topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

პ.ზაქარაია - ბეთანია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: ბეთანია //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XIII სს. თბ., 1990. - გვ.57-72.

საქართველოს ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძრებში ბეთანიას საპატიო ადგილი უჭირავს. აქ ყველაფერი ტიპიურია XII-XIII საუკუნეთა მიჯნის ტაძრებისათვის და ამავე დროს, კერძო, კონკრეტული და ორიგინალურია. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს ტაძრის საერთო გადაწყვეტას - პირამიდულ კომპოზიციას კარიბჭით. ეს პირამიდულობა, ზესწრაფვა ერთნაირად ჩანს როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში. სწორედ ეს მოხდენილი პროპორციები ახდენს დიდ შთაბეჭდილებას. ტაძრის გეგმა, კარიბჭის გარეშე, ერთ მოზრდილ სწორკუთხედშია ჩასმული. გარეთა ხაზი თუ ასე მარტივია, იგივე არ შეიძლება ითქვას შიდა ხაზზე. შიგნით ყველაფერი მრავალფეროვანი ხდება და რთულდება. მთავარს ინტერიერში ის ვერტიკალური ღერძი წარმოადგენს, რომელიც გუმბათის წვეტში ამთავრებს თავის სვლას. ხუროთმოძღვარს ყველა დეტალი ისე აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი ზესწრაფვას ექვემდებარება. უპირველეს ყოვლისა, აქ აღსანიშნავია ჯვრის მკლავების სიგანისა და სიმაღლის შეფარდება და მათი გადახურვის მოხაზულობა. მკლავებს ოსტატი ამთავრებს ისრული ფორმით, რაც თავისთავად აძლიერებს ზემოთ სწრაფვის შთაბეჭდილებას. ამიტომაცაა, ამ ბაროკალურად განწყობილ ოსტატებს ისრისებრი ფორმის თაღი ურჩევნიათ ნახევარწრიულს. ასე იქცევა არა მარტო ბეთანიის ავტორი, არამედ ლურჯი მონასტრის, ქვათახევის, ყინწვისის, ფიტარეთისა და სხვ. ავტორებიც. თაღის ისრულ ფორმას ბეთანიის ავტორი იყენებს არა მარტო გუმბათქვეშა კამარებზე, არამედ გვერდით ნავებთან მაერთიანებელ თაღებზე, სადიაკვნესა და სამკვეთლოს კარებზე და სხვაგანაც. ასევე დაძაბულობისა და მოუსვენრობის გამომხატველია ამ ეპოქის არქიტექტორთა მიერ ტაძარში კარის მოთავსების საკითხიც. ისინი კარს ჭრიან არა ცენტრალური მკლავის, არამედ გვერდითი ნავის არეში. ამ კარით შემოსული ადამიანი, ცოტა არ იყოს, იბნევა კიდევაც, რადგან შესვლისას ადამიანის გონება მოითხოვს სიცხადეს, მთავარის აღქმას. აქედან შემოსული კი მთავარის - საკურთხევლის გარდა, ყველაფერს ხედავს.

სვლის დროს მის წინ იცვლება ხედები, მდიდრდება სურათები. ბეთანიის ავტორი ამ შემთხვევაში იქცევა ისე, როგორც მისი უფროსი თუ უმცროსი კოლეგები და კარს სამხრეთის კედლის დასავლეთის მონაკვეთში ათავსებს. ასეთივე გადაწყვეტას ვხედავთ ლურჯ მონასტერში, ქვათახევში, ყინწვისში, ტიმოტესუბანში, ახტალასა და ჰუჯაბში. ამავე 30-40 წლის განმავლობაში აგებული ძეგლებიდან გამონაკლისს წარმოადგენს ლაშა-გიორგის დროს (1213-1222) აგებული ფიტარეთისა და წუღრუღაშენის ტაძრები. ტაძრის ინტერიერის განათება, ჩვეულებრივ, შიდა სივრცის განათებას ემსახურება. მაგრამ ამავე, დროს, იგი ეხმარება არქიტექტორს თავისი კონცეფციის გამოვლენაში. ოსტატს არ სურს თანაბრად განათებული ზედაპირების მიღება. სწორედ ამის შედეგია ის კონტრასტები, რომელსაც ვხედავთ ტაძრის შიგნით. ცენტრში თუ სინათლეა დაღვრილი, პერიფერიებისკენ მისი ძალა თანდათანობით კლებულობს და კუთხეებში თითქმის მიმქრალია. ინტერიერის არქიტექტურულ ფორმათა თამაშს განათებაც საგანგებოდ ეხმაურება. განათების მთავარ წყაროს გუმბათის ყელში განლაგებული თორმეტი სარკმელი წარმოადგენს. ამას ემატება ოთხივე მკლავში მოთავსებული სამ-სამი სარკმელი. არის სანათლის სხვა წყაროებიც, მაგრამ მათი როლი მცირეა. სარკმლების რაოდენობას, მათ ფორმასა და განლაგებას ამა თუ იმ ეპოქის სტილი განსაზღვრავს. ასეა ბეთანიაშიც. ბეთანიის ცილინდრული გუმბათის ყელში ჩამწკრივებული თანაბარი ზომის სარკმლები დამახასიათებელია ამ ეპოქისათვის. თორმეტ სარკმლიანობა დამახასიათებელია XII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIII საუკუნის პირველი მეოთხედის ძეგლებისათვის: თიღვა (1152), იკორთა, ქვათახევი, ყინწვისი, ტიმოთესუბანი და ფიტარეთი. გამონაკლისია ამ ჯგუფში შემავალი წუღრუღაშენი, სადაც გუმბათის ზომების სიმცირის გამო, სარკმელი ათია. თორმეტი სარკმელი გვხვდება უფრო ადრე და გვიანაც, მაგრამ ისე აუცილებელი~ არ ყოფილა როგორც ამას განსახილველ ეპოქაში ვხვდებით. გუმბათის ყელის სარკმლების გადაწყვეტაში თუ ასეთი ერთსულოვნებაა, იგი არ შეიძლება ითქვას ჯვრის მკლავებზე. აქ ყოველთვის როდია მსგავსება. შედარებით ერთგვარობაა აფსიდის არეში. აქ გაშლილად სამ-სამი სარკმელია, რომელთაგან ცენტრალური უშუალოდ ფასადზე გადის, ხოლო გვერდითები _ ნიშებში. ასეთი გადაწყვეტაა ბეთანიის მომიჯვანვე ყველა ძეგლში. რაც შეეხება ბეთანიის სამ დანარჩენ მკლავს, აქ გადაწყვეტა ერთნაირია. ოსტატი ორ მაღალ სარკმელს გვერდიგვერდ ათავსებს, ხოლო მესამე, პატარა ზომის სარკმელს მათ ზემოთ, ასეთი კომპოზიცია მშვიდი და მიმზიდველია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბეთანიის ავტორი ამ შემთხვევაში მარტო არ არის. ასევეა გადაწყვეტილი იმავე მონაკვეთში აგებული ქვათახევის ტაძარიც. განსხვავება ამ ორ ძეგლებს შორის მხოლოდ პროპორციებშია; ქვათახევში სარკმლები შედარებით მაღალი და ვიწროა. დანარჩენი ტაძრებიდან ამავე ხერხს მიმართავს მხოლოდ ფიტარეთის ავტორი, ისიც მხოლოდ ერთხელ, სამხრეთის მხარეს. ბეთანიის ტაძარი დაზიანების გამო ხელახლა აღუდგენიათ. აღმდგენელს ტაძრის მასები და საერთო კომპოზიცია არ შეუცვლია, ამიტომ ზოგადი სახე ტიპიურია ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრებისათვის. ტაძრის ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე ფასადის მორთვაზე ზრუნავს, მაინც გამოყოფს აღმოსავლეთისას და სამხრეთისას. ერთსაც და მეორესაც იგი სადღესასწაულო იერს აძლევს. კერძოდ, სამხრეთის ფასადზე კარიბჭის მიშენებით, ოსტატმა მნახველთა ყურადღება მიიქცია. ტაძრის ერთგვაროვან მასებზე მხოლოდ ცალი მხრიდან მიშენებულ კარიბჭეს თითქოს დისონანსი უნდა შეჰქონდეს კომპოზიციაში, მაგრამ პირიქით კი ხდება. კარიბჭე კოხტადაა მიდგმული ძირითად კორპუსზე და მთელ შენობას კომპოზიციურად სიმყარესა და სიმდგრადეს ანიჭებს. ტაძრის პირამიდას, კარიბჭის საშუალებით, კიდევ ერთი საფეხური უჩნდება და ამით შენობას მყარად აკავშირებს მიწის ზედაპირთან. ხუროთმოძღვარმა კარგად იცის, რომ ტაძარში შემსვლელს მან უნდა შეუქმნას განწყობა, ამიტომ განსაკუთრებით რთავს კარიბჭეს და, ხაზს უსვამს ფასადის ზედა მონაკვეთს, სადაც აღუმართავს ჯვარი. ძეგლის სხვა ჯვრებისაგან განსხვავებით, იგი ყველაზე დიდია. ამ ფასადს, როდესაც ფრონტალურად უყურებთ, აშკარა ასიმეტრიულობას შენიშნავთ, მაგრამ ეს ოსტატს ისეთნაირად აქვს წარმოდგენილი, რომ თვალს არ ეხამუშება. საქმე ის გახლავთ, რომ ფასადის ცენტრალური ნაწილი შეწყვილებული სარკმლის დეკორს აქვს მოკავებული.

მარცხნივ შვერილი კარიბჭეა რთული მორთულობით, მარჯვნივ კი – მხოლოდ წერტილად დასმული მცირე მედალიონი. სწორედ ამ ასიმეტრიულობით და კონტრასტული გადაწყვეტით აღწევს ხუროთმოძღვარი იმ თავისუფალ მოუსვენრობას, რომელიც ქართული ბაროკოსთვისაა დამახასიათებელი. თავისთავად, ფასადის შემაღლებულ ნაწილზე შეწყვილებულ სარკმლებს შორის ჯვრის მოთავსება, დროის მოკლე მონაკვეთისთვისაა დამახასიათებელი. ესაა თამარისა და ლაშას დროს აგებულ ძეგლებში (ქვათახევი, ფიტარეთი, ახტალა). როგორც გამონაკლისი ეს ფორმა მოგვიანებითაც გვხვდება (ქართლის მეტეხი, ერთაწმინდა). ბეთანიის კარიბჭე ტაძრის ფასადებთან შედარებით, უფრო რთულადაა მორთული. თუ ტაძრის ფასადებზე უარყოფილია თაღედით მორთვა, კარიბჭეზე სწორედ ის წარმოადგენს მთავარ ელემენტს. როგორც ვიცით უწყვეტი თაღედი ტაძრების ფასადებისათვის დამახასიათებელია XI-XII საუკუნეებში. ამ შემთხვევაში ბეთანიის კარიბჭის თაღედით მორთვა უნდა მივიღოთ ძველის გამოძახილად და არა რაღაც ახლის საწყისად. ოთხივე ფასადიდან უკეთაა შენახული აღმოსავლეთის ფასადი. კარგად თლილი კვადრებით შემოსილ ფასადზე მორთულობა სიმეტრიულადაა განლაგებული. ფასადის საერთო მოხაზულობის შესაფერისად, მორთულობის ელემენტებიც სამკუთხედს იმეორებს. ამ სამკუთხედის ფუძე თუ სადიაკვენსა და სამკვეთლოს სარკმლეს უჭირავთ, წვერი ჯვრის ზემოთ მდებარე წრიულ სარკმელს უკავია. ფასადის ღერძზეა ცენტრალური სარკმელი და მთავრდება იმავე ჯვრის თავზე მდებარე წრიული სარკმლით. სწორედ ასეთი განლაგების შედეგია მორთულობის სისადავე და სუმსუბუქე. აქ არ არის დეკორის ისეთი მოჭარბება, როგორსაც ვხვდებით XI-XII საუკუნეების ძეგლებში. ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბეთანიის ოსტატი არ გამოდის ეპოქის საერთო ტენდენციებიდან, იგი მთლიანად ექცევა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ფარგლებში. ბეთანიის აღმოსავლეთის ფასადს თუ შევადარებთ თამარისა და ლაშა-გიორგის დროს ქვით ნაგები ტაძრების მსგავს ფასადებს, მათ შორის ბევრ საერთოსაც ვნახავთ და სხვაობასაც. ქრონოლოგიურად, სხვებზე ახლოს, ბეთანიასთან ქვათახევის ტაძარი დგას. მათ შორის, ბევრ მსგავსებასთან ერთად განსხვავებაც თვალსაჩინოდ შეინიშნება. ამ განსხვავებას, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალურ ღერძზე ვხვდებით. ქვათახევის ხუროთმოძღვარი მორთულობის იმ ხაზს მისდევს, რომელიც თითქმის ორი საუკუნის წინათ შექმნა სამთავისის ოსტატმა. აქ რომბები, სარკმელი და ჯვარი ერთ ნახაზზეა განლაგებული. ბეთანიაში კი ეს პრინციპი დარღვეულია. ცალ-ცალკე მოთავსებულ თავსართიან სარკმელს, პატარა ჯვარს, ზემოთ, სარკმელი აბოლოებს. როგორც ვხედავთ, აქ სისადავის ტენდენციაა. რომბების ფორმას უშუალოდ მომდევნო ეტაპზეც არ უარყოფენ (ახტალა, კოჯრის კაბენი) და მას XIII საუკუნის ბოლოსაც კი იყენებენ (თბილისის მეტეხი). როგორც ვხედავთ, ბეთანიის ფასადზე დეკორატიული ღერძი არსებობს, მაგრამ იგი ისე უწყვეტი როდია, როგორც სამთავისსა და მის მომდევნო ძეგლებში. ბეთანიის აღმოსავლეთის ფასადის მორთულობის თვალსაჩინო ელემენტებია აგრეთვე ნიშებზე შემოყოლებული ლილვოვანი მოჩარჩოება. როგორც ცნობილია, ფასადების ლილვოვანი თაღედით მორთვა XI-XII საუკუნეების ძეგლებისათვისაა დამახასიათებელი, შემდეგ კი აღარ გვხვდება. სწორედ ბეთანიის არქიტექტორის თაობამ გადასინჯა მიღებული წესი და მორთვის ახლებური სახე შემოგვთავაზა. ამ ნოვატორებში ჩვენ მიერ განსახილველად აღებული ძეგლებიდან შედის ბეთანი და ქვათახევი (ცოტათი ადრე იმავე გზას დაადგა ლურჯი მონასტრის შემქმნელი). ბეთანიისა და მისი ეპოქის ძეგლებში (ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, ახტალა) ერთი პრინციპია მიღებული - თაღედის ნაწილი შენარჩუნებულია აღმოსავლეთის ფასადის ნიშებზე. დანარჩენი კედლები გაშიშვლებულია და დეკორის ელემენტები აქა-იქაა მიმოფანტული (ამ შემთხვევაში ქვათახევის ჩრდილოეთის ფასადი გამონაკლისია). ამ თაობას უკვე აღარ იზიდავს ფასადების მორთულობის გადატვირთვა და სისადავეს მეტ პატივს სცემს. თავისთავად თაღედს, როგორც კარგ დეკორატიულ ელემენტს, მხოლოდ აღმოსავლეთის ნიშები ინარჩუნებს. ბეთანიის დასავლეთის ფასადი, გვიანი უშნო მინაშენის გამო, დღეს არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, როგორსაც უნდა ტოვებდეს. თანაც, ძნელი დასადგენია თავდაპირველი სახე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტაძრის ავტორს აქ რომელიღაც ეკლესია დახვედია, რომლისთვისაც ანგარიში გაუწევია. ოსტატს, როგორც არ უნდა გადაეწყვიტა ფასადის ქვედა ნაწილი, მისთვის მთავარს მაინც ზედა მონაკვეთი წარმოადგენდა. აქ იგი გართულია შეწყვილებული სარკმლების მორთვით, მაგრამ არ იმეორებს სამხრეთის გადაწყვეტას, რადგან ის ფასადი უფრო პირველხარისხოვანად მიაჩნია, ვიდრე ეს. სამხრეთისაზე მან სარკმლებს შორის ჯვარი ჩასვა, აქ კი სარკმლების მოჩარჩოებები შეაერთა. ამით ოსტატმა ერთიანი, შეკრული დეკორატიული ელემენტი მიიღო. ჩრდილოეთის ფასადიც მარტივადაა მორთული. აქ მხოლოდ ფასადის შემაღლებაზეა დეკორი, ფასადის დიდი ნაწილი, მთლიანად ქვედა ზოლი, სიბრტყეს წარმოადგენს; მასში მნახველის ყურადღებას მხოლოდ ქვის კარგი წყობა იპყრობს. ფასადის შემაღლების ცენტრი მოკავებული აქვს პარალელურად მდგარი ორი სარკმლის მორთულობას. აქაც, დასავლეთის მსგავსად, ორივე სარკმელს ლილვოვანი მოცარჩოება უვლის. ოსტატს სურვილი ჰქონდა ორივე სარკმელი ერთიანად წარმოედგინა, ამიტომ შუაზე ოთხ ლილვს კი არ აკეთებს, არამედ - ორს, ასეთი გადაწყვეტა სწორი იყო და მომგებიანიც. სარკმლების თაღების შუაზე დასმული ვარდული სინამდვილეში მრგვალი სარკმლის მორთულობაა. დამოუკიდებლად იგი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ფასადის მორთულობის შემაერთებლად გვევლინება. ბეთანიის ტაძრის გარე მასებიდან განსახილველი დაგვრჩა გუმბათის ყელი. გუმბათის ყელი ძეგლის ყველაზე მეტად დაზიანებული ნაწილია. მიუხედავად ამისა, მხატვრული გადაწყვეტიდან არაფერი არ რჩება გაურკვეველი. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ცილინდრული გუმბათის ყელი, თავისი პროპორციებით, მეტად მოხდენილად ამთავრებს ნაგებობას. უშუალოდ გუმბათის განხილვა უნდა დავიწყოთ მისი ფორმიდან. გუმბათის ყელი აქ ცილინდრულია და კონუსური სახურავით მთავრდება. არის ერთი მომენტი ქართული არქიტექტურის განვითარების გზაზე, როდესაც მხოლოდ წრიულ ზედაპირს აძლევენ უპირატესობას. ესაა XII საუკუნის ბოლო და XIII საუკუნის პირველი მეოთხედი. ამ მოკლე მონაკვეთში აგებული ყოველი ძეგლი დამშვენებულია მხოლოდ ცილინდრული ფორმის გუმბათით (ბეთანია, ქვათახევი, ყინწვისი, ტიმოთესუბანი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი). ასე რომ, ბეთანიისათვის ანალოგიის მოძებნა სრულაც არ არის ძნელი. თავისი ეპოქის გადაწყვეტის პრინციპებიდან არც გუმბათის მორთულობა გამოდის. ბეთანიის გუმბათის ცილინდრულ ყელზე თორმეტი მაღალი და ვიწრო სარკმელია ჩამწკრივებული. ამის მიხედვით, ცილინდრის მთელი ზედაპირი უწყვეტი თაღედით თორმეტ ნაწილადაა დაყოფილი. თვით უწყვეტი თაღედი, რომელსაც მოკავებული აქვს გუმბათის ყელის ზედაპირი, ამ ხანისათვის ახალ მიღწევად არ ჩაითვლება. იგი ადრე, XI საუკუნეში უკვე სრულყოფილია. მართალია, აქ ტაძრების უმრავლესობას გუმბათი მონგრეული აქვს, მაგრამ კარგ მაგალითს იძლევა 1010-1014 წლებში აგებული ნიკორწმინდის ტაძარი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ნიკორწმინდის გუმბათი წახნაგოვანია და ბეთანიისა - ცილინდრული. რაც შეეხება უშუალოდ ბეთანიის ეპოქაში აგებულ ძეგლებს, მათ მხოლოდ ერთი გადაწყვეტა აქვთ - უწყვეტი თაღედი.