There are no translations available.
<უკან დაბრუნება
მოსე ჯანაშვილი - შესანიშნავი ნაშთი გაზ. "ივერია", 1895 წ., N132, 24 ივნისი, გვ.2
შესანიშნავი ნაშთი.
ეს შესანიშნავი ნაშთი, მაუწყებელი ქურთველთ "თავადობისა" კავკასიაში, გაკვრით მოხსენებული მქონდა წერილში Гренъ объ эпохъ Тамары". დღეს მსურს იმავე ნაშთის შესახებ გავუზიარო მკითხველს უფრო ვრცელი ცნობები. საჩაჩნოში, მდინარე ასსის ნაპირას, გორზედ ვსევოლოდ მილლერს უნახავს ძველი ტაძარი, რომელსაც ადგილობრივნი მკვიდრნი უწოდებენ "თხაბაერდი"-ს. ამ ტაძრის ქვებზედ აღმოჩენილა ქართული წაწერები. ეს წარწერები პატივცემულს მეცნიერს გადმოუხატია და თავის გამოკვლევითურთ - "საქრისტიანო სიძველენი კავკასიაში" – დაუბეჭდია წიგნში "Maтериалы по apxeoлоии Кавказа" (выпуск I, под. редакцией гр.Уваровой, Москва, 1888 г.)
ყველა წარწერები ხუცური ასომთავრულებით შესრულებულია და დრო-ჟამთა სიგრძის გამო, ასოები ზოგან გადალეულა და დამტვრეულა. წარწერები მილლერს გამოუგზავნია აწ განსვენებული დიმიტრი ბაქრაძესთვის, რომელსაც მათში აღმოუკითხავს შემდეგი:
"ქრისტე, ადიდე აღმაშენებელი ტაძრისა პატრონი დავით (ერისთავი ასსისა?)
ბ) უფალო. აკურთხე გიორგი ებისკოპოსი (ესეც ასო-მთავრულით).
გ) ქორონიკონი ნ (=830 წ.) (იმავე ასოებით)
დ)
"უფალო საბაოთ, მოიხსენე გიორგი ებისკოპოსი").
ტაძარი თხაბაერდი არის: სიგრძით 17 მეტრი და სიგანით 7 1/2 და ყოვლისფრით წააგავს ქართულ ტაძრებს. იგი აშენებულია თლილის ქვით, მის კედლებზედ ჩუქურთმით გამოყვანილია სახეები წმინდანებისა და ლომისა, დასავლეთის კარების თავზედ გამოქანდაკებულია ვიღაც კაცი, რომელსაც ხელში უპყრია ტაძრის გეგმა. ამ კაცის მარჯვნივ გამოსახულია კაცი, რომელსაც ერთის ხელით ჯვარი უჭერია და მერე კი ხმლის ვადაზე მიუბჯენია, ხოლო იმავე კაცის მარცხნივ გამოსახულია ოლარიანი კაცი, რომლის მხრებზედ ყურძნის მტევნებია დაყრდნობილი. მაჯვენით მდგომარე კაცის ზევით გამოჭრილია ზემო მოყვანილი პირველი წარწერა.
მილლერის გამოკვლევით, ამ ადგილებში და საზოგადოდ საჩაჩნოში ქრისტიანობა მოსპობილა დაახლოებით 150 წლის წინად, და თუმცა მოსპობილა, მაგრამ მაინც აქაურ მკვიდრთა ზნე ჩვეულებებში დაშთენილა ქრისტიანული წესები, მაგ. ჩაჩანნი და ინგუშნი ყოველწლივ დიდის სასოებით იკრიბებიან ძველ ნანგრევების წინაშე, საღმთოფ სწირავენ ვერძს, ანთებენ ცვილის სანთლებს, ლოცულობენ და მერე ლხინობენ. იგივე ავტორი ამბობს, რომ ჩაჩანთა ენას ეტყობა ქართული ენის ზედგავლენაო, მაგ. დღეების სახლები დღესაც ქართულები აქვთო, მაგ. კირე (ქართ. კვირე) კირინდე (კვირადღე), პერესკა (პარასკევი), ორშუთ (ორშაბათი), შუათთა (შაბათი), აგრეთვე მარხა (მარხვა), ჯარკ (ჯვარი). სამწუხაროდ პატივცემულ მეცნიერს ამის მეტი საერთო სიტყვები ვერ მოუნახავს ჩაჩნურსა და ქართულს ენებში, თუმცა ამგვარ სიტყვათა რიცხვი ამ ორთავე ენებში მრავლია, მაგ. მზა-ბაზა (ჩაჩნურად), კაბა-ღაბლაჲ, მარჴილი - მეჴი, სერი - სურე, ხევი - ხი, ჭაბუკი, ბიჭი - ბეჭი, ხე-ხენ, დეჭიქ, დღე - დე (და აქედგან კვირა დღე - კირინ-დე), მახათი - მახა, ნამგალი - მანგალ**), კატა, ციცი - ციციგ, სურა-სურეჲლა, ქათამი (მეგრულად ქოთომი)-კოთამ, ხახვი - ხოხ, დედა, ნანა - ნანა, კალა-ღალი, ვირი-ვირ, დამბაჩა-ტაბჩა, ნალი-ლან, მინდორი, არე-არი, შარვალი-შარბან, აბრაგი-ობურუგ, ყბა,ბაგე - ბაგა, სპილო (პილო) - პილა, ჯოგი (რემა) - რემა, ფოლადი - ბოლათ, ძუ-ძუდ, იხვი, ბატი-ბად, ჩოხა-ჩოა, ქუდი - ქუჲ, გრგვალი - გორგან, ერთი, ცალი-ცა, ათი-ით, ის-ი, ვინ (მეგრ. მინ)-მილა, ჰო-ჰაჰა, ასრე, ესთე - იშტი, მკა-კა (ჰაყარ), ვლა-ვოალა (ველლა) და სხვ.
საყურადღებოა, რომ ჩაჩნების გადმოცემით მაჳ უზდენები და თავადები ქართველების შთამომავალნი ყოფილან***.
მ.ჯანაშვილი
-------
*- ეს წარწერა ჩემის აზრით უნდა წავკითხოთ ასრე: “უფალო საბაოთ, მოიხსენე სული გიორგი ებიკოპოზისა”.
|