topmenu

 

გ.ნარიმანაშვილი, კ.ხიმშიაშვილი - ციკლოპური ნამოსახლარების შესწავლისათვის
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს მეგალითები>>>


გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

გ.ნარიმანაშვილი, ზ.მახარაძე, კ.ხიმშიაშვილი, ნ.შანშაშვილი - ციკლოპური ნამოსახლარების შესწავლისათვის // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო, სამეცნიერო შრომების წელიწდეული, II, თბილისი, 1996 წ., გვ.52-55

ამიერკავკასიის ტერიტორიაზე დადასტურებული ციკლოპური ნამოსახლარების შესწავლას ას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამგვარი ძეგლების შესწავლის აუცილებლობა პირველად 1884 წელს V არქეოლოგიურ ყრილობაზე დადგა და სხვადასხვა ინტენსიობით დღემდე გრძელდება. ამ ტიპის ნამოსახლარების გეგმაზომიერ შესწავლას 1990 წლიდან წალკის არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებს. დაზვერილი და გათხრილი იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სოფ.ბეშთაშენიდან 1 კმ-ის მანძილზე მდებარე ციკლოპური ნამოსახლარი.

ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა ელი-ბაბას ეძახის. მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს შუა საუკუნეების ნასოფლარს. ამ მიდამოებში ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბაგრატიონის მიხედვით რამდენიმე სოფელია აღნუსხული - კნოლე, შუა სოფელი, საბეჭდავი, სამადლო, ბარეთი. ჩვენი აზრით, ნასოფლარი შუა საუკუნების სოფელ საბეჭდავს წარმოადგენს. ნასოფლარი მდებარეობს მთა ელი-ბაბას სამხრეთი ფერდის ქვედა ტერასაზე. სახლები ნაგები ყოფილა ბაზალტის მოზრდილი ქვებით, უდუღაბოდ. ნასოფლარის გეგმარება საკმაოდ კარგად იკითხება. ჩანს გზები, პატარა მოედნები და საცხოვრებელი სახლების გეგმები. სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში მდგარა დარბაზული ეკლესია. როგორც ჩანს, იგი თლილი ქვით ყოფილა ნაგები და შემკული მარტივი ორნამენტით. ორნამენტირებული ქვების ფრაგმენტები დღესაც ყრია ეკლესიის ეზოში. ეკლესია რამდენიმე წლის წინ წალკელ ბერძენს "აღუდგენია", შეულესავს და შეუთეთრებია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გეგმარება დარღვეულია. ეკლესიის ეზოში დადასტურდა საფლავის ქვები, რომლებზეც გამოსახულია ხმალი, გუთანი და სხვ. აქვე მდგარა ქალ-ქვა, რომელსაც სამი ძუძუ აქვს. ნაოფლარის დასავლეთით მდებარეობს ციკლოპური სიმაგრე და ნამოსახლარი (ტაბ.I, სურ.I). გალავნის კედლები ნაგებია დიდი ზომის დაუმუშავებელი ბაზალტის ქვებით. კედლების სისქე 3-4 მ შორის მერყეობს. სიმაგრე ბუნებრივ კონცხზეა გამართული ხერთვისში. იგი ორი ნაწილისაგან შედგება და ორი შესასვლელი აქვს. ერთი შესახვლელი სამხრეთიდანაა. მისი თავდაპირველი სიგანე 5 მ უნდა ყოფილიყო. შესასვლელის მარჯვნივ, ბუნებრივ ბაქანზე, მდგარა ხუთკუთხა ნაგებობა, რომელიც ძლიერაა დაზიანებული. ამ შესასვლელით ვხვდებით სამაგრის ტერიტორიაზე. სიმაგრე ორადაა გაყოფილი. დასავლეთი ნაწილი პატარაა, როგორც ჩანს დაუსახლებელი იყო და სამეურნეო ნაწილს წარმოადგენდა. მისი სიგრძე ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე 87 მ, აღმოსვლეთ -დასავლეთის ხაზზე კი 32 მეტრია. სიმაგრის მთლიანი სიგრძე აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 150 მეტრია, ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე 90 მეტრი. სიმაგრის გამყოფ კედელში, სამხრეთი შესასვლელიდან 36 მ. დაცილებით 2,4 მ სიგანის მცირე კარია გაჭრილი. სიმაგრეს გეგმაში ოვალის ფორმა აქვს. გალავნის კედლებზე მიდგმულია სხვადასხვა ზომის ოცდაათამდე სახლი, რომელთა შორის დატოვებულია გასასვლელები და ქუჩები. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 0,8-1,5 მ. შორის მერყეობს (ტაბ.I, სურ.2). სიმაგრის ცენტრალური ნაწილი ნაგებობებისგან თავისუფალი ჩანს.

სიმაგრის ტერიტორიაზე (A-უბანი) დღეისთვის გათხრილია ათი სახლი (ტაბ.I ნ, სურ.2). სახლები ერთოთახიანია. მათი ფართობი 12-15 კვ.მ-ია. გათხრების შედეგად გამოვლინდა მწირი არქეოლოგიური მასალა. მათში გამოირჩევა უხეშად დამზადებული, ხელით ნაძერწი, ობსიდიანმინარევებიანი კერამიკა. აღსანიშნავია თიხის კერები, რომლებიც თითქმის ყველა სახლშია აღმოჩენილი, დამზადებული მსხვილმარცვლოვანი თიხისაგან. მათი დიამეტრი 30-35 სმ-ია. აქვე გვხვდება შავკეციანი, პრიალა, თხელკედლიანი კერამიკა. უნდა აღინიშნოს რომ №28-ე სახლში იატაკის დონიდან 0,5 მ. სიმაღლეზე აღმოჩნდა გაურკვეველი დანიშნულების რკინის ნივთი (საკინძი?), რომელიც ამოღებისთანავე დაიშალა. ქვის იარაღებისაგან აღსანიშნავია ბაზალტისაგან დამზადებული როდინები, რიყის ქვის სანაყები და სასრესები. დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ობსიდიანის ნუკლეუსები, ანატკეცები, რომელთა ნაწილზეც მუშაობის კვალი შეინიშნება. აღმოსავლეთის შესასვლელთან, აღმოსავლეთით, მთის წვერისკენ მიემართება ბაზალტის დიდი ქვებისაგან გაწყობილი "მენჰირი", რომელიც დაახლოებით 100 მ შემდეგ ორად იყოფა. "მენჰირი" ელი-ბაბას მთას გარშემო უვლის. მისი საერთო სიგრძე 1000 მ-ზე მეტია (ტაბ.I, სურ.1). მთის ფერდობზე და წვერზე, "მენჰირის" შიგნით, განლაგებულია ცალკეული კვარტალები. აქ გამოვლენილი სახლები განსხვავდებიან სიმაგრის შიგნით გათხრილი სახლებისაგან. თუ სიმაგრეში გათხრილი სახლები (A-უბანი) მცირე ზომისაა და ერთი ოთახისაგან შედგება, სიმაგრის გარეთ მდებარე ორსათავსიანა და დიდი ზომისაა. ერთ-ერთ კვარტალში (B-უბანი) ორმოცამდე სახლია დადასტურებული, რომელთაგან გაითხარა ორი. (ტაბ.II, სურ.1,2). სახლების ფართობი 150-160 კვ.მ.ია). ორივე სახლი ნაგებია დიდი ზომის ბაზალტის ქვებით. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1,0-1,5 მ უდრის.

თითოეული მათგანი ორი, მცირე და დიდი სათავსისაგან შედგება. მცირეში მოწყობილია კერა ან ღუმელი. იატაკი თიხატკეპნილია. დიდი სათავსის იატაკის ნახევარი ბაზალტის ფილებითაა მოგებული (ზღვე). №1 სახლს ორი შესასვლელი აქვს, №2-ს ერთი. ორივე სახლში 45 თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა. მათ შორის ოთხი სადღვებელია. ყველა მათგანი დამზადებულია კარგად განლექილი თიხისაგან, გამომწვარია შავად, ზოგიერთ მათგანს მხარზე ამოღარული ორნამენტი შემოუყვება. დანარჩენი კერამიკა ხელითაა ნაძერწი, დამზადებულია ობსიდიანმინარევებიანი თიხისაგან, გამომწვარია არათანაბრად - რუხად. აქ აღმოჩენილი მასალები საშუალებას იძლევა (ძირითადად სადღვებლები), სახლები ძვ.წ.XIV-XIII სს. დავათარიღოთ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გვიანბრინჯაოს ხანის მასალებთან ერთად აღმოჩენილია დაკეჭნილპირიანი, ან სანახევროდ გახვრეტილი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც სპეციალურ ლიტერატურაში ენეოლითის ხანისადმია მიკუთვნებული. ასეთი სახის კერამიკის მთელი ნიმუშები საბეჭდავის ციკლოპურ ნამოსახლარზე არ აღმოჩენილა, თუმცა მათი ცალკეული ეგზემპლარები იატაკზე იქნა დადასტურებული. ამ გარემოებამ ადრე გვავარაუდებინა, რომ ნამოსხლარი ენეოლითური ხანის იყო, თუმცა აღნიშნული გვქონდა, რომ ნამოსახლარზე გვიანბრინჯაოს ხანის მასალაც დასტურდებოდა.

იმის გამო, რომ ნამოსახლარზე გვიანბრინჯაოს ხანის მკვეთრად გამოხატული მასალა არ გვქონდა მოპოვებული ძეგლის თარიღი მაინც ეჭვს იწვევდა. ზემოხსენებულმა მასალებმა ვფიქრობთ, საბოლოოდ გადაწყვიტა ნამოსხლარის თარიღის საკითხი. იგი ალბათ ძვ.წ. XIV-XIII სს თარიღდება. აქ დგება ადრეული კერამიკის კუთვნილების და თარიღის საკითხი. ჩვენი აზრით, ისინი ეკუთვნიან იმ ძველ ფენას, რომელიც საბეჭდავის ციკლოპური ნამოსახლარის ადგილზე იყო და შემდგომ ხანაში ინტენსიური მშენებლობის დროს ალბათ, მთლიანად დაირღვა. თუმცა შეიძლება სადმე დაუზიანებელი ნაწილიც იყოს შემორჩენილი. ადრეული მასალების გვიანბრინჯაოს ხანის სახლებში აღმოჩენა უნდა აიხსნას იმით, რომ ძვ.წ. XIV-XIII სს. ნაგებობები კლდეში ჩაჭრილ ნახევრადმიწურებს წარმოადგენდნენ, რომელთაც თავზე მიწის საკმაოდ დიდი ფენა ეყარათ. სწორედ ბანებზე მიწასთან ერთად მოხვედრიდი ადრეული თიხის ჭურჭლის ნატეხები მოხვდა სახლების დანგრევის შემდგომ წარმოქმნილ ფენაში. სახლების გადახურვის კონსტრუქციის რაიმე კვალი არ დადასტურებულა, მიუხედავად ამისა ვფიქრობთ, რომ იგი ბანური უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს B უბანზე გათხრილ №1 სამარხში დადასტურებული საბოძე ქვის ბალიშის ორი რიგი. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებლები უეცრად მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხანძრის ან სხვა ხელოვნური ძალადობის კვალი თითქოს არ შეინიშნება.

სამუშაო ჰიპოთეზის ხაზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნამოსახლარი ძლიერი მიწისძვრითაა დანგრეული. ამაზე უნდა მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ დღემდე გათხრილი სახლების აღმოსელეთის და სამხრეთის კედლები დეფორმირებულია და შიდა სივრცისკენაა გადმოწეული (ისე, რომ აქ შემორჩენილი 1,1-1,5 მ-ის სიმაღლის კედლების ზედა ნაწილი იატაკის დონესთან შედარებით, ზოგ შემთხვევაში 0,5 მეტრითაა გადმოწეული) და ისიც, რომ სახლებში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა დაუზიანებელი სამეურნეო და სამზარეულო ინვენტარი. ციკლოპური ნამოსხლარები დიდი ხანია იქცევენ მკვლევართა ყურადღებას. განსკუთრებით განსჯის საგანს წარმოადგენს მათი თარიღი, რომლის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა და დღეისთვის ღიადაა დარჩენილი. წალკის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვები ჩაატარა დღეისათვის ცნობილ ყველა ციკლოპურ სიმაგრეზე, რომელიც ამ რეგიონში მდებარეობს, მიაგნო ოთხ ახალ ასეთ ნამოსახლარს. წინასწარ, ვიზუალური დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის გარკვეული განსხვავებაა, როგორც მშენებლობის ტექნიკით და არქიტექტურით, ისე ტიპოლოგიურად. ეს კი, ჩვენი აზრით, მათ ქრონოლოგიურ სხვაობაზეც მიუთითებს. მაგალითისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენს მიერ გათხრილი საბეჭდავის, კნოლეს, სანთის და ბ.კუფტინის მიერ გათხრილი ციკლოპური სიმაგრეების განსხვავებანი. თუ ბ.კუფტინის მიერ გათხრილ, ბეშთაშენის სიმაგრეს მთლიანი ზღუდე არა აქვს და იგი გამაგრებულია მდინარეების ხერთვისის მძლავრი კედლით გადაკეტვით და ღრმა თხრილით, საბეჭდავის და კნოლეს სიმაგრეებს დამოუკიდებელი სასიმაგრო ზღუდე შემოსდევს, რომლის გარეთაც განლაგებულია ნამოსახლარი. საბეჭდავის ნამოსახლარს გარშემო ბაზალტის დიდი ქვებით გაწყობილი "მენჰირი" შემოუყვება. კნოლესთან იგი არ დასტურდება. ამასთან საბეჭდავის სიმაგრეში საცხოვრებელი სახლები დამცავ ზღუდეზეა მიდგმული მიჯრით და რაოდენობა 30-მდეა. კნოლეში სულ შვიდი სახლია დადასტურებული. ნამოსახლარი კი უშუალოდ ზღუდის გარეთაა გამართული. ნამოსახლარს აღმოსავლეთის მხრიდან ებჯინება სამაროვანი. კნოლეს სასიმაგრო სისტესში გათხრილი სახლი და სამაროვანი ძვ.წ.VIII-VII სს. თარიღდება.

ამ ციკლოპური ნამოსახლარის მსგავსია სოფ.ბაშქოის აღმოსავლეთით ჩვენს მიერ გამოვლენილი ბარეთის ციკლოპური ნამოსახლარიც. ერთმანეთთან მსგავსებას იჩენენ ნარდევანის, ავრანლოს და სანთის მეორე ციკლოპური სიმაგრეები. საბეჭდავის, კნოლეს და სანთის ციკლოპური სიმაგრეები გარკვეულად ავსებენ ციკლოპური ნამოსახლარების დათარიღების საქმეში არსებულ ხარვეზებს, თუმცა ვერ წყვეტენ მას. აქ აღმოჩენილი მასალები მიუთითებენ, რომ ციკლოპური ნაგებობები საქართველოში ძვ.წ. XIV ს-დან მაინც არსებობენ, თუმცა ციკლოპურ ნამოსახლარზე აღმოჩენილი ენეოლითური და მტკვარ-არაქსის ხანის მასალები შეიძლება მათ სიძველეზე მიუთითებდეს. დღეისათვის. ძნელია ამ მასალების და ციკლოპური სიმაგრეების მშენებლობის თანადროულობის დადასტურება. იგივე უნდა ითქვას სომხეთის ტერიტორიაზე დადასტურებულ ნამოსახლარზე ჩატარებული დაზვერვების შედეგად მოპოვებულ მასალებზეც. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არცთუ ისე ბევრი ციკლოპური ნამოსახლარია არქეოლოგიურად შესწავლილი, შეიძლება ითქვას, რომ საბეჭდავის ციკლოპური სიმაგრე და ნამოსახლარი უნიკალურია თავისი გეგმარებითა და მასშტაბებით. გეგმარების თავისებურებითა და გრანდიოზულობით იგი თამამად შეიძლება დავაყენოთ უძველესი ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი ქალაქგეგმარების პრინციპების მიხედვით აგებული ნამოსახლარების გვერდით. ციკლოპური ნამოსახლარების გათხრა სრულიად ახლებურად აყენებს ბევრ პრობლემას, როგორც ისტორიული, ისე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის მასშტაბით, მით უმეტეს, რომ მსგავსი ნამოსხლარები მრავლადაა დადასტურებული მეზობელ ქვეყნებში.

ტაბულების აღწერილობა:

I.      1) საბეჭდავის ციკლოპური ნამოსახლარი. გეგმა

2) საბეჭდავის ციკლოპური ნამოსახლარი. A უბანი. გეგმა

II.    1)  საბეჭდავის ციკლოპური ნამოსახლარი. B უბანი.  №1 სახლი. გეგმა

2)  საბეჭდავის ციკლოპური ნამოსახლარი.  B უბანი.  №2 სახლი. გეგმა

გამოყენებული ბმული:

http://ancientgeorgia.files.wordpress.com/2010/10/ciklopuri-namosaxarebis-shestsavlisatvis.pdf

http://ancientgeorgia.files.wordpress.com/2010/10/bronze-age-stetlements-trialeti.pdf