topmenu

 

ლ. მირიანაშვილი - ჩიჩხიტურის მონასტერი და მისი უცნობი კედლის მხატვრობა
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე ...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ლადო მირიანაშვილი - ჩიჩხიტურის მონასტერი და მისი უცნობი კედლის მხატვრობა

(ნაწილი I ) ...                                                ...გაგრძელება (ნაწილი II)

მადლობას ვუხდით ბატონ ლადოს მოწოდებული მასალებისათვის.

ჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უაღრესად მწირი ცნობებია დაცული. გარეჯის მთის აღწერისას, ბატონიშვილი ვახუშტი აქ მოქმედ ოთხ მონასტერთან დაკავშირებით ამბობს, რომ დავითგარეჯასა (ანუ წმ.დავითის ლავრასა) და ნათლისმცემელში ზის არქიმანდრიტი, ხოლო ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში – წინამძღვარი (ვახუშტი 1973: 332). რუსი მოგზაური ანდრეი მურავიოვი წერს, რომ ჩიჩხიტურში არაფერი შემორჩა კოშკისა და ორი ნახევრადჩამოქცეული ქვაბოვანი ეკლესიის გარდა, რომელთაგან მთავარი ეკლესია, ტრაპეზით, მოწამე წმ.იაკობ სპარსის1 სახელობისა იყო (Муравьев 1848: 81). მიხეილ საბინინი, აღდგომის ღამეს "მოწყვედილ" გარეჯელ მოწამეთა მარტვილობის ტექსტში მიუთითებს, რომ ის ორი მორჩილი, რომლებმაც აღდგომის ეკლესიასთან სისხლისღვრას თავი გაარიდეს, წმ.დავითის ლავრასა და იოანე ნათლისმცემლის მონასტერს შორის მდებარე დიდმოწამე იაკობ სპარსის მცირე მონასტრის მახლობლად დახოცეს2 (Сабинин 1872: 99-100). ჰაგიოგრაფი წერს, რომ ამ მონასტერს ზემოდან სადარაჯო კოშკი დაჰყურებს. ლავრასა და ნათლისმცემლის მონასტერს შორის მდგომი ერთადერთი ნაგებობა ჩიჩხიტურის მონასტრის ოთხკუთხა კოშკია3. 1921 და 1929 წლებში გარეჯის მრავალმთაში გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილი ექსპედიციების დროს, ჩიჩხიტური სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილა: პირველად იმის გამო, რომ ამ მონასტრის დოკუმენტირება ბოლო დღისათვის შემოუნახავთ და თბილისში მომავალ ექსპედიციის წევრებს, შემოღამების შიშით, ის ნაჩქარევად დაუთვალიერებიათ (Гордеев 1921). ჩიჩხიტური უყურადღებოდ დაუტოვებიათ 1929 წლის ექსპედიციის დროსაც. ამის გამო, გ.ჩუბინაშვილის მიერ გარეჯის მრავალმთის მონასტრებისადმი მიძღვნილ სქელტანიან მონოგრაფიაში ჩიჩხიტურის მონასტრის აღწერას მხოლოდ ექვსი სტრიქონი აქვს დათმობილი, ილუსტრაციის სახით კი შორი მანძილიდან გადაღებული ოთხი ფოტო აქვს დართული. მეცნიერი წერს: “ამ დათვალიერებას რაიმე, რამდენადმე მნიშვნელოვანი მასალა არ მოუცია. კოშკი თავისი ხასიათით სხვა მონასტრებში ნანახი რიგი კოშკების ჯგუფს მიეკუთვნება, მცირერიცხოვანი ქვაბები კი იმდენადაა გამოქარული, რომ მათში რაიმე ფორმების გარჩევაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. სავარაუდოა, რომ გაბატონებულმა ქარებმა დავით გარეჯელის ლავრის აქ ჩასახული პირმშო მალევე გააუკაცრიელა” (Чубинашвили 1948: 15, ტაბ. 130).

სურ. 1 ჩიჩხიტურის სამარტომყოფელო კოშკი

სამწუხაროდ, სახელოვანი მეცნიერის – გ.ჩუბინაშვილის ყურადღების მიღმა დარჩენილი ჩიჩხიტურის ქვაბების კვლევას ვეღარავინ შეჰბედა, რადგან "სოციალისტურ მეცნიერებაში" სამეცნიერო "ავტორიტეტთა" მიერ მიღებული შედეგების, დასკვნებისა თუ, თუნდაც, უწიფარი მოსაზრებების ხელშეუხებლობის პრაქტიკა იყო დამკვიდრებული. შესაბამისად, ჩიჩხიტურის შესახებ მრავალი ათეული წლის მანძილზე სამეცნიერო ცირკულაციაში არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა. ჩემს გამოკვლევამდე არ გამოქვეყნებულა ა.მურავიოვის მიერ წმ. იაკობის ეკლესიად წოდებული ქვაბთა ჯგუფის აღწერილობა. შესაბამისად, გარეჯზე მომუშავე მეცნიერთა უმრავლესობისათვის და, მით უფრო, მომლოცველებისა და მოლაშქრეებისათვის, უცნობი რჩებოდა ქვაბთა ამ ჯგუფის სამლოცველოში შემორჩენილი სრულიად უნიკალური ფრესკული მოხატულობა. ჩემი გამოკვლევა, რომლის ძირითადი დასკვნები სამეცნიერო საზოგადოებას პირველად 1998 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე „აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კლდის ძეგლები“ წაკითხული მოხსენებით გავაცანი, ხოლო სრული ტექსტი 2001 წელს გამოვაქვეყნე (მირიანაშვილი 2001), ჩიჩხიტურის მოხატულობისა და ნაკაწრი წარწერების პუბლიკაციის პირველი და დღემდე ერთადერთი მცდელობაა. ერთადერთი იმიტომ, რომ, ბოლო დროს, საქართველო-აზერბაიჯინის საზღვრის ამ კონკრეტული, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე მონაკვეთის ჩაკეტვის გამო, მოხატული სამლოცველოს მოხილვა შეუძლებელი გახდა4. აქამდე ჩიჩხიტურის მონასტერი, მხოლოდ, მთის თხემზე აღმართულ კოშკთან, მის ქვემოთ, მთის ჩრდილოეთ ფერდობში გამოკვეთილ ეკლესიასა და კოშკის დასავლეთით მდებარე სამარტომყოფელო ქვაბთან იგივდებოდა. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ჩიჩხიტურის კოშკი რიგითი სათვალთვალო კოშკია. ამგვარი შეხედულება, ჯერ კიდევ 1999 წელს, ისტორიკოსმა თემო ჯოჯუამ უკუაგდო. მის მოსაზრებას შემდეგი დაკვირვებები დაედო საფუძვლად: 1.თუ ჩიჩხიტურის კოშკი თავდაცვითი დანიშნულებით აიგო, რატომ დაატანეს განიერი სარკმლები და არა ვიწრო სათოფურები, როგორც ეს წმ.დავითის ლავრისა და წმ.იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს კოშკებს აქვთ? 2.რატომ არა აქვს ჩიჩხიტურის კოშკს საიდუმლო შესასვლელი, მსგავსად ზემონახსენები ორი უდაბნოს საყარაულო კოშკებისა? ჩიჩხიტურის კოშკში ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულის დონეზე, სამხრეთ კედელშია დატანებული (კოშკის ქვედა, მიწისპირა ნაწილში დღეისათვის არსებული ღიობი XX საუკუნის ბოლოს, ვანდალების მიერ კედლის განგრევის შედეგად გაჩნდა). კითხვას ბადებს ფასადზე, შესასვლელის თავზე არსებული ნიშა, რომელსაც თავდაცვით ნაგებობაში ფუნქცია არ გააჩნია. 3.რა საჭირო იყო თავდაცვითი კოშკის მესამე სართულის გეგმაში, აღმოსავლეთის მხარეს ჩაწერილი საკურთხევლის აფსიდი და მისგან ჩრდილოეთით მოწყობილი სამსხვერპლო ნიშა? ყოველივე ამის გათვალისწინებით, თ.ჯოჯუამ ჩიჩხიტურის კოშკი დასაყუდებელ სვეტად მიიჩნია. მის ამ მოსაზრებას ჩვენც ვიზიარებთ. სირიაში მრავალი მსგავსი სამარტომყოფელო ოთხკუთხა კოშკი შემორჩა: უცხოელმა მკვლევრებმა ანტიოქიიდან აპამეამდე 50 სამარტომყოფელო კოშკი აღნუსხეს, რომლებიც, ძირითადად, ორ ან სამსართულიანია, ზოგჯერ ექვსსართულიანიც კი (Patrich 1995, 133). თითოეულ ასეთ კოშკში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ერთი მარტომყოფი მოღვაწეობდა. როგორც ცნობილია, მარტომყოფობის ერთ-ერთი სახე მესვეტეობა იყო. სვეტთან იგივდებოდა მთისა თუ კლდის მაღალი შთენილი, მაგალითად კაცხისა და ბოდორნის სვეტები, ან სპეციალურად აგებული კოშკი, მაგალითად მარტყოფის, მარტვილისა (1031 წ-მდე) და უბისის (1141 წ.) სვეტები. უბისის კოშკი ოთხსართულიანია. XIX ს-ში ფრანგ მოგზაურ დიუბუას აქ დაყუდებული მესვეტე უხილავს. სვეტი დგას სვიმეონ მესვეტის სავანეშიც, რკონის მონასტერთან. ჩიჩხიტურის ოთხკუთხა კოშკი საქართველოში არსებული, იმავე პერიოდის სხვა დასაყუდებელი კოშკების ანალოგიურად არის დაგეგმარებული. ის სამსართულიანია (სურ.1). კოშკის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, პერიმეტრის დაახლოებით 1/3-ის გასწვრივ, კედლის კონტური საფეხურს ქმნის. გარეთ გამოწეული ეს მართკუთხა სტრუქტურა მესამე სართულიდან კოშკის ძირამდე გამჭოლია. კოშკში მოხვედრა მეორე სართულიდან, მისადგმელი კიბის მეშვეობით შეიძლებოდა. მარტომყოფი მეორე სართულზე ცხოვრობდა. ამ სართულის იატაკში არსებული საძრომიდან, მისადგმელი კიბით, პირველ, ყრუ სართულზე შეიძლებოდა მოხვედრა, სადაც საკუჭნაო იყო განთავსებული მესამე სართული მთლიანად კერძო სამლოცველოს ჰქონდა დათმობილი. სართულებს შორის გადახურვა ქვისაა. სარკმლები, ერთის გამოკლებით, ყველგან ოთხკუთხაა. გამონაკლისი მესამე სართულის ჩრდილოეთი მხარეა: აქ ნახევარწრიულ-კამაროვანი დიდრონი სარკმელია გაჭრილი. მარტომყოფის სვეტის აგება ჩიჩხიტურში შემთხვევითი არ ყოფილა. მთის ქედის თხემზე აღმართული სამარტომყოფელო კოშკი, იქვე, ერთიან დიდრონ ლოდში გამოკვეთილი სენაკი, სამხრეთ ფერდობზე მდებარე სამქვაბიანი სამარტომყოფელო კომპლექსი და ერთეულ ქვაბთა ნაშთები მაფიქრებინებს, რომ აქ წმ.დავითის ლავრას დაქვემდებარებული მცირე ანაქორეტული მონასტერი იყო. ამ ტიპის მცირე მონასტრებს ძველქართულით “სკიტე”-ს უწოდებდნენ. ჩიჩხიტურის განსახილველი სამქვაბიანი ჯგუფი მოხატული სამლოცველოთი გარეჯელი ასკეტის, ზოსიმე-პიმენის მოღვაწეობას უკავშირდება. ამ ასკეტის სახელის შემცველ და მის მიერ ქვაბთა ჯგუფის ფლობის დამადასტურებელ ნაკაწრ წარწერას სამლოცველოში მივაკვლიე (იხ. ქვემოთ, სურ.5). მაღალი მხატვრული ღირებულებისა და გარეჯში სამონასტრო ცხოვრების ისტორიისათვის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამლოცველოს დეტალურად აღვწერ. სამლოცველო ცენტრალურ, ყველაზე დიდ ქვაბშია მოწყობილი. მისი გეგმის მოხაზულობა მართკუთხედს უახლოვდება, თუმცა ერთი თავისებურებით: აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები ერთმანეთთან სწორ კუთხეს კი არ ქმნის, არამედ ერთმანეთში მდორედ, მორკალვით გადადის. ქვაბი სამხრეთი მხრიდან, ქანის ჩამოქცევის გამო, ერთიანად ღიაა. მისი სიგრძე 5,3 მ-ია, სიგანე – 3,3 მ, სიმაღლე – 2,5 მ. ქვაბი შელესილია. ბათქაშში ხის ნახშირის ჩანართებია, მსგავსად იმისა რასაც გარეჯის მრავალმთის სხვა მოხატულ ეკლესიებში ვხვდებით. ნახშირის ჩანართების დანიშნულება ბათქაშის სიღრმეში შეღწეული ტენის შთანთქმა და კედლის ზედაპირის დაზიანებისაგან დაცვა უნდა ყოფილიყო. ქვაბის ბრტყელი ჭერი და კედლები ალაგ-ალაგ უსწორმასწოროა – ჩანს ბურცობები, რაც ქვიშაქვაში სფეროდიორიტის კონკრეციების ჩანართების არსებობითაა გამოწვეული. ჩრდილოეთ კედელზე ერთ-ერთი ჩანართი ბრტყლად არის მოლესილი და წრიული მედალიონის ფორმა აქვს მიცემული (სურ.2; ნახაზზე ჩანართები წყვეტილი ხაზითაა აღნიშნული, მათ შორის მედალიონი – წყვილი წყვეტილი ხაზით). აღმოსავლეთ კედელში ღრმა სალოცავი ნიშაა ნაკვეთი, მისგან მარჯვნივ კი, იატაკში – წყლის დასაგროვებელი ჭა, რომელსაც გარედან შემომავალი თიხის მილი უკავშირდება. ჭის პირი საგანგებოდ ნაკვეთი ნიშის სიღრმეში ზის. სამლოცველოს, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, თითო-თითო სათავსი ეკვრის. აღმოსავლეთით მდებარე სათავსი შეულესავია, კედლის უსწორმასწორო ზედაპირებით. მისი სიგრძე – 3,2 მ, სიგანე – 2,4 მ, სიმაღლე – 2 მ. დასავლეთი სათავსიც შეულესავია, კედლის უსწორმასწორო ზედაპირებით: სიგრძე – 3,3 მ, სიგანე – 2 მ, სიმაღლე – 2,15 მ. ამ სათავსს ირგვლივ ამოშენებული და შელესილი მერხი დაუყვება. მერხი ჩრდილოეთით განივრდება და სიგანეში 60 სმ-ს აღწევს (დღეისათვის, ამ მერხის ჩრდილოეთი დაბოლოების სიგანე, მის ზემოთ კლდის ჩამონგრევის გამო, 30 სმ-ით არის გაზრდილი). ქვაბთა აღწერილ ჯგუფს დასავლეთიდან ნაქვაბარი ესაზღვრება. ის სწორკუთხა ყოფილა. ნაქვაბარის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ღრმა ნიშებია ნაკვეთი. კლდის ჩამოქცევის გამო, ძნელი სამსჯელოა, იყო თუ არა ეს ნაქვაბარიც კომპლექსის შემადგენელი ნაწილი.

სურ. 2  წმ.იაკობ დაჭრილის სამლოცველო. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები

ზემონახსენები სამქვაბიანი ჯგუფიდან გამორჩეულია შუა ქვაბი, რომლის კედლებზე ძლიერ გაფერმკრთალებული კედლის მხატვრობაა შერჩენილი (სურ.2, 3). ქვაბი ნაწილობრივ არის მოხატული – მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები. ჭერი, მასზე შერჩენილი შელესილობის ფრაგმენტებით თუ ვიმსჯელებთ, მოუხატავი ყოფილა. ფრესკები ერთ რეგისტრადაა განლაგებული. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში საღებავების ტონი ჩამქრალა, ბევრგან გადასულა კიდეც. აღმოსავლეთი კედლის სამხრეთი კიდიდან ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ კიდემდე შემდეგი სიუჟეტების გარჩევა ხერხდება: წმ.იაკობ დაჭრილის წამება, ხარება, რომელიც სალოცავ ნიშაში გამოსახული გოლგოთის ჯვრის იქით-აქეთაა განაწილებული, ქრისტეს მიერ პირველი მოციქულების მოხმობა ან მოციქული პეტრეს მიერ ქრისტეს ძე ღმრთად შეცნობა (სავარაუდოდ), საფლავად დადება, წმიდა მენელსაცხებლე დედანი საფლავთან. ქვაბი მისი არსებობის გარკვეულ ეტაპზე ხელახლა შეულესავთ, მაგრამ არა ერთიანად, არამედ ნაწილობრივ: აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლების სიბრტყეების ზედა ნახევრებზე ბათქაშის სისქე ჭერის მიმართულებით მდორედ გაუზრდიათ, რაც გარკვეული ამოცანის გადაწყვეტას ემსახურებოდა (იხ.ქვემოთ).

სურ. 3 წმ. იაკობ დაჭრილის სამლოცველო. აღმოსავლეთი კედელი

სურ. 4 სალოცავი ნიშა

შელესილობის ახალი ფენა განსხვავებული ფერითა და სტრუქტურით გამოირჩევა, რის გამოც ძველი ბათქაშისაგან მკაფიო ჰორიზონტალური ხაზით არის გამიჯნული. ორივე კედელი შელესილობის ახალი ფენის დატანის შემდეგ მოუხატავთ. მოხატვამდე კედლების გარკვეული სქემით შელესვა ქვაბის ინტერიერის ცენტრალური ელემენტის – სალოცავი ნიშის გასამშვენებლად გამხდარა საჭირო (სურ.4). თავდაპირველად ეს იყო სიბრტყეში ნაკვეთი, ვიწრო, ვერტიკალურად წაგრძელებული, ზემოდან მორკალული ღრმა ნიშა (სიმაღლე შუა ღერძზე – 107 სმ, სიგანე – 84 სმ, სიღრმე – 41 სმ. ნიშის ქვედა გვერდი იატაკის დონიდან დაახლოებით 1 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს). მოგვიანებით, ნიშის გარშემო ნახევარწრე შემოუხაზავთ და მის ირგვლივ ბათქაშის სისქე გაუზრდიათ. შედეგად, ორსაფეხურიანი ნიშა ჩამოყალიბდა. გარეთა საფეხურის სიმაღლე ნახევარწრის უმაღლეს წერტილში მაქსიმალურია, ქვედა კიდეებთან კი კედლის სიბრტყეს უსწორდება. სარტყლის სიგანე ნიშის ვერტიკალური ღერძის გასწვრივ მინიმალურია და 145 მმ-ს შეადგენს, ქვედა ბოლოებთან კი განივრდება. იმ გარემოებას, რომ აღმოსავლეთი კედელი ჩრდილოეთ კედელთან სწორ კუთხეს არ ქმნის და გამრუდების ხარჯზე მასში მდორედ გადადის, გამოუწვევია ბათქაშის სისქის გაზრდის აუცილებლობა ჩრდილოეთ კედელზეც, ნიშის მომრკალავი სარტყლის ქვედა დონემდე. ჩრდილოეთი კედლის სიბრტყე დამატებითმა შრემ თანაბრად გაამრუდა. აღმოსავლეთ კედელზე მკაფიოდ იკითხება ნიშის ვერტიკალური ღერძის ზედა წერტილიდან 1300-იანი კუთხით გავლებული წრფეები, რომლებიც რკალის შემოსავლებად დაუტანიათ. გვიან შუა საუკუნეებში აქ კიდევ ერთი გადაკეთება ჩაუტარებიათ, რომლის დროს განუახლებით ფრესკული მოხატულობის ფერები და მოურკალავთ აღმოსავლეთი და დასავლეთი გასასვლელების ზღუდარები: დამხმარე სათავსების მხრიდან მათი დათვალიერების დროს ჩანს, რომ გასასვლელის ოთხკუთხა ჭრილის ზედა კუთხეები ბათქაშითაა შევსებული. იმავდროულად, ფორმა უცვლიათ სახატე ნიშებისთვისაც. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეში თაღოვანი ნიშაა. აღმოსავლეთი კედლის სალოცავი ნიშის მარჯვენა გვერდის ჩამოსწვრივ, ასევე, ნიშაა ნაკვეთი, ოღონდ მუზარადისებრი თაღით. ჭის ნიშის მარჯვნივ და ზემოთ შეისრულთაღიანი ნიშაა, მარჯვნივ და ქვემოთ კი, იატაკთან ახლოს, ოთხკუთხა შეღრმავებაა, რომლის შიდა სიბრტყე შეულესავია. როგორც აღვნიშნეთ, ნიშები გაცილებით გვიან ეტაპზეა გადაკეთებული: მათ შეისრულ და მუზარადისებრ თაღებში გამჟღავნებული ისლამური მოტივის გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ გადაკეთება XVII ს-ის მიწურულს – XVIII საუკუნის დასაწყისში უნდა განხორციელებულიყო, ანუ იმ დროს, როდესაც ანალოგიური ფორმები აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელდა. მსგავსი შეისრული და მუზარადისებრთაღიანი ნიშები დასტურდება ონოფრე მაჭუტაძის მიერ 1671-1675 წწ-ში ქვემო ნიჩბისში აგებულ წმ.ნიკოლოზის ეკლესიაში (ბერიძე 1994, 90). ანალოგი გვაქვს სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ კედელზეც ე.წ. სტალაგმიტური ნიშების სახით (XVII ს-ის გადაკეთება). ჩიჩხიტურის სამლოცველოს ბოლო გადაკეთების ჩვენეული დათარიღება თანხმობაშია გარეჯის უდაბნოებში განახლებითი სამუშაოების ჩატარების დროსთან – XVII ს-ის 30-იან, 70-იან და 80-იან წლებში. ჩიჩხიტურის სამლოცველოს აღმოსავლეთ კედელზე, კერძოდ წმ.იაკობის წამების გამოსახულების მარჯვნივ, საყურადღებო ნაკაწრი წარწერაა. იგი შესრულებულია მხედრულით, ბმული ასოებით, კალიგრაფიული ხელით. ამოკაწრულია წვრილპირიანი იარაღით სახატე ნიშის ზემოთ. წარწერა იწყება კლდის ჭის ნიშის მარჯვენა გვერდის ასწვრივ გავლებული წარმოსახვითი ვერტიკალიდან 30 სმ-ით მარჯვნივ, იატაკის დონიდან 188-190 სმ-ის სიმაღლეზე. უჭირავს ფართობი 27,5X7,5 სმ. ასოების სიმაღლე: 0,6-1,2-2.5-3,5 სმ. წარწერა ორ სტრიქონად არის ამოკაწრული (სურ. 5):

ღმრთისა მოწყალებითა ესე ქუაბი

ზოსიმე პიმენისი არს.

სურ. 5 ზოსიმე–პიმენის ნაკაწრი წარწერა. XIII საუკუნის პირველი ნახევარი

პალეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით, ამ ნაკაწრ წარწერას XIII ს-ის პირველი ნახევრით ვათარიღებ. ჩიჩხიტურის სამლოცველოში მიკვლეული გრაფიტის სამეცნიერო მნიშვნელობა მრავალმხრივია: 1.ეს არის უტყუარი ისტორიული დოკუმენტი XIII ს-ის პირველ ნახევარში ჩიჩხიტურში კონკრეტული ისტორიული პირის მოღვაწეობის შესახებ, 2.წარწერა ქვაბის ფრესკული მოხატულობის ზედა თარიღს განსაზღვრავს, 3.მისმა შინაარსმა კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ შუა საუკუნეებში ტერმინი “ქვაბი” არა მხოლოდ ერთეულ, არამედ ერთ კომპლექსში გაერთიანებულ ქვაბთა ერთობლიობასაც აღნიშნავდა. სამოღვაწეო ქვაბოვანი კომპლექსის – საცხოვრებელი სათავსებისა და სამლოცველოს ერთი განზოგადებული სახელით – ქვაბად მოხსენიება გარეჯის მრავალმთის სინამდვილეში, ჩიჩხიტურის ზოსიმე-პიმენის ქვაბს გარდა, კიდევ ორ უდაბნოში დასტურდება: ა) წამებულში ხარიტონის ქვაბი (გაფრინდაშვილი 1976,180) – ესე ქუაბი ხარიტუნისი იყო - (XI ს.), ბ)მრავალწყაროში – სტეფანეს ქვაბი (სილოგავა 1999,134) - [ესე] ქვ[ა]ბ[ი] სტ(ე)ფა[ნესი არს] (XI ს.). ჩიჩხიტურში გვაქვს სამქვაბიანი კომპლექსი, წამებულში - ოთხქვაბიანი, ხოლო მრავალწყაროში, სავარაუდოდ, სამქვაბიანი (დღეისათვის მხოლოდ სამლოცველოა შემორჩენილი. სხვა ქვაბების არსებობაზე სამლოცველოს გარე სიბრტყეზე ნაკვეთი ნიშები მიანიშნებს). ჩიჩხიტურისა და წამებულის ქვაბების ჯგუფების მსგავსი ფართო, მრავალსათავსიანი დასაყუდებელი კომპლექსები გვხვდება სირია–პალესტინაში, მაგალითად წმ.საბას ლავრასა (იერუსალიმი), და სამხრეთი ტრანსიორდანიის ჰამამ აფრას მონასტერში. ასეთი ფართო და მდიდრულად გაფორმებული ქვაბთა ჯგუფები განსაკუთრებული დამსახურების ბერებისათვის იკვეთებოდა. გარეჯის მრავალმთაში არსებული სამი მაგალითის განზოგადების საფუძველზე შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ შუა საუკუნეებში ქვაბად იწოდებოდა არა მხოლოდ ერთქვაბიანი საცხოვრებელი სადგომი, არამედ მრავალქვაბიანი ჯგუფიც, სამლოცველოს ჩათვლით. გივი გაფრინდაშვილის მიერ თავის დროზე გამოთქმული ვარაუდი, რომ წამებულის წარწერაში ხარიტონის სახელის დამოწმების მიზეზი, შესაძლოა, მთლიანად უდაბნო-მონასტრის წმ.ხარიტონ წამებულის სახელზე კურთხევა ყოფილიყო (გაფრინდაშვილი 1976, 182), ბოლო დროს მიკვლეული ორი წარწერის გათვალისწინებით, არ დასტურდება. ჩიჩხიტურის ნაკაწრ წარწერაში ქვაბის მფლობელი ორი სახელითაა მოხსენიებული – ზოსიმე-პიმენი. ორი სახელის დამოწმების შემთხვევები ქართველი ბერების მიერ არცთუ იშვიათია. ხშირ შემთხვევაში, ბერად აღკვეცისას მიღებული სახელის ერისკაცობაში დარქმეული სახელისაგან გასამიჯნად სიტყვა “ყოფილი” გამოიყენებოდა: “ამა წიგნისა შემმოსავსა ცოდვილსა საბა ყოფილსა სოფრონს შ˜ს ღ˜ნ”, როგორც ეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაწერილ ხელნაწერზეა მიწერილი, ანდა “იოანე ფრიად ცოდვილი ზოსიმე”, რა ფორმასაც X ს-ის ცნობილი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი და მთარგმნელი დროდადრო იყენებდა. ხელნაწერების ანდერძში იგი, აგრეთვე, იოანედ, ან იოანე-ზოსიმედ იწერებოდა. ორი სახელის ტარების ამგვარი ფორმა გაცილებით იშვიათად იყო გავრცელებული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე მაგალითმა მოაღწია: ჯვრის მონასტრის მაშენებელი გრიგორი-პროხორე (XI ს.); შავი მთის ქართველთა ეკლესიარხი იოვანე-კვირიკე (XI ს.) (კეკელიძე 1960, 262); ნიკიფორე-ნიკოლოზი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ეკლესიის გუმბათქვეშ, მოზაიკურ იატაკში ჩადგმულ ბრინჯაოს დისკოზე ასომთავრულით შესრულებულ 1643 წლის წარწერაში იხსენიება. იოანე-ზოსიმესთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძე შენიშნავდა, რომ ერთი ამ სახელთაგანი, შესაძლოა, საერისკაცო ყოფილიყო, მეორე კი საბერმონაზვნო (კეკელიძე 1980, 164), მაგრამ ორი სახელის გამოყენების მიზეზზე მას მოსაზრება არ გამოუთქვამს. მართლაც, რაში უნდა დასჭირებოდა ზოგიერთ ბერს საერო სახელის დამოწმება? ამასთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრება გამაჩნია: ორი სახელის ტარების აუცილებლობა, სავარაუდოდ, განპირობებული უნდა ყოფილიყო სახელის მფლობელის გასამიჯნად იმავე, ან მომიჯნავე პერიოდში მოღვაწე სახელოვანი ბერისაგან, რაც ბერული თავდაბლობის ერთ-ერთი გამოვლენა იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოსიმე–პიმენის წარწერის შესრულების თარიღი ემთხვევა სახელოვანი გარეჯელი ბერის პიმენ სალოსის მოღვაწეობის ხანას, „რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცივნა“, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვაბის მფლობელი ბერის მიერ სასულიერო სახელის დარად საერო სახელის მოხმობა პიროვნებების აღრევის თავიდან ასაცილებლად იყო გამიზნული. თუმცა, ქვაბის კუთვნილებასთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული მოსაზრებაც გამოითქვას: თუ მხედველობაში მივიღებთ საკვლევ ქვაბთა ჯგუფის განსაკუთრებულობას, კერძოდ სამლოცველოს მოხატულობის უნიკალურ პროგრამასა და ფრესკების შესრულების მაღალ დონეს, არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობასაც, რომ ქვაბთა ეს ჯგუფი თავად სახელგანთქმული პიმენ სალოსის კუთვნილება ყოფილიყო. ამ მოსაზრებას საკითხის დასმის წესით, ფაქტებით შეუმაგრებელი ვარაუდის სახით გამოვთქვამ: პიმენ სალოსის ორი სახელით მოხსენიების მაგალითს წერილობით წყაროებში, ჯერჯერობით, ვერ მივაკვლიე. ჩიჩხიტურის ქვაბთა ჯგუფის აღწერისას უკვე აღვნიშნე, რომ სამლოცველო ნაწილობრივ არის მოხატული. ფრესკები ერთ რეგისტრადაა განლაგებული. მათ გასწვრივ, იატაკიდან დაახლოებით 110 სმ-ის სიმაღლემდე, მოუხატავი ზოლია დატოვებული. ეს თავისებურება მოხატულობის სიძველეზე მიუთითებს. სიძველის ნიშანია ისიც, რომ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლების ფრესკები სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული. მოგვიანებით, მიწის ზოლის სიგანის გაზრდის ხარჯზე, აღმოსავლეთი კედლის ფრესკები ერთ დონეზე მიუყვანიათ (ამაზე ქვემოთ). თინათინ ვირსალაძე IX-X სს-ით სანდოდ დათარიღებული უგუმბათო ქართული ეკლესიების მოხატულობის ანალიზზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ ამ დროს ტაძრების მოხატულობა მხოლოდ საკურთხევლით (აფსიდით, ზოგჯერ კი კანკელით) შემოიფარგლებოდა. მისი აზრით, ძირეული გარდატეხა ტაძრის დეკორში საქართველოში X ს-ის ბოლო მეოთხედში ან მიწურულს უნდა მომხდარიყო (Вирсаладзе 1963, 110, 113). ანელი ვოლსკაია ამ ზღვარს X ს-ის მიწურულს დებს (ვოლსკაია, ბუჩუკური 1990, 56), ხოლო ეკა პრივალოვას მიხედვით, ეკლესიების ნაწილობრივი მოხატვის ტრადიციამ პოზიციები X ს-ის ბოლოს – XI ს-ის დასაწყისში დათმო (Привалова 1980, 15). თუმცა ეს მხოლოდ საკრებულო ეკლესიებს შეეხება, გარეჯის უდაბნოების კერძო სამლოცველოები კი ამის შემდგომაც ნაწილობრივ იხატებოდა: საკურთხევლის აფსიდი, ჩრდილოეთი კედელი და, ზოგჯერ, ჭერი. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩიჩხიტურის სამლოცველოს მოსახატად ხატმწერს შემდეგი სიუჟეტები გამოუყენებია: აღმოსავლეთ კედელზე – წმ.იაკობ დაჭრილის წამება, რომელსაც მოსდევს გოლგოთის ჯვრის იქით-აქეთ განაწილებული ხარება; ჩრდილოეთ კედელზე – სავარაუდოდ, ქრისტეს მიერ პირველი მოწაფეების მოხმობა, ან მოციქული პეტრეს მიერ ქრისტეს ძე ღმრთად შეცნობა; შემდეგ საფლავად დადება და წმიდა მენელსაცხებლე დედანი საფლავთან. ჩამოთვლილი სიუჟეტების გათვალისწინებით, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრეი მურავიოვის მიერ წმ.იაკობის ეკლესიად მოხსენიებული ქვაბის ფრესკული მოხატულობის სქემა, თუნდაც შემჭიდროებული პროგრამით, ეკლესიის მოხატულობის ტრადიციულ სქემას არ შეესაბამება. ჩრდილოეთ კედელზე აზრობრივად დასრულებული, საკვანძო სცენებით აგებული ვნების სრული ციკლის გამოსახვის ნაცვლად, ხელნაწერების გაფორმებისთვის ჩვეული სიუჟეტი – ქრისტეს მიერ პირველი მოწაფეების მოხმობა, ან მოციქული პეტრეს მიერ ქრისტეს ძე ღმრთად შეცნობა ჩაურთავთ, ხოლო აღმოსავლეთ კედელზე, ასევე მინიატურებისათვის დამახასიათებელი, წამების უხვსისხლიანი სცენა გამოუსახავთ.

სურ. 6 ღვთისმშომელი ხარების სცენიდან

ცალ-ცალკე განვიხილოთ სამლოცველოში გამოსახული თითოეული სიუჟეტი. წმ.იაკობ დაჭრილის სამლოცველოს აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილში სალოცავი ნიშა მდებარეობს. მხატვარს ნიშის იქით-აქეთ ხარების სცენა გაუნაწილებია (სურ.4,6). ნიშის ზურგზე სამსაფეხურიან სადგარზე აღმართული, მოყავისფრო-წითელი ექვსკიდურიანი გოლგოთის ჯვარია გამოსახული (სურ.2, 4). ზოგადად ჯვარი არა მხოლოდ იესო ქრისტეს დასჯის იარაღი, არამედ, იმავდროულად, მაცხოვრის სიმბოლოცაა, ხოლო გოლგოთის ჯვარი ვნების მეშვეობით მიღწეული ტრიუმფის სიმბოლოა: “ჯუარითა სიკუდილი მოაკუდინე და ჯუარითა ავაზაკსა სამოთხჱ განუღე”. მრავალსაფეხურიანი სადგრებიდან განსაკუთრებული აზრობრივი დატვირთვა სწორედ სამსაფეხურიან ნიმუშს გააჩნია: ის სამ ქრისტიანულ ზნეობრივ კატეგორიას – რწმენას, იმედსა და მოწყალებას გამოხატავს (Фоли 1997, 140). ნიშაში გამოსახული სიუჟეტი მოხატულობის მეორე ფენას მიეკუთვნება: ნაწილობრივ გადასული ზედა ფენის ქვემოთ განსხვავებული პროპორციების სამსაფეხურიანი სადგრის კონტურები გაირჩევა. ჯვრის მკლავებს შორის, გვიანდელი თეთრი საღებავის ნაწილობრივ ჩამოცვენის გამო, კარგად იკითხება ქვედა ფენის ბერძნული წარწერა – ცნობილი ქრისტიანული დევიზი "IC XC NIKA" (“იესუ ქრისტე, ძლევაჲ”), რომელიც, ბიზანტიური ტრადიციის შესაბამისად, ჯვარცმის სიმბოლურ გამოსახულებებს ახლდა თან. ანალოგები გვაქვს გელათში (XII და XIII სს-ის მოხატულობა), ყინცვისის წმ.ღმრთისმშობლის ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის სარკმელში (XIII ს-ის დასაწყისი), ტიმოთესუბნის წმ. ღმრთისმშობლის ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის ცენტრალური სარკმლის თაღში (XIII ს.), საფარის წმ.საბას ეკლესიის ბემაზე (XIII-XIV სს.), ნაბახტევში (საკურთხევლის მახლობლად სამხრეთ კედელზე და დასავლეთი კარის თავზე – 1412-1431 წწ.), ბიჭვინთაში (XVI ს.), წინარეხის წმ.ღმრთისმშობლის ეკლესიის აღმოსავლეთი კედლის სარკმლისზედა ქვაზე (XVI ს.), მარტვილში (XVI-XVII სს.). იგივეს ვხვდებით მინიატურებში (მაგ.განედლებული ჯვრის გამოსახულებაზე ალავერდის ოთხთავიდან). ჩიჩხიტურში გამოსახული ჯვრის ბერძნულ წარწერაში შეცდომაა დაშვებული: მესამე სიტყვის ბოლოში A გრაფემის ნაცვლად Ѳ დაუწერიათ. A და Ѳ გრაფემების მსგავსება (ორმხრივ დაშვებული დამრეცი ხაზები და მათ შუა გავლებული ჰორიზონტალური ხაზი) საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ეს შეცდომა ბერძნულის არმცოდნე პირს დაუშვია მინიატურიდან, ან ნიმუშების ალბომიდან მისთვის უცხო ენაზე შესრულებული წარწერის გადაწერის პროცესში. ბერძნული წარწერა ჩიჩხიტურის მოხატულობის დასათარიღებლად არ გამოგვადგება, რადგან წარწერას რაიმე პალეოგრაფიული განსაკუთრებულობა არ გააჩნია, თან ეს დევიზი საუკუნეების მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული. ფრესკაზე გამოსახული “IC XC NIKA”-ს ყველაზე ადრეულ ნიმუშად კაბადოკიის აჩიქელ აღა ქილი-სესა და ჰასან დაღის წარწერები ითვლება, რომლებიც სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვანაირად თარიღდება: VIII ს-ით დაწყებული და X ს-ის დასაწყისით დამთავრებული (Walter 1996, 20). რაც შეეხება ჯვრის ფორმას: ექვსკიდურიანი ჯვარი პატრიარქის ჯვრის სახელით არის ცნობილი. ბიზანტიურ მონეტებზე იმპერატორებს ხშირად ასეთ ჯვართან ერთად გამოსახავდნენ. ამის მაგალითია სხვადასხვა პერიოდის ორი ბიზანტიური ოქროს მონეტა – სოლიდი, რომელთა ავერსებზე ბასილი I-ისა (867-886 წწ.) და კონსტანტინე VII-ის (1118-143 წწ.) გამოსახულებებია მოთავსებული. სხვა მაგალითია სოლიდის ავერსზე იოანე კომნენსა და წმ. გიორგის შორის (1118-1143 წწ.) გამოსახული პატრიარქის ჯვარი. ბიზანტიურ მონეტებზე იგი გვხვდება, აგრეთვე, გოლგოთაზე აღმართული ჯვრის სახით: მაგალითად, იმპერატორ თეოფილეს ზეობისას (829-842) მოჭრილი ოქროს სოლიდის რევერსზე. ექვსკიდურიანი ჯვარი გამოსახულია მონრეალეს (სიციალია) განივი ნავის ჩრდილოეთი ფრთის მოზაიკურ პანოზე “ქრისტე ჯვართან” (XII ს.), ფრესკებზე წმ.ელენესა და წმ.კონსტანტინეს გამოსახულებებით. ექვსკიდურიანი ჯვრის გამოსახულებები საქართველოში იშვიათია. ჩიჩხიტურის ჯვრის გარდა, გარეჯში ჩვენთვის ცნობილია ექვსკიდურიანი ჯვრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც დოდორქის მონასტრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამარტომყოფელოს კარის ტიმპანის გაჯის შელესილობაში რელიეფურად არის გამოყვანილი (Чубинашвили 1948, табл.9). გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, ამ ტიმპანის შემკულობა X-XII სს-ის ჭედური ხელოვნების ნიმუშებს ემსგავსება (Чубинашвили 1948,49), ამდენად, საკუთრივ ჯვარიც ამავე პერიოდით დათარიღდება. ჩიჩხიტურში ბერძნულდევიზიანი ექვსკიდურიანი ჯვრის გამოსახვა, XI-XII სს-ში ქართულ კულტურაზე ბიზანტიური გავლენის გაძლიერების გამოვლენად მიგვაჩნია. სალოცავი ნიშის კედლისწინა თაღის თხემზე მედალიონია გამოსახული, რომლის შიდა გამოსახულება მთლიანად გადასულია. მედალიონში, ალბათ, ტოლმკლავა ჯვარი იქნებოდა ჩახატული, რისი ანალოგებიც გარეჯში მრავლად გვაქვს. როგორც აღვნიშნეთ, სალოცავი ნიშის იქით-აქეთ ხარების სცენაა განაწილებული. ხარების სცენის ორად გაყოფის ტრადიცია ქართულ და, ზოგადად, შუა საუკუნეების მონუმენტურ მხატვრობაში საკმაოდ ხშირი იყო (ზემო კრიხი – XI ს-ის II მეოთხედი, ყინცვისის წმ.ნიკოლოზის ეკლესია – XIII ს-ის დასაწყისი, ჩუკულის ღმრთისმშობლის ეკლესია – XVII ს-ის II ნახევარი). შუა ჩანართი, როგორც წესი, სარკმელი ან კარიბჭეა. ხარების სცენის ორ ნაწილად გაყოფის მაგალითების სიხშირე, შესაძლოა, ამ სცენის აღსავლის კარის ორ ფრთაზე გამოსახვის ტრადიციიდან მომდინარეობდეს. ჩიჩხიტურის შემთხვევაში ხარება გოლგოთის ჯვრის იქით-აქეთაა განაწილებული. ორივე გამოსახულება – ხარება და მისი გამყოფი ჯვარი, ერთიან კონტექსტში იესო ქრისტეს ცხოვრების მიწიერ გზაზე  მიგვანიშნებს: განსხეულებიდან ტრიუმფამდე ვნების მეშვეობით. ხარების სცენაში გაბრიელ მთავარანგელოზი ტრადიციულად მარცხნივ არის გამოსახული, ღმრთისმშობელი – მარჯვნივ (სურ.6). წმ.გაბრიელი მოყავისფრო-წითელი, ორფერდასახურავიანი, მაღალი ეკლესიის ფონზეა გამოსახული. მაყურებლისაკენ მიმართულ ეკლესიის კედელზე სამი ვიწრო და გრძელი სარკმელი გაირჩევა, რომელთაგან შუალა სხვებზე გრძელია. მუქ ყავისფერ ხიტონსა და ღია ყავისფერ ჰიმატიონში შემოსილი მთავარანგელოზი ზეაღმართული მარჯვენა ხელით აკურთხებს ღმრთისმშობელს და ამცნობს სასიხარულო ამბავს. მთავარანგელოზის ფრთები მოყავისფრო-წითელია, შარავანდი –თეთრი. სამოსი ძირს ნაოჭებად ეშვება, რაც ხიტონის ქვედა კიდის ტეხილ ხაზში თუ მჟღავნდება, თორემ ნაკეცების წრფივი დამუშავების კვალი არ განირჩევა. კედელს წმ.გაბრიელის მუხლის დონეზე განლაგებული ჯვრების ჰორიზონტალური რიგი დაუყვება. ღმრთისმშობელი დაბალსაზურგიან, მუთაქადაგებულ საყდარზეა დაბრძანებული, თავის 3/4 მობრუნებით. იგი წმ.გაბრიელისკენ იყურება და უზენაესი ნებისადმი მორჩილებას გამოხატავს. მარჯვენა ხელი კალთაში უძევს, ხოლო მარცხენა – საყდრის სახელურზე მოხდენილად ჩამოუდვია. ფეხები სადგამზე უწყვია. ღმრთისმშობლის ეს პოზა საფარის XI ს-ის კანკელის ფილაზე გამოსახულ ხარების სცენას მოგვაგონებს, ერთი განსხვავებით: ქვაზე ამოკვეთილ წმ. მარიამს მარჯვენა ხელი მკერდის დონეზე უჭირავს და ძაფს ართავს (ამირანაშვილი 1971, ტაბ. 121). ღმრთისმშობელი, ტრადიციის შესაბამისად, ლაჟვარდისფერ სტოლასა და მოყავისფრო-წითელ მაფორიუმშია შემოსილი. შარავანდი თეთრია. ღმრთისმშობლის ზურგს უკან მაღალი პროპორციების ორფერდასახურავიანი ორი მაღალი ეკლესია ჩანს. უფრო მაღალი ეკლესიის სახურავი თეთრია, კედლები – მომწვანო-ლეგა. მეორე ეკლესიის სახურავი მოყავისფრო-წითელია, ხოლო კედლის ფერი გადასულია. გაბრიელ მთავარანგელოზის მოძრაობის დინამიკა – წინმსწრაფი სხეულის სიმძიმის მარცხენა ფეხზე გადატანა, ფრთების მდებარეობა და მათი კონფიგურაცია, სამოსის დანაკეცება, იმეორებს მთავარანგელოზის გამოსახულებას ატენის სიონის ხარებიდან (XI ს-ის II ნახევარი). იგი თავისი ექსპრესიულობით ახლოსაა ზემო კრიხისა და იფრარის გამოსახულებებთან. ჩიჩხიტურის წმ.გაბრიელის მოძრაობის დინამიკა მოგვაგონებს, აგრეთვე, მის გამოსახულებას ზაქარია ვალაშკერტელის სვინაქსარის ხარების მინიატურიდან (1030 წ.), თუმცა ამ უკანასკნელში წინსწრაფვა უფრო მეტადაა აქცენტირებული, ხოლო ღმრთისმშობელი ფეხზე მდგომია გამოსახული. ჩიჩხიტურის ფრესკაზე, ისევე როგორც ატენში, გაბრიელ მთავარანგელოზს ხელის მტევნების არაპროპორციულად დიდი აქვს. როგორც ცნობილია, ხელის მტევნების სიდიდის გაზრდის ტენდენცია, როგორც შინაგანი ექსპრესიულობის გადმოცემის ხერხი, ყველაზე მძაფრად IX-X სს-ის ქართულ ნიმუშებში გამოვლინდა. ამის თვალსაჩინო ნიმუშია აშოტ კურაპალატის რელიეფი ოპიზის ტაძრიდან. შინაგანი ექსპრესიულობის გარეგნული ფორმით გადმოცემის აღნიშნული მეთოდი გამოყენებულია საბერეების ფრესკებშიც (IX ს-ის შუა ხანი – X ს.), სადაც ფიგურების ტერფების ზომაც გაზრდილია. ხელის მტევნების ზომის გაზრდის XI ს-ის ნიმუშია ნიკორწმინდის ტაძრის ექსტერიერის გასამშვენიერებლად გამოყენებული მეორედ მოსვლის რელიეფური გამოსახულება. ჩიჩხიტურში, ისევე როგორც ატენის სიონში, პროპორციების დარღვევა IX-X სს-ის ნიმუშებთან შედარებით უფრო მოკრძალებულია. დათარიღებისთვის გასათვალისწინებელია, რომ XI ს-ის მონუმენტურმა სტილმა XII ს-ის შუა ხანებში სახეცვლილება განიცადა, გახდა რა უფრო დინამიური და დეკორატიული (Вирсаладзе 1955,196). XII ს-ის II ნახევრისა და XIII ს-ის ფრესკულ მხატვრობაში, ბიზანტიის გავლენით, მომცრო ხელის მტევნებიანი და ტერფებიანი წაგრძელებული ფიგურების გამოსახვის ტენდენცია დამკვიდრდა; სამოსის ნაკეცები გაცილებით მეტად დანაწევრდა. საერთოდ, ამ პერიოდს ახასიათებდა ხაზოვანი სტილიზაციის ხერხის გამოყენება, მათ შორის სახეების ძერწვისას, რაც ჩიჩხიტურში არ არის გამოყენებული. ამიტომ ჩიჩხიტურის ხარების შესრულების თარიღი, ზემონახსნებ თავისებურებათა გათვალისწინებით, XII ს-ის I ნახევრის აქეთ არ გადმოვა. რაც შეეხება საღებავების ფერთა ნაზ კოლორიტულ გამას – ღია ყვითელი, ღია მწვანე და მოწითალო-ყავისფერი, იგი გარეჯის “უდაბნოს მონასტრის” მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს მოხატულობათა გამის მსგავსია. ეს ფრესკები კი XI ს-ის დასაწყისით თარიღდება (Вольская 1974). ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურებების გათვალისწინებით, უფრო მეტად ვიხრებით რა ფიგურების სტილისტურ თავისებურებათა ინფორმაციულობისაკენ, ჩიჩხიტურში წმ. იაკობის სამლოცველოში გამოსახულ ხარებას XII ს-ის I ნახევრით ვათარიღებთ. ჩრდილოეთი კედლის უკიდურესი მარჯვენა კომპოზიციის დადგენა გართულებულია, ვინაიდან საღებავი, თითქმის, მთლიანადაა გადასული და ფიგურების კონტურების გასარჩევად ხანგრძლივი დაკვირვებაა საჭირო. საქმეს ართულებს ისიც, რომ ჩრდილოეთი კედლის ფრესკებს განმარტებითი წარწერები არ ახლავს - ყოველ შემთხვევაში, დღეს მათი არავითარი კვალი აღარ ჩანს (აღმოსავლეთ კედელზე ასეთი წარწერა მხოლოდ წმ. იაკობ დაჭრილის წამების ფრესკასთან იხილვება). ფრესკის დეტალების გამოსავლენად კომპიუტერულად გავზარდე გამოსახულების კონტრასტი და სიმკვეთრე. იმავდროულად, ჩავაქრე ფრესკაზე ფანქრითა და ამოკაწვრით შესრულებული წარწერები, რომლებიც ვიზუალურ კონცენტრაციას უშლიდნენ ხელს; აღნიშნული ოპერაციების წყალობით ფრესკის გარჩევადობა გაიზარდა. მასზე პირისპირ მდგომი ორი წმიდანია გამოსახული: მარჯვნივ ერთიანად ღია ყვითელ სამოსში შემოსილი, ფეხშიშველი მაცხოვარი დგას. იესო ქრისტეს იდენტიფიცირება მისი პროფილის მონახაზისა და ერთფერი სამოსის მეშვეობით მოვახდინე. შარავანდედში ჩაწერილი ჯვარი აღარ იკითხება. მიზეზი კი ისაა, რომ ჯვარი შარავანდედის ძირითადი ფერის დატანის შემდეგ იხატებოდა, საღებავის ზედა ფენა კი გადასულია. შარავანდედიდან ჯვრის გადასვლის შესაძლებლობის მაგალითად მოვიყვანთ ქრისტეს გამოსახულებას ზიარების სცენაში ყინცვისის ღმრთისმშობლის ეკლესიიდან (ფირალიშვილი 1979, ტაბ.78). განსახილველი სიუჟეტის დადგენის მიზნით მსჯელობა შემდეგნაირად წარვმართე: ჩრდილოეთი კედელზე მხოლოდ ვნების ციკლის სიუჟეტები რომ ყოფილიყო გამოსახული, განსახილველ ორფიგურიან კომპოზიციაში ორად-ორი სცენა შეგვეძლო გვეგულისხმა, სადაც იესო ეცხადება ღმრთისმშობელს (ამბავი, რომელიც კანონიკურ სახარებებში შესული არ არის) ან მარია მაგდალელს (იოანე XX: 11-18), ანდა ეჭვი უნდა მიგვეტანა ურწმუნო თომას სიუჟეტზე (იოანე XX: 24-28). არცერთი ეს სცენა აქ არ შეიძლებოდა გამოესახათ, რადგან ამით ქრისტეს ცხოვრების ამბის თხრობის მიმდევრობა აშკარად დაირღვეოდა (სიუჟეტის განვითარება ხდება აღმოსავლეთი კედლიდან, გრძელდება ჩრდილოეთ კედელზე და სრულდება ამავე კედლის დასავლეთ კუთხესთან: ხარება, განსახილველი სცენა, საფლავად დადება, მენელსაცხებლე დედანი საფლავთან). ეს არც განკურნების სცენაა, რადგან ორივე ფიგურა შარავანდიანია. წმიდანის ტანადობაზე დაკვირვებისა და კომპიუტერულად მრავალჯერადად გადიდებული გამოსახულების შესწავლის საფუძველზე დავადგინე, რომ მარცხნივ მდგომი ფიგურა მამაკაცისაა: მისი შარავანდედის შიდა რკალზე აშკარად გამოჩნდა თმისთვის დამახასიათებელი ტალღოვნება, რითაც გამოირიცხა წმიდანის მაფორიუმში შემოსვის ვერსია და, შესაბამისად, მისი ღმრთისმშობელთან ან მარია მაგდალელთან გაიგივების შესაძლებლობა. საბოლოო დადასტურება კომპიუტერულად დამუშავებულ გამოსახულებაში მოკლედ შეკრეჭილი, წაწვეტებული წვერის მონახაზის გამოჩენამ მოგვცა. წმიდანი მოყავისფრო-წითელ ხიტონსა და მუქ ყავისფერ ჰიმატიონშია შემოსილი. მას ქრისტესადმი უდიდესი მოწიწებისა და თაყვანისცემის ნიშნად ქედი მოუხრია და მუხლი სახსარში მოუდრეკია: სამოსის კალთის მოხაზულობაში მოხრილი მარჯვენა ფეხის კონტური იკითხება. ხიტონი მიწამდე ეშვება, ისე რომ მოგვებს ფარავს. ქრისტესა და წმიდანს ერთმანეთისადმი ხელები აქვთ გაწვდილი. ხელების კონტურები ბოლომდე არ იკითხება, რადგან ამ ადგილზე საღებავი მთლიანად გადასულია. ქრისტეს ხელთან ახლოს მარცხნივ მდგომ ფიგურას ორივე მხრიდან შვეული ხაზები დაუყვება, რომლებიც უკანა ფონის ნაგებობის კონტურები უნდა იყოს. შვეულებით შემოსაზღვრული სიბრტყე მომწვანო ფერით არის დაფერილი. სამუშაო ვერსიის სახით გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ აღნიშნულ ფრესკაზე ქრისტეს მიერ პირველი მოწაფეების მოხმობის, ან პეტრეს მიერ ქრისტეს ძე ღმერთად შეცნობის სცენაა გამოსახული. პირველ ვერსიასთან დაკავშირებით პარალელად მილეს მიერ დამოწმებულ მინიატურებს მოვიხმობ (Millet 1916, ნახ. 153-167). ფრესკაზე წმ.პეტრეს სამოსის ფერები არაკანონიკურია: წესით ის ლურჯ (ზოგჯერ მწვანე) ხიტონსა და მოყვითალო-წითელ ჰიმატიონში უნდა იყოს შემოსილი, თუმცა ფერების აღრევის ან სხვა სახის შეცდომებისგან, თვით მაცხოვრის სამოსის ფერებთან დაკავშირებითაც კი, ქართული ხატწერა დაზღვეული არ ყოფილა. მაგალითად, მაცხოვრის სამოსის ფერების კანონიკა დარღვეულია ბრმის განკურნების სცენაში ჯრუჭის ოთხთავიდან (940 წ.) და ჯოჯოხეთის წარტყვევნის სცენაში ვანის ოთხთავიდან (XII ს.) (Амиранашвили 1966, ტაბ.7 და 30). აქ იესო ქრისტე წითელ ჰიმატიონსა და ლურჯ ხიტონშია შემოსილი. გელათის ოთხთავის ვედრებაში (XI-XII სს.) იესოს ხიტონი ოქროსფერია, ჰიმატიონი – ლურჯი (Амиранашвили 1966, ტაბ.37). მართალია, ცალკეულ შემთხვევებში მაცხოვრის სამოსი შეიძლება ოქროსფერი (ისევე როგორც ყვითელი ან თეთრი) იყოს, მაგრამ ამ დროს სამოსი ერთ ფერში უნდა იყოს შესრულებული, ისევე როგორც ჩიჩხიტურის ფრესკაში. ზემოდან გამომდინარე ვუშვებთ, რომ პეტრე მოციქულის სამოსის ფერების კანონიკის დარღვევა ჩიჩხიტურის ფრესკაზე არ გამოდგება იმის უტყუარ საბუთად, რომ აქ სხვა წმიდანია გამოსახული. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩრდილოეთი კედლის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახული სცენის ჩვენეული ინტერპრეტაცია მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ვერსიაა.

<<< გაგრძელება (ნაწილი II)

____________________________________________________________________________________

1. დიდმოწამე წმ. იაკობ სპარსი წმ. იაკობ დაჭრილის სახელითაც არის ცნობილი.

2. ანტონ I, გარეჯელ მოწამეთა მისეულ მარტვილობაში, ორი ბერის (და არა მორჩილის, როგორც ეს საბინინისეულ ვერსიაშია ნათქვამი) მკვლელობის ადგილად ჩიჩხიტურისა და ნათლისმცემლის მონასტრებს შორის არსებულ მონაკვეთს მიუთითებს (ბაგრატიონი 1980: 205).

3. კიდევ ერთი ნაგებობა დოდორქის მონასტრის ზემოთ, მთის თხემზე დგას, მაგრამ მ.საბინინი მას არ გულისხმობს: მისი მონათხრობის მიხედვით, მორჩილებმა თავი ჯერ იმ ქედს შეაფარეს, სადაც დოდორქის მონასტერია გამოკვეთილი, შემდეგ კი მთიდან დაბლა ჩამოვიდნენ, დოდორქის მონასტრისა და წმ.დავითის ლავრის გამყოფი ღარტაფი გადაკვეთეს და ლავრისა და ნათლისმცემლის მონასტრის დამაკავშირებელ გზას დაადგნენ, რათა მათი გარეჯელი ძმების „მოწყვედის“ ადგილას თვითონაც ჯალათთა ხელით აღსრულებულიყვნენ.

4. გარეჯის მონაკვეთზე საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დღევანდელი სახით დამტკიცების ისტორიის ნაკლებად ცნობილი დეტალები იხილეთ ჩემ სტატიაში, რომელიც ვებ–გვერდის ამავე თემატურ ბლოკშია დადებული. სტატიის სათაურია: „საქართველო–აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრის გარეჯის მონაკვეთის ისტორია.“