topmenu

 

ღადიში

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ღადიში — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: ბაჯი, პატარა ონი, ტბეთი, ქვედა შავრა). ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 24 კილომეტრი.

 

 

ღადიშის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1934. - გვ.121-126. - ღადიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოკლე დახასიათება.ტექსტს ერთვის ღადიშის ეკლესიის სამი ფოტო(სურ.42–44).

2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. ღადიში //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VII. - ტფ., 1933. - გვ.205-206. - წმინდა გიორგის სახელობის ღადიშის ეკლესიის არქიტექტურული დახასიათება.

3. ღადიშის მონასტრები //გობეჯიშვილი ვ. რაჭის მონასტრები. - თბ., 2006. - გვ.69-70. - არქიტექტურული ფორმების მიხედვით ღადიშის წმ. გიორგის სახ. ტაძარი დათარიღებულია X საუკუნით, შემორჩენილია ძეგლის სანახევროდ დანგრეული კედლები. მოხსენიებულია გ.ბოჭორიძე.

4. ღადიში //რაჭა 1991: მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები. - თბ., 2008. - გვ.26. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა XV საუკუნეების დარბაზული ნაგებობის შესახებ.

5. ღადიშის ეკლესია //კეზერიძე მ. ეგზარქოსისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.32. - 1811-1917 წწ. ღადიშის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.

 

 

ღადიში - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.124-126

ღადიშის წმ.გიორგის ეკლესია (სურ.42, 43) ერთნავიანი შენობაა, 7X4,1 მ. ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან; თაღი ძველად ქვიტკირისა ჰქონია, რაც ცხადად ჩანს სამხრეთი და ჩრდილოეთის კედლების გადმოწეული თავებიდან, ხოლო შემდეგ, ალბათ, დაქცევის გამო, ფიცრისა გადაუყვანიათ. ხურავს ყავარი, რომელიც ადგილ-ადგილ დამპალია; იატაკად დაგებულია თლილი ქვა; კარი აქვს სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით; სამხრეთ კარს გარედან, მარცხენა ძირა ნაწილში უდევს ჩუქურთმიანი ქვა (სურ.44), რომელიც მოყოლილი უნდა იყოს აქ ეკლესიის განახლების დროს. სარკმელი არის: აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1. ტრაპეზი შუა ეკლესიაშია გამართული: სამკვეთლო კედელშია გამოღებული; საკურთხეველში არის ორი თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით). ეკლესია მოხატული ყოფილა: მხატვრობისა დღეს ნაშთიღა არის; საკურთხევლის კონქში დახატულია ვედრება; მაცხოვარი და ღვთისმშობელი შენახული არიან წელამდე, ნათლისმცემელი კი სულ მოცილებულია. მხატვრობის კვალი მოჩანს აგრეთვე ჩრდილო და დასავლეთი კედლების ზევითა ნაწილებში; დანარჩენ ადგილებში მხატვრობა სულ მოსპობილია. ეკლესია შიგნით დაზიანებულია: მისი იატაკი შეძრულია; ვიღაც ბოროტმოქმედებს ამ უკანასკნელ წლებში ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან გაუთხრიათ აკლდამები ალბათ, განძის შოვნის მიზნით; ადამიანის ძვლები მაღლაა ამოყრილი. ეკლესიას დასავლეთით შირიმის ქვისგანვე მიშენებული აქვს საქალებო, 3,2X5,2 მ.; მისი სახურავი დამპალია და დღეს ნახევრად ღია არის; კარი აქვს დასავლეთით და აღმოსავლეთით (უკანასკნელი ეკლესიაში შედის). დასავლეთის კარის თავზე დევს ქვა სწორხაზოვანი ჯვრის გამოსახულებით (წრეში) მის ზევით საქარეზე არის ქვა მაცხოვრის გამოსახულებით; უკანასკნელის მარჯვნივ (ორი ქვის დაშორებით) და მარცხნივ (გვერდზევე) კიდევ ორი ქვაა გაშლილი ხელის გამოსახულებით. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია რაღაც შენობები: დღეს მათი კვალიღაა დარჩენილი: სამხრეთ მხარეს შენახულია საძირკველი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს - გარეთ გამოწეული კედელი; ამ გამოწეულ კედელზე მაღლა დევს სამი მოზრდილი ქვა და ერთი მცირე (ნატეხი); ოთხივე ნაქანდაკევია მთავარანგელოზები მედალიონებში (თითოეულზე თითო); ქანდაკება ორ ქვაზე კარგად არის შენახული, მესამეზე და მეოთხეზე კი მთავარანგელოზებს მხრებქვევითი ნაწილი დაზიანებული აქვთ. იმავე (ჩრდილოეთ) მხარეს აღმოსავლეთ კუთხესთან დევს ხის ჯვარი, 2,81X1,91X0,16 მ. დაშლილი. იმავე (ჩრდილოეთ) მხარეს, ეზოში დგას დიდი ცაცხვის ხე, ეკლესიას გარშემო გალავანი ჰქონია; დღეს იგი ნანგრევად არის; შესავალი კარი აქვს დასავლეთ გალავნის გარეთ, აღმოსავლეთ მხარეს დგას ბზის ხეები.

სიძველე; (ქ.2772) მძივი, დიდი ზომის, 1 ცალი, (შენიშვნა: მძივი ეკლესიაში გათხრილ აკლდამიდან უნდა იყოს ამოღებული).