<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები>>>
კანკელები //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.147
კანკელი, ე.ი. ის კონსტრუქცია (ტიხარი), რომელიც საკურთხეელის წინ აღიმართება და ამ უკანასკნელს გამოჰყოფს საკუთრივ ნავისაგან, საქართველოში ძველთაგანვე არსებობდა, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში (ბიზანტია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რუსეთი და სხვ... დასავლეთ ევროპაში კანკელი და იკონოსტაზი არ განვითარებულა). უძველესი გადარჩენილი ნიმუშები VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. თანდათან შემუშავდა სპეციკურად ქართული სახე კანკელისა - შედარებით დაბალი ბარიერი, ზედ შესმული სვეტები და სვეტების შემაკავშირებელი თაღები. სულ ზემო ხაზი (თაღების თავზე) აუცილებლად ჰორიზონტალურია, მაგრამ უთაღო (არქიტრავიანი) კანკელები ჩვენში არ არსებობდა (იყო ბიზანტიაში); დამახასიათებელია აგრეთვე ერთადერთი შესასვლელი (აღსავლის კარი). მხოლოდ ძალიან გვიან, XVI საუკუნეში, რუსეთთან უთიერთობის გაცხოველების შემდეგ, ეს ტრადიცია ზოგჯერ ირღვევა. კანკელი, ჩვეულებრივ, დაბალია, ისე რომ მთლიანად არ ფარავს მლოცველების თვალთაგან საკურთხეველს, მით უფრო კონქს; მის შესასვლელში რაიმე დაკიდული კარი არ კეთდებოდა. უმთავრეს ინტერესს იწვევს კანკელთა ორნამენტული და რელიეფური მორთულობა. რელიეფები გვხვდება მხოლოდ ქვის კანკელებზე (ქვემო ბარიერზე), ყოველთვის ფართო ორნამენტული არშიის შიგნით. თაბაშირის კანკელები მარტო ჩუქურთმებითაა მორთული. ჩუქურთმა ამკობს როგორც ქვემო ბარიერს, ისე სვეტებსა და თაღებსაც. თაღები ზოგჯერ დეკორაციულობის გასაძლიერებლად - კბილანებიანი კეთდებოდა. იშვითად, მაგრამ მაინც გვხვდება წარწერებიანი კანკელებიც, ხოლო გვიანა ხანაში - მოხატულიც. ყველაზე მნიშვნელოვანია XI ს-ის ნიმუშები. ზოგიერთ მათგანს ამკობდა რელიეფური სცენები, რომლებიც შუა საუკუნეების ქართული პლასტიკის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება. აქ ტაბულებზე ნაჩვენებია სპეთისა და პატარა ონის კანკელები, სპეთის კანკელის დეტალი, საფარის მიძინების ეკლესიისა და ატენიდან ჩამოტანილი კანკელის ფრაგმენტები.
1. Ренэ Шмерлинг. Малые формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962.
|