There are no translations available.
<უკან დაბრუნება
I.უცხო ქვეყნებთან შუა საუკუნეების საქართველოს ურთიერთობის საკითხები
ВОПРОСЫ ВЗАИМООТНОШЕНИЙ СРЕДНЕВЕКОВОЙ ГРУЗИИ С ЗАРУБЕЖНЫМИ СТРАНАМИ
გივი ღამბაშიძე
შუასაუკუნეების საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კულტურულ - ისტორიულ ურთიერთობათა საკითხისათვის*
საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიულ კავშირურთიერთობათა შესწავლა ქართველოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის ფუძემდებელი დიდი ქართველი ისტორიკოსი ივ.ჯავახიშვილია1. საყოველთაოდაა ცნობილი ამ მიმართებით ისტორიკოსთა, ეთნოგრაფთა, ლინგვისტთა და ანთროპოლოგთა კვლევის შედეგები. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დიდ ინტერესს იწვევს ო.ჯაფარიძის ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით, ლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ მეცნიერებათა მიღწევების გათვალისწინებით, ამტკიცებს კავკასიური ეთნოკულტურული ერთობის არსებობას ზედა პალეოლითში. ავტორის აზრით, ეს ერთობა ისტორიული განვითარების ძალით მეზოლითსა და ნეოლითში წარმოშობილი დიფერენციაციით ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში დაშლით მთავრდება, ხოლო ძვ.წ. III ათასწლეულისათვის კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფების ჩამოყალიბებით2. მითითებული ნაშრომისა და სხვა უახლესი გამოკვლევების ფონზე3 სულ უფრო მზარდ ინტერესს იწვევს XI ს. ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობები საქართველოსა და კავკასიის ძველი ისტორიის შესახებ და, განსაკუთრებით, კავკასიის ხალხთა მისეული ეთნოგენეტიკური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ეს ხალხები საერთო წინაპრის - თარგამოსის შთამომავალნი არიან4. კავკასიის ხალხთა უახლოესი ნათესაობის ზემოაღნიშნული კონცეფცია, რომელიც, როგორც ჩანს, ასახავდა უძველეს ტრადიციებსაც და თავისი ეპოქის მსოფლმხედველობასაც, საინტერესოა იმითაც, რომ იგი ჩამოყალიბებულ იქნა საერთოკავკასიური სახელმწიფოს წარმოშობის პირობებში. ანტიკური ეპოქიდან, საქართველოში სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის დროიდან, საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ურთიერთობა (რომელიც ისტორიულად არასოდეს შეწყვეტილა, რისი მატერიალური დასტურიც მრავლად მოიპოვება წინარე ეპოქების არქეოლოგიურ კულტურებში) ახალ ძალასა და მნიშვნელობას იძენს. ეს კავშირები ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ხასიათისა იყო. შუასაუკუნეთა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ურთიერთობათა იდეოლოგიურ–კულტურულ საფუძველს ქრისტიანული რელიგია და ფეოდალური კულტურა წარმოადგენდა, რომლებიც კიდევ უფრო აახლოვებდა და მჭიდროდ აკავშირებდა კავკასიის ხალხებს, რაც ისტორიული განვითარების შედეგად წარმოქმნილი ძირეული ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას უქმნიდა მათ. ეს ამოცანები, როგორც საშინაო (ფეოდალურ - ფორმაციული ხასიათისა), ისე საერთოკავკასიური მასშტაბისა იყო (ჩრდილოელ მომთაბარეთა და სამხრეთის სახელმწიფოებისგან თავდაცვა, მთისა და ბარის მეურნეობათა ეკონომიკური კავშირები და ა.შ.). ამ ამოცანათა გაგება და გადაწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ კულტურების სიახლოვითა და ერთიანობით. ცნობილია, თუ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრისტიანულმა ეკლესიამ და კულტურამ საქართველოს პოლიტიკურ კონსოლიდაციაში. ანალოგიური როლი შეასრულეს მათ საქართველოსა და კავკასიის ხალხთა დაახლოების საქმეშიც. ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული კულტურის ძეგლთა გამოვლენა და შეწავლა XVIII ს. მიწურულიდან იწყება. ეს ძეგლები გამოვლენილია მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელთა შორის ზოგიერთი ისევ მოითხოვს თანამედროვე მეცნიერულ დონეზე შესწავლას, არის Terra incognita-ც. ზოგიერთი არქიტექტურული და კულტურის სხვა ძეგლი არაა იმ პოზიციიდან განხილულ - შესწავლილი, რომ მათი ისტორიულ დოკუმენტად გამოყენება შეიძლებოდეს; ეს ყოველივე იწვევს როგორც შემთხვევით დათარიღებებს, ასევე არარეალურ ისტორიულ ინტერპრეტაციებს საჭიროა, „პირველყოვლისა გაირკვეს, თუ რა ენაზე საუბრობენ ისინი, გამოვლინდეს მათი გრამატიკული საფუძვლები და დიალექტური ცვლილებანი“ (ლ.რჩეულიშვილი). ქართულ - კავკასიურ კულტურულ ურთიერთობათა და ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობის არსებობის ისტორიის სრულყოფილად შესწავლისათვის დღის წესრიგში დგას როგორც კონკრეტულ ძეგლთა და საკითხთა კომპლექსური შესწავლა (ყოველი მათგანი, რა უმნიშვნელოც არ უნდა იყოს თავისი ქვეყნის მასშტაბით, მის საზღვრებს გარეთ დიდ მეცნიერულ მნიშვნელობას იძენს), ასევე პრობლემა მთლიანად. წარმოდგენილი წერილის მიზანია შუასაუკუნეებში ქართულ - ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობათა ილუსტრირება ქართული კულტურის ძეგლებით ცენტრალურსა და აღმოსავლეთი კავკასიის შემდეგ რეგიონებში7: დვალეთში (ჩრდ.ოსეთი), ინგუშეთსა და ავარეთში (დაღისტანი). ძეგლთა უმრავლესობა შესწავლილია გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციების მიერ. ქართული ისტორიული ტრადიციით, კავკასიონის ქედის ცენტრალური ნაწილი, რომელიც ქართულად დვალეთად იწოდება, ხოლო მოსახლეობა დვალებად, ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოშობიდან გვიან შუასაუკუნეებამდე ერთიან ქართულ პოლიტიკურ – ეკონომიკურ წრეში იყო მოქცეული. იმ ტერიტორიაზე გამოვლენილია ჩვენი თემისათვის საინტერესო ქართული კულტურის ძეგლები - მდ.არდონის ხეობაში შემორჩენილია ტუფით ნაგები ეკლესიის "ხოზიტა მად მაირამის“ ნანგრევი. ეკლესია (7,8 X13,5 მ) "დარბაზულია“, გვიანდელი მინაშენით სამხრეთიდან. ნახევარწრიული აფსიდა ჩაწერილია აღმოსავლეთის სწორ კედელში გარედან. აფსიდის ორსავე მხარეს ორსართულიანი მცირე სათავსებია. დარბაზის გასწვრივ კედლებს გეგმაში საფეხურედი პილასტრები აუყვება. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში კარია მოწყობილი. იგი ნალისებრი თავსართიანი ტიმპანითაა. სარკმლები შემკულია საპირეებითა და თავსართებით. ეკლესიის ფასადები გამოირჩევა სისადავით. აქცენტირებულია კარი და სარკმლები. სამშენებლო ხერხებითა და დეკორით "ხოზიტა მად-მაირამი" შუასაუკუნეების ქართული ქრისტიანული საკულტო არქიტექტურის წრისაა. იგი XI ს. I ათწლეულით თარიღდება9. ეკლესიის შიდა კედლები და კარის ტიმპანი გარედან შემკული იყო XII ს. II ნახევრის ქართული კედლის მხატვრობით10. თავისი გეგმური და მხატვრულ - დეკორატიული გადაწყვეტით აღწერილ ეკლესიას ენათესავება ს.თლისთან არსებული, ამჟამად დანგრეული "დარბაზული" ეკლესია (7,8 8X13 მ), მინაშენით სამხრეთის მხრიდან. ნახევარწრიული აფსიდა აღმოსავლეთის მხრიდან სწორ კედელშია ჩაწერილი. საკურთხევლის სარკმლის ორსავე მხარეს ღრმა ნიშებია. დარბაზი შუაზეა გაყოფილი გეგმაში საფეხურედი პილასტრებით სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში კარია, რომელიც გარედან საპირეთი და ნახევარწრიული თავსართითაა შემკული. ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო. იგი XI ს. I ათწლეულით თარიღდება11. ნარის აღმოსავლეთით წმ.გიორგის სამლოცველო - ნარ–ძუარის12 ნანგრევია. მის კედლებში ალაგ-ალაგ ჩაშენებულია ლავგარდნის შვიდი ქვა, ვიწრო სარკმლის თავსართი, ტიმპანი და თაღის ფრაგმენტები. განსაკუთრებით საინტერესოა ლავგარდნის ქვები, რომელთა ორნამენტული სამკაული (რომბისებრი, ელიფსისებრი და ცილინდრული შვერილები) და შესრულების ტექნიკა პარალელებს პოულობს X ს. შუახანები - II ნახევრის (ერედვის ბერის საყდარი, კუდაროს ნადარბაზევი და სხვ.) და XI ს. დასაწყისის (ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, მანგლისი, კაცხი, მცხეთის სვეტიცხოველი და სხვ.) ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში. სავარაუდოა, რომ დღევანდელი სამლოცველოს ადგილზე ან მის მახლობლად X-XI სს. აშენდა ქართული ეკლესია. იგი ნაგები იყო ტუფის ქვით, შელესილი შიგნიდან, ტიმპანიანი კარით, ვიწრო სარკმლითა და სხვადასხვა ფასადზე განსხვავებული ორნამენტული მოტივით (შდრ.კუმურდო, ტყობი-ერდა და სხვ.). ეკლესიის დანგრევის შემდეგ (სავარაუდოა გვიან შუასაუკუნეებში) მისი ქვებით აშენდა ნარ - ძუარის სამლოცველო. აღწერილ ეკლესიათა გარშემო შეიმჩნევა სამარხთა კვალი, რომელთა შესწავლა შუქს მოჰფენდა დვალეთის ეთნიკურ, სოციალურ–ეკონომიკურ, კულტურულ - რელიგიურსა და სხვა საკითხებს. ზემოხსენებულ ძეგლთა აგების პერიოდი ემთხვევა ნიქოზის ეპარქიასა (რომლის მოღვაწეობის სფეროში დვალეთიც შედიოდა) და საქართველოს სხვა მეზობელ მთიან რაიონებში (ხევი, კუდარო, რაჭა და სხვ.) საკულტო ნაგებობათა ინტენსიური მშენებლობის ხანას. აქვე აღვნიშნავთ, ქართულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქრისტიანობა დვალეთში ქართლიდან VI ს. შუახანებში ვრცელდება13, რაც არაა გამორიცხული, მაგრამ დვალეთის მატერიალური კულტურის დღევანდელი შესწავლილობის დონეზე საფუძვლიანად ვერაფერს ვიტყვით იქ ქრისტიანობის გავრცელება - დამკვიდრების შესახებ.
სოფ.ფალლაგ-ქომსა და რეგახთან გამოვლენილია "დარბაზული" ტიპის ეკლესიის (5,5X7,5 მ) - ხუცაუ-ძუარის ("ღვთაების სამლოცველო") ნანგრევი. იგი ნაგებია ფიქლით თიხის ხსნარზე, გამოყენებულია ტუფიც. დარბაზისგან საფეხურითა და სამხრეებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდა აღმოსავლეთის სწორ კედელშია ჩაწერილი. საკურთხევლის სარკმლის ორსავე მხარეს ნიშებია. დამრეცრაფიანი სარკმლები აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. დარბაზი შუაში პილასტრებითაა გაყოფილი. შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ კუთხეშია. ხუცაუ-ძუარი არქიტექტურულად ახლოსაა სოფ.თლის ეკლესიასთან. ვვარაუდობთ, იგი დვალეთში სასულიერო და საერო პირთა მიერ დიდი ეკლესიების აშენების შემდეგ თვით სოფლელთა მიერ არის აგებული, რაც დვალეთის მოსახლეობაში ქრისტიანობის საფუძვლიანად გავრცელებაზე უნდა მიუთითებდეს. ამავე დროს, საფიქრებელია, იგი წინ უსწრებს დვალეთში გვიანშუასაუკუნეებში წარმოშობილი ნახევრად ქრისტიანულ - ნახევრადწარმართული სამლოცველოების (რომლებშიც არაა დაცული გეგმარებისა და ორიენტირების ზუსტი პრინციპები) მშენებლობას. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ხუცაუ-ძუარის ეკლესიის მშენებლობის ქრონოლოგიური ჩარჩო განვითარებული შუასაუკუნეებით (XI - XIII სს.) შეიძლება განისაზღვროს.
ს.ქალაქის განაპირას შემორჩენილია გვიანი ხანის „ძლესი-ძუარის“ (ქართ. ძლევის ჯვარი) სამლოცველოს ნანგრევი. იგი აგებულია უფრო ძველ ნაგებობაზე. შესაძლოა, იქვე არსებული ტუფის ქვებიც ძველი ეკლესიიდანაა, რომლის სახურავსაც აგვირგვინებდა სამლოცველოს ნიშებში ახლად ჩადგმული ცხოველთა ქანდაკობრივი თავები (ცხვრისა? შდრ. ღულის ეკლესია - ჩრდ.ოსეთი, გავათი - ასპინძის რ-ნი და სხვ.). დვალეთის ენისა და დამწერლობის საკითხთა გასაშუქებლად დიდ ინტერესს იწვევს „ასომთავრულითა“ და ”ნუსხურით“ შესრულებული ძველქართული წარწერები ამ სამლოცველოდან, რომლებიც XIII-XIV სს. უნდა მიეკუთვნებოდეს“.
ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონის ქრისტიანული სიძველეებიღან XVIII ს. დაწყებული განუწყვეტელ ინტერესს იწვევს ნუზალის სამლოცველო, რომელიც ცნობილია თავისი ფრესკებითა15 და ხელოვნურად შექმნილი საკითხით, თითქოს იქ იყო დასაფლავებული თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი. ჩატარდა ცდა, შესწავლილიყო სამლოცველოს ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული ქტიტორული კომპოზიცია, რომლითაც უარყოფილია ლიტერატურაში არსებული აზრი, რომ ისინი ცნობილი ლექსის "ჩვენ ვიყავით ცხრანი ძმანი“ პერსონაჟები არიან. სინამდვილეში ფრესკაზე ქტიტორთა ოჯახური პორტრეტია, სამი მამაკაცის (ფიგურა №1, 2, 4), ორი დედაკაცისა (ფიგურა №3, 5; აღვნიშნავთ, რომ N3 მიჩნეული იყო დავით სოსლანის ფიგურად) და ერთი - ყრმის (ფიგურა N6) გამოსახულებით. შესაბამისად, დამაჯერებლობა ეკარგება ფრესკულ გამოსახულებათა და ლექსს შორის დაშვებულ კავშირზე დაფუძნებულ ზოგიერთ ისტორიულ-ფილოლოგიურ დებულებას16.
დასასრულ, დვალეთის ქართული კულტურის ძეგლთა შორის აღვნიშნავთ XIII ს. შუახანების ე.წ. ზარომაგის ხელნაწერ ფსალმუნს, რომელიც, გ.ახვლედიანის აზრით, დვალეთში XVII ს. დასაწყისში მოხვდა17. საქართველო-ინგუშეთის კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის გასაშუქებლად პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა ჩრდილოეთ კავკასიის ცნობილი ქრისტიანული ძეგლი - ტყობია-იერდას ტაძარი, რომელიც XVIII ს. მიწურულიდან ყურადღებას იპყრობს ხელოვნებათმცოდნეობითი, პალეოგრაფიული და ლინგვისტური თვალსაზრისით18. 1969-1970 წწ იგი შესწავლილ იქნა არქეოლოგიურადაც19. ტყობია-იერდას ხუროთმოძღვრული არსისა და თარიღის შესახებ არსებულ მრავალრიცხოვან თვალსაზრისთა შორის (რომელნიც მეტწილად ძეგლის არასწორ მხატვრულ - სტილისტურ ანალიზსა და ტაძრის ეპიგრაფიკის არასწორ წაკითხვა - დათარიღებებს ემყარებოდნენ) თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა გ.ჩუბინაშვილის ნაშრომი20. მისი აზრით, ტაძარი ქართული კულტურის არეალს მიეკუთვნება და, ამასთან, გააჩნია ლოკალური, ინგუშური თავისებურებანიც; ტაძრის ისტორიაში იყოფა სამი სამშენებლო პერიოდი: VIII-IX სს., X-XI სს. და გვიანი შუასაუკუნეები, დაწყებული XV–XVI სს. თავდაპირველად ტყობია–იერდას ტაძარი, რომელიც ნაშენი იყო ტუფით, ქვიშაქვითა და ფიქლით კირის ხსნარზე, წარმოადგენდა "სამეკლესიიან" ბაზილიკას (ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრულ–კომპოზიციური ფენომენი) გარშემოსავლელით სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. სამხრეთის გარშემოსავლელი ექვსი(!) ღიობით, დასავლეთისა სამი მოპირკეთებული და ორნამენტირებული თაღოვანი შესასვლელით, ჩრდილოეთისა კი ერთი შესასვლელით იყო. თავდაპირველი პერიოდიდან შემორჩენილი ცენტრალური და ჩრდილოეთის ეკლესიების ნახევარწრიული აფსიდები დარბაზზე საფეხურებითაა ამაღლებული. გვიანი ხანის გადაკეთებათა გამო სამხრეთის ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილის დაბოლოების გარკვევა არ ხერხდება. ცენტრალურ ეკლესიას სამი მხრიდან თითო შესასვლელი გააჩნდა. ძველი პერიოდიდან შემორჩენილია რელიეფურად შემკული საკურთხევლის წყვილად სარკმლიანი აღმოსავლეთის კედელი, ჩრდილოეთის ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი, დასავლეთის კედელი და სამხრეთის გარშემოსავლელის თაღნარის ხუთი, გეგმაში ოთხკუთხა სვეტი. ტაძარს ამშვენებდა ორნამენტირებული ლავგარდანი სხვადასხვა ფასადზე განსხვავებული ორნამენტული მოტივით, კომპოზიციური რელიეფები აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებზე, ცალკეული რელიეფური ფილები და კონსოლები ანგელოზთა, ადამიანთა თუ ცხოველთა გამოსახულებებით. ტაძარი გადახურული იყო ძველქართულწარწერიანი, ჯვრებითა და ვარდულებით შემკული ბრტყელი, ღარისებრი კრამიტითა და ანტეფიქსებით. სავარაუდოა, ძველ პერიოდსავე ეკუთვნის ქვის ემბაზი (რომლის ორნამენტული სამკაული XI ს. I მეოთხედის ჩუკულის ცნობილი კარის დეკორატიულ მოტივებთან პოულობს ანალოგიას) და მონუმენტური გამოქანდაკებული ქვის ჯვარი. ტაძარს სამხრეთიდან XI-XIII სს პატარა სამლოცველოები ჰქონდა მიშენებული. გვიანი ხანის გადაკეთებისას, რომელიც ადგილობრივი, ინგუშური ხუროთმოძღვრული სტილითა და ტექნიკური საშუალებებით წარმოებდა, აღდგენილ იქნა (ტაძრისა და მინაშენების ძველი არქიტექტურულ - დეკორატიული დეტალების გამოყენებით) მხოლოდ ცენტრალური ეკლესია, რამაც შეცვალა ძეგლის ხასიათი. აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი მკვლევარი ეყრდნობა რა ტაძრის ამ გვიანი მშენებლობის ხასიათს, არასწორ დასკვნებს აკეთებს ტაძრის ხუროთმოძღვრულ მხატვრული სახისა და ტყობია–იერდას ამ ნაგებობასთან ტიპოლოგიურად დაკავშირებულ ინგუშურ სამლოცველოთა შეფასებისას. შესწავლილია ტაძრის გარშემო ადგილობრივ მცხოვრებთა ქრისტიანული სამარხები IX-XIII სს. საინტერესო სამარხეული ინვენტარით; ტყობია - იერდას ტაძრიდან მომდინარეობს დიდად მნიშვნელოვანი ძველქართული წარწერები. მათში მოხსენიებული არიან საქართველოს საეკლესიო მოღვაწენი: ეპისკოპოსი გიორგი (X ს.), კათალიკოსი არსენ II (955-980) და პატრიარქი მელქისედეკ I (XI ს. I ნახ.). აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი წარწერაში „აღმოსავლეთის პატრიარქად“ იწოდება. საქართველოში ტაძართა აღმშენებლები მეფენი, მსხვილი საერო–საეკლესიო ფეოდალები და ცალკეული თემები იყვნენ. ჩვენი აზრით, ინგუშეთში ასეთი მნიშვნელოვანი ტაძრის მშენებლობა უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამოხატულება და ტყობია–იერდას აშენების ინციატივა საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფალთ უნდა მიეწეროს. XVIII ს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, კათალიკოს პატრიარქ მელქისედეკ I-ის თანამედროვის კახეთის მეფის კვირიკე III-ის (1010-1037) ადმინისტრაციული რეფორმით, ინგუშეთი („ძურძუკეთი“) შედიოდა კახეთის სამთავროს, resp. სამეფოს, ერთ-ერთ საერისთავოში. ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება (მ.ლორთქიფანიძე), რომ ეს რეფორმა არსებული ტრადიციების გამომხატველი იყო21. აღნიშნული გარემოება, ტაძრის კრამიტებზე კათალიკოს არსენ II სახელის არსებობის გათვალისწინებით, იმ ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ X ს. II ნახ. საქართველოს კათალიკოსი არსენ II და ეპისკოპოსი გიორგი, კახეთის ხელისუფლებთან: კვირიკე II (929-976), დავითთან (976-1010), ანდა მათ ერისთავებთან ერთად იყვნენ ტყობია - იერდას ტაძრის მშენებლობის ინიციატორები22. ახალ არქეოლოგიურ, ხელოვნებათმცოდნეობით და ეპიგრაფიკულ მონაცემთა შუქზე იქმნება შესაძლებლობა, დაზუსტდეს ტაძრის მშენებლობის II პერიოდი და განისაზღვროს იგი X ს. II ნახევრით; ამასთანავე, ადგილობრივი, ინგუშური სამარხეული (აკლდამური), კოშკოვანი და საკულტო არქიტექტურის თანამედროვე დათარიღებათა გათვალისწინებით, ტყობია-იერდას ტაძრის მშენებლობის ბოლო პერიოდი დროის სიღრმეში უნდა ჩაიწიოს და დაწყებულ იქნეს XIII-XIV სს. ინგუშეთის ისტორიაში ტყობია–იერდას ტაძრის დიდ მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ რელიგიურთან ერთად იგი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფუნქციასაც ასრულებდა (ტაძართან უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა. შდრ.ანალოგიური საბჭოს არსებობა საქართველოს ისტორიული ჩრდილოეთის პროვინციის - ხევის მთავარ სალოცავ გერგეტის სამებასთან) და ამიტომაც სრულიად გასაგებია ის რელიგიური მოწიწება, რომლითაც იგი სარგებლობდა XIX საუკუნეში, უკვე გამაჰმადიანებულ მოსახლეობაშიც კი. მდ.ასას ქვაბულში, რომელიც ითვლება ინგუშური კულტურის აკვნად და, როგორც ჩანს, ინგუშეთში ქრისტიანობის გავრცელების ცენტრადაც უნდა იქნეს მიჩნეული, ტყობია–იერდას ტაძრის გარდა შემორჩენილია კიდევ ორი „დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევი. „ალბი–იერდას“ ეკლესია ს.ეგიკალთან მდებარეობს. გეგმაში სწორკუთხა შენობა (7,9 8X14,28 მ) სამხრეთის მხრიდან მინაშენით, ნაგებია ფიქლით კირის ხსნარზე. აფსიდა ნახევარწრიულია, საკურთხევლის სარკმლის მარჯვნივ არსებული ნიშით. კარი სამხრეთის კედელშია. იმავე მხარეს სამი სარკმელია, რომელთაგან ცენტრალური უფრო მაღალია. სარკმელი დასავლეთის კედელშიც აქვს დატანებული. ეკლესია ორივე მხრივ შელესილი ყოფილა. შიგნით კედლის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. აფსიდაში ჯვრის გამოსახულებისა და ასომთავრულით შესრულებული დაქარაგმებული სიტყვის - 7777777777 („ქრისტესი“) და საკურთხევლის სარკმლის მარჯვნივ წმიდანის გამოსახულებისა და წარწერის 77777777777 (”წმიდა“) ნარჩენებია. დიდი, კარგად ნაგები „ალბი–აერდას“ ეკლესია ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით იყო გადახურული.
მეორე, "ალბი-აერდაზე" უფრო მომცრო ეკლესია ს.თარგემთან23 მდებარეობს. ნაგებია ქვით კირის ხსნარზე (4,6X7,32 მ). საკურთხევლის სარკმლის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის გარდა სარკმელი დასავლეთის კედელშიცაა. გასწვრივ კედლებზე პილასტრების ნარჩენია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ეკლესია ორივე მხრიდან იყო შელესილი. გააჩნდა მინაშენი სამხრეთიდან. ეკლესიის ქვეშ აკლდამა იყო გამართული. ორივე ეკლესია არქიტექტურულ ფორმათა საერთო გადაწყვეტითა და ცალკეული დეტალებით ანალოგიებს პოულობს განვითარებული შუასაუკუნეების საქართველოს ქრისტიანულ საკულტო არქიტექტურაში. სხვა მეცნიერებთან ერთად (ლ.სემიონოვი, ი.შჩებლიკინი და სხვ.) ზემოთ აღწერილი ქრისტიანული ეკლესიები მიგვაჩნია შუასაუკუნეთა ინგუშეთის თავდაპირველ საკულტო ნაგებობებად. ისინი წინ უსწრებენ ნახევრადქრისტიანულ - ნახევრადწარმართულ სამლოცველოებს, რომლებიც ძირითადად გვიანი შუასაუკუნეების დასაწყისში წარმოიშობიან. ვფიქრობთ, მეთოდოლოგიური შეცდომაა ამ სამლოცველოებით, რომლებიც შეესაბამებიან გვიანი შუასაუკუნეების ინგუშთა რწმენა შეხედულებებს (როდესაც შექმნილი ისტორიული ვითარების გამო ქართულ - ჩრდილოკავკასიური კავშირები და ქრისტიანულ - საეკლესიო საფუძვლები ინგუშეთში სუსტდება და თანდათან რესტავრირდება ძველი წარმართული რწმენები), მსჯელობა ინგუშეთის ქრისტიანიზაციის შესახებ X - XIII სს., როგორც ამას აკეთებს ზოგიერთი კავკასიისმცოდნე. ქრისტიანულ საკულტო ნაგებობებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვთ ძველქართულწარწერიანი ადგილობრივი კერამიკისა (მათზე აღნიშნულია ადგილობრივი საკუთარი სახელები ან სოფელთა სახელწოდებები)24 და ფსალმუნთა ხელნაწერი ფრაგმენტების აღმოჩენებს. ერთ-ერთი ხელნაწერი ტყობია–იერდას ტაძრიდან მომდინარეობს25, მეორე "მაღი-იერდადან26. ა.შანიძის აზრით, ფსალმუნი ქართულად ჯერ კიდევ IV-V სს. ითარგმნა. დადგენილია, რომ არსებობს მისი სამი რედაქცია27. ინგუშეთიდან მომდინარე ორივე დავითნი „ბ“ რედაქციისა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოში ბოლო, მესამე, რედაქციამდე, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე და ისტორიკოსი გიორგი მთაწმიდელი (1009-1065). დავითნის მესამე რედაქცია კანონიზირებული იქნა და საყოველთაოდ გავრცელდა XI ს. ინგუშური ორივე დავითნი X ს. თარიღდება28. ინგუშეთში ქართული კულტურის ფართოდ გავრცელება - ქრისტიანულ ეკლესიათა მშენებლობა, ქრისტიანული სამაროვნები, ეპიგრაფიკული და ხელნაწერი ძეგლები, ჯვრებისა და ჯვრის გამოსახულებანი სამლოცველოებზე, აკლდამებსა და კოშკებზე, ინგუშთა საგმირო ეპოსის მონაცემები, ინგუშურში ქართული ლექსიკური მასალის არსებობა და ა.შ. საფუძველს ქმნის ვივარაუდოთ, რომ ინგუშეთში გარკვეულ ისტორიულ ეპოქაში ქართული ენა და დამწერლობა იყო გავრცელებული და რომ ღვთისმსახურება ქართულად სრულდებოდა. შუასაუკუნეთა საქართველოსა და დაღესტნის ხალხთა კულტურულ ურთიერთობათა ანალოგიური სურათი ისახება მთიანი დაღისტნის - ავარეთის ქართული კულტურის ძეგლთა მოხილვისას29. ქართული და არაბული წერილობითი წყაროებით ავარეთში ქრისტიანობა VII საუკუნიდან XV საუკუნემდე იყო გავრცელებული30. გამოთქმულია მოსაზრება დაღისტანში რამდენიმე ეპარქიისა და, საერთოდ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამიტროპოლიტოს არსებობის შესახებ31. ერთადერთი, ჩვენამდე მოღწეული ქრისტიანული ეკლესია ავარეთის ყოისუს ხეობაში ს.დათუნასთან მდებარეობს. იგი "დარბაზული" ტიპისაა, ნაგებია თლილი ქვით. მოხდენილი, მაღლა აზიდული ნაგებობა ზეძირკველზე დგას. თავისი პროპორციებით იგი ახლოსაა სვანეთისა და რაჭის რიგ ძეგლებთან, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს მთიანეთის კოშკოვან არქიტექტურას ეხმაურებიან (ვ.ცინცაძე). ნახევარწრიული აფსიდა ნაგებობის სწორკუთხა გეგმაშია მოქცეული. გრძივი კედლები გეგმაში საფეხურედი პილასტრებითაა დანაწევრებული. ეკლესიის თაღში რელიეფური ჯვარია გამოსახული. აფსიდაში პატარა ნიშებია. აფსიდის გვერდებში აღმოსავლეთის ფასადიდან თითო მრგვალი ჭუჭრუტანით განათებული ორი პატარა სათავსია. კამარისზედა სათავსიც ორი სარკმლითაა განათებული. თითო სარკმელია დასავლეთისა და სამხრეთის ძეგლებში. ეკლესიაში სამი შესასვლელია - სამხრეთის (მთავარი), დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. ისინი ტიმპანებითაა. ინტერიერი და კართა ტიმპანები შელესილია. აღვნიშნავთ, რომ სამხრეთის კარის ტიმპანში მხატვრობის ნარჩენია. ეკლესია ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით იყო გადახურული. ს.დათუნასთან არსებული ეკლესია თავისი გეგმური კონცეფციით, შიდა კედლების დანაწევრებით კედლისპირა თაღედით და ზოგი სხვა არქიტექტურული ხერხით ორგანულად უკავშირდება X-XI სს. მიჯნის საქართველოს ქრისტიანულ საკულტო ხუროთმოძღვრებას32. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღწერილი ეკლესიის მიმართ, ისევე როგორც ტყობია - იერდას ტაძრისადმი ინგუშეთში, ძირითადად XV საუკუნიდან გამაჰმადიანებული მოსახლეობა XIX ს. მიწურულსაც კი რელიგიური მოწიწებითა და რიდით იყო გამსჭვალული ქართულ მატიანეთა, XIX ს. ავტორთა და ადგილობრივ ხალხურ თქმულებათა მონაცემებით, ქრისტიანული ეკლესიები არსებობდა ავარეთის სხვა მხარეებშიც (ხუნძახი, ღალა, ურადა, რუგუჯა, ჰინიჩუტლი, ჰინი, ზაი და სხვ.), რისი დასტურიც ორნამენტირებული ფრაგმენტებისა და არქიტექტურული დეტალების, სამშენებლო წარწერებისა და კრამიტების აღმოჩენებია. ქრისტიანულ საკულტო ძეგლებთან დაკავშირებული უნდა იყოს ავარეთიდან მომდინარე ქვის რელიეფური ფილები (შესაძლოა კანკელებისა). ერთ-ერთ მათგანზე (სოფ.ხუნძახი ნაგებობის კედელშია ჩაშენებული) წნულ ლენტზე, რომლითაც კომპოზიცია გაყოფილია, სარკისებურად განლაგებულია სტილიზებული მოგრძო ფოთლები. ისინი შემკულია პუნსონით გამოყვანილი კონცენტრული წრეებით, წერტილით შუაში. რელიეფი მკაფიო და ენერგიულია. მეორე ფილაზე (სოფ.ხუნძახი, ინახება მხარეთმცოდნეობის სასკოლო მუზეუმში) "ზონრული" ჩარჩოთი კომპოზიცია სამ ზოლადაა გაყოფილი. ვერტიკალური, გარე მოჩარჩოების ზოლი შევსებულია წრეებში მოქცეული „მტირალა“ ფოთლებით; ზედა, ჰორიზონტალური ზოლი, ურთიერთგადამკვეთი ორღარიანი წრეების ჯაჭვით; ქვემო ზოლზე კი გამოსახულია ერთმანეთთან მებრძოლი სამი ფიგურა. პირველსა და მეორე ფიგურებს შორის დიდი ზომის ჯვარია აღმართული. ორნამენტირებული ზოლები ღრმა და ენერგიული კვეთით, უფიგურები კი სიბრტყობრიობით გამოირჩევა. მესამე ფილა სოფ.კუბაჩიდანაა (ინახება მახაჩყალაში, რესპუბლიკურ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). კომპოზიცია ჩარჩოებით სამ ნაწილადაა გაყოფილი. მარჯვენა, ვერტიკალური ზოლი, ფოთლებიანი მცენარეული ხვეულითაა შევსებული; ზედა, ჰორიზონტალურ ზოლში, ცხოველები (ლომები?) ჰერალდიკურადაა გამოსახული; ქვედა კი შევსებულია ერთმანეთზე გადაბმული წრეებით, რომელთა შუაში ბრტყელი ვარდულებია. წრეთა შორის ზედა სამკუთხოვან არეში სტილიზებული ყუნწიანი ფოთოლია, ქვევით კი „ღილაკებიანი“ ჯვარია გამოსახული. ორნამენტული კვეთა ფონისა და ორნამენტის ზედაპირის სიბრტყეებშია გადაწყვეტილი. აღწერილი ორნამენტირებული ფრაგმენტები თავისი მოტივებითა და შესრულების ტექნიკით ანალოგიებს პოულობს საქართველოს არქიტექტურულ, კანკელების, მონუმენტური მხატვრობის, ჭედურსა და ხეზე კვეთილობის ძეგლებში, რაც მათთან გენეტიკური კავშირით იხსნება (შდრ. ჯოისუბნის ეკლესიის რელიეფებს - IX–X სს. მიჯნა, X ს. დასაწყისი; მაცხვარიშისა - X ს. და ჯახუნდერის - X-XI სს. მიჯნა, XI ს. დასაწყისი - ეკლესიების კარებს და სხვ.). ამავე დროს აღსანიშნავია ადგილობრივი, ლოკალური ნიშნებიც (მაგ., პირველი ფილის ორნამენტული კომპოზიციის სქემა). აღწერილი რელიეფური ფილები X-XI სს. შეიძლება მიეკუთვნოს33. ავარეთიდანვე მომდინარეობს ქვასა და ხეზე კვეთილობის სხვა ნიმუშებიც, რომლებიც XI-XIII სს. თარიღდებიან. საგანგებოდაა აღსანიშნავი მრავალგვარი ჯვრებისა და მისი გამოსახულებების აღმოჩენა სამშენებლო და პატარა ქვის კვადრებზე (ზოგიერთი ძველქართული წარწერით) და აგრეთვე გამოქანდაკებული - პატარა (ზოგიერთი წარწერით) და დიდი ზომისა. ეს უკანასკნელი, ჯვარ - მონუმენტები (სს.ხუნძახი, ყუდუტლი) ავარეთში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდისა უნდა იყოს (შდრ. ადრექრისტიანულ ხანაში საქართველოში ჯვართა აღმართვის ანალოგიურ მოვლენას)34 და ამიტომაც მათი გაჩენის თარიღი, განსხვავებით ლიტერატურაში გამოთქმული აზრისა, XII-XIII სს. უფრო ადრეულ ხანაში უნდა იქნეს გადატანილი. ჯვრები გამოსახულია უდავოდ გვიანი ხანის უტილიტარული დანიშნულების საგნებზეც (ხე, ლითონი, ქსოვილი), რაც ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოს ორნამენტულ რემინისცენციად უნდა იქნეს მიჩნეული. დიდი მნიშვნელობა გააჩნია ასომთავრულითა და ნუსხურით შესრულებულ ძველქართული დამწერლობის ძეგლთა ავარეთში აღმოჩენას. წარწერათა ნაწილი ქართულენოვანი, ნაწილი კი ორენოვანია - შესრულებულია ქართულ და ხუნძურ ენებზე. ზოგიერთი X-XI სს. თარიღდება, ზოგი კი უფრო გვიანი ხანით35. მსგავსი წარწერების რიცხვი სულ უფრო იზრდება, რაც ავარეთში ქართული ენისა და დამწერლობის ფართო გავრცელებაზე მიუთითებს. წერილობით ძეგლებს შორის აღვნიშნავთ ნუსხურით შესრულებულ ლიტურგიკული ხასიათის ხელნაწერი ტექსტის ფრაგმენტების აღმოჩენას (27 ფურცელი, ინახება მახაჩკალის სახელმწიფო უნივერსიტეტში). ხელნაწერს XVI ს. შუახანები - II ნახევრით ვათარიღებთ. ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული შუასაუკუნეების ქართული კულტურის ძეგლების შესწავლით ირკვევა, რომ მათი მასობრივი გაჩენა X ს. მოდის. ფეოდალური საქართველოს სრულ გაერთიანებამდე ქრისტიანული და ფეოდალური კულტურის დვალეთში გამავრცელებელი ქართლია, ინგუშეთსა და ავარეთში - კი კახეთის სამთავრო (დასავლეთსა და ცენტრალურ იმიერკავკასიაში ამ როლში დასავლეთქართულ სამეფოს ვხედავთ), გაერთიანების შემდეგ კი საქართველოს ცენტრალური სახელმწიფოებრივი ხელისუფლება. ცალკეა აღსანიშნავი მცხეთის საკათალიკოსო - საპატრიარქოს როლი. პოლიტიკურ - ეკონომიკურ ურთიერთობებითა და ფორმაციული ხასიათის ამოცანებით გაპირობებული კულტურული დაახლოების ეს პროცესი ორივე მხარისთვის პოზიტიური ისტორიული მოვლენა იყო, რაც, სამწუხაროდ, რედუცირებულ იქნა თათარ - მონგოლთა და განსაკუთრებით, თემურლენგის შემოსევათა შემდეგ.
---------------------------------------------------------
* წაკითხულია მოხსენებად ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ II საერთაშორისო სიმპოზიუმზე. იხ.სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1977, რუსულ ენაზე.
1. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წ.II; მისივე, ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, ტფ., 1937.
2. ო.ჯაფარიძე, ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბ., 1976.
3. კ.ფიცხელაური, აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პროგლემები (ძვ.წ. XV-VII სს.), თბ., 1973, გვ.193-197; Ковалевская В. Б., Скифия, Мидия, Иран во взаимоотношениях с Закавказьем по данным Леонти Мровели. „მაცნე“, ისტორიის. არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. თბ., 1975. №3, გვ.62-73.
4. ქართლის ცხოვრება, ტ.I, თბ., 1955, გვ.1-7
5. Ломтатидзе Г. А., Выступление на заключительном заседании сессии по археологии Дагестана в мае 1959 г. Материалы по археологии Дагестана, т.II. Махачкала, 1961, с.294.
6. გ.მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973, გვ.127-128
7. ჩვენს წერილში არაა გაშუქებული ქართული კულტურის ძეგლები ცენტრალური და ჩრდილო - დასავლეთი კავკასიის სხვა რაიონებში, სადაც ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოს სამეფოდან - აფხაზეთიდან ვრცელდებოდა და სადაც გვხვდება ქრისტიანული საკულტო არქიტექტურული ძეგლები, რომელნიც თავიანთი მხატვრული არხითა და ტიპოლოგიური რეპერტუარით შუასაუკუნეების ზოგადქართული საკულტო არქიტექტურის ე.წ. აფხაზურ სკოლას ეკუთვნიან Рчеулишвили Л.Д., Некоторые аспекты грузинской архитектуры Черноморского побережья. Всесоюзная научная конференция - Античные, византийские и местные традиции в странах Восточного Черноморья, тезисы докладов, Тбилиси, 1975, с.102-103.
8. დვალეთის ლოკალიზაციის, ეთნიკური წარმომავლობის, ენისა და ისტორიის საკითხები განხილულია ვ.გამრეკელის მონოგრაფიაში: Двалы и Двалетия в I-XV ВВ. Н. Э, Тбилиси, 1961.
9. ვ.დოლიძე, ხოზიტა მაირამი - საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საბუთი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XV, N.2, თბ., 1954, გვ.119-126.
10. ა.ვოლსკაია. კედლის მხატვრობის ფრაგმენტები "ხოზიტა - მაირამის“ ქართულ ტაძარში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XV, №6, თბ., 1954, გვ.473-478.
11. ვ.დოლიძე, თლის ხუროთმოძღვრული ძეგლი - საქართველოსა და დვალეთის კულტურული ურთიერთობის ახალი საბუთი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XXI, N6, თბ., 1958, გვ.767-773.
12. ოსური ქართ. jwar იხ. Абаев В. И., Историко - этимологический словарь осетинского языка, т.I, М.-Л., 1958, с.401-402.
13. ვ.გამრეკელი, დასახ. ნაშრ, გვ.78-79, 87, 140.
14. ვ.გამრეკელი, ისტორიული მასალები ღვალეთიდან, ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXIV–B, 1963, გვ.91-103; გ.ღამბაშიძე, ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში, ჟ. "საბჭოთა ხელოვნება“, N3, 1976, გვ.74-75.
15. Кузнецов В. А., Нузальская церковь и ее фрески. Тезисы докладов IV «Крупновских чтений» по археологии Кавказа, Орджоникидзе, 1974, с.18-19.
16. მასზე და დვალეთის სხვა ქრისტიანულ ძეგლებზე იხ. გ.ღამბაშიძე, დასახ. ნაშრ., გვ.72-78.
17. Ахвледиани Г. С., По поводу обнаружения Заромагской псалтыри. Сборник избранных работ по осетинскому языку. Тбилиси, 1960, с.160-167.
18. ტაძრის მთავარი რელიგიური დღესასწაულის, სახელწოდების ეტიმოლოგიის და "აერდაზე“ დამთავრებული ინგუშეთის სხვა ტაძრებისა თუ სამლოცველოთა სახელთწარმოებითი მოდელის გათვალისწინებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტაძარი ნაკურთხი იყო კვირაცხოვლობისა თუ წმ.თომას სახელზე. იხ. Гамбашидзе Г. Г., К объяснению названия храма Ткобя - Ерда. ”მაცნე“, ისტორიის... სერია. თბ., №2, 1974, გვ.120-129.
19. Гамбашидзе Г.Г., Из истории связей Грузии и Ингушетии в средние века. Тезисы докладов IV «Крупновских чтений» по археологии Кавказа. Орджоникидзе,. 1974, с.68-69; მისივე, Из раскопок Тхаба - Ерды. ж. «Декоративное искусство СССР», №7, 1970.
20. Чубинашвили Г.Н., К вопросу о культурных связах Грузии и Ингушетии. Тбилиси, 1941 (ხელნაწერი).
21. საქართველოს ისტორიის "ნარკვევები, ტ.II. თბ., 1973, გვ.395.
22. სავარაუდოა, ტაძრის დასავლეთის კედლის ბარელიეფზე ქტიტორებად გამოსახული არიან ზემოხსენებული სასულიერო და საერო პირთაგანნი (სასულიერო პირი ეპიტრაქილით, საერო კი ჯვრითა და მახვილით), რომლებიც ქრისტეს მიართმევენ ტაძრის მოდელს.
23. Семенов Л.П., К вопросу о культурных связах Грузии и народов Северного Кавказа. Материалы по археологии СССР, №23. М.-Л., 1952, с.302-306.
24. მაგალითად, ერთერთ მათგანს (ჩაჩნეთ - ინგუშეთის რესპუბლიკური მხარეთმცოდნეობის მუზეუმი НВ-1055), რომელსაც XIII - XIV სს. ვათარიღებთ, წარწერილი აქვს „თარგემ“. აღვნიშნავთ, რომ იგივე სახელწოდებისაა ტყობია - იერდას ტაძრის სიახლოვეს არსებული ძველი კოშკოვანი სოფელიც. საინტერესოა ამ სახელის სიახლოვე ლეონტი მროველისეული კავკასიის ხალხთა მამამთავრის „თარგამოს“ - თან.
25. მ.შანიძე, ფსალმუნის ერთი ხელნაწერი ტყობაერდიდან. კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის XIII სამეცნიერო სესიის თეზისები. თბ., 1971, გვ.5-6.
26. Гамбашидзе Г. Г., Древнегрузинские церковные книги из Ингушетии. Пятые «Крупновские чтения» по археологии Кавказа. Махачкала, 1975, с.115-116.
27. შანიძე, ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X - XIII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით, I, ტექსტი თბ., 1960, გვ.011-013.
28. აღვნიშნავთ, რომ ისინი იმდენად ახლოს არიან კალიგრაფიულად ერთმანეთთან, რომ, თუ ერთდაიმავე გადამწერს არ ეკუთვნიან, მომდინარეობენ ძველი საქართველოს ერთი რომელიმე ლიტერატურულ - კულტურული ცენტრიდან და ინგუშეთში ერთდროულად არიან მოხვედრილი.
29. დაღისტანში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველო - დაღისტნის კულტურულ - ისტორიულ ურთიერთობათა შესასწავლად 1976 წ. ჩამოყალიბდა საქართველოსა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიების საქართველო - დაღისტნის გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიცია.
30. თ.ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან XV - XVIII სს., თბ., 1968, გვ.116, 199-205; თ.პაპუაშვილი, ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970, გვ.332-335.
31. კ.კეკელიძე, ქართული კულტურის ისტორიისათვის მონღოლთა ბატონობის ხანაში. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ.. 1945, ტ.II, გვ.318-319.
32. Шмерлинг Р.О. Церковь в с.Датуна в Дагестане. ”მაცნე“, თბ., 1968, N2, გვ.211-218.
33. არსებობს პირველი მათგანის სხვა დათარიღებაც (XII-XIII სს.). იხ. Дебиров П.М., Резьба по камню в Дагестане. М., 1966, с.114.
34. რ.რამიშვილი, ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, I, სიონი. თბ., 1970, გვ.30-31.
35. ა.ჩიქობავა, ქართულ - ხუნძური წარწერა XIV საუკუნის, დაღისტნიდან, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მოამბე, ტ.I, №4, თბ., 1940, გვ.321-327; ტ.გუდავა, ორი წარწერა (ქართული და ქართულ - ხუნძური) დაღესტნიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, თბ., 1954, ნაკვ.30, გვ.185-196; Атаев Д.М., Каменные кресты из окрестностей Хунзаха, МАД, Махачкала, 1959, с.182-185; Шиллинг Е.М., Дагестанская экспедиция 1945 г., КСИЭ. 1947, с.19.
*В виде доклада был прочтен на II Международном симпозиуме по грузинскому искусству; см. Материалы симпозиума. Тб., 1977.
Г. Г. ГАМБАШИДЗЕ
К ВОПРОСУ О КУЛЬТУРНО-ИСТОРИЧЕСКИХ СВЯЗАХ СРЕДНЕВЕКОВОЙ ГРУЗИИ С НАРОДАМИ СЕВЕРНОГО КАВКАЗА
Резюме
Изучение исторических взаимосвязей между народами Грузи» и Северного Кавказа одна из актуальных и значительных проблем кавказоведения. Общеизвестны результаты исследований историков, этнографов, лингвистов, антропологов и археологов в этом направлении.
В свете новейших исследований, все возрастающий интерес привлекают сведения грузинского историка XI в. Леонти Мровели о древней истории Грузии и Кавказа и особенно, его этно- генетическая концепция народов Кавказа, согласно которой, эти народы признаны потомками единого праотца — Таргамоса. Вышеназванная концепция о ближайшем родстве кавказских народов, очевидно, отражавшая и далекие традиции и мировоззрение своей эпохи, интересна и тем, что была предложена в условиях нарождения общекавказского государства.
С античной эпохи, со времен возникновения государственности в Грузии, отношения народов Грузии и Кавказа (которые исторически никогда не прекращались, многочисленные материальные подтверждения чего существуют в археологических культурах предшествующих эпох), получают новую силу и значимость. Эти связи были экономического, политического и культурного характера. Идеологическо-культурной основой отношений средневековой Грузии и народов Сев. Кавказа являлась христианская религия и феодальная культура, которые еще больше сближали и теснее связывали народы Кавказа, что давала им возможность, решать глубинные задачи, порожденные их историческим развитием. Эти задачи были как внутреннего (феодально-формационного характера), так и общекавказского масштаба (защита от северных кочевников и южных сильных государств, экономические связи горных и равнинных хозяйств и т.д.). Понимание и решение задач такого порядка было возможным лишь при близости и общности культур. Известно, какую огромную роль сыграла христианская церковь и культура в политической консолидации Грузии. Аналогичную роль сыграла она в сближении народов Грузии и Кавказа.
Для наиболее полного исследования грузинско-кавказских культурных взаимоотношений и истории христианства на Сев. Кавказе, на повестке дня стоит комплексное изучение как конкретных памятников и вопросов, так и проблемы в целом.
Целью представленной работы является иллюстрирование средневековых грузинско-северокавказских связей по некоторым памятникам ареала грузинской культуры в следующих регионах Центрального и Восточного Кавказа: Двалетии (СО АССР), Ингушетии (ЧИ АССР), Аварии (Д АССР).
Из изучения памятников ареала грузинской средневековой культуры, существующих на Сев.Кавказе, явствует, что массовое их появление падает на X в. До полного объединения Грузии, инициаторами распространения христианства и феодальной культуры в Двалетии выступает Картли, в Ингушетии и Аварии же, Кахетинское княжество (в Западной и Центральной части Кавказа в этой роли видим западногрузинское царство), а после воссоединения, центральная государственная власть Грузии. Отдельно следует отметить роль Мцхетского католикосата. Этот процесс культурного сближения был обоюдно позитивным историческим явлением, к сожалению, редуци-рованым после татаро-монгольских и особенно, тамерлановских нашествий.
|