topmenu

 

ღვარდია - ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია

ზედა ღვარდია - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, გვ. 498, თბ., 1979 წელი.

ზედა ღვარდია - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ცახის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 27 კილომეტრი. ზედა ღვარდია ძველად სოფელ ღვარდიის ნაწილი იყო, შემდეგ ცალკე გამოეყო. წყაროებში XVI საუკუნის II ნახევრიდან იხსენიება ზეღვარდიის სახელწოდებით.

***********************************************************************************

ზედა ღვარდია - გიორგი ბოჭორიძე // რაჭა - ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, "მეცნიერება"., 1994 წ., გვ.61

ზედა ღვარდიის „საელიოს სალოცავის" ადგილას დგას ძველი ნაციხვარი, დანგრეული. შენახულია მარტო ძირა ნაწილი, ისიც ნაწილობრივ დაქცეული. იგი დგას სოფლის დასავლეთ-ჩრდილო გორაკზე. ზედა ღვარდიის მაცხოვრის ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, გორაკზე. იგი ერთნავიანი შენობაა, 8X5,2; ნაგები ყოფილა თლილი შირიმითა (უმეტესად) და უბრალო ნატეხი (ხამი) ქვით და კირით. იგი დაუნგრევიათ. შენახულა მარტო დუღაბის კედლები, ისიც ნაწილობრივ დაქცეული. უკეთესად შენახულა აღმოსავლეთი კედელი; პირის ქვა შერჩენია მხოლოდ ძირა ნაწილებში. კარი აქვს დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. კედლების დასავლეთი ნაწილები განგრეულია, იქნებ აქაც კარები იყო. სარკმელი შერჩენია მხოლოდ აღმოსავლეთით. ტრაპეზი აღარა ჩანს, სამკვეთლო (დილომა) კედელშია გაკეთებული, ქვების წყობა სწორხაზოვანია; პირის ქვა გარედან სულ შემოცლილი აქვს. ეკლესიის აღმოსავლეთით დგას დიდი ცაცხვის ხე. პირის ქვა შერჩენია შიგნით, ისიც მცირე ნაწილი. ეკლესიას კარი ჩრდილოეთითაც ჰქონია (ეტყობა კედელს). საკურთხეველს სამხრეთ კედელში ჰქონია თახჩა.

 

ქვედა ღვარდია - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, გვ. 510, თბ., 1985 წელი.

სოფელი ამბროლაურის რაიონში (ცახის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ამბროლაურიდან 26 კილომეტრი.

***********************************************************************************

ქვედა ღვარდია. მაცხოვრის ეკლესია - გიორგი ბოჭორიძე // რაჭა - ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, "მეცნიერება"., 1994 წ., გვ.61

ეკლესია (არ მინახავს, ცნობები ჩავიწერე ხალხისაგან) ერთნავიანი შენობაა, დგას მარტო დუღაბი, პირის ქვა სულ შემოცლილი აქვს. ნაგები ყოფილა თლილი ბაღდადით (ბაღღადის ქვა აქ ეწოდება თეთრ რბილ ქვას). აღმოსავლეთით დგას დიდი ცაცხვის ხე.

***********************************************************************************


ზედა ღვარდია - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია

1. ზედა ღვარდია - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, გვ. 498, თბ., 1979 წელი.

2. ზედა ღვარდია - გიორგი ბოჭორიძე // რაჭა - ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, "მეცნიერება"., 1994 წ., გვ.61

 

ქვედა ღვარდია - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. ქვედა ღვარდია - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, გვ. 510, თბ., 1985 წელი.

2. ქვედა ღვარდია. მაცხოვრის ეკლესია - გიორგი ბოჭორიძე // რაჭა - ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, "მეცნიერება"., 1994 წ., გვ.61