topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნანა ცინაძე - ფუსტის რაინდთა "წმინდა გზის" კარიბჭე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ციხე-ქალაქები და კოშკები>>>

ფოტოების ავტორი: ნანა ცინაძე (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე)

ნანა ცინაძე - ფუსტის რაინდთა "წმინდა გზის" კარიბჭე //საზოგადოება "ფუსტელნი"; ფაზისის საერო აკადემიის სამეცნიერო სესიების მასალები 2010 წლის 26 თებერვალი. კონფერენცია: ფაზისის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობანი და მათი როლი თანამედროვე ტურიზმის განვითარებაში .

"ფაზისის მარჯვნივ არის ქალაქები: არქეოპოლისი, პიტიუნტი, როდოპოლისი, სკანდა და სარაპანისი" (პროკოფი კესარიელი, VI საუკუნის ისტორიკოსი) ისტორიული სკანდის ციხე-სიმაგრე მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელი სკანდის ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ და მეტად დაქანებულ მთაზე, რომლის სიმაღლე 120 მ-ია. ჩრდილოეთით მას ჩამოუდის ღელე, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "გვირაბ ღელეს" უწოდებენ, ხოლო სამხრეთით "ბერის წყარო" ანუ "სათავის წყარო". ციხის სამი მხარე თითქმის მიუვალ გორაკებსა და ტყეებს უჭირავს, მისასვლელი გზა კი მხოლოდ სოფლის მხრიდანაა. რაც შეეხება სახელწოდებას - "სკანდა" თუ "სკანდე", დაუზუსტებელია. ს.ყაუხჩიშვილმა ძველბერძნული წყაროებიდან თარგმნა სკანდას ციხე, ქალაქი სკანდა და ა.შ. ნ.ბერძენიშვლის, რომელმაც ს.ჯანაშიასა და ს.ყაუხჩიშვილთან ერთად უდიდესი გამოკვლევა ჩაუტარებია ამ მხარეში ნახსენები აქვს სკანდე, მაგრამ იქვე სვამს კითხვას: თუ სკანდა? მოკვლეული მასალების საფუძველზე ორივე გვხვდება. პრ.კესარიელი და იუსტინიანე (ნოველები) ახსენებენ სკანდისის ციხეს, რაც უფრო ბიზანტიურ -რომაული ლექსიკონის გავლენაა, ხოლო შემდეგ თითქმის პარალელურად იხმარება სკანდას ციხე. დღესდღეობით, როგორც სოფლის ტოპონიმიური სახელი გამოიყენება სკანდე და კომპოზიტში სკანდის ციხე. აღსანიშნავია, რომ სკანდელები დღესაც სარგებლობენ გამოთქმებით: ზენა "ზემო" სკანდე და ქვენა "ქვემო" სკანდე, რადგანაც იმ დროისთვის მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტი იყო. რაც ნ.ბერძენიშვილის მოსაზრებას, თითქოს დღეს აღარ ახსენებენ ზემო და ქვემო სკანდეს აბათილებს. პრ.კესარიელს ნახსენები აქვს სკანდის ციხე ქალაქადა, მაგრამ იქვე ასე ახასიათებს: "იბერიის საზღვრებიდან რომ შედიხარ (ლაზიკაში) იქვეა ლაზების მიწა-წყალზე ორი სიმაგრე (სკანდა და სარაპანისი), რომელთა დაცვა ძველთაგანვე ადგილობრივი მოსახლეობის საზრუნავს შეადგენდა. "სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია ორივე ფორმით. ამასთან, ციხის ადგილმდებარეობა წარმოდგენილია ყველა იმ აუცილებელი ფორმით, რომელიც სჭირდებოდა როგორც ქალაქს, ასევე ციხე-სიმაგრეს. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე წერს: "მხოლოდ ახლა, ჩვენი მეფობისას დაპყრობილია უდიდესი და ძველი სიმაგრეები სკანდისი, სარაპანისი და მუხირისი".

სკანდის ციხის სტრატეგიული მნიშვნელობა შორაპნის ციხესთან ერთად გამოჩნდა ბიზანტია -სპარსეთს შორის წინააღმდეგობისას. "იბერიასა და ლაზიკას დიდი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით ეს ითქმის ლაზეთზე, რომელსაც მოეპოვებოდა ისეთი პირველხარისხოვანი ციხე-სიმაგრეები, როგორიც იყო სკანდე და შორაპანი, არქეოპოლისი და პეტრა". (ს.ყაუხჩიშვილი: ქართლის ცხოვრება IV) სკანდის ციხე - ქალაქი მდებარეობს ისტორიულ გზა -გასაყარზე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ აბრეშუმის გზაზე და სამხრეთიდან ჩრდილოეთის შემაერთებელ გზაზე, სკანდის ციხედან მიემართება სწორედ უძველესი სამხედრო -საქარავნო გზა სვანეთისა და რაჭის მთიანეთში. სწორედ სკანდეა კარიბჭე ფუსტელთა საევაკუაციო გზისა. ციხეზე გადიოდა სამეფო შარა, რომელსაც თამარის შარასაც უწოდებენ. ციხეში მუდმივად მოძრაობდნენ სავაჭრო, თუ სამხედრო ქარავნები, ციხეს საბაჟო ფუნქციაც გააჩნდა. VI-VII საუკუნეების რომაელ -სპარსელთა დაპირისპირებისას, მთავარი როლი ეკისრა სკანდის ციხე - ქალაქის პყრობას, იგებდა ის მხარე, რომელიც შეძლებდა სკანდის დაჭერა -შენარჩუნებას. XI საუკუნის თემურ ლენგმა VI ლაშქრობისას, აიღო და დაანგრია სკანდის ციხე, როგორც წინააღმდეგომის კერა. საქართველოს მეფე საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდმა (1412-1442) თემურ-ლენგის ურდოების მიერ მიწასთან გასწორებული ციხე აღუდგენია ლიხთ იმერეთის დასაცავად. ციხის მნიშვნელობა შემდგომ საუკუნეებში კვლავ გაიზარდა, მეფე ბაგრატ VI (1466-1478) იქ შენდება მეფის სასახლე და სკანდე მეფის საზაფხულო რეზიდენციად იქცევა. სკანდის ციხე - ქალაქის შემადგენელი ნაწილები საუკუნეების მანძილზე გახლდათ საზანოსა და ჩიხორის ქალაქები. საზანო ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნიდან ჩნდება, როგორც საეკლესიო სოფელი, რომელიც გელათის მონასტერს ეკუთვნოდა. საზანო მდებარეობს მდინარეების ძუსისა და ბუჯის ხეობებში, მდინარე ბუჯაზე მდებარეობდა საზანოს ციხე, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი ბუჯას ციხეს უწოდებს. ციხისაგან დღეს მხოლოდ მცირედი ნაშთებიღაა დარჩენილი, ციხის შესასვლელი თაღის თავზე დიდი ქვაა, რომლის სიგრძე 3,8 მეტრია, სიგანე 1,1 მეტრი, ხოლო სისქე 0.3 მეტრია. ქვაზეა წარწერა:

"ერთი ხელით ეს მომქონდა,

მეორეთი თავს ვივარცხნიდი,

კარის თავზედ გადავდევი,

როგორც მდინარეზე ხიდი,

მარჯვენას ვფიცავ,

მართალია, თუ არ გჯერა, ნახე მიდი".

ბუჯისა და ძუსის მდინარეები სანაოსნოდ ვარგისია და ყვირილა - რიონიდან ბრტყელძირიანი ნავებით ვაჭრები, თუ მოგზაურები პირდაპირ საზანოს ცენტრში ამოდიოდნენ. მდინარე ძუსაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხიდი, რომელსაც თამარის ხიდს ეძახიან. საზანოს სახელწოდებაზე რამოდენიმე ვერსიაა, ერთი ვერსიით სახელი დაკავშირებულია თევზ საზანთან, რომელიც მდინარეებში ფართოდ იყო გავრცელებული, მეორე და უფრო სარწმუნო ვერსიით სახელი დაკავშირებულია, ბერძნულ ღვთაება ზევსსთან, რომელსაც ბერძნულ - დორიულ დიალექტზე ზანი ერქვა. საზანო იყოფა სამ ნაწილად: 1. შიმშილაქედი. 2. სასახლე. 3. ტყლაპივაკე.

1. შიმშილაქედი – უხსოვარ დროში, გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია, საზანოსა და რუფოთს შორის არსებული პატარა მდინარე ხმორდოლი ადიდებულა და მოსახლეობა ერთმანეთისაგან დიდი ხნით გაუთიშია. ერთ ნაპირზე მოქცეულ მოსახლეობაში დიდი შიმშილი ჩამოვარდა, მას შემდეგ ეძახიან ამ ადგილს შიმშილაქედი.

2. სასახლე – ეს არის სოლომონ პირველის სასახლე, რომლიც დღეს მხოლოდ უბადრუკი ნაშთები დარჩა.

3. ტყლაპივაკე – სახელი გეოგრაფიული გარემოდან გამომდინარეობდა ხშირი ბუჩქნარით დაფარულ ყოფილა დაბლობი და ძნელად გასასვლელი ლაფო ადგილები ყოფილა.

გასული საუკუნის 30 - იან წლებში საზანო გაჰყვეს ორ, ზემო და ქვემო საზანოდ. ქვემო საზანოში, კვინწისი გორაზე შემორჩენილია ადრე ფეოდალური ხანის, კვადრატული წესით ნაგები შენობის ნანგრევები, შენობის მშენებლობის ტიპი უცხოა იმ პერიოდის საქართველოსათვის, ნანგრევები ერთ ჰექტარზე მეტი ფართობისაა, მცირე არქეოლოგიური გათხრითი სამუშაოებისას აღმოჩენილ იქნა ადრე ქრისტიანული ხანის საკულტო ნაგებობის ნაშთები და მცირე კერამიკული ჭურჭელი. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, კვინწისის გორაკი იყო საგელათო ტაძარი, რომელშიც გელათელი ბერები ასრულებდნენ წირვა -ლოცვას. ერთ - ერთი ჯვრისწერის დროს, ჯვრისმწერის მსურველნი გაშეშებულან, ღვთის რისხვით მიწის პირი გახსნილა და ტაძარი თან ჩაუტანია. ღვთის რისხვა გამოუწვევია ჯვრის დასაწერად შეპარულებს, რომლებიც და - ძმა ყოფილან. საზანო მდიდარი იყო ეკლესია - მონასტრებით, მაგრამ 1819 - 1820 წლების საეკლესიო აჯანყების შემდეგ, რუსეთის არმიებმა გულდაგულ გაანადგურეს საზანოში არსებული ციხე - სიმაგრე და სასახლე, ხოლო ეკლესია - მონასტრებში ფრესკები ჩამოფხიკეს და შემდეგ დარჩენილი ნაწილი კირით შეათეთრეს. დღემდე მოაღწია რამოდენიმე მნიშვნელოვანმა ძეგლმა. მაგალითად:

1. მთავარანგეოზის ეკლესია (ტაძარი დღეს მოქმედია), პირველად 1846 წელს ქვით აღადგინეს, 1848, 1872 და 1898 წლებში ტაძარი კვლავ განაახლეს.

2. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ტაძარი პირველად ხით აუგიათ 1817 წელს, ხოლო 1886 წელს ქვით აღადგინეს.

3. საზანოს წმინდა სამების ეკლესია, რომელიც 1852 წელს ააგეს, როგორც ადგილობრივები გვიამბობენ, ტაძრის პროექტი პეტერბურგში შეუძენია და ჩამოუტანია ეპისკოპოსს გაბრიელ ქიქოძეს. ხოლო ათობით ძეგლიდან კი მხოლოდ ნანგრევები თუ ჩანს დღეს, არადა მათი შესწავლა და გამოკვლევა ფასდაუდებელ მასალებს შესძენს საქართველოს კულტურის საგანძურს.