There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ასლანიშვილი ა. "ვინ დააბრმავა ჩვენი ღმერთები?" //საქართველოს რესპუბლიკა. - 2001 (22 სექტ.). - გვ.1,3.
7 ივლისს ინგუშეთში, ასას ხეობის მუზეუმ - ნაკრძალში, რუსეთის სამხედრო ძალთა მანევრირებისას სერიოზულად დაზიანდა ქართულ - ინგუშური კულტურის ძეგლი ტყობა -ერდას ტაძარი. აღშფოთება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ საშინელ ტერორისტულ აქტებს მოჰყვა მთელს ცივილიზებულ სამყაროში, იმედს იძლევა, რომ კაცობრიობა უკვე სხვაგვარად - ახლებურად გათავისებულად წარმართავს თავის დამოკიდებულებას XX საუკუნიდან გადმოყოლილი საშნელი წყლულის - ტერორიზმის მიმართ. ყველას თავისი სატირალი აქვს. აქ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ ვანდალურ აქტზე გიამბობთ, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში საომარი მოქმედებებით გამოწვეულს და, ამდენად, შემთხვევითს ვერ უწოდებ.
მცირე ისტორიული ექსკურსი. საქართველოსა და კავკასიის ხალხთა კავშირურთიეთობის ფესვები ისტორიის სიღრმეებშია ჩაკარგული. XI საუკუნის მემატიანემ ლეონტი მროველმა კავკასიის ხალხთა საერთო წარმომავლობის კონცეფციაც კი შექმნა, რომლის მიხედვითაც ისინი ბიბლიური ნოეს შვილიშვილის თარგამოსის შთამომავლებად ცხადდებიან.კავკასიელთა საერთო წარმომავლობის მროველისეული კონცეფცია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სავარაუდოდ უძველეს ტრადიციასაც ასახავდა და, ამავე დროს, თავისი ეპოქის მსოფლმხედველობა - სულისკვეთებასაც გამოხატავდა. ადრე შუასაუკუნეთა მიწურულს კავკასიის ხალხთა პოლიტიკურ - სოციალურ - ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში მიმდინარე შინაგანი პროცესებითა და საქართველოს სახელმწიფოს კავკასიური პოლიტიკის შედეგად წარმოშობილა კავკასიური სახელმწიფოებრიობის რელიგიურ - კულტურულ საფუძვლად ქრისტიანული რელიგია, რაც უფრო აახლოებდა საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხებს ერთმანეთთან და საშუალებას აძლევდა გადაეწყვიტათ მათ წინაშე არსებული ისტორიული პრობლემები. XVIII საუკუნის მიწურულიდან იმიერკავკასიის სივრცეში მკვლევართა თაობების მიერ გამოვლენილია ქრისტიანული რელიგიის ქართული კულტურის წრის მრავალი მიწისქვეშა და მიწისზედა ძეგლი. დასტურდება, რომ არა XII-XIII საუკუნეებში - საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმაღლესი ძლიერების ეპოქაში (დავითი, თამარი), როდესაც საქართველო - ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა, არამედ X საუკუნიდან იწყება საქართველოდან იმიერკავკასიაში ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის ფართოდ გავრცელება - დამკვიდრება, რაც სათანადოდ აისახა კიდეც იმ ქვეყნების მატერიალურ კულტურებში. X საუკუნის მწერლის გიორგი მერჩულისეული ქართული ეროვნული მთლიანობის დეფინიციის შემცველი ფორმულა - "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლიცვა ყოველი აღესრულების" უკვე X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყიში შეიძლება გავრცელდეს იმიერკავკასიაზე. ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს, რომ XI საუკუნეში კახეთ - ჰერეთში ჩატარებული ადმინისტრაციული რეფორმით "დურძუკეთი" (ინგუშეთი) და "ღლიღვეთი" (ჩეჩნეთი) კახეთის მეორე - კვეტერის საერისთაოში, "ღუნძეთი" (დაღესტნის ნაწილი) ჰერეთის მესამე - მაჭის საერისთაოში შემავალი ქვეყნებია, ხოლო ოსეთ-დვალეთი ნიქოზის საეპისკოპოში შედის. XIV - საუკუნეში მთიანი დაღესტნის ტერიტორიაზე 3 საეპისკოპოსო (ხუნძახის, ანწუხისა და წახურის) იყო. კავკასიის ინტეგრაციის ისტორიული ევოლუციური პროცესი შეწყდა თათარ - მონღოლთა და განსაკუთრებით, თემურ- ლენგის შემოსევის შემდეგ, წარმოიშვა სახელმწიფოებრივი, ეკონოკური, სოციალური და კულტურული რეგრესი. განვითარდნენ ცენტრიდანული ძალები, რომელთაც დაშალეს არა მარტო მთლიანად კავკასიის, არამედ მისი ცალკეული მხარეების ერთობაც. ბუნებრივია, იშლება კონფესიურ- კულტურული ერთობაც და ირღვევა ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის საფუძვლებიც და მის ადგილზე ისლამი მკვიდრდება. ოღონდ ისიც აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში ადგილობრივი მცხოვრებნი რიდით ექცევიან თავინთი ისტორიის ქრისტიანული პერიოდის კულტურის ძეგლებს, რაც ეთნო-კულტურული ტრადიციისა სულიერი მემკვიდრეობითობისა და კულტურულის ეკოლოგიის მნიშვნელოვანი საყურადღებო ფაქტია.
არქეოლოგიური კვლევის ცენტრის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის კვლევის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი ღამბაშიძე 1969 წლიდან სწავლობს ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიანული კულტურის ძეგლებს. იგი ამ დარგის აღიარებულია სპეციალისტია კავკასიონის ორთავ მხარეს, არის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული "მშვიდობიანი კავკასიის" კომისიის წევრი (სწორედ მის ნაშრომებს ეფუძვნება "მცირე ისტორიული ექსკურსში" მოცემული ინფორმაცია). ბატონ გივის ვთხოვე ეამბნა იმ ძეგლის შესახებ, რომელმაც ვანდალური რბევა განიცადა, რათა მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნას მის დასდაუდებელ ისტორიულ - კულტურულ ღირებულებაზე.
გივი ღამბაშიძე: ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში ქრისტიანული რელიგიის, ქართული კულტურისა და შუა საუკუნეების საქართველო - იმიერკავკასიელ ხალხთა რელიგიურ - კულტურული ურთიერთობების გამომხატველი ქრისტიანული ტაძარი ტყობა - ერდა (X ს. II ნახ. წმინდა თომას, კვირაცხოვლობის სახელობისა) მდებარეობს ინგუშეთის მდინარე ასას ულამაზესი ხეობის ცადატყორცნილი კოშკოვანი სოფლებისა და კიდევ ორი - ალბი-ერდასა და თარგიმის ეკლესიების გარემოცვაში. იგი, XVIII ს. მიწურულიდან მკვლევართა ცხოველ ინტერესს იწვევს. განსაკუთრებით აღსანიშნავია დ.ბაქრაძის, ვს.მილერის, ე.კრუპნოვისა და, მეტადრე კი, გ.ჩუბინაშვილის ღვაწლი ტაძრის ხელოვნებათმცოდნეობითი და პალეოგრაფიული შესწავლის საქმეში. 1969-70 წლებში, ჩაჩნეთ - ინგუშეთის კულტურის სამინისტროს თხოვნით (ამ საქმეში გამორჩეულია ინგუშეთის კულტურის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის, საქართველოს დიდი მეგობრის, აწ გარდაცვლილი მაჰომედ ოზიევის ღვაწლი. თუ გახსოვთ, იგი 1998 წელს თქვენი გაზეთის რედაქციის სტუმარიც იყო.), ტყობა ერდას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს კულტურის სამინისტროს სპეციალურმა სამეცნიერო - სარესტავრაციო სახელოსნომ არქიტექტორ ლევან ხიმშიაშვილის პროექტით, ჩვენ კი ტაძარი და მისი უშუალოდ მიმდებარე ტერიტორია არქეოლოგიურად შევისწავლეთ. ტუფით, ქვიშაქვითა და ფიქლით კირის ხსნარზე ნაგები ტყობა - ერდას ტაძარი თავდაპირველად წარმოადგენდა ქართული ქრისტიანული ხეროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ სამეკლესიან ბაზილიკას გარშემოსავლით სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ცენტრალური და ჩრდილოეთის ეკლესიების საკურთხევლები "დარბაზიდან" საფეხურებით იყო ამაღლებული. გვიანი გადაკვეთების გამო, სამხრეთის ეკლესიის აღმოსავლეთის მხარის გარკვევა ვერ ხერხდება. ცენტრალურ ეკლესიაში სამივე მხრიდან იყო შესასვლელი. ძველი პერიოდიდან შემორჩენილია ტაძრის აღმოსავლეთის კედელი ორთაღოვანი რელიეფურად შემკული სარკმლით, ჩრდილოეთის ეკლესიის აღმოსავლეთის ეკლესიის აღმოსავლეთის მხარე, ასევე დასავლეთის მხარე, ასევე დასავლეთის კედლის (გვიან გადაკეთებული ბარელიეფური კომპოზიციით), დასავლეთისა და სამხრეთის გარშემოსავლელების თაღნარის ნაწილი. ტაძარი ოთხივ მხარეს სხვადასხვანაირად ორნამეტირებული ლავგარდნით იყო შემკული, როგორც ვთქვი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლების რელიფურ - ბარელიეფური კომპოზიციებით, ცალკეული რელიეფური ფიქლებითა და კონსოლებით, რომლებზეც ანგელოზის, ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებებია. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ინტერიერი კედლის მხატვრობით იყო დამშვენებული. ტაძარი გადაურული იყო ბრტყელი ღარისებრი კრამიტითა და ანტეფიქსით, რომლებზეც ძველქართული წარწერები, ჯვრები და ვარდულებია გამოსახული. ეტყობა, ძველი პერიოდისათვის ეკლესიის სამხრეთის მხარეს აღმოჩენილი მონუმენტური ჯვრის ფრაგმენტები და ქვისავე ემბაზი. ტაძარს სამხრეთიდან მიშენებული ჰქონდა XI-XIII სს. ორი პატარა სამლოცველო. XVIII-XIV საუკუნეებში, ინგუშური არქიტექტურული ტრადიციითა და ტაძრის ძველი არქიტექტურულ - დეკორატიული ნაწილების გამოყენებით (ისევე, როგორც 1969-70 წლების რესტავრაციისას, აღადგინეს მხოლოდ ცენტრალური ტაძარი. ამან გამოიწვია ძეგლის რაობის შეცვლა, რამაც ზოგიერთი მკვლევარი შეცდომაში შეიყვანა ძეგლის არქიტექტურულ - მხატვრული რაობის გარკვევისას. ტყობა-ერდას ტაძრიდან მომდინარეობს დიდად მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული მასალა - ძველქართული წარწერები: გიორგი ეპისკოპოსის (X ს.), არსენ II კათალიკოსის (955-980 წწ.), საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის მელქისედეკ I (1012-1030, 1038-1045 წწ.) და X ს. ეტრატზე ნაწერი ფსალმუნი. არქეოლოგიური სამუშაოებისას, ტყობა-ერდას ტაძრის გარშემო აღმოჩენილია ადილობრივთა 5 სამარხ-აკლდამა, IX-XIII სს. მნიშვნელოვანი სამარხეული ინვენტარითა და ქრისტიანული დასაფლავების წესით. აღვნიშნავ, რომ ტყობა-ერდული არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ზემოთ ნახსენები ეპიგრაფიკულიც, დავანებული იყო ჩაჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკური მუზეუმში ქ.გროზნოში, სადაც 1970-იან წლებში მოეწყო ქართულ - ვაინახური ურთიერთობათა ამსახველი ექსპოზიცია. დიდად გულდასაწყვეტია, რომ ეს მასალაც, ვაინახური ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის შემცველ სამუზეუმი საგანძურთან ერთად, 1990-იან წლებში ქ.გროზნის საავიაციო დაბომბვის შედეგად განადგურებული, თავის დროზე ულამაზესი სამუზეუმი შენობის ნანგრევეშია, ალბათ ჩაკარგულ - შემუსრული. აი, ეს ძეგლი გახლავთ დაზიანებული და შეურაცხყოფილი. ამ ამბის პრესაში გახმიანების შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძე თავის ინგუშ კოლეგას ბატონ ოზდოევს დაუკავშირდა.
- რა არის კერძოდ დაზიანებული და რა ხარისხით, ამის გარკვევას ინგუშეთის მხარე თავის თავზე ვერ იღებს, რადგან სათანადო სპეციალისტები არ ჰყავს. ამიტომ მოველაპარაკე ინგუშეთის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარეს ბატონ მალხაგოვს და გადავწყვიტეთ, რომ სპეციალისტებს საქართველოდან გავგზავნიდით. შევარჩიოეთ კიდეც ხალხი: არქეოლოგ - კავკასიოლოგი გივი ღამბაშიძე, ჩვენი სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დეპარტამენტის დირექტორი კახა ტრაპაიძე და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ინსპექციის სამმართველოს უფროსი ბაადურ კუპრეიშვილი. რუსეთის საკონსულოდან ვიზებით მივიღეთ, მაგრამ ორიოდ დღეში სამინისტროში საქართველოში რუსეთის ელჩი ბატონი დუდევი გვესტუმრა და განგვიცხადა, რომ.... ვიზები ანულირებულია. ამას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა - ოფიციალური უარი: ასას ხეობა ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთს შორის კონფლიქტის ზონაში მდებარეობს და სპეციალისტთა უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთო. ბატონმა ედუარდ შევარდნაძე წერილით აცნობა ეს სიტუაცია ინგუშეთის პრეზიდენტს რუსლამ აუშევს, მაგრამ ჯერჯერობით, რაიმე სინათლე არ ჩანს. მხოლოდ ეს არის - რუსეთის კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ დ.მოლჩანოვმა შეგვატყობინა, რომ 2001 წლისათვის ტყობა-ერდას ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებისათვის ფედერალური ბიუჯეტიდან 400 ათასი რუბლია გამოყოფილიო, - გვითხრა ქალბატონმა სესილი გოგიბერიძემ. ამდენად, რუსეთის მხარეს ჯიუტად არ სურს ქართველმა სპეციალისტებმა ტყობა ერდას ტაძარი მოინახულონ და საამისოდ ყოველგვარ დაბრკოლებას ქმნიან. ეს გვაფიქრებინებს: ტაძარი ისეა დაზიანებული, რომ "უცხო" თვალს არ ენახება... ძალაუნებურად გაავლებ პარალელს ავღანეთში თალიბების მიერ განადგურებულ ბუდას უძველეს ქანდაკებასა და ასას ხეობაში რუსი ჯარისკაცებისგან შემუსრული ტყობა ერდას დიდებულ ტაძარს შორის.... და თითქოს ჩაგესმის შოთა ნიშნიანიძისეული გოდება: "ვინ ამოკაწრა ფრესკებს თვალები? ვინ დააბრმავა ჩვენი ღმერთები?"
ალეკო ასლანიშვილი
|