There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ლტოლვილთა ლაშქარი //დათუკიშვილი მ. (შორეთელი) კრებული. - თბ., 1992. - გვ.153-159.
მენავთობეთა „სპეცრეისს“ მივყვები გროზნოში. დაღესტანთან თურმე არ გვაკავშირებს საჰაერო გზა. თვითმფრინავი ლაფით ავსილ ქალაქში დაეშვა. ისეთი ავდარია ზღვის ფსკერზე მგონია თავი. ცივი ქარი თოვლ-ჭყაპით გვივსებს თვალებს, თებერვალი იწურება, გროზნო - მახაჩყალის ავტობუსშიც გრილა. დაორთქლილ მინებზე დასახლებათა “სილუეტები იკლაკნებიან ყალმუხი გოგონა ჩეჩნურ ქორწილის წესებს მიყვება, ნახევარგზაზე ჩადის... „ხასან-იურტ“, სპეკულანტების დაბა, - საქმიანად მატყობინებს რუსი. მახაჩყალაშიც დელგმაა. "ყალა" მოგეხსენებათ ციხეს ნიშნავს თურქულად, მახაჩ დაჰადაევი კი დაღესტნის ეროვნული გმირი ყოფილა... ჩასვლისთანავე შევიტყვე, რომ იმ დილას ციებიანივით შეძრულა ქალაქის თავზე წამომართული ტარკი-ტაუ, მეწყრად მომსკდარა, ერთი მხრივ, სოფელ კეხულაის ახალნაშენები სახლები დაუცურებია ზათქითა და ნგრევით, მეორე მხრივ კი რუსტოვ-ბაქოს ცენტრალური მაგისტრალი სავსებით გადაუკეტავს. გარდა იმისა, რომ მაგისტრალი უძველეს სავაჭრო გზას წარმოადგენდა, მუდამ დიდი იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობაც. ამ გზით შემოსულან ტაიფუნივით აზვირთებული სკვითები, ამ გზის გამო შეუმუსრავს აღმაშენებელს დარუბანდი, გზა გაუთელავთ ჩინგიზ-ყაენისა და ლანგ-თემურის უგლიმ დუმანებს, "ბარაბნების" ბრაგუნით უვლიათ პეტრე პირველის პოლკებს, ამ გზით მოვარდნილან მეთერთმეტე არმიის „რევოლუციური“ ურდოები.
მეორე დღეს, გუგუნი რომ მიწყდა და ტარკი–ტაუმ ნაწილობრივ შეაჩერა ამაზრზენი "მოგზაურობა“, დაღესტნის ტელევიზიით გამოვიდა გეოლოგიური პარტიის უფროსის ბ.ტაგიროვი და განმარტა, რომ ესოდენ საშინელი მეწყერი მთის კალთის არასწორმა განაშენიანებამ, არაჩვეულებრივმა ნალექებმა და, ყველაზე მეტად, მაგისტრალის გაყვანისას ჩამოჭრილმა მთის ფერდობმა გამოიწვიეს. მახაჩყალაში გაზ."იზვესტიის“ 1987 წლის 26-ე ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ ("ვენოკ ბაგრატიონუ“) ჩამომიყვანა, სადაც საუბარი იყო ყიზლარის ჯვრის ამაღლების ქართულ–რუსულ მონასტრიდან დაღესტნის სახელმწიფო არქივში გადატანილ დღემდე შეუსწავლელ ექვსი ათას საცავ ერთეულზე. (აქვე უნდა ითქვას, რომ ჟურნალ ”დროშის“ 1988 წლის მე-3 ნომერში დაიბეჭდა რ.დავიდოვის სტატია "ქართველი მუშკეტერი“, სადაც ზემოხსენებული ცნობა სიტყვასიტყვით არის თარგმნილი გაზ."იზვესტიიდან“ ისე, რომ პირველწყარო არსად არ მოიხსენიება და იმეორებს მის შეცდომებს). შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მონასტერი 1730 წელს დააარსა ქართველმა არქიმანდრიტმა დანიელმა. ამავე მონასტერში 1744 წელს, აგრეთვე ქართველთა მიტროპოლიტ იოანე მაგნეველისა და არქიმანდრიტ გერასიმეს მიერ შეიქმნა ე.წ. „ოსეთის კომისია“ ჩრდილო კავკასიელ მოსახლეობაში მართლმადიდებლობის გასავრცელებლად და პანისლამიზმთან საბრძოლველად. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები თავდაპირველად უკლებლივ ქართველები ყოფილან. მე–18 საუკუნის 70–80–იან წლებში მონასტრის წინამძღვარი იყო გენერლების — პეტრე და რომან ბაგრატიონების ბიძა პავლე (მონაზვნობაში პორფირი). ბუნებრივია, რომ კვლევა–ძიება მეტად იმედისმომცემი ჩანდა, მაგრამ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია სავსებით ზუსტი არ აღმოჩნდა. უშუალოდ მონასტერს ექვსი ათასიდან ორადორი საცავი ერთეული ეხებოდა, თვით „ყიზლარის კომენდანტის არქივად“ წოდებულ საბუთთა კრებულს კი სხვადასხვა ქალაქებში უმოგზაურია ჯვრის ამაღლების მონასტრის დანგრევის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილ ხელნაწერებთან ერთად და მხოლოდ 1962 წელს მოხვედრილა მახაჩყალაში. მანამდე გროზნოს სახელმწიფო არქივი ნაწილობრივ აღწერილი ყოფილა და ნაწილი გამოქვეყნებულიც არის ქართველ მკვლევართა მიერ, მაგრამ მახაჩყალაში დამატებით მიუღიათ აღუწერელი საბუთთა 4 ათასი საქმე და 100 კგ-მდე ტომრებში ჩაყრილი საბუთები. ამჟამად დაღესტნის სახელმწიფო არქივის მიერ აღწერილი ეს მასალა განსაკუთრებული ყურადღების საგანს უნდა წარმოადგენდეს თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არქივში არა ჰყავთ ქართულის მცოდნე თანამშრომელი და აღწერისას ბევრი ქართული დოკუმენტია გამოტოვებული. აღწერილობა გარდა ყიზლარისა, მოიცავს ბაქოს, ასტარის, თერგისა და მტკვრის ციხეთა კომენდანტურების კუთვნილ საარქივო მასალებსაც. ბევრ საყურადღებო ცნობას შეიცავს იგი ირანისტებისთვისაც. ვფიქრობთ, შეუსწავლელი უნდა იყოს ერეკლე მეორის წერილები, ცნობები თეიმურაზ მეორის შესახებ, ყიზლარის ქართული კოლონიისა და ქართველ ჰუსართა პოლკის ზოგიერთი სია, სამხედრო დანიშნულების მიმოწერა, ქართული წერილები, ძველრუსული "სწრაფწერით" ნაწერი წერილები და სამეურნეო ხელშეკრულებანი ქართული ხელრთვით. პოლკოვნიკ ალექსანდრე იასეს ძე ბაგრატიონისეული დოკუმენტები, ჯვრის ამაღლების მონასტრის ბერმონაზონთა (საანკეტო მონაცემები, დოკუმენტები "ოსეთის კომისიის" მოღვაწეობის პირველი (ქართული) პერიოდის შესახებ. ზოგიერთი საკითხის დასაზუსტებლად შევხვდი ცნობილ დაღესტნელ ისტორიკოსს ვლადლენ გაჯიევს, რომელმაც საოცარი სითბოთი მოიგონა თბილისში გატარებული სტუდენტობის წლები, მოიგონა თუ რაოდენი გულისხმიერებით ეპყრობოდნენ ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერები: გ.წერეთელი, ზ.ანჩაბაძე, ა.აფაქიძე... გულისტკივილი გამოთქვა, რომ სტუდენტობის შემდეგ აღარსად შეხვედრია ბატონ მოსე ქარჩალიას, ერთ დროს განუყრელ მეგობარს. შევხვდი აგრეთვე საქართველო-დაღესტნის ურთიერთობათა პრობლემების მვლევარ მუჰამედ ჰასანოვს. მან სინანულით აღნიშნა, რომ დაღესტნელი სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები ფაქტიურად მოკლებულნი არიან მეტად სასარგებლო კონტაქტს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან, გამაცნო სტუდენტური შრომები აულთა ისტორიის შესახებ და მისივე შედგენილი ეთნოგრაფიული კითხვარი. ამჟამად როცა დღის წესრიგში დგას კავკასიელ ერთა ერთიანი ისტორიის შექმნისა და მათი შემდგომი დაახლოების საკითხი. ალბათ, აუცილებელიც არის როგორც ამიერ, ისე იმიერკავკასიის მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე ახალგაზრდების დაკავშირება. სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების და სემინარების მოწყობა. დაღესტანში მუშაობს ბ–ნ გ.ღამბაშიძის არქეოლოგიური ექსპედიცია, პოულობს ქართული ასომთავრულით შესრულებულ დაღესტნურ წარწერას და ეს ფაქტი ყოველ განათლებულ ლეკს მშვენივრად გაუცნობიერებია. ლეკურ მუსიკალურ ფოლკლორს სწავლობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები. ლეკი ხედავს ყველაფერ ამას და დაკარგულ ძმასავით იღებს ყოველ ქართველს. ვ.გაჯიევისაგან შევიტყე, მეთვრამეტე საუკუნის ხელნაწერში ლეონტი მროველისეული კონცეფციის (კავკასიელ ერთა წარმოშობის შესახებ. დაღესტნური ვერსია აღმოჩენილა და მალე გამოქვეყნდება. ვფიქრობთ, ამ ვერსიის არსებობა ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველ ღვთისმსახურთა მოღვაწეობის კეთილ კვალს მიანიშნებს და ამავე დროს ლეკთა ძმობის მოსურნეობის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს. ყიზლარს მივემგზავრები ისევ თოვლჭყაპი მოდის და ნესტიანი საკნის შეგრძნებას ბადებს თაგვისფერი სივრცე. "ყიზლარი" თურქულად ქალწულსა ნიშნავსო, მითხრეს. მონღოლთაგან დევნილი ლეკი ქალები გადაცვენილან ადიდებულ თერგში და მას მერე დარქმევია ამ ადგილს ყიზლარი, უფრო სარწმუნო ჩანს გადმოცემა, რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში ძველ ყიზლარში კოშკი აუგიათ, სადაც შიშიანობის დროს მალავდნენ ქალებსა და ბავშვებს, დღემდე შემოგვრჩა კიდეც სახელწოდება - ყიზლარ ყალა (ან ყიზლარ–კენტ), რაც ქალწულის კოშკსა ნიშნავს თურმე. ყიზლარის ისტორია უშუალოდ არის გადაჯაჭვული ქართლის ცხოვრებასთან. თერგისა და მერე წმ.ჯვრის ციხეებით ჯიქურ შემოაბიჯა მესამე ძალამ კავკასიის საომარ თალპიონზე, გაიმაგრა პოზიციები და ხელსაყრელ ვითარებას დაელოდა. საქართველო ამ დროს საომარ ბანაკს წარმოადგენს, მრავალჯერ დამარცხებულს, მაგრამ მაინც დაუმარცხებელს. ხან სპარსეთს აწყდება, ხახ ოსმალეთს, ლეკთა თარეში და ტყვის სყიდვა ხომ უკურნებელ სნებად გადაექცა... მესამე ძალა საღად აფასებს ვითარებას, საომარ მოქმედებაში არ ერევა, მაგრამ სამომავლოდ მაინც ცდილობს მისი დახმარების იმედი არ მოეშალოს საქართველოს ქრისტიან მეფეებს; დევნილებს თავშესაფარს აძლევს, დელეგაციებს ფერად–ფერადი დაპირებებით ისტუმრებს... ვახტანგ მეექვსე სასოწარკვეთილი მიდის იმქვეყნად, კვლავ მარტოდმარტო ომი დევთა ლეგიონებთან. რუსეთის ცდამ ფეხი მოედგა კავკასიაში - თავდაპირველად წარმატებას ვერ მიაღწია, თურქეთმა 1724 წლის კონსტანტინოპოლის ზავით დაატოვებინა თერგის სიმაგრე, ნადირშაჰმა კი 1735 წლის განჯის ზავით წმ.ჯვრის სიმაგრე და საერთოდ ჯარიც გადააყვანინა მდ.თერგის მარცხენა ნაპირზე. ამ დროისათვის ყიზლარი უკვე განადგურებული იყო წყალდიდობისა და ჩეჩენთა თარეშის გამო. რუსეთი ფაქტიურად საყრდენის გარეშე დარჩა კავკასიაში და გონს მოსულმა რეკორდულ ვადებში, 1735 წელსვე ააგო ახალი გამაგრებული ქალაქი – ყიზლარი. ამრიგად, რუსეთმა კასპიისპირეთი უკანვე გადასცა ირანს და ომი დაიწყო თურქეთის წინააღმდეგ, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში უზოვოდ დიდი გავლენის მქონე პორტა მაინც უპირველეს მტერს წარმოადგენდა მისთვის. რუსეთს მინიმალური ძალების დახარჯვით სჭირდებოდა საყრდენი სიმაგრის შენარჩუნება თერგზე (ყიზლარი სწორედ თერგის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს) სცადა არარუსი მოსახლეობის გამოყენება და, როგორც დავინახეთ, დიდი წარმატებითაც მოახერხა ამ პრობლემის გადაჭრა. ყიზლარში დასახლებულით მიეცათ განსკკუორებული პრივილეგიები, გაივსო ქალაქი ათასი ჯურის ვაჭრით, ლტოლვილთა ნაგადებით. სამხედრო კომენდანტი ყველას ხელგაშლილი ხვდებოდა, გენერალი ლევაშოვი უხვად არიგებს მამულებს, ტიტულებსა და ხელფასს. ეს ყოველივე ძალზედ სჭირდება იმპერიას... ასე დაერქმევა დიდი ყაბარდოს ცნობილ თავადს ელმურზა ბექოღლის პოდპოლკოვნიკი ჩერკასკი და სათავეში ჩაუდგება ჩერქეზთა და მუსულმან მთიელთა ესკადრონს, დაასახლებს ყიზლარის რვა უბანთაგან ერთ–ერთს. ყველას მაინც სომხები სჭარბობენ. მათი რიცხვი მცხოვრებთა მესამედს უდრის. ძირითადად ვაჭრობას და შალის წარმოებას მისდევენ. აქვე სახლობენ ბედის უკუღმართობით გადმოხვეწილი ქართველები, ვენახები გაუშენებიათ. საყურადღებოა, რომ ამ მხარეში მეღვინეობაცა და კონიაკის წარმოებაც ქართველებთან არის დაკავშირებული ვაზის კულტურის შემოტანიდან დღემდე... ქალაქის ერთი დიდი უბანი გურჯი აულად იწოდება. ეკლესია აუგიათ, მონასტერიც დაუარსებიათ, კომისიაც შეუქმნიათ მუსულმან მთიელთა მოსაქცევად, ძლიერი ესკადრონიც შექმნეს; ესკადრონს ქართველი უფლისწულიც მოევლინა სარდლად - პოლკოვნიკ ალექსანდრე იესეს ძე ბაგრატიონი, ვახტანგ მეექვსის სპარსეთიდან გამოქცეული შვილიშვილი, პაპა გენერალ პეტრე ბაგრატიონისა. შვილებიც ჩამოიყვანა, მოიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და ერთგულად შეეფარა იმპერიის გაშლილი დროშების ჩრდილს. ამასობაში თეიმურაზ მეორის დიპლომატიური მიმოსვლა უშედეგოდ მთავრდება და ტახტზე ადის უნიჭიერესი სარდალი ერეკლე მეორე. მთელი მსოფლიოს გასაოცრად ისლამურ ჯოჯოხეთში მარგალიტივით ამოანათებს ორ ვეება ვეშაპთან მეომარი ერთი ციცქნა ქრისტიანული ქვეყნის უტეხი სული. ყიზლარის ქართული ესკადრონი უკვე ქართველ ჰუსართა პოლკად იწოდება. ყიზლარში უმცირესობა რუსებია, ქალაქი სავსეა ყაზანელი თათრებით, ტაჯიკებით, კალმუხებით, ხუნძებით, ჩაჩნებით, ინგუშებით, ნოლაეღებით. ყველა ჩოხა–ახალუხი აცვია და კავკასიელობს, ოღონდ აქ ყველა რუსეთის ქვეშევრდომია, თითო–ოროლა სპარსელი ვაჭრის გარდა. ალექსანდრე ბაგრატიონი ქართულად აწერს ხელს ესკადრონის რუსულ დოკუმენტებს, მისი შვილი ივანე -კადეტთა კორპუსს ამთავრებს, შვილიშვილი პეტრე კი (ნეტავ საქართველოში აღზრდილიყო, ვნატრობ) თითქოს ომში იშვა და დავაჟკაცდა, სიკვდილს ღიმილით უგორებს კამათელს, ჯერ კავკასიის მუშკეტერთა შემდეგ ქართველ - გრენადერთა პოლკშია, 1783 წელს ჩეჩნებს ებრძვის პოტიომკინის ხელქვეითობით, 1784 წელს – ყაბარდოელებს, 1786 წელს მდინარე ლაბეზე ისევ ჩეჩნებს აწყდება; 1788 წელს ოჩაკოვის შტურმში – მონაწილეობს. ერთხელ ჩეჩნებს უპოვიათ დაჭრილი და ბრძოლის ველზე მიტოვებული დაუტყვევებიათ, მაგრამ მამის მიერ ოდესღაც გაწეული სამსახურის სამადლობელოდ არა თუ ცოცხალი დაუტოვებიათ, არამედ მოურჩენიათ და ისე გაუშვიათ კიდეც. მას შემდეგ კავკასიაში აღარ უომია; აღა მაჰმად ხანი თბილისს რომ აოხრებდა მაშინ აჯანყებულ პოლონელებს ებრძოდა, ცარიზმმა რომ შემოაბიჯა დარიალიდან დამცინავი ღიმილით იმ დროს იტალიის ალპებზე გადადიოდა საარაკო თავგანწირვით რუსეთის არმიის გადასარჩენად. ბოლოს სხვა მრავალ ბაგრატიონთა, ქართველ გენერალთა და ღვიძლ ძმასთან ერთად ბორდინოს ველის ცეცხლოვან გრიგალში დაჭრიან ფრანგები და ჩაიწერება რუსულ მატიანეებში, რომ არმიის მთავარსარდალი, ინფანტერიის გენერალი, რუსი თავადი პეტრე ბაგრატიონი გმირულად შეეწირა მოსკოვის დაცემას. ყიზლარი სამხრეთის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქად იქცა მეცხრამეტე საუკუნეში, მაგრამ მისი მოსახლეობის სიჭრელე არ შეცვლილა ვისიმე სასარგებლოდ, კვლავინდებურად ბაბილონს ადარებდნენ თანამუდროვენი. ყიზლარში დაუწყია თავისი მოღვაწეობა მიურიდიზმის მამამთავარს - ყაზი მოლას. ერთ-ერთ მეჩეთში წერა - კითხვას ასწავლიდა თურმე მუსულმან ბავშვებს: აქედან აიქნია ფრთები მთიდან ლუკმა–პურის საშოვნელად ჩამოსულმა არწივმა - შამილმა... (იხ."კავკაზსკი” კალენდარ“, ტფილისი, 1848-49 წწ., გვ.82-83). 1831 წელს ყიზლარის ომენდანტის მიერ შევიწროებულ და განდევნილ ყაზი მოლას მეხივით გამოუნგრევია ადიდებულ თერგი და ჩეჩნების რაზმით გადაუბუგავს ქალაქი".
* * * * *
ისევ გრიალით აიჭრა ღრუბლებში თვითმფრინავი: თბილისში ვბრუნდები, თუმცა ვიცი, რომ გრძნობა, რომელიც ესოდენ მიმძიმებს ახლა—გუნებას, მალე დამაბრუნებს დაღესტანში. თითქოს იმ აკლდამიდან გამოველ, სადაც გადახვეწილ ქართველთა სულებთან მასაუბრა არსთაგანმრიგემ. რაოდენ დამშვრალან, რაოდენ ამაოდ უქნევიათ ხმალი, რაოდენ უკვალოდ გამქრალან... მაგრამ საზღვარი აქვს დაუსრულებელ სინანულს, ვხედავ ბალღივით მოცინარ ნათელს - სიმძიმე მეხსნება, როცა მახსენდება ვაჟკაცი, გულღია, ლეკები ნდობითა და იმედით ალმაჭურად აღჭურვილნი სამეცნიერო თარეშს რომ უპირებდნენ ქართველ ისტორიკოსებს...
P.s. ყიზლარის პ.ბაგრატიონის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მეტად მწირი ექსპოზიციაა წარმოდგენილი მე-18 საუკუნის ყიზლარის შესახებ. არსად ჩანს ქართული დასახლების არსებობა, საგამოფენოდ ვარგისი დოკუმენტების საარქივო ნომრები გადავეცი მუზეუმს, მაგრამ ფოტოასლების გამოფენა ბევრს არაფერს შეცვლის. მუზეუმის დირექტორი ო.ოლეინიკი უცხო ენების სპეციალისტია და ნაკლებად ერკვევა ისტორიაში; ალათ ზედმეტი არ იქნებოდა თბილისის რომელიმე კომპეტენტური სამეცნიერო ორგანიზაციის მიერ მუზეუმშისათვის კონსულტაციის გაწევა, მით უმეტეს, რომ ვ.ოლეინიკი მხოლოდ მოხარული იქნება ამგვარი ყურადღებისა, ყიზლარის ძველ ცენტრში არის ერთი ცარიელი ადგილი, რომელიც კარგად იციან მუზეუმის თანამშრომლებმა; იქ მალე მშენებლობის დაწყებას აპირებენ. ამ ადგილას მდგარა ქართული ეკლესია, სასაფლაოთი, რომელიც მეოცე საუკუნის ოციან წლებში დაუნგრევიათ ჯვრის ამაღლების ქართულ მონასტერთან ერთად. ეკლესიის ფოტოსურათი შემორჩენილა. ვფიქრობთ, რომ საჭიროა მეთვრამეტე საუკუნის ეკლესიის ნაშთებისა და საფლავების შესწავლა ვიდრე ეს გვიანი არ არის. უკიდურეს შემთხვევაში შუამდგომლობა მაინც უნდა აღიძრეს დაღესტნის შესაბამის დაწესებულებებთან, რომ გადაიდოს მშენებლობის დაწყება.
1988
(დაიბეჭდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის გაზეთში)
|