topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

უქიმერიონი - ო.ლანჩავა, ნ.ქარციძე

<უკან დაბრუნება (ქუთაისი)...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ციხე - ქალაქები>>>

ომარ ლანჩავა, ნონა ქარციძე - უქიმერიონი - "ციხე - ქალაქი წყალწითელია". ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომები, ტ.XIX. 2009 წ., გვ.9. YDK 947+922. ქ.845. (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

პროკოპი კესარიელი - VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, ერთადერთი ავტორია, რომელიც მოიხსენიებს ლაზების ციხე-სიმაგრეს უქიმერიონს  Оυχείμερίον. "...ქუთაისის მახლობლად არის ერთი მეტად მაგარი ციხე, სახელად უქიმერიონი; აქ ჰყავდათ ლაზებს კარგი მცველი რაზმი. ამ ციხის დაცვაში მონაწილეობას ღებულობდა რამდენიმე რომაელი ჯარისკაციც - აი, აქ დაბანაკდა მერმეროე მთელი თავისი ჯარით. კოლხიდის საუკეთესო ნაწილი მას ეპყრა და მოწინააღმდეგეებს დაბრკოლებას უქმნიდა, რომ უქიმერიონის ციხეში სურსათი მიეწოდებინათ, ან სვანიისა და ეგრეთწოდებულ სკვიმნიაში ევლოთ, თუმცა ეს ქვეყანა მათი ქვეშევრდომი იყო. ვინაიდან, მოწინააღმდეგე რომ მოხირისში იჯდა, ლაზებსა და რომაელებს ამ ქვეყნისაკენ გზა მოჭრილი აღმოაჩნდათ". (BG, VIII, 14). იქვე განაგრძობს: თუ, როგორ ჩაიგდო მოღალატის შემწეობით მერმეროემ ხელში უქიმერიონის ციხე და "მოხირისიდან - იბერიამდე მთელი მიწა-წყალი გამოაცალა ხელიდან რომაელებსა და ლაზთა მეფეს" ან კიდევ: "რადგან უკვე ზამთრის ჟამი იყო დამდგარი მერმეროემ ხის კედელი ააგო კოტაისში და ჩააყენა იქ სპარსელ მეომართაგან შედგენილი მცველი რაზმი, არა ნაკლებ სამი ათასი კაცისა: უქიმერიონშიც დასტოვა საკმაო ხალხი. თვითონ კი ააშენა ლაზთა მეორე ციხე, რომელსაც სარაპანისს ეძახიან და რომელიც ზედ ლაზიკის საზღვრებთან მდებარეობს და იქ დარჩა". (BG, VIII, 16); ეს არის სულ! არსად სხვაგან უქიმერიონის შესახებ არანაირი ცნობა არ არის. XIX საუკუნის 30-იან წლებში ქუთაისში იმოგზაურა ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ. სწორედ მან სცადა პირველად პროკოპი კესარიელთან მოხსენიებული უქიმერიონის ციხის ლოკალიზება არქიელის გორაზე შემორჩენილი ძველი ქუთაისის ციხე-ქალაქის ნაშთებთან (დიუბუა, 1843): დიუბუა შეცდომაში შეიყვანა იმან, რომ ის საკუთრივ ქუთაისის ციხეს ქალაქის ვაკე ნაწილში ვარაუდობდა. სამწუხაროდ, ეს მცდარი იდენტიფიკაცია ბოლო დრომდე რჩებოდა დამკვიდრებული, როგორც სპეციალურ ლიტერატურაში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაშიც კი [გორგაძე ს.,1911, 3; ჯავახიშვილი ივ., 1960, 428; ბაქრაძე დ., 278; ჩაკვეტაძე ვ., 1960, 17; ჯაოშვილი ვ., 1989, 65]. ტრადიციის მიხედვით, ზოგიერთი ავტორი ამას იმეორებს დღესაც [ჩაჩხუნაშვილი ც; გვ.46; ნიკოლეიშვილი მ., 2009, 17]; თუმცა იმთავითვე ასე არ ფიქრობდა ყველა, მაგ. აკად. მ.ბროსე. იგი უქიმერიონს ქუთაისის გარეთ ეძებდა და ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ოკრიბაში, წყალწითელას ხეობაში არსებული ტოპონიმი ოხომირა წარმოედგინა [ბროსე, Add, 102, 3]. უდავოდ მომხიბვლელი სახელწოდებაა "ოხომირა”- "უხიმერიონი”, "ოხვამერი”. (სალოცავი...), მაგრამ ამ სოფლის ტერიტორიაზე არანაირი ციხის ნაშთების კვალი არ არსებობს. ამ მიმართულებით ძალზე საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა აკად. ნ.ბერძენიშვილმა; მისი აზრით: "უქიმერიონის ციხე მოხირისის ქვეყანაშია და არა მის გარეთ, თანაც ცხენისწყლის აღმოსავლეთით, თუმცა არამარტო ცხენისწყალსა და რიონს შუა". [ბერძენიშვილი ნ., 1990, 518-520]; და იქვე, იმავე სექტორში არსებულ ცუცხვათის ციხეზე აჩერებს თავის ვარაუდს. წყაროთა შესანიშნავმა ანალიტიკოსმა მისთვის ჩვეული ინტუიციით მიმართულება ზედმიწევნით სწორად განსაზღვრა, მაგრამ ძეგლების არქეოლოგიური შეუსწავლელობის გამო, გადამწყვეტი დასკვნის მიღება ვერ შეძლო ამიტომაც საკითხი ღიად დარჩა. ჩვენი მონაცემებით ცუცხვათის ციხე გვიანსაშუალო საუკუნეების ნაგებობაა, იგი სავარაუდოდ, ერთ-ერთი ოკრიბელი ფეოდალის საკუთრება უნდა იყო. ძირეული გარდატეხა უქიმერიონის ლოკალიზაციის საკითხში შეიტანა ცნობილმა წყაროთმცოდნემ და ბიზანტიოლოგმა აკად. სიმ.ყაუხჩიშვილმა. მისი აზრით: "ქართულ საიასტორიო ძეგლებში, როდესაც ქუთაისზეა ლაპარაკი [იხ.მაგ. ჯუანშერი: ქ. ცხ. I, 236, 242; მატიანე ქართლისა: ქ. ცხ.I, 281; სუმბატის ქრ, ქ. ცხ. 385; პაპუნა ორბელიანი გვ. 55, 240, ჭიჭინაძის გამოც. და სხვაგანაც] უქიმერიონის ხსენებაც კი არაა; არსად ქუთაისის ციხე ცალკე სახელწოდებით არ იხსენიება: "ქუთაისით" იგულისხმება ქალაქიცა და ციხეც ერთად". [გეორგიკა II, 1965, გვ.203]; ბატონი სიმონის სხვა არგუმენტებითაც ქუთაისის ციხე და უქიმერიონი ორი სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტია, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ამ სამართლიანმა აღიარებამ (აღმოჩენამ!) ბიძგი მისცა ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტებს -უქიმერიონის ციხე მდ.ცხენისწყლის ხეობაში დაეძებნათ. ასეთად იური სიხარულიძემ დიდღვაბუნას (გორდის) ციხეზე შეაჩერა თავისი არჩევანი [ძეგლის მეგობარი XXI]; აღნიშნული იდენტიფიკაციის საფუძველს წარმოადგენდა დიდღვაბუნას (გორდის) ციხის შესანიშნავი მდებარეობა: იგი ცხენისწყლის მარჯვენა, კლდოვან ნაპირზე მდებარეობს კოლხეთის მთისა და ბარის გამყოფ მიჯნაზე და შესანიშნავად კეტავს ლეჩხუმისაკენ მიმავალ ერთ-ერთ ძირითად გზას (ცხენისწყლის ხეობას); ალბათ, ამავე ფაქტორმა მოხიბლა ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი აკად. დ.მუსხელიშვილი, როცა მან სიხარულიძისეულ  ლოკალიზაციას დაუჭირა მხარი. [მუსხელიშვილი დ.., 2004, 287]; ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა ვ. ჩიხლაძის წერილი "ნასოფლარ დიდღვაბუნას" შესახებ, სადაც ასევე პატ. მკვლევარი კვლავ აყენებს საკითხს დიდღვაბუნას ციხის უქიმერიონთან იდენტიფიკაციის თაობაზე [ჩიხლაძე ვ., 2003, 51]; როგორც ვხედავთ, უქიმერიონის ლოკალიზაციის შესახებ აზრთა სრული სხვადასხვაობა იყო. დამკვიდრებული ტრადიციით, მეტნაკლები ინტენსივობით ასე გრძელდება დღესაც. პრობლემის საბოლოო გადაწყვეტისათვის პრიორიტეტი არქეოლოგიას ეკუთვნის. საბედნიეროდ მასზე უკვე დღესდღეობით თამამად შეიძლება საუბარი. ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ჩვენ აღნიშნულ საკითხს ვიკვლევთ ქუთაისისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის ფონზე. უფრო მეტიც, საგანგებოდ  განვახორციელეთ ცხენისწყლისა და წყალწითელას ხეობების ისტორიულ - გეოგრაფიული მიმოხილვა და სათანადოდ შევისწავლეთ გზები, გადასასვლელები, საკონტროლო პუნქტები და ა.შ. შესაბამისად, არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით. [ლანჩავა ო., 1996, 180; ლანჩავა ო., 1996, 36; ლანჩავა ო., 2007, 141]; აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თემის განხილვისას პირველყოვლისა ჩვენ ვეყრდნობით წყაროში მოცემულ პირდაპირ ეპითეტებს ("ქუთათისის მახლობლად", "მეტად მაგარი"), კონტექსტის ანალიზს, (ორი მიმართულების დაცვა, თანაც ქუთათისის აღმოსავლეთით), ამასთანავე ვითვალისწინებთ მთავარი მაგისტრალის სტატუსს, მანძილს, რელიეფის სირთულეს, გზის უსაფრთხოებას და მასზე სახელმწიფო კონტროლის შესაძლებლობას, მარშრუტის უპირატესობას და რა თქმა უნდა, ბოლოდროინდელ არეოლოგიურ მონაცემებს, რომელსაც ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ.

ადრე გამოთქმული დებულებების განმეორება რომ არ გამომივიდეს, უქიმერიონის ლოკალიზაციის საკითხზე ამჯერად მოკლე დასკვნებით შემოვიფარგლებით:

1. უქიმერიონი - არქიელის გორაზე არაა. ეს კარგად დაადასტურა ქუთაისის 25 წლიანმა არქეოლოგიური კვლევის შედეგებმა. არქიელის გორაზე - პროკოპისეული "კოტატის-მოხირისის" ციხეა. ე.წ  "დიდი ქუთათისის" ციხე ანუ დედაციხე...

2. უქიმერიონი - არ შეიძლება იყოს დიდღვაბუნას ციხე. იმიტომ, რომ დიდღვაბუნა არქეოპოლისის "ქვეყნის" სასაზღვრო ციხეა და რაც მთავარია, "მოხირისის მხარის” გარეთ რჩება ცხენისწყლის გაღმა. ქრონოლოგიურადაც ციხე და მის ირგვლივ არსებული ნამოსახლარი უპირატესად გვიანანტიკური ხანისაა (III - IV სს.) და არა ბიზანტიური ეპოქისა (VI ს.). მოცულობითაც არ შეესაბამება პროკოპის მიერ აღწერილ უქიმერიონს. საშუალო საუკუნეებში ის გორდის ციხედაა ცნობილი და განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა მას ცხენისწყლის ხეობისთვის და საკუთრივ "გორდის ქვეყნისათვის".

3. უქიმერიონი - კონტექსტის მიხედვით აღმოსავლეთ ლაზეთშია, კოტაის-მოხირისის აღმოსავლეთით, შორაპან-იბერიისაკენ და ლეჩხუმისაკენ მიმავალ გზებზე. უფრო სწორად ამ გზების განტოტებაზე. მისი განსაკუთრებული თვისება, სწორედ ორი მიმართულების დაცვა და კონტროლია. თუ გავითვალისწინებთ რომ, აღნიშნული გზის გაყოლებაზე ბრინჯაოს ეპოქის მრავალი განძია აღმოჩენილი და ვახუშტის გეოგრაფიაც ამ მარშრუტს აძლევს პრიორიტეტს [ქართლის ცხოვრება IV, გვ. 754-762], მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ციხე-ქალაქად უქიმერიონის არსებობა წყაროთა მიხედვით მხოლოდ VI - (VII) საუკუნეებს უკავშირდება. ასეთი პუნქტი "ქუთათისის მახლობლად" თანაც "მეტად მაგარი" და ქრონოლოგიურად ეპოქის შესატყვისი  მოწამეთის მონასტერია.

2.სიტუაციური გეგმა (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)

დავითისა და კონსტანტინეს ცხოვრების ავტორი მოიხსენიებს: "ადგილსაი მას, რომელსა რჰქვიან წყალ წითელ, რამუთუ იყო ადგილი იგი ციხე ქალაქ და ერ მრავალ" [საბინინი, 1882, 330]; აკად. ნ.ბერძენიშვილი მიანიშნებს: "მოწამეთა შესანიშნავი ადგილია წყალწითელას მიერ შექმნილი ნახევარკუნძული. უეჭველია ადრეფეოდალური ხანის ძეგლი" [ბერძენიშვილი ნ., 1990, 468]; ბატონი ნიკოს თვალთახედვა უტყუარად დაადასტურა მიმდინარე წელს მოწამეთაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა.

 

3. ტოპოგეგმა (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)

ამ წამოწყების ინიციატორი გახლავთ იმერეთის მხარის გუბერნატორი ბატონი მიხეილ ჩოგოვაძე. მისი წინადადებით დაიგეგმა მოწამეთის მონასტრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც დაევალა გელათის კომპლექსის სარეაბილიტაციო პროექტის ავტორებს კ.ტრაპაიძის ხელმძღვანელობით. ამ ბედნიერმა შემთხვევამ საშუალება მოგვცა ჩაგვეტარებია ფართომასშტაბიანი სადაზვერვო - არქეოლოგიური კვლევები და გადაგვემოწმებინა ჩვენი ადრინდელი მოსაზრებები. ერთი თვის განმავლობაში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისა და აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ* (*ექსპედიცია მუშაობდა იგივე შემადგენლობით როგორც ქუთაისსა და გელათში: პროფ. ო.ლანჩავა (ხელ-ლი), მ/დ. რ.ისაკაძე (მოადგილე), ნ.ქარციძე (ოპერატორი), მ.ჭუმბურიძე, მ. ხვედელიძე, უნივერსიტეტის მაგისტრები და დოქტორანტები: შ.ბუაძე, თ.შალამბერიძე, ნ. აბჟანდაძე, რ. არშილავა, ა. ჩუბინიძე, ზ. გაჩეჩილაძე). ზედმიწევნით შედეგიანი სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებით დადო სრულიად ახალი სამეცნიერო დასკვნა VI საუკუნეში მძლავრი ციხესიმაგრის არსებობის შესახებ მოწამეთის მონასტრის ტერიტორიაზე. ჩვენი მოლოდინი გამართლდა; უქიმერიონი მოწამეთაშია, იგი წმინდანთა ცხოვრებაში მოხსენიებული "ციხე ქალაქი წყალ წითელია", რომელიც VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბებს დაურბევიათ: "რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო, აღეოხრა და დაეწვა და იყო უკაცურ”.

5. კედლის ფრაგმენტი თაღიანი შესასვლელით.

არქეოლოგიური კვლევის შედეგები ასეთია:

სასიმაგრო სისტემა გამართულია წყალწითელას ხეობაში შეჭრილ ნახევარკუნძულისებურ პლატოზე, მისი გეგმარება განპირობებული იყო რელიეფის შესანიშნავი ფორმით. იგი გამოირჩევა განსაკუთრებული თავდაცვისუნარიანობით ციცაბო ქარაფებიანი ფერდობებით და მიუვალია. დამხრობილია ჩრდილოეთიდან - სამხრეთისაკენ. მისი საერთო ფართობი იყო 5350 მ2. ციხე - ქალაქის გეგმარებაც აქედან გამომდინარეობს.

იგი შედგებოდა სამი ნაწილისაგან:

1. ზედა სიმაგრე

2. შუა სიმაგრე (ციტადელი)

3. ქვედა სიმაგრე


6. კარიბჭის კოშკის შემორჩენილი ფასადი

1. ზედა სიმაგრე, რომლის საერთო ფართობი დაახლ. 2000 კვ. მეტრია ჩრდ. მხრიდან 60-ოდე მეტრი სიგრძის ვიწრო ყელით (სიგანე 3 მ.) უკავშირდებოდა გარე სამყაროს. სტუმარს უპირველესად ხვდებოდა გზის აღმოსავლეთით შემაღლებულ ქარაფზე აღმართული მთავარი ბასტიონი - სწორკუთხა კოშკი. (ინტერ. ფართობი 40 კვ.მ.) ამჟამად, აქ მხოლოდ გალავნის კედლის დიდკვადროვანი წყობის ნაშთებია შემორჩენილი, ხოლო, საკუთრივ კოშკის გეგმას მიანიშნებს კლდექანში ამოკვეთილი, კვადრების ჩასაწყობი ბუდეები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შემაღლება შიშიანობის დროს მცირე ციტადელის ფუნქციასაც ასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, ციხესიმაგრის მცველთათვის სტარტეგიულად იგი მოხერხებული და ხელსაყრელი ადგილი იყო. აღნიშნული სიმაგრის ერთ - ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა ქალაქში შესასვლელი მთავარი კარიბჭე. ბჭე თაღიანი იყო. ახლა აქ მრავალი გადაკეთების კვალი ჩანს, მაგრამ საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი დიდკვადროვანი წყობით ამოყვანილი ბურჯები. განსაკუთრებით დასავლეთის მხარეს, რომელიც შიდა მხრიდან გამაგრებული იყო მრავალკუთხა კოშკით, რომელიც შიდა კარის მოვალეობას ასრულებდა. ე.ი. ფლანკირებას უწევდა ალაყაფის კარს. ფაქტობრივად კარიბჭეს ორმაგი შესასვლელი ჰქონდა. (ინტერიერის ზომები დაახლ. 30 კვ.მ.), საკუთრივ კედლის სიგანე 1,60 მ-ია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი არქეოლოგიური მასალა მოგვცა კარიბჭის კოშკის ინტერიერის გათხრებმა. პირველ ყოვლისა, ესაა ბზენარევი აგურის ბლოკები, რომელიც აქამდე ჩვენთვის ცნობილი იყო მხოლოდ ელინისტური ხანის ნამოსახლარებიდან. (მაგ.ვანის ნაქალაქარი). ასევე ალიზით ნაგები კედლების არსებობა დადასტურებულია არაგვის ხეობის ადრე შუა საუკუნეების ციხის გათხრებისას. ისე როგორც ურბნისში და მცხეთის გალავანზე (რამიშვილი რ., 2008, 8); უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ ზოგიერთი ნაგებობა სწორედ აგურისაგან იყო აგებული. კოშკის სახურავად გამოყენებული ყოფილა მაღალბორტინი კრამიტები სოლენი და კალიპტერი, ზუსტად ისეთი, როგორიც ქუთაისის ნაქალაქარზეა აღმოჩენილი. მრავლად აღმოჩნდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკის ფრაგმენტებიც (ქვაბქოთნები, ქოთნები და სხვ.) ციხესიმაგრის ამ ნაწილში ბევრი ნაგებობა აღარ შემორჩა.

8. ზედა ციხის მისადგომი

ციცაბო ფერდობებმა კულტურული ფენები ცუდად შეინახა. თითქმის მთლიანად გადარჩა აღმოსავლეთ ფერდობზე არსებული ე.წ. ჭა - მაცივარი, რომელიც შესანიშნავი ოსტატობით არის ამოყვანილი, იქვეა, ზედა სიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ერთმანეთში ჩადგმული ქვევრები, როგორც ჩანს მეციხოვნეთათვის წყლის მარაგის შესანახად. შემორჩენილ ძეგლთა შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ქვაკვადრი "ბოლნური ტიპის ჯვარმედალიონით". ჯვარ - მედალიონიანი კვადრი კედელში მიწის ზედაპირიდან 2,5 მ. სიმაღლეზეა ჩაშენებული, იგი ძირითადი წყობის ქვებისაგან სრულიად განსხვავებულია, ძლიერ გამოფიტულია და პატინიზირებული, რაც მის არქაულობაზე მეტყველებს. კარგად ჩანს, რომ ეს კვადრი აქ ერთ-ერთი რეკონსტრუქციის დროს ჩააშენეს. მანამდე, როგორც ჩანს, იგი სხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა და, შესაძლოა ადრექრისტიანული ხანის ქვაჯვარის ბაზისი იყო.

11. ბოლნური ჯვარი, VI ს.

მედალიონში ჩასმული ჯვრის გამოსახულება სიბრტყის გარეთაა ამოზიდული. იგი მარჯვენა და მარცხენა წიბოდან თანაბარი მანძილითაა დაშორებული, მაგრამ ქვევითაა დაწეული ისე, რომ ქვედა ნაწილი თითქმის ებჯინება კვადრის ქვედა წიბოს. ჯვარი ორმაგ წრეშია ჩასმული, რომლის დიამეტრიც 30 სმ-ია. ჯვრის ასეთი გამოსახვა დამახასიათებელია ქრისტიანობის ადრეული ეტაპისათვის და იგი "ძლევის ჯვარად" ("ჯუარი ძლევისაი") არის მიჩნეული, რადგან წარმართულ კულტთან გამარჯვება, როგორც წესი, ჯვრის აღმართვით იწყებოდა. [ბერძენიშვილი ნ., 1966: 156, 164, 382; ჩუბინაშვილი გ.,1936, 38; ამირანაშვილი ჯ.,1968: 29]. მოწამეთის ჯვრის ანალოგიები ცნობილია ბოლნისის, სამწევრისის, ეძანის და თეთრიწყაროს რელიეფებში. [ჩუბინაშვილი ნ., 1972: 5-35; ბერძენიშვილი დ., 1976: 108,116] ამასთანავე, იგი წააგავს გომარეთის, პანტიანისა და კოჯრების ქვაჯვართა ბაზისის ჯვრებსაც. [ალადაშვილი ა., 1971: 9-62]. თუმცა მათთან შედარებით უფრო რელიეფურია და ვიწრომკლავებიანი. მიუხედავად ამისა, მოწამეთის ჯვარ-მედალიონი უყოყმანოდ თავსდება ჯვრების იმ ჯგუფში, რომლებიც VI საუკუნით თარიღდება და "ბოლნური" ჯვრების სახელით იწოდებიან. [ლანჩავა ო., 1980: 21. VI].

7. ციტადელთან დამაკავშირებელი კიბის საფეხურები

2. ციხე-ქალაქის შუა ნაწილი (ციტადელი) ბუნებრივად (შესაძლოა ხელოვნურადაც) ფლატეებით იყო გამოყოფილი დანარჩენი ორი ნაწილისაგან. (მისი ფართობი უდრის 600 კვ. მ.). სავარაუდოდ, როგორც ჩანს, ზედა სიმაგრეს, იგი ასაწევი ხიდით უკავშირდებოდა. ასე აქვს იგი აღწერილი XVIII საუკუნის მოღვაწეს გ.ავალიშვილს [მგზავრობა, 1967], ხოლო ქვედა სიმაგრესთან კიბით უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ციტადელის ნაგეობობათა შორის, დომინანტი ეკლესია უნდა იყო, თუმცა შემორჩენილი ნაშთებით, ძნელია მისი ხუროთმოძღვრული ტიპის ზუსტად განსაზღვრა, სავარაუდოდ, აქ მცირე ზომის ბაზილიკასთან უნდა გვქონდეს საქმე. ამას მიანიშნებს ნაგებობის აფსიდი და ე.წ. კრიპტა, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება, იგი გადაკეთებულ-აღდგენილია ახალი ეკლესიის მშენებლობის დროს. წყობა დიდკვადროვანია, დახვეწილი და აშკარად ადრექრისტიანული ხანისაა. წმინდანთა ცხოვრების ავტორის მიხედვით ამ კრიპტაში დაუკრძალავთ არაბებისაგან ნაწამები დავითისა და კონსტანტინეს ცხედრები, წყაროებში ეს ეკლესია ხარების სახელით მოიხსენიება. ციტადელს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ორი მძლავრი კოშკი იცავდა. მრავალგზის გადაკეთების მიუხედავად მათი ძირითადი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. ჩრდილოეთის კოშკი კვადრატული ფორმისაა (4X4). აღსანიშნავია ის, რომ ეს კოშკი სალოცავის ფუნქციასაც ასრულებდა. ამჟამად მასზე რკინაბეტონის საცხოვრებელია დაშენებული. სამხრეთის კოშკი კარგად იკითხება მრავალფენიან კედლის წყობაში. ამ მხარეს მას კარის ღიობი აქვს დატანებული. კლდის ზედაპირიდან იგი 4 მ. სიმაღლეზე მდებარეობს და როგორც აღინიშნა, ქვედა სიმაგრიდან საგანგებოდ გადაჭრილი ყელით იყო გამოყოფილი. კარგადაა შემორჩენილი კლდეზე ამოკვეთილი კიბის საფეხურები, რომლის ბაქნიდან კოშკში შესვლა ასევე ხის კიბით ხდებოდა. სავარუდოა, რომ აღნიშნული კოშკი ნაწილი იყოს იმ დიდი არქიტექტურული კომპლექსისა, რომელიც წარჩინებულ პირთა ან მეციხოვნეთა ღია აივნიან სასახლეს წარმოადგენდა და მოხდენილად გადაჰყურებდა წყალწითელას ხეობის თვალუწვდენელ ციცაბო ქარაფებს...

9. კოშკის ინტერიერის ფრაგმენტი

3. ქვედა სიმაგრეს, როგორც წესი ყველაზე დიდი ფართობი ეჭირა (2750 კვ.მ.) ფაქტობრივად ისიც მიუვალი იყო, მაგრამ მისი შედარებით მისადგომი ადგილები კედლებით იყო ამოყვანილი, ზოგან ტიპიური იზოდომური წყობით. ერთ-ერთ კედელში (აღმოს.) ჩვენთვის გაურკვეველი დანიშნულების თაღიანი ღიობია დატანებული, შესაძლოა იგი საიდუმლო გასასვლელის ფუნქციასაც ასრულებდა... აქ არის გვიან განახლებული გალავნის კედელი მცირე კარიბჭითურთ, რომელშიც ადრინდელი კვადრების მეორადი გამოყენება კარგად ჩანს. რაც გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, მისი წინამორბედის არსებობის შესახებ. ასევე საინტერესო ატრიბუტად გვევლინება დიდი ზომის ბუნებრივი ორმო ანუ რეზერვუარი წვიმის წყლის შესაგროვებლად. წვიმის წყალს მიმართულებას რეზერვუარისაკენ აძლევდა კლდის დაქანებულ სიბრტყეზე ამოკვეთილი ღარები. ზოგან ორმო-რეზერვუარის კედლები შელესილიც იყო. მასში შეიძლებოდა სულ ცოტა ხუთი ტონა წყლის შეგროვება. დღეს ამ ტერიტორიაზე კელიების მრავალი ნაშთებია და სვეტებიანი აკლდამის ნანგრევები მცირეწლოვანი ბავშვისათვის, რაც გვიანსაშუალო საუკუნეებში აქ სამონასტრო ცხოვრების აყვავებაზე მიუთითებს.

10. წყლის რეზერვუარი ქვედა სიმაგრეში

ამ გარემოებით აღნიშნული გეოგრაფიული პუნქტის მეორე ფუნქცია (საკულტო-რელიგიური) სამონასტრო ცხოვრება* გამოდის წინა პლანზე, რითაც სრულ დავიწყებას  მიეცა VI-VII საუკუნეების ციხექალაქობის პერიოდი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ამ წმინდა ადგილის ცხოვრებაში. (*აღნიშნულ საკითხს მონოგრაფიულად იკვლევს მ/დ. რ. ისაკაძე, შესაბამისად ამ საინტერესო გეოგრაფიული პუნქტის სრული ისტორია მის მიერ იქნება წარმოდგენილი).


შენიშვნები:

1. ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო აკად. სიმ. ყაუხჩიშვილმა. გეორგიკა II, თბილისი, 1965, გვ. 194-204;

2. დიუბუას ნაშრომი - "მოგზაურობა კავკასიაში" (ტ. I, პარიზი, 1939 წ., გვ. 384-432) ფრანგულიდან თარგმნა ფატი გოკიელმა. 1943 წ. პარიზში გამოიცა ატლასი დიუბუასეული ჩანახატებით ერთ-ერთი ილუსტრაცია ეძღვნება ბაგრატის ტაძარს და ძვ. ქუთაისის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს, რომელსაც ის უქიმერიონის ციხედ მოიხსენიებს. (Vouage An Caucase, Frederic Dubois de Montpereyx, Paris, 1843, II, sezie  III a);

3. გორგაძე ს., ბაგრატის ტაძარი, თბილისი, 1911, გვ.3;

4. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, I, 1960, გვ.428;

5. ბაქრაძე დ., საქართველოს ისტორია, 1889, გვ.278;

6. ჩაკვეტაძე ვლ., ქუთაისის ისტორიიდან, თბილისი, 1960;

7. ჯაოშვილი ვ., ქუთაისი (ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა), თბილისი, 1989, გვ. 55;

8. ციტირებულია, გეორგიკა II, გვ.204 (შენიშვნა სქოლიოში);

9. ჩაჩხუნაშვილი ც., უქიმერიონის წმ.გიორგის ეკლესია ქუთაისში, `წელიწდეული”, III, გვ.46 და შმდ.

10. ნიკოლეიშვილი მიხ., ქუთაისი (გზამკვლევი), ქუთაისი, 2009, გვ.

11. ბროსე (Add. 102, 3);

12. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, VIII, 1990, გვ.518-520;

13. გეორგიკა II, 1965, გვ.203; ადრე პატივცემული მკვლევარი უქიმერიონის აგათისეულ ონოგურისის ციხესთან  გაიგივებას ცდილობდა, რომელიც შემდეგ უარყო... (გეორგიკა III, 1936, გვ. 62);

14. სიხარულიძე ი., უხეიმერიონის  ადგილმდებარეობისათვის, ძეგლის მეგობარი XXI;

15. მუსხელიშვილი დ., საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2004, გვ.287;

16. ჩიხლაძე ვ., ნასოფლარი დიდღვაბუნა, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის II კონფერენციის მოსხენებათა მოკლე შინაარსები, თბილისი, 2003, გვ.51-54;

17. ლანჩავა ო., ქუთაისი ეგრის-ლაზიკის ციხე-ქალაქთა სისტემაში, ქუთაისი, 1996, გვ.180;

18. ლანჩავა ო., ნიკო ბერძენიშვილის მოსაზრებები ბიზანტიური წყაროების "კოტაის-მოხირისისა" და "უქიმერიონის" ლოკალიზაციის შესახებ და არქეოლოგიური  მონაცემები, ქუთაისის მუზეუმის მასალები, კრ. VIII, 1996, გვ.36;

19. ლანჩავა ო., ქუთაისის არქეოლოგია, ქუთაისი, 2007, გვ.141 და შმდ.

20. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1973, გვ. 754, 762; მოწამეთა სორმონის გავლით ე.წ. "ოჯოლას ხევით", უმოკლესი მანძილია საჩხეურ-დღნორისამდე (ე.ი. ლეჩხუმამდე) "ხოლო დღნორსა ზეით არს რიონზედ არპანი, არპანს ზეით გუელისთავი" ამ გადასასვლელით შეიძლება სვანეთში მოხვედრა. ეს უძველესი გზა ჩანს, რასაც ადასტურებს ამ გზის გაყოლებაზე ბრინჯაოს განძების: (ოჯოლას, დღნორის, თხმორის და გურნის განძების და აღმოჩენაც.

21. საბინინი გ., საქართველოს სამოთხე, პეტერბურგი, 1882, გვ.323-330;

22. ბალანჩივაძე ნ., მოწამეთა, გაზ., ქუთაისი, 1976, 17. 08;

23. ვაჭრიძე პ., მოწამეთა, გაზ., ქუთაისი, 1985, 8-1;

24. ლანჩავა ო., მოწამეთის წარსულისათვის, გაზ., ქუთაისი, 1980, 20-4;

25. კეზევაძე მ., ქვითხურონი ბერეკაშვილები, ძეგლის მეგობარი №68, გვ.64;

26. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, III, თბილისი, 1996, გვ. 156, 164, 382; ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, I, თბილისი, 1936, გვ.38; ამირანაშვილი ჯ., ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები, თბილისი, 1968, გვ.29. სურ.11;

27. Чубинишвили  Н.,  Хандиси..., ТБ., 1972 г., с. 5-35; ბერძენიშვილი დ., ორი ქვაჯვარის ბაზისი ქვემო ქართლიდან. ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976, გვ. 108-116.

28. Аладашвили А. Н.,  Монументальная  скулптура Грузии. 1971 г., с.9-62.

29. გეგეჭკორი გ., მოწამეთა, 1991 წ.

30. რამიშვილი რ., აღმოსავლეთ საქართველოს ადრე შუა საუკუნეთა ხანის ნასოფლარები. კრ. საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2008, გვ.8 და შმდ.

მადლობას ვუხდით ქ-ნ ნ.ქარსიძეს და ბ-ნ ო.ლანჩავას მოწოდებული მასალებისთვის