topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხერთვისის ციხე - ი. ციციშვილი, ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ციხე-ქალაქები>>>

განვითარებული ფეოდალიზმი:  ხერთვისის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ. 1995. - გვ.104.

საქართველოს მუდამ უხდებოდა თავდაცვა სხვადასხვა მხრიდან მოძალებული მტერისაგან. ეს გარემოება იძულებულს ხდიდა ქვეყნის მესვეურებს გამუდმებით ეზრუნათ საკუთარი ტერიტორიის თავდაცვაზე. განსახილველ პერიოდში მოქმედ ციხეებს შორის აღსანიშნავია თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, თმოგვის, ხერთვისის, აწყურის ოქროსციხე და სხვ. თმოგვის ციხეს მტკვრის მარცხენა მხარეს, მაღალ მთაზე დიდი ტერიტორია ეკავა. იგი დარაჯობდა სამხრეთიდან მომავალ მთავარ გზას ხეობის ვიწრო გასასვლელში. მრავალი ომგადახდილი თმოგვი ნანგრევებად აქცია საშინელმა მიწისძვრამ. ამავე მაგისტრალზე მდებარეობს ხერთვისის ციხე. არტაანისა და ჯავახეთის მტკვრის შესართავთან აღმართულ ციცაბო კლდეზე დღესაც ამაყად დგას მრავალი ბრძოლების მაუწყებელი ციხის ნანგრევი. ციხისკარზე დაცული წარწერის მიხედვით, ერთ-ერთი კოშკი და გალავანი აღუდგენიათ 1354 და 1356 წლებს შორის. მაგრამ ციხე უფრო ადრინდელი პერიოდისაა. ხერთვისის ციხე გვიანფეოდალურ ხანაშიაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას. 1624 წელს აქ მყოფ ყიზილბაშებს მუსრი გაავლო გიორგი სააკაძემ. 1771 წელს კი ერეკლე II წაართვა იგი ოსმალებს. ამავე დროს ეკუთვნის კლდეკარის ციხე. იგი დარაჯობდა კლდეში გამოკვეთილ ორ გასასვლელს (ერთი სიგრძით 70 მეტრია მეორე კი - 20 მ) ამ გზით უკავშირდებოდა წალკა საჯავახოს და შიდა ქართლს. ყველა ციხე აგებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას. ამავე დროს ისინი შესანიშნავად არიან შეხამებული რელიეფთან და ყოველმხრივ იყენებენ მას.

აწყური, ხერთვისი, ოქროციხე// ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 167

ეს სამი ციხე, რომლებიც ისტორიულ მესხეთში მდებარეობს (პირველი ორი მტკვრის ხეობაშია), დიდ როლს თამაშობდა საქართველოს ცხოვრებაში შუა საუკუნეთა მანძილზე. ხერთვისი აღმართულია კლდოვან კონცხზე იქ, სადაც ჯავახეთის მტკვარი არტაანის მტკვარს ერთვის, ვარძიიდან 14 კმ-ის, ხოლო რაიონის ცენტრ ასპინძიდან 16 კმ-ის მანძილზე. ისტორიულ წყაროებში იხსენიება, როგორც საქართველოს ერთი უძველესი ციხეთაგანი. X ს-ში იგი, უეჭველია, უკვე არსებობდა და ზოგი მისი ნაწილი შეიძლება სწორედ ამ ხანას მიეკუთვნოს. აწყურისა და ოქროსციხისაგან განსხვავებით, მას კლდის კეხის გაყოლებით წაგრძელებული და უფრო კომპაქტური გეგმა აქვს. მისი კოშკები უკეთესადაც არის დაცული (თუმც კი მაინც დაზიანებულია). მკაფიოდ გამოიყოფა მთავარი კოშკი - დონჟონი, კვადრატული გეგმის მქონე, ოდნავ მომრგვალებული კუთხეებით, მაღალი და მძლავრად აზიდული. მისი კედლები კარგად დამუშავებული და წესიერად დაწყობილი ქვითაა ნაშენი, ფორმები მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. დარჩენილია მძლავრი გარეთა კედლებიც. მშენებლობა გვიანაც წარმოებდა - აქ ნაპოვნი ერთი წარწერის თანახმად, რომელიღაც კოშკი 1354-1356 წლებშიაც აუშენებიათ. XIV ს-ში, თურქების შემოსევის დროს, ციხე რამდენიმეჯერ გადადიოდა ხელიდან ხელში. XVI ს-ის მიწურულიდან სამსავე ციხეს, ისევე, როგორც მთელ მესხეთს, თურქები დაეპატრონენ. აწყური, ოქროსციხე და ხერთვისი მათგან გათავისუფლებულ იქნა 1828 წელს, მას შემდეგ, რაც თურქეთი დამარცხდა რუსეთთან ომში. დღესდღეობით ამ სამ ციხეთაგან არც ერთი არ არის სათანადოდ შესწავლილი და გაზომილიც კი.

1. Е. Такайшвили, МАК, XII, М, 1909, გვ. 22.

2. ვახტანგ ბერიძე - სამცხის ხუროთმოძრვრული ძეგლები, თბ., 1970.