topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ანჩისხატი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია - მონასტრები>>>

თბილისის, ანჩისხატი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. -გვ.25

V ს-ის მიწურულიდან დაიწყეს საქართველოში ნამდვილი ბაზილიკების შენება, თუმცა ეს ბაზილიკებიც სავსებით თავისებურია. ამ შენობათა პირველი და ყველაზე შესანიშნავი ნიმუშია ბოლნისის სიონი, მრავალმხრივ საყურადღებო, სახელგანთქმული ძეგლი, რომელსაც თავისი ისტორიული მნიშვნელობითაც და მხატვრული ზემოქმედების ძალითაც ერთი პირველი ადგილთაგანი უჭირავს ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში. სხვა უმთავრესი ქართული ბაზილიკები VI საუკუნისაა. ერთი ამათგანი, ე.წ. ანჩისხატი, თბილისშია, მის ძველ უბანში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე - ეს დედაქალაქის უძველესი შენობაა. ესეც სამნავიანი ნაგებობაა, სამი შესასვლელი აქვს: თითო-თითო - გვერდის კედლებში და დასავლეთით. დასამახსოვრებელია, რომ საკურთხევლის აფსიდი გამოშვერილი კი აღარ არის, როგორც ბოლნისში, არამედ ჩამალულია ეკლესიის საერთო სწორკუთხა მოხაზულობის ფარგლებში - შემდეგში ეს ბევრად უფრო ხშირი და დამახასიათებელი იქნება, ვიდრე შვერილი აფსიდების გამოყენება. საკურთხევლის გვერდით აქ უკვე არის სადიაკვნე და სამკვეთლო, ამგვარად, საკურთხევლის განვითარებული სამნაწილედი სახე ამ დროს საქართველოში უკვე ცნობილია. ღია ლუნეტები და ნალისებრი თაღები ანჩისხატშიაც არის. ეს ეკლესია უფრო გვიან ძლიერ გადააკეთეს და დაამახინჯეს

თბილისის, ანჩისხატი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. -გვ.93.

ანჩისხატის ეკლესია თბილისის ძველ უბანში (კალაში) მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა. აშენებულია VI ს-ის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლის ძისა და მემკვიდრის დაჩი უჯარმელის დროს. „მოქცევაი ქართლისაის - მატიანე მოგვითხრობს, რომ იმ დროს „ტფილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაი ეკლესიაი აღაშენეს“. ანჩისხატი ეკლესიას XVII ს-ში ეწოდა, როცა აქ დაასვენეს სამხრეთ საქართველოში თურქების დამკვიდრების დროს ანჩის მონასტრიდან წამოღებული ძველი "ხელთუქმნელი ხატი“, მოჭედილი ბექა ოპიზარის მიერ XII ს-ის ბოლოს. გვიან ფეოდალურ ხანაში ანჩისხატის ეკლესია მნიშვნელოვანი კულტურული კერა იყო. XVII ს-ში სამცხიდან ანჩისხატს ჩამოჰყოლია მღვდელი პეტრე მესხი ოჯახითურთ. დომენტი კათალიკოსმა მას ანჩისხატის კანდელაკობა უბოძა. პეტრეს ერთი შვილი გრიგოლი მხატვარი იყო, ხოლო მეორემ, ალექსიმ, საფუძველი ჩაუყარა შესანიშნავ კალიგრაფთა - მესხიშვილთა მთელ დინასტიას (ალექსის პატივსაცემად, ისინი ალექსი-მესხიშვილებად იწოდებოდნენ). ალექსიც და მისი ძე სოლომონიც, რომელთაც უამრავი წიგნი გადაწერეს, ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ. საუკუნეთა მანძილზე ძველი ეკლესია ბევრჯერ შეაკეთეს და გადააკეთეს: ჯერ XVII ს-ში, როცა აღადგინეს მთელი ზემო ნაწილი, მერე XIX ს-ში: ეკლესიას ზემოდან ულაზათო გუმბათი შეასკუპეს (შიგნიდან არც  ჩანდა), დასავლეთიდან ზედ მიადგეს უშნო და ტლანქი სამრეკლო, შიგნით მოხატეს და გადააკეთეს, კედლებში ახალი სარკმლები გაჭრეს. აგურის სამრეკლო, გვიანა ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საინტერესო ნიმუში, რომელიც დღესაც დგას ეკლესიის დასავლეთით, შავთელის ქუჩის პირს, 1675 წელს ააშენებინა დომენტი კათალიკოსმა. 1958 წლიდან, 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაიწყო ძეგლის რესტავრაცია. მას ჩამოაშორეს XIX ს-ის დანამატები. იატაკი თავდაპარველ დონემდე დაადაბლეს, XIX ს-ის კარ-სარკმელები მოსპეს, კედლებს შეძლებისდაგვარად დაუბრუნეს ძველებური სახე. ახლა შენობა, თუმც კი სხვადასხვა ქრონოლოგიურ ფენებს შეიცავს, მაინც უფრო მთლიანია, ვიდრე რესტავრაციამდე იყო, და ბევრი ძველი დეტალიც, XIX ს-ში დაფარული, ახლა კვლავ ჩანს (რესტავრაციას ხელმძღვანელობდა არქ. რ. გვერდწითელი).

თბილისის, ანჩისხატის სამრეკლო // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974, 175.

1675 წ.

დგას შავთელის ქუჩაზე, ანჩისხატის ეკლესიიდან რამენიმე მეტრის დაშორებით დასავლეთის მხრივ. ქეემო კუბური კორპუსი, რომლის I სართულიც ეკლესიის ეზოში ჩასასვლელს წარმოადგენს (ეკლესია ქუჩის დონეზე დაბლაა), ხოლო მეორეში ოთახებია - აგურისაა, საკუთრივ ფანჩატური - ქვისა, აგურისავე პირამიდული გადახურვით. შენობა ზუსტადაა დათარიღებული დომენტი კათალიკოსის მხედრული წარწერით, რომელიც ქუჩის მხარეს (დასავლეთის ფასადში) არის ჩასმული შესასვლელის ზემოთ: "ჩვენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩვენისა საოხად მეფობასა ქართველთასა შანავაზისასა, ქორონიკონსა ტნიგ..“ შაჰნავაზს ვახტანგ V უწოდებდნენ. ტნიგ - 363+1312= 1675 წ.

1. კარბელაშვილი. ძველი ანჩისხატის ტაძრი ქ ტფილისში, ისტორიული მიმოხილვა, ტფ., 1902

2. გ.ჩუბინაშვილი ქ.ხ.ი. გვ. 50

3. რ.გვერდწითელი. ანჩისხატის რესტავრაცია: „ძეგლის მეგობარი“, კრებული მეშვიდე,1966, გვ.37-42