topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

არუხლოს გორა (შულავერ-შომუთეფეს კულტურა)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<სიახლეები, აღმოჩენები>>>

ლ.სუხიშვილის ფოტო

არუხლოს გორა (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

(წყარო: http://heritagesites.ge/?lang=geo&page=383)

არუხლოს გორა - შულავერ-შომუთეფეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარი ბოლნისის რაიონში, სოფელ ნახიდურთან, მდინარეების ქცია-ხრამისა და მაშავერას შესართავის მახლობლად მდებარეობს. არუხლოს გორაზე გათხრილია ქ.წ. VI-V ათასწლეულის ალიზის მრგვალი საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ორმოები და სხვ. არუხლოს გორას შემოვლებული ჰქონდა თავდაცვითი თხრილი. აღმოჩენილია ქვიშანარევი თიხისგან ნაძერწი ჭურჭელი, მიწის დასამუშავებელი ქვის, ძვლისა და რქის იარაღები, ქვის ქანდაკებები და მრავალნაბეჭდიანი თიხის ბულა, რომელზედაც ირემი და ლომია გამოსახული. არუხლოს გორაზე გამოვლენილია, აგრეთვე ანტიკური ხანის, ქ.წ. VI-IV საუკუნეების ნამოსახლარი, ნაგებობათა ქვის წყობის ნაშთები, სამეურნეო ორმოები და სამარხები.

Т. Чубинишвили - «К древней истории Южного Кавказа» т. I, Тб. 1971.

Т. Чубинишвили, К. Кушнарева – Новые материалы по энеолиту Южного Кавказа, „მაცნე,“ N6, 1967.


ლ.სუხიშვილის ფოტო

არუხლოს გორა, ნახიდური, მრავალფენიანი ნამოსახლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ნახიდურთან, მდინარე ქცია-ხრამის და მაშავერის შესართავთან. არუხლოს გორაზე გათხრილია ენეოლითური ხანის (ძვ.წ. V-IV ათასწლეულები) ფენები (ალიზის მრგვალი საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ორმოები და სხვა). არუხლოს გორას შემოვლებული ჰქონდა თავდაცვითი თხრილი. აღმოჩენილია ქვიშანარევი თიხის ნაძერწი ჭურჭელი, მიწის დასამუშავებელი ქვის. რქისა და ძვლის იარაღი, ქვის ქანდაკებები, ალიზის ძირბრტყელი, ამობურცულზედაპირიანი აგურები და მრგვალანაბეჭდებიანი თიხის ბულა, რომელზედაც ირემი და ლომია გამოსახული. არუხლოს გორის კულტურა ქრონოლოგიურად მტკვარ-არაქსის კულტურის წინამორბედია. მისი საწყისი ეტაპი ჩრდილოეთ მესოპოტამიის ჰასუნის და ჰალაფის კულტურებს უახლოვდება. შულავრის გორაზე ამავე კულტურის შემცველი ფენა რადიოაქტიური ნახშირბადის მეთოდით დათარიღებულია 6625 ± 210 წლით (ძვ.წ. 4655 ± 210). არუხლოს გორაზე არის ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ.წ. VI-IV საუკუნები) ნამოსახლარიც (ნაგებობათა ქვის წყობის ნაშთები, სამეურნეო ორმოები და სამარხები).

http://ka.wikipedia.org/wiki/არუხლოს_გორა

ქვემო ქართლში სამოცდაათიან წლებში ლალი ჯავახიშვილმა მიაკვლია ადრე სამიწათმოქმედო კულტურას, რომელსაც შულავერ - შომუთეფეს კულტურას ეძახიან და თარიღდებ ძვ.წ. მეექვსე-მეხუთე ათასწლეულით. რასაც ხედავთ სურათებზე მეექვსე ათასწლეულის დასაწყისია. რაც მთავარია ეს ხალხი ღვინოს სვამდა - წიპწებია ნაპოვნი და სარწყავი....

კ.ხიმშიაშვილი

https://picasaweb.google.com/107801737042989787154/zccQGL02#

აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (რვა ტომად, ტომი II), ენეოლითი - ადრე ბრინჯაოს ხანა // სარედაქციო კოლეგია: ისტ.მეცნ დოქტორი ო.ლორთქიფანიძე, (მთავარი რედაქტორი), ისტ.მეცნ. დოქტორი ა.ჯალაღონია, (პასუხისმგებელი მდივანი), ისტ. მეცნ. დოქტორი თ.მიქელაძე, ისტ. მეცნ კანდიდატი გ.ცქიტიშვილი, ისტ. მეცნ კანდიდატი ვ.მ.ჯაფარიძე. რედაქტორი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ.კორ - ო.ჯაფარიძე. რეცენზენტები - ისტ. მეცნ კანდიდატები: თ.კიღურაძე, ლ.ნებიერიძე. თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1992 წელი.

§2. ენეოლითური ხანის ძეგლები აღმოსავლეთ საქართველოში.

არუხლო I-IV (ტაბ. XXIII-XLII, LIII- 22-25; LIV -1-14, LV-LXII)

ტაბ.23 ტაბ.24 ტაბ.25 ტაბ.26 ტაბ.27 ტაბ.28 ტაბ.29 ტაბ.30 ტაბ.31 ტაბ.32 

არუხლოს ჯგუფის ძეგლები მდებარეობს ბოლნისის რაიონში, მდინარეების - ხრამისა და მაშავერას შესართავთან, სოფელ არახლოსა და ასანხოჯალოს შორის. ამ ჯგუფში თავისი ზომებით გამოირჩევა არუხლო I. მისი დიამეტრია 100-150 მ., სიმაღლე-6 მ. ნასოფლარის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კიდევ სამი სამოსახლო ბორცვი. ძეგლს იკვლევდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვემო ქართლის ექსპედიცია, ტ.ჩუბინიშვილისა (1966-76 წწ.) და დ.გოგელიას (1978-85 წწ.) ხელმძღვანელობით. არუხლო I-ზე გათხრილია 800 კვ.მ-ზე მეტი ფართობი; ამას გარდა, ბორცვის გარშემო და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლებულია რადიალური საძიებო თხრილები. ნასოფლარის ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორის გათხრების შედეგად ბორცვის ამ მონაკვეთზე გამოიყო შვიდი სამშენებლო ჰორიზონტი. ექვსი წარმოდგენილია ამ ტიპის სამოსახლოებისათვის დამახასიათებელი ალიზით ნაშენი სათავსოებით. ქვედა, მეშვიდე სამშენებლო ჰორიზონტს მიეკუთვნება თიხნარ გრუნტში ჩაჭრილი ნახევარმიწურები და თხრილები. სამოსახლო ბორცვის დაახლოებით შუა ნაწილში გამოიკვეთა ოვალური მოყვანილობის ცენტრალური მოედნის ნაწილი, რომლის მხოლოდ მეორე სამშენებლო ჰორიზონტზე აღმოჩნდა ცალკე მდგომი N 26 ოთხკუთხა შენობის ჩრდილოეთი ნაწილი. ერთი ასევე ოთხკუთხა №19 შენობა გამოვლინდა ზედა, პირველ სამშენებლო ჰორიზონტზეც. აღნიშნული ნაგებობა კედლის ტიხარით დაკავშირებულია წრიულ-გუმბათურ NN 4 და 39 სათავსოსთან. ნასოფლარის ზედა ფენები დაზიანებულია გვიანდელი სამარხებითა და ორმოებით, რის გამოც საცხოვრებელი კომპლექსების გამოყოფა ზედა ჰორიზონტებზე არ მოხერხდა. მესამე სამშენებლო ჰორიზონტზე უკვე შეიმჩნევა შენობების განლაგების გარკვეული წესი. დადასტურებულია სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებისაგან შედგენილი საცხოვრებელი კომპლექსების ცენტრალური მოედნის ირგვლივ განლაგება. ხშირად სხვადასხვა სამშენებლო ჰორიზონტის საცხოვრებელი კომპლექსები თითქმის ერთსა და იმავე ადგილას არის ნაშენი. დიდი ზომის (4,60 მდე დიამეტრის) საცხოვრებელი შენობა გვხვდება ბორცვის ქვედა, IV-VI სამშენებლო ჰორიზონტზე. სამოსახლოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ბორცვზე დადასტურებული შენობებისაგან განსხვავებული რვა ნახევარმიწური. ამგვარი სათავსოს კონტურები შეინიშნება ბორცვის გარეთ გავლებულ №№ 5, 10, 11 და 23 თხრილების ჭრილშიც. ნახევარმიწურებს აქვთ ოვალური ან წრიული მოყვანილობა, დიამეტრია 2.40-4.60 მ. სათავსოს ნაშთი ჩნდება მხოლოდ თიხნარი გრუნტის დონეზე, რომლის ზემოთაც ნაგებობის კვალი არ დაფიქსირებულა. ნახევარმიწურები გრუნტში ჩაჭრილია 1 მ-ის სიღრმეზე. ზოგიერთ სათავსოში აღმოჩნდა თიხით მოლესილი იატაკი. ორი ნახევარმიწურის ცენტრალურ ნაწილში გაიწმინდა ორმოს ნაშთი, რაც საყრდენი ბოძის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. ამგვარი სათავსოები ორ-ორია ერთად განლაგებული და ერთმანეთთან დაკავშირებულია. №№ 11 და 12 ნახევარმიწურები ერთ სიმაღლეზეა ჩაჭრილი გრუნტში. NN13, 14 და №№15, 16 ნახევარმიწურები კი სხვადასხვა დონეზე მდებარეობს. ამათგან №№13 და 15 სათავსო გრუნტში ჩაჭრილია 0,50 მ-ზე და შედარებით მომცრო ზომისაა. მათ ძირზე, თიხით მოლესილ იატაკზე, კარგად შეინიშნებოდა ცეცხლის დანთების კვალი, შევსებაში კი დიდი რაოდენობით ჩნდებოდა ნაცარი. როგორც ჩანს, NN13, 15 ნახევარმიწურები სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებია, ხოლო №№14 და 16-საცხოვრებელი. ნასოფლარის ამ მონაკვეთზე გამოვლენილია ორი სხვადასხვა კონფიგურაციის თხრილი. ბორცვთან ახლოს მდებარეობს ოვალური მოყვანილობის ვიწრო ძირი აქვს, რომელიც 9,83 მ-ის დონეზეა. თხრილის ჩრდილოეთი მონაკვეთი კვეთს N18 ნახევარმიწურს. სამხრეთი ნაწილი ციცაბოდ ადის მაღლა და ქიმისებური შემაღლებით მთავრდება 5,10 მ-ის დონეზე. თხრილის თავზე არც ერთი ალიზით ნაგები ნათავსო არ გამოვლენილა. ამგვარი ნაგებობის ჩრდილოეთი ნაწილი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დგას უშუალოდ თხრილის ქიმისებურ ზვინულზე. როგორც ჩანს, თხრილს თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა და გარკვეულად ზღუდავდა ძირითად ნასოფლარს. აღნიშნული თხრილის ჩრდილოეთით აღმოჩნდა ლინზისებური მოყვანილობის მეორე თხრილი. თიხნარი გრუნტის დონეზე მისი სიგანეა 5,10 მ., სიღრმე- 1,30 მ. თხრილის კედლები ირიბად ეშვება 2,15 მ-ის სიგანის ძირისაკენ, რომელიც გათხრილ მონაკვეთზე თითქმის ჰორიზონტალურად არის განფენილი. ამ „გარეთა“ თხრილის მიერ გადაჭრილია N16, 1 ნახევარმიწურები, რაც, ისევე როგორც N 18 სათავსოს შემთხვევაში, თხრილებთან შედარებით, მათ ადრინდელობაზე მიგვანიშნებს. ამგვარად, არუხლო I-ზე პირველი დასახლება წარმოგვიდგება ნახევარმიწურებით შედგენილი ნაგებობებით, რომელიც შემდგომში დაუზიანებია ძირითადი სოფლის თავდაცვით თხრილს. მსგავსი კონფიგურაციის თხრილები დაფიქსირებულია არუხლო I-ის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილშიც და, როგორც ჩანს, სამოსახლო ბორცვს გარსშემოუყვება. ნახევარმიწურების ინვენტარი არ განსხვავდება საკუთრივ ბორცვზე აღმოჩენილი მასალისაგან. კერამიკა აქაც უხეში, ხელით ნაძერწია, გამომწვარია არათანაბრად, მოვარდისფრო - მონაცრისფროდ მურა ყავისფრამდე. იშვიათია ფრაგმენტები წითელი საღებავის, კვალით. თიხა მსხვილმარცვლოვანია, ქვიშა და დანაყილი ბაზალტის ნარევით რამდენიმე ფრაგმენტს ეტყობა მოგლუვების კვალი. წარმოდგენილია კასრისა და ქილის მოყვანილობის ჭურჭლის ფრაგმენტები, ძირები ბრტყელია, ქუსლკამოყვანილი, ხშირად ძირზე ჭილოფის ანაბეჭდის კვალით. ორნამენტის სახით წარმოდენილია პირს ქვემოთ განლაგებული კოპისებრი რელიეფური აძერწობა. რამდენიმე ჭურჭელს მიძერწილი აქვს შვერილი. N14 მიწურის იატაკზე აღმოჩნდა ძელის ზედა სამშენებლო ჰორიზონტზე ნაპოვნი რელიეფური ანტროპომორფული ნაძერწებით შემკული თიხის ჭურჭლის ანალოგიური ფრაგმენტი. აქვე იყო გამოუწვავი თიხის კოვზი, ძვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, აღსანიშნავია, რომ ნახევარმიწურებში არც ერთი მიწის დასამუშავებელი ძვლისა და რქის იარაღი არ აღმოჩენილა. არუხლო I-ზე აღმოჩნდა ექვსი თანადროული სამარხი. მათგან №N7, 8, 9 სამოსახლოს გარეთ, მის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, გაითხარა. სამივე ქვაყრილიანი ორმოსამარხია, ორ შემთხვევაში სამარხის იატაკი დაფარული. იყო წითელი საღებავით. აქ აღმოჩნდა ობსიდიანის იარაღ-ანატკეცები, ძვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, სარდიონის მძივი და საკიდი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. საინტერესოა საშუალო სიმაღლის წითელად შეღებილი თიხის ჭურჭელი - ვერტიკალურად განლაგებული კოპებით ცილინდრულ ყელზე, რომელიც ფორმით ადრებრინჯაოს ხანის ადრეულ კერამიკასთან პოულობს ანალოგიებს. N№10, 11, 12 სამარხები სამოსახლოზეა გამოვლენილი. მიცვალებული აქაც გვერდზეა დასვენებული მოხრილი კიდურებით. სამარხები უინვენტაროა, მხოლოდ N11 სამარხში აღმოჩნდა ძვლის დანისებური იარაღი და სადგისი. არუხლო I სამშენებლო ჰორიზონტების კვლევის დროს აღმოჩნდა დაახლოებით 5000 ეგზემპლარი ნატკეცი ობსიდიანი და ერთეული ცალები სხვა ქანის იარაღისა. ამათგან ორ ზედა ჰორიზონტზე გამოვლინდა 4000 ცალზე მეტი ნატკეცი ობსიდიანი. მთელი ნამოსახლარის მასალა ერთგვაროვანია როგორც დამუშავების ტექნიკით, ისე ტიპოლოგიურადაც. უნდა აღინიშნოს, რომ ქვედა სამშენებლო ჰორიზონტებში, დაწყებული მესამე ჰორიზონტიდან, მკვეთრად იზრდება მასიური, ფართო ლამელების რაოდენობა. ნუკლეუსები ცოტა გვხვდება. მათში სჭარბობს წვრილი პრიზმული და კონუსური. I ჰორიზონტზე ნაპოვნია წვრილი დისკოსებური ნუკლეუსიც. იარაღების დასამზადებლად უმთავრესად გამოყენებულია სწორი ან ოდნავ ამოზურგული მოყვანილობის მცირე და საშუალო სიგანის პრიზმული ლამელები, აგრეთვე ამავე ზომის სამკუთხედის, ოთხკუთხედის მსგავსი და მომრგვალებული მოყვანილობის ანატკეცები. მაგრამ III ჰორიზონტზე და ქვემოთ გამოყენებულია მასიური ფართო ლამელებიც. ამასთან, I-II ჰორიზონტებში ლამელები და ანატკეცები ნამზადებად გამოიყენებოდა დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით. არუხლო I-ის იარაღების მეორადი დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია, ძირითადად, წვრილი დამაბლაგვებელი და წვრილი წამამახვილებელი რეტუში. იარაღის გვერდებზე რეტუში დატანილია ზურგის ან მუცლის მხრიდან, ხშირად მოპირდაპირე სიბრტყეზე. ხშირია ერთ იარაღზე სხვადასხვა ტიპის რეტუშის შერწყმა. არუბღო I-ის ნამოსახლარის იარაღების ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს რეტუშირებული ლამელები და ანატკეცები. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ქვედა სამშენებლო ჰორიზონტებში, მესამედან დაწყებული, ძალზე მაღალია გვერდამოღარული იარაღის რაოდენობა მაშინ, როდესაც ზედა ორ ჰორიზონტში მათ არცთუ ისე მრავლად ვხვდებით. ძირითადად ეს არის გვერდამოღარული ლამელები. ამოღარულ ანატკეცებს შორის ქვედა ჰორიზონტებში გვხვდება ისეთებიც, რომელთა გვერდები ამოღარულია არა რეტუშით, არამედ ფართო ჩამონატეხებით ზურგის მხრიდან. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ბოლოათლილი ნაკეთობა, რომლები ტრასოლოგების მიერ განისაზღვრება, როგორც სატეხისებური იარაღი. მათ ნამზადებად გამოყენებულია ძირითადად ვიწრო ანატკეცები, გაცილებით იშვიათად კი ლამელები. სჭარბობს ერთსამუშაოპირიანი იარაღები. არუხლო I-ის ნამოსახლარის ობსიდიან ინვენტარში ბევრია საჭრისები, ძირითადად ლამელის გადანატეხის კუთხეზე ჩამოყალიბებული, გვხვდება გვერდითი, შუალა და კუთხის საჭრისები. საფხეკებში სჭარბობს ბოლოკიდურა ფორმები, ქვედა ჰორიზონტებში - უპირატესად ლამელებზე დამზადებული. რამდენადმე ნაკლებია ანატკეცების გვერდებზე ნაკეთები საფხეკები. გარკვეული სერიით არის წარმოდგენილი არუხლო I-ის ინვენტარში სახვრეტები, ორ ზედა ჰორიზონტში უფრო მრავლად ანატკეცებზე ნაკეთები. III ჰორიზონტში ისინი თითქმის თანაბარი რაოდენობით გვხვდებიან ანატკეცებზეც და ლამელებზეც, ქვედა ჰორიზონტებში კი პირიქით, მეტია ლამელებზე ნაკეთები. I და IV ჰორიზონტებში აღმოჩნდა ლამელებზე ნაკეთები ორი ბურღი. I სამშენებლო ჰორიზონტის ინვენტარში არის 5 გეომეტრიული მიკროლითი, 3 ტრაპეცია და 2 სეგმენტი. რამდენიმე გვერდრეტუშირებული მიკროლამელა აღმოჩნდა I და II სამშენებლო ჰორიზონტებზე. I ჰორიზონტის ინვენტარში გვხვდება ერთი ფოთლისებური მოყვანილობის ყუნწიანი ისრისპირი. I და III ჰორიზონტებზე აღმოჩენილია ბაზალტის კაჟისა და ობსიდიანის მასიურ ანატკეცებზე დამზადებული რამდენიმე სახოკისებრი იარაღი. გახეხილ გაპრიალებული იარაღები ნამოსახლარზე წარმოდგენილია სოლისებური ცულებითა და სატეხებით; ამგვარი იარაღი მცირე რაოდენობითაა, მაგრამ მაინც პირველ ჰორიზონტში რამდენადმე მეტია, ვიდრე დანარჩენებში. არუხლო I-ის ქვის ინვენტარში გვხვდება ხელსაფქვავები, სახეხები, სანაყები, ფილთაქვები, ხელჩაქუჩები, მცირე ზომის გრდემლები. ტრასოლოგიური მეთოდით შესწავლილია ინვენტარის მცირე ნაწილი. ფუნქციონალური ანალიზის შედეგად აქ განისაზღვრა ხორცის დასამუშავებელი დანები, ნამგლის ჩასართები, ხოწები, ბოლოკიდურა და გვერდითი საფხეკები, სარანდი დანები, სატეხისებური იარაღები, საჭრისები, სახვრეტები, ბურღები და ა.შ. ამ იარაღების ნაწილი დამახასიათებელი იყო მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის მეურნეობისათვის. აქვე გვხვდება შინამრეწეველობაში გამოსაყენებელი იარაღიც. არუხლო I -III-IV სამშენებლო ჰორიზონტების ქვის ინდუსტრიის მიხედვით შეინიშნება ძეგლის არა მარტო კულტურული, არამედ ქრონოლოგიური სიახლოვე შულავერის გორასთან და იმირის გორასთან. არუხლო II-ის სამოსახლო ბორცვი მდებარეობს არუხლო I-ის სამხრეთ - დასავლეთით. ნასოფლარი წაგრძელებული მოწყვანილობისაა - 70X100 მ; სიმაღლეა 3 მ. ძეგლზე ჩატარდა მცირე მასშტაბის სადაზვერვო სამუშაოები. 1973 – 74 წწ. ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილში გაითხარა 32 კვ.მ. ფართობი. სამოსახლოზე გამოიყო სამი სამშენებლო ჰორიზონტი. I სამშენებლო ჰორიზონტი დაზიანებული აღმოჩნდა. ოთხკუთხა მოყვანილობის გვიადელი ქვის შენობით და სამეურნეო დანიშნულების ორმოებით. II სამშენებლო ჰორიზონტის დამწვარი და წითელი საღებავით შეღებილი თიხატკეპნილი იატაკის ფრაგმენტი აღმოჩნდა 2 მ-ის სიღრმეზე. ამავე ჰორიზონტზე გაიწმინდა ალიზით ნაგები 2,60 მ-ის დიამეტრის სათავსო. მის ქვემოთ გამოვლინდა III სამშენებლო ჰორიზონტის ალიზით ნაშენი ნაგებობის ფრაგმენტი, რომელიც იდგა განმარხებულ ნიადაგზე. ნასოფლარზე აღმოჩნდა არუხლო I-სათვის დამახასიათებელი კასრისებური და ქილისებური თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ძვლისა და რქის იარაღები. არუხლო II-ის ნამოსახლარზე მოპოვებულია რამდენიმე ობსიდიანი იარაღი და ყველა მათგანი, მცირე გამონაკლისის გარდა, მეორედაა დამუშავებული. იარაღების ნამზადებად გამოყენებულია სწორი პროფილის პრიზმული მოყვანილობის მსხვილი და საშუალო სიდიდის ლამელები. იარაღების მეორადი დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია დამაბლაგვებელი რეტუში. იმის გამო, რომ კოლექცია მცირეა, ზოგიერთი სახეობის იარაღი წარმოდგენილია მხოლოდ ერთეული ეგზემპლარით. არხუხლო II-ის ძირითადი იარაღის ტიპი არის ერთმხრივ ან, უფრო იშვიათად, ორმხრივრეტუშირებული ლამელა. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი საჭრისები, რომელთა შორის სჭარბობს ლამელების გადატეხის კუთხეზე ჩამოყალიბებული. არის აგრეთვე შუალა, გვერდითი და კუთხის საჭრისები. ამოღარული იარაღები წარმოდგენილია გვერდამოღარული ლამელებით. წვეტანა იშვიათია. გახეხილი იარაღებიდან არუხლო II-ზე აღმოჩენილია სოლისებური ცული. ტრასოლოგიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ წამყვანი სახეობის იარაღებია ხოწები, ერთი ან ორპირიანი ნამგლის ჩასართები, საჭრისები და დანები. აქ, შომუ-თეფეს ნამგლის ჩასართების გარდა, წარმოდგენილია უფრო სრულყოფილი ჩასართებისაგან შემდგარი ნამგლები, რომლებიც ჩასმულია მოღუნულ ბუდეში, საფხეკები, ოპირიანი ხერხები, სატეხისებური საგნები, რეტუშორი და ცული. მრავლად აღმოჩნდა კომბინირებული იარაღი. არუხლო III მდებარეობს სოფ.ასანხოჯალოს ჩრდილოეთით 50 მ-ზე. მისი დიამეტრია 80 მ., სიმაღლე-3,5 მ. ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში 1969 წელს გაიჭრა შურფი (4X4 მ), რომელსაც აღმოსავლეთით მიება 1X20 მ სიგრძის სადაზვერვო თხრილი. შურფის სტრატიგრაფიული მონაცემების მიხედვით სამოსახლოს ამ მონაკვეთზე გამოიყო ორი სამშენებლო ჰორიზონტის კულტურული ფენა. აქ დაფიქსირებულია ალიზით ნაგები შენობის ფრაგმენტი. 1,70 მ-ის სიმაღლეზე გრუნტის დონიდან, თიხატკეპნილი იატავის ქვეშ აღმოჩნდა ორმოსამარხის ნაშთი. ძეგლზე მოპოვებული კერამიკული მასალა არუხლო I-სა და II-ის თიხის ჭურჭლის იდენტურია. ძვლის იარაღი წარმოდგენილია სადგისებითა და საპრoალებლებით. არუხლო III-ის ქვის ინვენტარში 200-ზე მეტი ობსიდიანის იარაღი აღმოჩნდა. ქვედა ჰორიზონტში იარაღები მასალის ნახევარზე მეტია, 6 ნუკლეუსის ნატეხია, დანარჩენი დაუმუშავებელი ლამელები და ანატკეცებია. იარაღების წამყვანი სახეებია რეტუშირებული და ამოღარული ლამელები. ამოღარული ანატკეცები ძალზე ცოტაა. საჭრისები უპირატესად დამზადებულია გატეხილი ლამელის კუთხეზე, მცირე ოდენობით არის აღმოჩენილი აგრეთვე შუალა, გვერდითი, კუთხის და ნისკარტისებური საჭრისები, რეტუშირებული ანატკეცები, ლამელებზე ნაკეთები ასიმეტრიული წვეტანები და სხვა. არუხლო III-ის ობსიდიანის ინვენტარის ტრასოლოგიური გამოკვლევის შედეგად წამყვანი ტიპის იარაღებად წარმოგვიდგება ორპირი ნამგლის ჩასართები, ერთი ან ორსამუშაოპირიანი ხოწები, დანები, საჭრისები, სათლელისებრი დანები. დანარჩენ სახეობათა იარაღები წარმოდგენილია ნაკლები რაოდენობით. ეს არის საჭრისები, უმეტესად გვერდით საჭრისები და სატეხისებური იარაღი. ძეგლის ინვენტარში ჭარბობს კომბინირებული იარაღი. არუხლო III-ის სამხრეთ-დასავლეთით 100 მ-ზე მდებარეობს არუხლო IV სამოსახლო ბორცვი, რომელიც დაზიანებულია სამანქანო გზის მიერ. ეს ნასოფლარი ჯგუფში ყველაზე პატარაა. შემორჩენილი დიამეტრი 40 მ-დეა, სიმაღლე - 1,20 მ. მასალა ინახება ბოლნისის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ტაბ.33 ტაბ.34 ტაბ.35 ტაბ.36 ტაბ.37

ტაბ.38 ტაბ.39 ტაბ.40 ტაბ.41 ტაბ.42 ტაბ.53

ტაბ.54 ტაბ.55 ტაბ.56 ტაბ.57 ტაბ.58 ტაბ.59

ტაბ.60 ტაბ.61 ტაბ.62

ბიბლიოგრაფია:

1. ტ.ჩუბინიშვილი, ენეოლითური კულტურა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, თბ., 1970.

2. ტ.ჩუბინიშვილი, ლ.ნებიერიძე, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის საველე მუშაობის ძირითადი შედეგები. არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში, 1969 წ., თბ., 1971.