<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები>>>
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)
მაია ქებულაძე
უნიკალური მინიატურა ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერში
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XXII, გვ220-232
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული იბაკონი და ლოცვანი - K 258 (XVII ს.) კარგა ხანია ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ვირტუოზული ნუსხა-ხუცური კალიგრაფიით დაწერილი და არაერთი საინტერესო მინიატურით შემკული ეს წიგნი, როგორც ანდერძი ცხადყოფს, ”ცოდვითა შებღალული” მიქელის შემოქმედების ნაყოფია. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ის არის პირველი ბეჭდური ”ვეფხისტყაოსნის” რედაქტორი, ”მესტანბეთ უფროსი”, ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილი, სასტამბო ნუსხა-ხუცური შრიფტის ხელნაწერი ნიმუშის ავტორი [17; გვ.119-120], ”დიდად განათლებული მწიგნობარი, ქართული სტამბის მესაძირკვლეთა წრის წარმომადგენელი, ხელნაწერთა გადამწერი და ისტორიულ დოკუმენტთა, მათ შორის სამეფო სიგელთა შემდგენელი, გამორჩეული ზნეკეთილობითა და განსწავლულობით, პოლიტიკურ სარბიელზე ვახტანგ VI-ის უერთგულესი, ქვეყნის ჭირისა და უბედურების საკუთარ თავზე გარდამსახველი” [15, გვ.113]. ღვთისმშობლის დაუჯდომელი - K 258 შემოსილი არ არის XVII-XVIII საუკუნეებისათვის ნიშანდობლივი ტვიფრული ტყავით დაფარული ხის დაფების ყდით, მაგრამ იბაკონში მოცემული მინიატურების გათვალისწინებით, მუყაოს ყდის წინა ფრთის ფორზაცად გამოყენებული ფურცელი, რომელზედაც გამოსახულია კომპოზიცია ზოდიაქოს ნიშნებითა და სხვა სიმბოლოებით, სავარაუდოდ, წიგნის შექმნის თანადროულია და მოხატვა გადამწერის შესრულებული უნდა იყოს. KK 258-ში ზოდიაქოს 12 სიმბოლო წარმოდგენილია კონცენტრულ წრეში. ამ წრის გარეთ, მინიატურის ოთხივე კუთხეში ქერუბიმები ხატია, რომელთა შორისაც ზემოთ მზეა ჩასმული, ქვემოთ კი - მთვარე. ცენტრში ცეცხლოვანი, მზიური წრეა, ორმაგი შრითა და გველის მთლიანი სხეულით (დახვეული სახით). პირღია ქვეწარმავალს მზერა მიპყრობილი აქვს მაღლა. ამ მინიატურას მოსდევს მეორე სიუჟეტი: ფარშევანგებით დამშვენებულ ხის ვარჯზე შემდგარია ჭაბუკი. იგი ხელებით მცენარის ორ განშტოებას არის მოჭიდებული. ხის ფესვებში ხატია გველი. მკაფიოდ ჩანს მისი ღია პირი და წითელი ენა (იხილეთ სურათი დანართში.). ჩვენი აზრით, ეს ორი მინიატურა ქმნის ერთ მთლიან კომპოზიციას, რომელიც თავისი შინაარსით სრულებითაც არ მოდის წინააღმდეგობაში მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან. დეკანოზი ბიძინა გუნია ციურ სხეულთა მიმართ მართლმადიდებლური ქრისტიანობის დამოკიდებულების შესახებ ღრმად და ამომწურავად მსჯელობს წიგნში: ”ასტროლოგიურ ცრუსწავლებათა მხილება" [8]. ის ამ თემას განიხილავს სვეტიცხოვლის ფრესკის ფრაგმენტის - ”ზოდიაქოს რკალისა" და მცხეთური დავითნის (A - 38 ხელნაწერის) მიხედვით. ამ ნაშრომში ხაზგასმით არის მითითებული, რომ მართმადიდებლობა ზოდიაქოს ნიშნებს კი არ უარყოფს, არამედ მკითხაობას. ეკლესია გმობს და ამხელს ციური მნათობების მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის წინააღმდეგი ხილული ცის თანავარსკვლავედად დაყოფისა და სხვადასხვა ასტრონომიული და, მათ შორის, ზოდიქური გამოთვლების. არაერთი ქართული ხელნაწერი ((A 85, H 1670, S 34, S 38) შეიცავს ქრონოლოგიურ-პასქალურ გამოთვლებს. მცხეთურ დავითნში (A 38) სხვადასხვა გამოთვლათა ამსახველი 21 ფრაგმენტი და 2 ცხრილია წარმოდგენილი, რომლებსაც პირობითად 4 ჯგუფად ყოფენ. მესამე ჯგუფის ოთხი ფრაგმენტი სწორედ ზოდიაქურ გამოთვლებს ეხება [8], მაგრამ იქ მინიატურა ზოდიაქოს წრით არსად გვხდება. სამეცნიერო ლიტერატურაში ჩვენ ვერსად მივაკვლიეთ ისეთ სასულიერო ხელნაწერ ან ბეჭდურ წიგნს, რომელშიც ფერწერული ნიმუშის სახით რომელიმე კომპოზიციაში მოცემული იქნებოდა 12 თანავარსკვლავედი. დეკანოზი ბიძინა გუნია წერს, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებშიც, როგორც გამონაკლისი, ზოდიაქოს გამოსახვის მხოლოდ ორი შემთხვევაა ცნობილი: 1) ათონის მთაზე, დიდი ლავრის მონასტერში უფლის დიდების ფრესკაზე (XVIII ს.) და 2) სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ განფენილი მხატვრობის ცენტრალურ ნაწილში (XVII ს.) [8]. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ზოდიაქოს ნიშნებიანი მინიატურის არსებობა ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ იბაკონსა და ლოცვანში (K 258) გამორჩეულად საყურადღებოს ხდის ამ ისედაც უზომოდ საინტერესო წიგნს. სამყარო თვითმყოფადი არ არის, იგი ღვთის მიერაა შექმნილი. მზე, მთვარე და ვარსკვლავები ღმერთმა მეოთხე დღეს დასხა ცაზე. წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ ”ციური მნათობები ადამიანთა კეთილდღეობისათვის გააჩინა უფალმა და ამით გვიჩვენა, თუ როგორ აფასებს იგი ადამიანთა მოდგმას და გვასწავლის იმას, რომ ჩვენ, ამით ძღვანებულებმა, მისი სადარი პატივი მივაგოთ შემოქმედს. და როგორი უგნურება იქნებოდა, ციურ ქმნილებათა სილამაზით მოხიბლულნი, მათზე რომ შევჩერდეთ, და არ აღვაპყროთ გონიერი მზერა უფლისაკენ” [23, გვ.10]. ციური სხეულები მორწმუნე ადამიანს ღვთის სიტყვის მორჩილ აღმსრულებლადაც წარმოუდგება. ისინი ”რჩებიან საკუთარ საზღვრებში, არასოდეს გადადიან დადგენილ მიჯნას და ამასთანავე ღვთის სადიდებელსაც აღავლენენ" [23, გვ.10]. წმ.ბასილი დიდი წერს ”ადამიანთა ცხოვრებისათვის აუცილებელია მნათობთა ნიშნები, რადგან თუკი ვინმე მათი გამოძიებისას ზომას არ გადავა, ხანგრძლივი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მრავალ სასარგებლო რამეს აღმოაჩენს. ბევრ რამეს ისწავლის თავსხმა წვიმებზე, ბევრსაც გვალვებსა და როგორც ადგილობრივ, ისე იმ ქართა აღძვრის თაობაზე, რომელნიც ყველგან ქრიან ”[2. გვ.270]. ვარსკვლავთმისნობას დიდ ცოდვად მიიჩნევს წმინდა წერილი, სჯულის კანონი, მართმადიდებელ წმინდა მამათა სწავლება. სატანით ცდუნებულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ნიშნებით შეიძლება ადამიანის მომავალი ცხოვრების წინასწარმეტყველება. გ.მესხიშვილი ამის თაობაზე წერს: ”ეშმაკი უძლურია ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე და თავიანთ მზაკვრობას ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის შესაცდენად მიმართავს, რათა ისიც უფლის წინააღმდგომი და თავისი მსგავსი გახადოს; ის ზოგს აშკარა ბოროტებას შთააგონებს, სხვებს კი თაფლით შეზავებულ საწამლავს სთავაზობს”. ზოდიაქოს ნიშნებით ადამიანის ბედის განსაზღვრის შესახებ და ასტროლოგიური ”წინასწარმეტყველების” ახდენის თაობაზე წმინდა იოანე ოქროპირი მიუთითებს: ”როგორ იტყვი შენ, განა რაც იწინასწარმეტყველეს ასტროლოგებმა, მრავალი მათგანი არ ახდაო? და რადგან შენ თვითონ განიშორე ღვთის შეწევნა, უგულებელყავ ღვთიური სწავლება (და მათ შორის ისიც, რაც ყოველგვარი მისნობის უარყოფას ეხება) და საკუთარი თავი ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულების მიღმა დააყენე, ეშმაკი თავისი ნებით მართავს და განკარგავს შენს საქმეებს, მაგრამ ის (ანუ ეშმაკი) არ იქმს ამას წმინდანებთან მიმართებაში და თუნდაც ჩვენ, ცოდვილების მიმართ, რადგან ერთობ გვძაგს და განვეშორებით ამგვარ წინასწარმეტყველებებს” [22; გვ758]. VIII საუკუნეში მოღვაწე უდიდესი წმინდა მამა იოანე დამასკელი წერს: ”ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავებისა და, აგრეთვე, მზისა და მთვარის ამოსვლის, ჩასვლისა და მათი თანშეყრის შედეგად განეგება ყოველივე ჩვენეული. ამის შესახებ არსებობს ასტროლოგია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ის ნიშნები, რაც მათგან ხდება, ეხება წვიმასა და უწვიმრობას, სიგრილესა თუ სითბოს, სინოტივესა თუ სიმშრალეს, აგრეთვე ქარს და სხვა ამგვარს, მაგრამ არანაირად - ჩვენეულ საქმეებს; თვითუფლებრივნი დავიბადეთ ჩვენ შემოქმედისაგან, რის გამოც ჩვენეულ საქმეთა უფროსები ვართ” [9, გვ.352-352]. ქართულ სინამდვილეში ზოდიაქოს გამოსახვის პრეცედენტი მხოლოდ მცხეთის ფრესკისა და ქუთაისის მუზეუმში დაცული იბაკონის ილუსტრაციის სახით, ჩვენი აზრით, უბრალო დამთხვევა სულაც არ არის. ფ.დევდარიანის გამოკვლევით, სვეტიცხოვლის აღმშენებლობა XVII საუკუნეში დაკავშირებულია კათალიკოს ნიკოლოზ იოთამის ძე ამილახორის სახელთან [7]. თავისი ეპოქის ეს თვალსაჩინო ფიგურა მიკუთვნებოდა ქართველ მოღვაწეთა იმ დასს, რომლის უმთავრეს საზრუნავს შეადგენდა მაჰმადიანური აგრესიის პირობებში ქვეყნის სულიერი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების წინსვლა. იგი საქართველოს კათალიკოსი იყო 1678-1688 და 1691-1704 წლებში [13, გვ.68-69]. გარდაიცვალა 1704 წელს და პ.კარბელაშვილის ცნობის თანახმად, დამარხულია სვეტიცხოველში ”საკურთხევლის ჩრდილოეთით ეკვდერში შესავლის მარცხნივ" [11, გვ.129]. კათალიკოს ნიკოლოზის მოღვაწეობა იყო მრავალმხრივი. განსაკუთრებული ინტენსიური ხასიათი მის საქმიანობას სწორედ სვეტიცხოვლის ტაძარში ჰქონდა. მან ტაძარს შესწირა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ბევრი რელიგიურ-რიტუალური ნივთი, ოქრომკედით ნაქარგი ძვირფასი საეკლესიო ქსოვილები. [10, გვ.65-67]. დღემდე არსებული წარწერის თანახმად, კათალიკოს ნიკოლოზის სახელს უკავშირდება უწმინდესი სვეტის - ”სვეტიცხოველისა" და მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ტაძრის ცენტრალური ნავის ჩრდილო კედლის მოხატვა [10, გვ.65). ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ კათალიკოს ნიკოლოზის თაოსნობით იქნა აღდგენილი სამხრეთის კედელი, რომლის ფრესკაზეც აისახა საქართველოში და მთელს მსოფლიოში უიშვიათესი კომპოზიცია ზოდიაქოს ნიშნების წრით. ამავე კედელზე არის 1685 წელს შესრულებული წარწერა, რომელიც გვაუწყებს: ”ჩვენ ქართლისა კათალიკოსმან ამილახორის იოთამის ძემან ბატონმა ნიკოლოზ განგიახლე მეორედ კედელი ესე..."[14, გვ.504] სვეტიცხოველს ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავდა ადგილზე შექმნილ ორიგინალურ ნაწარმოებებს და აქვე გადაწერილ ხელნწერებს, აგრეთვე, სხვდასხვა პირთა მიერ შემოწირულ წიგნებს. კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორმა დიდი ამაგი დასდო ამ ბიბლიოთეკის გამდიდრებას და იზრუნა იქ დაცულ ხელნაწერთა რესტავრაციაზე: ”ძველ წიგნებს რა გაახლება, ჩამატება და შეკურა უნდოდა ყუელა გავაკეთებინე თვით თვისა შიგან სწერია” [10, გვ.67]. საყურადღებოა, რომ კათალიკოსის მიერ შეწირულ წიგნთა შორის, როგორც ანდერძები ცხადყოფს, არის მისი დაკვეთით გადაწერილი გულანი (A 30-31-32) და ღვთისმშობლის დაუჯდომელი (H 98). პირველი, რომელიც დიდი ზომის ნუსხაა, მიქელისა და საბას ერთობლივი ნაღვაწია, ხოლო მეორე მთლიანად მიქელის მიერაა გადწერილი და მოხატული. ამ წიგნთა მინიატურებზე დაკვირვების შედეგად ფ. დევდარიანი წერს: ”მიქელისა და საბას ილუსტრაციებს სტილისტურად უკავშირდება მონუმენტური მხატვრობის ძეგლებისა და მინიატურების ჯგუფი, რომელიც შესრულებულია ქართლში XVII საუკუნის მეორე ნახევარში." [7, გვ.60]. წიგნები H 98 (დღესდღეობით ის დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) და K 258 მიქელის მიერაა გადაწერილი. რამდენიმე წლის წინ ამ ორი ხელნაწერის შედარებისას დადასტურდა კალიგრაფიის იდენტურობა და, აგრეთვე, გამოვლინდა, რომ ეს ორი ხელნაწერი თითქმის ორეული წიგნებია. მსგავსება იმდენად დიდია, რომ ზერელე დაკვირვებით ამ ორი იბაკონის ერთმანეთისაგან გარჩევა ძნელია. [17, გვ.119] ყოველივე აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ K 258-ისა და სვეტიცხოვლისათვის ნიკოლოზ ამილახორის მიერ შეწირული წიგნების გადამწერ-მხატვარი მიქელი მიეკუთვნება იმ მოღვაწეთა რიცხვს, რომელთა შესახებ პ.კარბელაშვილი წერს: ”ნიკოლოზმა მოუყარა თავი საუკეთესო მხატვართ და წიგნთა გადამწერ კაცებს და აწერინებდა მხატვრობიან საელესიო წიგნებსა." [11, გვ.108]. ნათელია, რომ XVII საუკუნის ოთხმოციან წლებში მიქელი მოღვაწეობდა სვეტიცხოველში. ხელნაწერ წიგნსა და ტაძარში მოცემული ზოდიაქოს ნიშნების გამოსახვაში იდენტურობა არ იკვეთება, მაგრამ მაინც შეიძლება ვარაუდი იმისა, რომ მიქელი უშუალოდ მონაწილეობდა სამხრეთის კედლის ფრესკის შექმნაში. მას ხომ თავისი ეპოქის ერთობ საინტერესო მხატვრად მიიჩნევენ: ნ.კონდაკოვი [12], რ.შმერლინგი [18], შ.ამირანაშვილი [20], ვ.ბერიძე [4] და ფ.დევდარიანი [7]. ფ.დევდარიანის აზრით, მისი მინიატურები სტილისტურად სწორედ ფრესკული ფერწერის გავლენას ამჟღავნებს. [7, გვ.60]. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუ K 258-ის გადამწერს ზოდიაქოს მონუმენტურად გამოსახვის მიზნით ფუნჯი არ მოუსვია, აშკარაა, რომ სვეტიცხოვლის სამხრეთ კედლის ფრესკის ავტორი და მიქელი ერთიდაიგივე სულისკვეთების მოღვაწეები არიან და, რომ კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის მიერ ჩამოყალიბებული მწიგნობარ-შემოქმედთა ჯგუფის მაღალი სამეცნიერო ცოდნა და ღრმა სასულიერო განცდები დაედო საფუძვლად ზოდიაქოს ნიშნების ყოველმხრივ გამართლებულ გამოსახვას როგორც ქრისტიანულ ტაძარში, ასევე იმ ხელნაწერ წიგნში, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმშია დაცული. აქვე გვინდა გამოვთქვათ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ზოდიაქოს ნიშნების (მართლმადოდებლური ფერწერისათვის ამ იშვიათი სიმბოლოების) ეკლესიაში გამოსახვის გამოცდილება საქართველოში XVII საუკუნემდეც არსებობდა. როგორც ზემოთ ვნახეთ, სვეტიცხოვლის სამხრეთ ფრსკის წარწერაში კათალიკოსი უთითებს: ”განგიახლე მეორედ კედელი ესე” [14, გვ.504]. შესაძლოა, კედლის გაახლებაში ანუ რესტავრაციაში იგულისხმება ძველი, დროთა განმავლობაში იავარქმნილი ფრესკის აღდეგენაც. ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილი მიქელი ფრიად განსწავლული მოღვაწე იყო. პირველი ბეჭდური ”ვეფხისტყაოსანით” ვახტანგ მეექვსემ და მან ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარეს მეცნიერულ რუსთველოლოგიას. ცხადია, რომ მას მრავალმხრივი განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ იგი არ მოქცეულა წარმართული ხანისა თუ თავისი თანამედროვე სხვა რჯულის წარმომადგენელების ცრუსწავლებათა გავლენის ქვეშ. მიქელი მოღვაწეობდა XVII-XVIII საუკუნეებში. ეს პერიოდი მცირე რენესანსად წოდებული ეპოქაა საქართველოსათვის. ამ დროს დიდი წინსვალა განიცადა ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგმა და მათ შორის ასტრონომიამაც. მაგრამ ამავე დროს სპარსულიდან ითარგმნებოდა ისეთი თხზულებებიც, სადაც ერთმანეთში აღრეული იყო ასტროლოგია და ასტრონომია. მიქელის აზროვნებაზე ფსევდომეცნიერული ნაშრომების ზემოქმედების კვალი არ ასახულა. ამ მოღვაწეს კარგად მიესადაგება გიორგი მერჩულის მიერ გრიგოლ ხანძთელთან მიმართებით დაწერილი სიტყვები: ”სიბრძნეცა იგი ამა სოფლისა ფილისოფოსთაჲ ისწავლა კეთილად, რომელი იპოვის სიტყუაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის” [6. გვ.133]. დაუჯდომელში ზოდიაქოს ნიშნებით მიქელმა გამოსახა ცის სფეროს ფონი და ამით თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ მართმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია და სასულიერო ცხოვრება მოცავს ზეცას, ცას და დედამიწას. არქიმანდრიტი რაფაელი წერს: ”რადგანაც ადამიანების გონება სიმბოლური აზროვნებისაკენ იყო მიმართული, ამიტომ ცის სფეროს ზოდიაქოს ნიშნებით გამოსახავდნენ. ზეცის ალეგორიული გამოსახვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს ასტროლოგიასთან, მით უმეტეს, რომ თვით ზოდიაქოს ნიშნებს ძალიან პირობითი ხასიათი აქვს. ასტრონომიული სიმბოლიკა არ გულისხმობს ასტროლოგიურ აზროვნებას. ჩვეულებრივ, ანბანის შესასწავლ წიგნებში, ასოების უფრო იოლად დასამახსოვრებლად, ანბანს სხვადსხვაგვარი საგნებისა და ფიგურების სახით გამოსახავენ, ამგვარად მყარდება ასოციაციური კავშირი პირობით ნიშანსა და გრაფიკულ გამოსახულებას შორის. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი აღნიშნავს დედამიწიდან, როგორც წარმოსახვითი ცენტრიდან, დანახულ ცის თაღს.” ამ ცის თაღის მაღლა არის ზეცა, სასუფეველი. 181-ე ფსალმუნი გვამცნობს: ”ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო”. მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურების ციკლებში ცხადდება, რომ ეკლესია კოსმიური ღვთისმსახურების თანაზიარია; ცისკრის ჟამნის ლოცვები, როგორც დეკანოზი ბიძინა გუნია უთითებს, იწყება 148-ე ფსალმუნის 1-3 მუხლებით: ”აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი”[8]. ზოდიაქოს ნიშნების წრის არსებობა იბაკონში უფლის დიდებისა და მეორედ მოსვლის გასააზრებლადაა მოცემული. ამ კომპოზიციაში ქერუბიმთა გამოსახვა შემთხვევითი, რა თქმა უნდა, არ არის. სახელი ქერუბიმი ნიშნავს სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას [24]. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამ დასის ანგელოზებს უწოდებს არა მარტო ქერუბიმებს, არამედ ”გონისმიერ ძალებს" ანუ ”გონებანს" [32]. ნებისმიერი მეცნიერული ცოდნა და მათ შორის ასტრონომიულიც, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული უნდა იყოს ღვთიურ სიბრძნეზე. ამ სულისკვეთებით ავსებენ ქერუბიმები მორწმუნეთა გულებსა და გონებას. მინიატურაზე მოცემული მათი გამოსახულებები ღვთისშვილთა მზერას მიმართავენ ცათა სასუფევლისაკენ, ანგელოზთა უკლებლივ ყველა დასისაკენ. ამ დროს კი მორწმუნეთა ფიქრები უკავშირდება მეორედ მოსვლას, დიდებით მოსილ ქრისტეს: ”რა ჟამს მოვიდეს ძჵ კაცისა დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა (მათეს სახარება, 25. 31 [5; გვ. ])". K 258-ის მინიატურის კომპოზიციაში გველის გამოსახულება ორჯერ გვხდება. ამ ქვეწარმავლის სახისმეტყველება ძალიან რთულია. მინიატურის შინაარსის აღსაქმელად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიმბოლოთა წვდომას. ”სიმბოლო უძირითადესი ენაა ქრისტიანობაში. იგი გამოიყენება ფაქტებზე, რომლებიც იყო, რომლებიც მიმდინარეობს და რომლებიც მოვა... სიმბოლო უმთავრესია მთელს ლიტურგიაში, წირვა სიმბოლოთმეტყველებაა მთლიანად, რომელიც საოცრად ერწყმის ევქარისტიულ რელობას. სიმბოლოებითაა სავსე ძველი აღთქმა, რომელიც ახალ აღთქმაზე იუწყება და ახალი აღთქმა, რომელიც უფლის მეორედ მოსვლისათვის გვამზადებს... ეს ამოუწურავი თემაა, ძალიან საინტერესო, ძალიან სავსე. სიმბოლო ამოძრავებს ხატმწერს, სიმბოლოთი გალობს მგალობელი, სიმბოლოებით იქარგება საეკლესიო შესამოსელი. სიმბოლოა ყველაფერი ეკლესიაში: სანთელი, კანდელი, საკურთხეველი, სანათლავი, ზარი, საკმეველი... სიმბოლოა არქიტექტურა (გუმბათი, ნავი, სვეტები...), ფერწერა ტაძრის კედელსა თუ სასულიერო ხელნაწერ წიგნში. სიმბოლო ქრისტიანობაში ცოცხალია, ისაა არა მხოლოდ რაიმე ნიშანი რაიმეს გამოსახატავად ან რაიმეს გასახსნელად, არამედ ესაა მადლმოსილი ნიშანი” [31]. გველი ძველ აღთქმაში სატანაა, რომლის ძალისხმევითაც ადამიანი მოკვდავი გახდა და დაეხშო ის ბჭე, საიდანაც ღვთეაბრივ სიბრძნეს შეიმეცნებდა (დაბადება; 3; 1–24 [5; გვ.3]). მეორე მხრივ, ამ ქვეწარმავლის სიმბოლიკას აქვს პოზიტიური მნიშვნელობაც. ძველ აღთქმაში, დაცემიდან კარგა ხნის შემდეგ, ღმერთმა ისრაელის ძეთ გველი მიუვლენა თავდაპირველად დასასჯელად, შემდეგ კი - მხსნელად: ”და მოუვლინა უფალმა ხალხს შხამიანი გველები და დაკბინეს ხალხი, და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი. და მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: ”შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ. ილოცე უფლის მიმართ, მოაშოროს ჩვენგან გველი” და ილოცა მოსემ ხალხისათვის. და უთხრა უფალმა მოსეს: ”გააკეთე შენთვის გველი და დაამაგრე კეტზე, და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი დარჩება”. და გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. და თუ დაგესლავდა გველი კაცს და შემდეგ შეხედავდა იგი სპილენძის გველს, ცოცხალი რჩებოდა” (რიცხვთა; 21.5-9 [5; გვ.156]). ამ ბიბლიური პასაჟის სახისმეტყველბა განიმარტება იოანეს სახარებაში თვით იესო ქრისტეს ფრაზით, რომელსაც იგი ეუბნება იუდეველთა მთავარს, ფარისეველ ნიკოდემოსს: ”როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა” (იოანე; 3.14 [5; გვ.112]). უფრო მეტი პოზიტივი გველთან მიმართებით წარმოუდგენელია. როგორც ვხედავთ, იოანეს სახარებაში იგი სიმბოლურად იესო ქრისტეს უკავშირდება. შატბერდის კრებულში დაცულია ბასილი დიდის ”მჱეცთათჳს სახის სიტყუაჲ”, სადაც ამ ქვეწარმავლის შესახებ ვკითხულობთ: ”სახისმეტყუელმან თქუა: სამი სახჱ არს გუელისაჲ. პირველი სახჱ: რაჟამს დაბერდის და თუალთა მოაკლდის და ჰნებავნ განჭაპუკებაჲ, მარხვად დგის და მჱნდის, და იმარხის გუელმან მან ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, ვიდრე ტყავი განევლტის და განუთხნის. იძიის ნაპრალი და პოვოს კლდისაჲ იწროჲ და შეჱდის იწროდ და გააგდის ტყავი იგი მისი ძუელი და განჭაპუკნის. ისმინეთ, რომელმან იგი თქუა: ”ისწრაფედ შესლვად იწროსა მას კარსა და ძნელსა, რომელნი მიავლინებენ ცხორებად საუკუნოდ”. მეორჱ სახჱ გუელისაჲ რაჟამს მივიდის მდინარედ სუმად, არა მიიღოს გესლი იგი მის თანა, არამედ მუნ ქუაბსა ანუ ჱურელსა დადვის. ეგრეცა ჩუენდა ღირს, რაჟამს შევკრბეთ ეკლესიად სმენად და სუმად წყლისა ცხოველისა სამარადისოჲსა, სმენად საღმრთოჲ სიტყუაჲ ეკლესიასა შინა, და არცაღა ჯერ – არს ჩუენ თანა მიღებად გესლი იგი ქუეყანისაჲ ამის, ბილწად სავსჱ, თხლჱ შეზავებული, გულის თქუმაჲ და ზრახვაჲ უკეთურებისაჲ” [5. გვ.181]. ლ.გაბრიელაშვილი თავის ნაშრომში ”ცხოველთა პარადიგმული სახე-სიმბოლოები ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველ რედაქციებში” განიხილავს ზემოთ მოტანილ ციტატას და წერს, რომ გველის ტყავის გამოცვლა, ანუ გაახალგაზრდავება აღიქმება ქრისტიანულ განწმენდად და ძველი ცხოვრების ახლით შეცვლად, ხოლო მდინარეში უშხამოდ ჩასვლის ჩვეულება სიმბოლურ აზროვნებაში გადატანილია ადამიანზე, ეკლესიაში სალოცავად შესულ ქრისტიანზე, რომელიც ცხოვრების წყაროს ეწაფება და ცდილობს განწმენდილი, ყოველგვარი ვნებისაგან დაცლილი წარსდგეს უფლის სახლში[28]. გველს უკავშირდება ცდუნებაც და სიბრძნეც. ”იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი” - ეუბნება მაცხოვარი თავის მოწაფეებს (მათეს სახარება, 10.16 [5; გვ.12]) სიმბოლოთა ელექტრონული ლექსიკონის მიხედვით, ”დახვეული სახით გველი არის სიმბოლო მუდმივი მოძრაობის, მოვლენების ციკლურობის, დინამიურობის, სიბრძნის” [34]. ამ დატვირთვითაცაა გველი გამოსახული ზოდიაქოს წრის ცეცხლოვან ცენტრში. იგი მიანიშნებს იმაზე, რომ უფლის მიერ ზოდიაქოს თანავარსკვლავედს ადამინის საკეთილდღეოდ მინიჭებული აქვს ციკლური ცვლილებების უნარი და ამ მოვლენების სწორად შეცნობა აუცილებლია. სიბრძნე და მეცნიერება სულიწმიდის ნიჭის შვიდეულში შედის. სიბრძნის სიმბოლოა გველი. ამ ქვეწარმავლის ძველებრაული სახელწოდებაა ”ნაჰაშ”, რომლის ძირიც ”ჰაშ” ქართულად ნიშნავს ძიებას, წვდომას, საიდუმლოს ახსნას [38]. უიშვიათესი მინიატურა ზოდიაქოს ნიშნების, გველის გამოსახულებებითა და სხვა სიმბოლოებით ავტორმა ღვთისმშობლის დაუჯდომელში ჩართო, რაც წინასწარგანზრახვის გარეშე, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა. ქალწულმა მარიამმა შობა მაცხოვარი. ადამის პირველქმნილ ცოდვას, რომელიც დაბადებისთანავე თან დაჰყვება ყოველ ადამიანს, ამარცხებს ნათლობისა და აღსარების საიდუმლო, მონანიება, ქრისტესთან ზიარება. საბერძნეთში, კუნძულ კეფალონიაზე, სოფელ მარკოპოლოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაბრძანებულია ხატი, რომელსაც ეწოდება ”პანაღია ფედუსა”, რაც ქართულად ნიშნავს გველებიანი ღვთისმშობლის ხატს. წელიწადში ერთადერთხელ, დედათა შორის უწმინდესის ხსენების დღეს, შხამიანი გველები აღარ არიან გესლიანები. შედიან ტაძარში, ეხვევიან, თაყვანს სცემენ პანაღია ფედუსას და მშვიდად დასრიალებენ მორწმუნეთა ხელებზე [36]. ეს სასწაული, რომელიც უკავშირდება წარსულში ამ ეკლესიაში მოღვაწე მონაზვნებს, არის ნათელი მინიშნება იმისა, რომ ყოველთვის და, მით უმეტეს, ღვთისმშობელთან მიმართებაში, გველი ბოროტებას არ განასახიერებს. ციური სამყაროდან ღვთისმშობლის სიმბოლოებია ცისარტყელა და მზე. სიმბოლოთა ელექტრონული ლექსიკონების მიხედვით, გველი დადებითი შინაარსით, როგორც სიმბოლო, შეიძლება ნიშნავდეს ცისარტყელასაც (”ციური გველი ეს იგივე ცისარტყელაა, რომელიც ხიდია მიწიერი და ზეციური სამყაროსი” - [34]). და მზესაც (”გველი, როცა ეხვევა ღვთისმშობელს, არის მზის ემბლემა” - [35]). შესაძლოა, იბაკონის მინიატურაზე მზიურ გარსში ჩასმული გველის გამოსახულებით მჟღავნდება ამ ქვეწარმავლის პოზიტიური ბუნება, რომელიც დაკავშირებულია ღვთისმშობელთან. გველის დადებითი სახისმეტყველების მიუხედავად, ის მაინც ასოცირდება უარყოფითი შინაარსის მატარებელ სიმბოლოდ. ამის გათვალისწინებითაც, მინიატურაზე გველის ყოველგვარი აგრესიულობა და ბოროტება დაძლეულია. იგი ცეცხლოვანი ორმაგი წრითაა შემოსაღვრული, ჩაჭერილია მანათობელის შეკრულ სივრცეში. ამ მზიური წრით ნაჩვენებია ყოვლადწმიდა მარიამისა და მაცხოვრის მეოხება, სატანისა და სიკვდილის დამარცხება, ეშმაკის უძლურება ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე. ახალი აღთქმის ბოლო წიგნში წითელი გველეშაპის ანუ ძველი, დასაბამის გველი-სატანას მიერ იდევნება ფეხმძიმე ქალი. იბაკონის ზოდიაქოებიანი მინიატურა გონებაში აცოცხლებს აპოკალიფსში ამ ქალის წარმოჩენის პირველ პასაჟს: ”გამოჩნდა ცაში სასწაული დიდი: ქალი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით.” ეშმაკმა ვერ ჩაყლაპა ამ ქალის მიერ ნაშობი ვაჟი. ბავშვი ”ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან.” მან ”უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით”. გადარჩა ქალიც. იგი ვერ დაღუპა სატანამ. (გამოცხადება, 12.1-17 [5; გვ.308-309]). იბაკონის დასაწყისიდანვე იკითხება ფრაზები: ”გიხაროდენ დაცემულისა მის ადამის აღდგომაო, გიხაროდენ ცრემლთა ევაჲსთა განმაქარვებელო", ”გიხაროდენ ვარსკულავო, მომფენელო მზისაო", ”გიხაროდენ კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოჲდა ღმერთი, გიხაროდენ Ãიდო წიაღმყვანებელო ქუეყანისათაო, ცად მიმართ," ”გიხაროდენ ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო", ”გიხაროდენ ბრძენთასა ზეშთაქმნილო მეცნიერებასა", ”გიხაროდენ მორწმუნეთა განმაბრწყინვებელო მცნობელობასა". ყოველივე ეს ნათელყოფს, თუ რა მიზნით შეიძლება იყოს მოცემული ამ ტიპის მინატურა ღვთისმშობლის დაუჯდომელში. ხილული და უხილავი ციური სამყარო უფლისაგან არის შობილი და კაცთა მოდგმისათვის ამ სამყაროსთან სულიერი კავშირის მეოხი და სიმბოლური კიბე დედაღვთისაა. ღვთისმშობლის დაუჯდომელი და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დედათა შორის უწმინდესთან, უპირველეს ყოვლისა, ფიქრის მოძრაობით მიემართება ვედრების ღრმად გაცნობიერებისაკენ. ვედრება უკავშირდება ამაღლებული, დიდებით მოსილი, ყოვლისმპყრობელი ქრისტე-მსაჯულის გამოცხადებას. ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ყველა ლოცვა საწინდარია საშინელ სამსჯავროზე ჩვენი სულების შევედრებისა და ეს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ არ გვიბიძგოს ეშმაკმა ცოდვებისაკენ და, მათ შორის, ასტროლოგიური ცრუმეცნიერების გზისაკენ. როგორც გველის სიმბოლიკა არის დუალისტური, ასევე დუალისტური შეიძლება იყოს ადამიანის დამოკიდებულება ციური მნათობებისადმი. ზოდიაქოს ნიშნებისათვის ადამანის ბედ-იღბლის წინასწარ გამოცნობის ან ცხოვრების განგების მისიის მინიჭება არის ცოდვა, რომელსაც საერთო არა აქვს ასტრონომიულ ცოდნასთან. შესაქმის მეოთხე დღის ნაყოფი - ხილული ცის სამყარო: მზე, მთვარე, ზოდიაქოს თანავარსკვლავედი და ყველა მნათობი უხილავ ზეციურ (ანგელოზთა დასთა) სასუფეველთან ერთად ემორჩილება და ადიდებს უფალს. მორწმუნე ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება არის სამზადისი ამ ზეციურ ჰარმონიაში ადგილის დასამკვიდრებლად. ეს არის ამ მინიატურის უმთავრესი სათქმელი. ორი სიუჟეტისაგან შემდგარი კომპოზიციის პირველ ნაწილში ქერუბიმები საყვირებით და ცეცხლოვანი მნათობი ოცდაოთხი ქიმით გვაკავშირებს აპოკალიფსის სცენებთან და, უპირველეს ყოვლისა, შეგვახსენებს ოცდაოთხი უხუცესის სიტყვებს: ”შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და იქმნენ (გამოცხადება - 4.11 [5; გვ.303])” როგორც გამოცხადებაში წერია, ეშმაკი და ცრუწინასწარმეტყველი ჩავარდებიან ცეცხლისა და გოგირდის ტბაში და დაიტანჯებიან უკუნითი უკუნისამდე. ცეცხლისავე ტბაში ჩაიყრება სიკვდილი და ჯოჯოხეთი, ყველა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა (გამოცხადება - 20. 10,14,15 [5 გვ.:315-316]). მინიატურის მომდევნო ნაწილი მორწმუნეთა ფიქრებს წარმართავს ახალი ცის, ახალი დედამიწის, ახალი იერუსალიმის, სიცოცხლის წყლის მდინარისა და სიცოცოხლის ხისაკენ (გამოცხადება - თავები: 21; 22 [5; გვ.:315-318]), მინიატურაზე მოცემული ხეს, რომლის ფესვებშიც გველია ჩაბუდებული, არ ასხია აკრძალული ნაყოფი, არც მასზე მდგარი ჭაბუკია შიშველი; ეს უკვე ახალი აღთქმის სამყაროა. წმინდა ბასილი დიდი წერს: ”მესამÀ სახÀ გუელისაÁ: რაჟამს იხილის შიშუელი, ეტრფიალის, და თუ იხილის შემოსილი, ზედა მიუÀდის. და ჩუენ ესე გამოჩინებულად გულისხმა-ვყოთ. მამაÁ ჩუენი ადამი ვიდრე შიშუელ იყო სამოთხესა შინა, მუნ ვერ ჰკადრა ზედა-მისვლად ბოროტმან ეშმაკმან” [3. გვ181]. მინიატურის ავტორის გადაწყვეტა, ჩემი აზრით, ცხადყოფს, რომ მან ”გამოჩინებულად გულისხმა-ჰყო” გველის მესამე სახისმეტყველება. მხატვრმა აჩვენა, რომ სამოსის ალეგორია პირდაპირ კავშირშია სატანასთან და მის დამარცხებასთან. პირველი ორი ადამიანი, როცა შეუმოსავი იყო, გველის არა თავდასხმამ, არამედ ცბიერებამ დაღუპა. სასუფეველში მათ მოსანანიებელი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ სამოთხიდან რომ არ გამოძევებულიყვნენ, სინანული იყო საჭირო. უფალმა მათთან ურთიერთობისას ამას ვერ მიაღწია. ადამი და ევა დაწყევლილი ტანსაცმლით შეიმოსნენ. მათ უკვე მუდმივად თან სდევდათ გველის არა მარტო ცბიერების, არამედ აშკარა აგრესიის _ თავდასხმისა და დაგესვლის შიში. ასე გრძელდებოდა თაობიდან თაობაში. იესო ქრისტეს წამებით განხორციელდა კაცობრიობის ცოდვების მოინანიება. უფალმა ახალი აღთქმით ადამიანის მოდგმას ძველი სამოსი მოაშორა და მაცხოვნებელი სამოსით შემოსა, რომელიც სატანის წინააღმდეგ აღმართული ფარი და მახვილია. ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული ეშმაკის უკუგდება. იგი ჩასაფრებულია და საჭიროა გონიერება, წრფელი ლოცვა-ვედრება, რომ თავს არ მოგვახვიოს ლტოლვა ცოდვებისაკენ. წმინდა ბასილი დიდი იმავე ნაშრომში უთითებს: ”...შენ კაცო, ძუელი იგი თუ ქმნულებაჲ გაქუნდეს სამოსლად, ეკრძალე, ნუუკიე დაგიბრმენ თუალნი გულისა შენისანი და თუ - გიბრმენ, იძიე ადგილი საგონებელი, ვინაჲ გამობრწყინდეს შენ ზედა ახალი მჱსნელი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელსა ეწოდების მზჱ აღმოსავალი წინასაწარმეტყუელისაგან. მზისთუალმან მან სიმართლისამან აღგიხილეს ორნივე თუალნი შენნი, ძუელისა მის წილ გეყოს შენ ახალი სამოსელი.” [3; გვ.175] ახალი სამოსის სიმბოლიკა ღვთის რწმენისა და მაცხოვნებელი სიბრძნის ალეგორიაა. ბოროტება, ვნებების დაუოკებლობა, მკითხაობა და ცრუმეცნიერული სწავლებები ბადებს დაცემით მოპოვებული ტანსაცმლით ხელახლა შემოსვისა და გველის ”მიჴდომის” საშიშროებას. მინიატურის მიხედვით, ხეზე მდგარი ჭაბუკი გასულია გველის გავლენის არეალიდან. მისი სამოსი ახალია, წყევლა აღარ ახლავს თან. ამიტომაც ვეღარაფერს დააკლებს მას ეშმაკი ვერც ცბიერებით და ვერც თავდასხმით. აშკარად ჩანს, რომ მიწა და, მით უმეტეს, ქვესკნელი ამ ადამიანს არ აინტერესებს: თავი მაღლა აქვს მიბრუნებული და ზეცისაკენ იმზირება. ყოველივე ამით გაცხადებულია მორწმუნის მუდმივი ფიქრი სამოთხეში ადგილის დამკვიდრებაზე. აქ იხატება ”საბოლოო გაფრთხილება და კურთხევა” იოანეს გამოცხადებიდან: ”ნეტარ არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეს უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭეთი შევიდნენ ქალაქში“ (იოანეს გამოცხადება, 21. 14 [5; გვ]). ხეზე მდგარი ადამიანი განასახიერებს ჭეშმარიტ მორწმუნეს, რომლის მთავარი საზრუნავია, ამქვეყნად ღვთისნიერი ცხოვრებით დაიმსახუროს ადგილი სასუფეველში, სადაც ”დაწყევლილი აღარაფერი იქნება...…ღამე არ იქნება და აღარავის დასჭირდება არც სასანთლის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებთ მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე”(გამოცხადება - 22. 3-5 [5, გვ.317]). ხე, რომელზეც ჭაბუკი დგას, არ არის ხე ცნობადისა. იგი სიცოცხლის, უკვდავების ხეა. გველის, როგორც სიმბოლოს განმარტებისას, უთითებენ, რომ ”ხე ცნობადთან გველი არის ეშმაკის, ბოროტების სიმბოლო, სიცოცხლის ხესთან კი - სიბრძნის, აგრეთვე, ქვესკნელის, მიწისა და ცის კავშირისა” [35]. ეს აზრები გარკვეულწილად ეხმიანება K 258-ში მოცემულ მინიატურას. სხვადსხვა ხალხების და, მათ შორის, ქართველთა მითოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საკრალური ხის სიმბოლიკას. განიხილავს რა ამ საკითხებს ნ. აბაკელია, წერს: ”ხე, როგორც სიმბოლო, აერთიანებს სამ კოსმიურ ზონას - ცას, მიწას და ქვესკნელს; იგი იმავე დროს კომუნიკაციის საშუალებაცაა დედამიწასა და ცას შორის” [27]. მითოლოგიაში დამკვიდრებული კოსმიური ხის ერთ სქემას მსგავსება აქვს მინიატურაზე წარმოდგენილ ხესთან: ”მისი ტოტები ცაშია და მასზე მითიური ფრინველი ბინადრობს. ტანი მიწას შეესაბამება, უფრო გვიანდელ ტრადიციებში კი - ადამიანს. ხის ფესვები ქვესკნელში ჩადის. ხშირად მის ფესვებში მითიური გველი ბინადრობს. ზოგიერთ ნახატზე ხის ფესვებს პირდაპირ დაგრაგნილი გველების გამოსახულება ცვლის” [30]. მითოლოგიური სამყაროს წარმოდგენებთან ერთგვარი პარალელების გავლება საინტერესოა, მაგრამ იბაკონის ფორზაცზე მოცემული ხის სახისმეტყველება უკავშირდება ბიბლიური სიცოცხლისა და უკვდავების ხეს. ძველ აღთქმაში ხმელი ხისაგან გაკეთებული კვერთხი იძენს სიცოცხლეს სწორედ გველთან მიმართებაში და თანაც იმ მიზნით, რომ ისრაელის შთამომავლობამ ირწმუნოს მოსეს წინაშე უფლის გამოცხადება: ”და თქვა მოსემ: ”არ დამერწმუნებიან და არ მოისმენენ ჩემს ხმას, რადგან მეტყვიან, არ გამოგცხადებიაო უფალი”. და თქვა უფალმა: ”რა გაქვს ხელში?” თქვა: ”კვერთხი”. და თქვა: ”დააგდე მიწაზე!” და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად, და გაიქცა მოსე მისგან. და უთხრა უფალმა მოსეს: ”გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით” და მან გაიწოდა ხელი და დაიჭირა იგი, და გადაიქცა კვერთხად მის ხელში. ”ეს იმისთვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა შენ უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.” (გამოსვლა. 4.1-5 [5;გვ.56]). ფარაონთან დაპირისპირების ჟამსაც ღმერთის ნებით აარონის უსიცოცხლო ხის კვერთხი იქცა გველად (სიმბოლოდ სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა), რომელმაც დაამარცხა ეგვიპტელი ჯადოქრების მიერ კვერთხების გარდასხვით გაჩენილი გველები (უსამართლობის, ძალმომრეობისა და ბოროტების სიმბოლო): ”და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: ”თუ გეტყვით თქვენ ფარაონი: ”სასწაული მოახდინეთ”, მაშინ ეტყვი აარონს: ”აიღე შენი კვერთხი და დააგდე ფარაონის წინაშე” და იქცევა იგი გველად”. და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და გააკეთეს ისე, როგორც უფალმა უბრძანა. და დააგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონისა და მის მსახურთა წინაშე. და იქცა იგი გველად. მოუხმო ფარაონმა ბრძენკაცებს და ჯადოქრებს და გააკეთეს მათაც, ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავისი გრძნეულებით. და დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი და გადიქცნენ ისინი გველებად და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები” (გამოსვლა. 7. 8-13 [5;გვ.60]). სიცოცხლის ხის ხატება ძველ აღთქმაში მკაფიოდ გამოჩნდა მაშინ, როცა ხმელი ხის - აარონის კვერთხის განედლებითა და აყვავებით უფალმა ისრაელის ჭირვეულ ძეთ უჩვენა, რომ ერის ამოხოცვაც და სიცოცხლეც მასზეა დამოკიდებული: ”და უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელის ძეთ და აიღე მათგან თითო კვერთხი თითო ტომიდან, მათი ტომების ყოველი მთავრისაგან, თორმეტი კვერთხი და თითოეულის სახელი წააწერე მის კვერთხზე. ხოლო სახელი აარონისა წააწერე ლევის კვერთხს, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის მეთაურისათვის. და დააწყვე ისინი საკრებულო კარავში გამოცხადების კიდობნის წინ, სადაც მე გამოგეცხადები თქვენ. და რომელსაც ამოვირჩევ, კვერთხი აუყვავდება და ასე დავაცხრობ ჩემს წინაშე ისრაელის ძეთა დრტვინვას... და დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე მოწმობის კარავში. და მეორე დღეს შევიდა მოსე მოწმობის კარავში და აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და გამოისხა ნუში. და გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლის პირისაგან ყოველ ისრაელის ძეს და მათ იხილეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი და უთხრა უფალმა მოსეს: ”დააბრუნე აარონის კვერთხი მოწმობის კარავის წინ შესანახავად, ნიშნად ჭირვეულ ძეთთავის და შეწყდება მათი დრტვინვა ჩემზე და აღარ გაწყდებიან” (რიცხვნი. 17.1- 13 [5;გვ.149-150]. აარონის აყვავებული, სიცოცხლემინიჭებული კვერთხი სიმბოლური მინიშნებაა სიცოცხლის ხეზე, რომელიც ძველ აღთქმაშივე მოგვიანებით მრავლობითი ფორმით ჩნდება ”საწმიდრიდან” გამომდინარე წყლის ორივე ნაპირზე: ”და ხევზე, მისი სანაპიროს ორივე მხარეს ამოვა ყველანაირი ხე საჭმლის მომცემი, მისი ფოთლები არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა. ყოველ თვეს დამწიფდება ახალი ხილი, რადგან მისი წყლები საწმიდრიდან გამოდიან. და იქნება მისი ნაყოფი საჭმელად და მისი ფოთლები წამლად” (ეზეკიელი, 47.12 [5;გვ.839-840]). ძველი აღთქმა ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებაა. ორივე ერთად მორწმუნეს ამზადებს სასუფეველში შესაბიჯებლად, გამოცხადების შესახვედრად. იოანეს გამოცხადებაში აღწერილია ზეციურ სამოთხეში სიცოცხლის წყაროსთან მდგარი ძელი ცხოვრებისა, რომელიც მინიატურაზე მოცემული ხის მსგავსად ორადაა განტოტვილი. სასუფევლის ძელი ცხოვრებისა მთელი წლის მანძილზე ყოველ თვეში ანუ ზოდიაქოს ყოველ თანავარსკვლავედში ისხამს სხვადასხვა, თორმეტნაირ ნაყოფს (გამოცხ., 2.7 [5;გვ.317]). რიცხვი თორმეტი ძველი და ახალი აღთქმის, ხილული და უხილავი ცის, მიწიერი და კოსმიური ეკლესიის მთლიანობის ერთგვარი გამოხატულებაა: ისრაელთა 12 ტომი, 12 მსაჯული, 12 მოციქული, 12 საუფლო დღესასწაული, ხუთი ქერის პურის ნარჩენებით ავსებული 12 გოდორი, აპოკალიფსის ფეხმძიმე ქალის გვირგვინი 12 ვარსკვლავით, ახალი იერუსალიმის 12 კარიბჭე-მარგალიტი 12 ანგელოზით, ამავე ქალაქის 12 სხვადასხვა ქვით მოპირკეთებული 12 საძირკველი, ცის თაღზე უფლის მიერ მიწის გასანათებლად შესაქმის მეოთხე დღეს დასხმული მნათობები 12 ზოდიაქოს თანავარსკვლავედით და ზეციური სასუფევლის 12-ჯერ მსხმოიარე მარადიული სიცოცხლის ხე. მინიატურაზე მცენარის ტოტებს ორი ფარშევანგი ამშვენებს. მეცნიერები, რომლებიც ქართული ქრისტიანული ნაქარგობის ისტორიასა და მხატვრულ თავისებურებებს იკვლევენ, მიიჩნევენ, რომ ”ფარშევანგი აღდგომისა და უკვდავების სიმბოლოა. მისი ”მრავალთვალა” ბოლო ყოვლისმხილველი ეკლესიის გამოხატულებაცაა” [16;გვ.151]. ”რატომ ითვლება ფარშევანგი აღდგომის სიმბოლოდ?” - სვამს კითხვას ნ.აბაკელია თავის ნაშრომში ”მარადიულობასთან ზიარების მოტივი ქართულ ტრადიციაში (იკონოგრაფიული პროგრამებისა და საკრალური პოეზიის მიმართების საკითხი)” და იქვე პასუხობს: ”ერთი მხრივ, მისი ხორცის უხრწნელობის გამო, რაც ძველ ავტორთა გაოცებას იწვევდა, ხოლო, მეორე მხრივ, მისი მეტამორფოზული ბუნების (გაქუცვა და თავიდან შემოსვა) ან შვიდფერობის გამო” [26]. ფარშევანგის სიმბოლიკას განიხილავს რა ა.პ.გოლუბცოვი, იმოწმებს ნეტარ ავგუსტინეს და ასკვნის, რომ ფარშევანგით ალეგორიულად გამოიხატება ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ ადამიანისათვის მკვდრეთით აღდგომისა და სამარადისო სიცოცხლის მინიჭების მადლი [33]. ვ.პოხლებნიკს ამ ულამზესი ფრინველის ქრიტიანულ ხელოვნებაში დამკვიდრების ასახსნელად დამატებით მოჰყავს კიდევ ერთი მიზეზი, კერძოდ, ის, რომ ”ფარშევანგი არ მიეკუთვნება მტაცებელ ფრინველთა ოჯახს და, მიუხედავად ამისა, უპრობლემოდ კლავს გველს, რომელიც მორწმუნეთა აზროვნებაში, უპირველეს ყოვლისა, ეშმაკის სიმბოლოა” [37]. ყოველივე ეს იგავურად ძალიან კარგადაა ნაჩვენები იბაკონის მინიატურაზე, სადაც ამ ქვეწარმავლის ნეგატიური შინაარსი დაძლეულია უკვდავების სიმბოლოდ ქცეული ფრინველების ზედა რეგისტრში წარმოჩინებით. ფარშევანგების გამოსახვით აშკარად დასტურდება, რომ მინიატურაზე მოცემული მცენარე სიცოცხლის ხეა. სიცოცხლის ხე აყვავებული ჯვარია. სიკვდილის დამარცხება და ადამიანის უკვდავებასთან ზიარება ჯვართანაა დაკავშირებული. მაცხოვრის ჯვარი განედლდა, აყვავდა და მორწმუნეთათვის სამარადისოდ გაიღო სამოთხის კარი. ფარშევანგებით დამშვენებული განედლებული ჯვარი გვხდება არაერთი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლის კედლებზე, მაგალითად: ბოლნისის სიონის (Vს.) [1;გვ.109], აკაურთის (VIს.) [21;გვ.90], აკვანების (VI-VIIს.ს.) [19;გვ.29.], პარხლისა (IX-Xსს) [19;გვ.43] და ზედა თმოგვის (Xს.) [21;გვ.91] ტაძრებზე. ცხოველები და მცენარეები მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის ექსტერიერსა თუ ინტერიერში, ღვთისმსახურთა შესამოსელზე თუ ხელნაწერ წიგნში გამოსახულია იმ მიზნით, რომ მორწმუნე ადამიანი იგავური ფორმების გააზრებით ეზიაროს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. ღრმად განსწავლული და უზომოდ ნიჭიერი მიქელის ამ ტევად, ბევრისმთქმელ მინიატურაში სიმბოლოებით ლაკონურად და ალეგოლიურად არის გამოხატული წმინდა წიგნებში მოცემული მაცხოვნებელი სიბრძნე, რომელიც გადმოგვეცა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და წმინდა მამათაგან, უპირველეს ყოვლისა კი - ახალი აღთქმის ბოლო თავის - იოანეს გამოცხადების შინაარსი. ეს თემა სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვა ქვეყნის ფერმწერთათვის უცხო არ არის, მაგრამ მასში ზოდიაქოს ნიშნების ჩართვა, ნამდვილად, იშვიათობაა. მიქელმა გამოცხადების სრულიად ორიგინალურ გადაწტვეტას მიაგნო. K 258-ის ფორზაცის ფერწერული ნიმუში მარავალი თვალსაზრისით საინტერესოა არაერთი დარგის მკვლევართათვის. XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწე დიდი მწიგნობრის - მიქელის მიერ შექმნილი ხელნაწერის - K 258-ის წყალობით ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი უერთდება მსოფლიო მართმადიდებლური ქრისტიანობის იმ უნიკალურ მოვლენას, რომელიც გულისხმობს ზოდიაქოს ნიშნების წრის ყოველმხრივ გამართლებულ გამოსახვას. ათონის მთის დიდი ლავრის მონასტერი, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი და ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ხელნაწერი წიგნი - K 258 ის სამეულია, სადაც 12 ზოდიაქოსა და სხვა სიმბოლოების ფერწერით გაცხადებულია ხილულ და უხილავ ციურ სამყაროსთან მართლმადიდებელი ქრისტიანის მიმართება და ჭეშმარიტი ღმერთის უზენაესობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.შ.მირანაშვილი. 1961 წ.: ”ქართული ხელოვნების ისტორია”, ხელოვნება, თბილისი.
2.წმ.ბასილი დიდი: ჰომილიები ექვსი დღისათვის (თარგმნა გ.კოპლატაძემ), თბილისი, 2002 წ.
3. წმ.ბასილი დიდი: ”მჱეცთათჳს სახისა სიტყუაჲ წიგნთაგან თქმული წმიდისა ბასილი ებისკოპოსისა კესარიელისაჲ”, - ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, I, შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბილისი, 1979 წ.
4. ვ.ბერიძე. 1967 წ.: ძველი ქართველი ოსტატები. თბილისი.
5. ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 2002 წ.
6. გიორგი მერჩულე: ”შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად-ცხოვრებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი:, ჩვენი საუნჯე, ტ.1, თბ. 1960 წ
7. ფ.დევდარიანი. 1981 წ.: ”ანჩისხატის გულანის შემკვეთი" - კათალიკოსი ნიკოლოზ ამილახორი - ”ძეგლის მეგობარი" №57
8. დეკანოზი ბიძინა გუნია, 2006 წ.: ”ასტროლოგიურ ცრუსწავლებათა მხილება", თბილისი.
9. წმინდა იოანე დამასკელი, 2000 წ.: მართმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა (თარგმანი ვ.ჭელიძისა), თბილისი, თსა.
10. ს.კაკაბაძე, 1913 წ: ისტორიული საბუთები. წიგნი IV, თბილისი.
11. პ.კარბელაშვილი, 1900 წ.: იერარქია საქართველოს ეკლესიისა კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი, ტფილისი.
12. ნ.კონდაკოვს იმოწმებს თავის წიგნში თ.ჟორდანია [17, გვ.5]
13. ბ.ლომინაძე, 1951 წ.: მასალები საქართველოს XVII-XVIII სს. ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, თბ., ნაკვ.29
14. თ.ჟორდანია, 1897 წ.: ქრონიკები, II, ტფილისი
15. რ.ფირცხალაიშვილი. 1984 წ.: ”ვეფხისტყაოსნის” პირველი მბეჭდავი მიქელი - ჟურნალი ,,მაცნე", ენისა და ლიტერატურის სერია. []
16. ქართული საგანძური, 2011 წ.: ქართული ნაქარგობა, ქარჩხაძის გამომცემლობა
17. მ.ქებულაძე, 2008 წ.: ”XVII საუკუნის იბაკონისა და ლოცვანის (K 258) გადამწერის ვინაობისათვის" - ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XVIII
18. შმერლინგი რ. 1940 წ: ქართულ ხელნაწერთა მორთულობის ნიმუშები, ალბომი 32 ტაბულით. თბილისი.
19. რ.შმერლინგი. 2003 წ.: ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი. ტექსტი, მასალის შერჩევა და ნახატები რენე შმერლინგისა. ტაბულები შეადგინა ა. კრავჩენკომ. თბ. 1954წ., რეპრინტული გამოცემა, ტრიადა, თბილისი.
20. Амиранашвили Ш, 1966г: Грузинская миниатюра. Москва.
21. Т.Вирсаладзе, 2007г.: Избранные труды, Тбилиси.
22. Жордания Ф., 1902г.: Описание рукописей Тифлисского церковного музея Картлино-Кахетинского духовенства, кн. II.Тбилиси.
23. Св.Иоанн Златоуст, 1889-1906 гг.: Творения, т 2, С.-Петербург
ელექტრონული რესურსები:
24. ანგელოზთა იერარქია (ანგეოლოგია):
25. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): ”რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან” - http://martlmadidebloba.ge/sacdurebi20.html
26. ნინო აბაკელია, 2007 წ.: ”მარადიულობასთან ზიარების მოტივი ქართულ ტრადიციაში (იკონოგრაფიული პროგრამებისა და საკრალური პოეზიის მიმართების საკითხი)”, ივ.ჯავახიშვილის ისტ. და ეთნ. ინსტიტუტის ვებგვერდი (დამხმარე ბლოგი), მასალები საქართველოს ისტორიისათვის (ბმულები) - http://ijhei.wordpress.com/page/22/
27. ნინო აბაკელია, 2010 წ: სიცოცხლის ციკლთან დაკავშირებული საკრალური ხის სიმბოლიკა ქართულ მითო-რიტუალურ სისტემაში
28. ლელა გაბრიელაშვილი: ”ცხოველთა პარადიგმული სახე-სიმბოლოები ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველ რედაქციებში”, კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა, 2005წ., №8
29. გიორგი მესხიშვილი: ”ქრისტიანი რატომ ვერ იქნება ოკულტისტი” (თეოსოფია, ანთროპოსოფია, იოგა - მართლმადიდებლური თვალთახედვით) – http://www.tveni.ge/?gverdi=tserilebi&svla=teosofia
30. ქართული მითოლოგია - http://forum.gol.ge/index.php?showtopic=50649
31. ქრისტიანული სიმბოლიზმი, საეკლესიო ბიბლიოთეკა, მართლმადიდებლური ფორუმი
32. ედიშერ ჭელიძე, 2008წ.: 166-ე სქოლიო წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე. ”საეკლესო ბიბლიოთეკის" I ტომი. გამომცემლობა ”ახალი ივირონი". თბილისი, - URL: http//www.library. church. ge/index.php
33. Голубцов А.П.: Из чтений по Церковной Архиологии и Литургике
34. Змея: Словари и энциклопедии на Академике, Словарь символов
35. Змея: Символы>Символы животных – URL: http//www. symbolist.ru/animals/zmeya.html
36. Панагия Федуса - икона Божией Матери: Чудотворные иконы Пресвятой Богородицы - URL: http//¬www.vidania.ru/icony/icon _panagiya_fedusa.html
37. Похлёбкин В.: Словарь международной символики и эмблематики
38. Символ змеи: - URL: http//www. Ereading. Org.ua/chapter.php/90875/127/Elford bogi novogo tysyacheletiya.
Maia Kebuladze
Unique Miniature in Kutaisi Museum Script
The Ibakion and prayer – book’s (K 258- XVII c.) defended in Kutaisi Historical Museum and the sheet right after the hard cover of the book are portrayed with zodiac signs. In accordance with miniature these signs were created together with the prayer book and the author of them should be the most well- known person of that time Mikel. Zodiac circle miniature can’t to be found in any Georgian scripts. There are only two cases of zodiac representation in Christian architectural monuments as an exception: 1) on the fresco glory of God in the big Lavri,s Monastery, Athon Mountain (XVII c.) and 2) in the south wall of Svetitskhoveli Cathedral, in the center of painting (XVII c). In Georgia zodiac representation only on Mtskheta fresco and on the Ibakoni prayer-book illustration saved in Kutaisi Historical Museum are not coincidence. The building of Svetitskhoveli in XVII century is related to Nikoloz Amilakhori (patonymic: Iotami). He managed to restore the south wall of the cathedral in 1685, where there was represented the unique composition of circle of zodiac signs, which is rare in Georgian and the rest of the world. Among the books presented to the cathedral by Nikoloz Amilakhori are: Gulani (A 30-31-32) and Ibakoin. (H-98). A 30-31-32 was rewritten and repainted by Mikel and Saba, H 98 was done by Mikel. Books H 98 (saved in national centre of manuscripsts) and K 258 are nearly identical. In XVII centuries 80-years Mikel was activity in Svetitskhoveli . It can be said that Mikel was taking part in creating the south fresco by himself. There are 12 symbols represented in the centre of K-258. Around the circle there are painted cherubs, there is the sun among them and the moon below them. In the centre the there is the burning sun, with double layers and the body of a snake (wounded). The snake has its mouth open and looks above. There is the attached sheet among the cover and the text, that together with the sheet right after the hard book cover makes a composition with correlation to miniature. There is a boy standing on a tree bunch which is decorated peacock. He is catching the two branches of tree. There is the image of snake below the tree in the center of the tree roots, it has its mouth open with red tongue and looking above. Zodiac symbolic rare miniature was put into the Ibakion and prayer book by the author. The purest among mothers first of all starts with the deep understanding of the prayer. The existence of the circle of zodiac signs in the prayer-book means people to realize the second advent of God: “When the Son of man comes in his glory, and all the angels with him, then he will sit on his glorious throne.”(gospel of Matthew XXV, 31). This should be taken into consideration in order people not to confess mortal sins including astrological superstitious. Manuscripts created by Mikel in XVII-XVIII centuries that are saved in Kutaisi Historical Museum are the unique thing in Orthodox Christian world. The circle of zodiac signs is proved religiously and scientifically. Monastery of big Lavra, Mtskheta cathedral and the script saved in Kutaisi Historical Museum book – K 258 are the num tree that shows the interrelationship of visible and invisible world and the true supreme of God.
|