There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ა.ვოლსკაია
კედლის მხატვრობის ფრაგმენტები "ხოზიტა–მაირამის" ქართულ ტაძარში
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.XV, №6, 1954,
ხელოვნების ისტორია
(წარმოადგინა აკადემიის ნამდვილმა წევრმა გ.ჩუბინაშვილმა 4.1.1954)
ჩრდილოეთ ოსეთის ასს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მდინარე ზრუგდონის (მდ.არდონის შენაკადი) ხეობაში, დგას ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები, ამჟამად ცნობილი ოსური სახელწოდებით "ხოზიტა-მაირამი". ეს ტაძარი ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ თავისი, გარკვეული ეპოქისათვის დამახასიათებელი, არქიტექტურით, არამედ კედლის მხატვრობის ფრაგმენტებითაც. ამ ძეგლის შესწავლა დიდ ინტერესს წარმოადგენს საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთის ხალხების კულტურული კავშირის კვლევის საქმეში. ტაძარი "ხოზიტა-მაირამი“ მოხსენებულია ცალკეულ ნაბეჭდ შრომებში, მაგრამ არც ტაძრის არქიტექტურა, არც ფერწერა, რომელიც ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს, სპეციალურად შესწავლილი და სრულად აღწერილი არ ყოფილა1. 1951 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ, რომელიც მუშაობდა ჩრდილოეთ ოსეთში, შეისწავლა ეს ტაძარი. ადგილზე ჩატარდა აზომვა, ტაძრის აღწერა და მისი ფოტოფიქსაცია. ტაძრის არქიტექტურის შესწავლამ შესაძლო გახადა მისი ადგილის გარკვევა XI საუკუნის პირველი ათეული წლების ქართული არქიტექტურის ანალოგიური ძეგლების რიგში[3]. ამჟამად, ძეგლის ცუდი დაცულობის გამო (დანგრეულია კამარა, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლები), კედლის მხატვრობა წარმოდგენილია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახით. ძირითადად შენახულია მხოლოდ მონახაზი მღვდელმთავართა გამოსახულებებისა საკურთხეველში და "ჯვარცმის" სცენისა სამხრეთის კედელზე. საღებავის ფენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრულიად ჩამორეცხილია მაგრამ, მიუხედავად კედლის მხატვრობის ცუდი დაცულობისა, ეს ცალკეული ფრაგმენტები საშუალებას გვაძლევს ნაწილობრივ მაინც წარმოვიდგინოთ მოხატულობის საერთო აღნაგობის სქემა და გავარკვიოთ მისი შექმნის დრო. ფრაგმენტების მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ, რომ მხატვრობა იატაკიდან საკმაოდ მაღლა იწყებოდა და განლაგებული იყო ორ რეგისტრად, რომლებსაც ერთმანეთისაგან ყოფდა ვიწრო მოწითალო-ყავისფერი ზოლი. ამგვარადვე გამოიყოფოდა ერთიმეორისაგან რეგისტრების სცენებიც. აფსიდის კონქში, რომლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია შერჩენილი, მოხატულობა არ შენახულა. აფსიდის კედელზე გაშლილი იყო: ერთი მოციქულთა და ერთი მღვდელმთავართა რეგისტრი. ზემო რეგისტრების ფიგურებიდან მხოლოდ ზოგან არის შერჩენილი სახეებისა და შარავანდების მოხაზულობა და აგრეთვე სამოსელის ქვემო კალთები და ფეხის ტერფები. ქვემო, უფრო ფართო, რეგისტრში, რომელიც აფსიდის სარკმლის ზემო დონეზე იწყება, გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი მკვეთრი ფრონტალური დაყენებით. ცალი ხელი მათ აწეული აქვთ კურთხევის ნიშნად, მეორეში დაკეცილი სახარება უჭირავთ. ამჟამად შერჩენილია მხოლოდ რამდენიმე ფიგურის მონახაზი. მღვდელმთავართა დიდი ზომის სტატიკური ფიგურები მკაფიო და მკაცრად შეკრული კონტურით მონუმენტალურ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ტაძრის სამხრეთი კედელი, რომელიც პილასტრებზე დაყრდნობილ ორი პედლის თაღით არის გაყოფილი, მოხატული ყოფილა მთელი რიგი კომპოზიციებით. კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ზემო რეგისტრში, რომელიც სარკმლის ქვემო დონეზე თავდებოდა, მოთავსებულია ორი სცენა, რომლებსაც მაღალი სარკმელი ყოფს. სარკმლის მარცხენა მხარეს, საფიქრებელია, გამოსახული იყო "ელისაბედისა და მარიამის შეხვედრა“, რომლისგანაც ადგილ-ადგილ გადარჩენილია მხოლოდ ურთიერთისაკენ მიმართულ, ახლო მდგომ ქალების ფიგურათა კონტურები. უკეთ გაირჩევა კაბის ქვემო კალთის მონახაზი, რომლიდანაც მოჩანს ფეხსაცმელები; ერთერთ ფიგურას შერჩენილი აქვს" ფეხსაცმელებზე მოყავისფრო-წითელი ფერი. ზემო რეგისტრის შემდეგი კომპოზიცია, მისი ცუდი დაცულობის გამო, ძნელი დასადგენია. ძლიერ სუსტად ირჩევა ერთმანეთთან ახლო განლაგებული, შარავანდით შემკული სამი თავის მოხაზულობა. ორ ფიგურაზე გაირჩევა მკერდთან მიტანილი, ნებით მაყურებლისკენ მიმართული ხელები. როგორც ჩანს, აქ გამოსახული იყო სამი წმინდანი. ქვემო რეგისტრში, ზემო რეგისტრის შესაბამისად, წარმოდგენილია ორი სცენა: "ჯვარცმა" და "მენელსაცხებლე დედანი საფლავთან". "ჯვარცმის" სცენა (ნახ.1), სამხრეთის კედლის სხვა კომპოზიციებისაგან განსხვავებით, თითქმის მთლიანად არის შენახული მონახაზის სახით და რამდენადმე წარმოდგენას გვაძლევს მხატვრის მიერ მისი შესრულების მანერაზე. ამ კომპოზიციის იკონოგრაფიული ნიშნები ჩვეულებრივია შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისათვის. ანალოგიურად აგებული კომპოზიცია გვაქვს, მაგალითად, ბოჭორმის მოხატულობაში, რომელიც XII ს-ის შუა წლებს მიეკუთვნება.
"ჯვარცმის" კომპოზიცია, როგორც სამხრეთის კედლის ამავე ნაწილზე მოთავსებული სხვა სცენები, აგებულია მცირე ზომის ფიგურებისაგან. კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილია ჯვარი ჯვარცმული ქრისტეს ფიგურით; ჯვარცმულის თავი ოდნავ გვერდზეა დახრილი, სხეულის გახრა მოქნილ ხაზს ქმნის. ქვემოთ, ჯვრის მარცხნივ, დგანან სამი მეოთხედით მობრუნებით ღვთისმშობელი და მის უკან ერთ-ერთი დედათაგანი ღვთისმშობელს ცალი ხელი სახესთან აქვს მიტანილი, მეორით შვილზე მიუთითებს. ჯვრის მარჯვნივ, ოდნავი მობრუნებით გამოსახულია იოანე მკერდთან მიტანილი ხელით; მის უკან ჩანს მეომარი დიდი მრგვალი ფარით. გადაჯვარედინების ზემოთ გამოსახულია ცენტრისაკენ დახრილი ორი ანგელოზის ნახევარფიგურა. ანგელოზები ორივე ხელით ქრისტეზე მიუთითებენ. ფიგურებს, საერთო სიმკაცრესთან ერთად, გარკვეული ლირიკული განწყობილება ახასიათებს, რაც მათ სტილისტიკურად აახლოებს "ჯვარცმის" სცენასთან ბოჭორმის და ბეთანიის (XIII ს. დამდეგი) მხატვრობაში. "ჯვარცმის" სცენისათვის "ხოზიტა-მაირამის" ტაძრის მხატვრობაში დამახასიათებელია კომპოზიციის შეკრული აგებულება და აქცენტების რიტმული განაწილება მთავარი გამოსახულების ირგვლივ. მხატვარი კომპოზიციაში წყვეტს დეკორაციულ ამოცანებს სწორი და მომრგვალებული ხაზების რიტმული შეხამებით (ანგელოზების ფიგურების ნარნარი დახრა, ჯვარცმულის დაშვებული ტორსის მოხდენილი მოხაზულობა, ჯვარცმის წინაშე მდგომელთა დახრილი თავების მსუბუქი მოძრაობა). რაც შეეხება მოწითალო ფერის საღებავით შესრულებულ მონახაზს, მისთვის დამახასიათებელია მხატვრის დახელოვნებული ხელით გავლებული ფაქიზი, კონტურული ნახატი. ამ კომპოზიციის ფიგურები, ისევე როგორც სხვა სცენების გამოსახულებანი, რამდენადმე წაგრძელებული პროპორციებით გამოირჩევა. კონტურის მკაფიო და დახელოვნებული ნახატი ნარნარად კრავს ფიგურას თითოეულ ცალკეულ დეტალში, მაგალითად, ფაქიზად მდინარ ხაზში, რომლითაც მხატვარი გადმოსცემს თავიდან ჩამოშვებულ მაფორის რბილ ნაოჭებს, ან ხელის მტევნის დახვეწილ მოხაზულობაში, იგრძნობა კონტურის ხაზის მოხდენილობა და სიფაქიზე. ჯვარცმის სცენას მისდევს კომპოზიცია "მენელსაცხებლე დედანი საფლავთან“, რომლისგანაც შერჩენილია ორი ქალის ფიგურის მონახაზი და ადგილ-ადგილ ანგელოზის ფრთის ოდნავ შესამჩნევი მოხაზულობა. დამახასიათებელია, რომ ერთმანეთის გვერდზე მოთავსებული კომპოზიციები მკვეთრად არ იყო გამოყოფილი ურთიერთისაგან ფარიანი მეომრის ფიგურა "ჯვარცმის" სცენიდან ნაწილობრივ გადადის მომდევნო კომპოზიციის არეზე. ცალკეული კომპოზიციების მტკიცე საზღვრების ასეთსავე დარღვევას აქვს ადგილი ბოჭორმის მხატვრობაშიც. ეს მომენტი მოწმობს, რომ "ხოზიტა-მაირამის" მოხატულობაში ისახება კომპოზიციების განაწილების მხრივ მკაცრი მონუმენტალობის პრინციპების დარღვევის ტენდენცია. სამხრეთის კედლის დასავლეთ მონაკვეთში, ზემო რეგისტრში გამოსახული იყო "წმ.ევსტატეს ნადირობა“, რომელიც საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული2. ამჟამად კომპოზიცია ძნელად იკითხება. ჩვეულებისამებრ ის ორი ფიგურისაგან არის აგებული; მხედარი, რომელიც მშვილდით ისარს ისვრის, გამოსახულია სარკმლის მარცხნივ, მარჯვნივ კი - გაქცეული ირემი. ფიგურებს მონუმენტალური ხასიათი აქვს. ირემი გამოსახულია დიდი განშტოებული რქებით, უკან გადაწეული თავით; რქებს შორის ახლაც ირჩევა ქრისტეს შარავანდის სუსტი მოხაზულობა. სარკმლით გაყოფილი ეს ორი ფიგურა კარგად არის დაკავშირებული ერთმანეთთან არა მხოლოდ თვით ფიგურების მოძრაობით, არამედ სარკმლის თავზე, სცენის ცენტრალურ ნაწილში გამოსახული მზითაც. განსხვავებით კედლის აღმოსავლეთის მონაკვეთის ზემო რეგისტრისგან, სადაც სარკმლის ორივე მხარეს გამოსახული იყო ორი კომპოზიცია, კედლის დასავლეთ ნაწილში მხატვარი ათავსებს მხოლოდ ერთ სცენას, რომელიც წარმოდგენილია მსხვილი ფიგურებით. მაგრამ სარკმლის წყალობით ეს კომპოზიცია ორ ნაწილად ნაწევრდება სცენის აღნაგობის მონუმენტალობის შეგრძნება ერთგვარად ნელდება და ზემო რეგისტრების ორივე მონაკვეთის სცენები კარგად უკავშირდება ერთმანეთს საერთო დეკორაციული შთაბეჭდილების თვალსაზრისით. ქვემო რეგისტრში, ტაძარში შესასვლელი კარის თავზე, მარჯვნივ გაირჩევა შიშველი ფიგურების (?) მოხაზულობა. "ხოზიტა-მაირამის" მხატვრობაში ორნამენტის როლი საგრძნობლადაა შემცირებული, რაც დამახასიათებელია შედარებით უფრო გვიანი ხანის შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობისათვის. შუა საუკუნეების ქართული ტაძრების მოხატულობაში ფართოდ გავრცელებული მსხვილი კიბისებური ორნამენტით დაფარულია კედლის თაღებისა და პილასტრების მხოლოდ გვერდითი წახნაგები, ხოლო პილასტრის ზედაპირი შევსებულია წმინდანის გამოსახულებით და არა ჩვეულებრივი მონუმენტალური სტილის მხატვრობისათვის დამახასიათებელი ორნამენტული მოტივით. საკურთხევლის სარკმელში შერჩენილი ორნამენტის ნაშთების მიხედვით (ნახ.2) შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტაძრის სხვა სარკმლებიც ორნამენტით იყო დეკორირებული. ანალოგიური მცენარეული ორნამენტი გვხვდება XI–XII საუკუნეთა მრავალ ქართულ ფერწერაში. კედლის მხატვრობა ამკობდა აგრეთვე სამხრეთი კედლის შესასვლელის ტიმპანს გარედან. მხატვრობისგან დარჩენილია მხოლოდ ცისფერი ფონი და ჯვარედი შარავანდით შემკული ქრისტეს ნახევარფიგურის სუსტი მოხაზულობა. მიუხედავად იმისა, რომ "ხოზიტა-მაირამის" ტაძარში კედლის მხატვრობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაშთებია შერჩენილი, ის ცალკეული თავისებურებანი, რომლებიც მჟღავნდება კომპოზიციების აღნაგობაში, აგრეთვე მონახაზ–ნახატის ხასიათი, საშუალებას გვაძლევენ დაახლოებით ვივარაუდოთ მისი შესრულების დრო. გარკვეულ მონუმენტალობასთან ერთად, რაც დამახასიათებელია ადრინდელი - XI ს.-ის - ქართული მხატვრობისათვის (მღვდელმთავართა ფრონტალური მსხვილი ფიგურები, "წმ.ევსტატეს ნადირობის" კომპოზიციის მონუმენტალური და მკაფიო აგება), "ხოზიტა-მაირამის" მოხატულობაში შესამჩნევია მთელი რიგი ნიშნები, რომლებიც მოწმობენ მოხატულობათა მონუმენტალური აგების პრინციპებიდან ჩამოშორებას და მეტი დინამიკურობისა და დეკორაციულობისაკენ მისწრაფებას, რაც დამახასიათებელია XII ს. მეორე ნახევრისა და XIII ს. დამდეგის ქართული კედლის მხატვრობისათვის. კერძოდ, ეს მჟღავნდება სცენებში ფიგურების ზომის მნიშვნელოვან შემცირებაში, "ჯვარცმის" კომპოზიციის დეკორაციულ აგებაში. თავისებურებებს, რომელნიც მოწმობენ კედლის მხატვრობის მონუმენტალური აგების პრინციპებიდან გადახვევას, მიეკუთვნება ისეთი ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, ფიგურების მოთავსება პილასტრებზე, ორნამენტის, როგორც მკაცრი არქიტექტონიკური ელემენტის როლის შემცირება, კომპოზიციის მკვეთრად გამოყოფილი საზღვრების დარღვევა.
დასასრულ, თვით კონტურული ნახატის ხასიათი, ე.ი. მისი ერთგვარი სიმკაცრე და იმავე დროს, ხაზების რბილი, ნარნარი დინება, დამახასიათებელია XII ს. მეორე ნახევრის შემდგომი ხანის ქართული მხატვრობისათვის. იმ ცალკეული ნიშნების მიხედვით, რომლებიც "ხოზიტა-მაირამის" მხატვრობის განხილვისას მჟღავნდება, მისი შესრულება შეიძლება XII ს-ის მეორე ნახევრით განისაზღვროს. ჩრდილოეთ ოსეთის ასს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამჟამად ცნობილია შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის მხოლოდ ორი ნიმუში: ერთი მათგანია „ხოზიტა-მაირამის“, მეორე - არდონის ხეობაში ნუზალის პატარა ეკლესიის მოხატულობა, რომელიც XIII ს. მიეკუთვნება. ორივე ეს მოხატულობა უდავოდ ქართულია; ამაზე პირველი ძეგლის მხატვრობაში მიგვითითებს მისი სტილისტიკური ხასიათი, რომელიც ანალოგიებს პოვებს შუა საუკუნეების საქართველოს გარკვეული ხანის კედლის მხატვრობაში, ხოლო ნუზალის კედლის მხატვრობის შესრულება ქართველი ოსტატის მიერ, ამას გარდა, დასტურდება ქართული ასომთავრული წარწერებით, რომლებიც თან ახლავს გამოსახულებებს. ჩრდილოეთ ოსეთში ქართული არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ძეგლების არსებობა კანონზომიერადაა გაპირობებული იმდროინდელ საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობით ([4], გვ.4-7), რის ერთ - ერთ გამოხატულებასაც წარმოადგენს ტაძრების მშენებლობა ქართველი მისიონერების მიერ ([5], გვ.117).
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი
თბილისი
(რედაქციას მოუვიდა 25.1.1954)
-----------------------------------------------------------------------
1.ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც გამოაქვეყნა ცნობები ამ ტაძრის შესახებ, იყო ვ.მარკოვინი, რომელმაც XIX ს. უკანასკნელ წლებში იმოგზაურა არდონის ხეობაში.მაგრამ მარკოვიჩის ცნობები ([1], გვ.191—192) მეტად ზოგადი ხასიათისაა. როდესაც კედლის მხატვრობას ეხება, ავტორი მხოლოდ აღნიშნავს, რომ ის ცუდად არის დაცული და ჩამოთვლის საკმაოდ არასრულად, მონახაზის სახით შერჩენილ გამოსახულებებს–თორმეტ ფიგურას საკურთხეველში და "ჯვარცმის" სცენასსამხრეთის კედელზე, რომლებიც, მისი აზრით, დიდი ხელოვნებითაა შესრულებული. ასევე მცირე ცნობებს გვაძლევს მხატვრობის შესახებ პროფ.ლ.სემენოვი. მასეს ცნობები მიუღია ერთი ტურისტისაგან, რომელმაც "ხოხიტა–მაირამის" ძეგლი 1934 წელს ინახულა ([2], გვ.108).
2.კომპოზიცია „წმ.ევსტატეს ნადირობა“ საქართველოში გვხვდება როგორც ადრექრისტიანულ ძეგლებში (მაგალითად, სტელაზე დავიდ გარეჯიდან, წებელდის ფილის ფრაგმენტზე)» ისე შუა საუკუნეების ხელოვნების ნაწარმოებებშიც, კერძოდ ტაძრების ჰედლის მხატვრობაში, მაგალითად, სვანეთის ეკლესიების ფასადების მხატვრობაში (ლაღაში, ლაშთხვერი) და ზელობანის (ივერეთი) ეკლესიაში. ამავე სცენის გამოსახულებას ვხედავთ ჩრდილოეთ ოსეთის კიდევ ერთი ეკლესიის ქართულ კედლის მხატვრობაში—სოფელ ნუხალში (არდონის ხეობა).
დამოწმებული ლიტერატურა
1. Маркович В.В. "В верховьях Ардона и Риона", Записки Императорского Русского Географического Общества по общей географии, том XXXVIII, №3б, СПб, 1906.
2. Семенов Л.П. Археологические разыскания в Северной Осетии // Изв. СОНИИ, 1948. Т.XII. С.116.
3. Долидзе В.О. Хозита-Майрам - документ культурных связей Грузии с народами Сев. Кавказа // Сообщ. АН ГССР. Тбилиси, 1954. Т.15. №2. С.119-126;
4. Кулаковский Ю. Христианство у Алан 1898 г. Византийский Временник. - СПб.; Leipzig : К.Л.Риккер, 1898. - Т.V, вып.1-2.
5. Б.Скитский. Очерки по истории осетинского народа с древнейших времен до 1867 года, Дзауджикау, 1947, 194 с., 8 л.
|