There are no translations available.
< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<ეკლესია - მონასტრები>>>
შუამთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974., გვ.22
V საუკუნის პატარა ეკლესია კახეთის მეორე მონასტრის - ძველი შუამთის ანსამბლში თითქოს ბაზილიკური თემის განვითარების შემდეგ საფეხურს გვიჩვენებს. აქ უკვე საგრძნობია სივრცის დაგრძელება აღმოსავლეთ დასავლეთის ღერძის გასწვრივ, ნავები ერთმანეთისგან გაყოფილია ბოძებზე დაბჯენილი ორ-ორი თაღით, მაგრამ თაღოვანი მალების სიგანე უბრალო კარის სიგანეს არ აღემატება. გვერდის ნავები ვიწრო და გრძელი კორიდორებია, საკუთარი საკურთხევლის აფსიდების გარეშე. დასავლეთით ეს ორი განაპირა ნავი განივი ნავით უკავშირდება ერთმანეთს. ამის გამო, შუა ნავის გარშემო სამმხრივი გარშემოსასვლელი იქმნება, ხოლო გვერდის ნავებს უბრალო დერეფნების მნიშვნელობაღა რჩებათ. ეს თავისებურებები შეიძლებოდა საგანგებოდ არც აღგვენიშნა, რომ მათ აქ შემთხვევით ვხვდებოდეთ. იგივე მეორდება V ს - ნის კიდევ ერთ ძეგლში, მატანის ე.წ. ცხრაკარის მონასტრის ბაზილიკაში (ესეც კახეთშია - ამ კუთხემ შემოგვინახა ქრისტიანობის პირველი ხანების ხუროთმოძღვრების ყველაზე მეტი ნიმუში). შემდეგში ეს მოტივი ადგილს დაიმკვიდრებს ზემოთ უკვე მოხსენებული ორიგინალური ტიპის - სამეკლესიაანი ბაზილიკის ნიმუშებში. ძველი შუამთის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა რამდენადმე უახლოვდება ქრისტიანული ეკლესიის ჩვეულებრივ ნორმებს, მაგრამ ბაზილიკის არსი აქ ჯერ კიდევ ვერ არის ნამდვილად გაგებული (შუამთსი ბაზილიკა უფრო დიდია, ვიდრე ნეკრესისა). მხოლოდ V საუკუნის მიწურულს დაიწყეს საქართველოში ნამდვილი ბაზილიკების შენება, თუმცა ეს ბაზილიკებიც სავსებით თვისებურია.
გადიდებისთვის დააწაკპუნეთ ფოტოზე
შუამთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,1974., გვ 109-110
ძველი შუამთა (V და VII საუკუნეები) თელავიდან შვიდიოდე კმ - ითაა დაშორებული. თელავ - თბილისის გზიდან გადასახვევი მარცხნივაა. ხუროთმოძღვრული ანსაბლი ტყეშია, განმარტოებულ ადგილას. აქ სამი ეკლესიაა:
1. V საუკუნის ბაზილიკა, ერთი საყურადღებო ნიმუშთაგანი "ქრისტიანული“ არქიტექტურის ადრეული საფეხურებისა საქართველოში.
2. VII ს - ის ეკლესია მცხეთის ჯვრის ტიპისა, საკმაოდ კარგად შენახული. საგრძნობლად უფრო პატარაა, ვიდრე ამავე ტიპის სხვა ძეგლები. "ჯვართან შედარებით აფსიდებისა და ბემების სიღრმე შემცირებულია ამიტომ მთელი შენობის ფართობისა და მასების მიმართ გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია. კუთხის ოთახებს მარტივი ოთხკუთხედების მოხაზულობა აქვს, და რა ჯვრისებრი. ტრომპების კონსტრუქცია ნათლადაა გამოვლენილი.
გადიდებისთვის დააწაკპუნეთ ფოტოზე
3. მცირე გუმბათოვანი ეკლესია, აგრეთვე VII ს-ისაა. ეს მინიატურული ნაგებობაა. გეგმის საფუძველი ისეთივეა, როგორიც ჯვარისა და მისი ტიპის ძეგლებისა, ე.ი. შუა კვადრატს ოთხსავ მხარეს აფსიდები აკრავს, არის კუთხის ნიშებიც, მაგრამ აღარ არის კუთხის ოთახები, რომელთა არსებობითაც იყო გამართლებული ამ ნიშების არსებობა. აშკარაა, რომ ეკლესიის მშენებელი ვერ ჩაწვდომია თავისი ნიმუშის (თუნდაც მეზობლად მდგომი დიდი ეკლესიის) გეგმის არსს, ამოცანის ფუნქციური ამოხსნის ნაცვლად, აქ დეკორაციული ამოხსნა გვაქვს. ამას გარდა, ორივე ღერძი თითქმის თანაბარია, რაკი არცერთი აფსიდის წინ ბემები არ არის. როგორც საერთოდ კახეთში, არც ძველი შუამთის ეკლესიებს არ გააჩნია რაიმე სამკაული, არ არის არც წარწერები. სამივე ეკლესია რიყის ქვითაა ნაშენი. შირიმის ფილები გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებისათვის. ბაზილიკის ზომები გარედან, მინაშენთა გარეშე: სიგრძე - 10,8 მ., სიგანე - 9,2 მ., სიმაღლე დაახლოებით - 5,7 მ. დიდი ეკლესიის სიგრძე - 11,5 მ., სიგანე - 9,2 მ, სიმაღლე შიგნით - დაახლ. 12 მ. მცირე გუმბათოვანი ეკლესია 7,5X7,0 მ, სიმაღლე - შიგნით - დაახლოებით - 7,5 მ.
გადიდებისთვის დააწაკპუნეთ ფოტოზე
შუამთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,1974., 171,
ახალი შაუმთა, გრემი (XVI ს)
XVI ს-ის მანძილზე კახეთის სამეფო საქართველოს სხვა ნაწილებზე უფრო მოსვენებული იყო უცხოელ მტერთაგან და ეკონომიური მდგომარეობაც უკეთესი ჰქონდა. ამ დროს ინტენსიური მშენებლობა წარმოებდა. XVI ს-ში ჩამოყალიბდა სამეფოს დედაქალაქად გრემი, სადაც მდიდარი სასახლეები, მრავალრიცხოვანი ეკლესიები, ქულბაქები და აბანოები იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ საცხოვრებელ სახლებზე. გრემი XVII ს-ის დასაწყისში დააქცია შაჰ-აბასმა და მას შემდეგ ფეხზე აღარ წამომდგარა. XVIს-სვე მიეკუთვნება კახეთის ეკლესიების მთელი ჯგუფი, რომელიც თავისებური თვისებებით გამოირჩევა. ეს აგურის გუმბათოვანი შენობებია, ძლიერ აზიდული პროპორციებით. გეგმა წინა საუკუნეებში შემუშავებულ ტრადიციას მისდევს მოკლე სწორკუთხედი შვერილთა გარეშე, აფსიდიანი საკურთხეველი, სამი სწორკუთხა მკლავი. ფასადთა დამუშავება ისრული თაღებით (უფრო სწორად - ბრტყელი ისრულ-თაღოვანი ნიშების სისტემით), აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრები და სახეები ირანული გავლენის შემოღწევას მოწმობს, თუმცა ტაძრის ძირითადი სტრუქტურა სავსებით ქართულია. ამ ჯგუფის ნიმუშთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი: ახალი შუამთის მონასტრის ეკლესია (ახალი შუამთა თელავთანაა, ძველი შუამთიდან 2-3კმ. მანძილზე), აგებული XVI ს-ის ორმოციან წლებში ლევან კახთა მეფის მეუღლის თინათინ დედოფლის თაოსნობით. განსაკუთრებით დამახასიათებელია თავისი "გუთური" პროპორციების მხრივ (შედარებისათვის XI ს-ის ალავერდში გუმბათქვეშა სივრცის სიგანისა და სიმაღლის შეფარდებაა 1:2,8; ხოლო ახალ შუამთაში დაახლოებით 1:3,84 . ეკლესიას ჰქონდა სამმხრივი გარშემოსასვლელი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე - 18 მ., სიგანე - 13მ., სიმაღლე შიგნით - 24 მ. ეკლესიის გვერდით დიდი მრავალსართულიანი სამრეკლოა, რომელშიც თინათინ დედოფლის საცხოვრებელი ოთახებიც იყო. გეგმა 8,3 X 8,8 მ., სიმაღლე გარედან 25 მ-მდე.
|