<უკან დაბრუნება
კავკასიურ - ახლოაღმოსავლური კრებული XI
ეძღვნება ქალბატონ მერი ინაძეს დაბადების 75 წლისთავის აღსანიშნავად
რედაქტორი: აკად. გრიგოლ გიორგაძე
თბილისი
მემატიანე
2004
გიორგი ქავთარაძე
კავკასიისა და ანატოლიის ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი
(ნაწილი I)...
...გაგრძელება (ნაწილი II)
კავკასია და ანატოლია, ერთიდაიმავე ცირკუმპონტური ზონის, ანუ შავი ზღვის ირგვლივ მდებარე ტერიტორიების აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილები, წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონებს, მათ შორის გადებულ "ხიდებს". ეს გარემოება განსაზღვრავდა ორთავე რეგიონის განვითარების სხვათაგან განმასხვავებელი ნიშან-თვისებების საერთო ხასიათს. მათი ისტორიული, კულტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარება ხასიათდება საშუალედო ადგილით ახლოაღმოსავლურ და ევროპულ ევოლუციურ მოდელებს შორის. ანატოლიასა და კავკასიაში მოიპოვება საბუთები ე.წ. “სიმბიოზური კულტურების” არსებობისათვის, რომლებიც ეფუძნებოდნენ არა მხოლოდ ახლოაღმოსავლურ, არამედ ევროპულ ტრადიციებსაც. მაგ. კავკასიის ყორღანული კულტურები, ან ანატოლიური “სამეფო აკლდამების” კულტურა. კავკასიასა და ანატოლიას ბევრი აქვთ საერთო ტოპოგრაფიული და კლიმატური განსხვავებულობის რეგიონალური თავისებურებებისა და ლითონის მადნეულის საბადოების მხრივ. ორთავე ამ რეგიონის შემადგენელი ნაწილების ერთმანეთის მიმართებით განცალკევებული მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა სრულიად განსხვავებული ხასიათის მოსახლეობის თანაარებობისათვის. კავკასია, ანატოლიის მსგავსად, ხასიათდებოდა კლასთაწარმოქმნის “ანატოლიური მოდელით” - განვითარების ნელი ტემპით და მიწათმოქმედების დაბალი წარმადობით; ეკონომიკური დიფერენციაცია და ხელოსნობის განვითარება ორივე მხარეში სტიმულირებული იყო მეზობელი სირია-მესოპოტამური ცივილიზაციების მიერ. ამავე დროს, მთელმა რიგმა თავისებურებებმა გამოიწვიეს კლასობრივი საზოგადოების აღმოცენება და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება ანატოლიაში ბევრად უფრო ადრე, ვიდრე კავკასიაში - ძვ.წ. გვიან მესამე - ადრე მეორე ათასწლეულში[1] (გვ.51). მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებებში წარმოდგენილია სახელმწიფოთა წარმოქმნის განსხვავებული მოდელები. ბევრად უფრო გვიან ხანაში, ძვ.წ. გვიან მეოთხე - ადრე მესამე საუკუნეებში, იბერიის (აღმოსავლურქართული) სახელმწიფოს წარმოქმნა ცენტრალურ ამიერკავკასიაში, ჩემი აზრით, ძირითადად დაკავშირებული იყო თანადროული ელინისტური საზოგადოების საჭიროებასთან დაეცვა დიდი კავკასიონის მთაგრეხილში გამავალი “კავკასიის კარიბჭე” და მასთან ერთად მთელი იმდროინდელი ახლოაღმოსავლურ - აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთული კულტურული სამყარო გადამთიელი მომთაბარე ტომების მოძალებისაგან.]. საზოგადოებრივ განვითარებაში მომხდარი მსგავსი ხარისხობრივი ნახტომი ითხოვდა მრავალი ცვლილების ურთიერთზემოქმედებასა და შეთანაწყობას. თუმცა ცენტრალურ ანატოლიაში ცხოვრების მეომრული წესი, ძირითადი საშუალება იყო ურთიერთმებრძოლი ტომების მიერ საზოგადოებრივი მოწყობის სახელმწიფოებრივი დონის მისაღწევად [2 Stocker 1987, 372.]. სპეციალურ ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ ცენტრალური ანატოლიის წინა-ხეთური ხანის თემები შედგებოდნენ განსხვავებული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფებისაგან, რომელთა თანაარსებობას “სიმბიოზური” ხასიათი ჰქონდა [3 Orlin 1970, 233; Gorny 1995, 66.]. ზემოაღნიშნული საომარი გარემო საბოლოო ჯამში შედეგი იყო ადრეული ბრინჯაოს ხანის ანატოლიაში ახალი მოსახლეობის განსხვავებული ნაკადების შემოჭრისა, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში. მოსახლეობის ამ ნაკადების წარმომავლობა ანდა მათი შემდგომი ბედ-იღბალი, ჩემი აზრით, დაკავშირებული იყო კავკასიასთან ან მის უშუალოდ მომიჯნავე მხარეებთან.
ადრეული ბრინჯაოს ხანის პირველი ფაზა
ჩრდილოეთ და ცენტრალური (ანუ შიდა) ანატოლიური კულტურების ადრეული ბრინჯაოს ხანის პირველი ფაზა (ე.წ. გვიანი ხალკოლითი) ნაწილობრივ ბალკანეთიდან შემოჭრილი იმიგრანტების მემკვიდრეობას წარმოადგენს. მიწათმოქმედთა ამ მიგრაციის გამომწვევი მიზეზი გაურკვეველია (გვ.52), მაგრამ უფრო სავარაუდო ჩანს ეს მოვლენა გამოეწვია ჩრდილო შავი ზღვისპირეთელი მესაქონლეების დასავლეთისაკენ გადაადგილებას.
მიჩნეულია, რომ ამ დროისათვის ანატოლიაში უნდა შემოეღწიათ არა მარტო გადაადგილებულ ბალკანურ - დუნაური წარმომავლობის მქონე მიწათმოქმედებს, არამედ ყორღანული კულტურის მატარებელ ზოგიერთ ჯგუფსაც [4 Yakar 1981, 94-103. მ.გიმბუტასის აზრით, ჩერნავოდა /ბადენ/კოცოფენისა და “სფეროსებრი ფორმის ამფორების” კულტურები ჩამოყალიბდნენ არაინდოევროპული და ინდოევროპული სოციალური სტრუქტურებისა და სიმბოლური სისტემების შერწყმის შედეგად (Gimbutas 1988, 455)]. ბალკანელ მიწათმოქმედთა ძველი კულტურის გაუჩინარების შემდეგ მისი ნაშთები, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, შემორჩა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და ეგეოსის ზღვის აუზში კრეტასა და კიკლადებზე და ყველგან ნათლად ამჟღავნებდნენ თავის არა-ინდოევროპულ ხასიათს [5 Gimbutas 1982, 1-60; Gamkrelidze/Ivanov 1985c, 181. გარდა ნეოლითის მომდევნო ხანის საბერძნეთში არაინდოევროპული სუბსტრატის არსებობის სასარგებლოდ მეტყველი რიგი მონაცემებისა, რაც სათანადოდ არის ასახული ადგილობრივ ტოპო-, ანთროპო- და ეთნონიმებში, ფლორის (ხეების) სახელწოდებებში მომხდარი ცვლილებები მნიშვნელოვანი გარემოებაა საბერძნეთის შედარებით გვიანი ინდოევროპეიზაციის სამტკიცებლად (Mallory 1989, 66-69, 161, 180). ვინაიდან ბერძნულ ენაში დადასტურებულ და არაინდოევროპულად მიჩნეულ ნასესხობათა კორპუსი საკმაოდ შთამბეჭდავია - იგი ასახავს ლექსიკონის მრავალ მხარეს და წარმოადგენს ერთიან ლექსიკურ ფენას (Furnée 1972, 399) - ვარაუდობენ, რომ ნასესხობათა მსგავსი მოდელის ყველაზე უფრო ლოგიკური ახსნა იქნებოდა, ბერძნული ენის გავრცელების წარმოდგენა მეტად მცირე, თუმცა შესაძლოა პოლიტიკურად დომინირებული, ჯგუფის მიერ ბევრად უფრო მრავალრიცხოვან და აქ ადრევე დაფუძნებულ მოსახლეობაზე (Ehret 1988, 573). აღსანიშნავია, რომ ჰომეროსის დროს კრეტა ჯერ კიდევ იყო “ოთხმოცდაათი ენის ქვეყანა” (Od. 19,172-177), ხოლო კლასიკური ხანის მწერლები საბერძნეთის მრავალ მხარეს პელაზგების მიერ დასახლებულად მიიჩნევდნენ (Iლ., II,840-843, X,429; Herod., I,57, II,51, IV,145, V,26, VI,137, VII,94f.; Strabo, V,II,4, XIII,III,3).]. უფრო ადრე კარპატების, დუნაისპირეთისა და ბალკანეთის ეს მიწათმოქმედი თემები ასევე განიცდიდნენ მოსახლეობის ახალი ნაკადების შემოჭრას, ძირითადად დასავლეთის მხრიდან, რომელიც ინდოევროპელების გამოჩენის ხანამდე დასახლებული ჩანს ამ უკანასკნელთაგან განსხვავებული წარმომავლობის ტომებით - ლიგურებით, პიკტებით, ბასკებით, აქვიტანელებით, ეტრუსკებით, იბერებით, ტარტესელებით, ასევე რეტულ, აღმოსავლეთ-იტალურ, მესაპურ და სიცელის ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობით (გვ.53) [6 D'iakonov 1985, 109.]. ძნელია არ დავეთანხმოთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც იბერიის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუაზღვის კუნძულების, სამხრეთ საფრანგეთის, დასავლეთ ევროპის ატლანტიკური ნაპირების, აპენინის ნახევარკუნძულისა და ბრიტანეთის დიდი ნაწილის წინაისტორიული ხანის ფაქტიურად მთელ მოსახლეობას არა-ინდოვროპულად მიიჩნევენ [7 Zvelebil/Zvelebil 1988, 576.]. მეტად ძნელი დასაჯერებელია, რომ ადრეული ინდოევროპელი მიწათმოქმედების ანატოლიიდან ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით თანთანობითმა შეღწევამ დასაბამი მისცა ევროპაში საკვებწარმოებითი ეკონომიკის აღმოცენებასა და მის “ნეოლითიზაციას” [8 შდრ. Renfrew 1987 passim]. მ.გიმბუტასის აზრით, ევროპის ლინგვისტური სუბსტრატი არის არა მეზოლითური ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ამსახველი, არამედ ნეოლითურის - მარცვლეულისა და პარკოსანი მცენარეების სახელწოდებების უმეტესი ნაწილი ინდოევროპელების მიერ შეთვისებული იყო ადგილობრივი, ძველი ევროპული, სუბსტრატიდან (Gimbutas 1988, 454).
როგორც ეს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინათ იყო შენიშნული ლ.ბერნაბო ბრეას მიერ, ხმელთაშუაზღვისპირეთში, რომელიც ძალზე დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება მიჩნეული იქნას ყველაზე ნაკლებ ინდოევროპულად ევროპის სხვა ნაწილებთან შედარებით, ადრეული ნეოლითის კულტურები - ძალზე ახლომდგომნი ერთმანეთთან მათთვის დამახასიათებელი ჭდეულორნამენტიანი კერამიკით - გავრცელებულნი ჩანან ზღვის მეშვეობით, სავარაუდოდ, სამხრეთანატოლიურ-ჩრდილოსირიული რეგიონიდან (Bernabò Brea 1957, 39-41).]. ამასთანავე სავსებით ნათელია, რომ ეგეოსურ - მცირეაზიული ზეგავლენა ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს ცენტრალური და დასავლეთხმელთშუაზღვისპირეთული ნაყოფიერების კულტისა და მატრიარქალური საზოგადოების მქონე ძველი ლითონების ხანის ცივილიზაციების ჩამოყალიბებაში (გვ.54) [9 ანგარიში უნდა გაეწიოს შეხედულებას, რომლის თანახმადაც ევროპაში მიწათმოქმედების გავრცელების ადრეული თარიღის გამო შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ამ მოვლენასთან დაკავშირებული ენობრივი ჯგუფი (ანუ მიწათმოქმედების შემომტანნი) ისტორიული ხანისათვის სადმე შემორჩენილიყო რამდენადმე შესაცნობადი სახით. ენობრივი მსგავსება ასეთი ჯგუფის შემორჩენილ წევრებს შორის რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ინდოევროპული ენებისათვის დამახასიათებელ ძალზე სპეციფიურ ურთიერშესაბამისობებისაგან (Sherratt/Sherratt 1988, 586).]. ყოველივე ამის გამო, მე უფრო იქით ვიხრები, რომ მცირე აზიიდან ევროპაში შეტანილი საწყისი მიწათმოქმედების ჩვევების გავრცელება დავუკავშირო არა ინდოევროპელთა დემიურ დიფუზიას [10 Sokal/Oden/Wilson 1991, 143-145.], არამედ მცირე აზიის წინაინდოევროპული მოსახლეობისას. დღესაც კი ევროპის მთელ გაყოლებაზე წინაინდოევროპული სამყაროს მემკვიდრეობა შეინიშნება Rh ნეგატიური სისხლის ჯგუფის გავრცელების მეშვეობით, ჯგუფისა, რომელიც მხოლოდ ევროპული წარმომავლობის მოსახლეობისათვის არის დამახასიათებელი. Rh ნეგატიური გენის ყველაზე მაღალი პროცენტული შემადგენლობა, 55%, და Rh ნეგატიური ინდივიდუალებისა, 25-30%, გვხვდება ბასკებს შორის. რამდენადმე ნაკლებია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში (16%-ია Rh ნეგატიური ინდივიდუალებისა ინგლისში) და კიდევ უფრო ნაკლებია, 12-15% - ცენტრალურ ევროპაში, 9-12% - ჩრდილოეთ-ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში [11 Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 87, 92, 156ნ.4; Cavalli-Sforza 1991, 73. ]. მისი სიხშირე უმნიშვნელოა მსოფლიოს ყველა სხვა ნაწილში [12 Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 86f.]. კავკასიაში, ძირითადად დასავლეთ ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში, ანუ დასავლეთ საქართველოში, Rh ნეგატიური ფენოტიპის სიხშირე ზოგჯერ 20% აღემატება [13 Inasaridze et al. 1990, Table 1]. ზ.ინასარიძის მონცემებით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში Rh ნეგატიური ინდივიდუალების სიხშირე აღწევს 25-30% (პირადი ინფორმაცია). Rh სისტემასთან დაკავშირებით, d გენის სიხშირე ქართულ მოსახლეობაში უფრო მაღალია ვიდრე კავკასიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებში და აგრეთვე აღემატება ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მოსახლეობის უმეტეს ნაწილთან შედარებით, მაგ. ზუგდიდის რაიონში იგი 48%-ზე მეტია (Nasidze et al.1990, 612, Table 2; Inasaridze et al. 1990, 718, Table 2).]. აშკარა ხდება, რომ ევროპაში შედარებით გვიანდელი იმიგრანტები, სავარაუდოდ ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკენი, უპირატესად Rh პოზიტიურის მატარებლები უნდა ყოფილიყვნენ (გვ.55). ABO სისხლის ჯგუფების მონაცემთა განხილვის დროსაც, ისევ პირენეები (“კელტურ” დასავლეთ ევროპასთან და ხმელთაშუაზღვის კუნძულებთან ერთად) და დასავლეთ ამიერკავკასია ავლენენ O ჯგუფის მაღალ სიხშირეს [14 Mourant 1954, 10, 44-53, 57f.; Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 63-65, 70-74, 144, 176, Table 1.1. მთლიანობაში, ABO სისტემასთან დაკავშირებით, O გენის ყველაზე მაღალი სიხშირე კავკასიაში - 69% (დასავლეთ საქართველოში - 72-78%, ფენოტიპების სიხშირით - 54-62%) და B გენის ყველაზე დაბალი სიხშირე - 8% (დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში - 2-4%) საქართველოში (A გენის სიხშირე აქ არის - 22.6%) შეინიშნება (Nasidze et al. 1990, 611f., Table 1; Inasaridze et al. 1990, 715-718, Tables 1 and 17).]. გენების სიხშირის საშუალო მაჩვენებლები ნათელყოფენ ორივე ამ რეგიონის უნიკალურ გენეტიკურ ადგილს ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მოსახლეობასთან მიმართებაში [15 შდრ. Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 86f.; Inasaridze et al. 1990, 722.]. ვინაიდან იმ სახის მონაცემები, როგორიცაა Rh ფაქტორი და ABO სისტემა მიგვანიშნებენ ისტორიული ხასიათის მოვლენების მნიშვნელოვან როლზე მათ გეოგრაფიულ გავრცელებაში [16 Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 136. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მრავალი წლის წინათ, ანთროპოლოგიური მონაცემების საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ლინგვისტური ოჯახი, რომელიც გადაშენდა ევროპაში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი კავკასიაში, ძველ კავკასიურ ენებზე, ქართულზე და სხვებზე მოლაპარაკეთა შორის (Ungand 1936,15).], შესაძლებლობა გვეძლება ვივარაუდოთ, რომ ზემოთ წარმოდგენილი სურათი უნდა ასახავდეს წინაინდოევროპული მოსახლეობის გენეტიკურ შემორჩენას აღნიშნულ მხარეებში, რასაც აგრეთვე ეხმიანება ლინგვისტური მონაცემები. თუმცა ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი უფრო სპეციფიურად იყოს გარკვეული თუ რომელ ენობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან ეს მონაცემები (გვ.56) [17 როგორც ეს ხაზგასმული იყო ქ.რენფრიუს მიერ, ლინგვისტური მონაცემები პირდაპირ ვერ მიესადაგებიან გენეტიკურ მონაცემებს და ვერც პირუკუ, ისევე როგორც ისინი ვერ მიესადეგებიან უშუალოდ არქეოლოგიურ ნაშთებს (Renfrew 1993, 44).].
წინაინდოევროპული სამყარო სინამდვილეში სულაც არ იყო ჰომოგენური. იგი შედგებოდა ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებული ელემენტებისაგან, ზოგჯერ ერთმანეთისაგან კიდევ უფრო დაშორებულებისაგან, ვიდრე იყო რომელიმე მათგანი “ინდოევროპულისაგან”. ამავე დროს, ზოგიერთი უეჭველი ლექსიკური პარალელი და მნიშვნელოვანი სიახლოვე ზმნის უღლებაში სამხრეთკავკასიურსა (ქართველურ) და ბასკურ ენებს შორის [18 Allières 1986; Cavalli-Sforza 1988, 129, 132f.], ზემომოცემულ გენეტიკური ანალიზების მონაცემებთან შეთანაპირებით, მიუნიშნებს გარკვეულ წინაისტორიული ხანის ურთიერთმიმართებაზე სამხრეთკავკასიელებსა და ბასკებს შორის, მიუხედავად კავკასიასა და პირენეებს შორის არსებული მნიშვნელოვანი გეოგრაფიული დაშორებისა. მიუხედავად გენეტიკურ რეკოსტრუქციებში ABO სისტემის მიზანშეწონილების შესახებ გამოთქმული სკეპტიციზმისა, შენიშნული იყო, რომ არსებობს ზოგადი თანხვედრა ფიზიკურ სახეობათა სეროლოგიურ მახასიათებლების გავრცელებასა და ენობრივ მონაცემებს შორის, ისევე როგორც ერთის მხრივ ზემოჩამოთვლილებსა და მეორეს მხრივ ადრეული ისტორიისა და არქეოლოგიის მწირ მონაცემთა მიერ წარმოდგენილ რეკონსტრუქციებს შორის [19 შდრ. Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 91]. ლ.კავალი - სფორცას სიტყვებით, ალბათ საოცარი უნდა იყოს, რომ ასე ბევრი რამ შემორჩა ენებსა და გენებს შორის მოსალოდნელი კორელაციიდან, მიუხედავად გენებისა და ენების ცვალებადობით გამოწვეული სურათის დამახინჯებისა (Cavalli-Sforza 1991, 78).]. დიდია ცდუნება დაუკავშიროთ O გენი ევროპის (კავკასიის ჩათვლით) წინაინდოევროპულ მოსახლეობას [20 O სისხლის ჯგუფის მაღალი სიხშირე, ისევე როგორც Rh ნეგატიურისა, დამახასიათებელი ნიშანი ჩანს ევროპის რელიქტური მოსახლეობისა, რომელიც აყრილი იყო თავისი საცხოვრისიდან აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ახალმოსულთა მიერ (იხ. Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 63-65, 74).], A გენი - ინდოევროპელთა გავრცელებას, ხოლო B გენი - ურალურ-ალთაური მოდგმის ტომების დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებას [21] მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ამიერკავკასია იმეორებს ევროპისათვის დამახასიათებელ სურათს: მის დასავლეთ ნაწილში, «წინაინდოევროპელი« ქართველებისათვის, ყველაზე უფრო დამახასიათებელია O გენი; სამხრეთით, ინდოევროპელი სომხებისათვის - A გენი (შდრ. Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 75); აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანელებისათვის, რომლებიც განეკუთვნებიან ალთაურ ოჯახს, თუმცა B გენი არ არის დომინანტური, მაგრამ მაინც ბევრად უფრო ხშირია ვიდრე ამიერკავკასიის სხვა ხალხებში (იხ.Nersisyan /Delanyan /Danelyan /Badunts 1994, Tables 1, 2).]. ცნობილია, რომ დროის მონაკვეთი ძვ.წ. გვიანი მეხუთე ათასწლეულიდან ძვ.წ. მესამე ათასწლეულამდე - თავდაპირველად აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო შემდეგ ევროპის სხვა მხარეებში - ხასიათდება მატერიალური კულტურის ფართო და საყოველთაო შეცვლის მოდელის არსებობით, რაც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ენასა და ეთნიკურ კუთვნილებაში მომხდარ ძირეულ ძვრას შეიძლება მიეწეროს [22 Ehret 1988, 573]. მ.გიმბუტასი შენიშნავს, რომ მიწათმოქმედების საწყისი ეტაპიდან ქრისტიანულ ხანამდე ევროპა შედგებოდა ორი მეტად განსხვავებული ფენისაგან, ძველევროპულისაგან და ინდოევროპულისაგან, ხოლო ის რაც იგულისხმება დღეს ტერმინში “დასავლური ცივილიზაცია” წარმოდგება ამ ორი ფენის, სუბსტრატულისა და სუპერსტრატულის, შერწყმით - მიღებულს ამ ორი იდეოლოგიის, ორი რელიგიისა და ორი სოციალური სისტემის შეჯახების შედეგად (Gimbutas 1988, 454).]. ამ ცვლილებათა მამოძრავებელი ძალის საწყისი არეალი განისაზღვრება ხოლმე ჩრდილო - შავიზღვისპირეთის სტეპებით, ანუ რეგიონით, რომელიც დღესაც კი გამოირჩევა გენების მაღალი B და A სიხშირეებით და დაბალი O სიხშირით [23 Mourant 1954, 54; Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 69.]. ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, არეალი მდინარე დნეპრს, ურალს, ჩრდილოეთშავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთკასპიისზღვისპირეთს შორის, ე.წ. “ყორღანული კულტურების” სამშობლო, შესაძლოა იყო ამასთანავე ინდოევროპული ენების მატარებელი თემების ადრეული და აქტიური ცენტრი, ხოლო მათი ტალღობრივი გავრცელება ამ რეგიონიდან წარმოადგენდა არა ერთგვაროვან და მუდმივ პროცესს, არამედ წყვეტილს, მრავალეტაპობრივს და განმეორებითს [24 Gimbutas 1982; Zvelebil/Zvelebil 1988, 580f]. ჯ.მელორი და დ.ენთონი ტრანსპორტის გამოგონებას კატალიზატორის მნიშვნელობას ანიჭებენ ყველაზე ფუნდამენტურ საზოგადოებრივ ცვლილებებში, მათ შორის ჩრდილოშავიზღვისპირეთის სტეპებიდან ინდოევროპელთა საწყის მიგრაციაში. დ.ენთონის აზრით, პროტო-ინდოევროპული ერთობა შემოსაზღვრული იყო დასავლეთიდან მდ. დნეპრით და აღმოსავლეთიდან მდინარეებით ვოლგით ან ურალით (Antony 1991, 216).
ჯ. მელორის მიხედვით, პროტო-ინდოევროპელები საზოგადოდ განლაგებულნი იყვნენ ტერიტორიებზე გადაჭიმულზე ცენტრალური ან ჩრდილოეთ ევროპიდან პონტურ-კასპიურ სტეპებს მიღმა მდებარე მხარეებამდე, შესაძლოა თვით სამხრეთ ციმბირამდეც კი. მისი შეხედულებით, ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულში პონტურ-კასპიურ სტეპებს გააჩნდათ ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც კი სავარაუდოდ არის რეკონსტრუირებული ინდოევროპული საზოგადოებისათვის ლინგვისტური მონაცემების მიხედვით და რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო აღმოსავლეთის სტეპებში, შესაძლოა ვოლგა-ურალის რეგიონში. ამავე დროს, ჯ.მელორი გამორიცხავს ინდოევროპელთა პირველსაცხოვრისის არსებობას დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპულ ნაწილში, ბალკანეთსა თუ ახლო აღმოსავლეთში (Mallory 1989, 147, 177, 183). დ. ენთონი ინდოევროპელთა ფართო განფენას ათარიღებს არაუადრეს ძვ.წ. 3300 წ. და არაუგვიანეს 2200 წ. (Antony 1991, 214f.). ჯ.მელორი კი დაახლოებით ძვ.წ. 4500 წ. სავარაუდოთ განსაზღვრავს ინდოევროპულ ენებში დაცულ, ამ ენათა ერთობის დონიდან მემკვიდრეობით მიღებულ, სიტყვათა მარაგის მიხედვით რეკონსტრუირებული კულტურის ყველაზე ადრეულ შესაძლო თარიღს, ხოლო - ძვ.წ. 2500 წ., ან რამდენადმე უფრო ადრეული ხანით პროტო-ინდოევროპულის ფინალურ თარიღს (Mallory 1989, 127, 145, 158).]. იმიგრირებული მეომარი მესაქონლეები ალბათ ძალდატანებით ბატონდებოდნენ მათ წინამორბედ, ნეოლითური ევროპის მშვიდობიან მიწათმოქმედ მოსახლეობაზე [25 რ.ქროსლანდი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიგრანტებს ყოველთვის არ გააჩნდათ ომების საწარმოებელი რევოლუციურად ახლებური ტექნიკა, მაგ.საბრძოლო ეტლები, თუმცა, როგორც ჩანს, წარმატებას ზოგჯერ აღწევდნენ უფრო ეფექტური სოციალური და სამხედრო ორგანიზაციით; კერძოდ, ისტორიული ხანებიდან კარგად არის ცნობილია, რომ ეკოლოგიურად მარგინალურ არეალებში (მაგ., მთებსა და უდაბნოებში) მცხოვრები მოსახლეობა რეგულარულად ავსებდა თავის ქონებას ბევრად უფრო მდიდარი ბინადარი მოსახლეობის ხარჯზე, მათი დარბევებისა თუ მათ მიწებზე გადასახლების შედეგად (Crossland 1992, 251).]. მსგავსი შეხედულება, სპეციალისტების განმარტებით, შესაძლოა ჯერ ისევ ჰიპოთეთური იყოს, თუმცა სინამდვილესთან, ყველა სხვა მოსაზრებასთან შედარებით, უფრო ახლო მდგომია და დაფუძნებულია მთელი რიგი საიმედო მონაცემების ინტერპრეტაციაზე [26 Meid 1989, 303.]. ცირკუმპონტური ზონის საპირისპირო, აღმოსავლეთ და სამხრეთ, რეგიონებში, გარკვეული თანმიმდევრული კავშირები შეინიშნება ადრეული ბრინჯაოს ხანის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ანატოლიურ კულტურებსა და კავკასიისა და საქართველოს უფრო გვიანდელ კულტურებს შორის. მხედველობაში მაქვს სამხრეთ კავკასიის ყორღანული კულტურები და ადრეული ლითონების ხანის თითქმის ყველა დასავლურქართული კულტურა. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ადრეული, შავიზღვისპირეთის წინა-პროტო-კოლხური, ანუ ე.წ. “ისპანის ტიპის” კულტურა ხასიათდება ჩრდილოეთ- და ცენტრალურანატოლიურ მასალებთან - კერძოდ, ბუიუქ გიულიუჯექის, ალაჯა ჰოიუქ IV-ის, სინოპის დემირჩი ჰოიუქის, იქიზთეფეს, კუმთეფე Ib-ს, ტროა I-ის კერამიკასთან - ზოგიეთი საერთო ნიშან-თვისებით [27 ჯ. იაქარის აზრით, ტროის ზეგავლენა აღწევს აღმოსავლეთ ანატოლიამდე (Yakar 1979, 54; შდრ. Merpert 1987, 128).]. იმავდროულად, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ჩრდილო - ეგოსურ - ჩრდილო - დასავლეთ ანატოლიურ კულტურებთან მრავალგვარი და მრავალრიცხოვანი კავშირები აქვთ კუნძულ კრეტის უგვიანესი ნეოლითისა და ადრემინოსური ხანის I პერიოდის კომპლექსებს; განსაკუთრებით ტროა I-ის, თერმის და მათ უშუალოდ წინამორბედ კულტურების მასალებში ეძებნება მრავალრიცხოვანი პარალელები ადრემინოსური ხანის I პერიოდის ბევრ კერამიკულ თავისებურებას - შესაძლო ნიშანი ჩრდილოური წარმომავლობის მოსახლეობის სამხრეთ ეგეოსისზღვისპირეთში ინფილტრაციისა [28 Warren 1973, 41,43] (გვ.60). მეცნიერთა შორის ერთსულოვნება სუფევს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ინდოევროპელთა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შეღწევის შედეგად, წინაინდოევროპული მოსახლეობა ნაწილობრივ ასიმილირებული, ხოლო ნაწილობრივ სამხრეთისაკენ, ეგეოსისზღვისპირეთისაკენ და კიდევ უფრო შორს, კუნძულებისაკენ იყო განდევნილი; კიკლადური კულტურის ჩამოყალიბებაც სწორედ წინაინდოევროპელი ტომების მიგრაციას უკავშირდება. კრეტის ცივილიზაცია, რომელიც ძვ.წ. მესამე ათასწლეულში კუნძულზე ახალმოსულთა გამოჩენის შედეგად აღმოცენდა, განიხილება ხოლმე როგორც წინაინდოევროპული (იგივე ძველი ევროპული) კულტურის ყველაზე ახალგაზრდა და ამავე დროს ყველაზე სიცოცხლისუნარიანი შთამომავალი [29 Gimbutas 1974, 236-239; Haarmann 1989, 252f. მ. გიმბუტასის შენიშვნით, ძველი ევროპული ტრადიციები არსებობას განაგრძნობდნენ მხოლოდ არაინდოევროპულ სამხრეთ ევროპაში და თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწიეს ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრეტაზე (Gimbutas 1988, 454).]. ვინაიდან, არავითარი არქეოლოგიური მონაცემები არ მოიპოვება კრეტაზე მოსახლეობის მომდევნო იმიგრაციის თაობაზე მთელი ბრინჯაოს ხანის განმავლობაში მიკენელთა გამოჩენის ხანამდე, რომლებიც B-ხაზოვან დამწერლობას იყენებდნენ დაახლოებით ძვ. წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებში, უფრო ადრეული A-ხაზოვანი უნდა ყოფილიყო არქეოლოგიის გადასახედიდან ის არაინდოევროპული და არასემიტური ენა, რომელიც ჯერ კიდევ ტროა I ხანაში გამოიყენებოდა და ამავე დროს წარმოადგენდა ძვ.წ. მესამე ათასწლეულის კრეტული ენის განვითარებულ და სამწერლობო სახეობას [30 Warren 1973, 43, 45.]. არქეოლოგიურ კავშირებს დასავლურანატოლიურ-ჩრდილოეგეოსურ არეალსა და კრეტას შორის, ერთის მხრივ, და ჩრდილოეთ ანატოლიასა და დასავლეთ ამიერკავკასიას შორის, მეორეს მხრივ, შესაძლოა მოეპოვებოდეს ლინგვისტური საფუძველი, ვინაიდან, როგორც ზოგიერთი ენათმეცმიერი ვარაუდობს, წინაბერძნული ენა, გავრცელებული აგრეთვე კრეტაზე A-ხაზოვანი დამწერლობის არსებობის ხანაში, გარკვეულ საერთო ნიშან-თვისებებს ავლენს ქართველურ ენებთან [31 მნიშვნელოვანი საზიარო კომპონენტი არსებობს ქართველურ და წინაბერძნულ ენათა ლექსიკონებს შორის; მისი მთლიანი რიცხვი მოიცავს სამას სავარაუდო იზომორფულ ელემენტს - სიტყვასა და ფორმანტს (Furnée 1982; გორდეზიანი 1985). უკანასკნელი მონაცემებით უარყოფილია ვარაუდი წინაბერძნული, “პელაზგური”, ენის ინდოევროპულობის შესახებ (შდრ. Beekes 1995, 32).].
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ -s(s)-, -nth-/ -nd -სუფიქსიანი ტოპონიმები, ფართოდ გავრცელებული ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და უპირატესად წინაინდოევროპული სუბსტრატული ენების კუთვნილებად მიჩნეული, დამახასიათებელია ქართველურისათვისაც [32 გორდეზიანი 1970, 225-228.]. თუ ჩვენ აგრეთვე მხედველობაში მივიღებთ, შემჩნეულ ლინგვისტურ პარალელებსაც ქართველურ-ბასკურ და ქართველურ -ეთრუსკულ ენებს [33 გორდეზიანი 1985 passim.] შორის და შევეცდებით წინადამწერლობითი ხანის გარემოს რეკონსტრუქციისას მხოლოდ ლინგვისტურ მონაცემებზე არ ვიყოთ დამოკიდებულები, უნდა მოვახერხოთ ამ მონაცემების არქეოლოგიური მასალის საფუძველზე ინტერპრეტაცია. თუ ერთის მხრივ, მაცდურად გამოიყურება პერსპექტივა ამ პრობლემის დაკავშირებისა ადრეული მიწათმოქმედების მიერ ევროპის “ნეოლითიზაციის” ზემოდასახელებულ პროცესთან, მეორეს მხრივ, მოიპოვება არქეოლოგიური მონაცემები ანატოლიასა და საბერძნეთში ბალკანეთის მთიანეთის ჩრდილოეთით მდებარე მხარეებიდან “გვიან ნეოლითური” მოსახლეობის ინფილტრაციის თაობაზე [34 Evans 1973,19; შდრ. Yakar 1981,96.]. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტროა I წრის ანატოლიური კულტურები დაკავშირებულნი ჩანან ცენტრალური ევროპის ბადენის კულტურასთან; თუმცა, ვინაიდან, ტროა I-ის ჯგუფი თანადროულია ბადენის პორიზონტების გვიანი სტადიების [35 Howell 1973, 91.], უფრო დასაშვებია, რომ ადგილი ჰქონოდა ბადენის კულტურის მატარებლების ინფილტრაციას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და საბოლოოდ ანატოლიაში და არა პირუკუ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ [36 შდრ. Merpert 1987, 128; Mallory 1989, 29. ამავე დროს, აღმოსავლეთ ბულგარეთის ეზეროს კულტურა (კარანოვო VII), ავტოქტონი, ანატოლიელი და შესაძლოა უმნიშვნელო რაოდენობით სტეპური მოსახლეობის ნარევი, განიხილება როგორც ანატოლიური ცივილიზაციის უკიდურესი ჩრდილოდასავლური ფორპოსტი, მიმართული სტეპური მოსახლეობის შემოსევის საწინააღმდეგოდ (Sochacki 1988, 189-191).]. თუმცა არავითარი საფუძველი არ მოიპოვება ამ ცვლილების ასახსნელად უცხო მოსახლეობის მიერ ადგილობრივი ჯგუფების მთლიანი შეცვლით. ახალმოსულთა ძირითადი ნაწილი მშვიდობიან მიწათმოქმედთაგან შედგებოდა და კულტურული მემკვიდრეობითობის ძირფესვიანი რღვევის სამტკიცებელი არანაირი მინიშნება არ მოიპოვება [37 Sherratt 1973, 100.]. წარმოდგენა ამიერკავკასიის მოსახლეობის კავშირების შესახებ ხმელთაშუაზღვისპირეთულ სამყაროსთან გვხვდება უკვე კლასიკური ხანის ავტორებთან [38 ქავთარაძე 1985ა, 16-40, 146-153; Kavtaradze 1996, 205-208.]. კავკასიის იბერები დასავლეთ ევროპის იბერიის ნახევარკუნძულიდან კავკასიაში გადმოსახლებულებად მიაჩნდათ მეგასთენეს, აბიდენოს, ევსევის ((Praep. ev., IX, 41, 1), იოსებ ფლავიუს (Ant. Jud., I, 124, 125), დიონისიოს პერიეგეთს (695-699) და აპიანეს (Mithr., 101). “მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ს ცნობით, ქართველთა წინაპრები ქართლში თავისი პირველსაცხოვრისიდან, “არიან-ქართლიდან” არიან გადმოსულნი. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმილია მოსაზრება, რომ სიტყვა “არიან” შესაძლოა წარმოადგენდეს “პირენეების” შერყვნილ ფორმას [39 მელიქიშვილი 1965, 16. საყურადღებოა, რომ ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში ესპანეთის კელტ-იბერთა ტომის სახელწოდება ქართულად ჩვეულებრივ ითარგმნებოდა ხოლმე “კელტ-ქართველებად”.]. ამავე დროს, ჰეროდოტეს (II, 102-105), სტრაბონის (I, II, 21) და ვალერიუს ფლაკუსის (V, 418-421) ინფორმაცია კოლხების ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ მიჩნეულია ანარეკლად შარდანის (ეგვიპტური წერილობითი წყაროების მიხედვით, “ზღვის ხალხების” შემადგენელი ნაწილი) (გვ.63), ანუ სარდინიელების, იმიგრაციისა გვიანი ბრინჯაოს ხანის კავკასიაში [40 გორდეზიანი 1975, 35-43. საინტერესოა, რომ ძალზე მაღალი M სიხშირით (ძალზე მაღალი სიხშირის O გენთან შერწყმით) დიდი მსგავსება შეინიშნება კავკასიისა და სარდინია-კორსიკის თანამედროვე მოსახლეობებს შორის (ქართველებში - 67%, სარდინიელებში - 70%, კორსიკელებში - 65%) (Mourant 1954, 68f.; Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 71,74; Nasidze et al. 1990, 612, Tables 4 and 5; Inasaridze et al. 1990, 718f., Tables 5 and 17).]. მე ძალიან შორს ვარ იმის შესაძლებლობისაგან, რომ დავუშვა რომელიმე ხანაში ნებისმიერი სახის მიგრაცია უშუალოდ იბერიის ნახევარკუნძულიდან, სარდინიიდან თუ ეგვიპტიდან კავკასიაში, მაგრამ განსაკუთრებული სიახლოვე დასავლეთი და ცენტრალური ამიერკავკასიის მოსახლეობისა ხმელთაშუაზღვისპირეთულ სამყაროსთან ეჭვს გარეშეა. ეს კულტურული, იდეოლოგიური, მენტალური და ანთროპოლოგიური სიახლოვე იმდენად მჭიდრო იყო წინაისტორიულ, კლასიკურ და შუასაუკუნეების ხანაში, რომ შესაძლებელი ჩანს დასავლეთი და ცენტრალური ამიერკავკასია, მათ მომიჯნავე ჩრდილოეთ ანატოლიასთან ერთად, ხმელთაშუაზღვისპირეთული სამყაროს ნაწილად მივიჩნიოთ [41 დღესაც კი ადვილი შესამჩნევია, თუმცა კი ასუხსნელია, სიახლოვე კორსიკულ და აღმოსავლეთქართულ პოლიფონიურ სიმღერებს შორის, ისევე როგორც ერთმანეთს მიმსგავსებული ინტონაციები ტიროლურ და გურულ სიმღერებში.].
მეორეს მხრივ, საოცარი იზომორფიზმი ინდოევროპულ და ქართველურ ენებს შორის, ლინგვისტთა აზრით, შესაძლებელია აიხსნას ახლო კონტაქტებით პროტო-ინდოევროპულსა და პროტო-ქართველურს შორის, რომლებიც, ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ საერთო Sprachbund-ის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდნენ [42 Gamkrelidze 1967a, 707-717.]. ზოგიერთი მკვლევარი აგრეთვე ვარაუდობს, რომ ინდოევროპულ და ქართველურ ენებს შორის მსგავსება უნდა მეტყველებდეს მათ საერთო წარმომავლობაზე. ი.დიაკონოვი უფრო იქით იხრება, რომ დაუშვას წინა-პროტო-ინდოევროპულ-ქართველური ერთობის არსებობა ჩათალ ჰოიუქის ხანის ცენტრალურ მცირე აზიაში [43, D'iakonov 1985, 154.]. თ.გამყრელიძისა და ვ.ივანოვის აზრით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პროტო - ინდოევროპული და პროტო - ქართველური მსგავსებას ავლენენ ლექსიკური და სტრუქტურულ - ტიპოლოგიური თავისებურებების მხრივ, იმისათვის, რომ დავუშვათ მათთვის “წინა - პროტო - ენობრივი ერთობის” არსებობა, საჭირო გახდება ზუსტი ფონოლოგიური შესატყვისობების დადგენა და პროტო-ფორმების განცალკევებული რეკონსტრუქცია ამ ლინგვისტური სისტემებისათვის [44 Gamkrelidze/Ivanov 1985c, 177.]. მიუხედავად ამ გარემოებისა, მაინც გასაზიარებელი ჩანს, ი. დიაკონოვის “ტრადიციული” შეხედულება, რომ ინდოევროპულ-ქართველური მსგავსებების ჩამონათვალის შემადგენელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: “მიწა”, “ლაგება”, “დება”, “რგვა”, “გლეჯა”, “გროვება”, “სმენა”, “გაგება”, “სისხლი”, “ბრგე, დიდი”, “შობა”, არ ესაჭირეობათ ჩვეულებრივ სესხება სხვა ენებიდან. მსგავსი სიტყვების ერთობლიობა შესაძლოა აღმოჩნდეს ორ განსხვავებულ ენაში თუ ადგილი აქვს ამ ენებზე მოლაპარაკეთა სოციალურ შერწყმას, ან თუ მთელი რიგი მსგავსი ფუძეები და სიტყვათა და ფუძეთა წარმოქმნის სტრუქტურული იზომორფიზმი ავლენენ კოლატერალურ გენეტიკურ ნათესაობას ორ - პროტო - ენას შორის და ამ შემთხვევაში შესაბამისად უნდა მიგვანიშნებდეს ქართველურ - პროტო - ინდოევროპული წინა - პროტო - ენის არსებობაზე [45 D'iakonov 1985, 118f. ი.დიაკონოვი უფრო მეორე შესაძლებლობისაკენ იხრება და აღნიშნულ იზოგლოსებს მიიჩნევს პროტო-ინდოევროპულისა და პროტო-ქართველურის კოლატერალური ნათესაობის დამადასტურებელ მოწმობად, რომელიც საერთო პროტო-ინდოევროპულ-პროტო - ქართველურ დიალექტურ კონტინუუმამდე (D'iakonov 1990, 61). დამახასიათებელია, რომ იგივე ავტორი გამორიცხავს ნებისმიერ ხანაში ქართველურის პირდაპირ კონტაქტს სემიტურთან (D'iakonov 1985, 124).].
ჯ.მელორის განცხადებით, თუმცა ზოგიერთი ლექსიკური პარალელი ხშირად არის ხოლმე ციტირებული, უმთავრესი გარემოება ინდოევროპულისა და ქართველურის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით მაინც ტიპოლოგიურია [46 ი.დიაკონოვიც ასევე შენიშნავს, საოცარ მსგავსებას არსებულს ქართველურ და ინდევროპულ სიტყვათა სტრუქტურის ტიპოლოგიაში (D'iakonov, 1990, 61).], ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო ადვილია ამ ორ ოჯახს შორის ძალზე შორეული გენეტიკური კავშირების მტკიცება, ვიდრე რაღაცნაირი ისტორიული სახის ურთიერთობებისა პროტო - ინდოევროპული ენის არსებობის პერიოდის განმავლობაში [47 Mallory 1989, 150ფ.]. ფაქტობრივად, თ.გამყრელიძისა და ვ.ივანოვის მიერ წარმოდგენილი, პროტო-ქართველურსა და პროტო-ინდოევროპულს შორის არსებულ ნასესხობათა ჩამონათვალი სიტყვები პროტო-ქართველურში ცალსახად წარმოდგება პროტო-ინდოევროპულიდან და არაფერი დასტურდება საპირისპირო მიმართულებით [48 Gamkrelidze/Ivanov, 1985a, 20f.]. ეს ფაქტი, ი.დიაკონოვის დაკვირვებით, ეწინააღმდეგება თ.გამყრელიძისა და ვ.ივანოვის ვარაუდს, ამ ორი პროტო-ენის თანაარსებობის თაობაზე ერთსადაიმავე გარემოში, რაც, რა თქმა უნდა, უნდა გულისხმობდეს აღნიშნულ ენათა შორის ორმხრივი ზემოქმედების არსებობას და არა მხოლოდ ცალმხრივ მიმართულისას [49 D'iakonov 1985, 118. გ.მელიქიშვილის მიერ თითქმის ორმოცი წლის წინათ გამოთქმული მოსაზრებით, ქართველური ენები ინდოევროპულ ენათა შორის ლექსიკურ დამთხვევებს ავლენენ არა იმ ენებთან, რომლებთანაც მათ ჰქონდათ ისტორიული და აგრეთვე უეჭველი წინაისტორიული კავშირები, როგორიცაა, მაგალითად, ხეთური, სომხური, ბერძნული ან ინდო-არიული, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში, სავსებით მოულოდნელად ბალტურ-სლავურ-გერმანულ ენებთან (მელიქიშვილი, 1965, 206, 240). შენიშნულია, აგრეთვე, რომ საზოგადოდ, ყველაზე ადრეულ ქართველურ-ინდოევროპულ ენობრივ პარალელებს შორის თვალში საცემია ინდოევროპული ლინგვისტური ჯგუფის სატემური არეალისათვის დამახასიათებელი რეფლექსების ნაკლებობა (Kлимов, 1986, 155).]. ზოგიერთი ენათმეცნიერი, როგორც ზემოთ ითქვა, ქართველურს მიაკუთვნებს წინაინდოევროპულ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ ანდა, ტრადიციულად, კავკასიურ ენობრივ ოჯახებს. ხშირად ამ ორივე ოჯახს ერთმანეთთან გენეტიკურად აკავშირებენ. თუმცა ბოლო ხანებში სპეციალისტები სულ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი ქართველურსა და ჩრდილოკავკასიურ ენათა შორის გენეტიკური კავშირის არსებობის მიმართ (გვ.66). ამ ენებს შორის ნათესაობა, ლინგვისტთა აღნიშნული ჯგუფის აზრით, შეუძლებელიც კი არის და მრავალრიცხოვანი საზიარო იზოგლოსები უნდა აიხსნას ქართველურში ჩრდილოკავკასიური სუბსტრატის არსებობით [50 D'iakonov, 1985, 174ნ.17. უკანასკნელ ხანებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ჩრდილოკავკასიური ენები ენათესავებიან კეტურ (მდ.ენისეის აყოლებით) და სინო-ტიბეტურ ენებს. ი.დიაკონოვის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ კავკასიაში ჩრდილოკავკასიური ენები ადრეულ ხანებში იყო შემოტანილი ჩრდილოეთით ანდა ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარე მხარეებიდან (D'iakonov 1990, 62).]. როგორც ვხედავთ, უკანასკნელ ხანებში სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და ენათმეცნიერული მონაცემები ხელსაყრელ შესაძლებლობას იძლევიან ძველ ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ არეალში მიმდინარე ეთნოგენეტური მოვლენების ახლებური ინტერპრეტაციისათვის. ანატოლიისა და კავკასიის ადრეული ბრინჯაოს ხანის პირველი ფაზის განმავლობაში მიმდინარე ზემოაღნიშნული მოვლენები, რომლებიც ძირითადად ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულსა და მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარს მოიცავენ, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა პროტო-ენების ურთიერთმიმართების საკითხთა კვლევის თვალთახედვით.
<<<გაგრძელება ნაწილი II<<.......
<<<დასასრული ნაწილი III
|