topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხვანჭკარა

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

 

ხვანჭკარა - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ამბროლაური-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ამბროლაურიდან 14 კილომეტრი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 474, თბ., 1987 წელი.

 

ხვანჭკარის ეკლესიები (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერაძე თ. რაჭა. - თბ., 1983. - გვ.129. - მოკლე ცნობა ღვთისმშობლისა და "გოლგოთის" სახელობის ეკლესიებზე.

2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. ხვანჭკარა //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VII. - ტფ., 1933. - გვ.210. - სოფ. ხვანჭკარის ღვთისმშობლის მიძინებისა და გოლგოთის სახ. ეკლესიების მდებარეობა, მოკლე აღწერილობა და სიძველეთა აღწერილობა.

3. მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ხვანჭკარა //მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული.ტ.12. სასულიერო მწერლობა ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წიგნი 1. - თბ., 2011. - გვ.400. - წმ.გიორგის სახ.ეკლესიის მდებარეობა; აღნიშნულია, რომ აღდგენილია მოსახლეობის მიერ მე-18 საუკუნეში. მოხსენიებულია ქაიხოსრო ყიფიანი.

4. ხვანჭკარას წმ. გიორგის ეკლესია. ხვანჭკარას ღვთისმშობლის მიძინების (ყიფიანების) ეკლესია //კეზევაძე მ. ეგზარქოაობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.40. - 1811-1917 წწ. ხვანჭკარის ეკლესიებში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.

 

ხვანჭკარა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.130

ხვანჭკარას არის ორი ძველი ეკლესია - ღვთისმშობლისა და გოლგოთისა.

1. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (ყიფიანების უბანში) დგას სოფლის თავს კლდეებით შემოზღუდულ ადგილას; ძველი ერთნავიანი შენობაა, 7,8X3,2 მ. ნაგები შირიმის თლილი და კლდის სწორპირიანი ქვისა და კირისაგან, განახლებული ახლო წარსულში. დღეს ნანგრევებად არის: სახურავი მოხდილია, კედლებს გარეთა პერანგი შემოცლილი აქვს, დასავლეთი კედელი, კარ-სარკმელი და ტრაპეზი დანგრეულია. საკურთხეველში არის ორი თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით); აქვე კედელში, მაღლა, დატანებულია ორი ქვევრი ხმისათვის. ეკლესია მოხატული ყოფილა: მხატვრობა ნაშთადღა არის: საკურთხევლის კონქში მოჩანს ორი პირის (მაცხოვრისა და ნათლისმცემლის?) მუხლქვევითი ნაწილი; დანარჩენ ადგილებში მხატვრობა სულ მოცილებულია. ეკლესიას გარშემო ჰქონია გალავანი, რომელიც დღეს ნანაგრევად არის. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ზედა და ქვედა ციხები, დასავლეთითაც არის ზედა ციხე, ჩრდილოეთით კიდევ "ნაციხვარი" (კოშკი).

2. გოლგოთის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5,7X3,8 მ, ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან: ხურავს ყავარი, რომელიც ნახევრად დამპალია; სახურავი (თაღის მაგიერი) ფიცრისა აქვს; კარი არის სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი - აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1; უკანასკნელი (დას.) ახლაა ამოგებული. ტრაპეზი კედელზეა მიდგმული; საკურთხეველში არის 2 თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით).

 


რაჭის ერთ-ერთი უმშვენიერსი სოფელია ხვანჭკარა, რომელიც თავის დროზე თავს იწონებდა მოქმედი ეკლესიების, საეკლესიო პირებისა თუ თავად-აზნაურთა სიმრავლით. თუმცა მწარე სინანულით აღვნიშნავთ, რომ ბუნების სიმკაცრის, ჟამთა სიავისა თუ ადამიათა დაუდევრობისა და უსულგულობის გამო დღემდე არცერთ ტაძარს მოუღწევია, მათგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. სამწუხაროდ, აღარ არიან ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა მათ მშენებლობაში, არიან მათი შთამომავლები, რომელთა მეხსიერებას შემორჩა წინაპარათა მონაყოლი. "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო", მათ შესახებ ისტორიები დავიწყებას მიეცა, მთლიანად დაკარგულია და აღარ არსებობს საეკლესიო ნივთები, ზარები; ზარები - რომელთა საამო ხმა ჩვენს წინაპრებს ტაძრისკენ მოუხმობდა, ჩვენ კი, ფიქრებში ჩაგვესმის იმისთვის, რომ ხავსი გადავწმინდოთ, მიწა მოვაშოროთ, მოვეფეროთ და მზის სინათლე დავანახოთ მართლმორწმუნე ადამიანების მიერ შექმნილ სიწმინდეებს.

სოფელში არსებული წმინდა ადგილებიდან ინფორმაცია მოვიძიეთ შემდეგზე: დედაღვთისა, საღმრთო, საგოლგოთო, ნაციხვარი, საყდრივაკე.

დედაღვთისა

დედაღვთისის ტერიტორიაზე ეკლესია არასოდეს ყოფილა. იყო კოლმეურნეობის დიდი ბეღელი, სადაც მოსავალს ინახავდნენ. იქ სხვადასხვა დროს ადამიანებს ეცხადებოდათ ღვთისმშობელი, ხალხმა ის ადგილი მონიშნა, სანთელს ანთებდა და ლოცულობდა. მოგვიანეით გადაწყდა ხის საყდრის აშენება, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა. ის პროექტი დღემდე ინახება შაქრო ჭარბაძის ოჯახში. დღესდღეობით ბეჟან ყიფიანის თაოსნობით გადაწყვეტილია, აშენდეს ბაზილიკური ეკლესია, რომლის პროექტი შეადგინა მისმა მეგობარმა კონსტანტინე მოდებაძემ და აკურთხა რაჭის მეუფემ, ელისე ჯოხაძემ.

საღმრთო

გადმოცემით, საღმრთო ნემსიწვერიძეების კარის ბაზილიკური ეკლესია იყო, რომელიც აუგიათ ალექსი ალავიძესა და ილარიონ ლომთაძეს. ეს სალოცავი თავდაპირველად სოფლის თავში ყოფილა, მაგრამ გზა დანგრეულა და მიუვალი გამხდარა, ამიტომ ჩამოიტანიათ ქვემოთ. პირველს უწოდეს ზედა საღვთო, მეორეს - ქვედა საღვთო, სადაც დღესდღეობით შეინიშნება გალავნის ნაშთები. ეკლესია დაანგრიეს კომუნისტებმა (XX საუკუნე). სოფელში წელიწადში ორჯერ: აღდგომის პირველ ხუთშაბათს და ივნისის ბოლო კვირას აღინიშნება "საღვთოობა."

საგოლგოთო

ეკლესია წარმოადგენდა XIX საუკუნის ბაზილიკურ შენობას ზომებით 5,7X3,8 მ. საკურთხეველში იყო თარჩა, ერთი სამხრეთით, მეორე - ჩრდილოეთით. საგოლგოთო ლუხუტაშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა, რომლებიც თავდაპირველად სოფლის თავში ცხოვრობდნენ. გადმოცემის თანახმად, რაღაც დაავადება გავრცელებულა, ამიტომ ლუხუტაშვილებს მიუტოვებიათ თავიანთი საცხოვრებელი სახლები და გადმოსახლებულან სოფლის შუაგულში. ეკლესიაც აქვე აუგიათ, რომელიც კომუნისტება გაძარცვეს დაანგრიეს 1932 წელს.

ნაციხვარი

XX საუკუნის დასაწყისში "ნაციხვარი" სოფლის უმნიშვნელოვანესი ცენტრი ყოფილა, სადაც საეკლესიო პირები ასწავლიდნენ წერა-კითხვას. "ნაციხვარზე" იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელიც სამი ეკლესიისგან შედგებოდა: წმინდა გიორგის და წმინდა ბარბარესი, რაც შეესება მესამეს - მის შესახებ ხალხში ზუსტი ინფორამცია არ არსებობს. სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით, ის ქრისტეშობის სახელობის იყო. "ნაციხვარის" წმინდა გიორგის სახელობის დედა ტაძარი XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ამას ადასტურებს "ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების". ხალხის მონათხრობით, წმინდა გიორგის ეკლესია ნიკორწმინდის მსგავსი იყო, იგი უკურთხებიათ წმინდა გიორგის მუხლის ძვლით. ეკლესიის ეზოში მდებარეობდა საიდუმლო გვირაბი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მალავდნენ ეკლესიის სიწმინდეებს. ეს გვირაბი ჩადიოდა წყარომდე. ხალხი ამ წყაროს "დედოაფალაწყაროს" ეძახდა. გვირაბს მიწის სქელი ფენა ფარავს, წყარო კი, დღესაც მიედინება. კომუნისტებმა რკინის იარაღით რომ ვერაფერი დააკლეს, განსაკუთრებული ძლიერი საშენი მასალით ნაგები ტაძრის კედლებს, იგი დაბურღეს, ასაფეთქებელი მასალა ჩადეს და ისე დაანგრიეს. ეკლესიის ქვებით ფერმა და სკოლის შენობა აუგიათ. დღესდღეობით ტაძრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ჩვენს მიერ დასუფთავების დროს აღმოვაჩინეთ წმინდა ჭურჭელი - ფეშხუმი. მასზე ამოტვიფრულია ღვთისმშობლისა და ანგელოზების გამოსახულებები. ფეშხუმი დათარიღებულია 1867 წლით. აქვე გვხვდება მოჩუქურთმებული და სხვადასხვა ორნამენტებით გაწყობილი ქვები. როგორც ჩანს, ტაძარი მოხატული ყოფილა. წმინდა ბარბარეს ეკლესია XIX საუკუნეში აუგიათ. გადმოცემის თანახმად, ხვანჭკარის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ივანე კახეთელიძეს შვილი როგორც კი გაუჩნდებოდა, მალევე ეღუპებოდა. ერთხელ მას წმინდა ბარბარე გამოეცხადა და ზემოხსენებულ ადგილზე მიანიშნა, კახეთელიძეებმა წმინდანის სახელზე ააშენეს ტაძარი, ამის შემდეგ მათ ოჯახში ჯანმრთელი ბავშვები იბადებოდნენ.

საყდრივაკე

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ეკუთვნოდა თავად ყიფიანებს. იგი ააშენს XIX საუკუნეში, კლდეებით შემოსაზღვრულ ადგილას. ეს არის ერთთავიანი შენობა, ზომები 7,8X3,2 მ-ზე. მას ოთხივე კედელში ჩატანებული ჰქონდა ქვევრები, რომლებიც წირვა ლოცვის დროს საამო ხმებს გამოსცემდა. ეკლესია აშენდა თავად ნიკოლოზ ყიფიანის თაოსნობით. მს გვარი ბრწყინვალე თავდის გვარით არის ცნობილი. ეკლესიას გარს ერტყა დიდი ქვის გალავანი და მის ეზოში მოქმედებდა სათნოების სახლი, სადაც უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ და მკურნალობდნენ გაჭირვებულებსა და ავადმყოფებს. საკურთხევლის კედელი იყო მოხატული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ფრესკებით. ეკლესიის აღოსავლეთით, კლდეზე არის ზედა და ქვედა კოშკი, ციხე-ნანგრევები, ჩრდილოეთით - ნაციხვარი კოშკი, რომელში იყო სამლოცველო. ნათლისღებისა და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ყიფიანებს სტუმრობდნენ მეზობელი სოფლებიდან თავად-აზნაურნი, მათ შორის მხეიძეები, რომელთანაც ნათელ-მირონობა აკავშირებდათ. წირვა-ლოცვის შემდეგ იმართებოდა ჯირითობა. კომუნისტებმა ყიფიანებს ჩამოართვეს საგვარეულო განძი, მათ შორის ძვირფასი ხატები, რომელთა ბედიც უცნობია. აუჭრეს 80 ძირი ნიგოზი და ჩამოასახლეს ეგერთწოდებულ ჭარბაძეების უბანში. მაგრამ ეკლესიას არ შეხებიან. ყიფიანებს გამუდმებით სდევნიდნენ, ასახლებდნენ ერთი ადგილიდან - მეორზე. ისინი ვეღარ ახერხებდნენ ეკლესიის მოვლას; 1991 წელს იგი მიწისძვრამ დაანგრია. იქაურობა გაუვალ ტყედ იქცა. ხალხი აღარ დადიოდა მოსალოცად. საყდრივაკესთან პატარა ღელე ჩამოედინება. 1999 წლის 28 აგვისტოს ღამით პატარა ღელე ადიდდა, კალაპოტიდან გადავიდა და სახლებში შევარდა, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხალხმა ეს ღვთისმშობლის მიერ მოვლენილ გაფრთხილებად ჩათვალა. 2000 წელს სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ, რომლებსაც სოფლის ახალგაზრდობა შეუერთდა, გაიწმინდა საყდრივაკის ტერიტორია.

https://www.facebook.com/note.php?note_id=411278520094