There are no translations available.
<
კავკასიის გასაღები კავკასიაშია...
ინტერვიუ „კავკასიის ფონდის“ პრეზიდენტთან, სმეას „კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის“ თავმჯდომარესთან, პროფ. გივი ღამბაშიძესთან.
ბატონო გივი, თქვენ წლების განმავლობაში იკვლევთ ქართული კულტურის ძეგლებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში თქვენს მიერ წარმოებული არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი, რითაც ნათლად შუქდება საქართველო-იმიერკავკასიის ხალხთა მჭიდრო ისტორიულ-კულტურული ურთიერთობანი. ეს ყოველივე მეტად აქტუალურია დღეს. გთხოვთ საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ ვაუწყოთ ამის შესახებ.
საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხთა ისტორიულ ურთიერთობათა შესწავლა ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემაა. ცნობილია ენათმეცნიერთა, ისტორიკოსთა, არქეოლოგთა, ეთნოგრაფთა, ხელოვნებათმცოდნეთა, ფოლკლორისტთა და ანთროპოლოგთა კვლევის შედეგები. ამ მიმართულებით დიდ ინტერესს იმსახურებს ქართული არქეოლოგიის ფუნდამენტური მეცნიერული ძიება (ლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ მეცნიერებათა შუქზე), რომლითაც მტკიცდება ზედა პალეოლითში კავკასიის ეთნო-კულტურული თუ ისტორიული ერთობა. ისტორიული განვითარების ძალით, მეზოლითსა და ნეოლითში წარმოშობილი დიფერენციაციით ეს ერთობა ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში იშლება და ძვ.წ. III ათასწლეულისათვის ყალიბდება კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები (ოთ.ჯაფარიძე). უახლოეს არქეოლოგიურ გამოკვლევათა ფონზე სულ უფრო მზარდ ყურადღებას იპყრობს XI ს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მონაცემები საქართველოსა და კავკასიის უძველესი ისტორიის შესახებ და, განსაკუთრებით, მისი ეთნოგენეტიკური კონცეფცია, რომლითაც კავკასიის ხალხები საერთო წინაპრის - ბიბლიური ნოეს შვილთაშვილის თარგამოსის შთამომავლებად ცხადდებიან. კავკასიის ხალხთა უახლოესი ნათესაობის ლეონტისეული ეს კონცეფცია, რომელიც "ჰუმანისტურ თეორიადაა“ შეფასებული, უძველეს ტრადიციებსაც გამოხატავდა და თავისი ეპოქის სულისკვეთებასაც. იგი იმითაცაა საინტერესო, რომ ადრეფეოდალური ხანის მიწურულს საერთო-კავკასიური სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში შემუშავდა. ანტიკური პერიოდიდან, საქართველოში სახელმწიფოებრიობის წარმოშობიდან, საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ურთიერთობანი (რომლებიც ისტორიულად არასოდეს შეწყვეტილა, რაც დადასტურებულია წინარე ეპოქების არქეოლოგიურ კულტურებში), კიდევ უფრო ძლიერდება, ეს ურთიერთობანი ეკონომიკური, პოლიტიკური, დინასტიური, სამხედრო და კულტურულ-რელიგიური ხასიათისაა. შუა საუკუნეებიდან კი რელიგიურ-იდეოლოგიურ და კულტურულ საფუძვლად ქრისტიანული რელიგია და ფეოდალური კულტურა გვევლინება, რაც უფრო აახლოვებდა საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხებს ერთმანეთთან და აძლევდა საშუალებას გადაეწყვიტათ ისტორიული განვითარების შედეგად მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემები. ქართული არქეოლოგიური კავკასიოლოგიის მიერ 1970-1980 წლებში შემუშავებულ ახალ მტკიცებათა კომპენდიუმით, სწორედ Х ს. II ნახევრიდან (ბაგრატ III ეპოქა) იწყება იმიერკავკასიაში ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის გავრცელება-დამკვიდრება. საქართველოს სრულ გაერთიანებამდე ჩრდილო-დასავლეთ იმიერკავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელ ბიზანტიასთან ერთად დასავლეთქართული სამეფო - აფხაზეთია, ცენტრალურსა და აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში (დვალეთი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღისტანი) - ქართლი და კახეთის სამთავრო-სამეფო, ხოლო გაერთიანების შემდეგ - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაა. ცალკე აღინიშნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უდიდესი როლი. საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა ღვაწლი მიუძღვის ქართულ ეკლესიას ადრეფეოდალური ხანის მიწურულს საქართველოს გაერთიანებაში. გიორგი მერჩულესეული - "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, უკვე Х ს. ბოლოსა და XI ს. დასაწყისში შეიძლება გავრცელდეს იმიერკავკასიაზეც. ჩვენს ხელთ არსებული მატერიალური კულტურისა და წერილობითი წყაროების მონაცემები მტკიცე საფუძველს ქმნის შუაფეოდალურ ხანაში იმიერკავკასიის ქვეყნებში ქრისტიანული რელიგიის არსებობა ოფიციალურ ფეოდალურ-კლერიკალურ ხარისხში მივიჩნიოთ, რომელიც, როგორც ჩანს, ახლოს იყო ორთოდოქსულ-დოგმატურ ნორმებთან და, რომელიც შიეძლება განვითარდეს მხოლოდ მაშინ, თუ მას ამკვიდრებს და მხარს უჭერს ოფიციალური საეკლესიო ორგანიზაცია და სახელმწიფო ძალაუფლება. ამრიგად, უარყოფილია (უმთავრესად საბჭოთა კავკასიოლოგიის) ის მტკიცება, თითქოს ჩრდოლოეთ კავკასიის ხალხებისთვის ქრისტიანული რელიგია უცხო, ზედაპირული მოვლენა ყოფილიყოს, ღრმად არ შეხებოდეს იმიერკავკასიელთა მსოფლმხედველობას. ამით არქაიზირდებოდა იმ ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარება, ადგილობრივ კულტურათა როლიც და ფეოდალური საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხთა კონსოლიდაციის ხარისხიც. ჩრდოლოეთ კავკასიაში ქრისტიანული რელიგიისა და ფეოდალური კულტურის გავრცელება-დამკვიდრება და ამით ერთობის შექმნა მჭიდრო კავშირშია კავკასიის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან (ფეოდალურ-ფორმაციული ხასიათის ძვრები, ჩრდილოელ მომთაბარეთა და ძლიერი სამხრეთელი სახელმწიფოებისაგან თავდაცვა, მთისა და ბარის მეურნეობათა ეკონომიკური კავშირები და სხვა). მან შუაფეოდალურ ხანაში წარმოშვა წინა აზიაში ერთ-ერთი უძლიერესი საერთოკავკასიური სახელმწიფოებრივი გაერთიანება (გ.ლომთათიძე, დ.მუსხელიშვილი, გ.ღამბაშიძე). კავკასიის ინტეგრაციის ეს ევოლოციური პროცესი, რომელიც პოზიტიური ისტორიული მოვლენა იყო, შეწყდა თათარ-მონგოლთა და, განსაკუთრებით, თემურ-ლენგის შემოსევათა შემდეგ. წარმოიშვა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული რეგრესი. განვითარდა ცენტრიდანული ძალები, რომელთაც დაშალეს არა მარტო მთლიანად კავკასიის, არამედ მისი ცალკეული მხარეების ერთობაც. ბუნებრივია, იშლება რელიგიურ-კულტურული ერთიანობაც და ირღვევა ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის საფუძვლებიც. ჩრდილოეთ კავკასიაში თანდათან, ხშირად იარაღის ძალით, ვრცელდება და მკვიდრდება ისლამი, რომელმაც ახალი პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული ტენდენციები წარმოშვა... საერთოკავკასიური საფუძვლების მოშლას გვიანფეოდალურ ხანაში ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან საქართველოსათვის უმძიმესი შედეგები მოჰყვა. ХIX-XX სს. კავკასიაში რუსეთის პოსტფეოდალურმა და შემდეგ სოციალისტურმა იმპერიალისტურმა კურსმა კიდევ უფრო დააცილა ერთმანეთს კავკასიის ხალხები პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად (კულტურის ეკოლოგიის თვალსაზრისითაც) და განამტკიცა იმპერიული კურსი ამიერ და იმიერ კავკასიაში.
განსაკუთრებულად რას გამოჰყოფდით თქვენს მიერ იმიერკავკასიის ქვეყნებში წარმოებული კვლევა-ძიებიდან?
რომელი ერთი ჩამოვთვალო. ესაა მიწისქვეშა თუ მიწისზედა ძეგლები: ნაეკლესიარები, ქრისტიანული სამარხ-სამაროვნები, ქრისტიანული კედლის მხატვრობის, მცირე და მონუმენტური პლასტიკის, ქართული ეპიგრაფიკული თუ ხელნაწერი ძეგლები. და მაინც გამორჩეულად აღვნიშნავდი არსენ II - ქართლის კათალოკოსის (955-980), გიორგი ეპისკოპოსის (X საუკუნის II ნახევარი) და საქართველოს პატრიარქის - მელქისედეკ I-ის (XI საუკუნის I ნახევარი) წარწერათა აღმოჩენას ტყობია-იერდას ტაძრის გათხრისას ინგუშეთში, მართლაც ბიბლიური თარგემის (შდრ. ლეონტისეულ თარგამოსს!) ხეობაში. X საუკუნის, გიორგი მთაწმიდლამდელი ქართული ფსალმუნის ფურცლების მიკვლევას ნაზრანში, 80 წლის აბდულვაჰაპ ელჯარკიევთან, რომელსაც ისინი ХХ ს. დასაწყისში მაღი-იერდას საგვარეულო სამლოცველოში აღმოუჩენია და, მაჰმადიან კაცს, უბით უტარებია, მისი ხალხის 12-წლიანი გადასახლებისას საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთში... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ არ შემიძლია აქ არ აღვნიშნო ავარეთის ადგილობრივი მოსახლეობის, მთელი დაღესტნის სამეცნიერო თუ სამთავრობო წრეების უდიდესი დაინტერესება ხუნძახთან აქაროს მთაზე, ზღვის დონიდან 2 500 მეტრ სიმაღლეზე, ჩვენი ექსპედიციის მიერ თორმეტი მოციქულის სახელობის ნატაძრალისა და იქვე ნაირგვარად გამოქანდაკებულ ქვის ჯვრებზე, ასომთავრულითა და ნუსხახუცურით შესრულებული ქართული წარწერების აღმოჩენა, რომლითაც ადგილობრივი მცხოვრებნი ქრისტესა და ათორმეტ მოციქულს შენდობა-შეწყალებას შესთხოვენ (იქვე, ჩვენ ვვარაუდობთ სარირის - ქართული წყაროებით ხუნძეთის მეფის რეზიდენციას, რომლის გათხრებიც დაწყებულია).
ეს ყოველივე მართლაც გასაოცარია! საქართველომ და მთელმა კავკასიამ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. გთხოვთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის თქვენეული კონცეფციის შესახებაც ისაუბროთ.
კავკასია თავისი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და რელიგიურ-კონფესიონალურ ინტერესთა გზაჯვარედინზეა. ამავე დროს, შიდა ეთნიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და, ხშირად, ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობანი ძალზე საშიშ ფეთქებად რეგიონად აქცევს მას. კავკასიის წინაშე ორი გზა ისახება: პირველს მივყავართ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ეკოლოგიურ იზოლაციამდე და კატასტროფამდე. მეორე გზა აღმშენებლობითია. კავკასია ბუნებრივად ჩამოყალიბებული ერთიანი ორგანიზმია და მისი მშვიდობიანი და წარმატებული განვითარებისათვის აუცილებელია მის მხარეთა შორის მაქსიმალურად ჰარმონიული ურთიერთობების განვითარება (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური, კულტურის ეკოლოგიისა და რელიგიური შემწყნარებლობის, "სახალხო დიპლომატიისა" და სხვა ასპექტები). თავისთავად ცხადია, პრობლემის მთლიანობა არ გამორიცხავს, და აუცილებლადაც განსაზღვრავს, მისადმი დიფერენცირებულ მიდგომას... რა გზას აირჩევენ ბიბლიური თარგამოსის ძეთა, "გმირთა ძლიერთა და სახელოვანთა" შორეული შთამომავლები? კავკასიის უძველეს კულტურათა და უნიკალური ბუნების ხსნა შესაძლებელია კავკასიის ხალხთა ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით, ვინაიდან ცალ-ცალკე გადარჩენა გაჭირდება. ჩვენ უნდა ვიღვაწოთ კავკასიის პროგრესული და ჰუმანური ძალების გასაერთიანებლად. უნდა ვიღვაწოთ მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით გადავწყვიტოთ ჩვენს წინაშე ობიექტურად არსებული თუ ხელოვნურად წამოჭრილი პრობლემები. ჩვენშია ხალხთა, კულტურათა, რელიგიათა თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება, წინაპართა ბრძნული დიპლომატიის, ძმადნაფიცობის, ომისა და მშვიდობის, მეგობრისა თუ მტრის ღირსებათა დაფასება-აღიარებისა და, მშვიდობიანობის დამამყარებებლი კავკასიელი ქალის მანდილის მიმართ რაინდული დამოკიდებულების კოდექსი. ესაა ძირ-ძველი საერთოკავკასიური სულიერი მწვერვალები. უნდა ვისწრაფვოდეთ მათკენ. ჭეშმარიტად, გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ, რომ იყოს ნათელი და გვწამს, რომ ღმერთი შგვეწევა და იქნება ნათელი... ეს ხედვა კავკასიური სინამდვილიდან, მისი წიაღიდან მომდინარეობს. ჩვენ რეალისტურად უნდა ვუდგებოდეთ ჩვენს აწმყოსა და მომავალს და ქმედებაც შესაბამისად უნდა დავგეგმოთ. დიდი პოლიტიკა დიდი მეცნიერება და შემოქმედებაა. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ სახელმწოფოებრივი მშენებლობის, ორიენტაციის, საგარეო პოლიტიკის (მათ შორის საქართველო-იმიერკავკასიის ქვეყნების) მიმართულებათა განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრივ გამოცდილებას (ფარნავაზ მეფე, მირიანი, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ III, დავით IV, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), ვაჟა -ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე ჯავახიშვილი, არნოლდ ჩიქობავა და სხვანი და სხვანი...). ვფიქრობთ, დღესაც ყავლი არ გასვლია და გასათვალისწინებელია დიდი ქართველი მამულიშვილის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვისა და განათლების მინისტრის გრ.ლორთქიფანიძის ცნობილ „პოლიტიკურ ანდერძში“ („საქართველოს განვითარების გზები", 1925) ჩამოყალიბებული მოსაზრებანი. თავს უფლებას მივცემ, რამდენიმე მათგანი აღვნიშნო: „...ქართველ ხალხს აქვს და უნდა ქონდეს სრულიად მტკიცედ და უკუნითი უკუნისამდე ერთი პოლიტიკური ორიენტაცია. სახელდობრ, თავის თავზე, საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სრულყოფა, მიუხედავად იმისა, თუ რა დროებით თუ ხანგრძლივ კომბინაციებში და კავშირებშიც არ უნდა დარჩეს ის ნებსით თუ უნებლიეთ. ამ თავისი ძირითადი მიზნისათვის მან შეძლებისდგვარად, იმისდამიხედვით, თუ როგორია საერთაშორისო ძალთა რეალური განწყობილება, ყოველგვარი ძალა და მოკავშირე უნდა გამოიყენოს სხვა და სხვა დროსა და პირობებში... სამუდამო და საშვილიშვილო ძმა-მოკავშირე კი უნდა ვპოვოთ ჩვენს უახლოეს მონათესავე და მოძმე ტომებში, კავკასიის მთაში, დარუბანდიდან ქერჩის სრუტემდე და იქიდან - ჭანეთამდე. რასაკვირველია, მეტად ძნელია და ხანგრძლივი პროცესი იქნება ამ ჩვენი ოჯახის შვილთა მრავალსაუკუნოვან უკუღმა ნატრიალები ისტორიის მიერ დალექილი ტალის აფხეკა და ძველი თვითშეგნებისა და ერთობის აღდგენა-გაძლიერება, მაგრამ იქეთკენ უნდა იქნეს მიმართული ჩვენი პოლიტიკის ერთი გეზი... ქართველი ხალხის უწმინდესი და უდიდესი ისტორიული მოვალებაა, შეძლებისაგვარად, არ დაზოგოს ხარჯი და ენერგია, რათა თავისი დედობრივი კალთის მფარველობის ქვეშ დააყენოს ყველა ეს ბედის უკუღმა ტრიალით საერთო რასიულ კერას მოგლეჯილი, დატანჯული და დასახიჩრებული ჩვენი მოძმენი, და უნდა აკეთოს ეს იაფეტური კულტურული ერის მთლიანობის აღდგენის დიადი საქმე საქართველომ იმისდამიუხედავად, თუ როგორ პოლიტიკურ პირობებში იქნება ის დროებით, ან თუ რა სახელმწიფოებრივ ყოფაში დარჩებიან თვით ეს ხსენებული ჩვენი მოძმენი... მოკლედ, პოლიტიკური ორიენტაცია თავის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე, პირობებისა და დროის შესაფერად... ყველა და ყოველგვარი ძალისა და მოკავშირის გამოყენება, მუდმივი და უღვარძლო მეგობრობა კავკასიელებთან... მტკიცე მეგობრობა საერთაშორისო დემოკრატიასთან.... მუდმივი და ურყევი კულტურული ორიენტაცია ევროპა-ამერიკაზე“. აი, ასეთი გახლავთ ქართული საუკუნოვანი ტრადიციული დამოკიდებულება იმიერკავკასიელ ხალხებთან...
ბატონო გივი, ახლა თანამედროვე საკითხებზე ვისაუბროთ. მინდა გკითხოთ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეც-ოპერაციაზე. მის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი არსებობს.
იგივე კითხვა 29 აგვისტოს დილაადრიან ჟურნალისტებმა დამისვეს - ჩვენი პატარა ალპინისტური ჯგუფი, ჩეჩნეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან, აკადემიკოს კანტა იბრაგიმოვთან და ჩეჩენ ჟურნალისტებთან ერთად, კავკასიური მეგობრობის ნიშნად, მყინვარწვერის დასალაშქრად მივემართებოდით... ამ ამბით შევშინდით... ვფიქრობ, ეს ტრაგიკული ინციდენტი (რამდენი კავკასიელი დაიღუპა ორივე მხრიდან!) თავისი შესაძლო გაგრძელებებით ალბათ ამ კონტექსტებში არის განსახილველი: რუსეთ-საქართველოს ურთულესი (მტრული) პოლიტიკური ურთიერთობები; ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების იმჟამად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები; დაღისტან-საქართველოს საზღვართან რუსეთის ფედერაციის მრავალათასიანი ჯარის თავმოყრა; კავკასიურ სივრცეში არსებული რელიგიურ-სამოქალაქო დაპირისპირება ტრადიციული ისლამის-სუფიზმისა და რადიკალური ისლამის-სალაფიზმის („ვაჰაბიზმი“) მიმდევრებს შორის; აქვე გავიხსენოთ დაღისტნის დიდი რელიგიური მოღვაწის, სულიერი ლიდერის შეიხ საიდ აფანდი ჩირკეისკის 28 აგვისტოს აფეთქება, რომლის შემკვეთის შესახებ ასევე მხოლოდ ვარაუდები არსებობს. და, თან, ეს ყოველივე საქართველოში კარსმომდგარი საპალამენტო საარჩევნო ციებ-ცხელების ფონზე მოხდა... იქნებ ვამეტებ, მაგრამ 29 აგვისტოს დილაადრიან, მყინვარწვერის გზაზე განცდილი საშიშროება რეალური იყო - საქართველო შესაძლოა დიდი სამხედრო ავანტიურის წინაშე იდგა... სინამდვილეში რა მოხდა, სრული თუ მიახლოებითი სიმართლის თქმა ამ სპეც-ოპერაციის დამგეგმავ-ჩამტარებლებისაგან, ან ამ თანამედროვე კავკასიური დრამის გამოწვლილვითი გამოძიებით თუ იქნება შესაძლებელი...
ბატონო გივი, როგორ უყურებთ აფხაზთა და ოსთა შემობრუნებას საქართველოსკენ?
ურთულესად გადასაწყვეტი საკითხია დღევანდელი საქართველოსთვის, მაგრამ შესაძლებელია. პირველყოვლისა, საჭიროა გავერკვეთ მიზეზებში. რამ წარმოშვა ეს გაუცხოება, რაც მტრობაში გადაიზარდა. რასაკვირველია, ეს დღეს არ დაწყებულა. მოვლენის ფესვები ХIX-XX საუკუნეებშია განტოტილი. ჯერ მეფის რუსეთის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ - "დაყავისა და იბატონეს“ უძველესმა ფორმულამ და შემდგომ, საბჭოთა იმპერიის პოლიტიკამ, რომელიც წინა ეპოქიდან იყო ნასაზრდოები, XX საუკუნის 70-90 წლების აგრესიულმა მოვლენებმა, თვით აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ბოლომდე არა „მტკიცედ და შეურყევლად" დგომამ დაგვაცილეს დროებით ერთმანეთს... აქვე აფხაზეთზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. 70-იანი წლების მიწურულს ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში აფხაზეთის საკითხზე გამართულ ფორუმზე გამოსვლისას მათ მივმართე: თქვენი გამკვირვებია აფხაზო ძმებო - ისე იქცევით, როგორც აკაკი წერეთლის ლექს - „პატრიოტშია“: „მამის სული გამიშვია, ვფიცავ მამინაცვლის მზესა“... საქართველოს ისტორიაში ყოფილა ეპოქები, როცა მისი ისტორიული მხარეები ერთმანეთს ქიშპობდნენ და მტრობდნენ კიდევაც (ასე იყო სხვა ქვეყნებშიც), მაგრამ საერთო ეთნო-კულტურული ძირები, იმდროინდელი გეოპოლიტიკური ვითარებანი და გონიერი, მამულიშვილი ხელისუფალნი ახერხებდნენ ქვეყნის გაერთიანებასაც და უზრუნველყოფდნენ მის ძლევამოსილებასაც. მჯერა, უფლის ნებით, ქართულ-კავკასიური, რუსეთთან, ევრო-ატლანტიკურ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი დიალოგითა და ქმედებებით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის საერთაშორისოდ მიღებული პრინციპები საბოლოოდ გადაწყვეტს ჩვენს კავკასიელ ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრობის საკითხს. მაგრამ, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თვით საქართველო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ანუ მშვიდობისმოყვარე პოლიტიკით, განვითარებული ეკონომიკით, კულტურით, ცხოვრების დონით, დემოკრატიული კანონმდებლობით, მისი აღსრულებით, ადამიანის, მისი უფლებების, ღირსების, საკუთრებისა და ა.შ. დამცველი ქვეყანა... პირველყოვლისა, ჩვენ, ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავი დავაბრუნოთ ჩვენს სამშობლოში, რომელსაც ბოლო ორ ათწლეულში ასეულ ათასობით შვილი გაექცა უცხო ქვეყნებში თავის გადასარჩენად თუ სახეტიალოდ. ღვთის შეწევნით აუცილებლად მოვა დრო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში "დაკარგულ ძეთა“ დაბრუნებისა...
ბატონო გივი, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარა. რა მიზანი და შედეგი ჰქონდა ამ აღიარებას?
XIII-XIV საუკუნეებში კავკასიაში თათარ-მონგოლთა და თემურ ლენგის შემოსევების დარად, XIX საუკუნეში რუსეთ-კავკასიის დიდი ომის დროს კავკასიელთა ხოცვა-ჟლეტვა და თანდართული ხალხთა (მათ შორის მაჰმადიან ქართველთა - სამხრეთ საქართველოდან) მასობრივი გასახლებები მამა-პაპათა მიწებიდან, მეფის რუსეთისა და შემდგომ, საბჭოთა პროპაგანდამ „მუჰაჯირობა“ რომ შეარქვა, კავკასიისათვის უმძიმეს ტრაგედიას წარმოადგენს. 2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც აღიარა XIX საუკუნეში კავკასიის ომის დროს რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდი. პარლამენტის ეს გდაწყვეტილება ეფუძნებოდა ჩერქეზული ორგანიზაციების მხრიდან თანადგომისათვის მიმართვებს, მეცნიერთა მიერ საარქივო მასალების სკრუპულოზურ, ობიექტურ შესწავლას და მიღებული სამეცნიერო დასკვნის შეჯერებას გაეროს მიერ 1948 წლის 9 დეკემბრის N260 კონვენციასთან, რომლის მიხედვითაც გენოციდი კაცობრიობის წინაშე უმძიმეს დანაშაულად არის მიჩნეული და გულისხმობს: მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების განადგურებას რასისტული, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, ასევე მიზანმიმართულად ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც გათვლილია მთლიანად ან ნაწილობრივ ამ ჯგუფების ფიზიკურ განადგურებაზე (საერთაშორისო სამართლის მიხედვით XX საუკუნის გენოციდის ყველაზე ცნობილ ფაქტებად მიჩნეულია: ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელობის განადგურება - „ჰოლოკოსტი“, სლავების, ბოშებისა და სხვათა განადგურება II მსოფლიო ომის პერიოდში, 1974-79 წლებში კამბოჯის, 1994 წელს მასობრივი განადგურებანი რუანდაში და სხვა). გაეროს მიერ აღიარებული დეფინიციის ეს ნიშნები, ჩერქეზთა ტრაგედიის შემსწავლელი კომისიის სამეცნიერო დასკვნაში სახეზე სრულად იყო... საქართველოს პალამენტის მიერ ასეთი დოკუმენტის მიღება ძალზედ აქტიურ საგარეო პოლიტიკურ სვლად ჩაითვალა საქართველო-რუსეთის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში... ამავდროს, ჩვენი აზრით, ამ აქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თვით კავკასიელ ხალხთა დღევანდელ თუ სამომავლო ურთიერთობებში... ეს ისტორიული სამართლიანობის სახელმწიფოებრივად აღიარებული აქტი, თან ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში მყოფი ქვეყნის მხრივ, მკაფიოდ ჩაიწერა კავკასიის ისტორიაში, ვინაიდან ზნეობრივი, მეტაფიზიკური განზომილება გააჩნია და, იგი, თავისი არსით სცილდება დროში არსებულ კონიუნქტურულ პოლიტიკას. აქვე, ჩემს ერთ მოსაზრებასაც მოგახსენებთ. როგორც უფლის წინაშე მონანიებაა პირადული ცოდვისაგან განთავისუფლების გზა, ასევეა ხალხთა და სახელმწიფოთა ცხოვრებაშიც. წარმოვიდგინოთ რამდენი უმძიმესი პრობლემა მოეხსნებოდა კაცობრიობას ერთმანეთთან ურთიერთობაში, დღევანდელ სახელმწიფოთა მთავრობებმა სიმბოლურად რომ აღიარონ წინა ეპოქებში მათ წინამავალთა მიერ სხვათა თუ საკუთარ ხალხთა მიმართ ჩადენილი შეცოდებანი... XXI საუკუნე - გლობალიზაციის ეპოქა, დედამიწის ცივილიზაციის გადასარჩენად მსოფლიოს ხალხთა ურთიერთობებში ჰარმონიზაციისაკენ სწრაფვის აუცილებლობა, ახალ ეგზისტენციურ სახელმწიფოებრივ ფილოსოფიას წარმოშობს, თუმც, უკვე გამოთქმულს ამ 3000 წლის წინ ბიბლიური მეფე დავითის ძის ეკლესიასტეს მიერ და 900-ოდე წლის წინ დიდი ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის მიერ „გალობანი სინანულისანი“-ში... კავკასიელები ვერ ივიწყებენ XIX საუკუნის რუსეთის იმპერიაში თითქმის სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის დონეზე აყვანილ ლოზუნგს - „კავკასია კავკასიელების გარეშე“, XX საუკუნის 40-იან წლებში კავკასიელ ხალხთა მასობრივ გასახლებებს და 50-იანი წლების მიწურულს ნ.ხრუშჩოვისეულ სურვილს - საქართველოდან ქართველების გასახლების თაობაზე... დღეს, ნამდვილად ანაქრონისტულად ჟღერს და კავკასიელ ხალხთა შეურაცმყოფელია ცნება - „Владей Кавказ“ და რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის მიერ კავკასიის დაპყრობის აღსანიშნავად დაწესებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები - „За покорение Западного Кавказа“ თუ, „За покорение Чечни и Дагестана“, ახლა ანტიკვარულ ღირებულებას რომ წარმოადგენს და თითო-ოროლას არცთუ დიდ ფასად თუ წააწყდებით თბილისის "მშრალ ხიდთან" არსებულ სიძველეთა ბაზრობაზე... იმ კავკასიურმა ომმა ორივე მხრიდან ასობით ათასი ადამიანი შეიწირა, მრავალი ასობით ათასი ძალადობრივად გასახლდა თავისი მშობლიური მიწა-წყლიდან და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმოფანტა. რუსეთის სახელმწიფოს კი, ყოველივე ამისა და, შემდგომი შეცოდებებისა გამო, დარჩა მუდმივი თავის ტკივილი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაში...
როგორ შეაფასებთ წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ კავკასიურ პოლიტიკას. თქვენი აზრით, უვიზო მიმოსვლამ რა შედეგები მოგვიტანა.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარლამენტში „კავკასიის კომიტეტის“ აღდგენა, მის მიერ „ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავება-დამტკიცება. იგი მოიცავს ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, საზოგადოებრივი ურთიერთობების, კულტურის, სპორტისა და ა.შ. საკითხებს. ახლა საჭიროა ძველი და ახალი პროექტების ხორცშესხმა - მათი გაწერა სამინისტროებზე, უწყებებზე და სათანადოდ დაფინანსება. ეს საშვილიშვილო საქმეა - დღევანდელობასა და მომავალზე გათვლილი. საჭიროა ქმედებათა ინტენსიფიკაცია. სამწუხაროდ, ამ მიმართებით საქართველომ მრავალი წელი დაკარგა... ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია სახელმწიფოს გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის ფედერაციის ლარსის საზღვრის უვიზოდ გადმოლახვის შესახებ ჯერ კავკასიელებისა და შემდგომ კი, რუსეთის ფედერაციის ყველა წარმომადგენლისათვისაც. მინდა დაგიდასტუროთ ამ პერიოდში „კავკასიის ფონდის“ მრავალი ასეული სტუმრის კმაყოფილება ამ საკითხით. ეს ხომ კავკასიური სტუმართ-მასპინძლობის ოდინდელ ტრადიციებს ეხმიანება და ათასობით ადამიანის სულში დადებითად ილექება.
როგორ წარმოგიდგენიათ კავკასიური პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისე, რომ არც კავკასიელები გადავიკიდოთ და არც რუსეთი?
როგორც ზევით კავკასიური თანაარსებობა-თანამშრომლობის კონცეფციაში აღვნიშნე, კავკასია საჯილდაო ქვაა მრავალი ქვეყნისათვის ისტორიულად და დღესაც. მისადმი ხედვა-დამოკიდებულებაც მრავალფეროვანი და მრავალმიზნობრივია (ეს სხვა საუბრის თემაა). რაც შეეხება საკუთრივ საქართველო-რუსეთის თუ, რუსეთ-საქართველოს, ანდა, საქართველო-ჩრდილოეთ კავკასია-რუსეთის ურთიერთობებს, აქ დიდი პოზიტიური რეალური რესურსი არსებობს და ძალისმიერ სტრატეგიაზე უარის თქმის შემთხვევაში, წარმოიშვება მრავალი იმპულსი ცივილიზებული და პერსპექტიული თანამშრომლობისათვის. საქართველოს კავკასიური პოლიტიკის განხორციელების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია...
კავკასიის გასაღები კავკასიაშია!
შეგეკითხებით „კავკასიის ფონდის“ შესახებ. რა პროექტების განხორციელაბას აპირებთ?
ამ დღეებში ჩვენს ფონდს ოთხი წელი უსრულდება, თუმც, მას წინ უძღოდა ჩემი 38 წლიანი მოღვაწეობა ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში... „კავკასიის ფონდმა“ ჩაატარა: მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ცნობილ მეცნიერთა მონაწილეობით (გამოქვეყნდა დაახლოებით 2500-მდე სამეცნიერო მოხსენება; ამ კონფერენციებს მიესალმნენ კავკასიის ქვეყნების პრეზიდენტები, პარლამენტისა და მთავრობის თავმჯდომარეები, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტები); შემოქმედებითი საღამოები და შეხვედრები ცნობილ იმიერკავკასიელ მწერლებთან, მეცნიერებთან, საზოგადო მოღვაწეებთან; მოეწყო სამხატვრო გამოფენები; სპორტული შეჯიბრებები; დაფინანსთა ჩრდილოკავკასიელ სტუდენტთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა განსწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში; ჰუმანიტარული აქციები; გამოიცა სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა; ფონდის წარდგენის საფუძველზე აკადემიკოსი ჰაჯი გამზათოვი (დაღისტანი) აირჩიეს სმეას უცხოელ წევრად; პროფ. ისა აბდულაევი (დაღისტანი) ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; მწერალი ისა ქოძოევი (ინგუშეთი) და პოეტი სალიხ გურტუევი (ბალყარეთი) აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქეებად. აღვნიშნავთ, რომ ეს სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიებები ტარდებოდა სმეას, კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, ICOM-თან, ბათუმის, გორისა და ახალციხის უნივერსიტეტებთან და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად (იხ. „კავკასიის ფონდის“ საიტი: www.caucasus.org.ge). რაც შეეხება მომავალს. მრავალი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული. მათგან ზოგიერთს აღვნიშნავ: ტრადიციული საერთაშორისო კონფერენციის - „კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა“ (2012) სამეცნიერო ნაშრომთა მე-15-ე ტომის გამოცემას, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან ერთად დიდი გამოფენის მოწყობას - „ალექსანდრე დიუმა და კავკასია“, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, უდიდესი რეზონანსი ექნება კავკასიასა და ვფიქრობ ევროპაშიც. გვსურს ჩავატაროთ კულტურულ-სპორტულ-ჰუმანიტარული ღონისძიებები, საერთაშორისო კონფერენციები, რომელთაგან გამოვყოფდი კონფერენციას კავკასიის ეკოლოგიის შესახებ... „კავკასიის ფონდის“ დედა ამოცანაა - საქართველომ აღიდგინოს და განავითაროს თავისი მისია კავკასიის რეგიონში, ხელი შეუწყოს კავკასიის მშვიდობიან არსებობასა და განვითარებას...
ბატონო გივი, თქვენს საწერ მაგიდაზე თვალი მოვკარი დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერენ ცნობილი ჩრდილოკავკასიელი (და არა მხოლოდ ისინი) მეცნიერები და მოღვაწენი -„მრავალწლიანი ინტერნაციონალური მოღვაწეობისა და კავკასიის ხალხთა შორის ძმური და მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარებისათვის“ 2013 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე თქვენ წარსადგენ დოკუმენტს.
დიახ, ასეთი დოკუმენტი რამდენიმე თვეა მომზადებულია... უდიდესი მადლობა თითოეულ ხელმომწერსა და ორგანიზაციას ასეთი დაფასებისათვის...
ესაუბრა ეთერ ბალაძე
წმიდა ღვთისმშობელი, ნუზალის სამლოცველო, ისტორიული
დვალეთი (ჩრდილოეთ ოსეთი) XIII ს.
ტყობია-იერდას ტაძარი, ინგუშეთი, X ს.
ქართული ფსალმუნი, ინგუშეთი, X ს.
ქართულენოვანი წარწერა ჯვარზე, დაღისტანი, XII-XIII სს.
დათუნას ეკლესია, დაღისტანი, X-XI სს.
|