topmenu

 

ლურჯი მონასტერი თბილისში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ლურჯი მონასტერი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში.ვერისუბანში ლ.ქიაჩელის ქუჩის ბოლოში - აღმართულია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ვერის პარკთან. აუშენებიათ XII საუკუნის მიწურულში უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას. ნაგებობაში გამოუყენებიათ ძველი ეკლესიის ცალკეული ნაწილები. სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში დაცული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესიის ამშენებელი ყოფილა "უღირსი ბასილი, ქართლისა მთავარეპისკოპოსყოფილი", თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, აბულასანის ძმა.ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია იყო, უახლოვდებოდა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს (ბეთანია, ქვათახევი). XVI ან XVII საუკუნეებში ძლიერ დაზიანებული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს. 1873 წელს ეკლესია კვლავ აღადგინეს, დაადგეს ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უცხო ფორმის გუმბათი, ააშენეს ახალი კედლები და ფრონტონები (აგურისა), რომლებმაც არსებითად დაამახინჯეს ძეგლი. ამჟამად გეგმის, წარწერებისა და პერანგის ქვემო ნაწილის გარდა, გადარჩენილია აღმოსავლეთი შვერილი აფსიდის სარკმლის ჩუქურთმა. წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტერის სახელით ცნობილი ტაძარმა სახელწოდება ძეგლმა ლურჯად მოჭიქული გადახურვის გამო მიიღო (დღესდღეობით ჭიქურის ნაცვლად სახურავი ლურჯადაა შეღებილი). გადმოცემის მიხედვით ამ ადგილას VII საუკუნეში წმ.იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტერი დაარსდა. წმ.ანდრიას სახელობის ეკლესია 1180-იან წლებში ქართლის ყოფილი მთავარეპისკოპოს ბასილის მიერაა აგებული. XVI საუკუნეში სპარსელების მიერ დანგრეული ტაძარი ერთი ასწლეულის შემდეგ აღსდგა. XVIII საუკუნეში იგი გაბაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. რუსეთის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ტაძარი ზლიერ დაზიანდა, ამის გამო წირვა-ლოცვა გაუქმდა და ნაგებობაში დენთის საწყობი განთავსდა. 1858 წელს დადგა საკითხი ეკლესიისთვის მისი პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების შესახებ. 1860 წელს დეკანოზ გრიგოლ ჭრელაშვილისა და ინჟინერ-ტექნოლოგ ფონ-ბიჰოლდის მიერ საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში წარდგენილ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ტაძარი მხოლოდ მცირე შეკეთებას საჭიროებდა, რათა მასში ღმრთისმსახურების აღდგენა ყოფილიყო შესაძლებელი. სამხედრო უწყებამ ნაგებობა მხოლოდ 1871 წელს გაათავისუფლა. მალევე ტაძრის რესტავრაცია დეკანოზ იოანე ბასხაროვის ხელმძღვანელობითა საეპარქიო არქიტექტორ ალ.ჩიჟოვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ეკლესიას დაადგეს რუსული "ხახვისებრი" გუმბათი, რომელიც შეუსაბამობაში მოდიოდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ფორმებთან და ტაძრის იერ-სახეს მთლიანად ცვლიდა. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა. საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1990 წელს ღმრთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა. "ჩაწერილი ჯვრის" ტიპის ნაგებობის გუმბათი აფსიდის შვერილებსა და დასავლეთით მდგომ წყვილ ოქტაგონურ ბურჯს ეყრდნობა. საკურთხეველი გარედან მცირედაა შვერილი. სამკვეთლო და სადიაკვნე უაბსიდოა და სწორკუთხედში ჩაწერილი. საკურთხევლისა და პასტოფორიუმების თავზე მეორე სართულია მოწყობილი, რომელიც ინტერიერის სივრცისკენ სარკმლებით იხსნება. შესასვლელი ეკლესიაში დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ამ უკანასკნელის კარის ტიმპანში სამშენებლო ასომთავრული წარწერაა. მრავალჯერ სახეცვლილ ტაძარს პირვანდელი იერი აღმოსავლეთ ფასადზე აქვს შენარჩუნებული, რომელიც თავისებური კომპოზიციური გადაწყვეტით გამოირჩევა: შვერილ აბსიდზე სამი სარკმელია მოცემული განიერ, უხვად მოჩუქურთმებულ საპირეში ჩასმული. თუმცა შუა სარკმელი ტრადიციულად არა ზემოთ, არამედ პირიქით, განაპირა სარკმლებს ქვემოთაა მოცემული. ფასადზე  თავდაპირველი ქვის წყობას აგურისა ენაცვლება, აგურითვეა ამოყვანილი რვასარკმლიანი გუმბათიც. ეკლესიის დასავლეთით ორიოდ მეტრში ორსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა მიმდინარეობს.