topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მცხეთის ჯვარი - ი. ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<< ეკლესია - მონასტრები>>>

მცხეთის ჯვარი - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ. 57-61; 69-70.

VI საუკუნის დასასრულისათვის ქართულმა ხუროთმოღვრებამ მიაღწია ტაძრის შიგა სივრცისა და გარეგანი მასების სრულ ჰარმონიას. ასეთ ძეგლად, რომელიც მოასწავებდა ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების უმაღლეს საფეხურს, წარმოგვიდგება მცხეთის ჯვარი აგებული 585/86 – 604/605 წლებს შორის. იგი აგებულია მთაზე მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან ძველი ქალაქის მცხეთის პირდაპირ. მატიანეს ცნობით IV საუკუნის 30 - იან წლებში ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებასთან დაკავშირებით წარმართული სალოცავის ადგილას, ქვის კვარცხლბეკზე ხის დიდი ჯვარი აღმართეს. ეს ჯვარი სულ მალე ქართველთა და მთელ კავკასიის ქრისტიანთა თაყვანისცემის საგნად იქცა. VI ს. მეორე ნახევარში ერისმთავართა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ქართლის პირველმა ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის  გვერდით ააგო პატარა ეკლესია. იგი წარმოადგენს ჯვრისებრი გეგმის შენობას აფსიდითა და კარიბჭეებით. ეკლესია მოთავსებულია მაღალ ზეძირკველზე სადაც სამარხია ავსებული. მას ღია, შვიდსაფეხურიანი კიბეები ჰქონდა. შესასვლელები შემკულია შეწყვილებული სვეტებით, ორიგინალური ჩუქურთმებული სვეტისთავებით. VI საუკუნის მიწურულში გუარამის მემკვიდრე ერისმთავარი სტეფანოზ I და მისი ოჯახის წევრები აგებენ დიდ ტაძარს. ჯვარის თავზე ღირსეული შენობის აგების რთული ამოცანები ხუროთმოძღვარმა ბრწყინვალედ გადაჭრა. კლდის გამაგრებით მან უშუალოდ ქარაფის პირზე შეძლო ტაძრის აგება და მაღალი ბაქნის შექმნით გააერთიანა ორიგე ნაგებობა. ტაძრის გეგმის საფუძველს წარმოადგენს ჯვარი, რომლის მკლავები ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში მოთავსებულია თითო ოთხკუთხა ოთახი - სადიაკვნო და სამკვეთლო საკურთხევლის აფსიდის გვერდებზე, ხოლო საქალებო და ერისმთავრის ოჯახის წევრთათვის განკუთვნილი ოთახები დასავლეთის აფსიდის გვერდებზე. ამ ოთახების ცენტრალურ სივრცესთან დასაკავშირებლად აფსიდებს შორის კვადრატების კუთხეებში მოთავსებულია სამი მეოთხედის მოხაზულობის ნიშები. ცენტრალური სივრცე გადახურულია რვაწახნაგა ყელზე დაყრდნობილი გუმბათით, რომელიც კედლებს ეყრდნობა ტრომპების საშუალებით. ტაძრის შიგა სივრცეს, მის ყველა ნაწილის ზომასა და პროპორციებს განსაზღვრავს გუმბათი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დასრულებულ ორგანიზმთან, სადაც ყველა ნაწილი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და ამავე დროს ექვემდებარება მეორე, უფრო მნიშვნელოვან ნაწილს. განათების სისტემა კარგადაა გააზრებული.

აღმოსალეთის აფსიდში გაჭრილი სამი სარკმლიდან დაფრქვეული უხვი სინათლე ხაზს უსვამს საკურთხევლის მნიშვნელობას, ხოლო თითო სარკმლით განათებული დანარჩენი აფსიდები და სინათლეს მოკლებული, დაჩრდილული ნიშები ავლენენ ცალკეულ ნაწილთა მნიშვნელობას და ტექტონიკას. რაც შეეხება ზემოდან, გუმბათის ყელიდან განათებას, იგი გამოყოფს ცენტრალურ ნაწილს. ტაძარი აგებულია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. ამასთან თლილი ქვისაა როგორც ფასადები, ისე შიგა კედლებიც. შიგა სივრცე თავისი სრულყოფილი პროპორციებით, დახვეწილი ფორმებით, შიშველი, დეკორს მოკლებული კედლების მკაცრი წყობით, შემადგენელი ნაწილების ლოგიკური დაქვემდებარებით ქმნის არაჩვეულებრივ მთლიანობას, ჰარმონიასა და სიმშვიდეს. ტაძრის გარეგანი ფორმები ნათლად ასახავენ მის შიგა სტრუქტურას. კომპოზიციის ცენტრს აქაც დაბალ, რვაწახნაგა ყელზე დაყრდნობილი გუმბათი წარმოადგენს. ყველა ფასადის ცენტრში შიგა აფსიდების შესატყვისი წახნაგოვანი შვერილია, რომელიც ნიშებით უკავშირდება კუთხის ოთახების შესაბამის დაბალსა და ბრტყელ ნაწილებს. ფასადები გადაწყვეტილია მათი განსხვავებული აღქმის გათვალისწინებით. დასავლეთის ფასადი, რომელიც მხოლოდ შორიდან ჩანს, ყველაზე გამარტივებულია და ზოგადად დამუშავებული; ჩრდილოეთის ფასადიც მოურთავია, თუმცა საერთო დანაწევრება მაინც აქვს. აღმოსავლეთის ფასადი იქმება ახლო მანძილიდან და ამიტომ გულდასმითაა დამუშავებული. მისი სარკმები მორთულია ვაზის ფოთლის მოტივით დამუშავებული თავსართებით. ამასთან საკურთხევლის სამი სარკმელი გაერთიანებულია, ხოლო გვერდით სარკმლებზე დამოუკიდებელი თავსართებია. საკურთხევლის სარკმლებს ზემოთ მოთავსებულია სამნაკვთიანი რელიეფები - ტაძრის დამფუძნებელთა, ქტიტორთა გამოსახულებებით. ცენტრში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზია, რომლის გვერდებზე მოთავსებულია მისი ძმები ადარნასე და დემეტრე, მფარველი ანგელოზებით. ადარნასესთან გამოსახულია მისი შვილი - პატარა ქობული. ყველა რელიეფის ფონზე ამოტვიფრულია ასომთავრული ქართული წარწერები. სამხრეთის ფასადი, სადაც ორი შესასვლელია, შემკული იყო რელიეფებით. მთავარი შესასვლელის თავზე, ტიმპანში, ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების შესანიშნავი კომპოზიციაა. საქალებოს შესასვლელის თავზე ქრისტეს ამაღლებაა გამოსახული. აფსიდის სარკმლის თავზე ქობულ - სტეფანოზია გამოსახული, ხოლო გუმბათის ყელზე მუხლმოდრეკილი კაცის რელიეფია, შესაძლოა ჯვრის ხუროთმოძღვარიცაა. მცხეთის ჯვარში საოცარია მისი არაჩვეულებრივი ტექტონიკა, ყველა ნაწილების ჰარმონიული შეთანხმება და წონასწორობა, მკაცრი და დახვეწილი პროპორციები, არქიტექტურულ ფორმებთან დეკორაციული მორთულობის შეთანხმება. ძეგლი აგებულია ფრიალო კლდეზე. იგი თითქოს შეზრდილია მთას, ჩართულია ლანდშაფტში ისე, რომ მცხეთის პეიზაჟი წარმოუდგენელია ამ ტაძრის გარეშე. იგი ავსებს, ჟღერადობა შეაქვს მთელ მიდამოში.