topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

თბილისში მოჭრილი იშვიათი ოსმალური ოქროს მონეტა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

მერი ანთაძე (აკად.ს.ჯანაშიას სახ. საქ.სახელმწიფო მეზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი) - თბილისში მოჭრილი იშვიათი ოსმალური ოქროს მონეტა // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, თბ., გვ.29-30

XV საუკუნის ბოლო წლებიდან ოსმალეთის სახელმწიფომ დაიწყო საკუთარი ოქროს მონეტების ე.წ. ალთუნების გამოშვება, რომელთა წონა 3,5 გრ - დან 4 გრამამდე მერყეობს. უფრო მოგვიანებით თურქეთში იჭრება ოქროს მსხვილი ნომინალი ე.წ. ალთუნ-აშრეფი, წონით 6-7 გრამი. ამ სახის აშრეფი თბილისის ზარაფხანაშიც მოჭრილა. 1723 წელს თბილისი თურქებმა დაიპყრეს და ქართლში მეფობა გააუქმეს. მათ ქართლზე თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიური უფლებები გაავრცელეს. ქართლის მმართველად ისააყ ახალციხის ფაშა დაინიშნა და სატახტო ქალაქადაც თბილისი აირჩია.

ოსმალები ქართლში 12 წელს ბატონობდნენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ხელთ იგდეს ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და მათ შორის თბილისის ზარაფხანაც, სადაც ფული სულთნის სახელით იჭრებოდა. იმდროინდელი თბილისის ზარაფხანა ძირითადად უშვებს ვერცხლის მონეტებს. ესენია. ონლიქები, ბეშლიქები და ნიმბეშლიქები, რამლებიც შედარებით ხშირად გვხვდება. გაცილებით უფრო იშვიათია ამავე ტიპის ოქროს მონეტები. საყურადღებო ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ გარდა ზემოჩამოთვლიღთ ნომინალებისა, თბილისის ზარაფხანაში ამ დროს მოიჭრა ორმაგი ალთუნი ე.წ. ალთუნ-აშრეფი, რომელიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს და აქამდე ცნობილი იყო კონსტანტინოპოლის მუზეუმის ერთადერთ ცალად (ისმაილ ჰალები, ოსმალური მონეტების კატალოგი (ოსმალურ ენაზე) ქ. კონსტანტინეპოლი, 1890 წ. გვ.40). ისეთ დიდ საცავებში, როგორიცაა ლენინგრადის ერმიტაჟის და მოსკოვის ისტორიული მუზეუმის ნუმიზმატიკური ფონდები, ამგვარი მონეტა არ შეგვხვედრია. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკურ ფონდში ამჟამად მოიპოვება მეორე ცალი, რომელიც 1965 წელს პროფ. ე.პახომოვის კოლექციის დანარჩენ მონეტებთან ერთად გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს.

ვიძლევით ამ უიშვიათესი მონეტის აღწერილობას და ფოტორეპროდუქციას:

წონა 6,15 გრ., ზომა 30-32 მმ.

შუბლი: ცენტრში "ტუღრა“, ("ტუღრა" შემოღებული იყო სულთან მურად I დროს (1359-1389 წწ.) ის წერა-კითხვის  უცოდინარი ყოფილა და როდესაც ხელი უნდა მოეწერა რაიმე ოფიციალურ საბუთზე, თითებს მელანში ისველებდა და გაშლილად ადებდა ქაღალდს. ამას ეძახდნენ ტუღრას. სულთნის კალიგრაფებმა ეს ტუღრა გაალამაზეს და გადააქციეს სახელმწიფო ბეჭდად).

ქვემოდ არაბულად მოჭრის ადგილი და თარიღი.

მოიჭრა თბილისში

1115 წ. (თარიღი ინიციალურია და აღნიშნავს სულთან აჰმედ III ტახტზე ასვლის წელს (ჰიჯ. 1115 წ.- 1703/04 წ.). როგორც წესი, თურქეთში ყველა მონეტა თარიღდებოდა სულთნის ტახტზე ასვლის წლით).

ზურგი: სულთნის მედიდური ეპითეტი ოთხ სტრიქონად

სულთანი ორი ხმელეთისა

და მპყრობელი ორი ზღვისა

სულთანი ძე

სულთნისა

ირგვლივ წერტილოვანი და ხაზოვანი რკალი.