topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გუდარეხი - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება ... <<<ეკლესია - მონასტრები>>>

 

გუდარეხი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ. 158-159

გუდარეხის ძველი ნამონასტრალი ქვემო ქართლშია, თეთრიწყაროს რაიონში. სამონასტრო კომპლექსის შენობათა შორის მთავარია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძის მიერ აშენებული დიდი ერთნავიანი ეკლესია, რომელიც რუსუდან დედოფლის მეფობის დროით, ე.ი. XIII - ის  მეორე მეოთხედით თარიღდება (სამხრეთის კედლის წარწერაში ნათქვამია: ,,...აეშენა წმინდა ესე ეკლესია ხელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორისძისათა, სალოცველად და სადიდებელად დედოფალთ დედოფლისათვის, რუსუდან დედოფლისა და შვილთა მისთაა“. რუსუდანი 1222 - 1245 წლებში მეფობდა). ჩრდილოეთის მხრივ ეკლესიას მიშენებული აქვს (უფრო გვიან) აფსიდიანი ექვტერი, რომლის კედლებშიაც ჩართულია რაღაც უფრო ადრინდელი (შესაძლებელია, X -XI სს.) შენობის ფრაგმენტები; სამხრეთის შესასვლელის წინ გვიანდელი კარიბჭის ნაშთია. დამახასიათებელია, რომ აღმოსავლეთის ფასადისთვის გამოყენებულია გუმბათოვანი ეკლესიებისთვის შემუშავებული სქემა: თითო სამკუთხა ნიშა საკურთხევლის სარკმლის მარცხნივ და მარჯვნივ, დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი სარკმლის თავზე, სარკმლის ქვეშ კი კუთხით დასმული ჩუქურთმიანი კვადრატების წყვილი (შუა ღერძის ასეთი კომპოზიციისათვის იხ.სამთავისი, იკორთა, ქვათახევი და სხვ.). მაგრამ ფასადების დეკორაციული თაღები აქ აღარ არის და კედლების სიბრტყეები (გარდა აღმოსავლეთ კედლისა) მცირედაა დანაწევრებული. დიდი გლუვი ზედაპირების მნიშვნელობა ამ დროიდან თანდათან სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩუქურთმების შესრულება კარგ პროფესიულ დონეზეა. ეკლესიის შიგნით, გვიანდელ კანკელში აღმოჩნდა ძველი, XIII ს-ის, კანკელის ფრაგმენტები, რომლებიც გადმოტანილი იქნა თბილისს, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ეკლესიის წინ (აღმოსავლეთით), გალავანში ჩართული სამრეკლო დგას - ეს უძველესი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში, აშენებული, წარწერის თანახმად, 1278 წელს. უადრესი ქართული სამრეკლოები სწორედ ამ ტიპისაა. სამონასტრო შენობებს შორის არის სასახლის, მარნისა და სენაკების ნანგრევები. 1938 და 1939 წლებში გუდარეხის ტაძრის გარშემო გათხრებს აწარმოებდა კულტურის ძეგლთა დაცვა. განყოფილების ექსპედიცია შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმთან ერთად. ეკლესიის ზომები გარედან მინაშენთა გარეშე: სიგრძე - 16,2 მ., სიგანე - 9,5 მ.

1. Е. Такаишвили, АЭРЗ, вып. II, Т., 1905, გვ. 26-35

2. გუდარეხის პირველი და მეორე არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში. შეადგინეს ლ. მუსხელიშვილმა,  შ. ხიდაშელმა და ვ. ჯაფარიძემ ლ. მუსხელიშვილის რედაქციით, თბ., 1954

 

 

 

 

 

 

 

  • გუდარეხი - მთავარი გვერდი
  • გუდარეხი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • გუდარეხი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
  • გუდარეხი - ფოტოგალერეა // ფოტოალბომის სრული ვერსია