topmenu

 

გ.კოკოშაშვილი - სკრიპტოგრამული ნიშნები და ქართული ასომთავრული
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ენა და დამწერლობა>>>


გიორგი კოკოშაშვილი - სკრიპტოგრამული ნიშნები და ქართული ასომთავრული

სტატიის წყარო: http://iberiana.wordpress.com/alphabet/scripts/

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვაზე ნაკვეთი, გაურკვეველი შინაარსის მქონე ნიშნები, ე.წ. "სკრიპტოგრამები", რომლებიც დიდ მსგავსებას ავლენენ ზოგიერთი უძველესი ცივილიზაციის დამწერლობებთან. ეს ნიშნები შედარებით სრულად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშია წარმოდგენილი. ამ ნაშრომში თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ამ პრობლემის ზოგიერთ ასპექტზე, კერძოდ შევეცდებით დავადგინოთ, არის თუ არა მსგავსება აღნიშნულ კრიპტოგრამებსა და ქართულ ასომთავრულ დამწერლობას შორის. როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილი 1.-დან ჩანს, საქართველოში ფიქსირებული სკრიპტოგრამების ზოგიერთი ნიშნის მოხაზულობა სრულად იმეორებს ქართული ასომთავრული ასოების სხვადასხვა ნიშანთა ფორმებს. ასეთებია ასომთავრული ასოების: s თანის, ჰეს, k კანის, O ონის, q ქანის, z ჭანის, ხარის და j ჯანის მოხაზულობები. ვიმეორებ, ეს ის ნიშნებია, რომელთა ფორმა სრულად ემთხვევა ზოგიერთი კრიპტოგრამის მოხაზულობას. თუმცა გვხვდება ისეთი სკრიპტოგრაფიული ნიშნებიც, რომლებიც მხოლოდ გარკვეულწილად ამჟღავნებენ გარეგნულ მსგავსებას ასომთავრული დამწერლობის ასო-ნიშნებთან. (იხ. ცხრილი 1.).

ცხრილი 1. ხევსურეთსა და თუშეთში ნაპოვნი კრიპტოგრამული ნიშნები. (შეადგინა გ.გიგაურმა)

რა თქმა უნდა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ სკრიპტოგრამები ასომთავრულ ასოებს ფონური მნიშვნელობითაც ემთხვევა. ჯერ საერთოდ გასარკვევია თუ რა ტიპის მოვლენასთან გვაქვს საქმე. რა არის ეს? აზრის იეროგლიფური ჩაწერის ნიმუში, დამწერლობის სილაბური ანუ მარცვლოვანი ტიპი თუ ალფაბეტის ნაირსახეობა, ან კიდევ მათი სინთეზი. თუ სკრიპტოგრამათა ნიმუშების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იდეის ფიქსაციის სხვადასხვა მეთოდია სავარაუდო? აღნიშნული მომავალი კვლევის საგანს წარმოადგენს. ერთი რამ კი არის ხაზგასასმელი - სკრიპტოგრამები არაერთგვაროვანია და გარკვეული ნიშნების მიხედვით დახარისხებას საჭიროებს. თავდაპირველი ზედაპირული შეხედულებით კრიპტოგრამები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველი - ესაა ანთროპომორფული და ზოომორფული ხასიათის ფიგურები და მეორე - გეომეტრიული ფორმის აბსტრაქტული ნიშნები. ამ უკანასკნელთა შორის ორ ათეულზე მეტი ე.წ. განმეორებადი ნიშნებია, ანუ ნიშნები, რომლებიც ერთი იდეოგრამის შემთხვევაში ორჯერ ან მეტად მეორდებიან.

განმეორებადი ნიშნები უმეტესწილად გვხვდება იმ პეტროგლიფებში, სადაც სკრიპტოგრაფიული ნიშნები ერთ ხაზზე არიან განთავსებული. ასეთია მაგ.სოფელ კისტანის საბრძოლო კოშკის სარკმლის თავსა და რაფაზე განთავსებული, წაგრძელებული ფორმის, სკრიპტოგრამიანი ქვები. ხოლო ერთ სტრიქონში განმეორებადი ნიშნების არსებობა კი იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ შესაძლებელია საქმე გვაქვს სილაბური ან ალფაბეტური წერის ფენომენთან. ყოველ შემთხვევაში არც ამის გამორიცხვა იქნებოდა მართებული. თუ ეს ასეა, მაშინ ისღა დაგვრჩენია ჩვენთვის საინტერესო კრიპტოგრამები შევადაროთ ასომთავრული დამწერლობის ასოთა მოხაზულობებს, შევეცადოთ გავერკვეთ სკრიპტოგრამების ფონურ მნიშვნელობებში და მოვუძებნოთ ანალოგიები ასომთავრული ასოების დასახელებებთან. ძირითადი ხელჩასაჭიდი ამ შემთხვევაში ქართული ასომთავრული დამწერლობის ასონიშანი "ქანი"-ა, რომლის მოხაზულობა აბსოლუტურად იდენტურია სკრიპტოგრამული დამწერლობის ერთ-ერთი ნიშნის, ბოლოებშემოზღუდული ჯვრისა.

საერთოდ ჯვარი, როგორც გარკვეული შინაარსის მქონე ფიგურა, ჯერ კიდევ ზედა პალეოლითშია დამოწმებული. ირ. სურგულაძის აზრით, ჯვარი აღმოცენდა როგორც მზის პოზიციებზე ორიენტირებული საკოორდინაციო ნიშანი [1]. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ ჯვარი წარმოადგენს დედამიწაზე მზის პროექციის სიმბოლოს ანუ ზე-ციურის ("მ-ზე"-ს) ანტიპოდს - ქვე-ყანას. თუ ქართულ ასობგერა "ქ-ან"-ს განვიხილავთ, როგორც ქარაგმულ ნაწერს, მისი მნიშვნელობა მართლაც შეიძლება "ქვე-ყან"-ის მნიშვნელობით წარმოვიდგინოთ ქნ. ამავე დროს ჯვარი თავიდანვე დამცავი ნიშანიც გახლდათ, რადგან სოლარულ წარმოდგენებში იღებდა სათავეს. გავიხსენოთ ხევსურული ტანსაცმლის შემკულობა, სადაც ე.წ. "ნაჭრელის" ("ნაჭრელი" ჰქვია გეომეტრიული ფორმის შემკულობას, რომლითაც საქართველოს მთიანეთში დეკორირებული იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები - ტანსაცმელი, ავეჯი, ჭურჭელი, ფარდაგები და ა.შ.) ძირითად ელემენტს სხვადასხვა ფორმის ჯვრები წარმოადგენს - "ტოტიან ჯვარი", "ჯვრიანთვალი", "ჯვარიდებულა", "კანჭულა", "ჯარანა" და სხვა [2]. (ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ "ჯვრიანთვალზე", ქვემოთ ვისაუბრებთ). ჯვარი რომ საქართველოს ყველა კუთხეში საკულტო მსახურებისა და რიტუალების აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ ამას მრავალრიცხოვანი ეთნოგრაფიული მასალაც ადასტურებს. მაგალითად ხევში დადასტურებულ საქორწილო რიტუალში, ხის წვერზე, რომელსაც "კარაჩხა" ერქვა, ჯვრების გაკეთება იცოდნენ, ხოლო მთიულეთში და ფშავში ამდაგვარ რიტუალურ ხესთან "ჯვრის პურები" მიჰქონდათ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ვ. ბარდაველიძის მიერ აღწერილი, სვანური სარიტუალო -საწესო ქმედების ერთ-ერთი ატრიბუტი, ე.წ. "ანგი": - "ქვემო სვანეთში, ჟახუნდერში, "ლიმურყვამალის" დღესასწაულის დროს აგებულ თოვლის კოშკზე დარჭობილი ხის წვერი დროშით ან ჯვრით არის შემკული. "მელია-ტულეფიას" რიტუალი ერთი ნაწილია ქვემო სვანური ლიმურყვამალისა, რომელიც უძველესი ვარიანტით არის ცნობილი. "აღბა-ლაღრალისა" და "ლიმურყვამალის" დღესასწაულებში მთავარია თოვლის კოშკის აგების თემა. კოშკის შუაში გაკეთებულია ნაძვის, ცაცხვის ან სხვა რომელიმე მაღალი საკრალური ხე - "ანგ" ან სარი, რომელზეც ზემო სვანეთში მანდილიანი დროშა არის მიმაგრებული, ზოგ შემთხვევაში ხის ან სარის წვერზე ადამიანის გამოსახულება - "ლამარიაა" მიმაგრებული, რომელსაც ხელში დაშნა უჭირავს, წინ ხის ფალოსი აქვს ჩამოკიდებული, ხოლო სახეს საცრის - "ფარის" ნაგლეჯი განასახიერებს. საყურადღებოა, რომ "საცერი ნაყოფიერების სიმბოლოდ არის მიჩნეული, და ზეციური წყლის ფრქვევის ობიექტს წარმოადგენს. იგი ცრემლის ანალოგიურია. ქართველთა წარმოდგენით ცრემლი ასოცირდება წვიმასთან და მეტაფორული აზროვნების არსენალს განეკუთვნება. ჩვენთვის ამ მოვლენაში საგულისხმოა ის, რომ საცერი თავისი მომრგვალებული, წრიული ფორმით, ზეციურობის სიმბოლოს წარმოადგენს" [3]. როგორც ჩანს ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში ხე, მასზე დამაგრებული ჯვრით, "სიცოცხლის ხის" იდეასთან უნდა იყოს კავშირში. თოვლის კოშკზე აღმართული ცაცხვისა თუ ნაძვის ხეს, რომელის წვერზე სხვადასხვა საგნებია დამაგრებული: ჯვარი, დროშა, "ლამარია" და ა.შ., როგორც აღნიშნული იყო, "ანგს" ეძახდნენ. აღსანიშნავია, რომ სვანური "ანგის" მსგავსად ANHKH ჰქვია ეგვიპტელთა თავმომრგვალებულ ჯვარს, რომელიც ასევე სიცოცხლის სიმბოლოდ არის მიჩნეული [4]. ქართული "ანგისა" და ეგვიპტური "AHNKH"-ის მსგავსებას ყურადღება პირველად ჯ.რუხაძემ მიაქცია. როგორც ცნობილია ძველ ეგვიპტურ რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს "რა"-ს, რომლის უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია "ანხ"-ი - ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის. ამგვარი დასკვნა ეხმაურება ლ.ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომელიც ფიქრობდა, რომ ეგვიპტურ ღვთაებათა ხელზე გამოხატული ჯვარი და სიცოცხლის აღმნიშვნელი იეროგლიფი შეიძლება გენეტიკურად უკავშირდებოდეს ერთმანეთს, რადგან ჯვარი სიცოცხლის მიმნიჭებელ ღვთაებათა ატრიბუტიაო [1]. როგორც ჩანს ხის წვერზე დამაგრებული ჯვარი, რომელზედაც საცრის რგოლია ჩამოცმული, ასახიერებს ქვე-ყანისა და ზე-ცის ერთიანობას, სადაც ზეციურის სიმბოლოს - საცრის რგოლი, ანუ წრე გამოხატავს, ხოლო მიწიერის სიმბოლოდ ჯვარი წარმოგვიდგება. ამ ორი საწყისის, ზეციურისა და მიწიერის, ცისა და მიწის, სულიერისა და მატერიალურის დამაკავშირებელ ღერძად "სიცოცხლის ხე" გვევლინება. მიწის სიმბოლო - ჯვრისა და ცის, ანუ "ცარგვალის" სიმბოლოს ერთიანობას კი "ანგი", ეგვიპტურად AHNKH, ჰქვია. აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს შუმერული მითოლოგიის ღმერთების, ცის ღმერთის - "ან"-ისა და მიწის ღმერთის "ქი"-ს სახელები. სამყაროს წარმოქმნის შუმერული მითოსის მიხედვით, რომელიც უკიდურესად ლაკონური სახით არის შემონახული, ცა (ან) და მიწა (ქი) თავდაპირველად ერთი მთლიანობა ყოფილა და "ოდესღაც" განცალკევებულან. მათ კავშირს გამოხატავს ღვთიურობის აღმნიშვნელი დეტერმინატივი, - დურ-ან ქი, "კავშირი ცისა და მიწისა". (ზ. კიკნაძე, შუამდინარული მითოლოგია, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 1976 წ.). ჩვენთვის ასევე საყურადღებოა, რომ აშურულ მითოლოგიაში ცის ნიშანი გამოისახება, როგორც ფრთოსანი წრე და მას "მირგვალა" ჰქვია. [5].

ამ ფაქტების შეჯერების შედეგად არ იქნება უმართებულო ვივარაუდოთ, რომ შუმერული ან-ქი-ს, ეგვიპტური AHNKH-ისა და ქართული ანგ-ის გამომსახველი სიმბოლო - თავმომრგვალებული ჯვარი, წარმოადგენს ლიგატურას, ანუ შეერთებას, ორი დამოუკიდებელი სიმბოლოსი, წრისა და ჯვარისა, სადაც წრე ზეცის სიმბოლოა და მისი ფონური მნიშვნელობა არის "ან"-ი. ხოლო ჯვარი წარმოადგენს ქვეყნის, ან მიწის სიმბოლოს და მისი ფონური მნიშვნელობა არის "ქი" ან "გი". საინტერესოა, რომ სვანური ენის ჩოლურულ დიალექტზე მიწას ჰქვია "გიმ" ან "გი".

ჯვარის ფორმის ნიშნის ამგვარი მნიშვნელობის დასტურს შესაძლოა წარმოადგენდეს სოფელ უკანხადუს სალოცავის ეზოში დაცული ფარულნიშნებიანი ქვა. (იხ.ნახატი 2.). ეს ქვა მართკუთხა ფორმისაა, ზომით 60X42 სმ. მის ზედა, მარცხენა კუთხეში ამოკვეთილია ბოლოებშემოსაზღვრული ჯვარი, ე,წ. "ტოტიანჯვარი", ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქართული მხედრული დამწერლობის ასონიშანი "ქ". ჩანს, რომ ორივე ეს სიმბოლო ქვის ცენტრალურ ნაწილში ამოტვიფრულ ანთროპომორფულ გამოსახულებასთან (ხელებგაშლილი კაცის სტილიზებულ ფიგურასთან) არის დაკავშირებული და ერთიდაიმავე მნიშვნელობის მატარებელია. გამოდის, რომ სკრიპტოგრაფიული დამწერლობის ჯვრის ფორმის ნიშანი, ამ შემთხვევაში სწორედ ქართული დამწერლობის "ქან” ასოს შესატყვისია. როგორც ვხედავთ კრიპტოგრამული დამწერლობის ჯვრის ფორმის ნიშანი და მისი ფონური მნიშვნელობა იდენტურია ქართული ასომთავრული დამწერლობის "ქან” ასონიშნის მნიშვნელობისა. რაც შეეხება წრის ფორმის ნიშანს, ანუ ჩვენთვის საინტერესო სიმბოლოს ზედა ნაწილს, ის შეიძლება, გარკვეული წარმოსახვის მოშველიებით, წარმოვიდგინოთ როგორც ასომთავრული დამწერლობის ორი ასონიშნის ან-ისა და ცან-ის შეერთება - "ან”+"ცან”. თუმცა ამ შემთხვევაში "ან”-ის გრაფიკული გამოსახულება ასომთავრული ასონიშნის ვერტიკალურ სარკისებურ ანარეკლს უნდა წარმოადგენდეს. წრის ფორმის ნიშანს, O-ს, ფინიკიურ ანბანში (რომელიც ჯერ-ჯერობით ქართული ასომთავრულის წინამორბედად ითვლება), აქვს ორი ფონემური მნიშვნელობა - "ო” და "ღ”, თუმცა გამოითქმება როგორც - "აინ” - რაც ნიშნავს თვალს. ეს გარემოება მხარს უმაგრებს ჩვენს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წრიული ფორმის ნიშანი O - "ან” მარცვლის ფონური მნიშვნელობისა უნდა იყოს. თვალის მოტივი მნიშვნელოვანია ქართულ ყოფაში გამოყენებული ორნამენტისთვისაც. თუშური ნაბდის ნაჭრელის ელემენტებია ე.წ. "თვალი”, "გადაგრეხილ თვალი”, "ჯვრიანთვალი”, "მთვარე” და ა.შ. (მთვარეს ძველ ქართულში ერქვა - თთუე, მეგრულად - თუთა). ყველა ეს ორნამენტი წრის ფორმისაა, თუმცა თითოეულ მათგანში ჩასმულია ან წერტილი, ან კონცენტრირებული ერთი ან რამდენიმე წრე, ან ჯვარი. წრეში ჩასმული ჯვარი  (თუშური დასახელებით "ჯვრიანთვალი"), შუმერული ანბანის მე-9-ე ასოს აღნიშნავს და მისი სახელწოდებაა _ "ტეთ", რაც ნიშნავს გორგალს. ვ.ბარდაველიძე ამბობს, რომ დასავლურ-ქართული გირგედი, გვერგვი, კალპი და აღმოსავლეთ-ქართული გვირგვინი მზის ღვთაების სიმბოლური ნიშნებია. ქართული ტრადიციით თვალის გამოსახულებაც სწორედ მზის სიმბოლური ნიშანია. ასომთავრული ანბანის მე-9-ე ასო არის "თან"-ი, რომლის ფორმა თვალის სტილიზებულ გამოსახულებას წარმოადგენს ( ს ). სიტყვა თვალი - მზის ეპითეტია. მზისა და თვალის ერთიანობას ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოსცემს გენიალური ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე ვრცელი ნაშრომის ერთ-ერთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება "მზის ხანა ქართველთა". აქ მოგვყავს ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტი ოდნავი შემოკლებით: - მტევნის მწიფობის დროს ქართველი მევენახე ამბობს: "თვალი ჩასულა მტევანში". თვალით აქ ნაგულისხმევია მზე… .თვალი მზეა, ფიქრობს ქართველი, რადგან იცის, რომ "მზე" და "მზერა" სადღაც ეთანხმებიან ერთიმეორეს. გავიხსენოთ საბა სულხან ორბელიანის განმარტება სიტყვისა "ღმერთი": "წვა და ხედვა". ეს განმარტება მზეზეა თითქოს გამოჭრილი. მზე იწვის, არ იფერფლება, იწვის და "მზერს"; ანათებს. "თვალი ჩასულა მტევანში" - ეს ნამდვილი პოემაა, პოემასთან ერთად "ირმის ნახტომი”. (გრ.რობაქიძე, "მზის ხანა ქართველთა", საბჭოთა ხელოვნება, 5. 1989 წ. გვ.102). [6].

ქართული რწმენით (თუ ცოდნით), მზე ცხრათვალაა. როგორც ცნობილია მზის გარშემო წრიულ (ან უკეთ ელიფსურ) ორბიტებზე ცხრა პლანეტა მოძრაობს. თითოეული მათგანის მოძრაობის მრუდი წარმოადგენს პირობით წრეს, რომლის ცენტრში მზეა მოთავსებული. ანუ მათი ფორმა მოძრავი თვალის, ამ შემთხვევაში "ურმის თვალის" ანალოგიურია. გამოდის, რომ მზეს გარშემო ცხრა თვალი აკრავს და თითოეული მათგანის "თვალი" არის მზე. ამ ფაქტების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წრიული ფორმის ნიშანი, რომელშიც რაიმე სიმბოლო - წერტილი, წრე, ჯვარი და ა.შ., არის ჩაწერილი, "თვალს” აღნიშნავს. სილაბური ან ალფაბეტური დამწერლობის შემთხვევაში მისი ფონური მნიშვნელობა "თ” ბგერის ან ამ ბგერით დაწყებული მარცვლის გამომხატველი უნდა იყოს. ქართული ასომთავრული ანბანის "თან" ასონიშნის გრაფიკული მოხაზულობა კი წრეში ჩამჯდარი ჯვრის, ე.წ. "ჯვრიანთვალის" ვერტიკალური ხაზის გასწვრივ ორ ნაწილად გაყოფის შედეგსაც შეიძლება წარმოადგენდეს. ასეთ შემთხვევაში გაყოფილი ნიშნის მარცხენა ნაწილი ასომთავრული ასონიშნის ზუსტი გამეორება იქნებოდა, ხოლო მარჯვენა ნაწილი კი მისი სიმეტრიული ანარეკლი. საბოლოო სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეგვიპტური სიცოცხლის სიმბოლოს, მრგვალთავიანი ჯვრის  - AHNKH-ის, და მისი ქართული და შუმერული ანალოგის, ანგისა და ან-ქის დაშლის შედეგად დავადგინეთ, რომ ქართულ კრიპტოგრამებში დაფიქსირებული წრის ფორმის ნიშანი შესაძლოა "ან" ბგერას გამოხატავდეს, ჯვარი - ქართული ასომთავრული დამწერლობის "ქან" ასონიშანს შეესატყვისებოდეს, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, ხოლო წრეში ჩასმული ჯვარი "თ"-ს ან "თ" ბგერით დაწყებულ მარცვალს აღნიშნავდეს. (ასევე ვიტყვით, რომ კვადრატში დიაგონალურად ჩაწერილი ჯვარი  ძალიან წააგავს ასომთავრული ანბანის ასო ჯ "ჯან"-ს, რომელსაც ზედა ნაწილში შემორჩენილი აქვს კვადრატის ხაზის ნაშთი, თუმცა აღნიშნული შემდეგომი კვლევის საგანია). უნდა ითქვას, რომ ყველა აქ გამოთქმული მოსაზრება ძირითადად ვარაუდებისა და ჰიპოთეზების სახით არსებობს და მათი დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ სკრიპტოგრამების გაშიფვრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ჯერ-ჯერობით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სწორედ სკრიპტოგრამათა გრაფიკული სიმბოლოები წარმოადგენენ ასომთავრულ გრაფემათა პირველწყაროს, ან პირიქით, ასომთავრული ასოების დეკორის სახით გამოყენებამ დაუდო საფუძველი სკრიპტოგრაფიული დამწერლობის ჩამოყალიბებას (თუმცა ეს უკანასკნელი გარკვეულ მიზეზთა გამო ნაკლებ სავარაუდოა.). ერთად-ერთი კრიპტოგრაფიული ნიშანი, რომელსაც მეტ-ნაკლებად დადასტურებული, როგორც გრაფიკული, ასევე ფონური ანალოგი გააჩნია ასომთავრულ დამწერლობის ასოთა შორის, არის ბოლოებშემოზღუდული ჯვარი, ე.წ. "ტოტიანჯვარი" - მისი შესატყვისი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არის ასომთავრული "ქან". თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ კრიპტოგრამული ნიშნებისა და ქართული ასომთავრული დამწერლობის ასოთა გრაფიკული და შინაარსობრივი თანხვედრის თუნდაც ერთი დადასტურებული პრეცედენტის არსებობა უფლებას გვაძლევს გავაგრძელოთ კვლევები ამ ორ მოვლენას შორის არსებული გენეტიკური კავშირის დასადგენად.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.  ჯ. რუხაძე, ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში, ბერიკაობა-ყეენობა, თბ., 1999 წ.

2.  გიორგი ბოჭორიძე, თუშეთი, თბილისი, 1993 წ., გვ. 124.

3. ვ. ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, დროშა ,,ლემ”, მგელი-ძაღლი, მსე, ტ. XII- XIII, თბ. 1963 წ. გვ. 149-150.

4. Большой Англо-русский словарь, Гальперин И.Р.М., 1972 г., стр. 82.

5.  ზ. კიკნაძე, შუამდინარული მითოლოგია, გამომცემლობა ,,მეცნიერება”, თბილისი, 1976 წ.

6. გრ. რობაქიძე, ,,მზის ხანა ქართველთა”, საბჭოთა ხელოვნება, 5. 1989 წ., გვ. 102.

*   *   *

George Kokoshashvili

Scriptographical Symbols and Georgian ,,Asomtavruli”

Summary

Throughout the territory of Georgia are found out characters of unknown ancestory and content, so called scriptograms. After observation, these characters could be devided into two groups:

1. Anthropomorphical and zoomorphical figures, and

2. Abstract geometrical shapes.

Amongst symbols of geometrical configuration there are more than twenty, that are repeat throughout the script, which creates thought of these characters could be of syllabic or alphabetic writing. Some of this characters are merely repeated letters that look like one of Georgian alphabet ,,Asomtavruli”. After decoding some of the scryptograms was possible to identify similarity between Egyptian life symbol – "ahnkh”, Georgian, (Svanian), – "angi”, and Shumerian – "an-cki”. If these signs represent ligature, in other words connection of two independent symbols – Cross and Circle, with farther researches it is fair to assume, that the circle represents syllabic unit "an”, and cross – a letter from "Asomtavruli” alphabet – "ckani”. In conclusion, it`s worth of mentioning that axistence of the precedent of similarity one of the symbol of scriptograms and letter from ,,Asomtavruli” gives us right of farther continuing researches to establish genetic relationship between these two phenomena.

*   *   *

Георгий Кокошашвили
криптографические символы и Грузинский «Асомтаврули»
Резюме
На всей территории Грузии отмечаются высеченные на камнях знаки неизвестного происхождения и содержания, т.н. «скриптограммы». Их поверхностное изучение наталкивает на мысль о подразделении этих знаков на две группы. Это:
1) Фигуры антропоморфного и зооморфного характеров и
2) Абстрактные знаки геометрической формы.
Среди символов геометрической конфигурафции более двух десятков единиц т.н. повторяющихся знаков, что наводит на мысль об их принадлежности к силлабической или алфавитной писменности. Некоторые из этих знаков в точности повторяют формы букв одного из видов Грузинской писменности, в частности « Асомтаврули». Предположительная расшифровка некоторых из скриптограмм стала возможным после установления аналогии между египетским знаком жизни, "ahnkh", сванским «ангом», и шумерким «ан-ки». Допустив, что эти знаки представляют собой лигатуру, т.е. соединение двух независимых символов – креста и круга, можно с некоторოй долей уверенности предположить, что круг соответствует силлабической единице «ан», а крест – букве Асомтаврули – «канн». В завершении можно отметить, что существование прецедента идентичности хотя бы одного из символов скриптограмм и букв «Асомтаврули», дает право на продолжение дальнейших исследований по установлению генетического родства между этими двумя явлениями.