There are no translations available.
<უკან დაბრუნება... <<< საინტერესო სტატიები>>>
კამბეჩოვანი, ხორნაბუჯი, ქიზიყი (ივანე შაიშმელაშვილი - გენერალ მაიორი) - // ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1969 წ., კრ. მე-17, გვ.40- 49
არსებობს აზრი, თითქოს ქალაქთა სიაში ამჟამინდელი სიღნაღის ჩარიცხვამდე (1770 წ.) მის მიდამოებში არ იყო რაიმე დასახლება. "ჯული ქიზიყის" ამ მიკრორაიონში პირველი და უკანასკნელი საფორტიფიკაციო ნაგებობაც თითქოს მხოლოდ და მხოლოდ 1762 წელს დასრულებული ერეკლესეული უზარმაზარი ციხე-გალავანი იყოს. ეს აზრი დღემდე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ კამბეჩოვანის მხარის (მერმინდელი ქიზიყის) წარსულის ბევრი საინტერესო საკითხი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. „ქართლის ცხოვრების" XVIII საუკუნის შუა წლების ხელნაწერებში გვხვდება განმარტებითი მინაწერი: "კამბეჩ(ო)-ანი - ქისიყია"-ო.! ვახუშტი ბატონიშვილიც ადასტურებს, რომ ქიზიყს "პირველ კანბეჩოვანი" ეწოდებოდა და თავის 1735 წლის რუკაზე "კანბეჩოვანს" უჩვენებს იმ ტერიტორიაზე, რომლის გულში სოფ. ზემო მაღარო, ზემო ბოდბე და ჭოტორი მდებარეობს (ცივ-გომბორის ქედის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უღელტეხილის არეში).
ასეთმა ბუნებრივმა მდებარეობამ მაღარო-ჭოტორი-ბოდბე შინათბრძოლებისა და გარეშე მტრებთან სისხლიანი შეხლა-შემოხლის მრავალი აქტის მოწმე გახადა. უაღრესად საინტერესოა, რომ ამავე დროს ეს მიდამოები ყოველთვის იყო უჩვეულოდ მჭიდრო მოსახლეობის საბუდარი. თვით შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგაც კი ეს კუთხე ხალხმრავალი ჩანს, რასაც გვიდასტურებს 1640 წელს კახეთში ჩამოსული რუსთა ელჩი თავადი მიშეცკი. საგულისხმოა, რომ სიღნაღის კონცხსა და მაღაროს მაღლობებს, რომელთა კალთებზე აღნიშნული წლის 6 აგვისტოს ღამე გაათია რუსთა საელჩომ, მიშეცკი პირდაპირ "ქიზიყს" უწოდებს", ხოლო აკადემიკოსი კ. ჩუბინაშვილი მიშეცკის „ქიზიყის გორას“ აიგივებს სიღნაღის კონცხთან. მაღარო - სიღნაღის მიდამოებს სხვა წყაროებშიც ვხვდებით, როგორც ქიზიყის აღმნიშვნელ მიკრორაიონს - „ჯულ-ქიზიყს"-. მაგალითად, დავით ბატონიშვილი 1800 წლის ნოემბერში წინააღმდეგ გალაშქრების ამბების აღწერისას, აღნიშნავს, რომ იგი ჩავიდა "ქიზიყს, მხედრობითა თვისითა“.. აქედან (ქიზიყიდან) "წარემართენ და მივიდნენ წინამხარს, ძველ ანაგად წოდებულსა ადგილსა, რომელიც შორავს ქიზიყს ორითა... ფარსანგითა. ყველამ იცის, რომ ძველი ანაგაც ქიზიყშია, მაგრამ იგი მაინც ორიენტირებულია მიკრორაიონ "ქიზიყიდან", რომლის სახითაც უეჭველია ნაგულისხმევია მაღარო-სიღნაღის მიდამოები.
"ქიზიყი“ მოხსენებულია, როგორც ცალკე დასახლებული პუნქტი, 1711-1716 წლების ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელშიც, სხვათა შორის, მითითებულია, რომ "გადასახადი" ("რიგის ძროხა") უნდა გაეღოთ სოფლებს ბოდბეს, ხევსა და ხიზიყს თანაბრად. მაღარო-სიღნაღის უღელტეხილის არეში, ამ მხარის მოსახელე დასახლების ("ქიზიყის“) არსებობის ფაქტი ერთგვარ საბაბს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ქიზიყის პროვინციის წინაპარი - კამბეჩოვანის პროვინციის ცენტრალური დასახლებაც (უძველესი ქ.კამბეჩოვანის სახით) ამ უღელტეხილის არეში იყო. ცივ-გომბორის ქედის გადამკვეთი ყველა უღელტეხილი, როგორც ვიცით, ქვეყნის მესვეურთა შეუნელებელი ყურადღების საგანს შეადგენდა: მათი თხემები და მისადგომები აღიჭურვებოდა სათავდაცვო ნაგებობით, მათ ზონებში იქმნებოდა ადმინისტრაციული და სარწმუნოებრივი ცენტრები.
ბედის ანაბარა მიტოვებული არ უნდა ყოფილიყო, რასაკვირველია, არც მაღარო-სიღნაღის უღელტეხილი, რომლის ზონაშიც უკვე IV საუკუნიდან არსებობდა წმ. ნინოს საყდარი - მთელი ივერიის "წმინდა ადგილი". ამ საყდრის ბაზაზე აღნიშნული საუკუნიდანვე არსებობდა საეპისკოპო, ხოლო 472-473 წლებში ვახტანგ გორგასალმა აქ თავისიანი ეპისკოპოსი "დასუა". მაგრამ რატომ არაა დაცული თუნდაც მარტო ეს საყდარი ისეთი უშუალო საფორტიფიკაციო ნაგებობებით, როგორიც გააჩნია ალავერდის, ხირსის წმ. სტეფანეს, ოზაანის „ამაღლების" ტაძრებს? ნუთუ ცარიელ სიტყვებად დარჩა მირიან მეფის ანდერძი წმ. ნინოს განსასვენებელი ადგილის - დაბა ბუდის (ე.ი. უღელტეხილის ცენტრალური პუნქტის) საგანგებოდ გამაგრება-გამშვენიერების შესახებ, რისთვისაც მან სამეფო განძის ნახევარი გადასდვა? სად არის ნაკვალევი მისი გრანდიოზული გეგმის განხორციელებისა? გვგონია, რომ არა მარტო მირიან მეფის, მასზე ადრინდელი და მომდევნო დროის ჩვენი ქვეყნის მესვეურთა მხრივ ამ უღელტეხილის დაცვაზე ზრუნვის ნაკვალევი ნამდვილად ჩანს. უღელტეხილის თხემის ცენტრალურ ნაწილში (სოფ. მაღაროს სამხრეთ ნაპირში) ერთი მომცრო გორაკია, რომელრც "ზღუდერი" ეწოდება. მის მწვერვალზე ამჟამად დგას გვიანფეოდალურა ხანის დარბაზული ტიპის მიტოვებული ეკლესია - "ზღუდერის" წმ.გიორგი. გორაკის სამხრეთისა და დასავლეთის კალთებზე კარგად შეინიშნება დიდი ხნის აბალახებული სამოსახლოების ნაკვალევი, ხოლო გორაკის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც იგი უღელტეხილის თხემს ებმის, ასევე კარგად ეტყობა ნაზღუდარი. „ზღუდერი" ზღუდიდან არის წარმომდგარი და სამართლიანად ვარაუდობენ, რომ ტერმინ „ქალაქის" შემოსვლამდე ქართველები ამ ტერმინით აღნიშნავდნენ გამაგრებულ დაბა-ქალაქებს. უღელტეხილის თხემის ჩრდილო დაქანებაზე (სოფ. მაღაროს აღმოსავლეთ განაპირაზე) დაშვებულ სერს "ასსარი" ეწოდება და ეს ტოპონიმი თითქოს არაბულ "ჰისარს" ენათესავება ("შემოერტყა", "შემოევლო"). ასსარის ზემო ნაწილს კიდევ ცალკე საკუთარი სახელი "ციხითვეანი" ჰქვია. ადგილობრივი მოსახლენი ირწმუნებიან, რომ "ციხითვეანში" მათ დროსაც (50-60 წლის წინათ) იყო საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები (შლიდნენ და ქვას იყენებდნენ საშენ მასალად). "ზღუდრის" მახლობლად - ბოდბის ხევის გადასახედში უკანასკნელ ხანებამდე იდგა მძლავრი ოთხკუთხა სათავდაცვო კოშკი, რომელიც "შესაძლოა იყო მაღაროს "სასახლე მეფეთა საზაფხულოს" სათავდაცვო სისტემის ელემენტი. პლ. იოსელიანის ცნობით, ეს სასახლე 1705 წლამდე არსებობდა და ქვის გალავანი ერტყა. ამჯვარად, მაღარო-სიღნაღის უღელტეხილის თხემზე სამი უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივ საგულისხმო ტოპონიმი - "ზღუდერი", "ასსარი" და "ციხითვეანი" გვაქვს, რომელთა კავშირი საფორტიფიკაციო საქმესთან ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, ხოლო "ხნოვანებით" ეს "ზღუდერი" მაინც, თუ კი სხვა, უკვე შესწავლილი "ზღუდრების" მიხედვით ვიმსჯელებთ, ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე დგას. ასეთად წარმოგვიდგება დაბა ბუდის, წმ. ნინოს სარწმუნოებრივი ცენტრის ირგვლივ არსებული სათავდაცვო სისტემის ერთ-ერთი (უმთავრესი) კვანძი, მისი სამხრეთის ფარი, თავდაპირველი დანიშნულებით კი მაღარო-სიღნაღის უღელტეხილის საიმედო მოდარაჯე და მბრძანებელი - უძველესი ციხე-ქალაქი კამბეჩოვანის ნაკვალევი. მისი ამგვარი მდებარეობა კამბეჩოვანის პროვინციის დამოუკიდებელი და ამასთან ბუფერული მდგომარეობის სიმპტომად გვეჩვენება. ახლა კი დაბა ბუდის წმ. ნინოს სარწმუნოებრივი ცენტრის ირგვლივ არსებული სათავდაცვო სისტემის სიღნაღის კვანძის შესახებ, ახლანდელი ქალაქ - "სიღნაღის" წარმოქმნამდე. 1852 წელს გაზეთ Кавказ - ის 58-ე ნომერში დაიბეჭდა ი.ბელკინის Очерки Сигнага, რომელშიაც ავტორს მითითებული აქვს ორი ციხე - გალავნის - ძველისა და ახლის არსებობა. ახალი ციხე - გალავნის აგების ამბები ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში მაშინაც თურმე „ცოცხლად" იყო დაცული. ძველი ციხე - გალავნის დაარსების შესახებ კი არავინ არაფერი უწყისო, აღნიშნავს „აღწერილობის" ავტორი. სიღნაღის ქალაქის თავის ანდრონიკაშვილის მიერ 1863 წელს შედგენილ Описание города Сигнага -ს ტექსტში შეტანილია ცნობები ამ ქალაქში არსებული „ძველი ნაგებობების ნაშთების“ შესახებ. იგი ჯერ მიუთითებს დღემდე შემონახული ერეკლესეული ციხე-გალავნის დამახასიათებელ ცნობებზე, " შემდეგ აღნიშნავს, რომ, „в городе сущестуют остатки старой крепости заложеное которой неизвестно. Стены её имеют в окруности 36 саженей, с несколькими башнями.
ახლა იმ მცირეოდენი, ფაქტიურად არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთების შესახებ, რომლებიც ჩვენ გვაქვს შენიშნული ქ.სიღნაღის კონცხზე:
1. 1762 წელს დასრულებული ერეკლესეული ციხე-გალავნის "მეფის ანუ ჯუგაანის“ კოშკის ახლო ჩვენ შევნიშნეთ ამ გალავნის ქვეშ, მის მიმართ პერპენდიკულარული მიმართულებით გამავალი, უძველესი საფორტიფიკაციო კედლის მონაკვეთი. თქმა არ უნდა, რაკი ამ ნაკვეთზე გადადის არსებული ციხე-გალავნის მაგისტრალური კედელი, უკანასკნელი მასზე გვიანაა აგებული.
2. ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბნის ტერიტორიაზე ჩვენ შევნიშნეთ დაახლოებით 1000 მეტრის სიგრძე საფორტიფიკაციო კედლის მონაკვეთი, რომელიც არსებულ ციხე-გალავანს კარგა მანძილით არის მოშორებული (ფოტოგრაფ ე.სილდირიანის კარ-მიდამოდან კიროვის ქუჩის გადაკვეთამდე).
3. ძველი საფორტიფიკაციო კედლისა და გვირაბის ნაშთები შენიშნული იყო ქალაქის ცენტრში ახალი ადმინისტრაციული შენობის აგების დროს, რომელიც თავისი მდებარეობით ზემოაღნიშნული კედლის ხაზზე მოდის.
სიღნაღის კონცხზე ორი ციხის არსებობაზე უნდა მეტყველებდეს ქვემოთ მოყვანილი ორი ცნობა, რომელთაგან პირველი ეკუთვნის ვახტანგ ბატონიშვილს, ხოლო მეორე ომან ხერხეულიძეს;
1.“მეფემან ირაკლი აღაშენა... ციხე იგი ხისიხისა (ქიზიყისა, ი. შ.), რომელსა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ხისიხისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან".
2. „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა" და სხვ.
პირველი ცნობა უნდა ასახავდეს ახალი, 1762 წელს დასრულებული ციხეგალავნის აგების ფაქტს, ხოლო მეორე - ადრე არსებული (ძველი ციხე-გალავნის) აღდგენა -რეკონსტრუქციის ამბებს. დაბა ბუდის ირგვლივ არსებულ საფორტიფიკაციო ნაგებობათა მესამე კვანძის კვალი მძლავრი ოთხკუთხა კოშკების ნანგრევთა სახით არსებობს, წმ.ნინოს ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე მაღლობების სოფ.ასანურისაკენ დაქანებულ ფერდობებზე. თუმცა ზოგი მკვლევარი ქალაქ კამბეჩოვანსა და ხორნაბუჯს ერთდაიმავე ქალაქად თვლის, ჩვენი რწმენით უკანასკნელი იყო პირველის "თანამგზავრი“ და მდებარეობდა სულ რაღაც 3 კილომეტრზე მის აღმოსავლეთით. მხედველობაში გვაქვს დაბა ბუდის წმ. ნინოს სარწმუნოებრივი ცენტრის ირგვლივ არსებული დასახლება. ხორნაბუჯი (ტოპონიმი) უნდა იყოს "დაბა ბუდის" ბერძნული თარგმანი; ბერძნული „ხორიონ", რაც უდრის გამაგრებულ პუნქტს, ან "ხორა", რაც მხარეს, სოფელს უდრის, და, დაბის სახელი "ბუდი“. მაგალითები ბგერა "დ"-ს გარდაქმნისა ბგერა "ჯ“-დ საკმაოდ მოიპოვება. ცნობილია, რომ ბერძნები ასეთ პრაქტიკას არ ერიდებოდნენ. "ქორა" (შემდეგ „ხორა“), როგორც ცნობილია ქართული "ქორეპიროპოსის" კომპონენტს შეადგენს (მხარის, სოფლის, ეპისკოპოსი).
დაბა ბუდის ხორნაბუჯად "გარდაქმნით" უნდა აიხსნას ის უცნაური გარემოება, რომ ნინოს დაკრძალვის შემდეგ ბუდის სახელი ქართულ საისტორიო წყაროებში (მროველი, ჯუანშერი, "მატიანე ქართულისაი“) სრულიად ქრება და მის მაგიერ თავს იჩენს აქამდე უცნობი "ხორნაბუჯი" (ვარიაციებით; ხუარნაბუჩი, ხორანბუჯი, ხორამბუჯი და სხვ.). სარწმუნოებრივი ცენტრი ხორნაბუჯი რომ დაბა ბუდის წმ.ნინოს ტაძრის ბაზაზე აღმოცენდა და არა ჭოეთის მხარის "ახალ" ხორნაბუჯში, ამას შემდეგი გარემოება უნდა ადასტურებდეს: ვახტანგ გორგასალის მიერ კამბეჩოვანის მხარეში "თავისიანი" - ეპისკოპოსის დანიშვნის მომენტისათვის (472-473 წლებში), როგორც გამორკვეულია, ქართლის სამეფოს ხელში არ იყო ამ მხარის ის ნაწილი, რომელშიც ჭოეთის ციხე მდებარეობდა; იგი ალბანეთის სამეფოს ხელთ ყოფილა და ჩვენს ქვეყანას ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის სულ უკანასკნელ წლებში შემოუერთა. ამიტომ არც ერთი საისტორიო წყარო, მათ შორის არც ვახუშტი ბატონიშვილის შრომები, არ იძლევა არავითარ მითითებას, რომ ჯუანშერის მიერ ნახსენები ხორნაბუჯი, სადაც ვახტანგ გორგასალმა 472 - 473 წლებში თავისიანი ეპისკოპოსი "დასუა", იყოს სახელდობრ ჭოეთის ციხის მიდამოების ხორნაბუჯი, რომელიც მხოლოდ VI საუკუნის დასაწყისიდან იწყებს ჩამოყალიბებას "ხმალითა წახმული" ჭოეთის ციხის არეში. ჯუანშერის მიერ მითითებული მონაცემების განხილვისას, განსვენებულმა აკად. ივანე ჯავახიშვილმა გამოარკვია, რომ ამ მემატიანეს გამოტოვებული აქვს ვახტანგის ეპოქაში უკვე არსებული ბევრი საეპისკოპოსო: ამასთან ივ. ჯავახიშვილმა ჩამოთვალა კიდეც ეს გამოტოვებული საეპისკოპოსოები, მაგრამ გამოტოვებულთა შორის მან არ მოიხსენია ბოდბის უძველესი საეპისკოპოსო, მიუხედავად იმისა, რომ ჯუანშერის ცნობებშიც არაფერია ნათქვამი ამ ობიექტის შესახებ. ცხადია, ივ. ჯავახიშვილიც სთვლიდა, რომ ხორნაბუჯის საეპისკოპოსოს სახით ჯუანშერს ნაგულისხმევი ჰქონდა ბოდბის საეპისკოპოსო. ამგვარად, კამბეჩოვანის (შემდეგ ქიზიყის) უდიდესი სარწმუნოებრივი ცენტრი ხორნაბუჯი (დაბა ბუდი) წმ.ნინოს ტაძრის ბაზაზე არსებულად ჩანს, იგი სულ რაღაც 3 კმ იყო დაშორებული ძველი კამბეჩანიდან, და შეიძლება ზოგჯერ აღარც ეს მანძილი რჩებოდა მათ შორის. ციხე ქალაქი კამბეჩანის მზე უკვე VI საუკუნის დასაწყისიდან ჩაესვენა. იგი შემუსრა "ხუასრო მეფემ", მაგრამ მის კართან მდებარე სარწმუნოებრივი ცენტრი დაბა ბუდისა (ძვ. ხორნაბუჯი) ხელუხლებლად დატოვა. ჯუანშერის ცნობით, სწორედ ასევე მოექცა "ხუასრო მეფე" მცხეთის საკათალიკოსო ცენტრსაც: არმაზი შემუსრა, მის კარზე მდგარი საკუთრივ მცხეთა კი ხელუხლებელი დატოვა. სპარსელებმა მცხეთა ვერ დაიპყრეს, "გარნა რომელი ზღუდესა გარეგნით იყო, მოაოხრესო". მაგრამ არმაზის ამღებს მცხეთის აღება აღარ უნდა გასჭირვებოდა, მით უმეტეს, რომ სპარსელთ მტკვარი გადაელახათ (არმაზი - მცხეთას შუა). ივერიის უდიდესი სარწმუნოებრივი ცენტრების მცხეთისა და ხორნაბუჯის ხელუხლებლად დატოვება უნდა გაგებულ იქნას, როგორც "ხუასრო მეფის" პოლიტიკური ნაბიჯი: ქართული ეკლესია ვახტანგ გორგასალის დროს ქრისტიანობის იმ მიმდინარეობის პოზიციებზე იდგა, რომელსაც ამ დროს სპარსეთში მფარველობას უწევდნენ (რათა ამით ძირი გამოეთხარათ ბიზანტიის გავლენისათვის ივერიის სამეფოზე). როდესაც მთელი კამბეჩოვანის მხარე საბოლოოდ შეუერთდა ქართლის სამეფოს, მის მესვეურთა პოლიტიკურ-სტრატეგიული საქმიანობის სიმძიმის ცენტრმა აღმოსავლეთისაკენ გადაინაცვლა: მათ ახალი ასპარეზი და დიდი ამოცანები გაუჩნდათ: ამ დროისათვის უკვე ხორნაბუჯელებად წოდებულნი, ზურგიდან მხარმიცემულნი, ახალი ვითარებისათვის შეუდარებლად ხელსაყრელი ჭოეთის ციხის არეში დამკვიდრდნენ და ალაზნისა და შირაქის ველების მიჯნაზე დასაწყისი მისცეს ახალგაზრდა ფეოდალური ქალაქის არსებობას. ამ დრომდე კი აქ ძველთაგანვე არსებობდა ზღაპრული შესახედაობის ციხე -სიმაგრე, რომელიც ეტყობა, იმ მცირე ტომობრივი ერთეულის (ქართველური) სახელს ატარებდა, რომელიც V საუკუნის სომხურ საისტორიო წყაროს მითითებით "წოთეთად" იწოდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა მას დღესაც ჭოეთის ციხედ თვლის (მის გარშემო არსებული "ჭოეთის" ან "ჭუეთის" ტყის სახელის მიხედვით), ხოლო ზოგჯერ "თამარის ციხედ" იხსენიებს. ეჭვს გარეშეა, რომ უძველესი ქალაქი კამბეჩანის (მაღაროს - სიღნაღის უღელტეხილი), სარწმუნოებრივი ცენტრი "ხორნაბუჯის" (დაბა ბუდის) და ჭოეთის (ქ.ხორნაბუჯის) ციხის მიდამოების მიწის წიაღი - ჩვენი ერის წარსულის მრავალ საიდუმლოებას ინახავს და მათი გამომზეურება ჩვენი საისტორიო მეცნიერების სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს.
|