topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

კალოუბნის ეკლესია (მცხეთის)
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ფოტოს ავტორი გ.ბარისაშვილი, (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)

კალოუბნის წმ.გიორგის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. -გვ.243-244.

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია დგას მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, მცხეთა-შიომღვიმის საავტომობილო გზასთან. ეკლესია აგებულია XII საუკუნეში. 1975 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ-სახელოსნომ ჩაატარა გასამაგრებელი და აღდგენითი სამუშაოები (ხელმძღვანელი ვ.ცინცაძე).

ფოტოს ავტორი გ. ბარისაშვილი

ეკლესია დარბაზულია (4,51X2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე სართულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელია). აქვეა ქვის ემბაზი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის.

ფოტოს ავტორი გ.ბარისაშვილი, (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)

ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. მოხატულობა დაზიანებულია. დარბაზის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი. დარბაზის და საკურთხევლის მოხატულობა იყოფა ორ რეგისტრად. იატაკსა და ქვედა რეგისტრს შორის გავლებულია მარმარილოს იმიტაციის ფართო ზოლი. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება. დარბაზის მხატვრობის ზედა რეგისტრში სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენაა ასახული: დასავლეთის კედელზე - ხარება, ჩრდილოეთის კედელზე - შობა, მირქმა, სამხრეთის კედელზე - ნათლისღება და ფერისცვალება. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები. დასავლეთის კედლის ქვედა რეგისტრის დიდი ნაწილი თეთრ ცხენზე მჯდომ ტრიუმფატორ წმინდა გიორგის ფიგურას უჭირავს.

ფოტოს ავტორი გ.ბარისაშვილი, (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)

მის მარცხნივ დარჩენილი ვიწრო ზოლი დაყოფილია სამ რეგისტრად. თითოეულში წმინდა დედათა ნახევარფიგურებია. ასეთივე პრინციპითაა დაყოფილი ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრი - დიდი ნაწილი აქ წაბლა ცხენზე მჯდომ წმინდა თევდორეს ფიგურას უკავია, ხოლო მარჯვენა მხარეს ვიწრო ზოლად სამ რეგისტრში წმინდა მამათა ნახევარფიგურებია. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია წმ.გიორგი პატრიცის სახით, ხოლო დასავლეთ მონაკვეთში - წმ.დიმიტრი. მათ შორის სარკმლის ქვეშ მოთავსებულია წმიდა დედის ნახევარფიგურა. მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ -დინამიური სტილისაკენ გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით - ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.


ფოტოს ავტორი გ.ბარისაშვილი, (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)

კალოუბნის ეკლესია (მცხეთა), ბიბლიოგრაფია:

1. კალოუბნის წმ.გიორგის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. -გვ.243-244. - მცხეთის ჩრდილოეთით ნაგები XII საუკუნის კალოუბნის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება და მოხატულობის ვრცელი სტილისტური ანალიზი. ტექსტს ახლავს ძეგლის გეგმა.

2. კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია / კოზმანაშვილი ვ. ღმერთის სავანე. მცხეთა; 2009. - გვ.18-19.

3. კალოუბნის წმ. გიორგის პატარა ეკლესია // საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.- თბ., 2010.- გვ.53-56. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები. - მოკლე ცნობა მცხეთის ჩრდ.-ით, მაღალი მთის თხემზე, XII- საუკუნეში აგებული ეკლესიის მოხატულობის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

ფოტოების ავტორი გ.ბარისაშვილი, (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)