topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გიორგი მერჩულე - გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

<უკან დაბრუნება...<<<პროზა / ძველი ქართული მწერლობა // სახელოვანი ქართველები>>>

შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად -

ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი

არქიმანდრიტისაჲ ხანძთისა და

შატბერდისა აღმაშჱნებულისაჲ

და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ საკითხავი

წყარო: საეკლესიო ბიბლიოთეკა

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად - ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ ხანძთისა და შატბერდისა აღმაშჱნებულისაჲ და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ საკითხავი

თავი I

„ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი, ოქროჲ რჩეული“, ვითარცა თქუა სოლომონ.

არამედ აწ მე, ვინაჲთგან ვერ ძალ–მიც მოუკლებელად ლოცვაჲ და სულელთა ყოველთა უდარეს ვარ, ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს–რაჲმე უმჯობესად შემირაცხიეს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა ღმერთშემოსილთა კაცთასა, ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა, რაოდენცა შეუძლო უწყებად მსმენელთა, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან მის წმიდისათა. და ნეტართა მათ ოხითა ვპოვო ორკერძოვე ლხინებაჲ უძლურებათა ჩემთაჲ ესრეთ სიტყუათა ამათ წერითა.

თავი II

დიდთა მათ მეუდაბნოეთა კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთა შინა პირველად დამკჳდრებულთა მათ წმიდათა მამათა, ღირსად ცხორებულთა, სიმჴნჱ მოთმინებისაჲ და სიწმიდით შრომაჲ უფლისა სათნოჲ და სასწაულთა მათთა სიმრავლენი ქუეყანასა მას ქართლისასა აღუწერელობითა დაშჭირდეს მისთჳს, რომელ პირველ ვაჴსენე, რომელთაჲ ჯერ-იყო დაწერაჲ, ვიდრე ნათესავით ნათესავადმდე უკუნისამდე მითხრობად ყოველთა, რაჲთამცა ერი დაბადებადი აქებდა უფალსა ჴსენებისა მათისა დღესასწაულსა.

არამედ აწ სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასა, ყოვლად მოსაჴსენებელთა მათ განსაკჳრვებელთა ნეტართა კაცთა საქმენი კეთილნი და ცხორებაჲ უბიწოჲ, რომელნიცა იგი ბრწყინავდეს ვითარცა მთიებნი ზეცისა სამყაროსა, ხილულსა ამას და განქარვებადსა მზესა ქუეშე. და აწ სულითა ბრწყინვალენი იხარებენ დაუსრულებელსა ნათელსა შინა და მარადის ჩუენთჳს მეოხებასა ჰყოფენ, განმხიარულებულნი ქრისტჱს აღთქუმულთა მოღებითა, რამეთუ შრომათა მათთა წილ მიუღებიეს სიხარული და მხიარულებაჲ უოხჭნოჲ, მოუკლებელი და გამოუთქუმელი ცათა შინა.

ამათ ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლითა სავსჱ, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღუაწჱ და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაჲ და წინამძღუარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაჲ, ორთა ამათ დიდებულთა მონასტერთაჲ, რომელი ექმნა სახე კეთილის ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შენებასა მათსა.

ესე იყო შვილი წარჩინებულთა, დიდებულთა და მართლმორწმუნეთა მამა-დედათაჲ, და სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთვისასა აღზრდილ იყო ჴელითა კეთილად მსახურისა დედოფლისა ნერსჱს ცოლისაჲთა, რომელსაცა ეშვილა, რამეთუ იყოცა ძმისწული მისი. და საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა, ვითარცა სამოელ წინაჲსწარმეტყუელი. და მარხვათა შინა იზარდებოდა მსგავსად წინამორბედისა, რამეთუ სიჩჩოჲთგანვე ღჳნოჲ და ჴორცი არა შეჴდა პირსა მისსა. ვინაჲთგან ქრისტჱსა განეკუთნა სული თჳსი სამკჳდრებელად, და ხატიცა მონაზონებისაჲ ემოსა, რამეთუ თავისუფალ იყო იგი სიმღერისაგან ყრმათაჲსა და ყოვლისაგან აღრევისა კაცთაჲსა და მარტოდ იყოფვინ თჳსსა მას სადგურსა, რომელსა განწესებულ იყო, ამისთჳსცა დაყუდებულ უწოდიან მას სახელი.

ხოლო გულისჴმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკჳრვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა „დავითი“ და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა, და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა. ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად, და რომელი პოვის სიტყუაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის. და განითქუა სისრულე იგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის. ხოლო გარეშესა მას სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ. სიტყჳსაებრ მოციქულისა, ვითარმედ „გან-რაჲმე-აცოფა ღმერთმან სიბრძნჱ იგი ამის სოფლისაჲ“.

სიტყუაჲ მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაჲთა. რაჟამს იტყჳნ, ბრძნად აღაღის პირი თჳსი და წესი განუჩინის ენასა თჳსსა. და ჰასაკისა ზრდასა თანა სათნოებაჲცა კეთილი იზარდებოდა, რამეთუ არა იყო, ვითარცა ჭაბუკი, მზუაობარ და ჭამადთა გულისსათქუმელთა მოყუარჱ, არამედ თავით თჳსით დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუასა იტყჳნ, ვითარმედ „პური გულისსათქუმელი არა ვჭამო“. და ესრეთ მიიღის საზრდელი საგლახაკოჲ ჴორცთა თჳსთა განსამტკიცებელად ნეტარმან გრიგოლ, მდაბალმან გულითა და გლახაკმან სულითა, მყუდრომან ქცევითა და მოწყალემან გონებითა, რამეთუ ძირი სიწმიდისაჲ მარადის გულსა მისსა დანერგულ იყო, აღმომცენარჱ ჯეჯლსა ღმრთისმსახურებისასა. და ნერგი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲ აღორძნდა სულსა მისსა და ნაყოფი ღმრთისა სიყუარულისაჲ გარდაემატა მის შორის. და ესევითარითა მრავალფერითა კეთილად განგებითა ცხოვნდებოდა ჭაბუკი ესე სამღდელოჲ სათნოდ უფლისა. ხოლო იყო ხილვითა დიდ, ჴორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო.

თავი III

მაშინ ჴელმწიფეთა მათ აღმზრდელთა მისთა და სანატრელმან დედამან მისმან და ერისა სიმრავლემან ინებეს ხუცად კურთხევაჲ ამის ნეტარისაჲ. და ჰრქუეს მთავართა მათ და მშობელმან მისმან: „შვილო, ყოვლად კეთილო და სარწმუნოო ქრისტეს მონაო, აჰა მოიწია ჟამი წინაჲსწარმეტყუელისა დავითის თქუმულისაჲ, რომელსა იტყჳს: „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? არამედ უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“. და აწ შენ გპოვა ქრისტემან უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა და რაჲთა შენ აღხჳდე მთასა უფლისასა და დასდგე ადგილსა წმიდასა მისსა შემწირველად წმიდასა და უსისხლოსა მსხუერპლსა მისსა ღირსებისა შენისათჳს და სასოდ სულთა და ჴორცთა ჩუენთა“.

ხოლო ამას ნეტარსა დაღაცათუ აქუნდა სიყუარული მღდელობისაჲ, შეზრუნდა სიტყუასა მათსა ზედა და შიში დაეცა სიახლისათჳს ჰასაკისა მისისა და ჰრქუა მათ: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. მაშინ მიუგეს ბერთა მათ მთავართა და ჰრქუეს: „შენ მოგცა ქრისტემან კეთილი მოხუცებულებაჲ გონებისაჲ. და აწ ნუღარა ურჩ იქმნები, არამედ მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტჱსსა და ჰმონე მას მღდელობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს მღდელმან მან საუკუნემან, და ჩუენ, ყოველნი, გუაცხოვნა“.

ხოლო ნეტარი გრიგოლ დაემორჩილა მათ და ნებითა ღმრთისაჲთა იკურთხა ხუცად ვედრებისაებრ მვედრებელთა მისთაჲსა, რომელ შუენოდავე კრძალულებით საღმრთოჲთა კანონითა ქცევასა მისსა და მარადის წმიდისა სამებისა მართლ-მადიდებლობასა. და ესრჱთ მხიარულ იქმნა სიმრავლჱ იგი ერისაჲ.

თავი IV

მაშინ მთავარნი იგი განიზრახვიდეს ებისკოპოსობასა მისსა. ხოლო ნეტარმან გრიგოლ, ვითარცა იხილა თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად სივლტოლაჲ თჳსით ქუეყანით.

თავი V

და ესევითარსა კეთილსა განზრახვასა და გზავნასა მისსა პოვნა მოყუასნი კეთილნი შეწევნითა ქრისტჱს მადლისაჲთა: საბა, რომელსა ეწოდა საბან, დედისდისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი მისი, და თევდორე, ნეძჳსა მაშჱნებელი და მამაჲ, და ქრისტეფორე, კჳრიკეთისა მაშჱნებელი და მამაჲ. ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუნოებამან და საღმრთომან სიყუარულმან შეამტკიცნა ერთ ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული.

მაშინ ერთითა მით ერთობითა აღიბეჭდნეს თავნი თჳსნი ძლიერებისა ბეჭდითა მით ნიშისა საუფლოჲსა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. და სიხარულით წარემართნეს გზასა მას. და მოიყვანნა იგინი ქართლით ოპიზას პირველად.

ხოლო იყვნეს ოპიზას ძმანი მცირედნი შეკრებულ ქრისტჱს სიყუარულისათჳს, ვინაჲთგან პოვნილ იყო წმიდაჲ იგი მცირე ეკლესიაჲ წმიდისა ნათლისმცემელისაჲ. და იყო წინამძღურისა მათისა სახელი ამბა გიორგი, რამეთუ მესამე მამაჲ იყო ოპიზისაჲ, რაჲთგან სამოელ და ანდრია გარდაცვალებულ იყვნეს. ამან ნეტარმან ამბა გიორგი, ვითარცა იხილნა სანატრელი მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი, გულისჴმა-ყო საღმრთოჲთა ცნობითა ღირებისა მათისა მადლი და შეიწყნარნა იგინი სიხარულით, არა ვითარცა მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთაესნი მისა. და ორისა წელიწდისა ჟამთა იყუნეს ოპიზას მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი ღუაწლითა ფიცხლითა მონაზონებისა შრომისაჲთა, ვითარცა იყო წესი მის ჟამისა მონაზონთაჲ.

ხოლო მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა მას შინა უდაბნოჲსასა, რომელნი-იგი იზარდებოდეს მძოვრთა სახედ მწუანვილითა და ხილითა, ხოლო რომელნიმე მცირედითა პურითა, და რომელთაჲმე ესმოდა სახელი და რომელნიმე ფარულად იყვნეს. ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ წმიდაჲ გრიგოლ და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ, რომელთაგანმე – ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგანმე – სიმდაბლესა და სიყუარულსა, რომელთაგანმე – სიმშჳდესა და განურისხველობასა, რომელთაგანმე – უპოვარებასა და ქუეყანასა ზედა წოლასა, გინა თუ ზეჯდომით ძილსა, რომელთაგანმე – უძლურებასა და ჴელთსაქმარსა დუმილით და მსგავსთა ამათთა სათნოებათა. და ესრეთ სწავლათაგან სულიერთა აღსავსემან მიაქციის საყოფლადვე თჳსა, რამეთუ ესმინ წმიდათა მათგან, ვითარმედ „ჰრცხუენისმცა სოფელსა ქცევათაგან ჩუენთა კეთილთა“.

თავი VI

მას ჟამსა იყო ვინმე ბერი ხანძთას მარტოდ მყოფი კაცი, მართალი და წმიდაჲ, რომლისა სახელი ჴუედიოს.

მას ჟამსა მოიწია ხანძთად სათნოჲ ღმრთისაჲ მამაჲ ჩუენი გრიგოლ წმიდისა მის ბერისა. და ვითარცა იხილეს ერთმანერთი, განიხარეს ფრიად და ყვეს ლოცვაჲ. მაშინ ნეტარმან მან ბერმან ჰრქუა: „მაკურთხე, წმიდაო მამაო გრიგოლ, რამეთუ მღდელი ხარ შენ“. და ლოცვაჲ მამამან გრიგოლ. და ვითარცა მრავალჟამსა მეგობარნი საყუარელნი, მოიკითხნეს ურთიერთას და სიხარულით დასხდეს. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „ვჰმადლობ ქრისტესა, რომელი მომიძღუა საყოფლად შენდა შვილსა შენსა და ღირს–მყო მე თაყუანის-ცემად კუალსა წმიდათა ფერჴთა შენთასა გამორჩეულო ღმრთისაო! ამიერითგან იყავნ წმიდაჲ ჯუარი შენი საფარველ ჩემდა და შეწევნაჲ ღირსთა ლოცვათა შენთაჲ. და წმიდაჲ ჯუარი შენი მარადის იყავნ ჩემ ზედა, უძლურისა ამის მოხუცებულისა, და მცირედთა დღეთა შემდგომად იხილო მტუერქმნული შენ. წმიდაო ღმრთისაო, დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ, საქმით კულა უხუცეს ხარ ჩემსა, რამეთუ შენ იყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყუელთა საცხოვართა ქრისტჱსთაჲ და სულისა ჩემისა საუკუნოდ გჳრგჳნი და სასოჲ“.

მაშინ განმჰზადა ტაბლაჲ მსგავსად ჩუეულებისა სიხარულით, რომელი დახუდა დიდსა მას უპოვარებასა მისსა, და აკურთხეს მადლობით და იწყეს ჭამად მარადის-მეტყუელთა სულისა საზრდელსა მას სიტყუასა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ“. და კნინითა მით საშუებლითა ფრიად იშუებდეს, ვითარცა დიდძალითა სანოვაგითა, რამეთუ ღმერთი იყო შორის წმიდათა მათ, სიხარული დაუსრულებელი და კეთილი მოუკლებელი, რომლისათჳსცა იტყოდეს: „არაჲ ნაკლულევან ვართ, არამედ აღსავსე მადლითა საუნჯეთა მათგან მოუკლებელთა, უხილავთა და განუპარველთა“. და ვითარცა მიიღეს საზრდელი, კუალად იწყეს სულისა ცხორებისა ზრახვასა. და იყო განგრძობილად სიტყუაჲ მათ შორის, რამეთუ დღჱ იგი დამწუხრდა და ღამჱ განთენა უძილობით ლოცვასა შინა მათსა და გალობასა ღმრთისასა.

და განთიად მოახილვა ყოველი სანახები ხანძთისაჲ, და ფრიად შეუყუარდა წმიდასა გრიგოლს. მაშინ ჰრქუა ნეტარსა ბერსა: „წარვიდე ოპიზას და მსწრაფლ ხოლო მივიდე ძმათა ჩემთა თანა, რომელ დაუტევენ მუნ, რაჲთა მოვიდენ ჩემ თანა და იგინიცა იკურთხნენ წმიდათაგან ლოცვათა შენთა“. და ვითარცა მოიწია ოპიზას, ახარა ძმათა თჳსთა ხილვაჲ წმიდისა მის ბერისაჲ და ადგილისაჲ მის კეთილისა საყოფლისა ღმრთივ-მოცემულისაჲ. და მსწრაფლ ხოლო მივიდეს ამბა გიორგისა, ოპიზისა წინამძღუარისა, და მოიღეს ლოცვაჲ წმიდაჲ მისი და ძმათა ყოველთაჲ, და სიხარულით მოიწინეს ხანძთად. ყვეს ლოცვაჲ და მოიკითხეს წმიდაჲ იგი ბერი, ვითარცა ზეცისა ანგელოზი. ხოლო მან განიხარა ხილვაჲ ნეტართაჲ მათ და ჰრქუა მათ: „თქუენ ხართ სიწმიდისა ნაყოფნი, მცენარენი სულნელნი, ვარდნი შუენიერნი, ფინიკნი კეთილნი და ზეთისხილნი ნაყოფსავსენი, ზეთითა მით სიწმიდისაჲთა პოხილნი, რომელთა ხილვითა დღეს განიპოხა სიბერჱ ჩემი და ამაღლდა სიხარული ჩემი, ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ. ამიერითგან იხარებდინ უდაბნოჲ ესე თქუენ ქრისტჱს ნების-მყოფელთა ამას შორის დანერგვითა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „წმიდისა ანტონის მიმსგავსებულო წმიდაო მამაო, სიტყუათა შენთა პატივი ჩუენთჳს ზეშთა ბუნებათა არს, არამედ დაამტკიცენ ქრისტემან ყოვლისა-შემძლებელმან ქებისა ბრძანებაჲ ეგე მადლიერი, და კმა არს ჩუენდა, და ინებენ უფალმან მოცემად ჩუენდა მადლი ესე, რაჲთა ღირსად ვჰმსახუროთ სიწმიდესა შენსა ვიდრე აღსასრულამდე, ჵ წმიდაო ღმრთისაო“. მაშინ ჰრქუა ბერმან: „დაღაცათუ მხიარულ არს გული თქუენი მსახურებად მოხუცებულებასა ჩემსა, ხოლო ესე უწყოდეთ, ნებითა ღმრთისაჲთა ვიდრე სიკუდილამდე თჳთ ვჰმსახურო თავსა ჩემსა, რამეთუ დავით იტყჳს: „აღუთქუთ და აღუსრულეთ უფალსა ღმერთსა თქუენსაო“. აწ მე აღმითქუამს უფლისადა ვიდრე აღსასრულამდე ჩემდა მარტოდ-მყოფებაჲ, სულითა კულა თქუენ თანა ვარ და აწ ჯერ-არს ჩემდა აღნათქუემისა საქმით აღსრულებაჲ“.

თავი VII

ამისა შემდგომად ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „ნეტარო კაცთა შორის, არს მახლობელად ჩუენსა ქუაბი მცირე, წარმიყვანე მუნ შენ და ძმათა შენთა, რაჲთა ნეშტი დღეთა ჩემთაჲ მას შინა აღვასრულო; რამეთუ მცირედღა ყოფად არს ჩემი ჴორცთა შინა ყოფაჲ. ხოლო ესე აღმითქუთ, რომელ ჩემდა სიკუდიდმდე არა განჰმრავლდეთ ადგილსა ამას შინა“. და ჯუარი დასწერა თჳსსა მას სამკჳდრებელსა და სიტყუაჲ მისი განძლიერდა. და მათ არღარა იკადრეს ცილობად, არამედ მივიდეს მის თანა ქუაბად და ყვეს ლოცვაჲ. ხოლო ბერმან თქუა: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე“. მაშინ ამბორს–უყვეს ურთიერთას და მისცეს მშჳდობაჲ წმიდასა მას ნეტართა მათ და შთამოვიდეს ადგილსა მას ღმრთისა მიერ ჩინებულსა სამონასტრედ. ამისა შემდგომად იწყო მან ხანძთისა შენებაჲ. და ერთობით ჯუარი დასწერეს ადგილსა მას და იწყეს საქმედ სენაკებისათჳს ქუეყანისა დავაკებად, რამეთუ კლდჱ იგი ხანძთისაჲ უფიცხლეს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა. და შრომითა დიდითა ქმნეს ადგილი იგი, რამეთუ არა აქუნდა მათ ცული და წერაქჳ, არცა სხუაჲ ეგევითარი საჴმარი, არამედ ოპიზელთა მამათა მოსცეს ყოველი, რომელი იპოვა ჴელთა მათთა, და თანაშემწე ექმნნეს ყოვლითა საჴმრითა და ჴორცთა საღუაწითა, რამეთუ მას ჟამსა სხუაჲ მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა თჳნიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათჳს მათ ქუეყანათაჲსა, რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა, და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა, მცირედნი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ პირველად აღაშენა ძელისა ეკლესიაჲ და შემდგომად საყუდელი თჳსი და თითო სენაკები ძმათა მათთჳს მცირჱ და ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი. და დღითი დღე აღორძნდებოდეს ძმანი, რამეთუ შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი მოქმედად ჭეშმარიტსა მას ვენაჴსა და თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა, მჴნდებოდეს რაჲ ღუაწლსა მას მონაზონებისასა მსგავსად წმიდათა მოწამეთა და უფროჲს მათსა, რამეთუ მარტჳლნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათჳს

თავი VIII

მას ჟამსა ნეტარი იგი ბერი ჴუედიოს მოხუცებულ იყო ფრიად და მიახლებულ ჴორცთაგან განსლვად. მაშინ მივიდა მამაჲ ჩუენი წმიდაჲ გრიგოლ და ძმანიცა, რომელნი იყვნეს მის თანა, ხილვად ბერისა. და ვითარცა მოიკითხეს, ჰრქუეს: „გუაკურთხენ, წმიდაო მამაო, რამეთუ აწ მიხუალ უფლისა“. და დაიძინა ნეტარმან ბერმან და ტკბილ ეყო მას ჰრული მისი. ხოლო მამამან გრიგოლ და ძმათა წარმოიყვანეს ძლევით შემოსილი გუამი მისი და გალობითა წმიდითა დაჰმარხეს იგი საფლავსა შინა. მაშინ ნებითა ღმრთისაჲთა განმრავლდებოდეს ძმანი ქრისტესმსახურნი. ხოლო მამაჲ გრიგოლ არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა, არამედ პირველად გამოცადის ყოველსა ზედა კეთილისა საქმესა, და უკუეთუ იპოვის გულითა უმანკოჲ, უზაკუველი და უდრტჳნველად სიმდაბლით მორჩილი წადიერად ყოველსა ზედა კეთილისა საქმესა, იგი შეიწყნარის სიხარულით. ამისთჳსცა ყოველნი მოწაფენი მისნი კეთილ იყვნეს ფრიად და ღირსად შემწყნარებელ სათნოებათა მისთა წმიდათა. და ემსგავსებოდეს მოძღუარსა კეთილსა..., და ესრეთ კეთილად ცხონდებოდეს იგინი სულიერად, ხოლო ხორციელად დიდსა იწროებასა იყვნეს.

თავი IX

და მათ ჟამთა მფლობელი იყო ამათ ქუეყანათა ღმრთის-მსახური ჴელმწიფჱ დიდი ბაგრატუნიანი - აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნჱ, რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ ვიდრე უკუნისამდე ჟამთა. და ჴელმწიფისა მის წინაშე და შვილთა მისთა დიდებულთა მათ ჴელმწიფეთა წინაშე შეუსწავლელ იყო წმიდაჲ გრიგოლ.

ხოლო იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა, და ერქუა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული, და აწ ნათესავთა მისთა ჰრქჳან დაფანჩულნი. ესე აზნაური შემკულ იყო ყოვლითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა და ახოვნებითა, და ყოველსა ზედა საქმესა განმარჯუებითა და კეთილად მორწმუნებითა ქებულ იყო.

ამას აქუნდეს ზოგნი სოფელნი მახლობელად ვანსა ნეტარისა გრიგოლისსა, რომელმანცა მოწაფეთა თჳსთა უპოვარებაჲ იხილა რაჲ, მიიწია ნებითა ღმრთისაჲთა სახლსა გაბრიელ დაფანჩულისასა. ხოლო იგი შინა არა დახუდა, არამედ ღმრთის-მოყარჱ მეუღლჱ მისი მარიამ სარწმუნოებით მოეგება მამასა ჩუენსა გრიგოლს და ჯეროვნად პატივ-სცა და მრავლითა კეთილითა განუტევა. და თანა კაცნი წარმოაყვანნა შესასწავლელად და ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ამათ კაცთა ასწავე გზაჲ მონასტრისა შენისაჲ და საღუაწი სულიერთა შვილთა შენთაჲ უზრუნველ იყოს შენგან. რამეთუ არა დაგაკლდეს სახლისაგან ჩუენისა, არამედ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა ჴსენებულ გუყვენით უფალი ჩემი გაბრიელ და მე, მჴევალი შენი, და შვილნი ჩუენნი“. და ესრეთ სიხარულით მივიდა მონასტრად თჳსა მამაჲ გრიგოლ და განიხარეს ძმათა მათ ფრიად, რამეთუ ღმერთმან პატივ-სცის მადიდებელთა თჳსთა.

ხოლო რაჟამს მოიწია სახედ თჳსა გაბრიელ მთავარი, მაშინ აუწყა ღმრთისმოყუარემან მეუღლემან მისმან ნეტარისა მამისა გრიგოლის მოსლვაჲ და ვითარ–იგი მან სიხარულით განუტევა. და ვითარცა ესმა ესე დიდებულსა მას, მჴურვალჱ მადლი შესწირა ღმრთისა წმიდისა მის შესლვისათჳს სახლსა თჳსსა და აკურთხა მეუღლჱ თჳსი. და მსწრაფლ ხოლო დაწერა წიგნი ვედრებისაჲ და წარავლინნა კაცნი კეთილნი, რაჲთა კუალადცა ბრძანოს სახლსა მისსა. ხოლო მამაჲ ჩუენი ნეტარი გრიგოლ მორჩილ იქმნა სიტყუათა მისთა და წარჰყვა კაცთა მათ მოვლინებულთა.

და ვითარცა ესმა მისლვაჲ ამის ნეტარისაჲ, აღდგა და მიეგება წინა გაბრიელ, აზნაური მეფისაჲ, და თაყუანის-სცა სიხარულით და ამბორს–უყოფდა წადიერად ჴელთა მისთა წმიდასა მას და წარიყვანა პატივით სახედ თჳსა და მრავალთა დღეთა განუსუენა. და წარმოუდგინნა წინაშე მისსა ოთხნი იგი ძენი თჳსნი, ყოვლად კეთილნი და ყოვლითავე მსგავსნი გაბრიელ მამისა მათისანი: პატრიკ, გუარამ, არშუშა და აბულასათ. და ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო ღმრთისაო, აკურთხენ ესენი წმიდათა ჴელთა შენთა დასხმითა. ვითარცა ისრაჱლ იოსების ძენი აკურთხნა, ეგრჱთვე შენ ყოველნი შვილნი ჩუენნი აკურთხენ ჩუენ, მშობელთა მათთა თანა!“

და ვითარცა იხილა წმიდამან მან ფრიადი სარწმუნოებაჲ კაცთა მათ მეუღლეთა და შვილთა მათთაჲ, მაშინ აღდგა სიხარულისა ცრემლითა სავსჱ და აღიპყრნა წმიდანი ჴელნი თჳსნი [ღმრთისა] მიმართ და ჰრქუა: „უფალო, მოხედე ლოცვასა ჩემსა, გლახაკისა მონისა შენისასა, და ლოცვითა ყოველთა წმიდათა შენთაჲთა აკურთხენ მშობელნი შვილითურთ და შვილნი მშობელთა თანა, კეთილად მორწმუნენი ესე და მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი“. და ჯუარი დასწერა ყოველთა და დაჯდა. მაშინ გაბრიელ ჰრქუა წმიდასა მას: „ქრისტემან საქმით დაამტკიცენ სიტყუაჲ ბაგეთა შენთაჲ ღირსო მამაო, და ჩუენ მოგუეცინ უფალმან გულსმოდგინედ მსახურებაჲ სიწმინდისა შენისაჲ. ჩუენ თანა არს ჴორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესენი შევზავნეთ ურთიერთას. თქუენ მონაწილე–გუყვენით წმიდათა ლოცვათა თქუენთა ცხორებასა ამას და შემდგომად სიკუდილისა, და ძუალნი ჩუენნი ღირს ყვენით დასხმად წმიდათა თანა ძუალთა თქუენთა, და ლოცვაჲ ჩუენთჳს უკუნისამდე განაწესეთ მონასტერსა თქუენსა, და ჩუენ აღგითქუამთ ცხორებასა ჩუენსა და ცხორებასა შვილთა ჩუენთასა, შვილითი შვილადმდე თანა–გუაც თქუენი ღუწაჲ და მონასტრისა თქუენისაჲ ჟამთა უკუნისამდე, არამედ, წმიდაო მამაო, სავანე კეთილი ადგილი დედათათჳს სამკჳდრებელად გამონახეთ, რაჲთა ესე მცნებაჲ იყოს ჩუენ შორის ნათესავისა ჩემისა: უკუეთუ მოწესჱ მამაკაცი იყოს, სამკჳდრებელად მის ხანძთაჲ იყოს, და უკუეთუ ერისა ჩემისა მოწესჱ დედაკაცი იყოს, მუნ დაემკჳდროს, რომელიცა შენ გამოაჩინო ქუეყანასა ამას, ადგილი შენ მიერ კურთხეული. და ვითარცა მიცვალებულთა მამათათჳს ხანძთაჲ განმიწესებია, ეგრჱთვე იყოს სამარხავი მიცვალებულთა დედათაჲ აწ შენებულსა მას“.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ძიება-ყო გულს-მოდგინედ და პოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობელად. ჯუარი დასწერა და მუნ აღაშჱნეს მონასტერი დედათაჲ, რომელსა აწ ჰრქჳან გუნათლის ვანი. და ჟამისმწირველი მღდელი ვანისა მისთჳს ხანცთით განაწესა ნეტარმან გრიგოლ ვედრებითა გაბრიელისითა.

თავი X

ხოლო გაბრიელ, დიდებულმან აზნაურმან, ფრიადითა კეთილითა წარმოგზავნა მამაჲ გრიგოლ და მოსცნა კირითხურონი და ნივთი ყოველი ქვითკირისა ეკლესიისა საშჱნებელად. და ესრეთ მოვიდა მამაჲ გრიგოლ თჳსსა ვანსა. და განიხარეს მოწაფეთა მისთა, მადლი მისცეს ქრისტესა და ულოცვიდეს მოღუაწეთა მათ. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ადგილი იგი საეკლესიოჲ დაავაკა. და ვითარ დაიწყებდა ეკლესიასა, ესე ლოცვაჲ ცრემლით წართქუა: „ქრისტე ღმერთო! ჴორც-შესხმისა შენისა განგებულებაჲ ღმრთეებრ აჩუენე შენთა დაბადებულთა და შიშით ჰმსახურეს მეუფებასა შენსა წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲსწარ უწყებითა, მოციქულთა ქადაგებითა, მოწამეთა ჭეშმარიტითა აღსარებითა და ღირსთა წმიდათა სოფლისა კრებათა მეუდაბნოეთა მამათა მარადის დიდებითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა. და ესე ოთხ კერძო კრებული საღმრთოჲ წმიდათა ყოველთა გარემოდგომილი ზღუდის სახედ უძრავისა სიმტკიცე ექმნნეს წმიდათა შენთა ეკლესიათა, რამეთუ შენ თჳთ სიბრძნემან იშჱნე თავისა თჳსისა სახლი სიწმიდისაჲ შესავედრებლად ერთა მორწმუნეთა. და რამეთუ წმიდასა ეკლესიასა სახელ სდევ გუამად შენდა. და წმიდასა შენსა სახელსა ზედა და სახელსა წმიდათა შენთასა შეუძრველად აღაშჱნენ და დაამტკიცენ წმიდანი ეკლესიანი. ამისთჳს უწოდე ეკლესიად წმიდათა ყოველთა, რაჲთა შემდგომად სიკუდილისა მათისა ნაცვალად მათა ეკლესიანი აქუნდენ სიმტკიცედ და სიქადულად შენთა სამწყსოთა, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა, ვიდრემდის კუალად მოხჳდე დიდებით წმიდათა თანა. „შენ, უფალო, აწცა აკურთხე ადგილი ესე წმიდისა შენისა ეკლესიისა სამკჳდრებელი მადლითა შენითა და წმიდათა შენთა ოხითა, რაჲთა ღირს ვიქმნე გლახაკი შენი სრულიად აღშჱნებად ამისა სახელსა ზედა და უძლეველსა სარწმუნოებასა დიდისა მოწამისა შენისა გიორგი ჯუარითა მოქადულისა, ახოვნისა და სახელოვნად განთქუმულისა ბრწყინვალედ შორის წმიდათა შენთა მარტჳლთა და მოწამეთა, რომელთაცა ჴორცნი მახჳლითა დაიჭრებოდეს, ხოლო სარწმუნოებაჲ არა განიკუეთებოდა. ხოლო მათ ყოველთა უმეტჱს იპოვა სიმჴნითა წმიდაჲ გიორგი და მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარგანჴდილთა ქრისტეანეთა ასწავა სიმჴნჱ ძლიერი, მხიარულებით რაჲ მოითმინნა მრავალფერნი სატანჯველნი და ძლევით-შემოსილი იდიდა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ამისთჳსცა ანგელოზთა თანა წმიდათა განიხარეს მოწამეთა ნეტართა სრულებაჲ ღუაწლთა მისთაჲ, რამეთუ მას მისცა ქრისტემან ძლევაჲ ყოველთა მტერთაჲ და აწ ნაწილთა და სახელსა მისსა, და მეოხებაჲ მისი მფარავს ყოველთა მადიდებელთა მისთა მარადის და უკუნისამდე“.

და ჯუარი დასწერა ადგილსა წმიდისა ეკლესიისასა და იწყეს შჱნებად. და ესრჱთ კეთილად განსრულდა ძუელი იგი ეკლესიაჲ ხანძთისაჲ შეწევნითა ქრისტჱსითა და მეოხებითა წმიდისა გიორგისითა და ლოცვითა ნეტარისა მამისა გრიგოლისითა, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა დიდებულისა გაბრიელ მთავრისაჲთა და ყოველთა მართლ-მორწმუნეთაჲთა. მას ჟამსა ყოველთა მათ წმიდათა უდაბნოთა შინა იწყეს წმიდათა მამათა მონასტრებისა შჱნებად და წმიდათა ეკლესიათა, და ესრეთ გამრავლდეს მსახურნი წმიდისა სამებისანი და მარადის მადიდებელნი.

თავი XI

ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედაჲ ფებრონია მოიწია სამცხით და დაემკჳდრა მერეს შინა. და ღირსად-ცხორებისა და სულიერად განგებისა მისისა არა იყო საზღვარ. და საღმრთოჲთა სიყუარულითა წმიდითა ერთ-ზრახვა და მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღმრთისა კაცნი, დედაჲ ფებრონია და მამაჲ გრიგოლ, და ხუცესი მერისაჲ ხანძთით არნ.

ამისა შემდგომად ღმრთის-მსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერის მთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებაჲ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შჱნებაჲ და მოწაფეთა მისთა სათნოებაჲ და მოწაფეთაგანვე ცნობაჲ დიდებულებისაჲ წმიდისა მის მშობელთაჲ. ესე ყოველი ვითარცა გულისხმა-ყო კეთილად-მსახურმან კურაპალატმან აშოტ, მსწრაფლ ხოლო დაწერა ებისტოლჱ ჴელითა თჳსითა და კაცი ერთი კეთილი წინაშე მდგომელთაგანი და ერთი გაბრიელის მსახურთაგანი მსწრაფლ წარმოავლინნა მამისა გრიგოლის წინაშე. და ვითარცა წარიკითხა წიგნი კურაპალატისაჲ პატივით მოწერილი წოდებისაჲ, ნეტარმან მამამან და კაცთა მათგანცა, ცნა ყოველი, მუნქუესვე წარვიდა ჴელმწიფისა მის წინაშე, და მი-რაჲ-იწია პალატად, მოეგებნეს ძენი კურაპალატისანი.

და ვითარ მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზე აღდგა და წინა მოეგება ნეტარსა მამასა გრიგოლს, და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანერთი და დასხდეს. ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „ღმრთისა მიერი კურთხევაჲ პირითა შენითა იყავნ ჩუენ ყოველთა ზედა, წმიდაო“. და მან თქუა: "გაკურთხენინ ყოველნი პირმან ქრისტჱსმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყუაჲ ესე: "სადა არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ", რამეთუ თქუენ, ჴელმწიფენი, უფალ გყვნა ღმერთმან ქუეყანისა განგებასა, ვითარცა გულისხმა-ვჰყოფთ კეთილის-ყოფასა ღმრთისასა ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა. და ვითარცა იგი აბრაჰამისთჳს უფალი იტყჳს, ვითარმედ "აბრაჰამსა სწადოდა ხილვაჲ ნათლისა ჩემისაჲ, იხილა და განიხარა“, მსგავსად აბრაჰამისა მეცა, გლახაკსა, მწადოდა ხილვაჲ თაყვანის-ცემაჲ თქუენი და აწ სიხარულითა სავსე ვარ და ძღუანად შევსწირავ ლოცვასა. ქრისტემან უმეტჱსად დიდებით დაიცევინ მეფობაჲ შენი დიდებასა შინა და სიხარულსა და საუკუნოჲ დიდებაჲ ზეცისა მთავრობათა თანა დაგიმკჳდრენ კეთილთა თანა შვილთა“.

მაშინ კურაპალატმან ჰრქუა მამასა გრიგოლს: „მეფეთა ისრაჱლისათა ჟამად-ჟამად წინაჲსწარმეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებელად ურწმუნოთა, ეგრჱთვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, და რაჲთა მარადის იღუწიდე ჩუენთჳს წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტჱსა და წმიდათა მისთა“. ხოლო მან ჰრქუა: „დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე”.

ამისა შემდგომად კაცმან მან მოციქულმან წარმოთქუა ქებაჲ ხანძთისაჲ, ვითარმედ „კეთილ არს უდაბნოჲ იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა შეზავებითა ყოვლით-კერძო. და აქუს მას წყაროჲ მდიდრად გამომდინარჱ, შუენიერი, გრილი და ჰამოჲ, და მაღნართა სიმრავლჱ ურიცხჳ და მცირედი რაჲმე სხუაჲცა ნუგეშინის-საცემელი ძალისაებრ მის უდაბნოჲსა, ხოლო სათესავი ყანაჲ და სათიბელი ქუეყანაჲ რაჲთურთით არა არს, არცა იქმნების ღირღოლოვანთა მათ ფიცხელთა მწუერვალთა მათ ღადოთაჲსა. ესე ვითარცა ესმა დიდებულსა კურაპალატსა, შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, და ბაგრატ, და გურამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმ და, ყოველი უხუებით.

და ვითარცა ადგილნი იგი მოითუალნა და კურთხევაჲ მიანიჭა კურაპალატსა და ძეთა მისთა ნეტარმან გრიგოლ, მაშინ მრავლისა კეთილისა ნაყოფითა სავსჱ მოვიდა ხანძთად, მონასტრად თჳსა, და ახარა ძმათა ყოველი იგი განმარჯუებაჲ მადლითა ქრისტჱსითა და ოხითა წმიდისა გიორგისითა. ხოლო მათ უხაროდა და ულოცვიდეს სარწმუნოებით შემომწირველთა და ჰმადლობდეს ქრისტესა კეთილის-მყოფელსა.

ბუბა კუდავას ფოტო

თავი XII

და ვითარცა ჴორციელად შეიმატებოდა, ეგრჱთვე სულიერად შეეძინებოდა რიცხუსა მას წმიდათა კაცთასა, რამეთუ მას ჟამსა მოვიდეს მამაჲ ეპიფანე და მღდელი მატოი ქართლით, და დიდი ზენონ სამცხით, რამეთუ ეპიფანე და მატოი პირველვე მეგობარ იყვნეს ამის წმიდისა და სახელსა მისსა მოვიდეს ხანძთად.

ხოლო ზენონ შვილი იყო საჩინოჲსა ვისიმე კაცისაჲ სამცხეს და ღმრთის-მსახურებით აღზრდილ იყო და სიწმიდით იქცეოდა, რამეთუ საღმრთოჲ შიში მკჳდრ იყო მის შორის, და სწადოდა მონაზონებაჲ აღთქუმისაებრ აღთქუმისა მმარხველთაჲსა. და ვითარცა აღესრულნეს მშობელნი მისნი, მონაგები მათი დაუტევეს ზენონს და დასა მისსა, რომელიცა იყო სახლსა შინა მის თანა. და ზენონ გულს ეტყოდა: „რაჲთამცა მამული და დედული მონაგები დასა თჳსსა დაუტევა ნებისაებრ მისისა და თჳთმცა იქმნა მონაზონ უცხოებასა შინა“. და ვითარ ამას განიზრახვიდა ზენონ, დაჲ იგი მისი ეშმაკისა განმარჯუებითა შეაცთუნა ვინმე უკეთურმან კაცმან და ღამე ყოველ წარვიდის შავშეთს. ხოლო ზენონ, ვითარცა ცნა, შეიჭურა საჭურველითა მარტოდ და ამჴედრდა ცხენსა და დევნა უყო. და ვითარ დიდი ქუეყანაჲ ვლო, თქუა გულსა თჳსსა, ვითარმედ: „ვარ მე ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს, დაღაცათუ ვეწიო და მოვკლა, საბრჴე არს სულისა ჩემისაჲ. და უკუეთუ ცუდად უკუნ ვიქცე სახედ ჩემდა, სირცხჳლ არს ჩემდა, არამედ აღთქუმაჲ მონაზონებისაჲ აწ აღუსრულო უფალსა“. და ახოვან იქმნა ნეტარი ესე, რამეთუ მონაგებთა დატევებაჲ, სისხლთა დათხევასა ემსგავსების, და დაიწერა ჯუარი ჴორცთა თჳსთა და წარემართა საღმრთოსა მას გზასა და მიიწია წინაშე დედისა ფებრონიაჲსა მერეს, რამეთუ იყო იგი სახლისა მისისაჲ. და ნებითა ღმრთისაჲთა მუნ იყო მამაჲ გრიგოლ, და დედამან ფებრონია შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოჲ იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა, რომელმანცა მოიყვანა ხანძთად, ადგილსა მას მწუანვილსა ღმრთისა მადლისასა დაამკჳდრა და წყალთა ზედა განსასუენებელთა სულისა წმიდისათა გამოზარდა იგი.

ესე ნეტარი ზენონ მიიწია მოხუცებულებასა და ვიდრე აღსასრულამდე არა განეშორა ხანძთასა ჭეშმარიტად სულიერი შვილი, მსგავსი მამისაჲ, კეთილი მოწაფჱ, ნაცვალი მოძღურისაჲ, ნეტარი, სათნოებათა საუნჯჱ, მონაზონებისა წესი წმიდაჲ, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდჱ, სულთა უკეთურთა მაოტებელი, რამეთუ ცხორებასა მისსა და ცხორებასა მოძღურის მისისასა ვერ იკადრებდა ეშმაკი დაცემად კაცთა წმიდათა ამათ შინა ადგილთა.

ესე ახოვანი შემდგომად მიცვალებისა მეოხი არს ჩუენი საუკუნოდ უფლისა მიმართ მოყუასთა მისთა თანა, რომელნი იყვნეს მსგავსნი მისნი, მოწაფენი მამისა გრიგოლისნი, ღირსნი და სასწაულთამოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემელად სუეტნი ცათანი.

რამეთუ ვიდრე მოსლვადმდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა მჴეცთაგან უხილავთა ლტოლვილნი მცირედნი იგი ცხოვარნი ქრისტჱსნი განბნეულ იყვნეს თითოჲ ანუ თუ ორ-ორი სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმჴნდეს და მჴეცნი იგი ეშმაკნი განიოტნეს და ყოველი წესი საღმრთოჲ განემართა.

ხოლო მამაჲ გრიგოლ გულს ეტყოდა, ვითარმედ: "ვითარცა მონასტრისა ჩემისა მამანი სათნოებითა უზეშთაჱს არიან ჟამისა ამის მონაზონთა, ეგრჱთცა წეს არს წესი საღმრთოჲ საეკლესიოჲ ეკლესიასა შინა ჩემსა დაწესებად ბრძენთაგან განუკითხველი". ამისთჳს განიზრახა წარსლვაჲ ქრისტჱს საჭურჭლედ, მეორედ იერუსალჱმად, რომელ არს კოსტანტინეპოლისი, და ყოველთა საჩინოთა საბერძნეთისა წმიდათა ადგილთა მოხილვად და ლოცვად. მას ჟამსა იერუსალჱმს წარმავალი ვინმე პოვა მეგობარი თჳსი და მას დაჰვედრა საბა-წმიდისა წესისა დაწერაჲ და წარმოცემაჲ. და ძმათა თჳსთა კაცნი მოღუაწენი უჩინნა და მშჳდობაჲ დაუტევა მათ და აღუთქუა კუალად ადრე მოსლვაჲ. და თანა წარიყვანა საბა, დედის დისწული თჳსი, და ერთი ვინმე სხუაჲ მოწაფჱ, და წარემართა საბერძნეთად და მოიწია კოსტანტინეპოლეს, და თაყუანი-სცა ძელსა ცხორებისასა და წმიდათა ყოველთა ნაწილთა. და სიხარულით მოვლნნა ყოველნი წმიდანი ადგილნი სალოცველნი, რამეთუ მრავალთა ენათა წურთილ იყო იგი და მრავალ-მოსწავლე ყოფილ ჴელითა კეთილად-მსახურებისაჲთა. და რომელიმე სახილავი მოძღუარ კეთილის ექმნის და რომელიმე განსაკრძალველ ბოროტისათჳს; და ესრჱთ აღმოივსო გული მისი სიმდიდრისაგან დაუბეჭდველისა ახლისა შჯულისა და სულითა მადლისაჲთა განმხიარულებულნი წარმოემართნეს საყოფელად თჳსა.

თავი XIII

და ვითარცა მოიწინეს ტაოს, ესმა მუნ მყოფთაგან კაცთა, ვითარმედ აშოტ კურაპალატი მოიკლა და მის წილ ჴელმწიფებენ ძენი მისნი. მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავსენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა. ხოლო ნეტარი გრიგოლ ჰმადლობდა ღმერთსა და გლოით იტყოდა: "ჵ მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადაჲთმე მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ-მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ჴელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკჳრველი ეგე დიდებული, ღმრთის-მსახური ჴელმწიფჱ. აწ ვითარ-მე მიეცი ჴელსა შეურაცხსა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი იგი იუდაჲს მსგავსად შენ, უფლისა თჳსისა მკლველ იქმნნეს მოსაკუდინებელად ჩუენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე?“ ამისსა შემდგომად ულოცვიდეს შვილთა მისსა დიდებულთა ჴელმწიფეთა, რაჲთა უფალმა დაიცვნენ დიდებით და დღეგრძელებით კეთილსა შინა ღმრთის-მსახურებასა.

თავი XIV

და ვითარცა მოიწინეს მახლობელად იშხანსა, გამოეცხადა ღმრთისა მიერ ნეტარსა გრიგოლს და ღირსსა საბას იშხნისა პირველი დიდებულებაჲ, დაბასა მისსა, - წმიდანი ეკლესიანი. და ეუწყა, ვითარმედ კუალად განახლებად არს პირველებრ ჴელითა საბანისითა. და ეცნობა გზაჲცა მისავალად, რამეთუ მის ჟამისა კაცთაგან მიუვალ იყო ადგილი იგი. და მი-რაჲ-ვიდეს იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაჲ დიდებულისა მის ადგილისაჲ.

რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის-საცემელი სულიერი და ჴორციელი. და საბას მუნქუესვე გულს ედვა დადგომაჲ, ხოლო ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „ძმაო, პირველად ვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ხანძთას შინა მყოფნი და ნებითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა მათითა კუალად მოიწიო ადგილსა ამას წმიდასა“. და მიერ წარმოსლვასა მათსა მიიწინეს წინაშე ძეთა კურაპალატისათა და დაულოცეს ნუგეშინის-ცემით სიკუდილისათჳს მამისა მათისა.

თავი XV

და ესრჱთ მოვიდეს ხანძთად, მონასტრად თჳსა, და მოიყვანნეს ნაწილნი წმიდათანი და ხატნი წმიდანი და სხუაჲ ევლოგიაჲ ფრიად, და პოვნეს ძმანი ცოცხლებით და მშჳდობით ყოველნი მხიარულნი შეუშფოთებლად საღმრთოჲთა სიყუარულითა სავსენი და განიხარეს, რამეთუ კუალად მაცხოვრისა მადლმან შეკრიბნა ნების-მყოფელნი თჳსნი.

და შემდგომად მცირედთა დღეთა საბა განუტევა იშხანს და ორნი მოწაფენი მისცნა მას და თჳთ განაგებდა სულიერსა ცხორებასა ხანძთისასა ნებისაებრ უფლისა.

თავი XVI

მაშინ იერუსალჱმით მოიწია კაცი, რომელმან მოართუა საბა-წმიდისა განგებაჲ და წერილი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ მას ჟამსა განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასჱ დაულევნელთა კეთილთაჲ.

თავი XVII

ხოლო აწ წესთა მათგანი სულიერთაჲ მცირედი რაჲმე გჳპყრიეს, ვითარმცა ზღჳსაგან წუეთი ერთი წყალი ვინმე აღმოიღო, რამეთუ ესრჱთ იყო ცხორებაჲ ნეტართაჲ მათ: სიმართლესა შინა მათსა მარადის თავთა თჳსთა ბრალობაჲ აქუნდა და სიყუარულისა ძირი, მტკიცჱ მოთმინებაჲ სიმდაბლით და სიმშჳდით, მარხვაჲ ლოცვითა შეზღუდვილი, სარწმუნოებასა თანა მართალსა დამტკიცებული სიწმიდჱ გულისაჲ, და ჭეშმარიტებაჲ ენისაჲ და უბიწოებით კრძალვაჲ სრულიად ყოველსავე ზედა. ხოლო წმიდასა ეკლესიასა ლოცვასა მათსა არა აქუნდა უბნობაჲ ურთიერთას, არამედ შიშით დგანედ, ვითარცა ზეცას წინაშე ღმრთისა. და რაჟამს დავითს იტყჳედ, ვიდრე ალილოჲსა განსრულებამდე მემჴრეთა ვერ იკადრიან მუჴლისა აღებაჲ დაწყნარებულსა მას ლოცვასა მათსა, რამეთუ არა აქუნდა ჩუეულებაჲ სწრაფით თქუმისაჲ ყოველსავე ზედა საგალობელსა მათსა, არამედ მდაბლად და გჳანად იყო ლოცვაჲ მათი. და კედელსა თჳნიერ ბერთაისა არავინ მიეყრდნებოდა, ხოლო ძილსა და უკრძალველად ჯდომასა ყოვლადვე არა იკადრებდეს ეკლესიასა შინა. და ესევითარი მრავალი სათნოებაჲ კეთილი სხუაჲცა დამკჳდრებულ იყო შორის მათსა, რომლისათჳს არა არს აწ თითოეულად ყოვლისათჳს, სიტყუაჲ რამეთუ შემოკლებულ არს ჟამი ესე და გონებაჲ ისწრაფის, რაჲთა არა იყოს ნამეტნავ სასმენელსა მსმენელთასა. ამისთჳს განგებაჲ ყოველი ვერ დაიწერა წიგნსა ამას, არამედ თოთოჲ სიტყუაჲ ყოვლისაგან, რომელ აქამდე წესი აქუნდა ხანძთასა და აწ რომელ აქუს ესრჱთ.

ყოველთა ღამის-თევათა შემწუხრებითგან განთენებამდე ლოცვაჲ, და ღამის-თევათა წინადღით დღისა ჟამთა ყოველთა ლოცვაჲ, და ჟამის-წირვაჲ ჟამსა ცხრა-ჟმისასა, და კუერექსთა შემატებაჲ. ხოლო ჟამის-წირვასა ყოველსა “წმიდაო ღმერთო“-სა წინა კუერექსი ზეცით გარდამოჲ და კჳრიაკეთა ჟამის-წირვასა „წმიდაო ღმერთო“-ჲ ექუსი, და საკურთხეველისა მსახურებასა ფესუედითა სამოსლითა და ტყავითა არა იკადრებოდა მსახურებაჲ.

ხოლო გარდაცვალებულთათჳს ყოველთა გარდაიჴდიან, გარდაცვალებითგან რასაცა დღესა მიხუდის, სამი დღჱ და შჳდი, ორმეოცი და წელიწადი. და მათ დღეთა ჟამის-წირვაჲ არა შეათუალიან ორასთა მათ დღეთა განწესებულთა ხანძთას დამარხულთათჳს. და განყოფაჲ პაქსიმადისაჲ პირველითგანვე განწესებული არს, გიორგი-წმიდობისა თთუე რაჲ დადგეს, მარხვაჲ წუელითა ვიდრე გიორგი-წმიდობამდე, ეგრჱთვე ქრისტჱს-შობისა მარხვანი და წმიდათა მოციქულთანი საეკლესიოდ დიდითა მოღუაწებითა და კეთილად-კრძალულებითა აღასრულნიან.

ხოლო ნოემბრისა თჳსა დადეგითგან ყოველთა შაბათთა ცისკრად ვიდრე პირმარხვადმდე კანონი ოთხი, და დიდთა მარხვათა ვიდრე ბზობამდე ყოველსა ცისკარსა კანონი ოთხი, ეგრჱთვე წიგნის კითხვაჲ ოთხი და ვნებისა კჳრიაკისა ფრიად განგებაჲ იყო. ხოლო აღვსებითგან ვიდრე ახალ-კჳრიაკემდე ჭირისა კანონი არა თქჳან, და სერობასა „ხადილსა ჩემსა“ წართქჳან და ადგომისა წარდგომანი და ცისკრად დაწესებულნი და თითო კანონი ახალ-კჳრიაკემდე. ხოლო სულთა ჴსენებასა შემდგომად აღვსებისა ცისკრად „ნეტარ არიან“-ნი და გალობანი წართქუნიან, ვითარცა ყოველი წერილ არს განგებასა ეკლესიისასა ამის ყოვლისა ნეშტი, ეგრჱთ ჰყოფდიან ყოველსა მამანი ჟამთა შინა ჩემთა.

თავი XVIII

არამედ პირველთა მათ დღეთა ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისთა ფიცხელ იყო ფრიად კანონი მოწაფეთა მისთაჲ, რამეთუ სენაკთა მათთა შინა იყო მცირჱ სარეცელი და შეურაცხი საგებელი და თითოჲ სარწყული წყლისათჳს. ხოლო სხუაჲ ნუგეშინის-საცემელი ჴორცთაჲ არა აქუნდა საჭამადისაჲ და სასუმადისაჲ ყოვლადვე, არამედ რომელი ტრაპეზსა ზედა ერთბამად ჭამიან, მით იყო ცხორებაჲ მათი. და მრავალნი მათგანნი არა სუმიდეს ღჳნოსა ყოვლადვე; და რომელნიცა მიიღებდეს, მცირედ იჴუმევდეს. და სენაკებსა მათსა საკუამი არა აქუნდა, რამეთუ ცეცხლი არა აღეგზებოდა, და არცა ღამჱ სანთელი აღანთიან, არამედ ღამჱ იყო ფსალმუნებაჲ და დღისი წიგნის-კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის, ვითარცა იტყჳს დავით: „დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამჱ გალობაჲ მისი“.

ხოლო ნეტარმა მამამან გრიგოლ თავადნი დიდნი მარხვანი გარდავლნის მცირედითა კალნაბითა უმბგვრითა. ხოლო მრჩობლად საზრდელად მისა იყო ყოველთა დღეთა მისთა, პური ნაკლულევანებით დღესა შინა ერთ ჭამის და წყალი წონითვე მცირედი. ღვნოჲ კულა სიყრმითგანვე არა ესუა და უმრავლჱსნი სათნოებანი მისნი და მოწაფეთა მისთანი ღმერთმან მხოლომან უწყნის.

თავი XIX

ხოლო პირველითგან მოყუასთა მათ კეთილთა ნეტარისა გრიგოლისათა, თეოდორეს და ქრისტეფორეს, აქუნდა გულსა მათსა საღმრთოჲ შური მონასტრისა შჱნებისაჲ და არა გამოუცხადეს მამასა გრიგოლს განზრახვაჲ მათი, არამედ ფარულად წარვიდეს აფხაზეთს და თანა ძმანიცა ვინმე წარჰყვეს.

და ვითარ მოიწინეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძჱ დიდისა მირეან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელით არსენი, რომელსა ეწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გჳრგჳნი დაუჭნობელი. ხოლო ყრმაჲ იგი მცირჱ იყო ჟამითა, ვითარ ექუსისა წლისაჲ, და სახლსა შინა მამისა თჳსისასა იზარდებოდა. არამედ კაცთა მათ ღმრთისათა განზრახვითა მირეანისითა მოწესეთა სამოსლითა შემოსეს ყრმაჲ იგი და მარჯუენაჲ მისცეს ფიცისაჲ მირეანს და ჰრქუეს: „მოძღუარი ჩუენი გრიგოლ არს, მამაჲ ხაძთელი, და უფალსა თუ უნდეს, ესეცა მოწაფე იყოს მისი ჩუენ თანა სადაცა ჩუენ ვიყვნეთ“, და წარვიდეს აფხაზეთად. ხოლო მეფემან აფხაზთამან დემეტრე, დიდითა პატივითა პატივ-სცა და ადგილსა კეთილსა დაამკჳდრნა.

თავი XX

და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თეოდორჱსი და ქრისტეფორჱსი, შეწუხნა ფრიად და თანა წარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი. და ვითარ მოიწია ქართლისა სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა, და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთა მოქმედი. ხოლო ეპისკოპოსობასა შინა მიიწია მოხუცებულებასა კეთილსა, და აღესრულა საკჳრველებით, და ნაწილნი მისნი წმიდანი მიეცნეს ნათლად სამცხესა. ესე ეფრემ ღირსი ღმრთისაჲ დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა ესრჱთ: „რაჟამს მოვიქცე აფხაზეთით, თანა წარგიყვანო შენ ხანძთად“, და თჳთ წარემართა აფხაზეთს. და მი-რაჲ-იწია წინაშე ჴელმწიფისა მის, ზე აღდგა, და წინა მოეგება, და სიმდაბლით მოიკითხა, რამეთუ ზარი აჰჴდა მადლთაგან სიწმიდეთა მისთაჲსა და დიდებულებისაგან პირისა მისისა. რამეთუ ვითარცა პირი მოსე წინაჲსწარმეტყუელისაჲ იყო დიდებულ ამის ნეტარისაცა ხატი მადლითა ღმრთისაჲთა.

და შემდგომად მოკითხვისა, დასხდეს მეფჱ და ნეტარი გრიგოლ. ხოლო წმიდამან განგრძობილად ულოცა და მრავლითა კურთხევითა შეამკო. და მეფემან მან თქუა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელი მოგიძღუა აქა, წმიდაო მამაო, არამედ ვინაჲ არს მიზეზი მოშრომისა შენისაჲ, მაუწყე მე“.

და ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „მეფეო ღმრთის-მსახურო და დიდებულო! მოწევნულ არიან წმიდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა. და აწ არიან სამეუფოსა ამას, და მათთჳს არს მოსლვაჲ ჩემი აქა. არამედ ბრძანენ ჴელმწიფებამან შენმან და მოვიდენ იგინი ჩუენდა“. ხოლო მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ მათი და ჰრქუა: „არა მოსრულ არიან აქა ეგევითარნი მონაზონნი, რომელთასაცა ბრძანებს სიწმიდჱ შენი“. მაშინ ნეტარი მამაჲ გრიგოლ სიტყუასა ზედა მეფისასა განრისხნა და ჰრქუა: „მეფეო, ნუ შრომასა შემამთხუევ, მომცენ ძმანი ჩემნი, რომელნიცა მოიწინეს შენდა“. და ვითარ ღონჱ სიტყჳსაჲ არღარა აქუნდა მეფესა მართლმხილებისაგან მის წმიდისა, უბრძანა მოყვანებაჲ ძმათაჲ მათ. და ვითარ იხილეს მამაჲ გრიგოლ, შეუვრდეს ცრემლით. ხოლო წმიდამან მან აღადგინნა და შეიტკბნა სიყუარულით და ჰმადლობდა ქრისტესა პოვნისა მათისათჳს. და რამეთუ იყვნეს ბუნებით მომლოდებელ წმიდისა მის ძმანი იგი, მათცა უხაროდა ურთიერთასი იგი შეკრებაჲ თჳსი. და მეფემან მან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო მამაო, აჰა იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისაჲ ჩემისაჲ. რამეთუ მაქუს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შჱნებაჲ. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადაცა სიწმიდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშჱნოთ ადგილი იგი“.

და მოვლნეს ქუეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ, და არა სთნდეს წმიდასა მას. და ჰრქუა მეფესა მას „არა არს მიწაჲ არცა წყალი ქუეყანასა ამას, სადამცა მონასტერი აღეშჱნა, რამეთუ ტალანტი მონაზონისაჲ მარხვაჲ არს. და ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვაჲ სულისაგან ხორშაკისა მაკუდინებელისა“. და შეწუხნა ფრიად მეფჱ იგი ამის მიზეზისათჳს და ჰრქუა მათ: „არა სამართალ არს კეთილთა თქუენთაგან უნაწილობაჲ ამის ქუეყანისაჲ“.

თავი XXI

მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშჱნა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბჱ, და ილარიონ ვინმე, იერუსალჱმით მოსრული, სარწმუნოჲ მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად, რამეთუ ხანძთით წარყოლილ იყო იგი თეოდორჱს და ქრისტეფორჱს თანა და აქუნდეს მას კეთილნი წიგნნი. და მამამანცა გრიგოლ თჳსნი წიგნნი, რომელ აქუნდეს, და-ვე-უტევნა მონასტერსა მას. ხოლო ჴელმწიფჱ იგი სიხარულითა აღივსო მონასტრისა მის შჱნებისათჳს და შეწირა საშჱნებელად მისა ფრიად შესაწირავი და მიანიჭა მამასა გრიგოლს და მოყუასთა მისთა დრამაჲ ათი ათასი და ყოვლითა კეთილითა აღავსნა.

თავი XXII

ხოლო ჟამსა წარმოსლვისა მათისასა გამოჰკითხა მეფემან დიმიტრი მამასა გრიგოლს გულს მოდგინედ სახჱ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ, რაჲთა აუწყოს მას ადგილთა მათ წმიდათა ნიშანი ყოველი. და მამამან გრიგოლ ჰრქუა მას: „ღმრთის-მსახურო მეფეო, დაღაცათუ ფრიად განვამრავლო სიტყუაჲ, ვერვე მისწუთების გონებაჲ ჩემი ყოველსა მას უდაბნოთა მათ სიკეთესა უწყებად შენდა, ვინაჲთგან წესი მონაზონებისაჲ მათ შორის აღორძინებულ არს და უფროჲსად ყუაოდის და აღემატოს მომავალთა ჟამთა, არამედ ვთქუა მრავლისაგან მცირედი ესრჱთ, რამეთუ ბუნებით ერთგუამ არს ქუეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ და კეთილად შეზავებულ მზისაგან და ჰაერისა, რამეთუ არცა ფრიადი სიცხჱ შესწუავს მათ და არცა გარდარეული სიცივჱ შეაურვებს მყოფთა მისთა. არამედ განწესებით დგას თჳსსა საზღვარსა უნოტიოჲ, უხორშაკოჲ, უმიწოჲ, მზუარჱ, რამეთუ კაცთა ნახჭნი ფერჴთანი არა ოდეს თიჴიან ექმნებიან სლვასა მათსა. ხოლო წყალი კეთილი და შეშაჲ ნებისაებრ უნაკლულოდ აქუს აღმოცენებული ქჳშათა მათ შინა, ურიცხჳ მაღნარი და სიმრავლჱ წყალთა ჰამოთაჲ, ბუნებით მხიარულებაჲ მიცემულ არს ღმრთისაგან. და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით სოფლისა წესითა მცხორებელთაგან, რამეთუ ღადოთა მთათა შინა მაღალთა არს მკჳდრობაჲ მათი. და მორტყმულ არს ერთ კერძო მთაჲ იგი და ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდის სახედ უძრავისა.

და ესრჱთ ყოვლითა კერძო შეზღუდვილ არიან მთათა მიერ, და ჴევნებისა, და წყალთა მათგან საშინელად ძნელოვანთა ადგილთა მავალთაჲსა. და მონასტერთა მათ შინა არა არს სათიბელი ქუეყანაჲ, არცა ყანაჲ საჴნავი, არამედ დიდითა შრომითა როჭიკისა მისლვაჲ აქუს კარაულისა ზურგითა. და მცირედ ვენაჴნი ჭირით და ურვით დაუნერგვიან და ეგრჱთვე მტილები. ხოლო მხალთა ველისათაჲ არს სიმრავლჱ ურიცხჳ. და ამას ყოველსა თანა უშიშ არს გული მათი უქრისტოთა მათ ურწმუნოთაგან შერყევისაგან და ყოვლისა ძრვისა ჟამსა ჴელმწიფეთა მტერობისასა. და ესრჱთ მრავლითა მშჳდობითა მყუდროებით არიან ყოვლადვე და ქრისტესა ადიდებენ.

რამეთუ ღმერთმან დასაბამსავე დაბადებისასა უკუანაჲსთათჳს ჟამთა დაჰბადნა იგინი მონაზონთა სამკჳდრებელად და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელად ორ კერძოვე. და რამეთუ განგებასა ღმრთისასა ესე ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა წმიდათა მათ უდაბნოთა მონასტერნი ჴელითა გლახაკთაჲთა აღაშჱნნეს, რომელნიცა სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან. დაღაცათუ წმიდათა უდაბნოთა ჴელმწიფენი იღუწიან, ხოლო წოდებად სახელი გლახაკთაჲ ჯერ იჩინა ქრისტემან შჱნებასა წმიდათა მონასტერთასა, არამედ მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშჱნებად საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა ერსა ზედა მთავარ ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ შემკობილნი სამოსლითა ბრწყინვალითა. ხოლო რაჲთა არა დაუტეონ გონებაჲ მათ ხილულთა მათ ნივთთა შინა, არამედ კეთილთა მათ საუკუნეთა გულისხმა ჰყოფდენ, რამეთუ სიბრძნემან საღმრთომან სამოსელთა მრავალ-სახეთა მიერ გულისხმა უყო ყოველთა კაცთა პატივი თითოეულისა წესისა მათისაჲ ღმრთის-მსახურებით. ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშუებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათჳს მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა, მსგავსად პირველთა მათ მამათა წმიდათა, რომელთა სიგლახაკესა შინა დიდსა მყოფთა აღაშჱნნეს წმიდანი უდაბნონი თჳნიერ ქუეყანისა მეფეთა ბრძანებისა შეწევნითა ყოვლისა შემძლებელისა ღმრთისაჲთა.

და აწცა ჟამთა ჩუენთა არიან მსგავსნი პირველთა მათ ნეტართა კაცთანი მაშჱნებელ მონასტერთა ადგილთა უქმთა შინა ღმრთისა სამკჳდრებელად. ხოლო ჴელმწიფენი კეთილად მსახურნი შრომასა მათსა თანამონაწილე იქმნებიან საფასეთა უხუად მიცემითა, ვითარცა ესე დღეს დიდებულებამან შენმან მეფობამან განამდიდრა სიგლახაკჱ ჩუენი ფრიადითა კეთილითა და ყოვლადვე მოზიარე ხარ ლოცვასა ჩუენსა თანა“. ხოლო მეფჱ განმხიარულდა სიტყუათაგან ნეტარისა გრიგოლისთა და ფრიადი სარწმუნოებაჲ და სიყუარული დაამტკიცნა გულსა მისსა უდაბნოთა მიმართ კლარჯეთისათა და ჰმადლობდა ქრისტესა, კეთილის მყოფელსა ნების მყოფელთა მისთასა. და ესრჱთ მშვიდობაჲ დაუტევეს ჴელმწიფებასა მას და წარმოვიდეს აფხაზეთით.

თავი XXIII

და მგზავრ სლვასა მათსა ჰრქუეს ნეტარსა გრიგოლს სანატრელთა მათ თეოდორე და ქრისტეფორე: „წმიდაო მამაო, ჟამსა მას წარმოსლვისა ჩუენისასა ხანძთით სამცხეს რაჲ მოვიწიენით მახლობელად ადგილსა მირეან აზნაურისასა, და გჳხილნეს ჩუენ კაცთა მისთა, რამეთუ სადგური ჩუენი ჟამსა მწუხრისასა ველსა ზედა ვყავთ, და აუწყეს უფალსა თჳსსა, და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მირეან თჳთ და მოგჳკითხნა სიმდაბლით და წარგჳყვანნა ტაძრად თჳსად და განგჳსუენნა კეთილად. და ვითარცა განთენა, შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თჳსისა, რომლისაჲ არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მჴევალი ქრისტჱსი. და ვითარცა ულოცეთ მას და ვსხედით, მაშინ მირეან დიდებულმან უფალმან დაადგინნა წინაშე ჩუენსა ძენი თჳსნი ბრძანებით, სამნი იგი ყრმანი ყოვლად-კეთილნი და შუენიერნი. და ვითარცა ულოცეთ მათ, ჰრქუა კრავის: „აწ ვყოთ ჩუენ სასწაულ კეთილ და ერთი ძეთა ჩუენთაგანი განვაწესოთ მონაზონად და მოწაფე ამათ ქრისტჱს მოწაფეთა. და ამათითა ლოცვითა მოეცეს მადლი, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩუენთა და ჰრცხუენოდის. აწ თქუ, რომელი იყოს მოწესედ შორის შვილთა ჩუენთა!“ ხოლო მან ჰრქუა: “უფალო ჩემო, შვილნი შენნი არიან წინაშე შენსა, რომლისაჲცა ჰბრძანო, უფალმან გამოირჩიენ რჩეულად მოწესედ“. ხოლო მან ჰრქუა: „მრწემი ესე იყოს მონაზონ და სულიერად შვილ უდაბნოჲსა მამათა ამათ“. და მოიყვანა ჴელითა თჳსითა და ჯუარი დაწერად გუცა ჩუენ და სამოსლითა მოწესეთაჲთა შემოსა, და ჩუენ სახელი არსენი უწოდეთ, და აღუთქუთ შენდა მოწაფედ შვილი მისი ყოფად მსგავსად ჩუენდა და მან უფროჲს განიხარა. აწ ვითარცა სათნო უჩნს სიწმიდესა შენსა, ეგრჱთცა ქმენ“. ხოლო წმიდამან ჰრქუა: „ძმანო სანატრელნო, ნებაჲ არს ღმრთისაჲ, რაჲთა ჴელითა ჩუენითა იქმნეს იგი რჩეულ შორის მოწესეთა და მიიწიოს საზომსა დიდსა“. და მანცა წარმოუთხრა ამისვე პასუხისა მსგავსად ღირსისა ყრმისა და ჭაბუკისა ეფრემისთჳს ყოველი. და განიხარეს ძმათა მათ სიტყუასა ზედა მოძღურისა თჳსისასა.

და მოიწინეს ერთობით, სადაცა იყო ეფრემ, და წამოიყვანეს და ეგრეჱთვე სანატრელი არსენი. ხოლო წმიდაჲ ეფრემ იყო დღითა უხუცჱს, რომელთათჳსცა თქუა ნეტარმან გრიგოლ სიტყუაჲ იგი დავითისი, ვითარმედ: „განცხადებაჲ ღმრთისა სიტყუათაჲ განმანათლებელ არს და გონიერ ჰყოფს ჩჩჳლთა“, რომელთა მიერ დაემტკიცოს ქებაჲ ქრისტჱსი. ჭეშმარიტად უბიწონი და წრფელნი ესე შემომეყვნეს ჩუენ დათმენად ღუაწლსა მონაზონებისასა მოსრულნი ბრძანებისაებრ უფლისა, ვითარმედ: „ნუ აყენებთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ”. არამედ ესე უწყოდეთ ძმანო, დრტჳნვაჲ ყოფად არს ჩუენთჳს სამართალი ძმათა შორის ჩუენთა, ხოლო უფალმან იზრუნოს თჳთ ამათთჳს, რომელმანცა თქუა: „ეკრძალენით, ნუ ვინმე დააბრკოლოთ ერთი მცირეთაგანი, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“. და აწ თქუენ, ძმანო თეოდორე და ქრისტეფორე, ძლევა-შემოსილნო, ექმნენით ამათ მზარდულ კეთილ ნებისაებრ ღმრთისა!“

ხოლო მათ აღუთქუეს და თავს იდვეს მოღუაწებაჲ მათი. მაშინ ჰრქუა მათ ნეტარმან გრიგოლ: „ძმანო, უფროჲს არს ესე ყოველთა სათნოებათა თქუენთა, რაჲთა თუალნი თქუენნი იყვნედ მარადის ამათ ზედა და გეჴსენედ დიდებულებაჲ მშობელთა ამათთაჲ და სარწმუნოებაჲ მათი ქრისტჱს მიმართ, და ჩუენ გლახაკთა მომართ, ვითარ იგი მათ ქრისტჱს სიყუარულისათჳს შვილობისა სიყუარული დაივიწყეს და ჴელითა ჩუენითა უფალსა მსხუერპლად მიუპყრნეს და ჩუენ, უცხოთა, ვითარცა ძმათა თჳსთა, სასოებით მოგუანდვნეს. აწ ვითარცა წარმოვიყვანენით მშობელთაგან უბიწონი დასამარხველად წმიდად, ეგრჱთვემცა ჰპოვებს ქრისტე, რაჟამს ითხოვდეს ჴელთაგან ჩუენთა სამკჳდრებელად თჳსად!“

და რაჟამს მოიწინეს ხანძთას, ფრიად განიხარეს ძმათა, ქრისტჱს მიერ კრებულთა, მათ საღმრთოთა სულიერისა მამისა და ძმათა მათ მოსლვაჲ. ხოლო დრტჳნვაჲ იყო მათ შორის ყრმათა მათთჳს მოყვანებისა. და მოვიდეს წინაშე მამისა გრიგოლისა და ჰრქუეს: „წმიდაო მამაო, მოციქული იტყჳს: „სრულმან სიყუარულმან შიში განდევნოს“-ო. უკუეთუ ბრძანოს სიწმიდემან შენმან, უშიშად ვიტყოდით, რომლისათჳსცა მოსრულ ვართ“.

ხოლო მან ჰრქუა: „ძმანო, ჭეშმარიტად ძირ-მტკიცე არს ჩუენ შორის სიყუარული, და შიში არა არს მას შინა. ბრძანეთ, რაჲცა გნებავს“. ხოლო მათ ჰრქუეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოიყვანენ, და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენ ზევე გამოეჴუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩუენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩუენი ჟამისა ამისთჳს, არამედ გარეშე წესისა არს საქმჱ ესე, და აწ ესე არს სიტყუაჲ ჩუენი, წმიდაო ღმრთისაო“.

ვითარცა ესმა კეთილი იგი გულის-სიტყუაჲ, ცხადად განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ და ჰრქუა მათ: „ჵ ძმანო სანატრელნო, ნუ იყოფინ ჩემდა წესისა მის პირველთა წმიდათა მამათაგან შეკრებულისა ცვალებაჲ ჴორციელისა რაჲსამე მიზეზისათჳს, არამედ ჭეშმარიტსა ვიტყჳ წინაშე ღმრთისა, რამეთუ არა ოდეს გასმია ნაცილი სიტყუაჲ პირისაგან ჩემისა. ესრჱთ არს ყრმათა ამათ მოწევნაჲ აქა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმჱ ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრჱთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისაო. აწ უკუე შემძლებელ ვართა ცილობად უფლისა ბრძანებასა? „რამეთუ უნებელი ზედა მაც“ სიტყჳსაებრ მოციქულისა: „უკუეთუ არა ვახარებდე, ვაჲ არს ჩემდა“. ხოლო თქუენ ნეტარ ხართ, რამეთუ უფალმან გამოგირჩინა ამათ მონათა თჳსთა. არამედ თჳნიერ ესევითარისა მიზეზისა, უკუეთუ ვინმე ცვალოს წესი პირველი და ყრმაჲ მოიყვანოს ყოფად მონასტერსა ამას, პატიჟეულ იყოს იგი ფრიად დიდებულსა მეორედ მოსლვასა უფლისა და ღმრთისა ჩუენისასაჲ!“

ხოლო ძმანი იგი დაჯერებულ იქმნნეს და აღეშჱნნეს ამას ზედა და ჰმადლობდეს ქრისტესა, მოქმედსა საკჳრველებათასა. მაშინ თეოდორე და ქრისტეფორე, რამეთუ სენაკნი მათნი ერთგან იყვნეს და სხუათა ძმათაგან განშორებულ, წარიყვანნეს ღმერთ-შემოსილნი იგი ყრმანი, სულიერთა მათ მამათა, სენაკად თჳსად, მცნებისაებრ ნეტარისა მამისა გრიგოლისსა და აღზარდნეს კეთილად ნაცვალად სძისა ღმრთისა მადლითა.

თავი XXIV

მას ჟამსა ბაგრატ კურაპალატმან, ნებითა ღმრთისაჲთა და ნებითა ძმათა თჳსთაჲთა და ბრძანებითა ბერძენთა მეფისაჲთა, მოიღო კურაპალატობაჲ ნაცვალად აშოტ კურაპალატისა მამისა თჳსისა, რამეთუ მიეცა მას ფლობაჲ ჴელმწიფებისაჲ ზეგარდამო. და ძმანი მისნი ყოველნი და დიდებულნი ჴელმწიფენი - ადარნერსე უხუცჱსი, და გუარამ მრწემი, - მშუვალესა მას ძმასა მორჩილ ექმნნეს საღმრთოჲსა ძმობისა სიყუარულითა, რამეთუ ერთზრახვა, ერთსულ და ერთნება იყვნნეს იგინი.

ხოლო ბაგრატ უმთავრჱს მათსა იყო სიბრძნითა, სახითა, და სიქველითა და ყოვლითა ღმრთისა-მსახურებისა სისრულითა, რამეთუ მსგავსი იყო წინაჲსწარმეტყუელისა დავითისი და ნეტარისა ბაგრატ მოციქულისა და მღდელ-მოწამისა, მოწფისა წმიდისა პეტრე მოციქულისაჲ, ყოვლითავე კეთილად-მსახურებითა. და მადლითა ქრისტჱსითა განდიდნა მეფობაჲ სამთა მათ ძმათა ჴელმწიფეთაჲ, რამეთუ შეწევნითა ღმრთისაჲთა ჴრმლითა მათითა დაიპყრნეს ფრიადნი ქუეყანანი და განიოტნეს აგარის ნათესავნი.

ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიიწია წინაშე დიდებულისა ბაგრატ კურაპალატისა და ჯერისაებრ შესხმაჲ კურაპალატობისაჲ. მიულოცა. ხოლო ქებაჲ იგი შესხმისაჲ, ჟამისა მის ბრძენთა მიერ შეუცავი, ფრიად სთნდა კეთილად-მსახურსა კურაპალატსა და ჰრქუა მას: „ჵ წმიდაო მამაო, ღმერთმან შეგამკო სიბრძნითა, ჰასაკითა და სულითა წმიდითა ჴსნისა ზღუდედ ჩუენდა, შუამდგომელად შორის სიკუდილისა და ცხორებისა, რომლითაცა ვრცელ იქმენ ყოველსა ამას ქუეყანასა თანა ზრუნვითა და საღმრთოჲთა მოღუაწებითა შენითა. ხოლო მე თანა მაც სიყუარული და პატივი მამობისა შენისაჲ. აწ ბრძანენ სიწმიდემან შენმან მეფობისა ჩუენისაგან მსახურებაჲ ღირსებისა შენისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიერ მონაწილე ხარ ჩუენ თანა, შვილთა აშოტ კურაპალატისათა“.

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილად-მსახურო მეფეო, უმეტჱს და უფროჲს კეთილად-მსახურისა მამისა შენისა ფრთეთაგან საუფლოჲსა ჯუარისათა შეცვულო, მარჯუენაჲ დამბადებლისაჲ და წმიდათა ოხაჲ მარადის გფარავს. და მცველი იგი დაუძინებელი ყოვლადვე მცველ არს შენდა, და ნათელი დაუღამებელი უძღჳს მეფობასა შენსა, და არა საჴმარ არს მისსა ბრწყინვალებად სანთლისაჲ, გარნა მრუმეთათჳს ხოლო. არამედ მე გულს-მოდგინედ ლოცვაჲ შენი მიპყრიეს, რაჲთა არა მოგაკლდეს კეთილი საქმჱ მეფობისა მიზეზთაგან. არამედ აწ ამას ვითხოვ შენგან; არს აშოტ კურაპალატისა შეწირული აგარაკი ხანძთას და იქმნების კეთილად მონასტრად. უკუეთუ მიბრძანოს მეფობამან შენმან, აღვაშჱნო სადიდებელად ღმრთისა და საცხორებელად სულისა შენისა, და ვიდრე ეგოს ცაჲ ქუეყანაჲ, ეგოს მას შინა ლოცვაჲ შენთჳს!“

თავი XXV

მაშინ სიხარულით უბრძანა ბაგრატ კურაპალატმან შჱნებაჲ მისი და მისცა ყოველივე საჴმარი საშჱნებელად. და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაჲ გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლთა მისთა მდინარითა ირწყვოდა ადგილი იგი, იტყოდა რაჲ ლოცვასა ამას: „მეუფებითა სუფევისა შენისაჲთა, ღმერთო, უშრომელად დაჰბადენ დაბადებულნი ყოველნი და ჴელმწიფებით განმგებელ ხარ ყოველთა ქმნულთა შენთა, რამეთუ ცათა შემოქმედი, და ანგელოზთა დამბადებელი, და ქუეყანისა დამამტკიცებელი, და ზღუათა დამამყარებელი, და წულილადთაცა საქმეთა მოქმედვე ხარ, ვითარცა თქუა დავით: „არა თუმცა უფალმან აღაშჱნა სახლი, ცუდად შურებიან მაშჱნებელნი მისნი“. აწ, უფალო, იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ლოცვისა ჩუენისასა და აკურთხე ადგილი ესე მადლითა შენითა და აღაშჱნე მონასტერი განსასუენებელად სიწმიდისა სამკჳდრებელთა შენთა და მოეც ამას სახელი კეთილად სახელოვანი შორის თესლებსა მრავალსა სადიდებლად შენდა, ყოველთა მეუფეო, უხილავად შეწევნითა ძლიერისა მკლავისა შენისაჲთა, და განანათლე ნათლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და წმიდათა ყოველთაჲთა დაიცევ უკუნისამდე ჟამთა, ამჱნ“.

და ჯუარი დასწერა ადგილსა მას ჩინებულსა და იწყეს საქმედ ეკლესიისა და სენაკებსაცა. და ესრჱთ დღითი-დღე აღორძინდებოდა იგი კეთილად. და იქმნა ღელე გლოვის მტერთა მათ უხილავთა და ხილულთა, ხოლო ნავთსადგურ ცხორების ქრისტჱს სამწყსოთა მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა ქრისტეანეთა მართლ-მორწმუნეთაჲსა. მსგავსად ხანძთისა ღმრთისა მიერ ზეგარდმო ჩინებულისა, ეგრჱთვე შატბერდი აღეშჱნა საღმრთოჲთა შეწევნითა და ლოცვითა ნეტარისა მის კაცისაჲთა, რომელმანცა შეაერთნა ორნივე იგი უდაბნონი ერთად შენაწევრებულნი და შემტკიცებულნი ძმობრივსა ზედა სიყუარულსა, ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.

ამისა შემდგომად უწოდა კურაპალატმან წმიდასა მას. და ვითარცა მიიწია მის წინაშე, ყოველი აუწყა კეთილად განმარჯუებაჲ მონასტრისაჲ მის ქრისტჱს მიერ. მაშინ უბრძანა ადგილნი მარჯუენი აგარაკად შატბერდსა, და ყოველი, რაჲცა უჴმდა, მისცა მისთჳს სრულიად საშჱნებელად.

თავი XXVI

მას ჟამსა ნეტარსა გრიგოლს გულმან უთქუა ჴსენებაჲ საბან იშხნელისაჲ და აუწყა ყოველი პირველ ყოფილი ღმრთის-მსახურსა კურაპალატსა. ხოლო მას ვითარცა ესმა, ფრიად განიხარა და მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას. ხოლო მივლინებულნი იგი მოვიდეს და აუწყეს კურაპალატსა, ვითარმედ არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსლვაჲ აქა. მაშინ ბრძანა კურაპალატმან გზათა იშხნისათა საქმჱ, რამეთუ მახლობელად იყო ჟამსა მას და ჰრქუა ნეტარსა მამასა გრიგოლს: „განუგებელად ვქმენ, რამეთუ წიგნი არა მიწერად გეც. აწ ვითარ წეს-არს, მიუწერე”. და თჳთ კუალად დაწერა წიგნი სხუაჲ და წიგნიცა მამისა გრიგოლისი წარსცა. ხოლო ნეტარი საბან დაემორჩილა მეორედ ბრძანებასა კურაპალატისასა და უფროჲს ხოლო წიგნსა მამისასა.

და მივიდა მათდა სასურველი იგი კაცი ღმრთისაჲ მოსურნეთა მათ თანა. ხოლო კურაპალატი წინა-მიეგება და პატივით მოიკითხა, და მან კურთხევით ულოცა. და ვითარ დასხდეს, ჰრქუა კურაპალატმან წმიდასა მას: „ჯერ-არს ჴელმწიფეთა მორჩილებაჲ, რაჲსათჳს არა მოხუედ პირველსა წოდებასა, წმიდაო მამაო?“. ხოლო მან ჰრქუა: „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაჲ, შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნოჲ მეუფჱ და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი მეუფჱ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს შენსა ჯერ-არს სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ: „ვერვის ჴელ-ეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ“. არამედ აწ სიტყჳთა ძმისა და მოძღურისა ჩუენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა“.

ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „სამართლ არს სიტყუაჲ შენი, წმიდაო, არამედ უმჯობჱს არს განათლებაჲ სულთა მრავალთაჲ სასანთლესა ზედა განბრწყინვებითა შენ, ბრწყინვალისა სანთლისაჲთა. ვითარცა ჰრქუა ქრისტემან მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ ვითარცა მცხინვარებაჲ მზისაჲ განანათლებს ცასა ქუეშე მყოფთა, „ეგრჱთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“.

ამისა შემდგომად კურაპალატი მივიდა იშხანს და ნეტარნი იგი კაცნი მამაჲ გრიგოლ და მამაჲ საბა თანა. და ფრიად შეუყუარდა კურაპალატსა ადგილი იგი, არამედ რაჲსაღა განვაგრძობ სიტყუათა? ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშჱნებულსა კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისსა, რომელი წელიწადთა მრავალთა დაქურივებულ იყო. აწ კუალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშჱნა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა ღმრთის-მსახურთა მათ მეფეთაჲთა.

და რაჟამს მამაჲ გრიგოლ სტუმრად მიიწიის იშხანს, ეპისკოპოსმან საყდარსა იგი დასჳს, და თჳთ თანა დაჯდის, რამეთუ არა თავს იდვის ურჩებაჲ ნეტარისა გრიგოლისი, ვინაჲთგან მოძღუარ და უზეშთაჱს იგი იყო. და ესრჱთ წარემართა იშხანი კეთილად ვიდრე აქამომდე და უკუნისამდე.

თავი XXVII

არამედ აწ კუალად პირველსავე სიტყუასა მივიდეთ. რამეთუ ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ პიტივ-ცემულ იყო ზეგარდამო ღმრთისა მიერ. და ჟამთა მისთა არავინ ურჩ იყო სიტყუათა მისთა, უფროჲს ხოლო ჴელმწიფენი მის ჟამისანი. ხოლო იყო ჟამი, რომელსა ერთგან იყვნეს ძმანი იგი დიდებულნი, და ნეტარმან მან გულსმოდგინედ მოაჴსენა, რაჲთამცა ბრძანეს და იხილნეს მისნი იგი შჱნებულნი მონასტერნი და ყოველნი კლარჯეთისა უდაბნონი. ხოლო მათ ისმინეს მოჴსენებაჲ წმიდისაჲ მის, რომელიცა წინა წარმოუძღუა მთავართა მათ. და პირველად მიიყვანნა შატბერდს, და ფრიად შეუყუარდა ადგილი იგი და შეწირეს მრავალი შესაწირავი ჴელმწიფეთა, და აზნაურთა და ყოველმან ერმან. მაშინ მოღუაწედ შატბერდისა გამოჩნდეს დიდებულნი აზნაურნი. და რაჟამს წარმოვიდეს შატბერდით ჴელმწიფენი იგი და ნეტარი გრიგოლ წინა-უძღოდა მათ, მაშინ მოვიდა ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი, ღირსი და სასწაულთამოქმედი, და პატივით მოიკითხეს ჴელმწიფეთა მათ და თანა წარმოიყვანეს, და მოიწინეს ჯმერკს და ბერთას წმიდისა ღმრთისმშობლისა ეკლესიათა და დაბასა წმიდისა მოწამისა გიორგის ეკლესიასა. ხოლო დოლის-ყანაჲ მონასტრად უკუანაჲს იქმნა. და მოილოცნეს წმიდანი ადგილნი და ფრიადი განუყვეს განსაყოფელი, რამეთუ სამთა მათ ჴელმწიფეთა აქუნდეს დიდნი შესაწირავნი. და მიიღეს მადლი ლოცვითა ამათ ნეტართა მამათაჲთა.

და მოიწინეს ოპიზას და განმხიარულდეს მადლითა ნათლის-მცემელისაჲთა და ლოცვითა ნეტართა მათ კაცთაჲთა და აჩუენეს მოღუაწებაჲ ძლიერი შესაწირავთა მიცემითა, და წარემართნეს ხანძთად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ წინამძღუარნი იგი მონასტერთანი თანა-წარმოიყვანნა მის თანა და მოვიდეს ხანძთად საყოფელსა დიდისა მოწამისა გიორგისა. და უმეტჱს განკჳრდა გონებაჲ ჴელმწიფეთაჲ მათ, რაჟამს იხილნეს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი უფიცხლჱსსა მონაზონებისა კანონსა, რამეთუ იყვნეს იგინი ვითარცა ზეცისა ანგელოზნი და პირველად მტერთა ძლევისა საჭურველი მიიღეს ოხითა წმიდისა გიორგისითა და შემდგომაც ლოცვითა მათ სანატრელთაჲთა, ჴორცითა სულთა თანა განათლდეს. რამეთუ იხილეს ადგილიცა იგი ნაყოფთაგან უღუაწი, უფროჲსი მიანიჭეს კეთილთა მათგან შესაწირავი. და ჟამსა მასვე მოიწია წინამძღუარი მიძნაძოროჲსაჲ დიდი მამაჲ სანატრელი დავით, მაშჱენებელი მონასტერთაჲ, და მოწაფენი მისნი, ნეტარნი, ილარიონ, მამაჲ და მაშჱნებელი წყაროჲსთავისაჲ, რომელიცა კათალიკოზ იქმნა მცხეთას, და მამაჲ ზაქარია, მაშჱნებელი ბარეთელთისაჲ, წინა-მიგებებად ჴელმწიფეთა მათ. და ვითარცა იხილეს მფლობელთა მათ შეკრებაჲ იგი წმიდათა მამათაჲ, იყვნეს რაჲ მსგავს წმიდათა უჴორცოთა, განიხარეს. რამეთუ ესმოდეს მათგან მოძღურებანი საღმრთოჲსა მცნებისანი, რომლისათჳსცა თქუეს დიდთა მათ ხელმწიფეთა: “წმიდანო მამანო, ვინაჲთგან გიხილენით თქუენ, დაგუავიწყდა მებრ თუ ქუეყანასა ზედა ვართ ჩუენ, არამედ ვჰგონებთ, ვითარმედ ზეცას წმიდათა ბანაკსა დამკჳდრებულ ვართ. რამეთუ თქუენ სულითა მარადის წინაშე ღმრთისა მდგომარე ხართ, და სადაცა არიან საყოფელნი თქუენნი, მუნცა არიან გულნი თქუენნი, არამედ იყავნ მეოხებაჲ თქუენი ჩუენ ზედა აქა და საუკუნესა!“

ხოლო წმიდათა მათ ფრიადითა ლოცვითა შეჭურნეს და აკურთხნეს ჴელმწიფენი იგი და ჰრქუეს: „ღმრთის-მსახურნო მეფენო, ჭეშმარიტად გულნი თქუენნი ჴელთა შინა ღმრთისათა არიან, რომელმანცა ჩუენ, გლახაკთა, გულსა ნუგეშინის-სცა პირითა თქუენითა და კეთილთა თქუენთა უხუად მონიჭებითა. და თქუენ მოგცა უფალმან დანერგვაჲ უკუდავთა ჴელმწიფეთა წმიდათა ეკლესიათა მოკუდავითა მეფობითა. და შეწევნაჲცა მათი უხილავად საჭურველ-ყო თქუენდა უფროჲს ხილულთა საჭურველთა და უმრავლჱს ბევრთა მჴედართა. და ესე უწყოდეთ, რამეთუ სულიერად განწყობილნი ლაშქარნი თქუენნი ესე წმიდანი, უდაბნოთა მამანი, არიან ჴორციელად განწესებულთა ლაშქართა თქუენთა სიმტკიცენი და საჭურველნი ყოველთა მორწმუნეთა მეფეთანი მწყობრთა შინა წყობისათა თქუენდა, უმეტჱსად ამისთჳს, რამეთუ მეფობისა სიმაღლესა თანა გაქუს თქუენ ქრისტჱს მიმსგავსებული სიმდაბლჱ და მოღუაწებაჲ წმიდათა ეკლესიათაჲ, და ნუგეშინის-ცემაჲ გლახაკთაჲ და ყოვლისა ერისა სიმართლით განკითხვაჲ სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარმედ: „ნუ თუალ-ხუმით შჯით, არამედ საშჯელი სამართალი საჯეთო“. რაჲთა ქუეყანისა ამის მეფობასა თანა მოიღოთ ზეცისაცა მეუფესა თანა მკჳდრობაჲ უოხჭნოჲ. და მოგეცინ ქრისტემან დიდებაჲ სრული ზეცისა და ქუეყანისაჲ, რაჲთა სიტკბოებით მოხსენებაჲ ჩუენი არა ოდეს უდებ ჰყოთ ვანის მყოფთა ამათთჳს. გულის-ხმა ყავთ, ვითარცა იგი აბრაჰამ მამათ-მთავარმან და დავით წინაჲსწარმეტყუელმან სწორად მეჰომეთა მისცა ნატყუენავთა მათგან ნაწილი, ეგრჱთვე კეთილთაგან თქუენთა გლახაკნი და ეკლესიანი ნაწილეულ არიედ მარადის, ვითარცა ლევიტელთათჳს უფალი ბრძანებს: „ნაწილი მათი მე ვარო“. ეგრჱთცა გლახაკთა ნაწილი თქუენ მიერ განწესებულ არს, რაჲთა ნაცვალად უფალი მოიგოთ სასოდ ორისავე ცხორებისა, რამეთუ გლახაკთა არაჲ აქუს თჳნიერ ღმრთისა სახიერისა მოწყალებისაჲ”.

თავი XXVIII

ამისა შემდგომად მამისა გრიგოლისთჳს ზრახვა ყვეს ეპისკოპოსისა მის თანა წმიდათა მამათა, რაჲთა დაადგინონ გრიგოლ არქიმანდრიტად ყოველთა კლარჯეთისა უდაბნოთა ზედა და მოაჴსენეს ჴელმწიფეთა მათ. ხოლო მათ ფრიად განიხარეს და ერთობით დიდითა დაპატიჟებითა მოღუაწებისა მის საქმედ დაადგინეს. და მრავალთა წელიწადთა ვიდრე გარდაცვალებამდე განაგებდა წმიდათა მათ მამათა წესსა კეთილად.

ხოლო ჴელმწიფეთა მათ მოილოცნეს მიძნაძოროჲ, წყაროჲსთავი, და ბარეთელთაჲ და ადგილნი მათნი, და მუნცა მისცეს შესაწირავი და მიიღეს მადლი წმიდათა მათ ეკლესიათაგან და ნეტართა მამათა ღირსთა და წმიდათა მოღუაწეთაგან. და ყოველთა მათ უდაბნოთა ზღვარნიცა გან-ვე-უთჳსნეს. და წარსლვასა მათსა თანა წარიყვანეს ნეტარი გრიგოლ, და ადარნერსე ჴელმწიფემან ძჱ თჳსი გურგენ ნათლითა მისცა მას. და რამეთუ ბაგრატ კურაპალატისა ძჱ, დავით კურაპალატი, ნეტარისა მამისა გრიგოლისვე აქუმული იყო, ორნი ესე ჴელმწიფენი - დავით კურაპალატი და გურგენ კურაპალატი - რომლისათჳსცა გარდაცვალებისა ჟამსა ანდერძ ეყო გურგენ კურაპალატსა, ვითარმედ: „ნათლისმამისა ჩემისა ძუალთა მახლობელად დამდევით ფერჴთა თანა მისთა და სხუათა მათ მამათა ძუალნი ჩემ ზედა დაუსუენენით“, რომელ ყვესცა ეგრჱთ. არამედ შემდგომად გურგენ კურაპალატისა, ძემან მისმან, აშოტ ერისთავთა ერისთავმან, ხანძთას ახალი ეკლესიაჲ დაიწყო წადიერად და ურიცხჳ შესაწირავი გარდაჰმატა მას.

ხოლო იყო ჟამსა მას ხანძთას წინამძღურად მამაჲ არსენი, ნათესავით აზნაური. ამისითა განზრახვითა იქმნა დაწყებაჲ ახლისა მის და შუენიერისა ეკლესიისაჲ ფიცხელსა მას კლდესა ზედა, რომელიცა ფრიადითა შრომითა და ქვითა-კირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრჱთ შეჰრაცხეს შემზადებაჲ ადგილისაჲ მის, ვითარმცა სრულიად აღეშჱნა. არამედ აკურთხენ ქრისტემან ამონა, სიბრძნით სრულიად მაშჱნებელი, და შემწენი ყოველნი, რომელთაგან კეთილად განემარჯუებოდა შჱნებაჲ ეკლესიისაჲ მის. ხოლო ქვაჲ და კირი ფრიად შორით მოაქუნდა ძნელთა მათ გზათა კაცთა ზურგითა, და ყოველი სასწორითა იწონებოდა, რამეთუ იყიდდეს მაშჱნებელნი იგი.

მას ჟამსა გარდაიცვალა ღმრთის-მსახური იგი ჴელმწიფჱ, წმიდათა ეკლესიათა მაშჱნებელი და მონაგებთა შემწირველი და გლახაკთა მოღუაწჱ, და დაემარხა ხანძთას არსენის გზითა და ძისა მისისა მცხუედისაჲთა. არამედ მამაჲ არსენი და ჯიბრილისა ძმაჲ, სანატრელი იოვანე, ახლისა ეკლესიისა განმასრულებელი, ორნივე ესე ხანძთას მამობასა შინა აღესრულნეს. ქრისტემან განსუენებაჲ მიეცინ მათ!

ხოლო გურგენ, ძმისწული აშოტისი, დიდი იგი ჴელმწიფჱ ფრიადთა ნათესავთაჲ, ღმრთისა მიერ დაჯდა ერისთავთა-ერისთვად და მან განასრულა ეკლესიაჲ იგი ახალი ხანძთისაჲ და მის თანა ყოველთა დიდებულთა ჴელმწიფეთა, და აზნაურთა, და ყოველმან ერმან მორწმუნეთამან; და უფალმან კეთილი მოუკლებელი მიეცინ ყოველთავე!

თავი XXIX

არამედ აწ კუალად ნეშტი იგი პირველი განვაახლოთ. რამეთუ რაჟამს განდიდნა სახელი ნეტარისა მამისა გრიგოლისი და მიიწია ქართლად და ესმა სანატრელსა დედასა მისსა დიდებულებაჲ ძისა თჳსისაჲ, რამეთუ იყო იგი ცოცხალ და მიწევნულ მოხუცებულებასა, მას ჟამსა განმხიარულდა სულითა და განძლიერდა ჴორცითა და მადლი შეეწირა ქრისტესა, რომელმან კეთილი სახარებაჲ ისმინა ძისა მასისაჲ ყოვლად-კეთილისაჲ, ჴორციელად სიქადულისაჲ და სულისა მისისა გჳრგჳნოსან-მყოფელისაჲ, რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა შვილად და თჳნიერ მისისა შობისა მამაკაცი არღარა იცოდა, არამედ სიწმიდით დადგრომილ იყო ლოცვასა შინა და მარხვასა და მარადის შიშსა ღმრთისასა.

ხოლო გული მისი იგლოვდა ძისა თჳსისა განშორებისათჳს, არამედ სიხარულისა ჴმამან განამტკიცა და მიცვალებულთა მისთათჳს, რომელ გულის-კლებაჲ აქუნდა, დაავიწყდა ამით ნუგეშინის-ცემითა, და მსწრაფლ ხოლო წარმოვიდა საჴედრითა. და თანა იყვნეს მსახურნი მისნი, მამანი და დედანი. და მოიწია დედისა ფებრონიაჲსსა მერეს. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და მსწრაფლ ხოლო აუწყა წიგნითა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო წმიდაჲ იგი, ძჱ უბიწოჲ, მალიად მივიდა დედისა წინაშე მორწმუნისა და თაყუანისცა მას და ქრისტჱს- მიერი კურთხევაჲ და მშჳდობაჲ მისცა. ხოლო იგი სიხარულითა მოეგება ძესა თჳსსა, ჰამბორს უყოფდა და ეტყოდა: „შვილო ჩემო ტკბილო, გიხილე, რომლისათჳსცა მსუროდა, რამეთუ ხილვითა შენითა განმეშორნეს ყოველნი იგი პირველნი ტკივილნი“, და მრავალფერითა სიტყჳთა განგრძობილად იყო უბნობაჲ მათი.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა: „შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ, დედაო ჩემო, არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე, გარნა ნებასა ღმრთისასა ესრჱთ სათნო უჩნდა, ვითარცა აწ იქმნა. ხოლო შენ ცხორებასა ამას წუთსა არაჲ გაკლდა ჴორცელად და სულიერად, ვიდრე აქამომდე, არამედ აწ თანა მაც მოღუაწებაი შენი სულიერად და ჴორციელად მცნებისაებრ უფლისა, რომელსა ბრძანებს პატივისათჳს მშობელთაჲსა. და სიბრძნესა წერილ არს: „შვილო მიაგე მშობელთა შენთა, რაჲ იგი მოგაგეს, რამეთუ თჳნიერ მათსა შენმცა არა იყავ“. და კუალად იტყჳს: „საგმობელ არს, რომელმან შეურაცხ-ყოს მამაჲ თჳსი, და წყეულ არს უფლისაგან, რომელმან განაწყოს გული დედასა“, რამეთუ „კურთხევამან მამისამან და დედისამან დაამტკიცნის სახლნი უკუნისამდე, ხოლო წყევამან მათმან აღჰფხურნის სრულიად“. და პავლე ესრჱთვე მრავალ-გზის ამცნებს მშობელთა პატივის-ცემასა ყოველთა და აწ ესე სიტყუანი და მსგავსნი ამათნი გუესმიან ღმრთივსულიერთაგან წიგნთა სასწავლებლად მორწმუნეთა. ხოლო მე, მადლითა ღმრთისაჲთა, კურთხევაჲ შენი დავიმჳდრო, ვითარცა შვილმან მშობლისა მოყუარემან მორჩილებით მსგავსად ძალისა, ნებისაებრ გულისა შენისა“.

და ფრიად ნუგეშიანს სცა მას ნეტარმან მან ღმრთისა კაცმან და აღაშჱნა ფრიად სანატრელი იგი მოხუცებული. და მან პირველად აკურთხა ღმერთი და მერმე ძჱ იგი თჳსი და თანამოსრულნი იგი სახლეულნი თჳსნი შეჰვედრნა და ჰრქუა: „ჩემდა მსგავსად ესენი გვედიან, შვილო, რომელთა გულს-მოდგინედ მსახურებაჲ ჩემი თავს იდვეს“. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: «მოციქული იტყჳს:“უკეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲს სახლეულთა არა იღუწიდეს, ეგევითარსა მას სარწმუნოებაჲ უვარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოთა უძჳრჱს“. ხოლო მე თანა მაც, დედაო, ბრძანებისა შენისა სმენაჲ და ზრუნვაჲ ყოველთა ამათ შენთა საურავთაჲ”. და ვითარცა ჯერ იყო, დაიურვნა ყოველნი კეთილად.

მაშინ ნეტარმან დედამან ფებრონია ჰრქუა მოხუცებულსა მას სარწმუნოსა:“ღმრთის მოყუარეო დედაო, შვილისა შენისა და ძმისა ჩემისა გრიგოლის თანა მე ვარ აწ შვილი შენი. და არა დაგაკლდეს ჩუენგან მსახურებაჲ ყოვლადვე, რამეთუ გხედავ შენ ვითარცა ანნა წინაჲსწარმეტყუელსა, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისაგან უფლისა დღე და ღამე ლოცვითა და მარხვითა. ეგრეცა შენ მცნებათა ღმრთისათა დამტკიცებული ჰგიე მარადის და ნაყოფისაგან საცნაურ არს სიკეთჱ ხისაჲ”. ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდათა მათ.

მაშინ ნეტარმან გრიგოლ ჯერისაებრ განაგო ცხორებაჲ დედისა თჳსისაჲ და მისთანათაჲ მათ. და მსახურსა ვისმე დედაკაცსა დედისა თჳსისასა ქმარი უსუა, და ბასილი, მამაჲ ხანძთელი, მისგან იშვა, რომელიცა ფრიადთა წელიწადთა წინამძღურობდა ხანძთას კეთილად ვიდრე სიკუდიდმდე და მისლვად მისა წინაშე უფლისა. არამედ შემდგომად ჟამთა მრავალთა სანატრელი მშობელი მამისა გრიგოლისი გარდაიცვალა მერეს შინა და მივიდა უფლისა, რომლისაცა სუროდა.

ხოლო ნეტარმან გრიგოლი დაიღუაწა სული მისი და დიდებაჲ შეწირა ღმრთისა, რომელმანცა მოჰმადლა მას კეთილად-მსახურებაჲ დედისა თჳსისაჲ და სრულიად კურთხევაჲ მისგან მიიღო.

თავი XXX

არამედ თეოდორე და ქრისტეფორე, სანატრელთა მათ დიდთა მამათა, რაჟამს იხილნეს განჭაბუკებულნი და სრულნი სიბრძნითა და ჰასაკითა ღირსნი იგი ღმრთისანი არსენი და ეფრემ, გულპყრობილ იქმნნეს ფიცებისაგან მამისა გრიგოლისა, რომლისადა აღეთქუა, ვიდრე ყრმათა მათ აღორძინებადმდე არა განეშორნეს მათგან.

მაშინ ფარულად ხანძთით ღამე გამოვიდეს, და ძმანიცა ვინმე თანა წარიყვანეს და კუალად წარვიდეს კერძოთა ქართლისათა, რამეთუ უფალი უწოდდა მათ უხილავად ბრძანებით და აღაშჱნებდა წმიდათა მათ მონასტერთა მათ მიერ ნეძუსა და კჳრიკე-წმიდისასა. ხოლო ნეტარსა გრიგოლს ეუწყა უფლისა მიერ, რაჲთა არღარა დააბრკოლნეს გულს-მოდგინებისა მისგან მათისა, არამედ თანამდგომ ექმნეს კეთილსა მას საქმესა. და ძიება-ყო მამამან გრიგოლ და პოვნა იგინი სამცხეს და აბრალა ფარულად წარსლვაჲ მათი.

ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქუეს: „შენდობა იყავნ ჩუენდა, წმიდაო მამაო, რამეთუ ამის მიზეზისათჳს იქმნა გამოსლვაჲ ჩუენი ხანძთით, რაჲთამცა ნაყოფი რაჲმე ნაწილ ჩუენდა ჩნდა ახლად შჱნებითა მონასტერთაჲთა“. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ არს განზრახვაჲ ეგე თქუენი ნებითა ღმრთისაჲთა, არამედ მე თანამონაწილე მყავთ გულს-მოდგინებასა მაგას, რამეთუ არა ვარ მახრწეველ კეთილისა“. და წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა, არეთა მათ უდაბნოთა, და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშჱნეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თეოდორჱს ვანსა ნეძჳ, ხოლო ქრისტეფორჱსსა კჳრიკე-წმიდაჲ და მოწაფენი დაუტევნეს.

და სამნივე ესე ნეტარნი: გრიგოლ და თეოდორე და ქრისტეფორე, წარმოვიდეს ხანძთად ძმათა განყოფად ჯერისაებრ. და ვითარცა მოიწინეს კრებულსა მას თანა, ღმრთისა სათნოსა, და მოიკითხნეს იგინი, სიტყუად იწყო ნეტარმან გრიგოლ ძმათა მათ მიმართ: „ერნო ქრისტჱსნო, ისმინეთ ჩემი! პირველად ჩუენ ზოგად მოვიწიენით უდაბნოსა ამას წმიდასა მე, გლახაკი გრიგოლ, და საბან, იშხნისა ეპისკოპოსი, და თეოდორე და ქრისტეფორე, ოთხნი ესე, და მრავალთა წელიწადთა ვითარცა მოწაფენი მორჩილ იყვნეს ჩემდა ვიდრე ჟამადმდე ღმრთის-წოდებისა დიდნი ესე მამანი სათნონი ქრისტჱსნი. და ოდეს ინება ქრისტემან, საბა ეპისკოპოს-ყო იშხანსა ზედა, და წარიყვანნა მან ძმანი აქაჲთ. ხოლო აწ ქრისტე აღაშჱნებს ორთა მათ მონასტერთა ფრიად კეთილთა ქართლს შინა თეოდორჱს და ქრისტეფორჱს მიერ. და ვითარცა იგი ჴორციელად-მშობელთა მონაგები შვილთა განუყვიან, ეგრჱთვე ხანძთაჲ სულიერად-მშობელი არს ჩუენ ყოველთაჲ. დაღაცათუ ხატი მონაზონებისაჲ გუაქუნდა პირველ მოსლვისა, ხოლო კურთხევაჲ ყოველი აქა მოგჳღებიეს ჩუენ. და აწ ამათ, შვილთა თჳსთა, ჴელითა ჩემითა ძმათა უბოძებს, რაჲთა ახლად შჱნებასა მათსა უზრუნველ იყვნენ კეთილად-გამოცდილთა მონაზონთა თანადგომითა, და რაჲთა მტკიცედ ეგოს სულიერი სიყუარული ჩუენ მიერ აღშჱნებულთა მონასტერთაჲ“.

და ვითარცა სიტყუანი ესე დაასრულნა, უბრძანა შემოკრებაჲ ძმათა ყოველთაჲ. და თეოდორჱს და ქრისტეფორჱს განზრახვითა გამოირჩინა მათ შორის ძმანი ათსამმეტნი ხანძთისათჳს საუხუცესოდ, და სხუანი ყოველნი სწორად განყვნა სამად გუნდად, რამეთუ შატბერდისა ხუედრნი წარეგზავნნეს პირველვე შატბერდსა. და უბრძანა აღთქუმისაებრ წილით განყოფაჲ. ხოლო თეოდორე და ქრისტეფორე განმხიარულდეს, არამედ მცირედ მკსინვარებაჲ იყო მათ შორის, რამეთუ ეფრემ და არსენი გრიგოლის ნაწილსა იყჳნეს, ხოლო ეფრემ მიანიჭა თეოდორეს და არსენი თჳთ იჩინა და სწორი მისი სხუაჲ ძმაჲ მისცა ქრისტეფორეს, და დაჯერებულ იქმნნეს იგინი სიხარულით.

ხოლო საკჳრველ ესე იყო ნეტრეულთა მათ სამწყსოთაჲ, რამეთუ არა აცილობდეს მწყემსთა მათ კეთილთა, ვითარმცა სიტყუას უგებდეს ადგილისათჳს, სადამცა ვისმე ჰმარჯუდა, რამეთუ ვითარცა საცხოვარნი შეჰრაცხნეს თავნი თჳსნი მარადის ქრისტჱს თანა მყოფთა მათ ქრისტჱს გამორჩეულთა. ესრჱთ იყო მორჩილებაჲ ძლევით შემოსილთა მათ კაცთაჲ. და ნეტარნი იგი მამანი ჩუენნი წარუძღუეს ძმათა მათ და კუალად მიიწინეს ნეძუს და კჳრიკეწმიდას. ხოლო მამაჲ გრიგოლ თანადამდგომ ექმნა მათ ყოვლითა გულითა ახლად შჱნებასა მათსა. და აკურთხეს ადგილნი წმიდათა ეკლესიათანი და დასხნეს საფუძველნი. და ვითარცა წარმოვიდოდა ნეტარი გრიგოლ, მაშინ ძმათა მათ ყოველთა ტირილით ჰრქუეს: „ჵ წმიდაო ღმრთისაო, სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აწვე აღესრულების ჩუენ ზედა, ვითარმედ „ინატრიდეთ ხილვასა მოძღურისა თქუენისასა და ვერ იხილოთ!“ ჵ სიწმიდეთა შენთა მძლავრებაჲ, არამედ იყავ ნებაჲ შენი და ნუ ნებაჲ ჩუენი. შენ, წმიდაო, დაღაცათუ საწუთროსა ამას განგჳშორენ, საუკუნოდ ნუ გნებავს განშორებაჲ ჩუენი და გაჴსოვთმცა მარადის წმიდათა შინა ლოცვათა შენთა, გამორჩეულო ღმრთისაო!“.

და აკურთხნა ყოველნი იგი ნეტარმან მან ცრემლით და ნუგეშინის-სცა გულთა მათთა და შეჰვედრნა ქრისტესა და სანატრელთა მათ მამათა, და ჯუარი დასწერა წმიდათა მათ მონასტერთა. და წარმოსლვასა მისსა გზა-ჰყვეს მამაჲ თეოდორე და მამაჲ-ქრისტეფორე და ცრემლით ჰამბორს უყვეს ურთიერთას. და იგინი თჳსთა მონასტერთა დაადგრეს, ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი მოვიდა ხანძთად.

ესე მცირედი ვაჴსენე სამთა მათ წმიდათა, თეოდორჱსი, და ქრისტეფორჱსი, და საბან იშხნელისა ცხორებაჲ ამით, რამეთუ ფრიად განგრძობაჲ იქმნებოდა საქმეთა მათთაჲ სრულიად აღწერითა ჭეშმარიტად.

თავი XXXI

რაჟამს ხანძთაჲ იქმნა სახელოვან მადლითა და სახარულევან სულიერთა შვილთაგან, მას ჟამსა მიძნაძოროჲთ ხანძთად მოვიდა დიდი მეუდაბნოჱ მიქელ მამაჲ, რომელიცა დაემკჳდრა პარეხთა, რამეთუ იყო იგი მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისა. და ეძიებდა მარტოდ-მყოფებასა და პოვა თავისა თჳსისა სამკჳდრებელი ბერთისა პარეხთა და, განზრახვითა ამის წმიდისაჲთა, დაემკჳდრა მათ შინა და კეთილად წარემართა სათნოებათა მიმართ უფლისათა.

ხოლო მტერი, ეშმაკი, იგლოვდა ფრიად, რამეთუ ხედვიდა წმიდათა კაცთა განმრავლებითა ჟამისა თჳსისა შემოკლებასა და მიქელისთჳს დიდსა საუცრებასა ცხადად და ფარულად ჰყოფდა, რაჲთამცა განიოტა უდაბნოჲთ. ხოლო იგი ძლიერად მოითმენდა გუემათა დაუძინებელისა მის მჴდომისათა და არცხუენდა თითო-სახეთა მათ მანქანებათა მისთა შეწევნითა ქრისტჱსითა და წმიდათა ყოველთა ოხითა.

თავი XXXII

ხოლო იყო ჟამსა რომელსამე მამაჲ მიქელ განშორებულად სენაკსა თჳსსა, მდგომარე მაღალსა კლდესა ზედა მცირედ რაჲმე უდბად, და კადნიერ იქმნა მის ზედა ბელიარ და სიმაღლისა მისგან გარდამოაგდო ქუე. ხოლო დაიცვა ყოვლად-უვნებელად ყოველთა მეუფემან ქრისტემან ღმერთმან. არამედ მამაჲ მიქელ შეზრუნდა მიმდემი სამარადისოსა მას ბრძოლასა და მოწაფჱ თჳსი მიავლინა სულიერად მოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისსა და აუწყა ყოველი იგი განსაცდელი სულთა ბოროტთაჲ. და წმიდაჲ იგი მსწრაფლ მივიდა შეწევნად ძმისა თჳსისა ძალითა უფლისაჲთა და განამჴნო იგი სულითა, და ახლად ჴელითა თჳსითა შექმნნა ძლევისა მომცემელნი ქრისტჱს ბეჭედნი, ორნი ჯუარნი ძელისანი, საფარველად მისა და განსაოტებელად მტერთა, და იმიერ და ამიერ განშორებულად სენაკსა მისსა აღჰმართნა და საზღვრად უჩინნა წმიდასა მას, ვითარმედ: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტჱსთა შუა უშიშად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრჱსად პირველისა“.

და ლოცვა ყვეს და წარმოვიდა სანატრელი გრიგოლ. ხოლო ნეტარმან მიქელ პოვა სრულიად განსუენებაჲ, რამეთუ სიმდაბლითა დასცა მტერი ამპარტავანი, ვინაჲთგან არა სიმართლეთა თჳსთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოჲსა მინდობითა მოიყვანა მოძღუარი თჳსი და სულიერი ძმაჲ გრიგოლ შემწედ, ვითარცა წერილ არს: "ძმაჲ ძმისა შემწე ვითარცა ზღუდჱ დაუცემელი”; სიტყჳსაებრ იაკობ მოციქულისა, ვითარმედ: „ერთი ერთისათჳს ლოცევდით, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“. და ესრჱთ მტერთა ზედა მძლე ექმნა სრულიად მადლითა ღმრთისაჲთა.

ხოლო იყო ნეტარი მიქელ ქუეყანისა შავშეთისაჲ, სოფლისა ნორგიალისაჲ და მიძნაძოროს მონაზონ იქმნა, ხოლო პარეხთა შინა მრავალთა წელიწადთა ცხოვნდა და აღრაჲ-ესრულა, მუნვე დაემარხა. და აწ საფლავი მისი და დიდებულისა მამისა ბასილისი, რომელიცა შემდგომად მისსა პარეხთა მკჳდრ იყო, ერთგან არიან და კაცთა კურნებასა მიჰმადლებენ, რომელნი სარწმუნოებით მივლენან მათდა.

თავი XXXIII

ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ, ორთა მათ მისთა შჱნებულთა მონასტერთა შინა, ხანძთას და შატბერდს, იქცეოდა მარადის და მოძღურებისა მისისა სწავლითა აღავსებდა გულსა მოწაფეთა თჳსთასა. რამეთუ არა ხოლო თუ წიგნთა საღმრთოთა ოდენ სიბრძნის-მეტყუელებდა ყოვლით კერძო, არამედ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწდისა განგებითა მოძღუარ იყო განუკითხველად, და ყოველთა დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ, რომელიცა დაესწავა, დაუვიწყებელად აჴსოვდა. და აქუნდა ჴმისა ნებიერობაჲ და ტკბილობისა შეუნიერებაჲ, ხოლო განსაკჳრვებელ იყო ჴსოვნებაჲ მისი.

რამეთუ აწ არს ხანძთას ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან. ხოლო ახლისა შჯულისა დაბეჭდულნი წიგნნი ზეპირით იცოდნა და მრავალნი წიგნნი ძუელისაცა შჯულისანი. არამედ დაუბეჭდველნი წმიდათა მოძღუართა თქუმულნი აღურაცხელნი წარმოითქუმოდეს უწიგნოდ ენითა მისითა უმეტჱს ზეშთა ბუნებისა ჩუენისა, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ სადაცა დაადგრეს, ყოველსავე აღასრულებს უფროჲს ბუნებისა და ცნობისა კაცობრივისა. და ადამისდაცა პირველ მცნებისა შეურაცხებადმდე ყოველი დამორჩილებულ იყო. ხოლო ამას მცნებათა უბიწოდ დამარხვითა ყოველივე კეთილად განემარჯუებოდა. და ამის მიერ არა ხოლო თუ მონასტერნი მისნი განმტკიცნებოდეს, არამედ სიბრძნისა მისისა მდინარეთაგან ირწყვოდეს ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი. და მრავალგზის მოვიდიან წმიდანი იგი მამანი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მრავალთათჳს მიზეზთა და სიბრძნითა მისითა პოვიან განსუენებაჲ ყოველსა ზედა საქმესა.

თავი XXXIV

ხოლო ყოველთა დღეთა ამის ნეტარისათა წმიდათა მათ მამათა მონასტრებისათა აღებაჲ ამას წინაშე გარდაიჴადიან ხანძთას და პირმარხვად მიიღიან კანონი დიდთა მარხვათათჳს და წარვიდიან. და იყო ოდესმე ერთად შეკრებაჲ ამათ ნეტართაჲ წმიდისა ამის წინაშე, და თჳნიერ ოპიზისა წინამძღუარისა ყოველთა მათ ასწავებდა კეთილთა მათ სიტყუათა სულისა ცხორებისათა მამაჲ გრიგოლ. ხოლო ოპიზელი მამაჲ შეწუხნა და ჰრქუა მას: „წმიდაო მამაო, რაჲსათჳს თანაწარმჴდი სულიერთა სიტყუათა შენთა?“ ხოლო მან ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, არა თუ შეურაცხებისათჳს თანაწარგჴედ შენ, არამედ ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ამათ ყოველთა უდაბნოთა უწინარჱს აღშჱნებულ არს ოპიზაჲ, და არა განვაგებ ოპიზასა ზედა, არცა წინამძღუარსა მისსა ზედა“. ხოლო მან სიმდაბლით დაარწმუნა წმიდასა მას თავისა თჳსისა სწავლაჲ სწორად სხუათა მათ მამათა, რაეთუ ესრჱთ აქუნდა ყოველთა, ვითარცა წმიდათა მოციქულთაგანი შუამდგომელად ღმრთისა და კაცთა.

თავი XXXV

არამედ მრავალ-გზის მის ჟამისა ჴელმწიფეთა განიზრახეს დამტკიცებით ამის ნეტარისა ეპისკოპოსობაჲ და ფრიადითა შრომითა აწყინეს, რაჲთამცა დაემორჩილა. ხოლო მან არა ინება დიდებაჲ ესევითარი და გულისხმა-უყო მათ განმარტებულად, ვითარმედ „მსოფლიოთა მათ წმიდათა საყდართა არა უმრწემჱს არიან წმიდანი უდაბნოთა ეკლესიანი, საყდარნი ღმრთისა დიდებისანი. დაღაცათუ მღდელობაჲ ეპისკოპოსთაგან მიეცემის ყოველთა მღდელთა, არამედ პირველთა წმიდათა მამათა მეუდაბნოეთაგან ესრჱთ ვისწავეთ, ვითარმედ: რომელი მადლი მიეცემინ კაცსა ჟამსა ნათლის-ღებისასა, იგივე მადლი ვიხილეთ, ოდეს ხატი მონაზონებისაჲ მიაქუნ ახლად მონაზონსა და ეგრჱთვე წმიდისა სქემისა მიღებისასა. და სხუაჲცა წამებაჲ ფრიად არს, არამედ ვითარცა-იგი ისრაჱლსა შორის ქალაქნი განეწესნეს შესავედრებლად კაცისმკვლელთა, ეგრჱთვე წმიდანი უდაბნონი ყოველთა შესავედრებელ არიან.

რამეთუ უმანკოთა მფარველნია ვნებისაგან მსოფლიოჲსა, და ვნებულთა ნავთ-სადგურნი არიან სასოებით სინანულისა მიცემითა და შჯულის-დებითა. და კმა არს ჩემდა ორ-კერძოვე დიდებად, უკუეთუ შე-ვითა-უძლო მოღუაწებაჲ წმიდათა ამათ უდაბნოთაჲ ჯერისაებრ, რომელთა შინა პოვეს კაცთა თავისუფლებაჲ, ვითარცა თქუა პავლე: „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა“, და „სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ“. რამეთუ მოეცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“, სიტყჳსაებრ იოვანე მახარებელისა“. და ესევითარითა სიტყჳთა აღეშჱნნეს ჴელმწიფენი იგი და ადიდებდეს ქრისტესა.

თავი XXXVI

ამისა შემდგომად იხილა ნეტარმან მამამან გრიგოლ აღორძინებული ერი საღმრთოჲ შატბერდს და წმიდაჲ ეკლესიაჲ პირველი განსრულებად და კურთხევად. მაშინ სიხარულითა აღივსო, რამეთუ მოჰმადლა უფალმან გულისაებრ მისისა საქმჱ იგი კეთილი მადლითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობლისაჲთა, რომლისაცა სახელსა ზედა აღეშჱნა წმიდაჲ იგი მონასტერი მარადის დიდებად დედისა ღმრთისა, შეუწევნელთა შემწისა და ყოვლადვე მფარველისა მოსავთა და მაქებელთა მისთაჲსა აწ და უკუნისამდე, რომელიცა უფრჲს ყოველთა ჴელმწიფებისა თჳსისა დაბადებულთა გამოუთქუმელად ადიდა ძემან მისმან და ყოველთა ღმერთმან.

რამეთუ აწვე დაამკჳდრა სუფევასა წარუვალსა სულითა და ჴორცითა შეერთებული წინაშე დიდებისა ღმერთეებისა თჳსისა, ვითარცა არს პირმშოჲ ყოველთა წმიდათაჲ, ნათელი იგი ქრისტეანობისაჲ. და მეოხებითა მისითა და ყოველთა წმიდათაჲთა მაცხოვნებს ჩუენ უფალი ყოველთა მორწმუნეთა მისთა. უფროჲს ხოლო რჩეულთა მისთა ადიდებს, ნებისა წმიდისა მისისა აღმასრულებელთა, რამეთუ იტყჳს: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ და „მივანიჭო ასი წილი აქავე და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაუმჳდრო“. ხოლო ესე ბრძანებაჲ უტყუველი აღუსრულა ქრისტემან ნეტარსა გრიგოლს. წარუვალისა დიდებისა პატივად მიჰმადლა შჱნებაჲ დიდებულთა უდაბნოთაჲ და ჴორცთა შინა ყოფასა მისსა შიში და ზარი სიწმიდეთა მისთაჲ მიჰფინა მეფეთა და ყოველსა ერსა ზედა, ვითარცა მძლავრებაჲ წინააღუდგომელისა ჴელმწიფისაჲ. ხოლო შემდგომად სოფლით ჯმნისა, უმეტჱს ცნობათა ჩუენთა ადიდა ცათა შინა ანგელოზთა თანა. და აწ ქუეყანასა ზედა პირითა მოწაფეთა და მაქებელთა მისთაჲთა იდიდების მარადის.

თავი XXXVII

ხოლო სანატრელი დედაჲ ფებრონია ზრუნვასა შინა იყო, რამეთუ მწყემსად მათდა ჩინებული სარწმუნოჲ მღდელი, მამისა გრიგოლის მივლენილი, გარდაიცვალა. არამედ ეუწყა ღმრთისაგან, ვითარმედ უმჯობჱს მისსა აწ იყოს სხუაჲ მღდელი მწყსად თქუენდაო. და წიგნი მიწერა ნეტარისა გრიგოლისსა და ითხოვდა მღდელსა ღირსსა. მაშინ წმიდამან მან ჰრქუა წმიდასა მატოის: „შვილო საყუარელო, მჴედარი ვიდრე წყობასა არა შესრულ არნ, ძლევაჲ მისი სიმრავლესა შინა ლაშქართასა არა საცნაურ არნ, არცა მეფეთაგან ნიჭი მიიღის, ხოლო ვინაჲთგან ახოვნად გამოჩნდის ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველთა ზედა, საცნაურ იქმნის, და ნიჭი დიდძალი მიანიჭის მას სამართლად მეფემან. და შენცა იქმენ მორჩილ სიტყუათა ჩემთა, ვითარცა ყოვლადვე თავს იდევ ყოვლადვე წმიდისა ღმრთისმშობლისა ეკლესიასა მერეს მღდელობაჲ ვითარცა ძლევით-შემოსილმან მჴედარმან უფლისამან. და ვესავ ქრისტესა, კეთილი ღუაწლი მოიღუაწო“. ხოლო იგი ცრემლით შეუვრდა და ჰრქუა მას ლმობიერად: „შემინდვე მამაო, რამეთუ უწყის სიწმიდემან შენმან, არაოდეს ურჩ ქმნილ ვარ ბრძანებასა შენსა. ხოლო აწ ვერ ძალ მიც ამისა ყოფად, რომელიცა მიბრძანე“ და წმიდამან მან ჰრქუა: „შემძლებელ ხარ ძალითა უფლისაჲთა. აწ კეთილთა სათნოებათა შენთა თანა მოიპოვე სრული მორჩილებაჲ. ჯუარითა ქრისტჱსითა ჯუარი დამიწერია, რაჲთა მიზეზი ყოველივე დაჰჴსნა”.

და ვითარცა იხილა მოძღუარისა თჳსისა უცილობელი ბრძანებაჲ, თჳნიერ ნებისა თჳსისა დაემორჩილა სიტყუათა მისთა და იქმნა მღდელ მონასტრისა დედათაჲსა ნებითა ღმრთისაჲთა სანატრელი და სასწაულთამოქმედი მატოი დიდი და დიდებული საქმითა თჳსითა. რამეთუ წელიწადთა ორმეოცთა მერეს მღდელობასა შინა მისსა უქმი სიტყუაჲ და უსარგებლოჲ პასუხი არავის ესმა მისგან, რომელი კაცთა ცოდვად ეყოფვის, ვითარცა უფალი იტყჳს: „ყოვლისათჳს სიტყჳსა უქმისა, რომელსა კაცნი იტყჳან, სიტყუაჲ მისცენ მისთჳს დღესა მას საშჯელისასა“. და არა ხოლო ესე ოდენ, არამედ რომელნი ხედვედ მას, ვერ იკადრიან უდბად განცხრომაჲ კრძალულებათაგან მისთა და სიწმიდით და უბიწოდ ქცევისა, რამეთუ ექმნა ყოველთა სახე კეთილის.

და ამან დაიმარხა ჭეშმარიტი ქალწულებაჲ არა ხოლო ჴორცითა ოდენ, არამედ სულითა და სიტყჳთა, სასმენელითა და თუალითა. რამეთუ ნეტარმან მან თქჳს, ვითარმედ მონაზონებაჲ ჰრქჳან კრძალვასა, რომლისათჳსცა ღმრთის-მოყუარემან მან დედაკაცმან თემესტია, მერისა დეკანოზმან, თქუა, ვითარმედ: „ ორმეოც წელ დეკანოზობასა ჩემსა და მატოის მღდელობასა საცეცხურნი მან ჴელისა ჩემისაგან არა ოდეს მიმიხუნაო".

ხოლო გარდარეულისა შრომისაგან მოუძლურდა, რამეთუ მოუკლებელი ლოცვაჲ, წყურილი და შიმშილი მარადის, და უძილობაჲ, ზედგომაჲ და მუჴლთა მოდრეკაჲ ფრიადი აქუნდა ნეტარსა მას, და სცემდა ვნებასა ჴორცთასა და სულისა მტერნი მოაუძლურნა. ხოლო ჟამის-წირვაჲ არა ოდეს დააცადის თჳნიერ მიზეზისა და უძლურებისა. და სამოსელი მისი ყოვლადვე შეურაცხი იყო და საზრდელი ეგრჱთვე.

თავი XXXVIII

ხოლო იყო მატოი ოდესმე თჳსსა მას საყოფელსა მახლობელად მერესა. და ცნა მოსლვაჲ მპარავთაჲ და დღისივე დაჰმზადა მათთჳს პური. და ვითარცა მოიწინეს ღამე მპარავნი იგი, ჰრქუა მათ: „გრწმენინ ჩემი, შვილნო, წმიდაჲ ღმრთისმშობელი გიბრძანებს არა ვნებად ჩემდა, არამედ მოვედით და ჭამეთ პური, რომელი განგიმზადე თქუენ”. ხოლო ერთი იგი, რომელსა მოეყვანნეს, კადნიერ იქმნა წარღებად, რაჲცა იგი აქუნდა წმიდასა მას. და მან ჰრქუა: „წინაშემდგომელი ვარ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ, რომელმანცა პატიჟეულ გყოს შენ წარმდები ეგე“. და მუნქუესვე დაეცა იგი მტერისაგან ბოროტისა. მაშინ მოყუასნი მისნი ცრემლით შეუვრდეს წმიდასა მას, რაჲთა განკურნოს იგი. ხოლო მან ჯუარი დასწერა და ჰრქუა: „განგკურნებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი“ და მსწრაფლ განმრთელდა იგი. და წმიდამან მან ჰრქუა: „საწყალობელო, რაჲსათჳს წინამძღუარ ექმენ კაცთა ამათ ბოროტის-ყოფად ჩემდა?“ და ისტუმრნა და განუტევა მშჳდობით.

და ესევითარნი სასწაულნი მრავალნი ქმნნა წმიდამან მან და მიიწია სიბერედ, რამეთუ სნეულებაჲცა შეემთხჳა ძლიერთა მათ შრომათაგან და ვერ ეძლო თავისა თჳსისა მსახურებად. მაშინ თქუა ნეტარმან მატოი: „ესე ღონჱ მჴდომისაჲ იქმნა, რაჲთამცა დედანი მმსახურებდეს მე. დაღაცათუ ნებისა ღმრთისანი არიან დანი ესე, ხოლო უწესო არს მონაზონისა ჴელითა დედათაჲთა მსახურებაჲ, არამედ მე ღონჱ მაქუს, რომლითა განვთავისუფლდე“. და იყვნეს ვინმე ბერთას მამისა გრიგოლის დედისა მსახურთაგანნი, ნათესავნი მატოისნი, კეთილნი მონაზონნი და მეგობარნი მისნი. მათ აცნობა და მოვიდეს სიხარულით წარყვანებად მისსა ცხედრითა, რამეთუ ფრიად უძლურ იყო დიდისა მოღუაწებისაგან.

ხოლო დანი იგი ყოველნი გოდებისა ცრემლითა აღივსნეს, რამეთუ ობოლ იქმნებოდეს სულიერისა მამისა და მოძღურისაგან. და აკურთხნა ყოველნი ცრემლითა სავსემან. ჯუარი დასწერა და მშჳდობაჲ დაუტევა და ჰრქუა: „ქრისტემან დაგიცვენინ მადლითა მშობლისა თჳსისა ქალწულისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, არამედ ჩემთჳს ლოცვა ყავთ მარადის“. და წამ უყვნა ძმათა მათ და აღიქუეს იგი ცხედრითა. და ვითარ მცირედ ვლეს, უბრძანა დადგომაჲ და თქუა: „უფალო, სიტყუამან შენმან გუამნი უძლურთანი გუამ ცხოველ ყვნა, მეცა მომეც ძალი, უძლურსა მონასა შენსა“. და მსწრაფლ სრულიად განძლიერდა და თჳსითა ფერჴითა მიიწია ბერთას. და დაყვნა ჟამნი წელიწდისა ერთისა დღეთანი ყოვლად მრთელად და მერმე გარდაიცვალა საჭირველისა ამისგან სოფლისა, და მივიდა სოფელსა მას ცხოველთასა, ვითარცა მჴნჱ, ახოვანი მოღუაწჱ ქრისტჱსი და სრულიად ძლევით-შემოსილი წინაშე ღმრთისა სიხარულით და მეოხ არს ჩუენთჳს უკუნისამდე.

თავი XXXIX

ხოლო ჟამსა გარდაცვალებისა მისისასა ჩუენებაჲ იხილეს მერეს შინა სანატრელთა მათ დედათა თემესტია დეკანოზმან და ანატოლე (რომელსა უწოდეს ანტონიოს) დაყუდებულმან, ორთავე, შუა ღამეს ოდენ. და ეკლესიად მივიდა მარტოდ-მყოფი იგი უწინარჱს ჟამის რეკისა, და ეგრევე დეკანოზიცა მიიწია სტოვასა ეკლესიისასა და მოიკითხნეს ურთიერთას. ხოლო დეკანოზმან ჰრქუა: „რაჲსათჳს არს მოსლვაჲ შენი? მაუწყე რაჲ იხილე?“ ხოლო მან ჰრქუა: „მსგავსად ხილვისა შენისა ვიხილე, რამეთუ აწ აღესრულა მაკურთხეველი ჩუენი მატოი“. და წარმოუთხრა ყოველი, ვითარმედ: მო-ვინმე-ვიდა კაცი ბრწყინვალედ შემკობილი და მრქუა მე: „დიდი მატოი მიიცვალების წინაშე ღმრთისა, არამედ შემომიდეგ მე, რაჲთა ღირს იქმნე ხილვად დიდებით მიცვალებასა მისსა ამიერ სოფლით ზეცისა სასუფეველსა“.

ხოლო მე შეუდეგ და მიმიყვანა ბორცუსა მახლობელად ბერთისა და მრქუა მე: „მიხედე ბერთას ზედა და იხილე დიდებული ხილვაჲ!“ და მე ვხედევდ სუეტსა ნათლისასა, რომელი შთამოიწეოდა ზეცით ზედა მონასტერსა მას, და სიმრავლჱ წმიდათა ანგელოზთაჲ სუეტსა მას თანა გარდამომავალი. და ერთი ვინმე დიაკონის სახედ ოლარითა მათ თანა, რომელნი უგალობდეს ღმერთსა ბრწყინვალითა ჴმითა. და კუალად ვიხილე კრებული იგი წმიდათა ანგელოზთაჲ, ეგრჱთვე სახედ აღმავალი ზეცად და საშუალ მათსა წმიდაჲ მატოი, ჴელ-პყრობით აღჰყვანდა ნათლითა-შემკობილთა მათ უჴორცოთა დიდებითა გამოუთქუმელითა გალობით მაღალთა შინა. ესე არს ხილვაჲ ჩემი წმიდისა მისთჳს“.

ხოლო მან ჰრქუა: „ჭეშმარიტად სარწმუნო არს ჩუენებაჲ ეგე შენი, არამედ აწ ისმინე ჩემი. რამეთუ ვითარ-იგი პირველ სიჭაბუკესა იყო სანატრელი მატოი, ჰასაკოვან და შუენიერ, უმეტჱსად აწ ვიხილე შემკობილი დიდებითა, შემოსილი ჟამის-წირვად სამოსლითა მოუგონებელად ბრწყინვალითა, და ჴელთა აქუნდეს ოქროჲსა საცეცხურნი. და მე დამიკჳრდა ხილვაჲ იგი და მე ვარქუ: „ვითარ განძლიერებულ ხარ უძლურებისაგან, მოძღუარო!“ ხოლო მან მრქუა: „საკურთხეველსა, რომელსა ვჰმსახურებდ სიყრმით ჩემითგან, აწ ამით საკურთხეველით დაუსრულებელად მისსა მსახურებად მივიცვალე, რამეთუ ღირს ვიქმენ ზეცისა საკურთხეველსა წინაშე წარდგომად და მარადის მსახურებად“, ესე ვითარცა იხილეს, მო-ხოლო-ვინმე-ვიდეს ბერთით და უთხრეს მატოის გარდაცვალებაჲ მასვე ჟამსა შინა და ჰმადლობდეს ქრისტესა საკჳრველთ-მოქმედსა.

თავი XL

ხოლო სხუანი მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი მრავლნი უდიდჱსსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნეს, რამეთუ ოდესმე იხილვებოდა წმიდათა ანგელოზთა ბრწყინვალებაჲ გუამთა მათთა შემოსილი უფროჲს მატოისსა. და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ჴორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკუდილისა მათისა. არამედ ვთქუა სარწმუნოჲსა მისთჳს შვილისა ქრისტე-შემოსილისა, რომელსა სახელი ეწოდა დიმიტრიოს. რამეთუ იგი ნეტარსა დედასა ფებრონიას განეზარდა და მამისა გრიგოლისდა დაემოწფა, რომელიცა შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა.

თავი XLI

და მრავალ-გზის იხილვა მის ზედა სუეტი ნათლისაჲ კაცისა მიერ ღმრთისა ღამე ყოველ ლოცვასა მას ღირსებისასა, რამეთუ სული წმიდაჲ განისუენებდა მის ზედა მარადის. ესე წარემართა იერუსალჱმად. და ვითარცა მიიწია ჰემსას, მცირედ დასნეულდა და ცნა სულითა ღმრთისა-მიერი წოდებაჲ და დაწერა ეპისტოლჱ ჴელითა თჳსითა ესრჱთ: „რჩეულნო ქრისტჱსნო, სამკჳდრებელნო სიწმიდისანო, მამაო გრიგოლ და დედაო ფებრონია, სულიერად მშობელნო ჩემნო, რომელთა ნაცვალად სძისა აღმზარდეთ სულიერითა მოძღურებისა საზრდელითა და საღმრთოჲსა სწავლისა საგზლითა წარმგზავნეთ კეთილსა ამას გზასა, აწ სიტყუაჲ ჩემი დადუმნების თქუენდა მომართ უფლისა დიდებით მოსლვადმდე, რამეთუ მე ჰემსას მივიწიე და მუნ დამიძინებია მეორედ მოსლვადმდე ქრისტჱსა. რაჟამს მოწაფეთა თქუენთა მოითუალვიდეთ, მუნ მიკითხეთ შვილი თქუენი და მარადის ჴსენებულ მყავთ წმიდათა ლოცვათა თქუენთა, წმიდანო ღმრთისანო“. და მასვე ჟამსა აღესრულა და მუნვე ჰემსას დაეფლა.

თავი XLII

არამედ პირველ-ჴსენებულნი და ყოვლად-მოსაჴსენებელნი იგი ღირსნი არსენი და ეფრემ, მოწაფენი და აღზრდილნი გრიგოლისნი, მოვიჴსენნეთ, რომელნიცა სათნო იყვნა ნებამან ღმრთისამან მწყემსთ-მთავრად სამწყსოთა მათ თჳსთა პირმეტყუელთა. რამეთუ დიდი ეფრემ, უწინარჱს მრავლით წლით არსენისა, იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა სამცხეს. ხოლო შემდგომად დიდი არსენი კათოლიკე ეკლესიასა, ქრისტჱს კუართისა სამკჳდრებელსა მცხეთას, ქართლისა კათალიკოზ იქმნა. და იყო სიყუარული მათ შორის ერთად ზრდილობისათჳს.

არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან არსენის მამისათჳს ფრიად გულწყებულ იყვნეს ამის მიზეზისათჳს, რამეთუ თჳნიერ განზრახვისა მათისა მძლავრ სამცხისა ერითა ძჱ თჳსი დაადგინა კათალიკოზად დანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაჲთა. არამედ მცირედ მხილებისათჳს უფლისა მიშუებითა იყო აღძრვაჲ ეპისკოპოსთაჲ მათ, ვიდრემდის ნეტარი ეფრემ მი-ვე-ერჩდა მათ, რამეთუ სამართალ იყო სიტყჳს-გებაჲ იგი. და რომელ ჟამსა მას ჴელმწიფე იყო მამფალი გუარამ დიდი, მირეანისთჳს გულძჳრად იყო. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთაჲ და უდაბნოჲსა მამათაჲ. და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს, არამედ მამაჲ გრიგოლ არა მუნ იყო, არცა ყოველნი კლარჯეთისა უდაბნოთა წინამძღუარნი მამანი.

რამეთუ იყო ნეტარი გრიგოლ არქიმანდრიტი და წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღუარნი იგი არსენი კათალიკოზისათჳს და ვერაჲ დაამტკიცეს სიტყუაჲ მათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან ჰრქუა ყოველთა: „ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაჲ, მაშინ განემართოს საქმჱ და განზრახვაჲ ყოველთაჲ”. და მათ ჰრქუეს: „ვისთჳს არს სიტყუაჲ ეგე დამტკიცებითი?“ ხოლო მან თქუა: „გრიგოლ არქიმანდრიტისათჳს, ხანძთისა და შატბერდისა მაშჱნებელისა“. მაშინ ერთმან ვინმე ეპისკოპოსმან სილაღით თქუა შორის შეკრებულთა მათ: „იგი ოდენ არსა ვარსკულავი მნათობი?“ ხოლო სხუათა მათ ყოველთა თქუეს: „ჭეშმარიტსა იტყჳს, რამეთუ იგი არს მოძღურებისა ნათლითა განმანათლებელ და შემკულ სულითა წმიდითა“. და მეყსეულად იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა საკჳრველად ხილვითა, რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრჱთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ. ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ პატიოსანთა თუალთა და მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული. და ვითარცა იხილეს ღმრთისა-მიერი დიდებულებაჲ მისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყუათა მისთა სიხარულით.

მას ჟამსა მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხა მოძღუარი თჳსი მამაჲ გრიგოლ და მერმე ძმანი თჳსნი ეპისკოპოსნი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ფარულად მოუწოდა ნეტარსა ეფრემს და ჰრქუა მას: „შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღდელთმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის!“ ხოლო მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაჲ სამართლისათჳს. და მეცა შემინდვე, რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი ჩემი მწყემსი“. მაშინ წმიდამან მან მკსინვარედ ჰრქუა: „უკუეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღუარ ვარ!“ ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყუასა მას ზედა სულიერისა მამისა და მოძღურისასა ატირდა და ჰრქუა: „ფიცხელ არს ბრძანებაჲ ესე განმკუეთელ უფროჲს მახჳლისა. აწ ნებაჲ შენი იყავნ და ნუ ნებაჲ ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!“ ხოლო მან ჰრქუა: “ეფრემ სანატრელო, გისმინენ ქრისტემან, რაჲცა ითხოო მისგან შენ, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, მიმსგავსებულო მოძღუარსა შენსა ქრისტესა, სიტყჳსაებრ დავითისა: „რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი და არა არს სიცრუე მის თანა“. და შენ უწყი სულითა შენითა ღმრთისმხილველითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან-ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო. აწ შენ კეთილად ჰყავ სმენაჲ ჩემი, რამეთუ გულის-წყრომამან კაცისამან სიმართლჱ ღმრთისაჲ არა ქმნის, ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნ“.

ამისა შემდგომად რაჟამს ესმა გუარამ ჴელმწიფესა მოსლვაჲ ნეტართაჲ მათ, მოეგება წინა სიხარულით და მოიკითხნა სიმდაბლით. და ვითარცა დასხდეს, ბრძანა ხოლო გუარამ შემოკრებაჲ ყოველთა მოწესეთაჲ და მოვიდეს, მაშინ ჰრქუა: „წმიდანო მამანო, ეპისკოპოსნო და მეუდაბნოენო, იცით ყოველთა კანონი შჯულისაჲ, რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოზისა მძლავრებით დაჯდომასა“. და ამას სიტყუასა შინა აუგისა სიტყუანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თუალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქუეს ეფრემს: „ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს!“ ხოლო მან თქუა: „სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. მაშინ ჴელმწიფემან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყუად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცჱს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ჴამს დასაბამი სიტყჳსაჲ“.

ხოლო მან თქუა: „ჯერ იყო პირველად მღდელთ-მოძღუართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყჳთა შენითა ვიტყჳ ესრჱთ: ჭეშმარიტთა ქრისტჱს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკზს არს, და ძჳრისმეტყუელთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა“.

ხოლო ჴელმწიფჱ იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთის-მსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად, რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყჳსა განტევებითა ესრჱთ, ვითარმედ: „მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნჱ მისი შეცვალებულ არს სიბერითაო და პირველ სმენილი ვიხილე თუალითა“. და შჯულისაცა მრავალთა სიტყუათა იტყოდა, რომელი არა შეჰგავს ერის-კაცთა, რამეთუ იყო იგი ფრიად სიტყუაჴელოვან.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა მას: „ჵ ჴელმწიფეო, რად განრისხნები ჭეშმარიტებისათჳს, ესე უწყოდე, რამეთუ პირველთა წმიდათა მათ მამათა შეკრებასა ეპისკოპოსთა და წინამძღუართა წესისათა მონაზონთა თანა იყვნეს პირველნი მორწმუნენი მეფენი. არა თუ მათ თანა შჯულის-მოძღურებასა იკადრებდეს, არამედ შჯულის გამოძიებასა მათსა იკითხიან და ითხოიან სიტყჳსა გამოცხადებაჲ, რამეთუ მათ მიერ ისწავებდეს მცნებათა ღმრთისათა და მოწამედ იყვნეს თქუმულთა მათთა. და წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღდელთ-მოძღუართაგან განსაზღვრებულსა კანონსა შინა არავე ბრძანებულ არს ერის-კაცისაჲ, ვითარმცა ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღუართა მამათა განსაგებელისა შჯულის-მოძღურებისა იკადრებდა, გინა ახალ-სახიობასა მოიღებდა, დაღაცათუ სამართლად საგონებელ იყოს, არამედ შჯულისა და მღდელთმოძღუართა შეურაცხებაჲ არს. ხოლო მე აწ სიტყჳსაებრ შენისა, გუარამ, ვარ ბუნება შეცვალებულ, გარნა ოდეს სამართალმან დაგასამართლოს, მაშინ იხილო თავი შენი ცნობამიღებულ და სიტყუანი ჩემნი არღარა განჰგმნე“.

ხოლო ჴელმწიფჱ იგი შეძრწუნდა გონებითა და ჰრქუა ეპისკოპოსთა მათ: „თქუენგან ჯერ არს განსაგებელი თქუენი განგებად, აწ თქუთ! „და მათ ჰრქუეს: „ღმრთის-მსახურო გუარამ, ქრისტჱს მიერმან სასწაულმან უტყუ ქმნა ენაჲ ჩუენი, რამეთუ ვიხილეთ დღეს გრიგოლის ზედა მიუწდომელი დიდებაჲ“. და აუწყეს ხილვაჲ იგი ყოველი, რომელი იხილეს შემოსლვასა მისსა. მაშინ ზარ ჰჴდა ჴელმწიფესა მას, რამეთუ იყო იგი მდაბალ და ღმრთის მოშიშ, იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს და ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, შემინდვე, რამეთუ დაგაბრკოლე“. ხოლო მან ჰრქუა: „ქრისტემან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ“.

მაშინ გუარამ, დიდმან ჴელმწიფემან, კეთილად ისტუმრნა ყოველნი და პურისჭამასა შინა, რაჟამს განმხიარულდა გუარამ ღჳნითა, მაშინ ეპისკოპოსთა მათ ერთობით თქუეს: „ჯერ-მე იყო მხილებაჲ ესე არსენისთჳს! არამედ აწ ამიერითგან არსენი იყავნ კათალიკოს ქართლისა ყოვლისა და სულიერად მამაჲ ყოველთა, და ყოველთა შორის იჭჳ პირველი და-მცა-ჴსნილ არს სრულიად, რაჲთა ქრისტეანობისა პატივი ჩუენი მშჳდობით და მყუდროებით აღვასრულოთ და კეთილი სიტყჳს-გებაჲ ვპოოთ წინაშე საყდართა ქრისტჱსთა“. და გუარამ ჴელმწიფემან და ყოველმან ერმან თქუეს: „ამჱნ იყავნ!“

ხოლო ჴელმწიფემან იკითხა ეპისკოპოსთა მათგან: „წმიდანო ღმრთისანო, უკუეთუ ქუეყანისა ჩუენის ერის-კაცი ვინმე წიგნთა საღმრთოთა მეცნიერი და ენათაცა წურთილი მიიწიოს იერუსალჱმად, ანუ სხუათა წმიდათა ადგილთა, და იხილოს რაჲმე კეთილი წესი, რომელ ქრისტეანობასა შუენოდის და ჩუენ შორის არა იყოს, გინათუ წიგნთაგან წმიდათა გულისხმა-ყოს და თავით თჳსით ერსა უსწავლელსა აუწყებდეს, კეთილ არსა ანუ არა?“. ამას რაჲ იტყოდა, ასმენდა ვიეთმე მრავლის-მეტყუელთა. ხოლო მათ თქუეს: „წერილ არს: „ტჳრთი განწესებული ეყოფინ ნავსა, უკუეთუ დაუმძიმო, დაინთქას, და უკუეთუ სუბუქად იყოს, ქართა და ღელვათა წარიტაცონ“. ეგრჱთცა ტჳრთი შჯულისაჲ და წესი ქრისტეანობისაჲ, რომელი აწ ქუეყანასა ჩუენსა უპყრიეს, ფრიად კეთილ არს და ღმერთი დაჯერებულ არს, და ამისთჳს ჩუენ ვართ თავს-მდებნი. უკუეთუ ვინმე მტკიცედ იპყრას და შეუცვალებელად საქმით ჰყოფდეს და არა სიტყჳთ ვაჭრობდეს, „ასი წილი აქავე მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“, სიტყჳსაებრ უფლისა. და შევიწყნარეთ პირველი მამისა გრიგოლის სიტყუაჲ, რომელ წარმოთქუა. და ჩუენ ამას ვიტყჳთ: უკუეთუ ახალი რაჲმე კეთილი წესი ერის-კაცმან გულისხმა-ყოს, მსგავსად ბრძანებისა შენისა, უმჯობჱს დუმილი არს, ვითარცა თქუა იაკობ მოციქულმან, ვითარმედ: „ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო“. და უკუეთუ დუმილი ვერ ძალ ედვას, არა თავით თჳსით ქადაგებდეს, არამედ აუწყოს თჳსსა ეპისკოპოსსა, და თუ ჯერ იყოს, მან ასწაოს თჳსსა სამწყსოსა. უკუეთუ კულა სილაღით წარმდებობდეს ერის-კაცი იგი და ერსა ახლად სხუასა წესსა დაუდებდეს, ეგევითარი იგი ნაცვალად შესაძინელისა მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსლვასა“.

ხოლო ჴელმწიფემან მან თქუა: „ჭეშმარიტად სამართალ არს სულიერი ეგე საბჭოჲ საღმრთოჲსა განგებისაჲ. და უკუეთუ წიგნის-მკითხველსა კითხვაჲ უჴმს, უფროჲსად ჯერ არს კითხვაჲ წესისა და შჯულისა მასწავლელისაჲ და ყოვლადვე შეკრძალებაჲ თავისა, ვითარცა იტყჳს: „მკურნალო, პირველად განიკურნე თავი თჳსი”!“

ხოლო ერის-კაცთა მათ შეიკდიმეს მხილებაჲ იგი უმეცართა წესის დადებისაჲ და შეინდვეს შჯულისა წინამძღუართაგან. და ვითარცა განასრულეს პურის ჭამაჲ, მისცეს მშჳდობაჲ მთავარსა მას დიდსა და მან სიხარულით განუტევნა ყოველნი. მას ჟამსა ახარეს არსენის, რამეთუ არა იყო კრებასა მას, ვითარმედ: „შემდგომად ღმრთისა მოძღუარმან შენმან გრიგოლ მამამან დაამტკიცა კათალიკოზობაჲ შენი“. ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდასა მას.

ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმან, მცნებისაებრ მამისა გრიგოლისსა, სიყუარული არსენი კათალიკოზისაჲ პირველებრვე განაახლა. რამეთუ მოკლედ დააწყნარა შფოთი გრძელად მოსაცალებელი, რამეთუ იყო შორის კათალიკოზისა და ეპისკოპოსთა, უფროჲს ხოლო გუარამ ჴელმწიფისა. და სანატრელნი ესე არსენი კათალიკოზი და ეფრემ ეპისკოპოსი მოვიდიან ხილვად მოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისსა. არამედ ძუელი ხანძთისა ეკლესიაჲ არსენი კათალიკოსმან აკურთხა და ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მიჰფინა, რამეთუ საყდარი მამათ-მთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა. ხოლო რაჟამს მამაჲ გრიგოლ გარდაიცვალა, დამარხვასა მის თანავე იყო არსენი, რომელიცა ოცდაშჳდ წელ კათალიკოზობდა და მერმე გარდაიცვალა ამიერ სოფლით და მხიარულებით მიიწია წინაშე ქრისტჱსა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა.

თავი XLIII

არამედ დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყუებელ იქმნა ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ პირველად აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალჱმით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტჱს-მიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალჱმისა პატრიაქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა-ყავ“, გინა თუ „უფალო შეგჳწყალენ“.

ესე ნეტარი ეფრემ ორმეოც წელ ეპისკოპოსობდა შემკული სულითა წმიდითა, რამეთუ დაფარულსა კაცთა საქმესა, ვითარცა ცხადსა ამხილებდა და სიკუდიდ განწირულთა სნეულთა სიტყჳთ მსწრაფლ განჰკურნებდა. ხოლო ურჩთა სიტყჳთვე მოაკუდინებდა, და სხუათაცა სასწაულთა იქმოდა მრავალთა. და კეთილსა შინა სიბერესა მადლითა სავსე გარდაიცვალა და მიიწია სიხარულით წინაშე ქრისტჱსა, და ჩუენ მორწმუნეთათჳს მეოხ არს უკუნისამდე.

თავი XLIV

ესევითარნი იყვნეს ღმერთ-შემოსილნი მოწაფენი მამისა გრიგოლისნი. ხოლო დიდი ეპიფანე სიმდაბლითა თჳსითა მიიწია საზომსა თჳსისა მოძღურისასა და ცრემლთა დათხევითა სულთა უკეთურთა განასხმიდა და სნეულთა მსწრაფლ განჰკურნებდა და მრავალთა სხუათა სასწაულთა იქმოდა, ურჩთა რაჲ გუემითა განსწავლიდა და მორწმუნეთა ლოცვითა სიკუდილისაგან იჴსნიდა. რამეთუ ოდესმე ზაფხულისა ჟამსა მთათა მათ ხორასუნთა გარდამოვიდოდა იგი და მის თანა ძმანი, და იხილეს ადგილი მარჯუჱ და პურისაჭამად დასხდეს. და მასვე გზასა დედაკაცი ერთი ვინმე მოვიდოდა და თანა ჰყვანდა ძჱ შჳდისა წლისაჲ. და იყო ყრმაჲ იგი ხილვითა კეთილ და გონებითა ფრთხილ და ვითარ მოიწინეს საჩინოსა ნეტარისა მამისა ეპიფანჱსსა, ყრმასა მას სალმობანი სიკუდილისანი ეწინეს, და სენისა მისგან წრტიალისა ისწრაფდა სული განსლვად გუამისა მისგან. ხოლო დედამან მისმან გოდებითა მწარითა აღიტაცა ძჱ თჳსი და მირბიოდა წმიდისა მის და ჴმობდა ესრჱთ საწყალობელად:

«ჵ წმიდაო ღმრთისაო, შემეწიე შეუწევნელსა ამას, რამეთუ მომიკუდების შვილი ესე ჩემი, და შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტი“. და ძჱ იგი თჳსი დააგდო წინაშე ფერჴთა ეპიფანჱსთა. ხოლო იგი ცრემლითა სავსჱ აღდგა, რამეთუ იყო ბუნებით მოწყალე, და დავარდა წინაშე ქრისტჱსა და თქუა: „უფალო, ღმერთო ჩუენო იესუ ქრისტე, იხილენ ცრემლნი ჩემნი და ცრემლნი საწყალობელისა ამის დედაკაცისანი და წყალობა ყავ ყრმასა ამას ზედა და უბრძანე სულსა ამისსა მკჳდრობაჲ თჳსსა შინა გუამსა მრავალთა წელიწადთა ნუგეშინის-საცემელად ამის გლახაკისა და სადიდებელად შენდა, მხოლოჲსა ძისა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნეთა მიმართ. ამჱნ“.

და ჯუარი დასწერა, უპყრა ჴელი და ჰრქუა: „განგკურნებს უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ ყრმაო და ცოცხალ იქმენ!“ და მსწრაფლ განეშორა სალმობაჲ და უძლურებაჲ გუამსა მისსა და ყოველი ურვაჲ სულსა მისსა. და აღდგა მხიარული და მისცა იგი დედასა თჳსსა და უბრძანა მიცემაჲ ჭამადისაჲ. და დედაკაცმან მან სიხარულით მადლი შეწირა ღმრთისა და წმიდისა მის, და მშჳდობით წარვიდეს ზოგად იგი და ძჱ მისი გზასა თჳსსა. და ყრმაჲ იგი ვიდრე სიბერედმდე კეთილად ცხოვნდებოდა და ადიდებდა ღმერთსა.

თავი XLV

და კუალად სხუათა ვიეთმე მორწმუნეთა კაცთა ესუა შვილი, ყრმაჲ წული, მტერისაგან ვნებული შობითგანვე, რამეთუ იყო იგი ყრუჲ და უტყჳ და გონება-ნაკლული. ხოლო ჰასაკისა ხილვითა ჩნდა მრთელად და იზარდებოდა ვითარცა სხუაჲ ყრმაჲ. და ვითარ იქმნა იგი ათის წლის, მას ჟამსა მამაჲ ეპიფანე ითქუმოდა სასწაულთა-მოქმედად. და მიიწია სოფელსა მას, სადაცა იყო ყრმაჲ იგი ვნებული. ხოლო დედამან მის ყრმისამან წარიყვანა იგი გზასა მას, რომელსაცა წარჰვლიდა მამაჲ ეპიფანე. და ვითარცა იხილა, ევედრებოდა მას მწარითა ცრემლითა და სარწმუნოებითა მტკიცითა ძისა თჳსისათჳს. ხოლო ნეტარი იგი ცრემლოოდა სულ-თქუმით, და ლმობიერად ჴმა ყო: „ქრისტე ღმერთო, რომელი კაცთ-მოყუარებისათჳს განჰკაცენ და ივნე ვნებულთა განკურნებისათჳს, აწ უფალო მოწყალეო, რაჲსათჳს უცოდველი ესე დაბადებული შენი ცოდვათა ჩუენთა სამხილებელად იგუემების ეშმაკისაგან? შენ, წყალობა აღურაცხელო ღმერთო, ულხინე და განათავისუფლე ესე ყოველთაგან ჭირთა და სიხარული მიეც მშობელთა ამისთა!“ და ჯუარი დასწერა ყრმასა მას და მისცა დედასა მისსა განკურნებული, რამეთუ მსწრაფლ ხოლო სიბრძნით აღიტყუა უტყჳ იგი და კეთილად ესმოდა უსმსა მას, რაჟამს განიოტა მისგან ეშმაკი იგი ბოროტი ლოცვამან ნეტარისა მის კაცისამან. და რომელთა იხილეს საკჳრველი ესე, ადიდებდეს ღმერთსა.

თავი XLVI

ხოლო დედაკაცმან მან მოიყუანა ქმარი თჳსი და შესაწირავად ორი ზროხაჲ მიუძღუანა ეპიფანეს. არამედ მან მიანიჭა ზროხანი იგი ყრმასა მას განკურნებულსა და აკურთხნა იგინი და სიხარულით წარვიდეს და მადლი მისცეს ღმერთსა.

თავი XLVII

ესევე ნეტარი ეპიფანე ოდესმე მივიდა წინაშე დიდისა აბულასადისა ჟამსა მკისასა როჭიკისა თხოვად ხანძთისათჳს. ხოლო მან ჰრქუა: „ძმათა შენთა დღესა შინა ერთსა რაჲ მკონ, მიმიცემია“. და აბულასად ესევე ამცნო ცოლსა თჳსსა, რამეთუ იყო გუნათლეს, და თჳთ წარვიდა სხუად ქუეყანად. ხოლო ეპიფანე შეიკრიბნა ძმანი თჳსნი კეთილად-მომკალნი და მიიწინეს გუნათლეს სიტყჳსაებრ პირველ-თქუმულისა და იწყეს მკად კეთილსა ყანასა, ვიდრე განზოგებადმდე დღისა მის, ფრიადითა გულს-მოდგინებითა. ხოლო კაცთა ვიეთმე უკეთურთა აუწყეს დედუფალსა თჳსსა, ვითარმედ სრულიად მოჰმკიან ვიდრე მწუხრადმდე იფქლსა მას ფრიად კეთილსა. ხოლო შეიურვა და მიავლინა კაცი, რაჲთა არღარა მკიდენ. და ეპიფანე ძმათა მათ ეშორა და მივლინებულსა მას არა უსმინეს.

ხოლო მან რისხვით სხუანი კაცნი მიავლინნა და მძლავრებით განასხნეს ყანისა მისგან. მაშინ მამაჲ ეპიფანე ძმათა მათ დაუბრკოლდა არა სმენისა მისთჳს, რომელცა იგი პირველ მოევლინა კაცი, რამეთუ ჭეშმარიტად იყო იგი ქრისტჱს მონაჲ და არა უნდა შფოთისა ხილვაჲ, ამისთჳს თქუა ესრჱთ: „უფალო, შეუნდვე მჴევალსა შენსა ჩუენი ესე შეურაცხებაჲ და უმჯობჱსი იზრუნვე მისთჳს განსაცდელთა მიშუებითა მცირედ, რაჲთა ისწაოს არა გმობაჲ გლახაკთაჲ“. და მუნქუესვე დასცა იგი სულმან უკეთურმან, რამეთუ კადნიერებისა მისთჳს განეშორა სული მადლისაჲ. და მსწრაფლ ხოლო აცნობეს ეპიფანეს, ხოლო იგი მივიდა და ძმანი მისნი მის თანა და ყოვლითა გულითა ულოცეს. ფრიად საწყალობელად იყო იგი და მსწრაფლ განიკურნა, რამეთუ კუალად დაემკჳდრა მის თანა სული მადლისაჲ მცველად უკუნისამდე და არღარა ივნო. და მიერითგან კეთილად შეიცვალა იგი და შეუვრდა ეპიფანეს და ძმათა მათ, და დიდითა კეთილითა განუტევნა იგინი სიხარულით.

თავი XLVIII

რამეთუ ქრისტემან შეამკვნა სასწაულითა და სიმდაბლითა ვითარცა მამაჲ გრიგოლ, ეგრჱთვე მოწაფენი მისნი სიტყჳსაებრ მოციქულისა, ვითარმედ: „სიმდაბლჱ ეგე თქუენი ცხად იყავნ“. ამისთჳსცა ცხადად იხილვა გარდარეული სიმდაბლჱ ეპიფანჱსი ესრჱთ. იყო ოდესმე, ჟამსა რომელსამე ძმანი ვინმე კეთილნი მონაზონნი მოსრულ იყვნეს ნეძჳთ და მარტოდ უბნობასა შინა ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა მათ: „სიმდაბლჱ სრული საქმით და არა სიტყჳთ არსა მონასტერსა თქუენსა შორის ძმათა?“. ხოლო მათ ჰრქუეს: „არს ლოცვითა შენითა, ვითარცა თჳთ უწყი“. და სიტყუასა მათსა თანა ჟამსა ხოლო ჰრეკეს ჟამის-წირვისათჳს, და ვითარ ჟამსა დაიწყო ნეტარმან გრიგოლ, ჰკითხა დეკანოზმან საერთოდ ჟამის-მწირველისაჲ. ხოლო მან ეპიფანჱსი ბრძანა ჟამის-წირვაჲ, რამეთუ იგი დაედგინა მამასახლისად ხანძთას. და ეპიფანე შეიმოსა ჟამის-წირვად და სხუანიცა მღდელნი მის თანა, რამეთუ იყო დღჱ იგი კჳრიაკე. და ვითარცა აღვიდეს საკურთხეველად და ეპიფანე „წმიდაო ღმერთოჲსა“ წინააღსამაღლებელსა იწყო თქუმად, აღვიდა ხოლო საკურთხეველად მამაჲ გრიგოლ და კუერთხითა სცა თავსა და ჰრქუა: „დადუმენ“. ხოლო იგი შეუშფოთებელად დადუმნა. და უბრძანა სადიაკონედ წარსლვაჲ და განძარცუაჲ.

მაშინ ყოველი ერი განკჳრვებისა ზარმან აღავსო. ხოლო იგი წარვიდა და განიძარცუა, და მივიდა და დადგა წინაშე მოძღურისა თჳსისა მყოვარ ჟამ. და კუალად უბრძანა შემოსაჲ და ჟამის-წირვაჲ. და იგი სიხარულით შეიმოსა და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო მან ჯუარი დასწერა და აღვიდა იგი საკურთხეველად მძლე ამპარტავანებისა სენთა და იწყო შეწირვად მსხუერპლთა მათ უსისხლოთა. არამედ მიზეზი საქმისაჲ ამის ვერვინ იკადრა კითხვად წმიდისა მის, ვიდრემდის თჳთ უბრძანა ძმათა მათ ნეძუელთა: „იხილეთღა ძმანო საყუარელნო, სიმდაბლჱ საქმით სრული ეპიფანჱსი? გრწმენინ ჩემი, ჭეშმარიტსა ვიტყჳ წინაშე ღმრთისა: არარაჲ ბრალი უქმნიეს მას, რამეთუ ღმრთისმოშიშებისა და სიწმიდისა და სიმდაბლისა მისისათჳს მარადის მადლი სულისა წმიდისაჲ დადგრომილ არს მის თანა. ხოლო არს სიმდაბლჱ დამდაბლებულისაჲცა ბრალთაგან, არამედ რაჲ სწორებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ, რამეთუ ჭეშმარიტისა ნათლისა სამოსელი ჰმოსია სიმდაბლითა სარწმუნოჲთა შემკობილთა მრავალთა შორის ძმათა ამათ. და ესე თქუენისა ხილვისათჳს ვყავ, რამეთუ სთქუთ ძმათა თქუენთა სრული საღმრთოჲ სიმდაბლჱ“.

ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქუეს: „რამეთუ დაღაცათუ კეთილ არიან სათნოებითა ძმანი მონასტრისა ჩუენისანი, არამედ ესე სიმდაბლჱ ვერ ძალ უც“. და ვითარცა ჟამი შეწირა ღირსმან ეპიფანე, ეზიარნეს ყოველნი წმიდასა მას საიდუმლოსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა და ერთობით მადლი მისცეს წმიდასა სამებასა, დამბადებელსა ყოველთასა.

თავი XLIX

ხოლო შატბერდისა მამათა შორის ფრიად იყვნეს შემდგომითი-შემდგომად მონაზონებისა სიმჴნითა რჩეულ და რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელებისა მადლითა ბრწყინვალე სხუათა მათებრ უდაბნოთა ჟამითი-ჟამად წმიდათა კაცთა გამობრწყინვებითა, რომელთა შორის ჟამთა ჩუენთა ბრწყინვიდა ჴევსა მას მიძნაძოროჲსასა დიდი იაკობ, ვითარცა მთიები შორის ვარსკულავთა, ზეშთა სიტყჳსა ჩუენისა შემკობილი მრავალ-ფერითა მადლითა მოყუასთა თანა საღმრთოთა. არამედ წიგნისა ამის განგრძობისათჳს მათ ყოველთა თანაწარვჰჴედ და მივედ სასწაულთა ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისთა, რომელნიცა ვისწავენ სარწმუნოთაგან კაცთა. ხოლო ყოველი ვერ შეუძლე აღწერად უმეცრებისა გზითა, რამეთუ ვჰგონებდ ცხორებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა: დიდი სოფრონ, სანატრელი მამაჲ, შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმაშჱნებელი და უკუნისამდე გჳრგჳნი მისი, და ღმერთ-შემოსილი მამაჲ ილარიონ პარეხელი, და ქრისტჱს მღდელთ-მოძღუარნი ღირსნი გიორგი მაწყუერელი ეპისკოპოსი და სტეფანე მტბევარი ეპისკოპოსი პირველი და სხუანი მსგავსნი მათნი. და ვითარცა მათ ნეტართა დაიძინეს, მაშინღა რეცა განმეღჳძა უცებსა ამას და ფრიად ცოდვილსა ჴელყოფად და აღწერად ცხორებაჲ და სასწაულნი ესე, რომელ აწ გესმნენ.

თავი L

რამეთუ ოდესმე იყო ნეტარი გრიგოლ თჳსსა მას საყუდელსა სენაკსა. და სენაკსა მას შინა ცეცხლი არა ოდეს აღგზნებულ იყო, არცა კანდელი აღნთებულ იყო, და არცა სხუათა ძმათასა. და ჟამსა ცისკრისასა დეკანოზმან ჰრქუა მნათესა: „მივედ მამისა და ისმინე, სძინავს-ძი ანუ ჰღჳძავს“. და ვითარცა მივიდა, იხილა ბრწყინვალებაჲ დიდძალი შინაჲთ გამო სენაკსა მას. მსწრაფლ მორბიოდა და ჴმა-ყო, ვითარმედ „ცეცხლი აღდებულ არს სენაკსა შინა მამისასა“.

ჰრქუა მას დეკანოზმან: „დუმენ შვილო, და ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწუველი, გარნა სული ღმრთისაჲ განმანათლებელი“. რამეთუ მრავალ-გზის ეხილვა დეკანოზსა მას ხილვაჲ იგი დიდებული. და მი-ხოლო-ვიდა სენაკად და შთახედნა კედლისა ნაპრალსა და იხილა წმიდაჲ იგი ჴელგანპყრობით და გუამით მისით გამოვიდოდეს ნათლისა ისარნი ჯუარის სახედ. და დიდებითა შემკულ იყო იგი და ესრჱთ ბრწყინვიდა, ვითარცა მზჱ. ხოლო დეკანოზი იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და მყოვარ ჟამ დააცადა ჟამის რეკაჲ, ვიდრემდის შეიცვალა სახილავი იგი.

თავი LI

და კუალად ოდესმე ჟამსა ყინელისასა ძმანი ტყესა მას ხანძთისასა შთამოჰყრიდეს ძელსა, და მათ თანა იყო ნეტარი გრიგოლ, მდგომარჱ ადგილსა საჩინოსა. და ძმაჲ ვინმე მოხუცებული ძნელსა ადგილსა ძელისა სავალსა განვიდოდა, და ძმათა მათ სხუათა უმეცრად ძელი ფრიად დიდი განუტევეს. და ვითარცა იხილა ძმამან მან ძელი იგი მძაფრიად მიმავალი, შეშინდა ფრიად და სივლტოლაჲ მისგან წარწყმდა. ჴმა-ყო დიდითა ჴმითა: „მამაო, შემეწიე!“. ხოლო მან ჯუარი დასწერა ძელსა მას და ჰრქუა: „სახელითა ქრისტჱსითა დადეგ, ძელო!“. და სიტყუამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინელად, და უბრძანა ძმასა მას გულდებულად განსლვაჲ. და ვითარცა იხილეს სასწაული ესე, დაუკჳრდა ძმათა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.

თავი LII

ამისა შემდგომად ესე ნეტარი იყო ოდესმე მახლობელად შატბერდისა. და სარწმუნოებით მო-ვინმე-ვიდა მისსა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ჴელთა ძჱ თჳსი მცირჱ ვითარ ორისა წლისაჲ, რომლისა ჴელნი და ფერჴნი მტერისაგან მიხუმულ იყვნეს და პირი გარემიქცეულ იყო. ესე მოვიდა მრავლითა ცრემლითა და ძჱ თჳსი დააგდო წინაშე ფერჴთა მის წმიდისათა და ჰრქუა ესრჱთ: „წმიდაო ღმრთისაო, კაცთაგან განწირულისა ამისთჳს წყალობა ყავ, რამეთუ შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტი“. და იხილა რაჲ წმიდამან მან ფრიადი გოდებაჲ მისი, შეეწყალა, და იწყეს ცრემლთა მისთა დინებად, რომელნიცა საჴუმილ მჴდომსა ექმნნეს, რამეთუ კაცთაგან უხილავად შესწუვიდა მძლავრსა მას უკეთურსა ეშმაკსა ლოცვანი გრიგოლისნი და განიოტებდეს მას.

მაშინ თქუა: „სახელი ქრისტჱსი განგჴდის, ეშმაკო, განეშორე უკუნისამდე ჩჩჳლისა ამისგან უმანკოჲსა”, და ჯუარი დასწერა. და მეუნქუესვე ივლტოდა სული იგი ბოროტი და განიკურნა ყრმაჲ იგი სრულიად. და მშობელი მისი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთსა და წმიდასა მას, და მხიარულნი წარვიდეს სახიდ თჳსა, და ყრმაჲ იგი კეთილად ცხოვნდა სრულიად.

თავი LIII

და კუალად სხუაჲ ვინმე იყო დედაკაცი სისხლის-დინებითა გუემული მრავალთა ჟამთა. მას ესმა სასწაული ესე და მივიდა გულსმოდგინედ წმიდისა მის და ვერ შემძლებელ იყო თჳსსა მას სენსა საანჯმნო ყოფად, არამედ მდუმრიად სულ-თქუმით დაალტობდა ფერჴთა მისთა ცრემლითა და ითხოვდა კურნებასა. ხოლო ძმანი იგი მცირედ განეშორნეს წამის-ყოფითა ამის წმიდისაჲთა, რამეთუ ცნა სულითა ვნებაჲ იგი დაფარული და მისცა მარჯუენჱ თჳსი, რაჲთა შეიმთხჳოს. და მან ყო ეგრჱთ, და მასვე ჟამსა განიკურნა უძლურებისა მისგან და წარვიდა სიხარულით სახედ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.

თავი LIV

რამეთუ კეთილი სათნოებაჲ. ნეტარისა მამისა გრიგოლისი საკჳრველებითა სავსე არს. რამეთუ მახლობელად შატბერდისა იყო ვინმე კაცი მდაბიოჲ, და ესუა მას ცოლი და ესხნეს შვილნი და აქუნდა ფრიად მონაგები. და სიხარულსა შინა იყო ცხორებაჲ მათი, რამეთუ კეთილად-მორწმუნე იყჳნეს იგინი. ხოლო დედაკაცსა მას უმჯობჱსისა მისისათჳს უძლურებაჲ შეემთხჳა, რაჲთა მართლისა მის კაცისა ჴელითა ქრისტემან განკურნოს და მჴდომი სირცხჳლეული განაქიქოს, რომელმანცა მანქანებითა მისითა ჴელთა მისთა ათნივე თითნი ნებთა მისთა ზედა დაჰკრნა და ძლიერად ჰგუემდა ტეხითა ბოროტითა. მას ჟამსა საღმრთომან ცნობამან გულისხმა უყო ნეტარისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ, და მსწრაფლ ხოლო დედაკაცმან მან თანა წარიყვანა ერთი ძჱ თჳსი და მიიწია წინაშე ნეტარისა მის. ხოლო ნებითა ღმრთისაჲთა იყო წმიდაჲ აგარაკსა ერთსა შატბერდისასა და იწყო ვედრებად მისა მრავლითა ცრემლითა და გოდებითა უძლურებისა მისთჳს, რომელი შეემთხჳა მას. და ვითარცა იხილა სარწმუნოებაჲ და ცრემლნი მისნი, შეეწყალა იგი ფრიად. მაშინ უბრძანა ერთსა მღდელთაგანსა წარსლვაჲ ეკლესიად და მოღებად ევლოგიაჲ, ზეთი კანდლისა მისგან, რომელიცა უკუდავად ენთებინ წინაშე ხატსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა. და თჳთ დადგა ჴელ-განპყრობით ლოცვად წინაშე ღმრთისა სულ-თქუმითა დაუდუმებელითა და ცრემლითა წყაროებრ მდინარითა, ვიდრე მოსლვამდე მღდელისა მის.

და რაჟამს მოიღო ზეთი იგი კანდლისაჲ მის, მოუწოდა დედაკაცსა მას და ჴელთა მისთა ჯუარი დასწერა, და ზეთი იგი ჯუარის სახედ სცხო სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და თქუა: „იქმნენინ განკურნებულ ჴელნი შენნი“. და მუნქუესვე განემართნეს ყოველნი იგი თითნი მისნი და ყოვლადვე არღარა იპოვა ვნებაჲ მის თანა, რამეთუ მავნებელი იგი ეშმაკი ზარგანჴდილი ივლტოდა ლოცვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა. და ესრჱთ სიხარულით წარვიდა სახიდ თჳსად და ადიდებდა ქრისტესა ღმერთსა.

და კუალად დედაკაცმან მან წარიყვანა ქმარი და შვილნი თჳსნი და ფრიადი შესაწირავი მიუძღუანა წმიდასა მას, და ყოველთა მიიღეს კურთხევაჲ და წარვიდეს მხიარულნი სასწაულისა მქადაგებელნი შორის მრავალთა.

თავი LV

ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა ჴელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქუეყანანი და აღაშჱნა ციხჱ არტანუჯისაჲ საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თჳსისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა. ხოლო აცთუნა მტერმან ჴელმწიფჱ იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა, რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაჲ ფრიად აზრზენდა, რომელსა პირველ არა აქუნდა ეგევითარი ჩუეულებაჲ, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა. და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს საქმჱ იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად. და აუწყა წმიდასა გრიგოლს, დიდსა მას მოხუცებულსა, რომელი მკჳდრ იყო ეკლესიათა, რამეთუ იყო იგი სასწაულთა-მოქმედ და პატივ-ცემულ ღმრთისა და კაცთაგან, და განზრახვითა მისითა ამხილა პირის-პირ ჴელმწიფესა მას. ხოლო მან აღუთქუა ცოდვისა მის განტევებაჲ, და დედაკაცისა მის წარგხავნაჲ, ვინაჲცა მოეყვანა იგი. და ვერ დაამტკიცა თჳსი ბრძანებაჲ, მის განტევებაჲ, და რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა.

ხოლო ნეტარმან გრიგოლ პოვა ჟამი მარჯუჱ. ოდესცა კურაპალატი შორს იყო, არტანუჯსა დღესა ერთსა შატბერდით წარვიდა და მიიწია მიმწუხრი ძირსა მას ციხისასა. და კაცი მიუვლინა დედაკაცსა მას ჭამადისა თხოვად და მუნ დადგომისა მიზეზი შეუთუალა. ხოლო მან სიხარულითა დიდითა განიხარა და მრავალფერი სანოვაგჱ წარსცა წმიდისა მისთჳს და მოწაფეთა მისთა. და ვითარცა განთენა, კუალად მიუვლინა კაცი, რაჲთა მივიდეს ხილვად მისა. მაშინ უფროჲსად განმხიარულებული მსწრაფლ მოვიდა წმიდისა მის ორთა თანა მჴევალთა თჳსთა, რაჲთამცა ღირს იქმნა ჯუარსა ნეტარისა მის კაცისასა. ხოლო მან არა დასწერა ჯუარი, არამედ უბრძანა განშორებულად დაჯდომაჲ. და მოწაფენი კიდერე განდგეს წამის-ყოფითა მოძღურისა თჳსისაჲთა და ეგრჱთვე მსახურნი იგი დედანი, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მიფენილ იყო. მაშინ ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: „ჵ საწყალობელო! რაჲსათჳს შორის ცოლ-ქმართა შთაჭრილ ხარ წარსაწყმედელად შენდა საუკუნოდ ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკისადა და ცუდითა რაჲთმე მიზეზითა საფრჴე ქმნულ ხარ დიდისა ჴელმწიფისადა“?

ხოლო მან ცრემლით ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაჲთგან გარდარეული სიყუარული აქუს ჩემდა მომართ კურაპალატსა, და აწ არაჲ უწყი, თუ რაჲ ვყო, რამეთუ ბრძანებამან სიტყუათა შენთამან შემაძრწუნა ფრიად. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „შვილო, იქმენ სრულიად მორჩილ სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, და მე თავს-მდებ გექმნე ქრისტჱს მიმართ, რაჲთა მან თავადმან ყოველნი ბრალნი შენნი შეგინდვნეს“. და მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ჴელთა შენთა ვარ უმჯობჱსი სულისა ჩემისაჲ იზრუნე“. მაშინღა ჯუარი დასწერა და აკურთხა ლოცვითა და შეჭურა მადლითა და მისცა თჳსთა ჴამლთა საბელი, რაჲთა სარტყლად შეირტყას. და მან-ყო ეგრჱთ.

და წმიდამან მან ჰრქუა: „შვილო ჩემო, დღეს იქმნა ცხორებაჲ სულისა შენისაჲ, რამეთუ სანატრელისა დედისა ფებრონიაჲს წინაშე მიგიყვანებ შენ“. და მან განიხარა ფრიად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ უბრძანა მქჴევალთა მათ მისთა წარსლვაჲ ციხედვე და დედაკაცსა მას ჰრქუა: „შვილო ჩემო, წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩუენსა!“ და ესრჱთ მოიყვანა იგი მერეს, რამეთუ პირველვე განზრახვაჲ ნეტარისა დედისაჲ თანა იყო. და შეჰვედრა იგი მას და ჰრქუა: „იღუაწე ესე, ჯერისაებრ იღუაწე, და რაჟამს ძიება-ყოს კურაპალატმან, რამეთუ ჰხედავ გულსა ამისსა შემუსრვილსა“. ხოლო მან თქუა: „ქრისტემან კეთილად იზრუნოს მჴევლისა თჳსისათვს, რომელიცა პოვა შენ მიერ, ღირსო მამაო“.

და მრავალჟამ მარტოდ უბნობდეს ნეტარნი ესე. და ესრჱთ იყო ჩუეულებაჲცა მის ჟამისა წინამძღუართა მამათჲა, რამეთუ თჳნიერ დედისა ფებრონიაჲსგან ზრახვისა საქმჱ არაჲ ჴელ-ყვიან. ხოლო დათაგანი ვინმე მახლობელად მათსა წარჰვლიდა და ესმა ერთი სიტყუაჲ, ხოლო სხუასა ვერღარა იკადრა სმენად, რამეთუ წმიდამან გრიგოლ ჰრქუა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ: „რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?“ რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის.

ხოლო რაჟამს მიიწია კურაპალატი ციხედ, იკითხა ხოლო დედაკაცი იგი და ვითარ არა პოვა, ფრიად შეიურვა, გულისხმა-ყო რაჲ ყოველი იგი ყოფილი საქმჱ. და რამეთუ არა ღონითა რაჲთმე კაცობრივითა მახეთაჲთა იყო ტრფიალ მისა მიმართ ჴელმწიფჱ იგი, არამედ ეშმაკისა მანქანებითა ესოდენ ძლეულ იყო, რომელ თავმოთნეობაჲ დაავიწყდა და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მერეს. ხოლო ნეტარმან ფებრონია დამალა დედაკაცი იგი.

და ვითარ ილოცა კურაპალატმან ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და მიიღო ლოცვაჲ დედისა ფებრონიაჲსი, მაშინ იწყო სიტყუად: „უწყი-მეა, დედაო, რაჲსათჳს მოვედ აწ?“. ხოლო მან ჰქრუა: „უფალმან იცის, რაჲსათჳს ჰბრძანე აქა“. და მან ჰრქუა: „ამის მიზეზისათჳს იქმნა მოსლვაჲ ჩემი, რამეთუ სახლისა ჩუენისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩუენი ჴელთა მისთა იყო, და მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანებია და ფრიადი დაგუაკლდა საფასეთა ჩუენთაგანი. აწ უბრძანე, რომელ ერთხელ ციხედ მოვიდეს და ყოველი მოგჳთუალოს და კუალად თქუენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს“.

ხოლო ფებრონია ჰრქუა მას მკუეთრ: „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა“. ესჱ რაჲ ესმა კურაპალატსა, სირცხჳლეულ იქმნა მართლმხილებისა მისგან კდემული და მყოვარ ჟამ დადუმნა, ვითარცა ძლეული, რამეთუ ჴორციელად ძლიერსა ჴელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოჲთა შურითა. ხოლო შეურვებულმან კურაპალატმან გულისა შეჭირვებისაგან თქუა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“-ო. და მსწრაფლ ხოლო აღდგა და წარვიდოდა. მაშინ ნეტარი ფებრონია დაწყნარებულითა სულითა აყენებდა, რაჲთამცა ისტუმრა იგი, და არა დაემორჩილა, რამეთუ მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ და ნებაჲ რაჲ ჴორცთ-მოყუარებისაჲ განეშორა და აუგი თჳსი გულისხმაყო. ხოლო სულითა იხარებდა, სიბრძნემან რაჲ წარიოტა სულმოკლებაჲ იგი მავნებელი და აქებდა წმიდათა მათ მძლავრებასა, უფროჲს ხოლო ძლევისა მომცემელსა ღმერთსა. და სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსან-მყოფელთაჲ.

თავი LVI

არამედ ადარნერსე ჴელმწიფესა უფროჲსი ვნებაჲ შეამთხჳა მტერმან, რომელიცა იყო ძჱ აშოტ კურაპალატისაჲ. რამეთუ შესმენითა მეძვისა ქალისაჲთა, რომლისა თანა იმრუშებდა იგი, უსამართლოდ განიშორა სიცრუითა სიძვისაჲთა სარწმუნოჲ ცოლი თჳსი და წარგზავნა ქუეყანად თჳსად აფხაზეთად, ვინაჲცა მოეყვანა იგი. ხოლო ქრისტემან მონასა თჳსსა გრიგოლს გამოუცხადა ყოველი იგი უსამართლოებაჲ, რომელიცა შეამთხჳეს უბრალოსა მას დედუფალსა. ამისთჳსცა მრავალ-გზის მხილებაჲ მიაწია ნეტარმან გრიგოლ ადარნერსჱს ზედა. არამედ ჴელმწიფჱ იგი ცუდითა თავმოთნეობითა იძლია და მხილებაჲ მართლისა მის კაცისაჲ არა თავს იდვა, არამედ შესძინა ძჳრი ძჳრსა ზედა თჳსსა და სხუაჲ ცოლი შეირთო. მაშინ მამამან გრიგოლ უწინაჲსწარმეტყუელა ბრალთა მათთჳს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მისდა მიშუებითა ღმრთისაჲთა. და ჰრქუა ესრჱთ: „არა სმენისათჳს სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნენ, იგუემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მჴევლისა მის ღმრთისა. დაღაცათუ ჴორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად წარმდებებისა მისისათჳს და უკეთურებისა“.

ხოლო ადარნერსე სიტყუათაგან ნეტარისა გრიგოლისთა ფრიად შეშინდა და შეუვრდა წმიდასა მას. ხოლო მან აღადგინა და ჰრქუა: „ქრისტემან შენდობაჲ ბრალთაჲ მოგეცინ შენ, არამედ ესე უწყოდე: თქუმული ჩემი აღესრულოს ჟამსა თჳსსა, რაჲთა გულისხმა ყონ ყოველთა ნაყოფი ურჩებისაჲ”. და შემდგომად მცირედთა დღეთასა შეემთხვა ადარნერსეს სენი ტეხისაჲ წრდიალი, რომელსა ჰრქჳან ნიკრისი. და ტკივილთა მათგან იგუემებოდა მწარედ, რამეთუ მუნ ჟამადმდე ყოვლად უვნებელ იყო იგი. და მსწრაფლ ხოლო წარავლინა კაცი კეთილი, რომელსა ერქუა კუპრა, წინაშე დედუფლისა მის შენდობისა თხოვად. და ვითარ მიიწია მოციქული იგი ადარნერსჱსი ფერსათს, სადაცა არს აწ საფლავი მისი, და იხილა დედუფალი იგი თჳსი დიდსა შინა მონაზონებასა, რომელიცა იყო ასული ბაგრატ შაროელისა ჴელმწიფისაჲ, რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოჴაჲ და ემოსა მას წმიდაჲ სქემაჲ და ტჳრთი დიდი შეშისაჲ ეკიდა და სახიდ თჳსად მიაქუნდა სანატრელსა მას, რომელსა პირველ სახელი ეწოდა ბევრელი და მერმე ანასტასია, რამეთუ მან სრულიად სირცხჳლეულ-ყო ეშმაკი. და აწ კურნებასა ჰპოვებენ მორწმუნენი მადლითა მისითა, მი-რაჲ-აქუს მიწაჲ ევლოგიად საფლავთაგან მისთა.

ესე რაჲ იხილა კაცმან მან მოციქულმან, იცნა და შეუვრდა ადარნერსჱს მაგიერ და ჰრქუა: „ქრისტჱს ნების-მყოფელო, გევედრების, შეიწყალე უფალი ჩემი სამართლად ღმრთისაგან განპატიჟებული შენ ძლით და ნუ სწყევ მას, არამედ შეუნდვენ დიდნი ბრალნი მისნი“. ხოლო მან ჰრქუა: “გეფიცები ქრისტესა, არაოდეს აღმოსრულ არს წყევაჲ პირსა ჩემსა და არცა მას ვსწყევ, ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ჴორცით“. და მსწრაფლ ხოლო განიკურნა ადრნერსე, რამეთუ კაცმან მან მოციქულმან დაისწავა ჟამი იგი, ოდესცა ულოცა უფალსა მისსა, და მო-რაჲ-ვიდა, პოვა იგი ყოვლად უვნებელი და სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა. არამედ შემდგომად წელიწადთა არა მრავალთა, ადარნერსე ჴელმწიფესა რაჲ ესხნეს ძენი, გურგენ კურაპალატი და სუმბატ, მტერისაგან ფრიად იტანჯებოდეს. და მსწრაფლ ხოლო წარავლინნა იგინი ფერსათს სამოსლითა საგლახაკოჲთა და შესაწირავითა საჴელმწიფოჲთა ლოცვად საფლავსა მას სანატრელისა დედუფლისასა, რამეთუ გარდაცვალებულ იყო იგი. და რაჟამს ილოცეს, სრულიად განიკურნნეს სიტყჳსაებრ ნეტარისა გრიგოლისა და სიხარულით წარვიდეს სახიდ თჳსა და ადიდებდეს ქრისტესა ღმერთსა ყოველთასა.

ხოლო დედაკაცი იგი შემასმენელი, ბოროტად ეშმაკეულ იქმნა და განცოფნა, და სხუანიცა განსაცდელნი მიიწინეს მის ზედა საქმეთაებრ მისთა უკეთურთა, და ესრჱთ იყო საშინელ და ზარის-ასაჴდელ ხილვაჲ მისი და სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ. და ვითარ მოეგო გონებასა, მაშინ მივიდა წინაშე დედისა ფებრონიაჲსსა საწყალობელი იგი და შეუვრდა მას ცრემლით და აღუარებდა ყოველთა ბრალთა და ევედრებოდა გოდებით, რაჲთა უხუაიშნოს მამისა გრიგოლისგან. ხოლო მან მიწერა წიგნი ვედრებით და ნეტარმან მან არა ისმინა, არამედ მიჰრქუა: „უძჳრჱსნი განსაცდელნი აღიძრნენ მაგას ზედა ამისთჳს, რამეთუ საცთურ ექმნა ეგე ღმრთის-მსახურსა ჴელმწიფესა და სარწმუნოჲ ცოლი მისი განაშორა, რამეთუ განთქუა სახელი მისი ვითარცა მეძვისაჲ, და კუალად სისხლი უბრალოჲსა ჭაბუკისაჲ დასთხია. აწ მსგავსად უჯეროებისა საქმეთა მიეგოს მაგას ვიდრე სიკუდილადმდე“.

ხოლო ნეტარმან ფებრონია თქუა: „ჭეშმარიტ არს საბჭოჲ მამისა გრიგოლისი, რამეთუ არა ჰმძლავრა მან წმიდასა მას, ვითარცა თქუა მოციქულმან: „სულები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილენ“-ო. არამედ ვითარ შეჰგვანდა, ნეგეშინის სცა სასოწარკუეთილსა მას, რამეთუ სავსე იყო იგი სიბრძნითა ორისავე ცხორებისაჲთა და სასწაულნი დიდნი იხილვებოდეს მის მიერ და რომელთაგანმე მოწაფეთა მისთა და აწ სარწმუნოებით მვედრებელთა კურნებასა აღმოუცენებენ საფლავნი მათნი. ხოლო დედაკაცი იგი ვიდრე სიკუდილამდე დაადგრა მერეს შინა, რამეთუ დაღაცათუ ბოროტთა გუემათა შინა იყო, ხოლო გონებაჲ მისი ცოცხლად ეგო. და რაჟამს მოკუდა იგი, ბრძანა დედამან ფებრონია მახლობელად დათა მათ ქრისტჱს ნების-მყოფელთა დამარხვაჲ მისი, რაჲთა დიდად ბრალეული იგი უბრალოთა მათ განამართლონ წინაშე ქრისტჱსა.

ხოლო უფალმან აჩუენა სასწაული, რამეთუ დამარხვასა სხუათა მიცვალებულთასა სამ-გზის იპოვა შინაგან კარსა აკელდამისასა მდებარე. და არღა იკადრეს აღებად გუამი იგი ცოდვილისა მის დედაკაცისაჲ, არამედ მაშინღა აუწყეს ყოველი ნეტარსა ფებრონიას, რამეთუ მოხუცებულ იყო ფრიად და შესუენებულთა დამარხვასა ვერ ძალ ედვა მისლვაჲ. ხოლო მან თქუა: „ჯერ არს უწყებად ესე ნეტარსა გრიგოლს, რამეთუ იგი არს წინამძღუარი საქმისაჲ, ამის“. და მიწერა ეპისტოლჱ პატივით ესრჱთ:

თავი LVII

„წყალობა-ყავნ უფალმან ჩუენ ზედა წმიდითა ჯუარითა და შეწევნითა ღირსთა ლოცვათა შენთაჲთა, ქრისტე-შემოსილო მამაო გრიგოლ, ყოვლადვე მონაწილეო ლოცვასა თანა ჩემ გლახაკისასა, შენ, წმიდაო ღმრთისა კაცო, საფრჴჱ მჴდომთა მრავალ-სახჱ სიბოროტით შეგიმზადეს, ვითარ მახჱ მონადირეთა. და იწყეს წყობად შენდა უწყინოდ, რამეთუ სივერაგით ებრძოდეს საუცრად სიმძაფრითა სასტიკითა ხილვითა, ვითარცა გუნდი მჴედართაჲ, და ოდესმე ვითარცა სიმრავლჱ მჴეცთა მძჳნვარეთაჲ მრავალ-გზის საშინელად ჩუენებითა, და ესრჱთ შენთჳს აღძრეს ღუაწლთა ღელვაჲ უჩინოჲ და საჩინოჲ. არამედ მათ ყოველთა სძლო სიმდაბლემან სიწმიდითა შემკობილმან გუამსა შენსა დანერგულმან და ცეცხლებრმან სულმან შენმან მართალმან შეწუნა მტერნი იგი მავნებელნი უხილავნი და ხილულნი. ხოლო ამის მადლისათჳს ძალ არს შენდა ძალი ღმათისაჲ, რამეთუ წმიდათა ანგელოზთა მსგავსებაჲ გაქუს სიწმიდჱ, რომელ არს სამძალი ძლევისაჲ, შეზღუდვილი სამარადისოჲთა ლოცვითა და მარხვითა და ფრიადი მუჴლთ-მოდრეკაჲ შემწირველი ცრემლთა წმიდათაჲ უძილთაგან თუალთა შენთა და მღჳძარისაგან სულისა შენისა. შენ, წმიდაო მღდელო, ეკლესიად წოდებულთა შორის მართალთა განსუენებულო, საღმრთოო მოძღუარო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ჴელმწიფეთა თუალუხუავად მამხილებელო და განმსწავლელო კუერთხითა სწავლისაჲთა, რომლისათჳსცა სიტყუანი შენნი წინაჲსწარმეტყუელებრ აღესრულებიან კაცთა შორის, არამედ აწ ჟამი არს შენდობისაჲ, ყავ წყალობაჲ განწირულისა მისთჳს დედაკაცისა, ვითარცა შუენის სიწმიდესა შენსა. რამეთუ ნეშტი სიტყუაჲ ჩემი გეუწყოს წიგნის მიმღებელისაგან და ყოვლადვე შეწევნა ყავ ჩემთჳს აქა და საუკუნესა მას, ამჱნ“.

და რაჟამს აღმოიკითხა წიგნი ფებრონიაჲსი ნეტარმან გრიგოლ და ყოველი გულისხმა-ყო, ცრემლით მადლი მისცა ქრისტესა და დაწერა ეპისტოლჱ დათა მათ შესუენებულთა მიმართ ესრჱთ სახედ:

თავი LVIII

„ქრისტჱს-მოყუარენო, წესთა მათ ამის სოფლისათა მოკლესა შინა დროსა სიყრმითგან თქუენით ვიდრე სიკუდილადმდე მძლექმნულნო ქრისტჱსთჳს სიტყჳსაებრ მოციქულისა: „რამეთუ მოჰკუედით და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტჱთურთ ღმრთისა თანა“. რაჟამს გამოცხადნეს ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა გამოსცხადნეთ დიდებითა საუკუნოჲსა მერმისაჲთა. თქუენ, ბრძენთაგან ნეტარნო და უვიცთაგან უცნაურნო, უოხჭნოსა სიმდიდრესა კეთილთაებრ ვაჭართა საწუთროჲთა მომსყიდველნო, ხოლო აწ მძინარენო ჴორცითა და მღჳძარენო სულითა, მკუდრად შერაცხილნო მკუდართაგან და უკუნისამდე ცხოველნო ქრისტჱსგან ტაძრითა მით სულისაჲთა, ქუეყანისა ცად შემცვალებელნო, ქალწულებისა ყუავილნო, მიმსგავსებულნო დედასა ღმრთისასა. მხიარულნო მის წინაშე, საუკუნოდ დიდებულსა მას მოსლვასა ძისა მისისასა მომლოდებელნო.

თქუენ, უძლურებისაგან უცვალებელსა ძალსა მიწევნულნო და შემდგომად სიკუდილისა ყოვლადვე შემძლებელნო მიცემად ორსა სახესა მისაგებელსა ქცევათაებრ კაცთაჲსა, ვითარცა ესე აწ ვიხილეთ თქუენ-მიერი სამართალი საშჯელი, რომლისათჳსცა მე, გლახაკი გრიგოლ, და დედაჲ ფებრონია, მადლიერ ვართ თანაშეწევნასა თქუენსა. და აწ გევედრებით, საწყალობელისა მაგისთჳს დედაკაცისა ითხოეთ ქრისტჱსგან ბრალთა მისთა შენდობაჲ და ღირს ყვენით ძუალნი მისნი ძუალთა თანა თქუენთა და სული მისი სულისა თქუენისა თანა. და უფროჲს ხოლო იღუაწეთ უფლისა მეორედ მოსლვასა, რამეთუ გაქუს მადლი შეწევნად მორწმუნეთა და მოელით დაუსრულებელსა დიდებასა და გამოუთქუმელსა სიხარულსა, რომელსაცა მიწევნად ხართ. არამედ მეოხებაჲ თქუენი მარადის შემწე მეყავნ ჩუენ, რაჲთა ჩუენცა ღირს ვიქმნნეთ სანატრელსა მას ცხორებასა მერმესა საუკუნესა, ამჱნ“.

და რაჟამს აღმოუკითხეს წიგნი იგი ნეტარისა გრიგოლისი მიცვალებულთა მათ დათა და სიტყჳთცა ბრძანებაჲ დედისა ფებრონიაჲსი აუწყესვე, მაშინღა მიიღეს მკუდარი იგი თჳსსა მას პირველსა ადგილსა, სადაცა სამ-გზის დადებულ იყო, და არღარა იცვალა მიერ დღითგან, რამეთუ ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიზეზ ექმნა პირველ ცოდვათა მხილებასა და მერმე ლხინებასა და შენდობასა. და სინანულიცა ფრიადი შემწე ექმნა ცოდვილსა მას წინაშე ღმრთისა, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული. ხოლო გულისხმის-მყოფელთა დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა.

თავი LIX

ხოლო ესევითართა სასწაულთა იქმოდა ქრისტე ჴელითა ნეტარისა გრიგოლისითა, რამეთუ უძლურნი, თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და ვნებულნი სულთაგან არაწმიდათა, ლოცვითა მისითა და ცრემლითა განიკურნებოდეს თხოვისაებრ სარწმუნოებით მვედრებელთაჲსა. და არა ხოლო თუ კაცნი ოდენ ჰხედვიდეს მას ნავთ-საყუდელად, არამედ ნადირნიცა ველისანი. რამეთუ ოდესმე მახლობელად შატბერდისა მთათა მათ ზედა ესე ნეტარი საქმისა რომლისათჳსმე იყო, და მის თანა ძმანიცა იყვნეს, და ირემი ერთი გამოვიდა საჩინოსა მათსა, რამეთუ მონადირეთა მოეცვა იგი და ვერვინაჲ განერებოდა ჴელთაგან მათთა.

მაშინ მიჰმართა მონაზონთა მათ და შორის განვლნა ყოველნი და მივიდა ვითარცა გონიერი ნეტარისა გრიგოლისსა და თჳსი თავი ზედა ჴელთა მის წმიდისათა დადვა და რეცა ტიროდა მოწევნულისა მისთჳს ბოროტისა. ხოლო მან ნუგეშინის სცა და ჰრქუა: „სახელითა ქრისტჱსითა ვერ გავნონ მტერთა ამათ შენთა, ნუ გეშინინ!“. და იხილეს რაჲ კაცთა მათ, განუკჳრდა ფრიად და ადიდებდეს ღმერთსა. და მოვიდეს წმიდისა მის და ჯუარი დაიწერეს, ხოლო მან აკურთხნა იგინი და ნაცვალად ირმისა მისცა სხუაჲ საღუაწი ჴორცთაჲ და წარვიდეს, ხოლო ირემი იგი განუტევა მშჳდობით.

თავი LX

და ეგრჱთვე ხანძთას რაჲ იყო თჳსსა სენაკსა შინა, მონადირეთა მრავალთა მახლობელად მონასტერსა მას მოიცვნეს ოთხნი გარე-თხანი. ხოლო იგინი სრბით შევიდეს სენაკსა მას, სადა იყო მამაჲ გრიგოლ მჯდომარე, და გარე-მოადგეს წმიდასა მას. ხოლო მან გულისხმა ყო მიზეზი მისლვისა მათისაჲ და ნუგეშინის სცა მათ და უბრძანა, რაჲთა მონადირენი იგი ისტუმრნენ და წარგზავნნენ. და ნადირთა მათ ჭამადი სცა და განუტევნა მშჳდობით.

თავი LXI

ხოლო ბასილი მამაჲ, იყო რაჲ ჭაბუკ, კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა, და ბოროტი მჯდომი ქედსა მისსა გამოაჯდა, რომელსა კ~ხლ უწოდიან, ხოლო ძუელად ჰრქვან სატალი. და ბასილი მწარითა მით სენითა ქუემდებარჱ იგუემებოდა ვითარ ოთხ დღე ოდენ. მაშინ იკითხა ნეტარმან გრიგოლ, ვითარმედ „სადა არს ყრმაჲ ბასილი?“ და აუწყეს ძმათა სენი მისი, და მან ბრძანა წოდებაჲ. ხოლო მათ ჰრქუეს: „ვერ ძალ უც მისლვაჲ“. მაშინ ჰრქუა მათ: „ჩემ მიერ არქუთ, ვითარმედ „გიწესს შენ მამაჲ გრიგოლ“.

და ვითარცა ესმა სიტყუაჲ წოდებისაჲ ბასილის, განძლიერდა ბრძანებითა თჳსისა მოძღურისაჲთა და მივიდა წინაშე მისსა. ხოლო მან ჰკითხა: „რაჲ გევნების?“ და მან ჴელითა თჳსითა უჩუენა მჯდომი იგი, რამეთუ დაეპყრა ადგილი დიდი. მაშინ ნეტარმან გრიგოლ ძლიერად სცა ჴელითა თჳსითა ადგილსა მას, სადაცა იყო მჯდომი იგი, და ჰრქუა ბასილის: „ცუდად მოგიმედგრებიეს თავი, რამეთუ არა არს ვნებაჲ შენ შორის ყოვლადვე“. და მან ჴელი მოისუა ადგილსა მას და კუალიცა უჩინო იქმნა მჯდომისა ბოროტისაჲ. და რომელთა იხილეს სასწაული ესე, ადიდებდეს ღმერთსა.

თავი LXII

მას ჟამსა იყვნეს ვინმე იერუსალჱმს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი კაცნი შუენიერნი, კეთილნი მონაზონნი, სრულნი სიბრძნითა და სასწაულთამოქმედნი, მეძიებელნი სასუფეველისანი და მეოტნი დიდებისაგან ამის სოფლისაჲსა, მღდელნი ღირსნი, შვილნი დიდებულთა აზნაურთანი, ტომნი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისნი, რომელთაგან მოწერილ იყო ესე ეპისტოლჱ მამისა გრიგოლის წინაშე, იერუსალჱმით ხანძთად მოწევნული პირველვე. ხოლო მე აწ შთავწერე წიგნსა ამას შინა მოწერილი ესე მათი შეუცვალებელად ყოველი, ესრჱთ:

წმიდაჲ ლოცვაჲ წმიდისა და პატიოსნისა დიდისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი უფალმან მოგჳბოძენ და ღირს გუყვენინ ჩუენ ცოდვილნი ესე გლახაკნი და უღირსნი მონანი შენნი, უჴმარი არსენი და მაკარი უძლური, სულიერად ძმის-წული და შვილი შენი და ყოველთა შვილთა შენთაჲ. მამაო დიდო და პატიოსანო უფლისა მიერ და უფალო ჩუენო და ღირსო ღმრთისაო და წმიდისა მაგის უდაბნოჲსა თავადო უფალო და ქრისტჱს-მოყუარისა ერისა მოძღუარო და განმანათლებელო ყოველთაო, შეგჳნდვეთ წმიდითა მაგით სიმდაბლითა ჩუენი ესე კადრებული გლახაკთა და უღირსთა მონათაჲ, მოწერილი უცები და უგუნური. ღმრთის-მოყუარებასა შენსა მინდობითა ვიკადრეთ ესე კადნიერებით მოწერაჲ, ჩინებულო, სერობასა მას უკუდავსა, ჩუენ, ცოდვილნი ესე უმეტჱს ყოველთა კაცთასა, ლმობიერად მოგაჴსენებთ და მიგიძღუანებთ მადლსა და ლოცვასა წმიდისა ადგომისასა და ყოველთავე, რომელნი არიან წმიდასა ქალაქსა შინა იერუსალჱმსა და გარემოჲს სანახებსა მისსა წმიდათა ადგილთა თაყუანის-საცემელთა ქრისტჱს უფლისა ჩუენისათა.

შენ, წმიდაო მამაო პატიოსანო, და ყოველთა შვილთა შენთა სარწმუნოებით სურვიელებისაებრ თქუენ ყოველთაჲსა შეგჳნდვეთ და შეიწირეთ წადიერებაჲ მოკითხვისა ჩუენისაჲ თქუენდა მიმართ! ეგრჱთვე, წმიდაო მამაო, მო-ვინმე-ვიდა მანდაჲთ კაცი, მონაჲ ღმრთისაჲ, მღდელი ბერძენი ამის ქუეყანისაჲ, და ეხილვე შენ მამაო, და მან მოგჳთხრა ღმრთისა მიერ მშჳდობით დაცვაჲ და სიმრთელჱ პატიოსნისა მაგის სიწმიდით ცხორებისა შენისაჲ წმიდასა მაგას უდაბნოსა შინა. და ჩუენ, უღირსთა ამათ, დიდად ხოლო განვისუენეთ და განვიხარეთ და უღირსითა პირითა ვიკადრეთ მადლისა შეწირვაჲ ცოდვილთა ამათ კაცთ-მოყუარისა მიმართ ღმრთისა სმენითა ამით და სიხარულითა მშჳდობისა შენისაჲთა.

და კუალად მანდავე წარმოვიდა კაცი იგი ღმრთისაჲ მოსე და ესე წიგნაჲ მისდა წარმოგჳცემია. და აქა წმიდანი ესე ადგილნი ყოველნი მოვლნა და მოილოცნა და შენ, მამაო, ყოველთა თანა მორწმუნეთა ყოვლადვე გილოცვიდა და გაჴსენებდა და დიდად ხოლო გაქებდა. და ჩუენ უფროჲს ზომისა განვიხარეთ და თავთა ჩუენთა და სულთა ჩუენთა ცოდვილთათჳს ვიკადრეთ ესე მოწერაჲ. ვევედრებით ქუედავრდომით სახიერებასა შენსა ყოვლად-კეთილსა და ტკბილსა უფლებასა ღმრთის-მოყუარებისა შენისასა, რაჲთა არა უგულებელს გუყვნე მონანი შენნი წმიდასა ლოცვასა შენსა, ღმერთ-შემოსილო მამაო, დიდო მოძღუარო წმიდათაო.

ვითარცა შეგუევედრა სული ჩუენი სიწმიდით ღირსებასა შენსა, აწცა გევედრებით, ქრისტჱს სიყუარულისათჳს ჴსენებულ გუყვენით ღირსთა შინა ლოცვათა და წინაშე წმიდასა მაგას სამწყსოსა თქუენსა, ღირსო ღმრთისაო, პატიოსანო მამაო და უფალო ჩუენო. ხოლო ჩუენი ყოფაჲ წმიდასა ამას ადგილსა საბა-წმიდას და ჰამბავი ყოველი მანვე მოსე მოგაჴსენოს, წმიდაო მამაო. სიტკბოებასა შენსა მინდობითა გაუწყებთ, დაიჯერენ სიწმიდემან შენმან. წმიდათა ამათ აღგილთა მარადის ჴსენებასა შენსა ვიკადრებთ ლოცვათა შინა ჩუენთა, რაჲთა უფალმან ჩუენ, უღირსნი ესე, წმიდასა ლოცვასა შენსა ღირს გუყვნეს ყოვლადვე ნაწილეულ. მამაო, გვედია ეფროსინე, დაჲ ჩუენი, ღმრთისა სიყუარულისათჳს იკითხეთ და ლოცვაჲ და კურთხევაჲ შენი მასცა მიჰფინეთ, ამჱნ“.

და ესევითართა მათ ღირსთა კაცთათჳს თქუეს პირველთა წმიდათა მამათა, ვითარმედ: „ჟამთა უკუანაჲსთა რომელ იპოვნენ ქრისტჱს ნების-მყოფელნი მამანი, ჩუენსაცა უწინარჱს იყვნენ და მამათაცა ჩუენთა“.

თავი LXIII

ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ სასწაულთა-მოქმედი ესრჱთ განმგებელ იყო წმიდათა კლარჯეთისა ყოველთა უდაბნოთა, რამეთუ სარწმუნოთა მონაზონთა კეთილად იღუწიდა, ხოლო ბრალეულთა სინანულად მოაქცევდა და ურჩთა სამართლისათა სრულიად განასხმიდა. რამეთუ ოპიზელი ბერი ერთი იტყოდა, ვითარმედ: „სიჭაბუკესა ჩემსა სამ-გზის ოპიზით განძებულ ვიქმენ მამისა გრიგოლისგან უკეთურებისაგან სლვათა ჩემთაჲსა”-ო. არამედ ვინაჲთგან აღეშჱნნეს კლარჯეთისა დიდებულნი უდაბნონი, მღდელნი და დიაკონნი მათნი ანჩელთა ეპისკოპოსთაგან იკურთხევიან და ეგრჱთვე ოდეს ეპისკოპოსთა აკურთხევდიან. უკუეთუ სწორად ყოველთა მათ უდაბნოთა წამებაჲ არა აქუნ და წიგნი ყოველთაჲ ჭეშმარიტი საწამებელი, კათალიკოსმან საეპისკოპოსოჲსა მის ჴელთა დასხმაჲ ეპისკოპოსად არა ინების, არცა სათნო არნ სამართლითა საბჭოჲთა. დაღაცათუ ფრიად ურიცხუნი ჟამნი ჰქონან საყდარსა მას ანჩისასა უწინარჱს აღჱნებისანი და ეპისკოპოსნიცა მრავალნი კეთილად სასწაულთა მოქმედნი ყოფილ არიან, არამედ პატივ სცა ქრისტემან წმიდათა მათ უდაბნოთა, რაჲთა იყოს წინამძღურად მათდა ეპისკოპოსი უმიზეზოჲ, წმიდაჲ და ღირსი, ვითარცა შეჰგავს წმიდასა მას საყდარსა ქალწულებით დამარხულსა განხრწნისაგან წვალებისა გულარძნილისა მოძღურებისა სახელსა ზედა წმიდისა ქრისტჱს ღმრთისა ხატისასა აღშჱნებულსა.

თავი LXIV

ხოლო ნეტარისა მამისა გრიგოლის ზე ღირსმან მღდელთ-მთავარმან ზაქარია ესე სასწაულნი ქმნნა: რამეთუ მონასტერსა ტბას ახლოს მყაფარსა მას გუერდსა საშინელი ლოდი იძრვოდა და შიშისაგან მონაზონნი ივლტოდეს თჳსთა სახლთაგან. ხოლო ზაქარია სასოებით მდგომარემან ჰრქუა მათ: „ხვალე იხილოთ ლოდი ესე მდებარჱ ადგილსა, რომელსა ჩუენ არაჲ გუევნოს”. და იყო ეგრე, რამეთუ ყოვლად ვერ ცნეს მამათა მათ შეძრვაჲ მისი. და ხვალისა დღე მოუგონებელსა ადგილსა, სადაცა ჰრქუა წმიდამან მან, მუნ მყარად იდვა და ადიდებდეს ქრისტესა.

თავი LXV

და იგივე ზაქარია სთულისა ჟამთა ჯდა ოდესმე ტბას თჳსთა ბაბილოთა მწიფეთა ქუეშე, რომელთა მრავალ-გზის შაშჳ ჭამდა, ხოლო ჯუარი დასწერა და მსწრაფლ მოკუდა, და კუალად ჯუარი დასწერა და განცოცხლებული ფრინვიდა მოყუასთა თანავე თჳსთა.

და ოდესმე მკალი ურიცხჳ მოვიდა მახლობელად ანჩისა საზღვარსა, ხოლო ნეტარმან ეპისკოპოსმან ზაქარია წინა მიაგება კუერთხი თჳსი მღდელთა ჴელითა, და უფალმან მადლითა მონისა თჳსისაჲთა მოსრა სიმრავლჱ იგი მკალთაჲ, რომელი დაჰფარვიდა ჰაერსა მზისასა, და ერი მორწმუნჱ ღმერთსა ადიდებდა.

თავი LXVI

კუალად ორნი საშინელნი ვეშაპნი გამოჩნდეს ანჩისა ვენაჴსა, და მევენაჴენი ივლტოდეს. ხოლო ზაქარია ლოცვითა მოაკუდინნა იგინი და კაცნი იგი სიხარულით ჰმადლობდეს ქრისტესა. და რამეთუ ესევითარნი ღირსნი სხუანიცა იყვნეს ეპისკოპოსნი სასწაულთა მოქმედნი ანჩს მიმსგავსებულნი უფლისანი, რომელთა სიყმილსა შინა მცირითა პურითა მრავალნი მშიერნი გამოზარდნიან.

თავი LXVII

არამედ დასაბამი მადლისაჲ ესე იხილვა ზაქარიაჲს სიყრმისა ჟამთა: რამეთუ მწყემსი იყო კრავთაჲ კლარჯეთისა ქუეყანასა შინა. და ვითარცა მღდელმან შესაწირავი განჰმზადა წინაშე პატიოსანსა ჯუარსა და სხუანი ჩჩჳლნი ყრმანი გარე მოადგეს მას და დაუდუმებელად ჴმითა ჴმობდეს ანგელოზთა გალობასა ესრჱთ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა, ალელუჲა, ალელუჲა, დიდებაჲ ღმერთსა" და კჳრიელჱსონი ფრიად მრავალი თქჳან. ხოლო ზეცით მოწევნულ იყო სუეტი ფრიად ბრწყინვალჱ ნათლისაჲ უმანკოსა მას ზედა მღდელსა ყრმასა. და მგზავრ მომავალი ვინმე ეპისკოპოსი ანჩელი ხედვიდა სასწაულსა მას და მივიდა და ეზიარა ჴელითა ღირსისა მის ყრმისაჲთა და თანაწარიყვანა ანჩს. ხოლო დეკანოზსა გამოუცხადა ზიარებაჲ თჳსი და ეპისკოპოსისა მის ბრძანებითა ღირსთა კაცთა ტბას შინა აღზარდეს ნეტარი იგი ეპისკოპოსი ზაქარია, და ესევითარნი კეთილნი სათნოებანი დაიმკჳდრნეს ანჩისა ეპისკოპოსთა.

თავი LXVIII

ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღუარძლი სარწებს აღმოცენებული, დიაკონებასა შინა და ტფილის აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაელის ძისაგან და მოციქულად მავალი აშოტ კურაპალატსა წინაშე, რომელმანცა იხილა ანჩისა ეპისკოპოსი გარდაცვალებული და მიშუებითა აღურაცხელად სულგრძელისა ღმრთისაჲთა საჰაკ ამირისა მიერ მოითხოვა ანჩისა საყდარი აშოტ კურაპალატისაგან უკეთურმან მან ცქირმან. და რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კუალად შესძიწა ძჳრი ძჳრსა მისსა ზედა მრავალი, რომლისა მოჴსენებაჲ ამას წიგნსა შინა არა ჯერ-არს შთაწერად ყოველი.

ხოლო უწესოებაჲ მისი მრავალ-გზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა მეუდაბნოეთაგან მამათა და ყოველთა მათგან სამწყსოთა კათოლიკე ეკლესიისათა, უფროჲს ხოლო მამისა გრიგოლისგან, რამეთუ არქიმანდრიტი იყო იგი დიდებულთა მათ უდაბნოთაჲ. ხოლო მან სრულიად საღმრთოჲ შიში განაგდო ამპარტავანებისაგან ძლეულმან და ფარულად მოუწოდა ერის-კაცსა ანჩელსა, ლირბსა და გლახაკსა და მაგრიად მოისარსა. და აღუთქუა მიცემად სამი გრივი ფეტჳ და ხუთნი თხანი და წარავლინა ხანძთად მოკლვად მამისა გრიგოლისა. და გზას ვისგანმე ცნა, ვითარმედ არს იგი ხანძთისა აგარაკსა და დღეს მოვალს შინა. მაშინ წარვიდა მზირად ტყესა მას ხანძთისასა და მშჳლდი გარდაცუმული ჴელთა აქუნდა.

თავი LXIX

ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ თჳსით აგარაკით მარტოჲ შთამოვიდოდა ხანძთას და მგზავრ სლვასა ზეპირით წმიდისა მამისა ეფრემის თქუმულთა საკითხავთა იტყოდა გოდებით ტირილსა შინა. ხოლო სულითა იხარებდა, რამეთუ ხედვიდა საღმრთოთა ხილვათა მადლითა სულისა წმიდისაჲთა. მაშინ საწყალობელმან მან კაცმან იხილა სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სუეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალჱ ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცისსარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა. ესე დიდებაჲ მის ზედა იხილა კაცმან მან და ფრიად ძრწოლამან შეიპყრა იგი, რამეთუ დაჰჴსნდეს ძარღუნი მკლავთა მისთანი და ზარისა მისგან დიდისა დაცემული იდვა ქუეყანასა ზედა.

ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: „ჵ საწყალობელო, ყავ ბრძანებული მისი, რომელმან მოგავლინა შენ, რამეთუ შენ ხარ უარის მყოფელი ქრისტეანობისაჲ, ვინაჲთგან უნდოჲსა სასყიდლისათჳს უბრალოჲსა ბერისა კაცისა სისხლთა გარდაისხამ. ანუ არა სამისა გრივისა ფეტჳსათჳს და ხუთთა თხათათჳს მოსრულ ხარა მოკლვად ჩემდა, ჵ უგუნურო?“ მაშინ კაცი იგი ტირილით ევედრებოდა მას: „შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული ესე მკლველი შენი და მიემსგავსე ქრისტესა მკლველთა თჳსთა მონანულთა შემნდობელსა, რამეთუ არა დაშთა ძალი ჩემი ჩემ თანა საშინელისა ხილვისა შენისაგან, რომელმან დამაკუეთა მე“. მაშინ წმიდამან მან წყალობით ჯუარი დასწერა და განკურნა იგი, რამეთუ მრავალი გუემაჲ დაცემულ იყო მის ზედა და სიხარულით განუტევა სახიდ თჳსად. ხოლო კაცმან მან ყოველი იგი ყოფილი უთხრა ცქირსა. და იგი უფროჲსღა აღბორგნა და შესძინა სიბრმჱ სიბრმესა ზედა.

და მრავალი ბოროტი შეამთხჳა მამასა გრიგოლს და მის ჟამისა წმიდათა მამათა და სხუათაცა მორწმუნეთა ერის-კაცთა. და რომელნი მარადის სამართლად ამხილებდეს მას, მათვე ერთობით აუწყეს ყოველი დიდსა მას ჴელმწიფესა აშოტ კურაპალატსა. და ბრძანებითა მისითა ყოველთა მათ მოწესეთა ანჩისა კათოლიკე ეკლესიისათა წიგნი მიწერეს ქართლისა კათალიკოსისა მიმართ. და მის მიერ ეპისკოპოსნი ღირსნი მოიწინეს ანჩს და მათ თანა შემოკრბეს ყოველნი იგი მეუდაბნოენი მამანი.

და სასწაულთა მოქმედი ნეტარი დედაჲ ფებრონია მივიდა კრებასა მას წმიდასა მიმსგავსებულსა პირველთა მათ წმიდათასა და ყოველნი მღდელნი, მრემლნი ანჩისანი მათ თანა, და წინაშე ეპისკოპოსთა მათ წარმოუთხრეს ცქირისა სამართალი, უშჯულოებაჲ მისი, სარწმუნოთა მათ სასწაულთა მოქმედთა კაცთა წარმდები მიზეზი აუგთა მისთაჲ პირის-პირ.

მაშინ სარწმუნოთა მათ მღდელთ-მოძღუართა განკუეთეს იგი პატივისაგან მისისა. და მამამან გრიგოლ და დედამან ფებრონია შემოსილი საკურთხეველით შთამოიყვანეს და წინაშე საკურთხეველსა განძარცუეს და ყოველთა ერთობით განჴადეს კათოლიკე ეკლესიით, ვითარცაღა ასოჲ დამპალი, მწვალებელთაებრ ყოვლით-კერძოვე შჯულისა გარდამავალი განიდევნა იგი. ხოლო მას, ვითარცა განეშორა შეწევნაჲ ღმრთისაჲ, ღონე ყოველი დაელია, და ტფილის წარვიდა საჰაკ ამირისა, პატრონისა თჳსისავე, და წყინებითა მისითა რეცა მიეშუა კურაპალატი, და კუალად მძლავრებით დაიპყრა ანჩისა საყდარი, რაჲთამცა შურ იგო მამისა გრიგოლის ზედა.

მაშინ შეკრიბა ერი ანჩისაჲ და წარავლინა დარღუევად ხანძთისა, და აღმოსლვასა ოდენ მზისასა მივიდეს. ჰრქუა მათ მამამან გრიგოლ: „შვილნო, დრო მეცით მე და ძმათა ჩემთა ვიდრე შუადღემდე, რაჲთა წმიდასა შინა ეკლესიასა ვყოთ ვედრებაჲ წინაშე ქრისტჱსა და შევიწიოთ წმიდაჲ გიორგი და ყოველნი წმიდანი, და ყოს უფალმან სასწაულ კეთილ“. ხოლო მათ ისმინეს სიტყუაჲ მოხუცებულისაჲ მის ამისთჳს, რამეთუ ეხილვნეს მისგან სასწაულნი.

თავი LXX

და ჟამსა მას ცრემლით ვედრებისა მათისასა ისმინა უფალმან თხოვაჲ მათი და წმიდისა ანგელოზისა მიერ ეუწყა მათ, ვითარმედ: „საღმრთოჲ შურისგებაჲ ეწია ბოროტსა მას მტერსა თქუენსა. და აჰა მოიწიოს ქადაგი, ვითარმედ: “მოკუდა იგი, დაღაცათუ ორ დღე ცოცხალ ამისთჳს არს, რაჲთა ვერ ღირს იქმნეს დამარხვად საყდარსა საეპისკოპოსოსა. და ყოველთა ჰრწმენეს განკუეთაჲ მისი, ხოლო გული მისი აწვე მომკუდარ არს“.

და ვითარცა ესე ჴმაჲ სიხარულისა მათისაჲ ესმა ანგელოზისაგან ანგელოზთა სწორთა მამათა, განიხარეს ფრიად და დიდებაჲ შეწირეს ღმრთისა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან. და გულისხმა ყვეს წერილისაჲ, ვითარმედ „უგუნური რისხვამან მოკლის“, რომელი მარადის უწესოებასა იწურთიდა და მართალთა თანა შეერაცხა თავი თჳსი. მაშინ გამოვიდა ეკლესიით მხიარული ნეტარი გრიგოლ და ჰრქუა მათ: „ნუღარა გეშინინ თქუენ მძლავრებისაგან მომავლინებელისა თქუენისა, რამეთუ უფალმან რისხვით მოკლა იგი“. და მო-ხოლო-იწია კაცი, რომელი ეტყოდა კაცთა მათ: „ნუღარა იკადრებთ დარღუევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამარღუეველი მაგისი მოკუდა“. მაშინ განიხარეს კაცთა მათ. ხოლო მამათა ისტუმრნეს, და სიხარულით წარვიდეს სახიდ თჳსად და ადიდებდეს ღმერთსა.

ხოლო პირველსავე სიტყუასა მივიდეთ. რამეთუ ცქირმან რაჟამს წარავლინა ერი იგი ხანძთას, მაშინ თჳთ წარვიდა ქორთას, რამეთუ მუნ ნამარხევი მისი იყო, რაჲთამცა წარიღო. და გზას ვითარცა პური ჭამეს, მიერულა და საშინელი ჩუენებაჲ იხილა, სამხილებელი ბოროტთა საქმეთა მისთაჲ, უფროჲს ხოლო ხანძთელთა ბოროტის-ყოფისათვს. მაშინ საღმრთოჲ ვინმე მღდელი ანჩელი იყო მის თანა. და უფალმან გამოუცხადა ბოროტად სიკუდილი ცქირისაჲ. და მან მღდელმან წარავლინა თჳსი მოწაფჱ ხანძთად და დამტკიცებულად აუწყა სიკუდილი ცქირისაჲ. და ვითარცა მიიწია ცქირი ქორთას, მოკუდა ხოლო და მუნ დაჰფლეს უფლისა მეორედ მოსლვადმდე.

და რაჟამს განქარდა განსაცდელი იგი მის ჟამისაჲ, მაშინ წმიდამან მან საყდარმან ქრისტჱს ღმრთისა ცხოველისა ხატისამან სიხარული მშჳდობის-ყოფისაჲ მიჰფინა სამწყსოთა თჳსთა ზედა კეთილთა მწყემსთა გამობრწყინვებითა. ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა ჩუენთა გლახაკნი იხარებენ მადლითა უფლისაჲთა, ოხითა საუკუნითგან წმიდათაჲთა და ჴორციელად მოღუაწებითა მეფეთა ჩუენთა დიდებულთაჲთა, რომელნი იყვნეს კეთილად ღმრთის-მსახურ, წმიდათა ეკლესიათა აღმაშჱნებელ, ბარბაროზთა ბანაკსა დამარღუეველ, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა სიქადულ და მოწესეთა სიხარულ. რომელთა შორის იპოვა ძჱ დიდისა ადარნერსე კურაპალატისაჲ, ბაგრატ ერისთავთა ერისთავი, ძალითა ღმრთისაჲთა დიდი ჴელმწიფჱ ეზრაჲს ზე, ღირსისა ანჩელ მამათ-მთავრისა ეპისკოპოსისა, დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილისა. ესე ბაგრატ გულისხმის-ყოფითა ქებულ, წმიდათა ეკლესიათა აღმაშჱნებელ, საღმრთოთა წიგნთა მეძიებელ და შემკრებელ, წმიდათა ყოველთა ღირსად მადიდებელ, წმიდათა ოხაჲ მარადის შემწე ეყავნ მას აქა და საუკუნოდ, რომელმან ნეტარისა მამისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე განაახლა სასწაულთა მათ გამოჴუებულთა შერთვითა. შე-მცა-რთულ არს იგი რიცხუსა პირველთა მათ წმიდათა მეფეთასა მეუფისა ქრისტჱს მიერ ლოცვითა ღირსისა გრიგოლისითა და ყოველთა წმიდათაჲთა. რომელმან ჩუენ, გლახაკთა შვილთა მამისა გრიგოლისთა, ყუედრებაჲ მოგჳსპო და უმეცრებით მაყუედრებელსა სირცხჳლი დაუმკჳდრა ამან დიდებულმან მეფემან. უფალმან ბრალთა მისთა ყუედრებაჲ, რომელსა ეჭუდეს, მოუსპენ მას სრულიად ღირსთა მამათა ვედრებითა და მათ თანა ნეტარისა მამისა გრიგოლის მადლითა, რომელიცა ქუეყანასა ზედა ცხოვნდებოდა ვითარცა ანგელოზი.

და ჟამსა მას მოხუცებულებისა მისისასა, ამცნებდა ესრჱთ ხანძთისა ხოლო კრებულთა, ვითარმედ „ამას მონასტერსა შინა სენაკებსა თანა ეგჳტერსა ჟამის-საწირვად ნუვინ აღაშჱნებს, რამეთუ უჯეროება არს. უკუეთუ ერისა ნებაჲ არა იყოს თჳნიერ დიდისა მის საეროჲსა ეკლესიისა ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ოდეს დეკანოზმან ჟამის-წირვისათჳს ჟამსა ჰრეკოს, მაშინ ყოველნი მღდელნი მუნ არა მივიდენ, არამედ თჳსთა ეგჳტერთა დადგენ ჟამის-წირვად და დიდისავე ეკლესიისა სწორად აწყინებდენ კაცთა შესაწირავისა თხოვისათჳს. და დეკანოზსა ყოვლადვე მათი ვედრებაჲ უნდეს დიდად ეკლესიად მისლვისათჳს ჟამის-მწირველთა მღდელთაჲსა. და აწ ამის წესისა ჯერ არს დამტკიცებაჲ, ვინ მორჩილ იყოს სიტყუათა ჩემ გლახაკისა გრიგოლისთა“.

თავი LXXI

ხოლო ნეტარი ესე კაცი ღმრთისაჲ მამაჲ გრიგოლ, ნებისა ქრისტჱსისა სამკჳდრებელი, სასწაულთა მოქმედი დიდებული, ფრიად გარდარეულად დაბერდა, რამეთუ ას და ორისა წლისა ჟამთა მიიწია. ხოლო ფერი პირისა მისისაჲ არა იცვალა, არცა შეემთხჳა თუალთა მისთა მრუმედ-მხედველობაჲ და ჴორცითა ძლიერ იყო და რაჲთურთ უძლურებაჲ სიკუდილადმდე არა იპოვა მის თანა. რამეთუ განძლიერებულ იყო იგი ძალითა ქრისტჱსითა და აქუნდა მას სიქადულად სანთელი ქალწულებისაჲ, და ზეთი მოწყალებისაჲ, და სიყუარული ღმრთისაჲ და ძმათაჲ. ხოლო შრომაჲ დიდად უყუარდა არა ხოლო ლოცვისა და მარხჳსაჲ ოდენ, არამედ დღე და ღამე ჴელითა თჳსითა იქმოდა, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელი არა შურებოდის, ნუცაღა ჭამნ“-ო. და იყო იგი მხიარულად მესტუმრე და გლახაკთ-მოღუაწე. ხოლო უმრავლჱსთა დღეთა შატბერდს იყოფინ, რამეთუ თჳსთა მათ მონასტერთა მამასახლისნი დაედგინნეს და იგინი იღუწიდეს მათ, და რომელი გარდამრჱ საქმჱ არნ, მას აუწყიან მსგავსად სიბრძნისა მის ღმრთივ-მოცემულისა, რომელი მკჳდრ იყო მის თანა მარადის, ვიდრე აღსრულებადმდე მისსა და მიწევნად ბრძენი ბრძენთა თანა საუკუნესა ცხორებასა და სუფევასა.

თავი LXXII

ხოლო დღეთა მათ მოხუცებულებისა მისისათა იყო რაჲ შატბერდს, ზრუნვაჲ აქუნდა ძმათა მათ მკჳდრთა ხანძთისათა, რამეთუ ესმა, ვითარმედ ოხჭანი ამის ცხორებისაჲ შატბერდს ეგულების სულიერად-მამასა მათსა. მაშინ, რომელთა სლვაჲ ძალ-ედვა, ერთობით მიიწინეს ყოველნი შატბერდს ძიებად წმიდისა მის. ხოლო ძმათა მათ შატბერდელთა განიხარეს მისლვაჲ ძმათა მათ თჳსთაჲ და, რაჟამს გულისხმა-ყვეს მიზეზი მისლვისა მათისაჲ, სიხარული მწუხარებად გარდაექცა. და ვითარცა ილოცეს თაყუანის-ცემით წმიდასა ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და თაყუანი-სცეს ნეტარსა მამასა თჳსსა შვილთა მათ სულიერად-შობილთა და შრომით შეკრებულთა. ხოლო მან წადიერებით სურვიელად ჰამბორს უყო ყოველთა და მოწლედ მოიკითხნა, ვითარცა მამამან ტკბილმან და მოძღუარმან სახიერმან. და მერმე ურთიერთას ჰამბორს უყვეს მოკითხვით ძმათა მათ ხანძთელთა და შატბერდელთა და დასხდეს. მაშინ სიტყუად იწყო ხანძთელთა მიმართ ნეტარმან გრიგოლ და ჰრქუა მათ: „ძმანო და შვილნო საყუარელნო, რაჲ არს მიზეზი თქუენ ყოველთა აქა მოშრომისაჲ, მაუწყეთ!“. ხოლო ეპიფანე და ზენონ ჰრქუეს ძმათა მათ სხუათა: „წეს არს თქუენ მიერ ღირსი პასუხი, რაჲთა ბრძენთა მოწაფეთა ბრძნისა მოძღურისა მიმართ ღირსითა სიტყჳთა ძღუენი გულსმოდგინებისაჲ შესწიროთ და სასოებით საწადელი სულისა ჩუენისაჲ მოვიღოთ მადლითა ღმრთისაჲთა“.

მაშინ ყოველთა ერთობით ჴმა ყვეს: „ჵ წმიდაო ღმრთისაო, სულიერად-შჳლთა შენთა მშობელო მამაო და მზრუნველო ცხორებისა ჩუენისაო და შესავედრებელო ქრისტჱს მორწმუნეთაო, დაღაცათუ შატბერდელნი ძმანი ჩუენნი ყოველნი უფლისა სათნონი არიან და ნებისაებრ ღმრთისა ნებისა შენისა მორჩილ, არამედ ესოდენთა დღეთა არა მოსლვაჲ შენი ჩუენდა ხანძთისათჳს ფრიად სირცხჳლ არს და ჩუენთა ყოველთა საკდემელ ყოველთა კაცთაგან, რამეთუ პირველი ნაყოფი წმიდათა შრომათა შენთაჲ ხანძთაჲ არს. და აწ ამისთჳს არს ჩუენი აქა მოსლვაჲ, რაჲთა ჰბრძანო ხანძთად და ნუგეშინის ეცეს, რომელთა ვერ ძალ უც აქა მოსლვაჲ და სხუათაცა უდაბნოთა აჩუენოთ ჩუენდა მომართ სრული სიყუარული შენი. და ესე უწყოდე, უკუეთუ სმენაჲ არა ვპოოთ, ვიპოვნეთ ყოველნი აქა წინაშე შენსა, რამეთუ მძიმე არს ჩუენდა ამას ჟამსა უშენოდ ხანძთად მისლვაჲ“. ხოლო წმიდამან თქუა: „კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან თჳსი წმიდაჲ მცნებაჲ სიყუარულისაჲ მტკიცედ დაჰნერგა გულსა თქუენსა ჩემ, გლახაკისა ბერისა, მომართ თქუენისა, შვილნო ჩემნო საყუარელნო, და უფროჲსღა შვილნო ქრისტჱსნო, წმიდისა ნებისა მისისა აღმასრულებელნო, რომელმანცა ბრძანებათა თჳსთა სახარება უწოდა. რამეთუ მოსლვითა თჳსითა მშჳდობაჲ ახარა კაცთა, მტერთა მისთა, რომელთაცა სიყუარულისათჳს სიკუდილი თავს იდვა და გუასწავა ყოველთა, ვითარმედ თავი არს სათნოებათა ყოველთაჲ საღმრთოჲ სიყუარული. და აწ თქუენ სიყუარულმან მოგიყვანნა აქა. ხოლო ჩემ ზედა ორ-კერძოვე მძიმე არს: პირველად, შეწუხებაჲ თქუენი, და მერმე, ძმათა ამათგან განშორებაჲ“.

მაშინ მოუწოდა ყოველთა შატბერდელთა ძმათა და ჰრქუა მათ: „მოვედით, შვილნო, ხანძთისა მკჳდრთა თანა, ძმათა თქუენთა, და ნებაჲ ურთიერთას შეზავეთ, რამეთუ შფოთი ივლტის ბრძენთაგან, და ერთობით უმჯობჱსი დაამტკიცეთ. ხოლა მე ვჰგონებ, უწინარჱს აღშჱნებული ადგილი ემართლების მაშჱნებელსა თჳსსა უფროჲსსა პატივსა, ვითარცა მოხუცებული ემართლების ჭაბუკსა პატივით მსახურებასა“. ხოლო შატბერდელთა ძმათა ჰრქუეს: „ჭეშმარიტ არს ბრძანებაჲ შენი, წმიდაო მამაო. და უკუეთუმცა სამართალი არა მიგცემდა, ცხოველ არს უფალი და წმიდაჲ ლოცვაჲ შენი, არამცა მივეშუენით ძმათა ჩუენთა“. ესე რაჲ თქუეს და მსგავსი ამისი ჯერისაებრ, მაშინ ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა ყოველთა: “შვილნო, ბრძანებამან ქრისტჱსმან შეგუკრიბნა დღეს, რაჲთა სიმტკიცჱ ერთობისა და სიყუარულისაჲ აწ დაუმტკიცოთ მომავალთა ჟამთა ორთა ამათ მონასტერთა შინა დამკჳდრებულთა ძმათა შჯულად საუკუნოდ სიტყჳსაებრ უფლისა, რომელ ჰრქუა მოციქულთა, ვითარმედ: „ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“. და კუალად უბრძანა მათ: „რომელსა თქუენ გეტყჳ, ყოველთა ვეტყჳ“. აწ თქუენცა დაიმარხენით უფლისა ბრძანებანი ერთმანერთისა პატივითა და სიყუარულითა ყოვლისა თანა სათნოებისა, სიმდაბლითა უეჭუელითა და წმიდათა შინა ეკლესიათა თქუენთა ურთიერთას ულოცევდით, და მემცა, გლახაკი, მარადის გაჴსოვ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა, და ძმობასა თქუენსა კეთილად იხილვებოდეთ მახლობელთა და შორიელთაგან. და უკუეთუ ვიეთმე ძმათა სწადოდის ყოფაჲ ხანძთელთა შატბერდს, გინათუ შატბერდელთა ხანძთას, ნუვისმცა ჴელ ეწიფების არა შეწყნარებაჲ მათი, გინათუ შფოთით განზრახვისა მათისა დაშლაჲ და მძლავრებით დაყენებაჲ თჳნიერ სამართალისა რაჲსამე მიზეზისა.

უკუეთუ კულა უსამართლოდ აყენებდეს ვინმე, სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა დღესა მას განკითხვისასა, რამეთუ ნებაჲ ჩემი არა არს სულიერად მამისა თქუენისაჲ, სიტყჳსაებრ მოციქულისა: „დაღაცათუ გესხნენ ბევრ მზარდულ, არამედ არა მრავალ მამა“. ხოლო სხუაჲ ყოველი სულისა ცხორებისა საღმრთოჲ წესი პირველითგანვე გაქუს განწესებული ჩემ მიერ, მას ზედა მტკიცედ იყვენით უკუნისამდე. და მშჳდობამან ქრისტჱსმან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, დაგიცვენინ ყოვლისაგან ვნებისა სულისა და ჴორცთაჲსა ერთობით ყოველნი და მიგაწიენ წმიდათა თანა“.

მაშინ შევიდა წმიდად ეკლესიად და ცრემლით თავი თჳსი დაჰვედრა მას, მშჳდობაჲ მდუმრიად რაჲ დაუტევა და გამოსლვასა ბერთა ჰამბორის-ყოფაჲ მისცა, და ეგრჱთ წარემართა ხანძთად კერძო. ხოლო ერი იგი ყოველი ცრემლით მოუდგა და წმიდაჲ იგი ადგილსა მაღალსა დადგა შორის ერსა მას ღმრთისასა და დიდებაჲ შეწირა ქრპსტჱს მიმართ და თქუა:

თავი LXXIII

„უფალო ჩემო იესუ ქრისტე ღმერთო, უწინარჱს ქუეყანად მოსლვისა შენისა სოფელსა შინა იყავ და აწ ცათა ზედა მყოფი ღმრთეებისა ძალისა ნათლითა ჩუენ თანა ხარ შეწევნად ჩუენდა. შენ, უფალო, მოწყალებით მომიძეღუ მე ქუეყანათა ამათ სამთა თანა მოყუასთა კეთილთა მღდელთა წმიდათა სიკუდიდმდე მარადის დაუყდუნებელად შენდამი შემწირველთა მსხუერპლთა მათ უსისხლოთა წმიდათა და მრავალთა სულთა ნავთ-საყუდელ ჰყვენ იგინი. და შემდგომად სიკუდილისა მათისა, ღირს ჰყვენ უოხჭნოდ მსახურებად ზეცისა საკურთხეველსა ანგელოზთა თანა წმიდათა. და აწ ჩემ მიერ აღაორძინენ ნებისმყოფელნი შენნი, ქრისტე, რამეთუ ტალანტი სიბრძნისაჲ, რომელ სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრავლე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა. და აწ წინაშე შენსა არიან მოწაფენი სასუფეველისანი. აკურთხენ ქრისტე, ვითარცა აკურთხენ წმიდანი მოციქულნი და დაიცვენ ჟამთა უკუანაჲსთა მომავალნი შვილნი ჩემნი, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა ნებასა შინა შენსა და წყალობა ყავ ყოევლთათჳს ქრისტეანეთა მართლ-აღმსაარებელთა შენთა უფალო!“

და მერმე შატბერდსა ჯუარი დასწერა და ჰრქუა: „კეთილად აღორძნდი შატბერდო, და შეიმკვე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისაჲთა, რაჲთა ნაყოფი მსხუერპლთა შენთაჲ ჟამად-ჟამად უბიწოჲ შესწირო უფლისა, რამეთუ მე აწ ესერა მშჳდობასა დაგიტევებ შენ და არღარა იხილო პირი ჩემი ჴორციელად, ვიდრე უფლისა დიდებით მოსლვადმდე. აწ დაღაცათუ ჴორცითა განგეშორები, ხოლო სულითა მარადის შენ თანა ვარ შეწევნად შენდა“. მაშინ მწარითა ცრემლითა ტიროდეს მკჳდრნი შატბერდისანი სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ ჴორციელად არღარა ხილვად-უც მოძღუარი თჳსი.

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მათ: „შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილთა სძლეთ. და ნუ შეძრწუნდებინ გონებაჲ თქუენი. რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ, არაჲ დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას, უკუეთუ ეგნეთ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს ჩემგან პირველთა წმიდათა მამათა შეწირული მონაზონებისა წესი. და ეგრჱთვე ვამცნებ შემდგომითი-შემდგომად შვილთა ჩემთა, რაჲთა დაიმარხონ წმიდაჲ ესე მოძღურებაჲ. და უკუეთუ ჟამმან ჭირისაგან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობაჲ იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა, რომლისათჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „არარაჲ ეგრჱთ განარისხებს ღმერთსა, ვითარ მეტი შუებაჲ“-ო. ხოლო მე რაჟამს ღირს ვიქმნე მისლვად უფლისა, ვევედრო თქუენთჳს, რამეთუ ფრიად განმისუენეთ მე. და რამეთუ აწ ჴორცთა შინა ყოფასა ჩემსა თავისა ჩემისა და თქუენთჳს ვილოცავ, ხოლო ოდეს განვთავისუფლდე საწუთროჲსა ამისგან, ვესავ ქრისტესა, ვითარმედ მოუკლებელად იყოს ვედრებაჲ ჩემი თქუენთჳს მისსა მიმართ და ყოველთა სარწმუნოებით მვედრებელთათჳს და შვილთა ჩემთათჳს, რაჲთა პოონ ღმრთისა მიერ წყალობაჲ და შეწევნაჲ სრულიად სიხარულად საუკუნოდ“.

და ვითარცა სიტყუანი ესე დაასრულნა, მაშინ ჰამბორს უყო ძმათა მათ შატბერდელთა ცრემლითა სავსეთა, და ფრიადითა ვედრებითა დაარწმუნა უკუნქცევაჲ თჳსად ადგილად და თჳთ წარჰყვა ძმათა მათ ხანძთელთა. ხოლო სწორი სასყიდელი მიიღეს ღმრთისაგან, რომელთა წარიყვანეს იგი და რომელნი იქცეს, რამეთუ სარწმუნოებაჲ და სიყუარული მამისა და მოძღურისა თჳსისაჲ სწორად აქუნდა მათ ყოველთა. ხოლო რაჟამს შატბერდით ხანძთად მოვიდა ნეტარი გრიგოლ, განიხარეს ხანძთასა თანა მახლობელთა მათ უდაბნოთა და მოვიდოდეს ძმანი ყოვლით- კერძო ხილვად წმიდისა მის და მიაქუნდა კურთხევაჲ და ლოცვაჲ მისგან და სიხარულითა სავსენი წარვიდიან ადგილად თჳსად. რამეთუ დიდებაჲ ხანძთისაჲ აღმაღლდა საუკუნოჲთა და საცნაურითა სამკაულითა, იქმნა რაჲ განმზადებულ შრომათაგან მაშურალთა მათ ნაწილთათჳს განსასუენებელ უკუნისამდე. მას ჟამსა განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ, რამეთუ კეთილსა შინა იხილა მონასტერი თჳსი და ფრიად მადლით აკურთხა წინამძღუარი იგი სარწმუნოჲ მამაჲ ეპიფანე და ძმანი ყოველნი მორჩილნი მისნი.

თავი LXXIV

მაშინ ევედრებოდა ნეტარსა მას მღდელი ვინმე დაყუდებით მყოფი, რაჲთა იშჱნოს ეგჳტერი ჟამის-საწირავად სენაკსა თჳსსა. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კრებულისა ძმათა შორის საქმჱ ეგე უწესო არს. უკუეთუ შენ აღაშჱნო ეგჳტერი, ყოველთა ძმათა აღაშჱნონ. და რაჟამს დეკანოზმან ჟამსა ჰრეკოს ჟამის-წირვისათჳს, დიდსა ეკლესიასა მღდელი ძნინად პოოს. და სხუაჲცა მრავალი არს მას შინა სულისა სავნებელი და არა თუ სარგებელი და მე არა ვეწამები მას“.

თავი LXXV

ამისა შემდგომად უბრძანა დიდსა ზენონს: „ძმაო, შთავიდეთ ვენაჴად, რომელ არს გზასა თანა ოპიზისასა“, რამეთუ ჟამი იყო სთულისაჲ. და შთავიდეს ორნივე ზოგად ვენაჴსა მას შჱნებულსა მისსა კეთილად-ნაყოფიერსა. და ჟამსა მას შინა მოვიდა სანატრელი მამაჲ მაკარი ოპიზელი ხილვად მოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისა. და ვითარცა იგი ფრიად განიხარეს და სურვიელად მოიკითხნეს ურთიერთას, და რამეთუ იყო ჟამი პურის-ჭამისაჲ, პურად ხოლო დასხდეს. და შემდგომად პურის ჭამისა, განიზრახეს მუნ დადგომაჲ ვიდრე ხვალისადმდე. ხოლო მამამან მაკარი უბნობასა შინა იკითხა ნეტარისა გრიგოლისგან ესრჱთ: „უკუეთუ მწვალებელთა შვილი მოიქცეოდის მართლმორწმუნედ, ნათლის-ღებაჲ უჴმსა ანუ არა?“. ჰრქუა მას წმიდამან მან: „მოციქული ძმა მტყუვარად მათ სახელ სდებს, რომელთაცა დრკუთა მათ მოძღუართა მათთა სახელი ჰრქჳან. ხოლო ჭეშმარიტთა მორწმუნეთაგან წმიდათა მოციქულთა სახელის-დებაჲ არა თავს იდვა პავლე, არამედ აბრალებს და ეტყჳს: „რაჲსათჳს წვალებანი არიან თქუენ შორის, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს: „მე პავლჱსი ვარ“ და შემდგომი ამისი, ხოლო მართლ-მადიდებელთა ყოველთა ქრისტეანე უწოდა. და აწ დაღაცათუ მწვალებელთათჳს წერილიცა აჩინებს რომელთამე ნათლისცემასა და რომელთამე არა.

ხოლო მე ამას ვიტყჳ, ვითარცა ყოველთა უწყით, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა შვილთა მწვალებელი მღდელი ვერ მოჰნათლავს, დაღაცათუ უნათლავი მოკუდებოდის, რამეთუ ნათელი არა არს მათ თანა, და უნათლავისა სიკუდილი უმჯობჱს არს ვიდრე უშჯულოებაჲ შჯულისა გარდასლვითა. ეგრჱთვე ჯერ და სამართალ არს ნათლის-ცემაჲ შვილსა ყოველითა მწვალებელთასა, დაღაცათუ წვალებაჲ მათი თჳს-თჳსად იხილვების, არამედ ურთიერთას განთხზულ არს საცთურებით მსგავსად მელთა მათ, რომელთაჲ კუდი კუდსა შეუკიცუა საფსონ და ლამპრები ყოველთა კუდებსა გამოაბა, რამეთუ სახე იყვნეს იგინი ყოველთა მწვალებელთა, რომელთაჲცა უკუანაჲსკნელ საყოფელი მათი ცეცხლი არს საუკუნოჲ. რამეთუ უცხო ქმნულ არიან წმიდისაგან დედისა ჩუენისა მხოლოჲსა კათოლიკე სამოციქულოჲსა ეკლესიისა. სცთებიან საშოჲთგან, რომელ საგონებელ არს მათთჳს მეორედ შობა. და იტყჳან სიცრუესა, რამეთუ მარადის ნაცილსა ქადაგებენ და ცილსა წამებენ შეჩუენებულნი იგი წმიდათა მამათა ჩუენთა მოძღუართა მიერ.

და უკუეთუ კუალად შვილნი მწვალებელთანი კრებასა ჰლამოდიან, არღარა წეს არს მათთჳს, არამედ კრძალვაჲ და ყოვლადვე სიტყჳსა არა წარმოღებაჲ მათ თანა კრებისათჳს. და რამეთუ მორწმუნესა, რომელსა სასწაულისა საქმჱ ვერ ძალ უც, ურწმუნოთა თანა სიტყჳს-გებაჲ არა უჴმს. და ოდეს მწვალებელთა ყოველთა ჰრქჳან ერთი სახელი მწვალებელ, ცთომაჲცა მათი ერთად შემტკიცებულ არს მტერისა მიერ. ამისთჳს ყოველთაჲ ნათლის-ცემაჲ ჯერ არს, რაჲთა ცილობისა იჭჳ დაჰჴსნდეს და ერთად იყოს სიხარული სრული ჭეშმარიტთა ქრისტჱს სამწყსოთაჲ“.

და ესევითარი სიტყუაჲ მრავალი ბრძანა ნეტარმან გრიგოლ. ხოლო მამამან მაკარი ჰრქუა: „ჭეშმარიტად სამართალ არს ბრძანებაჲ შენი წმიდაო მამაო, არამედ მაუწყე ცხადად წმიდისა სამებისათჳს სიტყუაჲ ღირსი სიტყჳს-მგებელთა მიმართ. ხოლო მან ჰრქუა: „ისწავე ესაიაჲსგან, რამეთუ სერაბინთაგან ისწავა სწორი პატივი წმიდისა სამებისაჲ, რომელნიცა დაუდუმებელად ჴმობენ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ” ხოლო გრიგოლ ღმრთის-მეტყუელი იტყჳს სამებისა სამგუამოვნებისათჳს: „რაჟამს იყვნენ სამნი სანთელნი სახლსა შინა, ვერ ეგების განყოფაჲ ნათლისა მათისაჲ და ვერცაღა კუალად შერევნაჲ მათი“. ესე არს სარწმუნოებაჲ წმიდისა სამებისაჲ. და განძსა წერილ არს ყოველი ჭეშმარიტებით და ამას იტყჳს, რამეთუ მამაჲ ძესა არცა თუ თუალისა წამითა არა უხუცჱს არს. აწ ვითარცა გჳსწავიეს სიბრძნჱ წმიდათა წიგნთაგან, კმა არს მოძღურად შენდა ყოვლით-კერძო“. ხოლო ნეტარმან მაკარი ჰრქუა მას: „წმიდაო მამაო, ვითარცა პირველ ხატი მონაზონებისაჲ ჴელითა შენითა მომცა უფალმან, აწ ეგრჱთვე სულიერი სწავლაჲ პირითა შენითა მომანიჭოს ზღუდედ ჩემდა უკუნისამდე“. და ვითარცა შემწუხრდა, ერთსა შინა სახლსა იყვნეს სამნივე იგი ღმრთისა კაცნი და წართქუნეს წესისაებრ ფსალმუნნი. ხოლო მაკარის ჰრულოდა და სარეცელსა ზედა მიეძინა.

თავი LXXVI

მაშინ ნეტარი იგი მამაჲ გრიგოლ და ზენონ სიტყჳთა მდაბლითა ფსალმუნებდეს. და მადლმან საღმრთომან განაბრწყინვა იგინი ნათლითა დიდებისაჲთა და სახლი იგი ბნელი, ვითარცა მზისა მცხინვარებამან, განანათლა. და ვითარცა განეღჳძა მამასა მაკარის, თქუა: „ვითარ საკჳრველად იხილვებიან წმიდანი ესე“. ჰრქუა მას მამამან გრიგოლ: „ძმაო მაკარი, რაჲსა გიკჳრს ხილვაჲ ესე, არა გასმიესა წერილისაჲ „საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა“. და ესრჱთ იხარებდეს სამნივე იგი სამებისა წმიდისა მადიდებელნი და წართქუნეს ცისკრისა საგალობელნი.

და ვითარცა განთენა მშჳდობისა სადგურთა მათ, ურთიერთას მშჳდობაჲ დაუტევეს და წარვიდა მამაჲ მაკარი ოპიზად. ხოლო მამაჲ გრიგოლ და ზენონ აღვიდეს თჳსად მონასტრადვე. და რამეთუ ესე ზენონ მიწევნულ იყო სათნოებათა მოძღურისა თჳსისათა, რომლისათჳსცა იტყოდეს კაცნი შემდგომად ნეტარისა გრიგოლის გარდაცვალებისა, ვითარმედ: „ზენონ არს ზღუდე მტკიცე კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთაჲ“.

თავი LXXVII

ხოლო ნეტარსა მამასა ჩუენსა გრიგოლს გულმან უთქუა განსლვაჲ ჴორცთაგან და ღმრთისა მისლვაჲ. და აუწყა უფალმან აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ, ვითარცა თქუა დავით, „რამეთუ ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყოს უფალმან, ლოცვანი მათნი ისმინნეს და აცხოვნნეს იგინი“. მაშინ უბრძანა ძმათა თჳსთა შესაქმჱ კერეონთა სანთელთაჲ შესაწირავად გარემო ყოველთა მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზაჲ და ფრთენი მისნი-ბერთაჲ და მახლობელნი მისნი მიძნაძოროჲ და წყაროჲსთავი თანამკჳდრით მათითურთ. ხოლო შატბერდი დაღაცათუ სხუათა მათ უდაბნოთა მცირედ შორავს, არამედ განუყოფელად თანამოძმე არს მათი ერისა მის ღმრთისა სიკეთითა და ყოვლითავე საღმრთოჲსა მოძღურებისა წესითა და კანონითა მონაზონებისა შჯულის-დებისაჲთა. და ყოვლითავე კეთილისა საქმითა სწორად პატივცემულ არს ღმრთისა მიერ და კაცთაგან, რამეთუ არს იგი სიქადულ ყოვლადვე მახლობელთა მონასტერთა. მათ ყოველთა უდაბნოთა თანა წარსცა კერეონები და შეუთუალა დღჱ იგი, რომელსა აღანთნენ და ლოცვა-ყონ მისთჳს.

თავი LXXVIII

ხოლო მათ გულისხმა-ყვეს ჟამი იგი მიცვალებისა მისისაჲ ამიერ სოფლით, რამეთუ ვითარცა მიცვალებასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა მოიწია გუნდი წმიდათა მოციქულთაჲ კიდეთაგან ქუეყანისათა, ეგრჱთვე წმიდანი მამანი შემოკრბეს ჟამსა მას დროჲსა დღისა მისისასა პატივად ნეტარისა მის მოხუცებულისა და რაჲთა იკურთხნენ მის მიერ. ხოლო იგი სიხარულითა აღივსო ხილვითა მათითა და ქრისტჱსმიერითა კურთხევითა აკურთხნა ყოველნი და ჰრქუა მათ: „მოგეცინ უფალმან შრომისა თქუენისა სასყიდელი, რომელმანცა ბრძანა: „უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და მოხუედით ჩემდა“. რამეთუ მე აწ ესერა ჴორცთა საპყრობილით განვალ და უძლურებისაგან განვთავისუფლდები მადლითა ღმრთისაჲთა, რომელმანცა ჯუარითა სიკუდილი დათრგუნა და ავაზაკისა თანა ყოველთა მორწმუნეთა წმიდაჲ ჯუარი თჳსი მიანიჭა წინამძღურად და ანგელოზთა თანა წმიდათა ნიშად ქრისტეანობისა ბეჭედი იგი სამეუფოჲ, რომელიცა აქუს სულსა მორწმუნეთა კაცთასა საფარველად სამარადისოდ და საცხორებელად“.

მაშინ ჰრქუეს ყოველთა მათ მამათა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო ღმრთისაო, ბრძანებათა მათებრ ქრისტჱსთა ნეტარებისა საქმეთა მათ სამკჳდრებელო, ნებსით გლახაკო სულითა მით სიმდაბლისაჲთა სასუფეველისა დამკჳდრებისათჳს, მგლოვარეო გულითა საუკუნოდ ნუგეშინის-ცემისათჳს, მშჳდო გონებითა, სამოთხისა სიკეთესა მომლოდებელო, სიმართლისათჳს მშიერო და წყურიელო და ტკბილსა მას საზრდელსა ქუეყანასა მოუკლებელსა ღირს ქმნულო, მოწყალეო გლახაკთაო, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ. წმიდაო გულითა და სულითა შენითა, ყოვლადვე ღმრთის-მხილველო, მშჳდობის-მოქმედო ძმათა შორის და მშჳდობასა წმიდათა ანგელოზთასა მიწევნულო შვილ ღმრთისა წოდებითა, დევნათა და ჭირთა ღმრთისათჳს თავს-მდებელო ქრისტჱს თანა მკჳდრყოფისათჳს, ყუედრებულთათჳს ქრისტჱსთჳს ნავთ-სადგურო და მზრუნველო ცხორებისათჳს ჩუენისა სამარადისოსა მას ცხორებასა, შენ გიხაროდენ და მხიარულ იყავ, რამეთუ სასყიდელი შენი დიდ არს ცათა შინა, რამეთუ შენ, მსგავსად მოციქულისა პავლჱს, მართლისა ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული. ამიერითგან მიგელის სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მოგანიჭოს მეუფემან შრომათა წილ შენთა წმიდათა. არამედ ნუ დამივიწყებ ჩუენ, სულიერად-შვილთა შენთა, მი-რაჲ-იწიო წინაშე პირსა სახიერისა, მოწყალისა და მწყალობელისა ტკბილისა უფლისასა, მომიჴსენენ სამწყსონნი შენნი და ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ, რამეთუ ყოვლადვე ძალ გიც შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესვენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან“.

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მათ: „დალცათუ თავი ჩემი განუმზადე უფალსა და სიყრმითგან ჩემით მსგავსად ძალისა ვშუერ, ხოლო უფროჲს არს პატივი სიტყუათა თქუენთაჲ, ქრისტჱს-მსახურნო მამანო, არამედ ღმერთი გულსმოდგინებასა ეძიებს კაცთაგან და მიანიჭებს ნაცვალად სასუფეველსა მორჩილთა მისთა და მეცა მომმადლოს მკჳდრყოფაჲ ნების-მყოფელთა თანა მისთა ლოცვითა თქუენ ყოველთაჲთა. ხოლო თქუენ გეჴსენენ კრძალულებაჲ ჩემი მოთმინებით მონაზონებისა მიმართ, რომელიცა იხილეთ, ვინაჲთგან დავემკჳდრე თქუენ შორის ვიდრე აქამომდე, რამეთუ ესრჱთ ჯერ არს ძიებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, და ჩემთჳს ლოცვასა ჰყოფდით, რაჲთა მომეცეს მადლი წინაშე ღმრთისა შეწევნად თქუენდა, შემწეთა ჩემთა, უფლისა მიერ“.

თავი LXXIX

მაშინ ჰრქუა ხანძთას შინა მყოფთა ძმათა: „შვილნო, რომელი მცნებაჲ პირველითგან გესმა ჩემგან, სულისა თქუენისა საცხორებელად დაიმარხეთ და ჰყოფდით მარადის საჴსენებელსა ჩემსა. და მე უკუეთუ ვპოვო კადნიერებაჲ წინაშე ქრისტჱსა, უხუებაჲ კეთილთა მისთაჲ არა დაგაკლდეს ორსავე სოფელსა. ხოლო ამას გამცნებ აწ ჯუარითა ქრისტჱსითა, რაჲთა ჴორცნი ჩემნი დაჰმარხნეთ ძმათა ჩემთა თანა, რამეთუ არა უმჯობჱს ვარ ძმათა ჩემთა სათნოებათა მოგებითა. ამისთჳს ყოველთა გევედრები, ნუსადა დამივიწყებთ ლოცვასა თქუენსა ღმრთისა მიმართ ყოვლადვე მლოცველსა თქუენსა და აწ ვედრებისა შემწირველსა თქუენთჳს ქრისტჱს მიმართ საუკუნოდ. მომიჴსენეთ მარადის ლოცვითა და ჟამის-წირვითა სიკუდილით უცხო-ქმნული თქუენგან. იხილოთ რაჲ ადგილი მწირობისა ამის მკჳდრობისა ჩემისაჲ, რამეთუ აჰა ესერა ვიდრე ჟამადმდე კუალად წოდებისა ჴორცნი ჩემნი მიიქცევიან მიწად, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან“.

თავი LXXX

და ამათ რაჲ სიტყუათა იტყოდა ნეტარი გრიგოლ, მაშინ ნათლითა მიუწდომელითა შეიმკო შუენიერად ხილვაჲ მისი ბრწყინვალედ ქრისტჱს მიერ. რამეთუ ბანაკი ანგელოზთა უფლისათაჲ გარემოადგა მას და პატიოსანთა საკუმეველთა სულნელებამან აღავსო ყოველი იგი ერი კრებული მამათაჲ. და რამეთუ აქუნდა ჩუეულებაჲ ზეცისა წმიდათა მთავრობათა ხილვისაჲ სულსა მას მართალსა და აწ მათგანვე სიხარულისა ჴმაჲ ესმა ესე: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა მსახურო ქრისტჱსო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკჳდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“. ხოლო ესე სიტყუანი ესმოდეს რომელთამე მოწაფეთა მისთა, არამედ ხილვაჲ იგი დიდებული, ყოველთა იხილეს. მაშინ ნეტარმან მან სრულიად განიხარა მიუმძლავრებელი იგი სიხარული და ჯუარი დასწერა თჳსსა მას მონასტერსა და ძმანი თჳსნი აკურთხნა საუკუნოჲთა კურთხევითა ყოველთა თანა ქრისტჱს-მორწმუნეთა და თქუა: „მეუფეო ქრისტე, ვინაჲთგან თჳთ თავადმან ივნე და გამოიცადე, ძალ-გიც მათდაცა შეწევნად, რომელნი-იგი გამოიცადებოდიან მახეთაგან და საცთურთა მტერისათა, რამეთუ ქრისტეანეთა შემწე შენ ხარ უფალო, დაიფარენ მარჯუენითა შენითა მოსავნი წმიდისა სახელისა შენისანი და ბოროტისაგან იჴსნენ და მიეც მათ სიხარული უოხჭნოჲ. ხოლო მე, მონაჲ შენი, მაცხოვნე სასუფეველსა შენსა და წყალობით მომიჴსენე სუფევითა შენითა“.

თავი LXXXI

და ესრჱთ შეჰვედრა სული უფალსა და შეერთო ანგელოზთა კრებულსა, რამეთუ უჴორცონი ანგელოზნი და სულნი კაცთანი ერთ-ბუნება არიან და სულსა კაცისასა აქუს მეტყუელებაჲ ანგელოზებრი. დაღაცათუ ჴორციელთა ენათა დაცხრომისათჳს იტყჳს დავით: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მათნი“, არამედ იგივე იტყჳს წმიდათა სულებისათჳს, ვითარმედ: „იქადიან წმიდანი დიდებითა, იხარებენ საჴსენებელსა ზედა მათსა“ და მეოხებასა ჰყოფენ ქრისტჱს მიმართ მადიდებელთა მათთათჳს.

რამეთუ ვიდრე განშჯადმდე ცოცხალთა და მკუდართა იღუწიან მვედრებელთა ჴორციელთა კაცთათჳს მორწმუნეთა და მოელიან სრულსა მას სიხარულსა და მხიარულებასა აღთქუმისაებრ მეუფისა მათისა. რაჟამს დიდებისაგან უდიდებულჱსსა დიდებასა დაემკჳდრნენ უფლისა დიდებით მოსვლასა. ხოლო რჩეულთა შეკრებაჲ ოთხთაგან ქართა ცისათა კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე ცისა ესე არს, რამეთუ ქარითა, ვითარცა ეტლითა, შეკრიბნეს ქრისტემან წმიდანი თჳსნი წინაშე მისსა სიხარულად და შუებად საუკუნოდ, ოდეს-იგი თითოეული მათი ნაშრომსა თჳსსა უჩუენებდეს უფალსა და ნაცვალად მიაქუნდეს სიმდიდრჱ დაულევნელი.

თავი LXXXII

მაშინ, ნეტარო მამაო, ახალი იგი ქრისტჱს-მოწამჱ იოვანჱ სანატრელი ხანძთით იერუსალჱმად მიწევნული და სარკინოზთა ჴელითა ბაღდადს ქრისტჱსთჳს მოკლული და სასწაულითა ბრწყინვალჱ იხარებდეს რჩეულთა თანა შვილთა შენთა, რაჟამს წარუდგინებდე მათ ქრისტესა. მას ჟამსა რაჲმე იყოს ჩუენ უდებთათჳს ნუგეშინის-ცემა, რომელნი წოდებულ ვართ შენდა მოწაფედ? რამეთუ განჴმელ არს სიყუარული ურთიერთას და ყოველი კეთილისა საქმჱ შემცირებულ არს და დაკლებულებაჲ აღორძინებულ, არამედ შემდგომად ღმრთისა მოწყალებათა და ყოველთა წმიდათა მეოხებისა ლოცვათა შენთა მიმართ არს სასოებაჲ ჩუენი წმიდაო მამაო, შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუენი ღირსო, რამეთუ შენ უწყი სიყუარული ჩუენი. დაღაცათუ არა გჳხილავ ჴორციელად, ნუ დამივიწყებ ჩუენ, არამედ იყავნ მადლი შენი შემწე ჩუენდა. წმიდათა უდაბნოთა შინა დამკჳდრებულთა და ყოვლისა ერისა, რაჲთა ვიპოვნეთ შენ თანა სიხარულისა მის წარუვალისა ცხორებასა. აწ საყუარელნო ქრისტჱს-მორწმუნენო, ჩუენცა გჳღირს ყოველთა გულს-მოდგინებაჲ მსგავსად ძალისა საქმედ კეთილისა მოწყალებასა თანა ღმრთისასა და წმიდათა მეოხებასა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ ცოდვათა შენდობასა და დიდსა წყალობასა საუკუნოდ“.

თავი LXXXIII

ხოლო იყო გარდაცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა მისთასა ას და მეორესა წელსა, ქრონიკონსა ოთხმეოც და ერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაჲ ესე მისი შემდგომად ოთხმეოც და ათისა წლისა, დასაბამითგან გარდასრულთა წელთა ექუს ათას ხუთას ორმეოც და მეათოთხმეტესა წელსა, იერუსალჱმს პატრიაქობასა აგათონისსა, მცხეთას კათალიკოზობასა მიქელისსა, ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კურაპალატისასა, ძისა ადარნერსე ქართველთა მეფისასა, აფხაზთა ზედა მეფობასა გიორგისსა, ძისა კოსტანტი მეფისასა, ერისთავთა ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა, მაგისტროსობასა ადარნერსჱსსა, ძისა ბაგრატ მაგისტროსისასა, ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფლისასა. ქრისტემან დიდებაჲ უოხჭნოჲ მათ ყოველთა მიანიჭენ.

ხოლო ჟამსავე მას იყო ანჩს ეპისკოპოსი მაკარი და ნეტარისა მამისა გრიგოლის შჱნებულთა მათ მონასტერთა იყვნეს მამასახლისნი ნათესავით დიდთა აზნაურთა შვილნი ხანძთას-მამაჲ თეოდორე, დის-წული მცხუედაჲსაჲ და შატბერდს-მამაჲ გრიგოლ, ძჱ ლიპარიტისი, სახელითა დიდისა მამისა გრიგოლისითა შემკობილი, ქრისტემან სრულიად შეამკვენ მადლითა მისითა და განამართლენ წინაშე მისსა საუკუნოდ!

ხოლო ხანძთისა წინამძღურისა და იოვანე ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა, - სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე. ქრისტემან წიგნსა მას ცხოველთასა დაწერენ იგინი და სრულიად წყალობა-ყავნ ყოველთა მორწმუნეთათჳს, რაჲთა გულისხმა-ყონ საღმრთოჲ ნიჭი ქუეყანისაჲცა ზეცისასა თანა.

რამეთუ ეკლესიასა შინა ერთი წიგნის-მკითხველი მცირეთა მსმენელთა და მრავალთათჳს სწორად კმა არნ. და ეგრჱთვე, უკუეთუ ერთი იკურთხევინ ანუ მრავალნი, მაკურთხეველი იგი ერთი კმა არნ, რამეთუ მოუკლებელ არიან კეთილნი იგი ქრისტჱსნი ჩუენდა მომართ და მადლი წმიდათა მეოხებისაჲ.

თავი LXXXIV

რომლისათჳსცა დღეს ჴსენებაჲ ნეტარისა მამისა გრიგოლისი იყავნ მარადის ჩუენდა სასო და შესავედრებელ სულისა და ჴორცთა და ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა, ვითარცა თქუა სოლომონ: „ნათელი მართალთა ზედა მარადის“. და კუალად იტყჳს: „ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა ცხოველ არიან“ და განათებულ მზისა მისგან სიმართლისა ცათა დაუტევნელისა და ქალწულისა საშოსა დატევნულისა გამოუთქუმელად და ჩუენდა ცხორებად გამობრწყინვებულისა ნათლისა მის დაუსაბამოჲსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ არაჲ შეუძლებელ არს მის წინაშე, რომელმანცა მისცა ქმნულსა თჳსსა. მზის-თუალსა ამას ესევითარი ბრწყინვალებაჲ, რომელ ყოველსა ხილულსა მიეფინების და განანათლებს ნათლითა მისითა. და მანვე ყოვლისა შემძლებელმან ღმერთმან მისცა მადლი ჴელმწიფებისაჲ ყოველთა წმიდათა მისთა და ჩუენთჳს ვედრებასა ჰყოფენ მოუკლებელად მისსა მიმართ. ამისთჳსცა ჴსენებაჲ მათი ქებით აღესრულების და დღესასწაულისა მათისა შემამკობელთა ჰფარვენ მარადის და განანათლებენ სულთა მათთა და მადლსა მიანიჭებენ ყოველთა მორწმუნეთა, ვინაჲთგან ძალ-უც შეწევნაჲ სარწმუნოებით მვედრებელთაჲ მათ თითოეულსა მათგანსა და მარადის მეოხ არიან ჩუენთჳს წინაშე წმიდისა სამებისა, დამბადებელისა ყოველთაჲსა, რომლისაჲ არს ძლიერებაჲ, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ და სუფევაჲ დაუსაბამოჲ და დაუსრულებელი. და მისსა შუენის პატივი და ქებით თაყუანის-ცემაჲ ჟამთა უკუნისამდე და მერმეთა მათ საუკუნეთა. ამჱნ.

თავი LXXXV

პირველ ყოფილი ესე სასწაული გუესმა ბერთაგან ჩუენთა, ვითარმედ ჟამსა მამისა გრიგოლის მოწაფისასა ხანძთას ეპიფანჱს მამობისასა იყო ვინმე კაცი მდიდარი ანჭკორას და სახელი მისი წერტა, და აწ რომელ წერტაჲსნი ჰრქჳან, თხათა მისთა სადგური ყოფილ არს. და მას ესუა ასული შობითგან ყრუჲ და უტყჳ, ხოლო ჰასაკითა მრთელი. და ვითარ ათსამმეტისა წლისაჲ იყო ქალი იგი, დედასა მისსა ჩუენებით ძილსა შინა გამოეცხადა ღირსი ეპიფანე და ჰრქუა: „ხანძთას ჟამის-წირვასა ჩემსა ხვალე მოავლინე კაცი და ჴელთა ჩემ, ეპიფანჱსთა, ნაბანი მოვსცე შენდა და ასუ იგი ასულსა შენსა და სცხე თავსა მისსა და განკურნოს იგი ქრისტემან ვნებათა მისთაგან მადლითა ყოველთა წმიდათაჲთა”.

ხოლო მორწმუნემან მან დედაკაცმან არა აუწყა ქმარსა თჳსსა ჩუენებაჲ იგი, რამეთუ მას ჟამსა კაცი იგი მონაზონთათჳს მკსინვარედ იყო და იდუმალ წარავლინა კაცი. ხოლო ნეტარმან ეპიფანე უფლისა მიერ იცოდა რაჲ იგი ყოფად იყო და მისცა კაცსა მას ჴელთა თჳსთა ნაბანი. და მი-რაჲ-იწია, დედაკაცმან მან სარწმუნოებითა მტკიცითა სცხო ევლოგიაჲ იგი უსისხლოჲსა მსხუერპლისაჲ ღირსად შემწირველისა მღდელისაჲ ასულსა თჳსსა. ხოლო მას დაეძინა სამ დღე და სამ ღამე. და რაჟამს განეღჳძა, თქუა: „დიდებაჲ ღმერთსა, დიდებაჲ წმიდასა სამებასა, რომელმან ლოცვითა ნეტარისა მამისა ეპიფანჱსითა განმკურნა და მიჴსნა მე ეშმაკისაგან“. და ვითარცა იხილა სასწაული ესე წერტა, მამამან მისმან, განკჳრვებული სიხარულითა სავსჱ წარვიდა ხანძთად. და ვითარ საჩინოსა უდაბნოჲსასა მიიწია, ჴმამაღლად ტიროდა პირველისა მის წარმდებებისა მისისათჳს. მაშინ მამამან ეპიფანე სიხარულით და ნუგეშინის-ცემით მოიკითხა და ფრიად პატივ-სცა ძალისაებრ. ხოლო წერტა დიადი შესაწირავი მიუძღუანა და შეწირა წინაშე წმიდისა მთავარ-მოწამისა გიორგისსა და ჰმადლობდა ქრისტესა საკჳრველთ-მოქმედსა და მონასა მისსა ეპიფანეს, რომლისა ლოცვითა სრულიად სიხარული მიეფინა. ხოლო ასული იგი მისი კეთილად ცხონდა ამას საწუთროსა და საუკუნოდ. და ჩუენთჳსცა უფალმან სრულიად წყალობა ყავნ ოხითა ყოველთა წმიდათა მისთაჲთა.

თავი LXXXVI

ხანძთას მკჳდრი გაბრიელ მოძღუარი, ფრიად მოღუაწჱ, ნეტარი წმიდაჲ მამაჲ გჳთხრობდა იგი მამისა ბასილისსა, ვითარმედ მრავალთა წელთა მამასახლისობასა მისსა ხანძთას, ესე იყო კანონი მისი: ოდეს შინა არნ, ტრაპეზისაგან კიდე საზრდელსა არარას მიიღებდა, არცა ჭამადსა, არცა სასუმელსა. ხოლო ჟამსა სნეულებისა მისისასა, რომლითა გარდაიცვალა წინამძღურობასა შინა მისსა, მრქუა: „შვილო გაბრიელ, საოსტიგნით ცხელი საჭმელი კორკოტისაჲ მომართუ“. და მაშინ არა ეგბო, სხუაჲ შევაგბე და მივართჳ, რამეთუ მრავალთა დღეთა არარაჲსა გემოჲ ეხილვა. და ვითარ ცნა, ვითარმედ მას დღესა საეროდ იგი საჭმელი არა ყოფილ არს, მაშინ, რომელი იგი მიმეღო, შფოთით დასთხია და რისხვით მრქუა მე: „რად სცეთ საწყალო და მე მაცთუნებ?“ ხოლო მე შიშით შევინდვე და ვჰკითხე მიზეზი ფრიად მოგინებისაჲ.

ხოლო მან მრქუა: „შვილო, სიჭაბუკესა ჩემსა მამისა გრიგოლის საჴედარსა ვხედევდი და მამასა ჩემთჳს ჴორციელსა საურავსა ვაწყინებდი. ხოლო მას ღმრთისა კაცსა წინაჲსწარმეტყუელებისა მადლი აქუნდა ქრისტჱსგან და ესრჱთ მიბრძანა: „ბასილი, მოკლედ შენ ხანძთას მამასახლისად დასდგები, და აწ რომელსა იურვი, მერე ვითარი გინდეს სამოსელი და საგებელი, გაქუნდეს. ხოლო მოხუცებული, სულიერად მამაჲ შენი, აწვე გამცნებ და ჯუარითა ქრისტჱსითა ჯუარსა დაგწერ, ოდეს ესე სიტყუაჲ ჩემი საქმით იქმნას, ხანძთას შინა რაჲ იყო, ყოველსა ჴორცთა საღუაწსა ტრაპეზსა დაშჯერდი, სხუაგან რაჲ იყო - იგი პატივი შენ ჴორცთა შუებად გეყოფის-ო. და აწ მრავალთა წელიწადთა ჩემსა მამასახლისობასა კანონი მამისა ჩემისაჲ საქმით აღმისრულებიეს. ხოლო შენ სიკუდილისა ჩემისა ჟამსა ურჩებისა პატიჟსა შთამაგდებდი, ამისთჳს განვრისხენ შენ ზედა“. და მე კუალადცა შეუვრდი და დამიკჳრდა ფრიადი იგი მოთმინებაჲ მისი. ხოლო მამამან ბასილი მაკურთხა ყოვლითა კურთხევითა და მრქუა: “კურთხეულ იყავ უფლისა მიერ შენ და ყოველი ერი მართლ-მორწმუნე ოხითა წმიდისა ღმრთის-მშობლისაჲთა და წმიდისა გიორგისითა და ყოველთა წმიდათაჲთა. ამჱნ“.

გ.ჩანადირის ფოტო