პილიგრიმები გზებზე, არ მიეყენებინათ მათთვის ვნება და ზიანი, არ შეექმნათ სიძნელეები და ძველი წესის თანახმად, არ დაეკისრებინათ მათთვის ერთი ზედმეტი დირჰამიც კი (სტრ. 27-30);

– მოპყრობოდნენ მათ პატივისცემით და გაეწიათ მფარველობა, რომ არავის, მოსამართლეებსა და დანარჩენ ხალხს (ალ-ჯუნუს), არ შეეწუხებინა ქართველთა კუთვნილი ადგილები, მათი მონასტრები (სტრ. 31-32);

– მოჰქცეოდნენ ყველაფერში, რაც უკავშირდებოდა მათ, იქნებოდა ეს წყალი და სხვა რამ, შესაბამისად არსებული წესისა, როგორც ეს იყო სულთან აშრაფ კაითბაის და წინამორბედ მეფეთა დროიდან – უკანასკნელ დღეებამდე (სტრ. 33-34). ელჩს ებრძანა თავის მეფესთან დაბრუნება. სულთანი გამოთქვამდა სურვილს, რომ ქართველთა მეფეს გაეგრძელებინა მასთან სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, ეცნობებინა თავისი ამბები, სიახლეები და მიზნები. წერილობითი პასუხი მეფესთან მან გაატანა ელჩს (სტრ. 43-45), რომელსაც აგრეთვე ნება დაერთო, იერუსალიმს მოსალოცად გამგზავრებულიყო. სულთანი ბრძანებდა, რომ ქართველთა ელჩს, რომელიც დახასიათებულია როგორც უაღრესად მორიდებული და ღირსეული ადამიანი (სტრ. 39), მოპყრობოდნენ შესაფერისი პატივისცემით (სტრ. 21). მიუხედავად იმისა, რომ ბეენა ჩოლოყაშვილმა გამგზავრების ნებართვა მიიღო, ის ერთხანს კიდევ დარჩა კაიროში. 10 ჯუმადა I-ს, შაბათს/24 ივლისს სულთანმა მას კვლავ უბოძა საპატიო ხალათი და ხელახლა დართო ნება თავის ქვეყანაში გამგზავრებისა72. მაგრამ სამშობლომდე წინ ჯერ იერუსალიმი იყო. ბეენა ჩოლოყაშვილმა თავისი დავალების ნაწილი წარმატებით გადაჭრა, მაგრამ ავგიორგის წერილი შეიცავდა სხვა თხოვნებსაც, რომლებიც ზემოგანხილულ ნაკლულ ბრძანებულებაში არ აისახა. იერუსალიმში მოსაგვარებელი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. ამას სხვა არაბული დოკუმენტი იუწყება. 11 ჯუმადა I-ს/1512 წლის 25 ივლისს სულთანმა გამოსცა ახალი ბრძანებულება, რომელიც გაეგზავნა იერუსალიმში მის ნა’იბს (ნაცვალს), ორი წმინდა ადგილის (კლდის გუმბათის, ანუ ას-სახრას და ალ-აკსას მეჩეთების) ზედამხედველს, ხებრონისა (არაბ. ალ-ხალილ) და ქრაქის გამგებელს – ამირა საიფ ად-დინ იუსუფ ალ-აშრაფის. შინაარსი ამ ბრძანებულებისა, რომელიც ცალკე ვერ მოვიპოვე, შეტანილია იერუსალიმის ფრანცისკელთა არქივში დაცულ 918 წლის 2 ჯუმადა II-ის/ ე.ი 1512 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტში (სულ 66 სტრიქონი)73. მასში შედის პრეამბულა (2-24) და სულთნის ბრძანებით ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე დაწერილი შარიათის სასამართლოს ოქმი (სტრ. 25-66). მოკვლევა შედგა მას შემდეგ, რაც ბეენა ჩოლოყაშვილი იერუსალიმში ჩავიდა. დოკუმენტის პრეამბულაში წერია, რომ სულთნის კარზე მოვიდა "მისი უმაღლესობა, პატივცემული, საპატიო, პატივსაცემი, თავმდაბალი" ქართველთა მეფის ელჩი. მან სულთანს გადასცა მეფის წერილი, რომელშიც იყო რამდენიმე თხოვნა, დასახელებული წინა დოკუმენტში – 1512 წლის 15 ივლისის ბრძანებულებაში. ფრანცისკელთა დოკუმენტში უკვე პირდაპირ აღნიშნულია, რომ ქართველთა ელჩის მიერ გადაცემულ წერილში იყო თხოვნა, რომ სულთანს გამოეცა "სამეფო ბრძანებულება ჯვრის მონასტერზე და მასში მცხოვრებ ჯამაათსა და მათ ეკლესიებზე ზრუნვის თაობაზე" (სტრ. 7). დამატებით არის თხოვნა, რომ ქართველებს შეეკეთებინათ და აღედგინათ დანგრეული ეკლესია (სტრ. 8), რომლის სახელი არ იხსენიება.

სულთანი უბრძანებდა თავის ნა’იბს (ნაცვალს), რომ

– გამოეჩინა "სრული ზრუნვა ქართველთა ელჩზე", მის ჯამაათზე და ამალაზე, პატივი ეცა და მფარველობა გაეწია მათთვის, აღმოეფხვრა ის მიზეზები, რომელთაც მოჰქონდათ ვნება და ზიანი მათთვის, მათი მონასტრის, მისი ვაკუფების (სამონასტრო ქონების), მისი პილიგრიმებისა და ზვრებისთვის (სტრ. 19-20);

– არავის ჰქონდა უფლება, შეეწუხებინა ისინი და მათ უნდა მოჰქცეოდნენ არსებული წესის თანახმად; ეკრძალებოდა ნებისმიერს მათი შეწუხება, მათთვის ვნების ან ზიანის მიყენება და სიძნელეების შექმნა, რაიმე სიახლის შემოტანა და შევიწროების განახლება (სტრ. 20-21). სულთანი თავის ნა’იბს ახსენებდა, რომ

– ჭეშმარიტად, ჩვენს სამეფო სადგომსა და ხსენებულ ქართველთა მეფეს შორის არის სიყვარული და მიმოწერა, ხოლო მის ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმები სარგებლობენ უაღრესი პატივისცემით (სტრ. 21-22);

– ამის გამო ჩვენც პატივს მივაგებთ ქართველებს. ისე, რომ ხსენებული მონასტერი, მისი სამონასტრო ქონება, ზვრები და რაც მას ეკუთვნის, უაღრესად დაცულია და იმყოფება ჩემი მფარველობის ქვეშ (სტრ. 22-23);

– ჯამაათი, რომელიც მონასტერში ცხოვრობს, იქ მომსვლელები და მისი პილიგრიმები, ასევე არიან პატივგებულნი, მფარველობის ქვეშ; "მათ ექცევიან სრული კეთილგანწყობით. ისინი არიან ჩვენი სამეფო უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ" (სტრ. 23). უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ეგვიპტის სულთანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მუსლიმთა კარგ მდგომარეობას ქართველი მეფის სამფლობელოში, რაც შემთხვევითი არ იყო. მიუხედავად ისლამურ აღმოსავლეთთან უწყვეტი სავაჭრო ურთიერთობებისა, იმდროინდელ კათოლიკურ ევროპაში ისლამისა და მუსლიმთა მიმართ მტრული განწყობა სუფევდა. ესპანეთში მუსლიმთა უკანასკნელი საყრდენის – გრენადას დაცემის (1492 წ.) შემდეგ, რელიგიური რჯულშემწყნარებლობა მალე შეცვალა მუსლიმთა დევნა-შევიწროებამ. 1502 წელს გრენადის მუსლიმებს შესთავაზეს მონათვლა ან გასახლება74. მუსლიმთა განსხვავე ბული მდგომარეობა კახეთის სამეფოში იყო იმის საფუძველი, რომ მსგავსი პატივი მიეგოთ ქართველებისთვის პალესტინაში. ნაცვალგების პრინციპი უბიძგებდა სულთანს, შეესრულებინა ქართველი მეფის თხოვნა, რომლის განხორციელებაც სავალდებულო იყო სულთნის ქვეშევრდომთათვის: დაეცვა ქართველთა მონასტრები, მათი ქონება, მრევლი და პილიგრიმები. ბუტრუს აბუ მანე, ხაიფელი (ისრაელი) მკვლევარი, წერდა: "ეგვიპტის სულთანი, ისევე როგორც მისი წინამორბედები, პრეტენზიას აცხადებდნენ განსაკუთრებულ სტატუსზე მუსლიმ გამგებელთა შორის იმის გამო, რომ ისინი კონტროლს უწევდნენ მუსლიმთა ყველაზე წმინდა ადგილებს – მექასა და მედინას, პრაქტიკულად გამოდიოდნენ ყველა მუსლიმის მფარველად და ამდენად, დაინტერესებულნი უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანულ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა ბედითაც. ქართველებმა, რომლებსაც კარგად ესმოდათ ეს და რომლებიც, თავის მხრივ, ატარებდნენ მუსლიმთა მიმართ რჯულშემწყნარებლურ პოლიტიკას თავიანთ ქვეყანაში, გადაწყვიტეს ესარგებლათ ამით, რათა დაეცვათ საკუთარი თემი იერუსალიმსა და პალესტინაში და გაეფართოებინათ მათი იმუნიტეტი"75. რჯულშემწყნარებლური პოლიტიკა მუსლიმთა მიმართ, რომელიც დაამკვიდრა დავით IV აღმაშენებლმა 1122 წელს, მოქმედებდა მეფის მემკვიდრეების დროსაც76. მისი შენარჩუნება, ჩანს, წარმოადგენდა აუცილებელ პირობას საქართველოს ყველა ქართველი მეფე-მთავრისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ქართული სიწმინდეების მოვლა-პატრონობით წმინდა მიწაზე. საამისო მაგალითები საკმარისად გვაქვს. იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის მუსლიმთა ტყვეობიდან დახსნის ერთ-ერთი პირობა, რომელიც ეგვიპტის სულთანმა ან-ნასირ მუჰამედმა წაუყენა კონსტანტინე დავითის ძეს 1310 წელს, იყო ის, რომ "ეზრუნა მისი სამეფოს მიწებზე მცხოვრებ მუსლიმებზე, მფარველობა გაეწია მათთვის, დაეცვა ისინი ზიანისგან და დახმარებოდა მათ, შეესრულებინათ თავიანთი რელიგიური მოვალეობები"77. სულთანი ჯაკმაკი ქართველი მეფისადმი 844 წლის 1 რაბი’ II-ს/1440 წლის 30 აგვისტოს გაგზავნილ წერილში კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ "მუსლიმებს მის ქვეყანაში ჩვენი სამეფო მართლმსაჯულების [პატივისცემისა] და მისი [მეფის] ზრუნვის გამო, კარგად ეპყრობიან. მან აღმართა მინარეთები ისლამისა მათ საკრებულო მეჩეთებში, მეჩეთებსა და სამლოცველოებში" (სტრ. 15-17). ბ.აბუ მანეს თანახმად, ეს მეფე, შესაძლოა, არის ალექსანდრე (1412-1443) და მეც ასე ვფიქრობდი78, მაგრამ მოგვიანებით, ჯაკმაკის წერილის არაბული ტექსტის გაცნობამ მიჩვენა, რომ ადრესატი, "ქურჯთა მეფე", არის სამცხის ათაბაგი ივანე (სტრ. 4)79. კიდევ ერთ დოკუმენტში – ბრძანებულებაში, რომელიც სულთანმა ჯაკმაკმა 846 წლის 7 რაბი’ I-ს/1442 წლის 16 ივლისს გაუგზავნა ახალციხის ყველა მუსლიმს,80 ნათქვამია, რომ ახალციხის გამგებელი ივანე "დიდი პატივისცემით ეპყრობა მუსლიმებს, პატივს სცემს მათ მეჩეთებს და დიდ ყურადღებას აქცევს მათი რელიგიური წესების შესრულებას" (სტრ.12-13). მუსლიმთა მიმართ რჯულშემწყნარებლური პოლიტიკა, ზემომოტანილი დოკუმენტებით, კახეთშიც დასტურდება. 1512 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტში მოხსენიებულ ბრძანებულებაში უაღრესად მნიშვნელოვანია სხვა საკითხებიც.

St.Iakov - Ierusalim

მასში აღნიშნულია, რომ სომხებმა დაისაკუთრეს წმინდა იაკობის მონასტერი, რომელიც ძველი დროიდან ქართველებს ეკუთვნოდა (სტრ. 9-10); გარდა ამისა, ფრანკებმა (ფრანცისკელებმა) კუმამაში (აღდგომის ეკლესია), გოლგოთაზე, ქართველთა სამლოცველოში, განაახლეს საკურთხეველი, სადაც ასრულებენ ღვთისმსახურებას. ნათქვამია, რომ ქართველთა მეფე ითხოვდა, ერთი მხრივ, სომხებს ხელი აეღოთ ხსენებულ წმ.იაკობის მონასტერზე და ის, ძველი წესისამებრ, დაბრუნებოდა ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოშლილიყო ფრანკების მიერ განახლებული საკურთხეველი ქართველთა სამლოცველოში, გოლგოთაზე (სტრ. 10-12). სულთანი ბრძანებდა, რომ პირადად მის ნა’იბს, იერუსალიმის ყადიების (მოსამართლეების), შეიხების, წარჩინებულებისა და უხუცესების თანდასწრებით, გამოეკვლია ეს საკითხები ანგარების გარეშე და ქართველთა პრეტენზიები, თუ ისინი მართებული იყო, დაეკმაყოფილებინა (სტრ. 12-15). მოკვლევის საფუძველზე უნდა დაეწერათ შარიათის ოქმი – ნა’იბის, ყადიებისა და სასამართლოს სხდომის დამსწრეთა ხელმოწერით და გაეგზავნათ სულთანთან, ხოლო ქართველთა ელჩისთვის ნება უნდა დაერთოთ, აღედგინა ის, რაც დაინგრა მათი მონასტრიდან, რაიმე სიახლის შეტანის გარეშე (სტრ. 15-17). სულთანი ატყობინებდა თავის ნა’იბს, რომ ელჩი გაემგზავრა იერუსალიმს ამ მიზნით და მოსალოცად მას შემდეგ, რაც შემოსეს ძვირფასი ხალათით და კიდევ ერთხელ ბრძანებდა, გამოეჩინათ ზრუნვა ელჩის, მისი ამალისა და მისი თემის მიმართ; მოითხოვდა, რომ აღმოეფხვრათ მიზეზები, რომელთაც ვნება და ზიანი მოჰქონდათ ქართველთა მონასტრის, სამონასტრო ქონების, პილიგრიმებისა და ზვრებისთვის; ქართველების შეწუხება-შევიწროება ყველას ეკრძალებოდა (სტრ. 17-20). სულთნის ბრძანებულება, უეჭველია, იმედს უნერგავდა ბეენა ჩოლოყაშვილს, რომ წარმატებით გადაჭრიდა თავის პრობლემებს. მაგრამ საამისოდ ის უნდა დაპირისპირებოდა სომხურ საპატრიარქოს81, რომელმაც მანამდე, სულთნის დადგენილებით, ქართველებს დაუბრუნა გოლგოთა (იხ. ქვემოთ) და ფრანცისკელებს, რომლებიც სიონის მთიდან მეთოდურად იმაგრებდნენ თავიანთ პოზიციებს იერუსალიმსა (აღდგომის ეკლესიაში) და პალესტინის სხვა წმინდა ადგილებში. იმ დროისთვის ისინი უკვე ფლობდნენ გოლგოთის ნაწილსაც. ძნელი სათქმელია, იცოდა თუ არა ბეენა ჩოლოყაშვილმა ის, რომ ბრძანებულების გაცემის დროს – 25 ივლისს, დომენიკო ტრევიზანის მოლაპარაკებები სულთანთან წარმატებით მიმდინარეობდა და ასევე წარმატებით დასრულდა. როგორც ზემოთ ითქვა, დაკავებულ ფრანცისკელთა საკითხიც მათთვის სასარგებლოდ გადაიჭრა და ისინი გაათავისუფლეს არაუადრეს ივლისის მიწურულისა, ანდა არაუგვიანეს აგვისტოს დამდეგისა. ფრანცისკელთა არქივის ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სულთნის ბრძანებულება მისმა ნაცვალმა ამირების მეფემ (მალიქ ალ-უმარა’) საიფ ადდინმა მიიღო "სმენით და მორჩილებით", აკოცა მას და შეუდგა მის განხორციელებას. მან შეკრიბა ის პირები, იერუსალიმის ყადიები და შეიხები, რომლებსაც ხელი უნდა მოეწერათ ოქმისთვის, მოვიდა დიდებულთა კრებული და მდაბიოთა ჯგუფიც. ისინი გაემართნენ სომეხთა წმ.იაკობის ეკლესიისკენ, სადაც შეიყარა სომეხ და ქართველ ქრისტიანთა კრებული, ქართველთა მეფის ელჩის – ბეენა ჩოლოყაშვილის თანდასწრებით (სტრ. 25-26) და დაიწყო მოკვლევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომეხთა მონასტრად ცნობილი წმ.იაკობის მონასტერი მდებარეობდა იერუსალიმის გარეთ (ზაჰირ ალ-კუდს) (სტრ.26-27). მე მიმაჩნია, რომ საქმე ეხება იერუსალიმის ცენტრიდან (აღდგომის ეკლესიიდან) მოშორებით მდებარე წმ.იაკობ ზებედეს ძის მონასტერს, დღეს სომხურ საკათედრო ტაძარს, შუა საუკუნეების სიონის მთის, ამჟამად სომხეთის საპატრიარქოს ქუჩაზე, დაახლოებით შუა გზაზე ციტადელიდან – ქალაქის სამხრეთი კედლისაკენ82. ეს არ არის მთლად იერუსალიმის, ანუ მისი გალავნის გარეთ, მაგრამ ნამდვილად არ იგულისხმება მონასტერი აღდგომის ეკლესიის ეზოში83. ლიტერატურაში, მათ შორის, სომეხი ავტორების (ა.კ.სანჯიანი, ვ.აზარია) შრომებშიც, ხშირად შევხვდებით მითითებას, რომ წმ.იაკობის ეს მონასტერი, თავდაპირველად, ეკუთვნოდათ ქართველებს84. წმ.იოანე ოქროპირის "მარგალიტის" XI-XII საუკუნეების ხელნაწერის არაბულ მინაწერში აღნიშნულია, თუ როგორ გააკეთებინა ქართველმა მეფემ (ალ-მალიქ ალ-ჯურჯ) ქართული ოთხთავის ორი ნუსხა, ერთი თავისთვის და მეორე იერუსალიმის წმ.იაკობის მონასტრისთვის შესაწირად. ეს წარწერა, რომელიც პირველად წაიკითხა აკად.დორნმა85, ხელახლა მოამზადა გამოსაცემად ს. ფრანცუზოვმა86. სომხების ხელთ ის გადავიდა ამავე პერიოდში, XI ან XII ს-ში87. დ.პრინგლი აღნიშნავს, რომ თავდაპირველი ეკლესიიდან აღარაფერია შემორჩენილი, მაგრამ მისი მიძღვნა წმ.იაკობისადმი, შემოინახა წმ.მინას სამლოცველოს სახით, რომელიც, ჩანს, ააშენეს ქართველებმა 1072-1082 წლებში და ეკვრის წმ.იაკობის XII საუკუნის ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს88. სომეხი მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ქართველებისა და სომხების დავა წმ.იაკობ ზებედეს ძის მონასტრის გამო XIV საუკუნის მეორე ათწლეულიდან დაიწყო. ჩვეულებრივ იმოწმებენ ა.ტერ-ჰოვანესიანცის ნაშრომს იერუსალიმის ქრონოლოგიური ისტორიის შესახებ89, სადაც აღნიშნულია, რომ სომხური საპატრიარქოს კოლექციაში ინახება ამ დავის ამსახველი საბუთები. მაგრამ ტერჰოვანესიანცის მიერ შესრულებულ აღნიშნული საბუთების სომხურ თარგმნებში უხეში შეცდომები და ქრონოლოგიური უზუსტობებია, რის გამოც, მათი გამოყენების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამასთან, ჩანს, ასეთი საბუთები არსებობს90 და მათ მოპოვებას, სწორ წაკითხვას და სათანადო ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს წმ.იაკობის მონასტრისთვის იერუსალიმის ორი ქრისტიანული თემის ბრძოლის ეტაპების დასადგენად. ამ საკითხს საგანგებოდ სხვაგან შევეხები, ახლა კი დავუბრუნდები მოკვლევის დოკუმენტს. მუსლიმთა მხარემ თავდაპირველად გამოჰკითხა სომეხთა თემი წმინდა იაკობის მონასტერზე ქართველთა უფლების შესახებ. სომხებმა უპასუხეს, რომ ხსენებული მონასტერი სომეხთა რელიგიურ თემს ძველი დროიდან ეკუთვნოდა და მათ გარდა სხვა მფლობელი უცნობი იყო. საამისოდ წარმოადგინეს წინამორბედ მეფეთა ბრძანებულებები და შარიათის დოკუმენტები მონასტრის მფლობელობაზე, რომელთა თარიღი ას წელს აღემატებოდა (სტრ. 28-31). ეს დოკუმენტები ადასტურებდა, რომ წმ.იაკობის მონასტერი ეკუთვნოდა სომეხთა რელიგიურ თემს. ქართულმა მხარემ, რომელიც აშკარად მოუმზადებელი იყო, ასეთი დოკუმენტები – სათანადო მტკიცებულებანი იმის თაობაზე, რომ ადრე წმ.იაკობის მონასტერი მას ეკუთვნოდა, ვერ წარმოადგინა (სტრ. 31-32).

Храм Гроба Господня (Golgofa) Святыня

ვფიქრობ, საამისო საბუთები უნდა განადგურებულიყო ჯვრის მონასტრის ძნელბედობის ჟამს (დარბევა ხვარაზმელთა მიერ 1244 წელს, ჯვრის მონასტრის გადაკეთება მეჩეთად XIII საუკუნის 70-იანი წლებიდან – 1310 წლამდე). მტკიცებულების უქონლობა გახდა იმის მიზეზი, რომ ბეენა ჩოლოყაშვილის "დასარჩლება" სომხებთან, რის შედეგსაც თავის ლაკონურ ცნობაში ის არ იუწყება, მიუხედავად სულთნის კეთილგანწყობისა, წარუმატებლად დასრულდა. მომდევნო ხანებში, ჩვენ ხელთ არსებული ცნობებით, ქართველებს სომხებთან წმ.იაკობის მონასტრის მფლობელობის გამო აღარ უდავიათ. სამაგიეროდ, ოსმალთა გაბატონების (1517 წ.) შემდეგ, წმ.იაკობის "ქართველთა მონასტერზე" (ჩვეულებრივ, ასე ეწოდება მას ოსმალო სულთნების ფირმანებში) პრეტენზია ჰქონდა ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს. დავა მონასტრის გარშემო დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ სომხების სასარგებლოდ დასრულდა. ის დღეს სომხური საპატრიარქოს საკათედრო ეკლესია-მონასტერია. როცა წმ.იაკობის მონასტრის გარშემო მოკვლევა დასრულდა, სულთნის ნა’იბი და მისი თანმხლები პირები გაემართნენ გოლგოთისკენ – აღდგომის ეკლესიაში. გოლგოთა (კალვარი), ლათინთა ბატონობის დროს ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ, ორდონიანი ნაგებობა იყო სამი თაღიანი სამლოცველოთი. ქვედა დონე ეკავა ადამის სამლოცველოს, სადაც, გადმოცემით, დაკრძალეს ადამიანთა მოდგმის მამამთავარი ადამი, ხოლო ზედა დონე – ორ სამლოცველოს91. ერთია ქრისტეს განმსჭვალვისა – მის სამხრეთ (მარჯვენა) ნაწილში, სადაც ჯვარზე მიამსჭვალეს ქრისტე, ხოლო მეორე – ჯვრის აღმართვისა – მის ჩრდილოეთ (მარცხენა) ნაწილში. ცნობილია, რომ სულთან ნასირ ად-დინ მუჰამედის 1308 წლის 5 აპრილის ბრძა ნებულებით, გოლგოთა, ყველა ქრისტიანისთვის უწმინდესი ადგილი, გადაეცა ქართველებს92. ისინი იყვნენ პირველი ქრისტიანები, რომლებსაც, იერუსალიმიდან ლათინთა საბოლოო განდევნის (1244 წ.) შემდეგ, მფლობელობაში მიეცათ გოლგოთა. უეჭველია, ქართული სამონასტრო თემი თვლიდა, რომ მას ჰქონდა უპირატესი უფლება ამ წმინდა ადგილზე, სხვა ქრისტიანულ თემებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, გოლგოთის დასაკუთრებას ცდილობდნენ და არცთუ წარუმატებლად, ფრანცისკელები93 და სომხები (იხ. ქვემოთ). ფრანცისკელთა ზურგს უკან იდგა ნეაპოლის სამეფო, რომელიც 1332-33 წლებში წმინდა ადგილების დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა სულთან ნასირ ად-დინ მუჰამედთან94. საბინო დე სანდოლის თანახმად, ამის შედეგად ფრანცისკელებმა მიიღეს გოლგოთის სამხრეთი ნაწილი95, მაგრამ შეთანხმება მოგვიანებით შედგა. პირველი დაპირისპირება გოლგოთაზე ქართველებსა და ფრანცისკელებს შორის აღნიშნულია სულთან ბარკუკის 798 წლის 27 ზულ-კა’დას/1396 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულებაში. სულთანმა ფრანცისკელების მხარე დაიჭირა და აკრძალა მათი შევიწროება96. ამის შემდეგ, ჩემ ხელთ არსებული მასალებით, გოლგოთა 1512 წლამდე ორჯერ გახდა დავის საგანი ქართველებსა და ფრანცისკელებს შორის. ამ საკითხს, სათანადო დოკუმენტების საფუძველზე, ვრცლად სხვაგან გავარჩევ. ახლა კი მოკლედ აღვნიშნავ, რომ პირველად ეს იყო 896 წლის 17 ზუ ლ-კა‘დას/1491 წლის 21 სექტემბერს97 და მეორედ – ორი წლის შემდეგ, 899 წლის 2 მუჰარრამს/1493 წლის 13 ოქტომბერს98. თავდაპირველად, 1491 წელს, ქართველები მოითხოვდნენ მთლიანად გოლგოთას, მაგრამ არსებული ვითარება უცვლელი დარჩა. სასამართლომ მათ დაუტოვა ადამის სამლოცველო და გოლგოთის ზემო დონის ჩრდილოეთი მხარე – ჯვრის აღმართვის სამლოცველო99, ხოლო ფრანცისკელებს – სამხრეთი მხარე, ქრისტეს განმსჭვალვის სამლოცველო100. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, 1493 წელს ქართველებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო მტკიცებულებები და გოლგოთა მთლიანად გადაეცა ფრანკებს, ე.ი. ფრანცისკელებს. მიუხედავად ამისა, 1512 წლის მოკვლევის დროს, ქართველები ინარჩუნებდნენ თავიანთ პოზიციებს გოლგოთაზე. მაგრამ დაპირისპირება ფრანცისკელებთან საკმაოდ მწვავე იყო. არ იყო იმის გარანტია, რომ ისინი არ მოინდომებდნენ 1493 წლის სასამართლოს დადგენილების რეალიზებას და გოლგოთის ზემო დონის მთელი ჩრდილოეთი ნაწილის დაუფლებასაც. ეს საშიშროება უბიძგებდა ბეენა ჩოლოყაშვილს, ხელსაყრელ საერთაშორისო პირობებში და სულთნის კეთილგანწყობის საფუძველზე, მთელი გოლგოთის საკითხი ქართველების სასარგებლოდ, ერთხელ და სამუდამოდ გადაეჭრა.

Pilgrims under escort of knights templars in sight of Jerusalem, in the 14th century

1512 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტის მოკვლევის ტექსტში ნათქვამია, რომ გოლგოთა (არაბ. ჯალჯალა) შეიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ თაღს, გადაჭიმულს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. მათ შორის არ არის ზღუდე, მაგრამ არის სივრცე თაღებს შორის – სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. თითოეულ ნაწილში საკურთხეველია. თაღი, რომელიც ეკვრის სამხრეთის მხარეს, ფრანკების თემისაა, ხოლო რომელიც ეკვრის ჩრდილოეთის მხარეს – ქართველთა ხელთაა. მათ გამო ორ მხარეს დავა ჰქონდა (სტრ. 33-36). მოკვლევის დროს ქართველებმა მთელი გოლგოთის მფლობელობის დამადასტურებლად წარმოადგინეს 3 დოკუმენტი:

1. სულთან ალ-მალიქ ალ-აშრაფ ბარსბეის (1422-1438) წერილი ქართველთა მეფისადმი. ის იუწყებოდა, რომ სულთანმა მიიღო მეფის წერილი, რომელიც ითხოვდა მისგან "სამეფო წყალობებს, რათა წმინდა იერუსალიმში მცხოვრებ ქართველთა თემს მფლობელობაში მიეღო კუმამას (აღდგომის ტაძრის) საკურთხეველი; სომხებს და ქრისტიანთა [სხვა] თემებს ხელი აეღოთ ხსენებულ საკურთხეველზე და სულთანს ეზრუნა ქართველებზე" (სტრ. 36-40). კონტექსტიდან გამომდინარე, კუმამას საკურთხეველში გოლგოთის საკურთხეველი იგულისხმება. ფრანცისკელთა არქივის 1512 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულთანმა ბარსბეიმ დააკმაყოფილა ქართველთა მეფის თხოვნა, "გადასცა ქართველთა რელიგიურ თემს ეს საკურთხეველი და ალაგმა სომეხთა და სხვა ქრისტიანთა ხელები მისგან" (სტრ. 40-41). ამ გადაწყვეტილების თაობაზე, სულთანმა მისწერა თავის ნა’იბს იერუსალიმში 836 წლის 13 შავვალს/1433 წლის 3 ივნისს (სტრ. 41-42). სამწუხაროდ, ქართველთა მეფის წერილი ბარსბეისადმი და ამ სულთნის ხსენებული ბრძანებულება, თუ ცელიკას მიერ შედგენილი კატალოგით ვიმსჯელებთ, იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში არ ჩანს. კასტელანის კატალოგით, ის არ არის ფრანცისკელთა არქივშიც, მაგრამ იმ ამბავს, რომ ბარსბეის დროს გოლგოთა ქართველებს გადაეცა სამცხის ათაბეგის ივანეს (1391 - 1444) ძალისხმევით, იუწყება სომხური ჰიშტაკარანი101. ზუსტი თარიღი დასახელებული არ არის, მაგრამ იგულისხმება XV საუკუნის 30-იანი წლები102. მკვლევრები სავარაუდო თარიღად მიიჩნევენ 1422 და 1430 წლებს (ტ.სავალანიანცი,103 ა.აბდალაძე,104 მ.სტეფნაძე105), ან 1426 წელს (კ.ჰინტლიანი106). 1512 წლის 15 აგვიტოს დოკუმენტში დასახელებული ბარსბეის საბუთით შეიძლება ითქვას, რომ მან გოლგოთა ქართველებს გადასცა, დაახლოებით, 1433 წლის ივნისში.

2. სულთან ჯაკმაკის 843 წ. 18 მუჰარრამის/1439 წლის 1 ივლისის სამეფო ცირკულარული ბრძანებულება იერუსალიმისა და ღაზას ყველა მოსამართლისადმი, რომელიც ქართველთა მეფის ბერებს აძლევდა არა მარტო უფლებას გოლგოთის ეკლესიაზე – იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, არამედ უფლებასაც, გაეხსნათ იქ სამხრეთის კარები. ბრძანებულება უკრძალავდა სომეხთა რელიგიურ თემსა და ფრანკებს (ე.ი. ფრანცისკელებს) შეეწუხებინათ ისინი ამასთან დაკავშირებით (სტრ. 47-50). დოკუმენტი დაცული უნდა იყოს იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, მაგრამ მისი მიკვლევა ა.ცელიკას კატალოგის მიხედვით, არ მოხერხდა. საბუთი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის ადასტურებს სომხური ჰიშტაკარანის ცნობას, რომ გოლგოთა სულთან ჯაკმაკის დროს საბოლოოდ ჩამოართვეს სომხებს და გადასცეს ქართველებს107. ჰიშტაკარანში აღნიშნულია, რომ სომეხმა არქიეპისკოპოსმა მარტიროსმა ქართველებთან დაპირისპირების დროს რამდენჯერმე დაიბრუნა დადაკარგა გოლგოთა. ჩანს, ბოლოს ეს მოხდა სულთან ჯაკმაკის ბრძანებით, სწორედ 1439 წლის ივლისში108. ქართველების შეწუხება გოლგოთის გამო აეკრძალათ არა მარტო სომხებს, არამედ ფრანცისკელებსაც.

3. სულთან ჯაკმაკის 844 წლის 1 რაბი‘ II-ს/1440 წლის 30 აგვისტოს წერილი ქართველთა მეფისადმი. ის იუწყებოდა, რომ სულთანმა მიიღო ქართველთა მეფის წერილი, რომელიც ითხოვდა მისგან, ეზრუნა ისლამის ქვეყნებში მცხოვრებ ქრისტიანთა თემზე, ქართველებსა და მათ ბერებზე. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ გოლგოთის ეკლესიას/სამლოცველოს ჰქონდა "მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქართველი ბერები გამუდმებით ამუშავებდნენ" (სტრ. 42-46). სულთანმა გამოსცა ბრძანებულებები, რათა პატივი მიეგოთ მეფის ელჩებისადმი სამეფო კარზე მათი ყოფნის მანძილზე, ხოლო ქრისტიანებს, ქართველებს და მათ ბერებს მოქცეოდნენ ისე, როგორც შეეფერებოდა სამეფო (ე.ი. სულთნის) მართლმსაჯულებას და გაგრძელებულიყო მათზე სამეფო წყალობები (სტრ. 45).

<<დასაწყისი (ნაწილი II)... ..                           ...                                ...<<გაგრძელება (ნაწილი III)

___________________________________________________________________________________

47 Die Chronik des Ibn Ijas, 265.

48 Rabie, “Political Relations,” 75-81, 76-79; W.W. Clifford, “Some Observation on the Course of Mamluk-Safavi Relations (1502-1516/908-922),” Der Islam, 70 (1983), 246-47, 256-65.

49 Die Chronik des Ibn Ijas, 262; Rabie, “Political Relations,” 79.

50 “Le Voyage du magnifi que et tres illustre chevalier et provurateur de Saint Marc Domenico Trevisan,” 199-200; დ. გოჩოლეიშვილი, `საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიიდან XVI ს. I მეოთხედში~, 50-58. მკვლევარი წერს: "სათანადო კონტექსტიდან ჩანს, რომ "საქართველოს მეფის ელჩი მივლინებული იყო სეფიანთა ირანის შაჰთან, იქიდან კი, შაჰის ელჩთან ერთად, მამლუქ სულტანს წარუდგა". შემდეგ ის აღნიშნავს, რომ |სამწუხაროდ, იბნ იასის ცნობაში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტული დავალებით იყო წარგზავნილი ეს ელჩი ეგვიპტეში, თუმცა ზოგადად ცხადია, რომ მისი იქ ყოფნა მახლობელი აღმოსავლეთის არსებული იმჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით იყო განპირობებული. ამასთანავე ნათელია, რომ ამ ცნობით კონკრეტულად ფიქსირდება და დასტურდება გარკვეული კავშირი საქართველოს, სეფიანთა ირანსა და მამლუქთა ეგვიპტეს შორის". ეს მაშინ, როცა არაბი მემატიანის თხზულება არ იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ ამ ორ ელჩობას შორის რაიმე კავშირი არსებობდა. და ბოლოს, მკვლევარი ფიქრობს, რომ ქართველთა მალიქში იგულისხმება სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი მზეჭაბუკი (გვ. 56), რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. არაბული ტექსტის თარგმანში არის სხვა, არაერთი უზუსტობაც, რომლებზეც ყურადღებას აღარ გავამახვილებ.

51 “Le Voyage du magnifi que et tres illustre chevalier et provurateur de Saint Marc Domenico Trevisan,” 200.

52 ზ.პაგანის საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოზე. ის წერს, რომ "ქართველთა მეფის ელჩი და მისი მხლებლები მოვიდნენ შორეული ქვეყნიდან, რომელიც მდებარეობს სუფიების (სეფიანთა – გ.ჯ.) სახელმწიფოს გადაღმა, ინდოეთის მხარეს, სამოცი დღის სავალზე". “Le Voyage du magnifi que et tres illustre chevalier et provurateur de Saint Marc Domenico Trevisan,” 200.

53 Rabie, “Political Relations,” 79.

54 Die Chronik des Ibn Ijas, 262, 265, 271; Rabie, “Political Relations,” 79.

55 Die Chronik des Ibn Ijas, 266;

56 იქვე, 266; Journal d’un bourgeois du Caire. Chronique d’Ibn Iyas, 249.

57 ე.აშტორი წერს, რომ მამლუქი გამგებლები, რომლებიც დიდად იყვნენ დაინტერესებულნი ბეწვეულით, დაბალი ბაჟების დაწესებით ხელს უწყობდნენ მის იმპორტს. ის აღნიშნავს, რომ მამლუქები, თვით სულთანიც კი, ხშირად ძალით, უფულოდ ართმევდნენ იტალიელ ვაჭრებს ბეწვეულს. Eliyahu Ashtor, Levant Trade in the Later Middle Ages (Princeton, 1983), 163-164.

58 ანდრე ლე როიმ სულთანს მიართვა ხელმწიფის შესაფერისი დიდძალი (ჰაფილა) საჩუქარი: მოოქროვილი მთის ბროლის ჭურჭელი, მაუდისა და ხავერდის ქსოვილი, ოქროქსოვილი აბრეშუმი, ოქროს მონეტები და სხვ. დომენიკო ტრევიზანის დიდძალი ძვირფასი საჩუქარი, რომელიც მიჰქონდა 100-მდე მტვირთავს, იყო: მთის ბროლის ჭურჭელი, 8 ოქროქსოვილის,14 ხავერდისა და 26 ატლასის სამოსი, ორი დამასკური, აგრეთვე სხვა მრავალი აბრეშუმის ოქროქსოვილი, ალისფერი და მეწამული ქსოვილები, აგრეთვე სიასამურის, ყარყუმის და მრავალი ციყვის ბეწვი და 50 თავი პიაჩენცას ყველიც (მილანიდან 67 კმ-ზე მდებარე პიაჩენცაში დამზადებული ყველი დღესაც არის ამ ქალაქის სამზარეულოს ღირსშესანიშნაობა. იხ. “Culinary routes and Wine Trails inPiacenza.” . ძღვენი სულთანმა სათითაოდ დაათვალიერა და გამოხატა თავისი სიამოვნება და კმაყოფილება სენიორიის (ვენეციის მთავრობის უმაღლესი ორგანოს) საჩუქრით. Die Chronik des Ibn Ijas, 257, 259; Journal d’un bourgeois du Caire. Chronique d’Ibn Iyas, 240, 242; Setton, The Papacy and the Levant, 31.

59 ჩერქეზული წარმოშობის მამლუქი სულთნებიდან კანსავჰ ალ-ღავრი იყო პირველი, ვინც ააგო იპოდრომი ციტადელის ძირში. ის გარშემორტყმული იყო მაღალი კედლით. მის მარცხენა მხარეზე იყო დიდებული სასახლე, ტერასა (მანზარა) და წყალსაცავი (ბაჰრა). David Ayalon, “Notes on the Furusiyya Exercises and Games in the Mamluk Sultanate,” The Mamluk Military Society, Collected Studies, Variorum Reprints (London, 1979), II, 43-44.

60 Die Chronik des Ibn Ijas, 268; Journal d’un bourgeois du Caire. Chronique d’Ibn Iyas, 251.

61 Die Chronik des Ibn Ijas, 268.

62 იქვე, 269. ჯერ კიდევ სულთანმა ან-ნასირ მუჰამედმა (1294-1295, 1299-1309, 1309-1340) დაამკვიდრა მამლუქთა კარის სავალდებულო რიტუალად ცხენბურთი, რომელიც ეწყობოდა კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს. Karl Stowasser, “Manners and Customs at the Mamluk Court,” Muqarnas, vol. 2 (1984), 19; მაგრამ კანსავჰ ალ-ღავრის დროს, ეს წესი ირღვეოდა და ცხენბურთი ეწყობოდა კვირაობითაც. Die Chronik des Ibn Ijas, 268.

63 Ayalon, “Notes on the Furusiyya Exercises,” 47-53.

64 იბნ იასის ცნობები უაღრესად საინტერესოა მამლუქთა ეპოქის დიპლომატიური ეტიკეტის შესასწავლად. როგორც ვნახეთ, ეტიკეტი ითვალისწინებდა ელჩების მიღება-დაბინავებას, რასაც სულთნის ბრძანებით, მის მიერ დანიშნული მოხელე უზრუნველყოფდა. ასეთი მოხელე დაინიშნა სპარსეთის და კახეთის ელჩების მიღების დროს. მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ რომელ სახელმწიფოს წარმოადგენდა ელჩი. დომენიკო ტრევიზანი და მისი ამალა განათავსეს საუკეთესო უბანში, ციტადელის (სადაც იყო სულთნის რეზიდენცია) ახლოს, ხოლო ანდრე ლე როი – მისგან 2 მილზე – ბევრად უარეს სახლში, საიდანაც გამოსვლა ერიდებოდა და ბევრი მისი თანმხლები დაბრუნდა ალექსანდრიაში. 1511 წელს სეფიანთა ელჩი კაიროში, ფაქტობრივად, იზოლირებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისგან. სად დააბინავეს ბეენა ჩოლოყაშვილი, უცნობია. სულთნის სამსახური უზრუნველყოფდა ელჩებს საკვები პროდუქტებით. სულთანი ღებულობდა ელჩებს ციტადელში, ზოგჯერ სასახლის ეზოში, სადაც შეხვდა ქართველთა ელჩს 1511 წელს. ელჩი სულთანს გადასცემდა თავისი ხელმწიფის წერილს და ზეპირ ინფორმაციას, როგორც წესი, მიართმევდა სულთანს საჩუქრებს და სულთანიც მას, იშვიათად, მის ზოგიერთ მხლებელსაც, ასაჩუქრებდა ძვირფასი საპატიო ხალათით. ხალათი ორჯერ მიიღო ბეენა ჩოლოყაშვილმა. ეტიკეტში შედიოდა, შესაძლოა, არა ყოველთვის, სულთნის ხალათის, ანდა მის წინაშე მიწის ან იატაკის კოცნა. ასე მოიქცნენ ანდრე ლე როი და მისი მხლებლები კანსავჰ ალ-ღავრისთან პირველ შეხვედრაზე და დომენიკო ტრევიზანი – კანსავჰ ალ-ღავრისთან ბოლო შეხვედრის დროს. სეფიანთა ელჩმა, რომელმაც 1512 წლის ივნისში სულთანს გადასცა შაჰის ცუდ ტონში დაწერილი წერილი, ამავე დროს მიართვა მას დიდძალი საჩუქარი და აკოცა მიწას მის წინაშე. ელჩების (მათ შორის ბეენა ჩოლოყაშვილის) პატივსაცემად იმართებოდა ნადიმი, ცხენბურთი და მამლუქთა სხვადასხვა სახის შეჯიბრი-ვარჯიში, რაც ფურუსიას შემადგენელ ნაწილი იყო. სულთანი უფლებას აძლევდა ელჩებს, გამგზავრებულიყვნენ სამშობლოში, ხოლო ქრისტიანებს, სურვილის შემთხვევაში, მოენახულებინათ თავიანთი სიწმინდეები სინას მთაზე და იერუსალიმში. Die Chronik des Ibn Ijas, 234, 255, 265, 268; Rabie, “Political Relations,” 78; Setton, The Papacy and the Levant, 28, 30-31, 33; Die Chronik des Ibn Ijas, 268; Journal d’un bourgeois du Caire. Chronique d’Ibn Iyas, 251.

65 Die Chronik des Ibn Ijas, 268; Journal d’un bourgeois du Caire. Chronique d’Ibn Iyas, 252; Andre Raymond, Cairo: City of History (Cairo, 2000), 181-82.

66 “Le Voyage du magnifi que et tres illustre chevalier et provurateur de Saint Marc Domenico Trevisan,” 201.

67 იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, # VII.B.1.5.

68 Τσελικα, Καταγραφή, 396.

69 იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, #VII.B. 2.59, სტრ. 5, 13 და იერუსალიმის ფრანცისკელთა არქივი, Castellani, Catalogo dei Firmani, #78, სტრ. 29. ვინაიდან არაბულ ტექსტში დიაკრიტული ნიშნები არ არის, შესაძლებელია ორივე წაკითხვა. ქართულ "ჩინ"-ს, რომელიც არაბულში არ არის, ცვლის "შინ".

70 ბეენა ჩოლოყაშვილი თავად წერს (იხ. შენ. 1), თუ როდის მიაღწია იერუსალიმს. ეს მოხდა 1512 წელს, სადაც ჩავიდა კაიროდან. ამდენად, წმინდა მიწაზე მისი მოღვაწეობა დაიწყო 1512 და არა 1511 წელს, როგორც ეს ზოგჯერ გვხვდება ქართველ მკვლევართა შრომებში.

71 არაბ. ვაკფ, მრ. ავკაფ, მუსლიმური სამართლით, არის ქონება, რომელზედაც სახელმწიფო, ან კერძო პირი ამბობს უარს და გასცემს რელიგიური ანდა საქველმოქმედო მიზნებისთვის. ვაკფის გასხვისება არ შეიძლება. აქ და ქვემოთ ამ სიტყვას მე ვთარგმნი სამონასტრო ქონებად. შეწირულობები ეკლესია-მონასტრებისადმი იყო ის ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა იერუსალიმში ბიზანტიელთა ბატონობის დროიდან. ქართველთა ეკლესია-მონასტრებისთვის ასეთი ქონება შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული სახელმწიფოს და კერძო პირების შემოწირულობებიც. ვაკფის ერთი ადრეული მთავარი მუსლიმური სახელმძღვანელო დასაშვებად მიიჩნევს ქრისტიანის მიერ თავისი სახლის ან მიწის ვაკფად შეწირვას, თუ შემოსავალი მისგან გამოიყენებოდა იერუსალიმში რემონტისთვის, ლამპრებისთვის ზეთის საყიდლად და სხვ. Moshe Gil, “Dhimmi Donations and Foundations for Jerusalem (638-1099),” Journal of the Economic and Social History of the Orient, vol. XXVII, part II (1984), 156-57. ვაკუფებიდან მიღებულ შემოსავალს ქართული სამონასტრო თემის ხელმძღვანელობა იყენებდა ქართული სავანეების, ბერ-მონაზვნებისა და პილიგრიმების საჭიროებებისათვის.

72 Die Chronik des Ibn Ijas, 273.

73 Castellani, Catalogo dei Firmani, #83. აქ დოკუმენტის თარიღი არასწორადაა განსაზღვრული: არის 919 წლის 15 ჯუმადა II/1513 წლის 18 აგვისტო, 918 წლის 2 ჯუმადა II-ის/1512 წლის 15 აგვისტოს ნაცვლად.

74 У. М. Уотт, П. Какиа, Мусульманская Испания (Москва, 1976), 145-46.

75 Butrus Abu Manneh, “The Georgians in Jerusalem in the Mamluk Period,” in Egypt and Palestine. A Millennium of Association (868-1948), ed. by A. Cohen and G. Baer (New York, 1984), 102-112, 108,109; გოჩა ჯაფარიძე, "დიპლომატიური კონტაქტები საქართველოსა და ეგვიპტეს შორის XIV-XVI ს-ის დასაწყისში იერუსალიმში აღმოჩენილი არაბული დოკუმენტების მიხედვით", ქართული დიპლომატია, 1 (1994), 210-11.

76 გოჩა ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში (თბილისი, 1995), 234-56.

77 გოჩა ჯაფარიძე, "როდის დაუბრუნეს ქართველებს მამლუქების მიერ მიტაცებული ჯვრის მონასტერი?", შოთა მესხია 90, საიუბილეო კრებული მიძღვნილი შოთა მესხიას დაბადების 90 წლისთავისადმი (თბილისი, 2006), 289-306, 294, 296.

78 Abu Manneh, “The Georgians in Jerusalem,” 110; ჯაფარიძე, "დიპლომატიური კონტაქტები", 212, შენ. 3.

79 იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, #VII.B.1.7.

80 იქვე, #VII.B.2.30.

81 იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს ისტორიის საკითხები განხილულია ა.სანჯიანის შრომებში, რომლებიც დასახელებულია წინამდებარე სტატიაში.

82 Denys Pringle, The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem, A Corpus, vol. III, The City of Jerusalem (Cambridge, 2007), 172.

83 ლელა ჯეჯელავა, "წმინდა იაკობის ქართული მონასტერი იერუსალიმში~, კრ. ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები (თბილისი, 1991), 266-282; ვლადიმერ კეკელია, "სომხური წყაროები იერუსალიმში მათი სამონასტრო მშენებლობის შესახებ", შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, VI (2002),143-152,150; მისივე, "იაკობის მონასტრის საკითხი და ჯვაროსანთა ურთიერთობა ქართულ-სომხურ კოლონიებთან იერუსალიმის წმინდა მიწაზე XII საუკუნეში", ქართული დიპლომატია, 11 (თბილისი, 2001), 62-88; ელდარ მამისთვალიშვილი, საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.) (თბილისი, 2008),163-66, შენ. 1.

84 Avedis K. Sanjian, The Armenian Communities in Syria under Ottoman Dominion (Cambridge, 1965), 12; Victor Azarya, The Armenian Quarter of Jerusalem: Urban Life Behind Monastery Walls (Berkeley, 1984), 59; Adrian J. Boas, Jerusalem in the Time of the Crusades: Society, Landscape and Art in the Holy City under Frankish Rule (New York, 2001), 126; Rene Janin, “Les Géorgiens à Jerusalem,” Échos d’Orient, 16 (1913), 33; რენე ჟანენი, "ქართველები იერუსალიმში", რელიგია, 10 (1992), 8 და სხვ.

85 M. Brosset, “Notice sur les manuscrits géorgiens récemment acquis par l’Académie” (Beilage Nr. 135), wignSi: B. Dorn Das Asiatische Museum der Kaiserlichen Akademie der Wissenschaften zu St. Petersburg. (St. Petesrburg, 1846), 631-632; Цагарели, “Памятники грузинской старины”, 117- 18, 191-92, #147.

86 Serge A. Frantsouzoff, “Three Arabic notes in a Georgian manuscript kept in St. Petersburg,” in Georgians in the Holy Land, ed. by Tamila Mgaloblishvili (In the Press). სტატია დაბეჭდვამდე გაგვაცნო ქალბატონმა თამილა მგალობლიშვილმა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ.

87 Sanjian, The Armenian Communities in Syria, 12, 170; Azarya, The Armenian Quarter of Jerusalem, 59; Boas, Jerusalem in the Time of the Crusades, 126.

88 Pringle, The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem, 169. damowmebulia: Vincent L.-H. and F F. Abel, Jérusalem: Recherces de topographie d’archéologie et d’histoire, vol. II: Jérusalem nouvelle (Paris, 1914), 522.

89 ა.ტერ - ჰოვანესიანც, ჟამანაკაგრაკან პატმუთიუნ ს.ერუსაღემი, II [წმინდა იერუსალიმის ქრონოლოგიური ისტორია, II] (იერუსალიმი, 1890). ქართულ-სომხური დავის ეპიზოდები ამ ნაშრომიდან, ჩემი თხოვნით, სომხურიდან არაბულად მითარგმნა ფრანცისკელთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა კაიროში აბუ მანსურ მისტრიხმა. გარდა ამისა, ისინი მოკლედ ციტირებულია ა. სანჯიანისა და სერჯიო ლა პორტას შრომებში: Sanjian, The Armenian Communities in Syria, 172; Sanjian, “The Armenians and the Holy Places in Jerusalem,” The Third International Conference on Bilad al-Sham: Palestine, 19-24 April, 1980, vol. I (Jerusalem, 1983), 135-36; Sergio La Porta, “The Armenian Episcopacy in Mamluk Jerusalem in the Aftermath of the Council of Sis (1307),” Journal of the Royal Asiatic Society, series 3, vol.17, issue 2 (2007), 111.

90 იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს ხელნაწერებისა და დოკუმენტების კოლექციის შესახებ იხ.ჯაფარიძე, ბუაჩიძე, "წმინდა მიწაზე ქართული ეკლესიის ისტორიის არაბული დოკუმენტური წყაროები", 547-550.

91 ამ ორი დონის შესახებ იხ. Oded Peri, Christianity under Islam in Jerusalem (Leiden, 2001), 3.

92 გოჩა ჯაფარიძე, `სულთან ბარკუკის ორი ბრძანებულება იერუსალიმის ფრანცისკელთა სამეურვეოს არქივიდან~, ქართული დიპლომატია, 9 (2002), 677-78.

93 ფრანცისკელთა, ანუ `მინორიტ ძმათა ორდენი~ (აბრევიატურა – OFM) 1209 წელს დააარსა ფრანცისკ ასიზელმა (1182-1226). წმინდა მიწაზე ფრანცისკელთა სამეურვეოს ისტორიის შესახებ იხ. Leonhard Lemmens, “Die Franziskaner im HL. Lande,” I, Teil, Die Franziskaner auf dem Sion (1336-1551) (Münster in Westfalen, 1916); Giuseppe Nazzaro, The Franciscan Presence in the Holy Land, translated and edited by Peter F. Vasko, John Boettcher (Jerusalem, 1995); Sabino De Sandoli, The Peaceful Liberation of the Holy Places in the XIV Century (Cairo, 1990), 77-94.

94 Sabino De Sandoli, The Peaceful Liberation of the Holy Places, 43; ვლადიმერ კეკელია, "ქრისტიანი ერები უფლის საფლავის ტაძარში XIV საუკუნეში", აღმოსავლეთი და კავკასია, 5 (2007), 69.

95 Sabino De Sandoli, The Peaceful Liberation of the Holy Places, 47. სამწუხაროდ, ავტორი ხშირად არ ასახელებს სათანადო წყაროებს და კათოლიკეების პოზიციიდან განიხილავს ფრანცისკელთა მოღვაწეობას წმინდა მიწაზე.

96 ჯაფარიძე, "სულთან ბარკუკის ორი ბრძანებულება", 674-75.

97 ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, #IV.B. 2.97.3. ამ დავის შესახებ, ჩვეულებრივ, იმოწმებენ რ. ჟანენს, რომელსაც თარიღში ერთწლიანი შეცდომა აქვს, 1492 წელი, ნაცვლად 1491 წლისა. Janin, “Les Géorgiens a Jérusalem,” 35; ჟანენი, "ქართველები იერუსალიმში", 10. გადამოწმებამ გვიჩვენა, რომ შეცდომის წყაროა მის მიერ დამოწმებული Φ. Aριστοκλεους-ის ნაშრომი: A. Κωνσταντίνου, Πατριάρχου Κωνσταντινουπόλεως βιογραφία και συγγραφαι αι έλάσσονενες [თეოდოროს არისტოკლეუს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის კონსტანტინე I-ის ბიოგრაფია, საეკლესიო და ფილოლოგიური ხასიათის ნარკვევები და ეპისტოლეები] (Κωνσταντινουπόλεως, 1866), 284, სადაც 896 წლის 17 ზულ-კა‘დას შესაბამისად შეცდომით დასახელებულია 1492 წელი (2002 წელს ამ ნაშრომის თესათანადო გვერდები გვითარგმნა გ.წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბერძნული ლიტერატურისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ მესხმა, რომელსაც მადლობას მოვახსენებ). რ.ჟანენი აგრეთვე აღნიშნავს, რომ 1475 წელს დასავლეთის სამღვდელოებას გოლგოთის სრულად დასაკუთრება სურდა, მაგრამ არ დაასახელა თავისი წყარო.

98 ფრანცისკელთა არქივი, ჩასტელლანი, ჩატალოგო დეი Fირმანი, #63.

99 აქედან კიბით შეიძლება ჩასვლა ადამის სამლოცველოში. თინა ცერაძე, გიორგი გაგოშიძე, იერუსალიმი. სააღდგომო მეგზური (თბილისი, 2007), 27.

100 იქ ასვლა შეიძლება ეკლესიის კარიბჭის ხელმარჯვნივ მდებარე კიბით.

101 სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები და შენიშვნები დაურთო ა. აბდალაძემ (თბილისი, 1978), 57-58.

102 იქვე, 57-58; Sanjian, The Armenian Communities in Syria, 172-73.

103 ტ. სავალანიანცი თავის `იერუსალიმის ისტორიაში~ ასახელებს როგორც 1422, ისე 1430 წელსაც. დამოწმებულია: სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები, 157.

104 ა.აბდალაძე, ჰიშატაკარანის ქრონოლოგიის გათვალისწინებით, თვლის, რომ მეორე თარიღი – 1430 წელი უფრო მისაღები ჩანს. სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები, 157.

105 მაია სტეფნაძე, "ქართველთა მდგომარეობა იერუსალიმის წმინდა მიწაზე VII-XVII საუკუნეთა საერთაშორისო აქტების მიხედვით", ქართული დიპლომატია, 5 (1998), 447-48.

106 კ.ჰინტლიანის თანახმად, გოლგოთა სომეხთა ხელთ იყო სალადინის დროიდან მოყოლებული 1426 წლამდე, როცა ქართველებმა, რომელთაც ოჯახური კავშირები ჰქონდათ მამლუქებთან, ქრთამებით მოახერხეს კონტროლის დაწესება მასზე. K. Hintlian, History of the Armenians in the Holy Land (Jerusalem, 1989), 42. ჰინტლიანი, რომლის პუბლიკაციებიც ხშირად გვხვდება წმინდა მიწის შესახებ კრებულებში, თითქოსდა სერიოზული მკვლევარია. მით უმეტეს გასაოცარია, რომ ის მსჯელობს მამლუქებთან ქართველების არარსებულ, ყოველ შემთხვევაში, სამეცნიერო ლიტერატურაში შეუსწავლელ, რაღაც ოჯახურ კავშირებზე.

107 სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები, 58-59, 156.

108 ამავე წელს სომხებმა, რომლებმაც იმედი დაკარგეს დაებრუნებინათ გოლგოთა, სულთნის ნებართვით, "უფლის წმ.საფლავისა და წმ.გოლგოთის პირდაპირ" ცარიელ ადგილზე ააშენეს ეკლესია, რომელსაც მეორე გოლგოთა უწოდეს. იხ. სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები, 59-60; Sanjian, The Armenian Communities in Syria, 173. 1439 წელს გოლგოთის დაკარგვით დამწუხრებული ა.სანჯიანი, ცდილობს დაამციროს ქართველთა წარმატება: "ქართველების გამარჯვება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც მალე, 1440 წელს მათი სამეფოს დაცემის შემდეგ, მათი მონასტრები და სიწმინდეები წმინდა ქალაქში, გოლგოთის ჩათვლით, მათი ერთმორწმუნე ბერძნების კონტროლის ქვეშ გადავიდა". 1440 წელს ქართველთა სამეფო არ დაცემულა და შეუძლებელია, სანჯიანმა არ იცოდეს ისიც, რომ სინამდვილეში, ქართველები იერუსალიმში თავიანთ ეკლესია-მონასტრებს და სხვა სიწმინდეებს, მათ შორის გოლგოთას, კიდევ ორ საუკუნეზე მეტხანს ინარჩუნებდნენ. უბრალოდ, მას ობიექტურობა ღალატობს.