topmenu

 

ოშკი

<უკან დაბრუნება...<<<ტაო-კლარჯეთის ძეგლები>>>

ოშკი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.620.

ოშკი - X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე (ახლა თურქეთის ფარგლებშია). მთავარი ტაძრის გარდა შემონახულია სემინარია-სატრაპეზო და მცირე ეკლესიები. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელნი ბაგრატიონები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი), ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლი, რომელიც რელიეფურად არის გამოსახული სამხრეთ გალერეის ერთ-ერთ ბოძზე. ოშკის ტაძრის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს ე.ი. ჯვრის სამი მკლავი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე (დასავლეთისა) კი - წაგრძელებულია და უაფსიდო. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეული არიან სწორკუთხა მკლავებში. დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია სამგზის განმეორებული კომპოზიცია ხუთი დეკორატიული თაღისა - აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს სისტემა XI-XII საუკუნეებში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრეთ გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახულება. გამოსახული არიან აგრეთვე ცხოველები (ხარები, ირმები, ფრინველები). მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართული. რელიეფების უმეტესობა განლაგებულია გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმელების გარშემო. მათი განაწილება და არქიტექტურულ ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც დამახასიათებელია X საუკუნისათვის. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრეთ გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე საკმაოდ მაღალია. ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი - მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.

ვ.ბერიძე, ლ.მენაბდე

ლიტერატურა:

ე.თაყაიშვილი - 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში». თბ., 1960.

მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ.1, ნაკვ.2, თბ., 1962;

Беридзе В.В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981

გამოყენებული წყარო: ვიკიპედია_ოშკი

 

 

 

 

************************************************************************************

ოშკი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.50-51.

კიდევ უფრო მეტად უახლოვდბა ახალი დროის ნორმებს ოშკის მონუმენტური საეპისკოპოსო ტაძარი (სამხრეთ საქართველო, ტაო). იგი მთიან ადგილას მდებარეობს, ვიწრო ხეობაში თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე. შენობა აგებულია საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიაც სამარხებია მოწყობილი....<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

ოშკი - განვითარებული ფეოდალიზმის ხელოვნება - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 .- გვ. 83, გვ. 108-109,

X საუკუნიდან შემორჩენილ ძეგლთა შორის აღსანიშნავია თორთუმის ხეობაში (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია) მდებარე ოშკის დიდი ტაძარი. აგებული 958-966 წწ. ტაო კლარჯეთის მმართველთა ბაგრატ ერისთავთ-ერისთავისა და დავით მაგისტროსის დაკვეთით. ტაძარზე შემორჩენილი წარწერა მოგვითხრობს, რომ მშენებლობას ხელმძღვანელობდა მონასტრის ერთ-ერთი ძმათაგანი, ცნობილი მთარგმნელი გრიგოლ ოშკელი....<<ტექსტი სრულად აქ<<<