topmenu

 

გვიანფეოდალური ხანის სათავდაცვო ნაგებობანი - ვ. ბერიძე

< უკან დაბრუნება ... <<<ციხე - ქალაქები და სხვა ნაგებობები>>>

 

გვიანფეოდალური ხანის სათავდაცვო ნაგებობანი //ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.176-184

ანანურის გარდა (რომელიც თავისი შემადგენლობით რამდენადმე განცალკევებით დგას), აქ ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის სათავდაცვო ნაგებობათა რამდენიმე ნიმუში:

 

სნოს ციხე // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 176

ხევში (ყაზბეგის რაიონი), თერგის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადის ხეობაში. მცირე სიმაღლის კლდეზე აღმართული გალავანი და მის შუაში კოშკი დონჟონი. საშენი მასალა ორგვარია: ტლანქად დამუშავებული ქვის მოზრდილი ლოდები და ფიქალი. როგორც მთა საქართველოს სხვა სათავდაცვო და საცხოვრებელი შენობები, ესეც ძნელი დასათარიღებელია, იმიტომ, რომ მთაში მშენებლობის წესები კონსერვატული იყო. მაგრამ სათოფურებისა და სხვა ამბრაზურების არსებობა გვაფიქრებინებს, რომ ეს ციხე შეიძლება გვიანაფეოდალურ ხანას მიეკუთვნოს.

 

ქსნის ციხე // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.176-177

ქართლში (კასპის რაიონი). მდებარეობს სადგ. ქსნის მახლობლად, მთაზე, ქსნისა და მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გვიანა ფეოდალური ხანის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობათაგანი. შედგება ორი ქრონოლოგიური ფენისაგან. პირველი ციხე 1511-სა და 1513/14 წლებს შორის ააგო პირველმა მუხრამ-ბატონმა ბაგრატმა, დავით X-ის ძმამ. იმ ხანებში, როცა კახთა მეფე ავგიორგი ქართლს მტრობდა და არბევდა. ეს ციხე დიდი არ ყოფილა (შიდა ეზოს მაქსიმალური ზომებია 19X16 მ.). კედლები მთლიანად რიყის ქვისაა, დუღაბის სქელ ფენაზე. საერთო კონტური ჩაკეტილი, შეკრული იყო, კოშკები კედლის ხაზს არ სცილდებოდა. 1746 წ. სახლთუხუცესმა კონსტანტინ მუხრან-ბატონმა საგრძნობლად გააფართოვა ციხე. პრიციპულად ახალი იყო თავდაცვის გააქტიურება, გალავნის გარეთ გაწეული ახალი კოშკების აგება. მთავარი დამატება სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია რამდენიმე სართულიანი კოშკისებრი შვერილი, რომელიც მოზრდილ საცხოვრებელ ოთახებს შეიცავს. დაემატა ყველაზე მაღალი სწორკუთხა კოშკიც დასავლეთით. ამ დამატებათა შემდეგ ციხე თავისებურ ციხე-დარბაზად იქცა, რადგანაც აქ ხანგრძლივი საცხოვრებელი ბინაც შეიქმნა. ახალი ნაწილები რიყის ქვისა და აგურისაა. კედლები ნაწყობია ამ ორი მასალის მონაცვლეობით, გარკვეული დეკორაციული ეფექტის გათვალისწინებით. ახალი ფენის თარიღი და მშენებლის ვინაობა შესასვლელის წარწერაშია (ამავე კონსტანტინემ ააშენა მუხრანის შიოსუბნისა და მჭადიჯვრის ციხეები), პირველი ფენის თარიღი და მშენებლის ვინაობა მატიანეების მიხედვით ირკვევა.

 

თელავის ბატონის ციხე // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 177

რთული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. აქ იყო კახთა მეფის რეზიდენცია XVII -XVIII საუკუნეებში. პირველად, 1667-1675 წლებში, აქ სასახლე, კარის ეკლესია და აბანო ააგო არჩილ მეფემ. მაშინდელია გარეთა ზღუდის ნაწილიც. XVIII  ს-ის მეორე ნახევარში ერეკლე II დროს, აშენდა გარეთა დიდი ზღუდე (ნაწილობრივ ძველი კონტურის გაყოლებით) და დასავლეთის ალაყაფის კარი. სასახლის ბირთვს წარმოადგენს დიდი დარბაზი, რომელსაც ექვსი მცირე კვადრატული ოთახი აკრავს. დარბაზი - ისრული კამარით, ისრული სარკმელებითა და ნიშებით - ირანული არქიტექტურის გავლენის ნიმუშია. XIX ს-ში სასახლე გადააკეთეს და შიგ სასწავლებელი მოათავსეს. ზღუდე, რომლის მთავარი ფასადიცა ახლა ქალაქის მოედანს უყურებს, რიყის ქვისაა, როგორც ყველა მაშინდელი ციხე და კოშკი აღჭურვილია შვერილი მრგვალი კოშკებით. მთავარი ფასადის შუა ნაწილი საგანგებოდაა გამოყოფილი: უფრო მაღალია, მთლიანად გამოშვერილია, აქ რამდენიმე მრგვალი კოშკია თავმოყრილი. შესასვლელების დამუშავება - ისრული თაღებითა და ნიშებით ტიპურია იმ დროისთვის. თელავში, ამას გარდა, სხვა ფეოდალთა გალავანშემორტყმული ციხეებიც იყო.

 

სვეტიცხოვლის გალავანი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.177-178

შეიძლება განვიხილოთ, როგორც მაგალითი ეკლესიის სიმაგრისა. სელ მცირე გამონაკლისით, ყველა ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ეკლესია გალავანშემორტყმული უნდა ყოფილიყო: ზოგი იმიტომ, რომ ფეოდალის სიმაგრეში იდგა, ზოგი იმიტომ, რომ თვით მისი დაცვა იყო საჭირო თავდასხმებისაგან. ამას გარდა, ეკლესიის გალავანი, სადაც მოსახლეობა თავს იყრიდა სალოცავად და დღეობებზე, ამ მოსახლეობის თავშესაფარიც იყო და ე.წ. "გალავნის“ ფუნქციას ასრულებდა. სვეტიცხოვლის გალავნის ხაზში ძველი ნაწილებიც არის. სასახლის ნაშთები სამხრეთ-დასავლეთით, მელქიზედეკისეული კარიბჭე XI ს-ისა - დასავლეთით. დიდი ნაწილი კი XVIII ს-ის მეორე ნახევარშია აშენებული, ერეკლე II მეფობაში. აქაც დამახასიათებელია რიყის ქვა, შვერილი მრგვალი კოშკები, თავმომრგვალებული კბილანები კედლისა, სათოფე-ლოდეების სიმრავლე. შენების ხარისხი მაინცდამაინც მაღალი არ არის. გალავანი XIX ს-შიაც შეაკეთეს. XIX ს-ისაა სამხრეთის მარცხენა შესასვლელი, აგრეთვე ზოგი შენობა, ჩართული გალავნის ხაზში.

 

ქოლაგირის ციხე // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 178

(ქვემო ქართლი, ბოლნისის რაიონი, თბილის-ბოლნისის გზასთან, მარცხნივ) ტიპური "გალავანია" - მოსახლეობის დასახიზნავი ზღუდე. მცირე ეკლესიის გარდა, თვით გალავნის შიგნით არაფერი არ არის. ციხის გეგმა კვადრატია, დაახლ. 136X136 მ., ოთხ კუთხეში დგას თითქმის მთლიანად ციხის კონტურს გარეთ გატანილი ოთხსართულიანი მრგვალი კოშკები, რომლებიც სიმაღლით დიდად სჭარბობს ზღუდეს (კედლების სიმაღლე 6 მეტრია, კოშკებისა - 16 მ.). კედელ-კოშკები დაუმუშავებელი შერჩეული ქვითაა ნაშენი (და არა რიყის ქვით). აგური გამოყენებულია სალოდეებისთვის და შესასვლელი კოშკების დეკორაციული დამუშავებისათვის (სახეებიანი წყობით. შესასვლელი კოშკი ორია - მოპირდაპირე კედლების შუაში. მთავარ შესასვლელს მიჯაჭვული ლომის რელიეფიც ამკობს). კედლები, ჩვეულებისამებრ, ორ რეგისტრადაა გაყოფილი: ქვემო ნაწილი სქელია, ზემო - ბევრად უფრო თხელი, სხვაობა ქმნის "საბრძოლო ბილიკს", რომელიც გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე. აქ იდგნენ მეციხოვნენი. ქოლაგირის ციხე ერეკლე მეორის მეუღლემ დარეჯან დედოფალმა ააშენა 1788-1798 წლებს შორის. დარჩენილია ციხის პროექტი - გეგმის ნახაზები და განმარტებითი ბარათიც.

 

პაპუა მაღალაძის კოშკი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 178-179

1679 წლისა (ქართლი, კასპის რაიონი, კავთურის ხეობა, სოფ. წინარეხს ზემოთ), შედის "მაღალაანთ ეკლესიისა და "მაღალაანთ კოშკების“ ანსამბლში (იხ.ზემოთ, "მაღალაანთ ეკლესია"). ნიმუში XVII ს-ის ბოლო მეოთხედის ქვის კვადრატული კოშკისა, რომელიც მშვიდობიანობის დროს საცხოვრებლად არ იყო გამართული (საამისოდ იქვე სასახლე ჰქონდათ). კოშკის გარეგნობის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტია მისი დამაგვირგვინებელი ნაწილი: მაშიკულებისებრი შვერილი "გადმომჯდარი" კონსტრუქცია, თაღების მწკრივი, იმის მსგავსი, სვანურ კოშკებს რომ აქვთ. ფასადს ამკობს წმ.გიორგის რელიეფი და კიდევ ერთი რელიეფი ცხოველთა გამოსახულებით. კოშკის მნიშვნელობას ზრდის მისი ზუსტი დათარიღება ფასადში ჩართული წარწერით, რომელშიაც ნათქვამია, რომ კოშკი ააშენეს სახლთხუცესმა პაპუა მაღალაძემ და მისმა ძემ ნიკოლოზმა (მდიდარი აზნაური პაპუა მაღალაძე კათალიკოსის სახლთუხუცესი იყო). კოშკის ზომაა დაახლ. 6X6 მ., სიმაღლე 13 მ-მდე.

 

გორულის კოშკი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ. 179

(ქვემო ქართლი, მარნეულის რაიონი) XVII ს-ის კოშკის მეორე მაგალითია. აქ ოთახები შედარებით უფრო კეთილმოწყობილია, როგორც  ჩანს აქ ცხოვრებასაც გულისხმობდნენ (ოთატხები კამაროვანია), თუმცა გამართულობა მაინც პრიმატიულია.

 

ხეითის კოშკი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ. 179

(ცხინვალის მახლობლად) საბაწმინდის მონასტერშია. ეს არის ნიმუში XVIII ს-ის დასაწყისის ორსართულიანი მრგვალი საცხოვრებელი კოშკისა. გარეგნობა სრულიად მარტივი და უსახურია. ქვემო სართულს დამხმარე სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა (აქ ქვევრებია ჩამარხული). მეორე სართულში საცხოვრებელი იყო. დამახასიათებელია დარბაზის წახნაგოვანი (და არა მრგვალი) ფორმა, შეკრული კამარით გადახურვა, ღრმა ნიშები (ერთ-ერთში საწოლი უნდა მდგარიყო), შუქის სიმცირე, სათოფურების სიმრავლე. კიბე კედლის სისქეშია ჩატანებული. ბანს კბილანებიანა გალავანი უვლიდა გარს. ზემო დარბაზის დიამეტრი 6,5 მ. აღწევს, სიმაღლე - 5,5 მ-მდე იყო.

 

მუხრანის ე.წ. შიოსუბნის ციხე // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ. 179

1756 წლისა აგრეთვე გალავანის მსგავსი იყო, მაგრამ შიგ ეკლესიაც არის და, ეტყობა, სხვა შენობებიც ყოფილა. დარჩენილ ნაგებობათა შორის ყველაზე მნიშვნეღოვანია ე.წ. "მამა-ბურჯი" ე.ი. მთავარი კოშკი, რომელსაც გალავნის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე უჭირავს. ბანის ჩათვლით ეს ოთხსართულიანი მრგვალი კოშკია. ქვემო სართული, ჩვეულებისამებრ, დამხმარე ფუნქციებს ასრულებდა. II და III სართულები - შეკრული კამარით გადახურული ოქტოგონები - საცხოვრებელი დარბაზებია. კედლები შელესილი და სუფთად დამუშავებული იყო. არქიტექტურის ელემენტები ამ დროისათვის ტრადიციულია - ორ-ორ იარუსად განლაგებული ღრმა ისრულ-თაღოვანი ნიშები და სარკმელები, ბუხრები და სხვ... ჩარჩოების პროფილირება, შესრულების ხარისხი განასხვავებს მუხრანის კოშკს ბევრი სხვა მაშინდელი კოშკისაგან. ეს მდიდარი ფეოდალის საცხოვრებელი კოშკის ნიმუშია. თარიღი და მშენებლის - კონსტანტინე მუხრან-ბატონის ვინაობა (იხ.ზემოთ ქსნის ციხე) წარწერებიდან ირკვევა. ზემო დარბაზის დიამეტრი 6 მ-მდეა, სიმაღლე - 4,5 მ-მდე. კოშკის საერთო სიმაღლე 16,5 მ-მდე.

 

ქსოვრისის კოშკი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 179

(ქართლი, მცხეთის რაიონი), XVIII ს-ისა. მრგვალი, მუხრანის "მამა-ბურჯის" ტიპისა, მაგრამ უფრო მცირე (სიმაღლით 14 მ-მდე). სართულების ფუნქციური განაწილება აქაც იმგვარია, მაგრამ საცხოვრებელი ოთახი (კვადრატული და არა ოქტოგონური) ნაკლები ზომისაა და ნაკლები პრეტენზიითაც არის დამუშავებული. კოშკი და მთელი ციხე-დარბაზი, რომელშიაც იგი შედიოდა, თავად რატიშვილებს, ე.ი. მუხრან-ბატონებზე უფრო წვრილ, ნაკლებ შემძლე ფეოდალებს ეკუთვნოდა.

 

ორბელიანების კოშკი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 179.

სოფ. ვაშლოვანში (ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს რაიონი), წარწერის თანახმად, აუშენებია რუსეთის ჯარის გენერალ-მაიორს თამაზ ორბელიანს 1811 წელს, ოსტატის გიორგის ხელით. თამაზი თავის კოშკს, რომელიც სასახლის შენობასთან საგანგებო გადასასვლელით იყო დაკავშირებული, "სალხინოს“ უწოდებდა. იგი მუხრანის კოშკის ტიპისაა, აგრეთვე დიდი კამაროვანი საცხოვრებელი დარბაზით, საგანგებოდ დეკორაციულად დამუშავებული ფასადით. ეს ტრადიციული კოშკების ერთი უკანასკნელი ნიმუშთაგანია, აგებული იმ დროს, როცა ეს ხუროთმოძღვრული თემა უკვე თანდათან ჰკარგავდა თავის ძველებურ მნიშვნელობას (ამიტომ შეიძლებოდა მისთვის "სალხინოც" კი ეწოდებინათ).

 

სოფ. აბანოს კოშკი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.179-182

(თრუსოს ხეობა, ხევი, ყაზბეგის რაიონი) ნაჩვენებია, როგორც ნიმუში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული თავდასაცავი (არა საცხოვრებელი) კოშკებისა. დამახასიათებელია მცირე ფართობი, მრავალსართულიანობა, აზიდული პროპორცია, ზემოთკენ ძლიერი დავიწროება, შიდა გამართულობის პრიმიტიულობა. სულ ქვემოთ კოშკის ზომებია დაახლ. 5,5X5,5 მ. (სწორი კვადრატი არ არის) სულ ზემოთ - 3,5X3,5 მ., სიმაღლე (დამაგვირგვინებელი ნაწილის გარეშე) 17,5 მ-მდე.

 

სოფ. ახიელის კოშკი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 182

(ხევსურეთში). აქაც დამახასიათებელია მრავალსართულიანობა, ზემოთკენ ძლიერი დავიწროება, პრიმიტიული შიდა გამართულობა, მაგრამ აქ კამაროვანი გადახურვაც არის. მთავარი და ყველაზე უფრო ნიშანდობლივია საფეხურებიანი პირამიდისებრი გადახურვა, რომელშიც ყოველი საფეხური მკაფიოდ გამოიყოფა, რადგან საფეხურებს ჰორიზონტალური შვერილები აქვს. დასახიზნავი სართულები II, III, IV და V იყო, VI ს-ში მზვერავი-მეციხოვნენი იყვნენ. ახიელის კოშკის მსგავსი კოშკები ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ კავკასიაშიც ინგუშეთსა და ოსეთში. იქაური კოშკები უფრო წვრილი და თანაც, ჩრდ. კავკასიის სოფლებში ასეთი კოშკები მრავლად იდგა, ხევსურეთში კი უმეტესობა საცხოვრებელი ციხე-სახლებია, სულ სხვა იერისა, ამგვარი თავდასაცავი კოშკები კი ერთეულებად დგას.