topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

პ. კარბელაშვილი - ძველი ანჩისხატის ტაძარი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება.... <<დაბრუნება მთავარ გვერდზე ...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

კარბელაშვილი პ.  - ძველი ანჩისხატის ტაძარი.- ტფილისი, 1902. - გვ.57. - ტაძრისა და მასში დაცული ანჩის ხატის ისტორია. მიმოხილულია სიძველეები

წყარო:  http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/tadzrebi/anchiskhati.htm

ისტორიული მიმოხილვა მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა (1902 წ.)

I) საქართველოს დედა ქალაქმა ტფილისმა იმდენი წვა და დაგვა გამოიარა, რაც დაარსებულა მას აქეთ, რომ უცხოსა და შინაურს ყველას უკვირს, თუ დღემდე როგორ გადარჩა სრულიად განადგურებასა და დაღუპვასა. ძველი ტანჯვა-ვაება არ აკმარა ბედმა ტფილისსა და უკანასკნელად საშინელი განსაცდელი გადახდა თავსა: 1795 წ. ენკენისთვის 11-13 სპარსეთის ყეენმა აღა-მაჰმადხანმა მთლად მიანგრ-მოანგრია და ცეცხლით გადაბუგა. სრულიად დანგრევასა და დაღუპვას მარტო თითო-ოროლა საქრისტიანო ტაძრები გადურჩნენ და, მათ შორის, ანჩისხატის ტაძარიც. ეჭვი არ არის, ანჩისხატის ტაძარი მოწმე უნდა იყოს ტფილისის მრავალგზის აოხრებისა და სისხლის წვიმებისა მთელ საქართველოში. მაგრამ საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ანჩისხატის ტაძარი არც ერთხელ არ დანგრეული მტრისაგან საფუძვლამდე. ქვემოთ მოყვანილი წარწერებიდან ჩანს, რომ კათალიკოზს დომენტის (1659-1676 წ.) აღუშენებია სამრეკლო, დღემდე მთლად შენახული, და თვით ტაძარი კი მხოლოდ აქა-იქა განუახლებია. სამრეკლო აშენებულია კარგად გამომწვარის აგუირსაგან, ხოლო თვით ტაძარი კი ნაშენია კლდის უშველებელის, უხეიროდ ნათალი ქვისაგან, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. გარდა ამისა კლდის ქვები მრუდედ არის ნაწყობი და ყველგან შვეულში არ მოდიან. ერთის შეხედვით ეტყობა, რომ ტაძრის ირგვლივ აგურის საწვეთიც დომენტისგან არის განახლებული სამრეკლოს აშენების დროსვე. აღმოსავლეთის მხარე ტაძრისა ისეა გამოხატული ევროპიელ მოგზაურთა - შარდენის (1670-1673 წ.) და ტურნეფორის მიერ (1700 წ.) შედგენილ თბილისის გეგმაზედ, როგორც დღეს ვხედავთ. ტაძრის დასავლეთის კედლებზედ კარების ასწვრივ გამოხატულია უძველესის სახის ჯვარი გვერდზე მწოლარე კრავით; კედლის სისქე სრული ორნი არშინია. თათრები უფრო სამრეკლოებს ემტერებოდნენ და ანგრევდნენ ხოლმე შემოსევის დროს, რადგან ჭირივით ეჯავრებოდათ ზარის ხმა და ჯვარი გუმბათზედ. ასე იქცეოდნენ სპარსეთის ყეენები: შაჰ-ისმაილი (1522 წ. გადმოაგდებინა ჯვარი სიონის გუმბათიდან), შაჰ-აბასი (1615 წ.) და აღა-მაჰმად-ხანი (1795 წ.). ამ უკანასკნელმა სიონის სამრეკლოს ჩრდილოეთის მხრივ მოანგრია გუმბათი და დღემდე ისე სდგას; ეს სამრეკლო ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილს (1735 წ.) ტფილისის გეგმაზედ კი დახატულია გუმბათით. ანჩისხატის ტაძარს ძველ დროში ეძახდნენ „ზარის საყდარს“, რადგან არაბების დროსვე ჰქონდა უფლება ზარის რეკისა, როგორც საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის ტაძარს თბილისში. უამისოდ ვინ, რად დაარქმევდა „ზარის საყდარსა“, თუ დანარჩენ საყდრებშიც ექმნებოდათ ზარის რეკა? ან რა ზარი ექნებოდა მაგ წოდებია, თუ ანჩისხატის ტაძარს სამრეკლო და მასზედ ზარის რეკა არა ჰქონოდა? ჩვენ ვიცით, რომ X-XI საუკუნეების არაბების მეისტორიენი იხსენიებენ ზარის რეკასა ქრისტიანებისაგან ტფილისში. „ზარის საყდარს“ ეძახდნენ მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ნახევრამდე; ამ დროიდან კი, იქნება მას აქეთ ორას ორმოცი წელიწადი, დაერქვა ანჩისხატისა, რაკი კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ აქ დაასვენა ქრისტიანობის უდიდესი სიწმიდე და სათაყვანებელი პირი ღვთის ხატი, ს.ანჩიდან მოსვენებული.

II) მეშვიდე საუკუნეში საბერძნეთის იმპერატორი ირაკლი ებრძოდა სპარსელებს. ქართველები რომ სპარსელებს არ მიშველებოდნენ ამ ბრძოლაში, ირაკლი ბევრს წყალობას დაჰპირდა ქართველებსა. აი, ამ შემთხვევით ისარგებლა საქართველოს მეფე ადარნასემ (611-639 წ.) და მოითხოვა საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი მცხეთაში აღრჩეულიყო ქართველთა სამღვდელოებისაგან და მცხეთაშივე ეკურთხებინათ. ირაკლიმ ნება მისცა. ამიტომ, კათალიკოზი იოანე რომ მიიცვალა (623 წ.), საქართველოს სამღვდელოებამ აირჩია კათალიკოზად მთავარ-ეპისკოპოსი ბაბილა; ქრისტიანობის განმტკიცებისათვის ბაბილამ აიშენა ტფილისში თავისთვის სასახლე და საყდარი მტკვრის მარჯვენა კლდოვან ნაპირზედ. საკუთრივ ანჩისხატის ტაძარი სიგრძით არის ოცდაათი არშინი და სიგანით ოცდაერთი და როგორც ვთქვით, აშენებულია მთლად კლდის ქვისაგან; ამ გვარის გეგმით აშენებული საყდრები დღესაც ბევრია საქართველოში: ურბნისის, ზედაძნისა, შიომღვიმისა, გომბორისა, სამებისა (კაწრეთისა), ვაქირისა, კახთ-უბნისა, ზეგანისა, ურიათუბნისა და სხ. გარეგანი შეხედულება ტაძრისა მაგდენად მოსაწონი არ არის; მაგრამ დასავლეთის კარებიდამ შესდიხართ და განცვიფრებას ეძლევით შინაგანი მშვენიერებისაგან; შუალა მაღალი მოხდენილი თაღი აქეთ-იქით დაბალი თაღებით თქვენს გონებას იზიდავს. სარწმუნოებრივ გრძნობას აღვიძებს გულში და ნეტარებით გახსენებინებთ კურთხეულ მამა-პაპათა ტანჯვით გატარებულ სიცოცხელსა! ამოდენა ტაძარი ოთხს მრგვალ სვეტზედ არის დამყარებული. შუალა მაღალი თაღი1 ირგვლივ მოხატულია ძველის აღთქმის ისტორიული სურათებით, დაბლა კედლები კი ირგვლივ იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრებიდან; საკურთხევლის თაღში დახატულია სულის წმიდის მოფენა მოციქულებზედ; ხოლო დასავლეთის კედელზედ - მაღლა ადამ-ევას სამოთხიდან განდევნა და დაბლა კარების თავზედ მეორედ მოსვლა ქრისტესი - სასუფეველი და ჯოჯოხეთი. მხატვრობა ძველია, მაგრამ განახლებულია მეჩვიდმეტე საუკუნეში, მერე 1814 წ. და უკანასკნელად ამ რამდენიმე წლის წინად. კანკელი დადგმულია 1854 წ. რუსულის ხელოვნებისა; ძველი კანკელი 1787 წ. დახატული დროებით დგას მთაწმინდის მამა დავითის საყდარში. ტაძრის იატაკი 1846 წლიდან კლდის ქვისა იყო დღემდე. ამ ერთი წლის განმავლობაში დაგებული იქმნა მშვენიერი უცხოური ფერადი აგურისა და მარმარილოს ფერადი კენჭისა, კნეინა ანასტასია დავითის ასულის გაგარინისა და კნეინა ელენე კონას ასულის თარხნიშვილის საკუთარის ხარჯით. საკურთხევლის მარჯვნივ არის სალარო, მარცხნივ სამკვეთლო. უწინდელ დროში ყოველი საყდარი შეადგენდა საუკეთესო თავ-შესაფარსა მტრის შემოსევის დროს, ამიტომ როგორც სამკვეთლოდან, ისე სალაროდან გვირაბები ყოფილა მტკვრის პირამდე ჩათხრილი გაჭირვების დროს წყლის ამოსატანად. თვით ტაძარი დსგას კლდეში ამოკვეთილ სარდაფზედ. აი ესრეთის მოხერხებით და ოსტატობით არის აგებული ანჩისხატის ტაძარი. ტრაპეზი მშვენივრად გათლილია ერთიანი კლდისაგან სიმაღლით არშინ ნახევარი და სიგრძე-სიგანით არშინი და ორი გრე. ტრაპეზის კიდურები სამი მხრივ გარუჟღულია ზედ ნანთები წმინდა სანთლისაგან. იყო დრო, როცა მტრის გაბატონებისა გამო საქართველოში, წირვა-ლოცვა აღარა სრულდებოდა ხოლმე. აი სწორედ ამისთანა დროს ღვთის მოყვარე ქართველობა ცხადლივ თუ უჩუმრა დაიარებოდნენ ანჩისხატის ტაძარში და გაშიშვლებულ ტრაპეზზე ანთებდნენ სანთელსა. ტრაპეზის შუა ადგილი გაპოხილია წმინდა ნივთიერებით, ხოლო კუთხეებში ჩაწყობილია წმიდა ნაწილები და ალებასტრით გადალესილი. ტრაპეზის კიდურს ორის მხრივ აკრავს ორი ქაღალდისაგან გამოჭრილი ჯვარი (ერთი დაზიანებულია). აი, წარწერები:

სამხრეთის მხრივ - „ ... მარკოზ ... დაემყარა წმიდა ესე .... სახელსა ზედა ... ელისა: დედოფალ ... ხელითა ყოვლად სანატრელისა პატრიარქის ...“

დასავლეთის მხრივ -  „ ... სა ... ყოვლად ... დედოფლისა ღვთის მშობელისა ყოვლად სანატრელისა საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის ბატონიშვილის ანტონისათა, მეფობასა თეიმურაზ პორფირიანისაა, ქრისტეს აქათ ჩღმყ ... 1746 ...“ ეს ტრაპეზი საუკეთესო სამკაულია დღეს ანჩისხატის ტაძრისა. პირველი წარწერა მოიხსენებს მარკოზს, რომელიც კათოლიკოზ-პატრიარქად იჯდა 1460-1466 წ.წ.

III) წმ. მეფე ვახტანგ გორგასლანმა თუ მცხეთიდან თბილიში გადმოიტანა სამეფო ტახტი თავის უფლების განსამტკიცებლად და სპარსთა გავლენის შესამცირებლად, კათალიკოზ-პატრიარქმა ბაბილამ თბილისში ააშენა სასახლე და თავისი კარის ტაძარი, რომ აქ, თბილისში განემტკიცებინა თათართაგან დაჩაგრული ქრისტეს სარწმუნოება. ამას გარდა არც ჰაერის წლიური ცვლილება აძლევდა ნებასა ერთ ადგილას ეცხოვრნა მთელი წელიწადი. ამიტომ კათალიკოზ-პატრიარქი ზამთარს ყოველთვის თბილისში ატარებდა, ზაფხულს კოჯორში და გაზაფხულს-შემოდგომას მცხეთაში. ამნაირად კათალიკოზ-პატრიარქის მუდამ მხარში ედგა საქართველოს სამეფო კარსა და თავის გავლენას არა ჰკარგავდა: სამეფოს გაჭირვების და კეთილდღეობის ჟამს კათალიკოზ-პატრიარქი იყო ხოლმე მეფის უპირველესი მრჩეველი და განმამხნევებელი. რავდენიც კათალიკოზ-პატრიარქის გავლენა მტკიცდებოდა თბილისში, იმდენად ანჩისხატის ტაძარს ემატებოდა სარწმუნოებრივ-ზნეობრივი გავლენა და ნივთიერადაც მდიდრდებოდა. ესრეთს წარმატებას ხელს უწყობდა დიდათ თვით მდებარეობაც: იქვე, სამხრეთით იმყოფებოდა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს მეფეთა სასახლე: ამიტომ მეფენი, დედოფალნი, ბატონის შვილნი, სძალნი და ასულნი მუდამ აქ ისმენდნენ წირვა-ლოცვასა, აქ იმწყსებოდნენ და ემზადებოდნენ სამეფოს მოვლა-პატრონობისათვის, ქრისტეს სარწმუნოებისა და სამშობლო მიწა-წყლის დაცვისა და თავდადებისათვის. აქ, ანჩისხატის ტაძრის ირგვლივ მკვიდრობდნენ წარჩინებულნი თავად-აზნაურთა საგვარეულონი, ყველა მათგანს აქ საკუთარი სასახლე ჰქონდა. კათალიკოზ-პატრიარქნი და ქადაგნი აქ შეაჩვენებდნენ ხოლმე სარწმუნოებისა და მამულის მოღალატეს! აქ ადიდებდნენ და აქებდნენ ქრისტეს ეკლესიისა და მამულის ერთგულთ-მოყვარეთა და თავდადებულთა. რაკი სამეფო სახლი და კარი კათალიკოზ-პატრიარქისა ასე თავს დასტრიალებდა ანჩისხატის ტაძარსა თითქმის ათასორასი წლის განმავლობაში, ამიტომ წარჩინებულნი სამეფოს მოხელენი და თავად-აზნაურნიც ყოველთვის აქ იყრიდნენ თავს. ანჩისხატის ტაძრის ეზო ძველად წარმოადგენდა დიდებულს სანახაობას: აქ იყო უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, აქ იყვნენ თავმოყრილნი საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი და მგალობელნი, რომელნიც წირვა-ლოცვის შემდეგ თავისუფალ დროს ახმარდნენ ყრმათა აღზრდა-სწავლებასა, საეკლესიო წიგნთა გადაწერასა და სხ. აქედან ეფინებოდნენ საქართველოს ყოველ კუთხეს განსწავლულნი მღვდელნი, დიაკონნი და მეფსალმუნენი - მგალობელნი. ამიტომ ანჩისხატის ტაძარი შეიქმნა პირველი საერო სათაყვანებელი და სალოცავი მთელი ქართველობისა უკანასკნელ დრომდე. ანჩის-ხატის ტაძრის ირგვლივ მდებარეობდნენ წარჩინებულ თავად-აზნაურთა სასახლენი, აქ ანჩისხატის უბანში სცხოვრობდნენ - ამილახვარნი, შალიკაშვილები, აბხაზნი, აბაშიძიანნი, მუხრან-ბატონნი, თარხნიანნი, ჩოლოყაშვილნი, ერისთავნი და სხ. ჩვენ შემდეგ დავინახაცთ, რომ კათალიკოზ-პატრიარქნი და მეფენი საუკეთესო მღვდელმონაზვნებს ამწესებდნენ ხოლმე ანჩისხატის ტაძარში, რომელთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო დეკანოზი დიმიტრი სოლომონის-ძე ალექსისძე-მესხიშვილი (1778-1862 წ.)

IV) იყვნენ ხოლმე ისეთნი ჟამნი, როდესაც მტერთა შემოსევისა და ბატონობისა გამო ათი და ოცი წლობით შესწყდებოდა ხოლმე წირვა-ლოცვა ანჩისხატის ტაძარში. ამ დროს სამღვდელონი კათალკოზ-პატრიარქთან ერთად გაიხიზნებოდნენ ხოლმე მთიან ადგილებში - ლარგვისში, ან გუდამაყრის ხეობაში და თან მიჰქონდათ საეკკლესიო სამკაულნი და სალოცავი - ხატი და ჯვარი. უნდა ვთქვათ, რომ არაბები სხვადასხვა ბარბაროზებზედ უფრო შემბრალებელნი და ლმობიერნი იყვნენ, უფრო პატივისცემით ეპყრობოდნენ საქრისტიანო საყდრებსა. არაბების მფლობელობის დროს (711-1122 წწ.) ქართველი ერი ყოველ მხრივ წინ წავიდა: იმ დროს დაიჭირა საქართველოს სამეფო ტახტი ბაგრატოვანთა გვარმა, აყვავდა ქართული მწერალ-მწიგნობრობა, ქართული ხუროთმოძღვრების ხელოვნება, გამდიდრდა ნივთიერათ, ფრთები შეისხა ეროვნულმა თვითცნობიერებამ და დაგვირგვინდა ოქროს საუკუნით წმ. თამარ მეფის დროს. არაბების დროს განახლდნენ და აღშენდნენ მრავალნი შესანიშნავნი ტაძარნი - გელათი, ქუთაისი ბაგრატის ტაძარი, ბედია, მარტვილი, ნიკორწმინდა, მოქვი, თიღვა, ატენის სიონი, სამთავისი, არმაზი, ქვაბისმანი, ქვაბთახევი, იკორთა, ზედაძენი, მცხეთის სვეტიცხოველი, იყალთო, სამება (იორზე), საფარა, ზარზმა, ტბეთი, ქუმურდო, წყაროსთავი, ანი, ვარძია და სხ. შემდეგ წმ. თამარისა ეზნია რამე თუ არა მონგოლებისაგან ანჩისხატის ტაძარსა - არა ჰსჩანს რა. თემურლანგის მიერ შვიდჯერ აოხრების დროს (1378-1405 წ.) ევნო რამე, თუ არა ანჩისხატის ტაძარსა - არა ვიცით; ვიცით მხოლოდ, რომ საქართველოს მეფე ალექსანდრეს მიერ განახლებულ ეკკლესიათა რიცხვში არ იხსენიება ანჩისხატის ტაძარი. მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგს სპარსნი გაძლიერდნენ. მათი ყეენი შაჰ-ისმაილი შემოესია საქართველოს 1522 წ. და პირველი მეჩითი ააშენა ავლაბრის ხიდის ყურზედ; მისმა მოადგილემ შაჰ-თამაზმა 1536 წ. უარესი ბოროტება მოახდინა: გადმოასახლა მრავალი ყიზილბაში და დააბინავა აბანოების გარშემო, დაამკვიდრა პოლიტიკური გავლენა ქართველებზედ. შაჰაბაზის დრო ხომ მეტად სატირელი დრო იყო ქართველებისათვის! აი ამ დროებაში საქართველოს მეფენი და კათალიკოზ-პატრიარქნი იძულებულნი იყვნენ აქა-იქ შეეფარებინათ თავი. ამ დროს კათალიკოზები - ნიკოლოზი, იოანე (ავალიშვილი), ზაქარია, ევდემოსი - უცხოებაში სტიროდნენ სამშობლოს აოხრებასა და შემუსვრილებასა! მათ არ ეღირსათ თავის საყვარელ ტაძრებში (სვეტიცხოველი და ანჩისხატი) წირვა-ლოცვაში დაესრულებინათ თავისი დღენი! ამ დროს მიიღეს გვირგვინი მოწამეობისა მეფე ლუარსაბმა, არჩილ მუხრანბატონმა, სვიმონ მეფემ, ქეთევან დედოფალმა, იოთამ ამილახვარმა, ევდემოს კათალიკოზმა, თევდორე მღვდელმა და სხ. ამისთანა გაჭირვების დროს კათალიკოზად იყო ხოლმე თათრების სათნო კაცი - ნიკოლოზ ლევან მეფის ძე, ქრისტეფორე და სხ. ამ სამწუხარო დროში ქართლის მეფეს, გათათრებულ როსტომს, ღვთის განგებამ ცოლად არგუნა ისრეთი შესანიშნავი დედაკაცი, რომლის ბადალს ვერც ერთი სხვა ხალხი ვერ დაიკვეხნის - დადიანის ასული მარიამი, რომელიც მფარველ ანგელოზად მოევლინა საქართველოს ეკკლესიასა, მწერლობასა, ხელოვნებასა და სამშობლო მიწა-წყალსა. მარიამმა და ვახტანგ მეფემ კათოლიკოზად დაადგინეს მუხრანბატონის ქაიხოსროს ძე დომენტი, რომელმაც დიდი ხნიდგან დაობლებული და დაძველებული ანჩისხატის ტაძარი განაახლა; რაც დომენტიმ ვერ შეასრულა, იგი დაამთავრა მისმა მოადგილემ - კათალიკოზ-პატრიარქმა ნიკოლოზ ამილახვარმა, ამ ფრიადმა ტრფიალმა ქართველთა ეკკლესიის და მწერლობის წარმატებისამ. კათალიკოზმა დომენტიმ განაახლა სასახლე თვისი, აღაშენა სახლნი მოსამსახურეთათვის და ყრმათა სასწავლებლისათვის, ხელახლა ააშენა სამრეკლო დასავლეთის მხრივ. აი სამრეკლოს წარწერა: წ. ჩუენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე ტაძარი ესე სულისა ჩემისა საოხა. მეფობასა ქართლს შაჰნავაზისა, ქორონიკონსა ... 1666 წ. კათალიკოზი დომენტი შემდეგ სწერს: „აღვაშენე დაძველებული და დაქცეული ხელახლად სამკვეთლოს წინ სამხრე, ორი სახლი თლილის ქვითა და ორის ქვის სვეტითა და დავბურე ქვის ლორფინითა, გავაკეთე დაქცეული პალატები ხითა და ლამფა მივაკარით და სხვა წვრილი სახლები და სენაკები ბევრი. ანჩისხატის საყდარში შიგნით, აჩხორვილი და ცუდ-მადად გაკეთებული იყო, განვჰსწმიდე და განვაშვენე, განვაახლე ტახტი კათალიკოზთ სადგომი თლილის ქვითა და ქვის სვეტებითა. კიდევ გავაკეთე ქალების სადგომი ხისა. დავახურვინე ანჩისხატის საყდარი ფიცრითა და სასახლე ყავარითა“.2  განაახლა თუ არა ანჩისხატის ტაძარი, კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ ჩამოასვენა ს. ჭალიდგან აწინდელი პირი ღვთის ანჩისხატი, ეს უაღრესი სიდმიდე ქრისტიანობისა.

V) სოფელი ანჩა მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა ჭოროხის მარჯვენა ნაპირზედ, ქ. ტრაპიზონის მახლობლად. აქ ქრისტიანობის პირველ დროშივე მოციქულებმა პეტრემ და მისმა ძმამ ანდრია პირველწოდებულმა დააარსეს მრავალი ეკკლესიანი. ანჩაში საეპისკოპოსო ტაძარი უძველესია მთელ საქართველოში. საეპიკოპოსო საყდრის დაწესება ანჩაში ქართველ მეფეთა მიერ არსად არ არის მოხსენებული. აი ამ ანჩის ტაძარში ესვენა თითქმის ცხრაასი წლის განმავლობაში პირი-ღვთის ხატი: ანჩის ეპისკოპოსნი ყოველთვის მცხეთის კათალიკოზის ხელ-ქვეითნი იყვნენ; ანჩელის სამწყსო მდებარეობდა ოპიზასა და ხანცთას მონასტერთა შორის, ნიგალის ხევის ქვევით გონიამდე. ანჩელნი დიდად პატივცემულნი იყვნენ ყოველთვის, მეფეთა და კათლიკოზთა კურთხევის დროს მეთერთმეტე ადგილი ეჭირათ იშხნელსა და მტბევარს შორის. ანჩის ეპისკოპოსთაგან ცნობილნი არიან ჩვენს სამშობლო ისტორიაში: ა) მაკარი 910-975 წ., რომლისა დროსაც აღიწერა ცხოვრება წმინდა გრიგოლ ხანცთელისა; ბ) ეზდრა 1015-1058 წ. მომხრე მეფე ბაგრატ IV ბერძნების წინააღმდეგ; გ) თევდორე I 1060-1094 წ. დ) იოანე I რკნაელი 1179-1205 წ. რომელმაც წმ. თამარ დედოფლის ბრძანებჲთ შეამკო პირი ღვთის ხატი; ე) თევდორე II 1205-1248 წ. რომელმაც შეიძინა ტყავზედ ნაწერი ანჩის სახარება მწერალ მწიგნობრის სოფრონისაგან. წყაროსთავში სოფრონმა ძვირფასად შეამკობინა სახარება ზარქარს ბეგას, პირი ღვთის ოსტატს 1194 წ. ვ) იოანე II 1271-1319 წ. ზ) თეოფანე 1320-1369 წ. ჱ) ქერობინ 1451-1492 - აბელის ძე, რომელიც ანჩისხატის თავდებობით ერთგულების პირობის წერილს აძლევს კათალიკოზ დავითს3.

VI) ანჩიდან მოსვენებული პირი ღვთის ხატი არის უდიდესი სიწმიდე მთელის ქრისტიანობისა. თავგადასავალი ამა ხატისა მეტად შესანიშნავია და სასიამოვნო მოსასმენი ყოველი ქრისტიანისათვის. იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდნენ მთელს დასავლეთ აზიას, საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესიის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო; ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღეს მის მორჩენაზედ. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს (ჩქარა მოსიარულე) შიკრიკი გაატანა იესო ქრისტესთან, სწერდა თავის უკურნებელს სნეულებასა და ეხვეწებოდა - მოდი მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველივე შენს ნებას აღვასრულებო; გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში მოსვენებით გაცხოვრებო. იესო ქრისტემ მოსწერა ლოცვა-კურთხევის წერილი, მოსვლა ვერ შემიძლიან, რადგან ჩემი დიდი საქმე ჯერ არ შემისრულებიაო. მოსამსახურისაგან გაიგო ავგაროზმა, რომ იესო ქრისტეს მეტად ემტერებოდნენ ურიები და მოკვლას ემუქრებოდნენ. სნეული აგვაროზი რაღაც დიადს სიამოვნებასა გრძნობდა, როცა იესო ქრისტეზე ფიქრობდა და ლაპარაკობდა, სნეულება მაშინ ჩვეულებრივ თითქოს არ აწუხებდა. ამიტომ გაგზავნა თავის საკუთარი ხელოვანი მხატვარი იერუსალიმში, რათა იესო ქრისტე დაეხატა და მოეტანა მისი სახე; ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ იესო ქრისტეს სახე ვერ გამოსახა ტილოზედ. მაშინ იესო ქრისტემ გამოართვა ტილო მხატვარსა, მიიფარა პირზედ და სასწაულებრივ გამოისახა-გამოიტვიფრა ტილოზედ მისი სახე. გახარებული მხატვარი გამოეჩქარა ავგაროზისაკენ მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად გამოაიარეს ქალაქ იერაპოლში, რომლის განაპირად ღამე გაათიეს მეჭურჭლესთან; იმ ღამეს პირი ღვთის ხატი თიხის გამომწვარ კეცებ შუა ჩაასვენეს სიფრთხილისა გამო; შუაღამისას გამოჩნდა ციდან ჩამოშვებული ცეცხლის სვეტი ზედ ხატზედ. მივიდა ქალაქის გამგებელი თავის მხლებლებით გასაგებად, თუ რას ნიშნავდა ცეცხლის სვეტი; როცა აუმბეს სიწმიდე პირი ღვთის ხატისა, ამოასვენეს იგი კეცებიდან და ნახეს, რომ იესო ქრისტეს სახე ზემო კეცზედ გადასულიყო. ქალაქის გამგებელმა იგი კეცი თავისთან წაასვენა4, ხოლო ნამდვილი პირი ღვთის ხატი გაატანა ავგაროზთან. ედესის ქალაქის მახლობლად გზაზე ერთი კუტი მთხოვარა ჭაბუკი თხოულობდა; თადეოზმა შეახო ხატი მთხოვარა კუტსა და მაშინვე განიკურნა: წამოდგა ფეხზედ და გახარებული გაეშურა დედასთან. ეს სასწაული ელვასავით მოეფინა ედესის ქალაქსა. დაიბარა ევგაროზმა და ჰკითხა - ვინ მოგარჩინა დაკუტულიო? ჭაბუკმა უამბო თავისი სასწაულებრივი განკურნება. ავგაროზმა მაშინვე მიაგება სასწაულთმოქმედს ხატსა თავისი კარის მოხელენი და თვითვე სიხარულით ელოდებოდა სასურველი ხატის თაყვანისცემასა, ექვსი წლის განმავლობაში ლოგინში მდებარე ავადმყოფი. აგერ მოასვენეს ხატი. მომაკვდავი ავგაროზი სიხარულისაგან აღტაცებული სასოებით ემთხვია პირის ღვთის ხატსა და მეყვსეულად განიკურნა, ადგა ლოგინიდან გახარებული, დაემხო პირქვე ხატის წინ და ცრემლებით ჰმადლობდა ღმერთსა ესრეთის მოწყალებისათვის. მთელი ედესია ქალაქის მცხოვრებნი გაკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა. ამის შემდეგ ავგაროზმა ირწმუნა მოძღვრება ქრისტესი და მოინათლა თადეოზისაგან კერასა წყაროში თავის ცოლშვილით „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. თადეოზმა იწყო ქადაგება და მთელი ედესიის სამთავრო მოაქრისტიანა. ავგაროზმა პირი ღვთის ხატი (ტილო) დააკრა ფიცარზედ და ქალაქის კარების თავზედ დაასვენა დიდის პატივით, რათა ქალაქში შემსვლელ-გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. აქ ესვენა ორასი წელიწადი. ავგაროზის მემკვიდრემ დაუწყო ჟლეტა ქრისტიანებსა; ამიტომ პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს აგურებით ქალაქის კედელში და ამოაშენეს ედესის ეპისკოპოზის რჩევით და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. არის გარდმოცემა, მითომ წმ. ნინო, რიფსიმე, გაიანე და სხ. მოსულიყვნენ ედესიაში პირი ღვთის ხატის თაყვანის საცემლად. 539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო მოუხდა ედესიის ქალაქსა და ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოზმა ნახა სიზმრად ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მომქმედი ხატი. ამ დროს სპარსელების ბანაკში საშინელი არევ-დარევა მოხდა, აიყარნენ და გაუდგნენ თავის გზასა. ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესია მიდამოებით არაბებმა დაიპყრეს, მაგრამ ბერძნებმა განდევნეს ერთ დროს არაბები და პირი ღვთის ხატი დიდი ლიტანიობით ედესიიდგან გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და დაასვენეს წმიდა სოფიოს ტაძარში. VIII-IX სს. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორი ღვთის მოძულენი იყვნენ: ლეონ ისავრიელმა და კოსტანტინე კოპრონიმომ, საბერძნეთის იმპერატორებმა, აღძრეს საშინელი დევნულება წმიდა ხატთა თაყვანისცემისა. დადიოდნენ იმპერატორის მოხელენი და სჩხრეკდნენ საყდრებსა და სახლებსა და, სადაც კი მოახელებდნენ ხატსა, ამტვრევდნენ, ჰჩეხავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, ჰსცარცვავდნენ სამკაულსა. ამიტომ ყველა ჰმალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ანაბარად. აი ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოზო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში. აქ, ანჩაში ქართველი ერი ყოველ წლობით იყრიდა თავს სადღესასწაულოდ, მეფეებიდგან დაწყობილი უკანასკნელ გლეხ კაცამდე 1194 წ. თამარ დედოფალმა რომ რუს-გიორგი განდევნა სამეფოდამ და ზედ თურქები დაამარცხა, რაც კი რამ ძვირფასი ქვა და მარგალიტი დარჩა დავლად, ყველაფერი შესწირა სხვადასხვა ეკკლესიებსა ხატების შესამკობლად. ამ დროსვე მოახსენა ანჩის ეპისკოპოსმა იოანემ (რკნაელმა) პირი ღვთის ხატის სამკაულის დაძველება: თამარმა უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანა ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამ დროინდელი ხუცური ასო მთავრული წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის დაბლა არშიაზედ: „ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთის გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოზნე ანჩელმან რკნაელმან ხელვჰავ საშინელისა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობასა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“.  ამის შემდეგ რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, როგორც ზევითა ვსთქვით, ყველა საეკკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და სოფ. ჭალაში ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვნიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა: „სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მოდნობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეგობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობის მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (=1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს“. კარები ხატისა დაძველებული ყოფილა, ჩამოცვივნული და გივს ამილახვარს განუახლებია და ჩამოუკიდნია ხატის კუბოზედ ისე, როგორც დღეს არის. პირი ღვთის ხატს თან მოჰყვა სამცხედამ მღვდელი პეტრე5. თუმცა თვით ხატის სამკაულიც დაძველებული იყო, მაგრამ ამილახვარი მოერიდა მისს განახლებასა. გავიდა სულ ოცი წელიწადი და ხატის განახლება თავს იდვა კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ, მეფის ლევანის ძემ. აი ხატის კუნოს დაბლა პიზედ წარწერა: „ქ. ადიდენ ღმერთმან კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი, რომელმან გადაახლა ხატი ესე ხელით უქმნელი. პირველად ედესიიდგან კონსტანტინოპოლეს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისვარო და სხვანი ხატთ-მებრძოლნი გამოჩნდნეს, მას ჟამსა მუნიდგან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოზოსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა მეფეთ მეფის თამარისათა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულიყო თფილისისა ვაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძია ჩვენისა კათალიკოზ-პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა ტიფლისს საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა მეფის ვახტანგისსა. მას აქეთ დიდად დაძველებულიყო ხე და მოჭედილობა. ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლეთ და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი. ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, სატანჯველისა და ყოველთა მტერთა ხილულთა და უხილავთაგან მიხსენ და შემრაცხე მარჯვენით შენსა და დაიცევ მეფე მეფეთა საქართველოსი პანკრატოვანი ვახტანგ და მეუღე მათი დედოფალი რუსუდან, ძენი მათნი ბაქარ და გიორგი და ასულნი მათნი ყოველნივე იხსენ განსაცდელთაგან, ამინ. ქორონიკონსა ტჟგ (=1705 წ.)“. „კვალად განახლებულ-იქმნა სიძველისა გამო კუბო ესე მაცხოვრისა ჩყგკ წ. ქორონიკონსა ფიგ“. ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი სიმაღლით არის არშინ ნახევარი, სიგანით ერთი არშინი. ჩამჯდარი კუბოში, რომლის სიმაღლე არის ორი არშინი და 1 გოჯი და სიგანე 1 არშინი და ორი გოჯი; თვით სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოსახული და კაკლის ფიცარზედ დაკრული, გარშემო ტილო შემოცვეთილა. შეხედულება სრულიად იუდიანთა სახისა აქვს და კარგად ეტყობა, მხოლოდ დიდი ხნის გამო თითქოს შებოლილია და გაშავებული. ტილოს გარემო ორი თითის დადება ფიცარი სჩანს ირგვლივ და შემდეგ შემოვლებული აქვს გვირგვინი ძვირფასის თვალ-მარგალიტით შემკობილი. გვირგვინის აქეთ-იქით ვერცხლზედ ოდნავ ეტყობა ხუცური ასომთავრული ასოები ჲ ჳ ქ ე. ფიცარი ხატს გარეშე მთლად შეჭედილია ოქროში დაფერილი ვერცხლით და გამოყვანილია მაცხოვრის მაკურთხეველი მარჯვენა (ოქროში დაუფერავია) და მარცხენა ხელი სახარებით. ხატის გარემო არშიაზე -შუაზე მარჯვნივ ღვთის მშობელია გამოყვანილი, მარცხნივ ნათლის მცემელი - საუკეთესო ხელოვნებით. მაღლა მარჯვნივ კუთხეში მთავარანგელოზი მიქაელ მარცხნივ კუთხეში - მთავარანგელოზი გაბრიელ; დაბლა - შუაზე პავლე მოციქული, მარჯვნივ კუთხეში პეტრე მოციქული და მარჯვნივ კუთხეში იოანე ღვთის მეტყველი. მთელი ხატის გარშემო არშია შესდგება უმშვენიერესის ჩუქურთმით გამოყვანილი ყვავილ-გრეხილებისაგან. თავანდელი მრავალი შეწირულ ძვირფას ქვებიდან ხატზედ დღეს დარჩენილა: 25 წითელი სეილანი, 17 სხვა და სხვა ფერი იაგუნდი (თეთრი წყლის-ფერი, იასამანი, მოყვითალო, მოწითალო), 3 ზურმუხტი, 1 ფირუზი და 7 თეთრი ამეტისტი. ამათგან 19 გვირგვინზედ, 4 გვირგვინის თავზედ, 4 მხრებს ასწვრივ, 17 გულზედ, ხოლო ცხრა იაგუნდი ასხმულია ვერცხლის მავთულზედ მარგალიტებს შუა, სულ 54 ქვა. 216 მარცვალი მარგალიტი ასხმულია მავთულზედ, შიგა და შიგ იაგუნდებით, და დამაგრებულია გვირგვინის გარშემო6, 3 მარგალიტი ზის გვირგვინის თავზედ პატარა შაბაქით ნაკეთებ სამკაულზედ და 153 ჭიოტა მარგალიტიც, მავთულზედ ასხმული შვიდი ქვის გარემო დამაგრებული - სულ 372 მარგალიტი. ხატი ჩასმულია ოქროში დაფერილი ვერცხლით შეჭედილ კუბოში, რომელსაც ორი კარები აბია ხისა, შეჭედილნი ოქროში დაფერილი ვერცხლითვე. ხატის თავზედ, თაღს ქვეშ დიდის ხელოვნებით გამოყვანილია იესო ქრისტეს ამაღლება და მის დაბლა ხატის არშიაზედ დაცარიელებული (ამაღლების შემდეგ) მაღალი დასაჯდომელი უფლისა. ორივე კარებზედ შიგნით-გარეთ ჩუქურთმით გამოყვანილია მშვენიერად თორმეტი საუფლო დღესასწაული: მარჯვენა მხარეზედ - გარედან: საიდუმლო სერობა, ღვთისმშობლის მიძინება და ლაზარეს აღდგინება; შიგნიდან - ნათლისღება ქრისტესი, შობა და ხარება ღვთისმშობლისა; მარცხენა კარებზედ - გარედან: სულის წმინდის გარდამოსვლა, კვირაცხოვლობა და ბზობა; შიგნიდან აღდგომა ქრისტესი, ჯვარცმა და ფერისცვალება. ესე დღესასწაულნი ისრეთის ჩუქურთმის ხელოვნებით არიან ნაკეთები, ისრეთის ზედმიწევნილი ცოდნით საღმრთო ისტორიისა და ყოველ შემთხვეულობათა პსიხოლოგიურის მხრივ შეგნებით გამოყვანილნი, რომ განცვიფრებაში მოდის ყოველი მნახველი და არ სჯერათ, რომ მეთერთმეტე საუკუნეში ამისთანა უმაღლესი ხელოვნება შეუქმნია ქართველს ერს იმ დროს, როდესაც სპარსნი, არაბნი და თურქნი ერთი მეორეს ეცილებოდნენ და ზედი-ზედ აწიოკებდნენ საქართველოს. თუ ხუროთმოძღვარნი ამკობდნენ იმ დროს წმინდა ტაძრების კედლებს მშვენიერის ჩუქურთმის სახეებით, ეტყობა ოქრო მჭედლებსაც ჰქონდათ შეგნებით იმ დროს დიადი წარმოდგენა ბუნებრივი მშვენიერებისა, რაშიაც ქვეყნის შემოქმედმა ჩასახა უმანკოება თვისის ღვთაებრივის უკვდავებისა. მაგრამ წარწერანი ორივე კარებზე და სხ. ყველას არწმუნებენ, რომ თამარ დედოფალზედ გაცილებით ადრე ყოფილა ანჩის-ხატი ქართველთაგან შემკული: ხატის კუბოს თაღზედ ამაღლების ასწვრივ აწერია: „ქ. ღმერთო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, შეიწირე კნინი ესე შემკობა წმინდისა და საშინელისა განკაცებისა შენისა ხატისა... პატრონი მანდატურთ-უხუცესი ბექა და მომანიჭე ცხოვრება წმინდათა შენთა თანა და ძენი ჩემნი გვიხსენ ჩვენ...“ 7. მარჯვენა კარების შიგნით მხრივ ნათლიღების მაღლა - „ქ. სულსა პატრონისა მანდატურთ-უხუცესისა ბექასსა განუსვენე ღმერთო; ქვეშ - თანამეცხედრესა მისსა მარინეს...“ მარცხენა კარებზედ აღდგომის მაღლა - „ქ. სულსა პატრონისა მანდატურთ-უხუცესისა ბექასსა და თანამეცხედრეს მისსა მარინესსა განუსვენე ღმერთო“; ქვეშ - „ძენი მათნი მანდატურთ უხუცესი სარგის, ყვარყვარე და შალვა ადიდენ ღმერთმან“. ბექა ჯაყელი იყო თამარ დედოფლის წარჩინებული კარის კაცი ჯაყისმანიდამ სამცხეში; მისი პაპა ბეშქენი მეფის დავით აღმაშენებლის კარის კაცი იყო. თამარის შემდეგ ხშირად იხსენებიან ბექას შვილები სარგისი, ყვარყვარე და შალვა. მათგანი ყვარყვარე, ანუ იოანე მოკლულ იქმნა მონგოლებისაგან 1225 წ. ხოლო წმ. შალვა თორელი იოანეს ღალატისა გამო შეიპყრეს ტყვედ და აწამეს ქრისტეს სარწმუნოებისათვის იმავე 1225 წ. და მაშინვე შეირაცხა წმინდათა შორის7. მეფის გიორგი ბრწყინვალის დროს ჯაყელთა გვარმა დაიმკვიდრა სამცხეში ათაბაგობა და თითქმის სამასი წელიწადი შეინარჩუნეს ეს ღირსება, ვიდრე ოსმალებმა არ დაიმორჩილეს მათი სამთავრო XVII საუკუნის დამდეგს.

VII) თემურლენგის შემდეგ ოსმალებმა დაიპყრეს მთელი მცირე აზია 1453 წ. კონსტანტინეპოლი აიღეს და მით დაიმორჩილეს დიდი საბერძნეთის სამეფო. ამის შემდეგ ოსმალებმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაყვეს: ერთი მიუსიეს დასავლეთის მხარეს, მეორე აღმოსავლეთისკენ, ე.ი. საქართველოსკენ: აქ დახვდათ ისეთი შეუპოვარი მოწინააღმდეგენი, რომ 1453 წ. შემდეგ ტრაპიზონის მახლობლად და ანჩაში ისევ ქართველი ეპისკოპოსი იჯდა ორმოცდაათი წელიწადი მეტი, და სამცხის ათაბაგნი მბრძანებლობდნენ ასორმოცდაათი წელიწადი მეტი. ამ ხნის განმავლობაში ათაბაგებმა ოსმალებს შეალიეს თავისი ძალ-ღონე, მტერი წინ მიიწევდა ნელ-ნელა და ანგრევდა და ანადგურებდა ქართველების ქალაქ-სოფლებსა, წმ. ტაძრებსა. მეტი რაღა ღონე ჰქონდა ერთ მუჭა ქართველობას, ვინც გადარჩა ცოცხალი, რომ ქართლისაკენ არ წამოსულიყო? სამღვდელოება მიიწევდა ნელ-ნელა ახალციხისაკენ და იმერეთისაკენ და თან მიჰქონდა ხატი და ჯვარი, საეკკლესიო სამკაულნი და წიგნები. აი როგორის მოთქმით სტირის ჩვენი იმ დროინდელი მწერალი მეისტორიე: „...არამედ ეპისკოპოსნი და მონატერნი შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ, ვინადგან მიუხვნეს ოსმალთა სრულად მამული-შეწირულობანი და არღარავინ იყო მეტრფე მონოზონებისა და წარაქვნდათ მუნიდამ სიწმიდენი ხატთა, ჯვართა და ნაწილთა სამცხეს ქართლს, იმერეთს, რამეთუ რისხვითა ღვთისათა გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამა ქვეყნისანი და იწყეს მიერით თათრობა, რამეთუ ჟამთა ამათ მოაკლდებოდა ქრისტიანობასა; იქმნებოდა ოხრება ეკკლესია-მონასტერთა და შენება ჯამეთა (თათარების სალოცავი). ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯვართა და ნაწილთა წმინდათათა და წარაქვნდათ იმერეთს, ქართლს და ივლტდიანცა წარჩინებულნი, რომელნი სძულობდნენ მაჰმადიანობასა. რამეთუ აღმოიფხვრებოდნენ წესნი და რიგნი ქრისტიანობისანი ყოველნივე და შეემატებოდნენ მაჰმადსა... რამეთუ იქმნა რისხვა ღვთისა ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ მოოხრდნენ ეკკლესიანი დიდ-შვენიერნი და იქმნებოდნენ პირუტყვთა სადგურ და, რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა, ივლტოდნენ ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთს და წარაქვნდათ ხატნი და ჯვარნი და წმინდათა ნაწილნი, მოისპოდნენ ეპისკოპოსნი, მონაზონნი და მწყემსნი...“ 8. აი ამ დროს გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს ამარჯანა ივანგულაშვილს მოატანინა სამცხიდამ ათი ხატი - ანჩისა, ნათლის მცემლისა, იოანე მახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი - ორი ათას მორჩილად, ანუ ასოც თუმნად 1660 წელს. ესე ხატები გორიდან ჯერ ს. ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.

VIII) დღემდე არავინ დაკვირვებია და არ შეუნიშნავს, რომ სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოსახული და ფიცარზედ დაკრული. ტილო კი ისე ცხადად სჩანს, რომ შუბლზედ და ლოყებზედ ქსოვლობა, ძაფების ორმობადები ეტყობა; შუბლის გარემო, მარჯვნივ ხომ პირდაპირ სჩანს ტილოს ნაპირი. რუსულს ენაზედ გამოცემულს აღწერაში მე გამოვსთქვი აზრი, რომ პირი ღვთის ხატი არის ნამდვილი ედესის ხატი-მეთქი. ამის საბუთად მაშინ მე მოვიყვანე: ა) რომ ძველთაგანვე ქართველი ერი უწოდებს ამ ხატს პირი ღვთის ხატსა; ბ) რომ დღესასწაული ამ ხატისა იმ თავითვე სრულდება ყოველ წელიწადს 16 აგვისტოს, ე.ი. სწორედ იმ დღეს, რომელიც პირველშივე ედესიიდგან კოსნტანტინეპოლში მოსვენებულს ხელით უქმნელს ხატს დაუწესეს წმ. მამებმა სადღესასწაულოდ; გ) ქართველთ წმ. მამათა შეუდგინეს საკუთარი საგალობლები ანჩის ხატს, როგორც პირი ღვთის, ხელითუქმნელის ხატსა9; დ) საქრისტიანო საზოგადო გარდამოცემით ხელითუქმნელი ხატი საბერძნეთიდამ გადმოტანილია და იმყოფება საქართველოში10. ახლა კი უფრო თანდათან მტკიცდება, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილი ეფესიის ხელითუქმნელი ხატი. ა) კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი ზემოთ მოყვანილ წარწერაში მოგვითხრობს, რომ საბერძნეთში რაკი ხატთა თაყვანის ცემას დევნა დაუწყეს იმპერატორის ლეო ისვაროს დროდგან, ხელითუქმნელი ხატი კონსტანტინეპოლიდგან კლარჯეთის საეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენესო და იქიდგან აქ, ტფილისში მოასვენესო. თუ რომ კათალიკოზ-პატრიარქს დომენტის საბუთები არა ჰქონდა, განა გაბედავდა ამისთანა ცნობის თქმასა? რასაკვირველია არა. კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი III ფრიად განათლებული პირი იყო, ძმა განათლებულის მეფის ვახტანგ მეექვსისა და მის ხელთ იყო ჯერ დიდი საპატრიარქო წიგნთსაცავი სვეტისცხოვლის ტაძრისა და მერე მდიდარი სამეფო წიგნთ-საცავი. დომენტის მოვლილი ჰქონდა იერუსალიმი, საბერძნეთი, რუსეთი და სხ. ქვეყნები. დღეს ჩვენს საეკკლესიო მუზეუმში დაცულია რამდენიმე ხელნაწერი, რომლებშიც მოთავსებულია მოთხრობანი და საგალობელნი ხელითუქმნელის (ანჩის) ხატისა. ერთს მათგანში (№425, 625 გვ.) პირდაპირ ვკითხულობთ: „ივ. აგვისტოს წარყვანებაჲ, ედესიიდგან კონსტანტინეპოლედ ხელითუქმნელისა ხატისა, რომელსა ჩვენ ანჩის ხატად სახელ-ვსდებთ. ზედ მოსდევს საკუთარი, ანჩის ხატის ტროპარი 11. ხელნაწერი გადაწერილია მეშვიდმეტე საუკუნეში ძველი ხელნაწერიდგან. ჩამოტანილია მცხეთის სვეტის ცხოველის ტაძრიდან და, უეჭველია, ხელში ექნებოდა კათალიკოზ-პატრიარქს დომენტის. ამას გარდა, საბუთად მიგვაჩნია ამა ხელითუქმნელის ხატის სინამდვილისა ის გარემოებაც, რომ თამარ დედოფალზედ გაცილებით უწინ ყოფილა ეს ხატი ანჩაში, ქართველების ხელში. ამას ამტკიცებენ ოთხი ნაჭერი ვერცხლისა უძველესის (ქართული) ხუცური ასო მთავრული წარწერებით, რომელნიც განახლების დროს აქა-იქა, უალაგო-ალაგას დაუკრავთ კუბოს თავზედ. ეს ამტკიცებს, რომ თამარ-დედოფლამდე ანჩის ხატი უწინვე ყოფილა შეჭედილი ვერცხლით და მხოლოდ დაძველებული შეჭედილობა განუახლებია. ანჩის საეპისკოპოსო ტაძრის სალაროს ძვირფას საუნჯეთაგან ჩვენამდე მოაღწია ერთმა სამღვდელთ-მთავრო ომოფორმა და ერთმა ოლარმა. დღეს ორივე ესე ნივთნი დაცულ არიან სამეგრელოში, ცაიშის ტაძრის სალაროში. ოლარი ეკუთვნის 1312 წ. და ილორის კრეტსაბმელთან ერთად ქართველ ქალთა ხელთნაქმარობის უძველეს ნაშთად ირიცხება. აი წარწერანი: ოლარზედ, მარჯვნივ - „ანჩის ხატს და საყდარსა მისსა მოვახსენე და შევწირე წმიდა ესე ოლარი და დავდევ  ანჩელსა ეპისკოპოზსა მე თამარ ჴერჴემლის ძისჲ ასულმან , სალოცავად სულისა ჩემისათვის და, რაოდენნიცა ეპისკოპოზნი იკმარებდეთ ლოცვასა მომიხსენებდეთ“. მარცხნივ: „ღმერთო აკმარე ესე ოლარი ანჩელს იოანეს და შემდგომთა მისთა მღვდელმთავართა სათნოდ შენდა მწყემსობასა შინა. ქორონიკონსა ფლბ (=1312 წ.)“. ომოფორზედ - „ქ. საშინელი ხატო ანჩისა! შეიწირე მცირე ესე ომოფორი დედოფალთ დედოფლისა ნათელისა, ძისა დიდისა სულკურთხეულისა ამირსპასალარისა და სამცხის სპასალარისა ყუარყუარესა აქა და საუკუნესა. ამინ. ანჩელისა თეოფანესთვის შეკერული“ 12. ყველა ამ ზემო მოხსენებულ მოსაზრებათა გამო ეჭვს გარეშეა, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილად ედესიიდგან კონსტანტინეპოლში გადასვენებული და იქიდგან ანჩაში საიდუმლოდ მოსვენებული ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი. ძველი მხატვრობა კედლებზედ განახლებულია ჯერ ნიკოლოზ კათალიკოზისაგან 1680 წ. და შემდეგ 1611 წ. სამხრეთის შუა თაღზედ დახატულია ა) ანტონი მარტო მყოფელი საკვირველთ-მოქმედი (VI საუკ.) ხელით უქმნელის ხატით (კეცზედ); ბ) ქალაქის ედესიის ბჭენი და მის თაღზედ ხელით უქმნელი ხატი; გ) მოსვლა თადეოზ მოციქულისა ავგაროზთან და დ) ავგაროზისაგან შემთხვევა ხელით უქმნელის ხატისა. ჩრდილოეთის შუა თაღზედ დახატულია: ა) ღვთისმშობლის შობა; ბ) ღვთის-მშობლის მიცვალება; გ) ტაძრად მიყვანება და დ) ხარება. მაღლა დიდი თაღის აქეთ-იქით კედლები მოხატულია ძველი აღთქმის ისტორიული ხატებით: ა) შეუწველი მაყვლოვანი და მოსე; ბ) გედეონის საწუმისი; გ) იაკობის კიბე; დ) ისაკის შეწირვა და სხ. დაბლა კედლებზედ დახატულია წმ. სახარებიდგან იგავნი იესო ქრისტესი: ა) ათნი ქალწულნი; ბ) ორნი კაცნი-ერთი თვალში დვირეთი, მეორე - ბეწვით; გ) ფარისეველი და მეზვერე; დ) ლაზარე, გლახაკი და მდიდარი; ე) მოწყლული ავაზაკთაგან მესამარიტელი და სხ. საკურთხევლის თაღში დახატულია სული წმიდის გარდამოსვლა მოციქულებზედ, ხოლო მის მაღლა შუაზე - საბაოთ ღმერთი. სამკვეთლოს შესავალს ასწვრივ დახატულია ჯვარცმა, ბარძიმში სწვეთს სისხლის ჯვარცმულის ქრისტესი. მარჯვნივ აწყვია დავითის ქნარი და სამეფო სამკაულნი. დასავლეთის კედელზედ - მაღლა დახატულია ადამ და ევას ნეტარება სამოთხეში და მათი გამოძევება სამოთხიდგან; დაბლა - მეორეთ მოსვლა ქრისტესი და ჯოჯოხეთი. კანკელი ახალია, რუსულის ხელოვნებისა, გაკეთებული 1854-1855 წლებში კანელის მარჯვნივ, როგორც ვთქვით ასვენია ხელითუქმნელი ხატი, ხოლო მარცხნივ პირი ბეთანიის ღვთის მშობლის ხატისა, ოქროცურვილი ვერცხლით და თვლებით შემკობილი და შემოწირული განსვენებულის კნეინა მანანა მირმანოზ ერისთავის ასულის ორბელიანისაგან 1829 წელში. ძველი კანკელი თლილის ქვისა ყოფილა. წვრილ სვეტებზედ დამყარებულია თაღებით. ამ მშვენიერი კანკელის რამდენიმე სვეტი ეხლაც მთლათ დაცულია ანჩისხატის ძველ სამრეკლოში. ნეტა ეღირსება როდესმე ანჩისხატის ტაძარი ძველის ქვის კანკელის ხელ-ახლად დადგმასა? ანჩისხატის ტაძარს აღარა შერჩენია დღემდე ძველის დიდძალი ქონებიდგან. ძვირფასი საგანძური, რაც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის (1795 წ.) გადარჩა, ტორგით გაიყიდა 1859 და 1878 წ. ანჩის ხატის ეზოში ძველადგანვე გამართული იყო საკათალიკოზო ბინადრობა: სადგომი სახლი კათალიკოზისა სარდაფით ტაძრის კრებულისა და მოხელეთა, სტამბისა, სემინარიისა და სხ. ნიკოლოზ კათალიკოზმა (1675-1701 წ.) დომენტის ანდერძი შეასრულა: დაასრულა განახლება ანჩისხატის ტაძრისა, ააშენა სახლები და მოაწყო ყოველივე საჭიროებით. შემოიკრიბა საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი, მგალობელნი, ხელოვანნი მხატვარნი: მაგ. მწერალნი და მხატვარი მღვდელნი: საბა, აბელი, მიქელი, პეტრე, რომელთაც გადასწერეს ნიკოლოზის ბრძანებით მშვენიერი მხატვრობანი. ამ მხატვრობის მშვენიერებამ გააკვირვა რუსეთის მეცნიერი პროფესორი კონდაკოვი. - მათგანვე გადაწერილნი რამდენიმე კონდაკი, და X საუკუნის ორი ტყავზედ (ჯოხზედ დახვეული) ნაწერი ოქროპირის ჟამის წირვა და სხ. მრავალნი ხელნაწერნი დღეს საეკკლესიო მუზეუმში არიან დაცულნი. ყველას ასე ჰგონია, რომ შაჰაბაზისგან რამდენჯერმე საქართველოს აოხრების შემდეგ და გათათრებული როსტომ მეფის გამო, რომელმაც ქართველებში შემოიღო სპარსული ზნე-ჩვეულებანი, საქართველოში უნდა გამქრალიყო მწერლობაცა და მხატვრობაცა, მაგრამ კათალიკოზების ქრისტეფორეს, დომენტის და ნიკოლოზის მეოხებით მწერლობაც და მხატვრობაც ამ დროში წავიდა წინ, ასე რომ მეთვრამეტე საუკუნეში კათალიკოზის მახლობელნი ორნი საგვარეულონი, მესხიანთი და მაღალაანთი, დიდით-პატარამდე ჩინებულნი მწერალ-მწიგნობარნი და მხატვარნი იყვნენ: დეკანოზები ანჩისხატისა - იოსები, გრიგოლ მხატვარი; დავით კანდელაკი, ალექსი, გიორგი, მიქელ, სოლომონი; სიონისა - მიქელ, იოანე მხატვარი, გიორგი მხატვარი, ნიკოლოზი, ოსე, იოანე ოსეს ძე და სხ. - წინ უძღოდნენ მწერალ-მწიგნობრობისა, გალობისა და სტამბის წარმატების საქმესა საქართველოში. მესხიაანთ-მათალაანთ გვარმა დაიცვეს ჩვენამდე საუკეთესო - გალობა, ხელი წერისა, კილო სახარების და სამოციქულოს კითხვისა13. ვის არ ახსოვს შესანიშნავი სახარების მკითხველი ტარასი არქიმანდრიტი (+1874 წ.)? ბევრი, ძალიან ბევრი ქართველი მღვდელი და მთავარ-დიაკონი ცდილობდა მიბაძვასა, მისი კილოთი სახარების კითხვას. ამიტომაც საქართველოს მეფენი დიდათ სწყალობდნენ მესხიაანთ საგვარეულოს და ამხნევებდნენ სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. საქართველოში ყველგან სახლობდნენ თათარნი და სომეხნი, რომელნიც მუდამ თავის სარწმუნოებისა და გავლენის განმტკიცებასა ცდილობდნენ. სახელოვანი ანტონ დიდი კათალიკოზი აღიზარდა ანჩისხატის დეკანოზების (დავით, ალექსი, გრიგოლ) ხელში. ამისთანა შესანიშნავი განათლებულნი ეკკლესიის მსახურნი იზიდავდნენ ანჩისხატის ტაძარში არა თუ მარტო ქართველობას, არამედ სომხობას და თათრებსაც კი. თვით ეზო ტაძრისა მუდამ სიცოცხლით სავსე იყო: თავად-აზნაურობა და სამღვდელოება თავის შვილებს ჩვეულებრივ აქ აბარებდნენ სასწავლებლად. ანტონ კათალიკოზი 1744 წლიდგანვე შეუდგა ყრმათა აღსაზრდლ სკოლების გაუმჯობესებას, შეადგინა სახელმძღვანელო წიგნები კატეხიზმოსი, გრამატიკისა, გეოგრაფიისა, ანგარიშისა, ლოგიკისა, ფილოსოფიისა და სხ. რაკი ნიკოლოზ მროველის კატეხიზმო, დიალექტიკა იოანე პეტრიწისა, გრამატიკა იოანე შანშოვანისა (1736 წ.) დაძველებულნი იყვნენ და აღარ გამოდგებოდნენ, ამიტომ ანტონმა დაიახლოვა ფრანგის და სომხის ნასწავლი სამღვდელოება და მათის დახმარებით იადვილებდა ამ დიდს საქმესა. ერთ მეკანანახეს (მაღლა ხმით მკითხველი) ოცი და ოცდა ათი გადამწერი ესხდა და სწერდნენ სახელმძღვანელო წიგნებსა: საუკეთესო წიგნთა გადამწერნი იყვნენ ამ დროს დეკანოზები სიონისა - ნიკოლოზ მაღალაძე, იოანე ოსესძე; ანჩისხატისა - ალექსი, ამის შვილი გიორგი; გვარისმამისა - იოანე გარსევანიშვილი, ისაკ გაბაშვილი. მიხეილ ბერი და სხ. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე დამზადებული იყო სკოლისთვის მრავალი წიგნები - გრამატიკისა, რიტორიკისა, ღვთის-მეტყველებისა, კატეხიზმოსი, ანგარიშისა, და სხ. ასობით და ორასობით. ანტონმა 1 იანვრიდან 1755 წ. გახსნა ანჩისხატის ეზოში განახლებული სემინარია და სამხრეთის შესავალ კარების მაღლა კედელში ჩასვა მარმარილოს ქვა შემდეგი ხუცურის ასომთავრულის ქართულის წარწერით: „შესაქმე 27,17. - ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. ესა არა რაჲ არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა“. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა მეფის ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა 1755 წ, 9 იანვარს“ 14. სემინარია გადაკეთდა უფრო უკეთესად ანტონის დაბრუნების შემდეგ რუსეთიდამ 1783 წ. და მრავალი შესანიშნავი საერონი და სამღვდელონი აღიზარდნენ აქ: ვარლაამ მიტროპოლიტი, იონა მროველი, გაიოზ თაყას ძე ბარათაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, დოსითეოს ნეკრესელი, იოანე და გერვასი სამთავნელები, სტეფანე რუსთაველი, იოანე ბოდბელი, დოსითეოს ფიცხელაური, ნიკოლოზ მაღალაძე, იოანე ოსესძე, გამალიელ გამრეკელი, ტროფილე ელევთერი, გერონტი სოლოღაშვილი, ილარიონ ვაჩნაძე, იოსტოს ანდრონიკაშვილი, პეტრე ლაღიძე, დავით რექტორი, ნიკოლოზ ონიკაშვილი, გიორგი პაიჭაძე, მღ. ქრისტეფორე ბადრიძე, აბრამ, დავით ესტატე ციციშვილი და სხ. სტამბაში მუშაობდნენ, ხან მაგიდას ესხდნენ გარშემო და ჰსწერდნენ წიგნებსა კანანარხით, წირვა-ლოცვის დროს საყდარში გალობდნენ, კითხულობდნენ და ზედმიწევნით სწავლობდნენ საღმრთო მსახურების წესსა და ტიბიკონსა. კვირა-უქმე დღეებში წირვა-ლოცვის დროს გაისმოდა ეკკლესიაში ორმხრივი გალობა, შემუშავებული და განწმენდილი საუკუნეების განმავლობაში კათალიკოზის კარზედ. ქართლ-კახეთის ყოველი მღვდელმთავარი აქა შოულობდა, როცა საჭირო იყო, მწერალ-მწიგნობარსა და მგალობელსა. ყველამ ვიცით, რომ ძველ დროში ყოველი საგვარეულო, თავადაზნაურთა, თუ სამღვდელოთა - აქ, კათალიკოზის კარზედ, ზრდიდა ერთ-ერთს თავის სახლის შვილსა და ამზადებდა ღვთის მსახურებისთვის, რომ ოდესმე ჰყოლოდა მწირველ-მლოცველი სამღვდელო პირი, მომხსენებელი თვისთა და მოყვასთა - მიცვალებულთა და ცოცხალთა, როდესაც მეფე დედოფალი, ბატონიშვილი, ანუ სხვა წარჩინებული პირი მოვიდოდნენ სემინარიის სახანავად, მოწაფენი მიეგებებოდნენ ხოლმე იამბიკოს ლექსებით, რომელთაც ხელ და ხელ შეადგენდნენ და წარმოსთქვადნენ. 1791 წ. აპრილში დავით ბატონიშვილს ენახა თელავის სემინარია, რომლის რექტორად იყო დავით ალექსის ძე, ანჩისხატის დეკანოზის შვილი, ტფილისში ჩამოსულმა დავით ბატონიშვილმა - ახლა ანჩისხატის სემინარია ინახულა. აქაც მოწაფეებმა, როგორც თელავში, მოახსენეს ბატონიშვილს ქება იამბიკოებით. მოგვყავს ორიოდე:

დავით მიქელის ძემ:

„ჩვენ მიერ შესხმა უსრულოჲ, უფერო მიიღენ ესთა, ვინადგან უმეცარნი,

ჯერეთ უწურთელნი ვიშიშვით წარმოდგომად.  თჳთ გონებამან, მხედუჱელმან ჩემისამან.

რომელსა შესხმა ჯეროვნად შეუძლოჲ“...

გიორგი მუხრანბატონის ძემ:

„მიხარის რომელ თქუჵნისა დიდებისა განვიცდი მრავლად სურვილითა სრულებით,

ჰყოფთ ჩემდა ნათელთ, მოფენითა მდიდრებით ამით ვიხარებ სწავლის მტილთ დანერგული,

ძეო მაღლისა, ჩემ მონის შენისაო“.

ვასილ შიო მღვდლის ძემ:

„დაემტკიცენინ სახლი ეგე სიბრძნისა, აღშენებული, ზროდ შენადგი ყოვლადი,

მარად სიმრთელით, უხნოთა საუკუნოდ, შენთა ყოველთა იხარებდე თანადუჵ

მლოცუჵლნი ეს გუარ ყრმანი  შეგთხზავთ ქებასა“ ... და სხ.

სამშობლო ენაზედ სწარმოებდა სწავლა-განათლება და ვერა რაიმე სიძნელე ვერ აბრკოლებდა ქართველ ახალგაზრდობასა შეესწავლა შეგნებით ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. სამშობლო ენაზე განათლებულნი პირნი აკი მუდამ ზედ გამოჭრილნი მურნენი იყვნენ სამშობლო ეკლესიისა და ერისა! აკი თავ-განწირვით უყვარდათ თვისი სამწყსო და სამშობლო მიწა-წყალი!.. ანტონ კათალიკოზი რომ რუსეთიდამ მობრუნდა საქართველოში 1763 წ. გადააკეთა სასულიერო გამგეობა და სახელად დიკასტერია უწოდა. ამა დიკასტერიის წევრად ითველობდნენ ეპისკოპოსნი, არქიმანდრიტნი, დეკანოზნი და მღვდელნი კათალიკოზის აღრჩევით. ანჩისხატის დეკანოზი ყოველთვის დიკასტერიის წევრად ირიცხებოდა. ყოველი დანაშაული სასულიერო პირთაგან ჩადენილი წინაშე ეკკლესიისა, ანუ საზოგადოებისა, აქ ანჩისახატის ეზოში ირჩეოდა ხოლმე და დამნაშავეს ესაჯებოდა შესაფერისი სასჯელი. მტკვრის პირად კათალიკოზის სახლთან მრავლად იყვნენ წვრილი ოთახები (კელიები) ბერ-მონაზონთათვის საცხოვრებლად. მთელ ეზოში ირგვლივ, სამრეკლოდან დაწყებული მტკვრის პირამდე, სახლები იყო დამართული. ჯერ ისევ ანტონ I გამართა 1780 წლიდგან მტკვრის პირად კუთხის ოთახში15 პატარა ჯვრის ეკლესია, რომელშიაც მიიცვალა კიდეც 1788 წ. 29 თებერვალს სამშაბათ საღამოთი. 27 თებერვალს, კვირას ანჩისხატის ტაძარში სწირა ტფილელ მიტროპოლიტმა გერმანემ; წირვა რო გამოვიდა, შემოსილმა გაასვენა ბარძიმი კათალიკოზის საზიარებლად. ანტონი მოემზადა წმ. საიდუმლოს მისაღებად: დაიბანა პირი, დაივარცხნა თმა, წვერი, ჩაიცვა კაბა ანაფორა და მაჯის ღილები თვითონ შეიკრა. მოხუცებულს გერმანეს გული ამოუჯდა ტირილით, ქვით-ქვითებდა და ვერ მოახერხა ეზიარებინა ავადმყოფი. მაშინ ანტონმა თვით წარმოსთქვა სუსტის ხმით ზიარების ლოცვა „მრწამს, უფალო, და აღვიარებ“ და თავის ხელით ეზიარა. 1795 წ. ყიზილბაშებამ მიანგრ-მოანგრიეს სახლები ანჩისხატის ეზოში და ანტონი I-ის პატარა ჯვარის საყდარიც. შემდეგ გენადი ბერმა გამოსთხოვა ნებართვა ანტონ II კათალიკოზს - ავაშენებ ორ ოთახს და ჩემთვის ვიცხოვრებო. მიიღო ნებართვა და გაიკეთა კიდეც სადგომი. 1808 წ. ივნისის 26 გენადი ბერმა მიჰყიდა იგი ორი ოთახი კათალიკოზის მღვდელ-მონაზონს ათანასეს (შემდეგ  არქიმანდრიტი ბიბილური +18 სექტემბერს 1825 წ.) ექვს თუმან ნახევრად. ანტონ II კათალკოზი რომ რუსეთში გაემგზავრა, ათანასეს ქართლში საეკკლესიო მამულების გამგებლობა მიანდეს, გადაიბარგა გორში და გენადისთან ნასყიდი ოთახები ცარიელი დარჩა. 1817 წ. თეოფილაქტე მოვიდა რუსეთიდან და დიდი ამალა მოჰყვა თან და სადგომების ნაკლებულობის გამო, მისი ბრძანებით დაბინავდა მგალობელი მღვდელი ლევ ნიკულიცკი (შემდეგ სიონის დეკანოზი) და რუსეთში წასვლამდინ აქა ცხოვრობდა. ძველი სამრეკლოდან დაწყებული ქუჩის პირად სახლებში 1811 წ. სცხოვრობდნენ იულონ ბატონიშვილის ასული თამარ და სოლომონ II მეფის დაჲ მარიამ. შემდეგ დარჩათ საკუთრებად კათალიკოზის სახლთუხუცესის მაღალაძის შთამომავალთ; ამავე ხანებში მაღალაძეებმა შეისყიდეს უგანათლებულესის, გენერალ-ლეიტენანტის ქვრივის (?), კნეინა ბაგრატიონისაგან დანარჩენი სახლიც. 1870 წ. სასინოდო კანტორამ შეისყიდა მაღალაანთაგან ეს სახლები გორის ეპისკოპოსის ბინად. დღეს ანჩის-ხატის ტაძარი შევიწროებლია ეზოს მხრივ და „საეკკლესიო-სამრევლო სამზრუნველო“ მეცადინეობს დაუბრუნოს მას უსამართლოდ ჩამორთმეული ეზო და სახლები.

IX) მრავალ საეკკლესიო სახმარებელ ნივთთაგან მაგდენი აღარაფერია დარჩენილი ჯერ ტფილისის აოხრების დროს (1795 წ.) დაიღუპა თუ იყო რამე. რაც გადარჩა, ტორგით გაიყიდა, როგორც ზევითა ვთქვით. რაც დღეს არის რამ, ყველაფერი განსვენებულის დეკანოზის დიმიტრი ალექსის ძის მესხის ნაამაგარია.

№ 1. ტრაპეზის სანაწილე ოქროში დაფერილი ვერცხლისა, ხუთ გუმბათიანი ჯვრებით, ფინიკტის ხატებით და ციმბირის ქვებით. შემოწირულია მოსკოვიდან 1818 წ. საქართველოს უკანასკნელის დედოფლის მარიამისაგან. წონით არის 15 გირვანქა და 3 მისხალი.

№ 2. ტრაპეზის სანაწილე, ოქროში დაფერილი ვერცხლისა, თავი შაბაქად ნაკეთებია დაუფერავი. შემოწირულია ტფილისის მოქალაქეთაგან დავით და მიხეილ სარაჯიშვილთაგან 1809 წ. წონით არის 2 გირვანქა და 24 მისხალი.

№ 3. პატარა ვერცხლის, შაბაქით ნაკეთები ვერცხლის კოლოფი წმ. ნაწილების დასაცველი; შემოწირულია ბატონიშვილის ფარნაოზის ასულის სალომესაგან 1858 წ. წონით არის 27 მისხალი.

№ 4. უბის სანაწილე ვერცხლისა, შემოწირული მოსკოვიდგან დარია სობაკინას მიერ, წონით არის 31 მისხალი.

№ 1. სახარება ტრაპეზისა, სლავიანური, ოქროში დაფერილი ვერცხლით მძიმეთ მოჭედილი, ზევითა კიდურზე აწერია: „საქართველოს მეფის ერეკლეს ასულის ქეთევანისაგან ანჩისხატის ტაძარსა, 1838 წ.“ ბატონი შვილი ქეთევანი იყო მეუღლე მუხრან-ბატონის იოანე კონსტანტინეს ძისა. დაიბადა 1764 წ. სეკტემბ. გარდაიცვალა დამბლისაგან 5-7 ივლისს 1840 წ., დაასაფლავეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. სახარება წონით არის 20 გირვანქა და 9 მისხალი.

№ 2. ორი ქართული სახარება, დაბეჭდილნი მოსკოვში მთავარეპისკოპოსის იოსებ სამებელისაგან 1738 წ. (ქობულის ძე +1750 წ. სექტმბერში). ორივე შეჭედილი ვერცხლით, ერთი ოქროში დაფერილია.

№ 3. ტრაპეზის სახარება ქართული, ოქროში დაფერილი ვერცხლის ხატებით ყდაზედ ორივე მხრივ.

№ 4. პარაკლისის სახარება, სლავიანური, ოქროში დაფერილი ვერცხლის ხატებით ყდაზედ.

№ 1. ტრაპეზის ჯვარი, ლურჯი ფინიკტებით, ზურგზე ხუცური ასომთავრული წარწერით: „შეიწირა 1812 წ. 11 მაისს, შეიწირე პიროღვთისაო სახსრად სულისა გარდაცვალებულის მეფის ძის თეიმურაზის ძიძის ანასსა, რომლისა სძისა ფასითა მოისყიდა“. წონით 1 გირვანქა და 6 მისხალი.

№ 2. ვერცხლის ჯვარი, შემოწირული მეფის ერეკლეს ძის იულონისაგან 1812 წ. მოსკოვიდგან.

№ 3. ვერცხლის ჯვარი ოქროში დაფერილი, შემოწირული დავით და მიხეილ სარაჯიშვილთაგან 1809 წ. წონით 1 გირვანქა და 15 მისხალი.

№ 4. ოქროში დაფერილი ვერცხლის მომცრო ჯვარი, წონით 23 მისხალი.

№ 1. ბარძიმი ვერცხლისა ოქროში დაფერილი, ფეხის ძირზედ გარს მხედრული წარწერით: „ქ. საუფლოსა ხატსა ღვთისასა შეწირულ არს ბარძიმი ესე. მოიხსენე უფალო მეფის ძე უღირსი გიორგი და მეუღლე მისი მარიამი, ძენი და ასულნი მათნი“. ეგრეთივე წარწერა ფეშხუმის ძირზედაც. ბარძიმი არის წონით 3 გირვანქა და 12 მისხალი, ხოლო ფეშხუმი, ვარსკვლავი და კოვზი 1 გირნვანქა და 54 მისხალი. შემოწირულია 1795 წ. სპარსთაგან აკლებისა გამო.

№ 2. ბარძიმი ვერცხლისა ოქროში დაფერილი, ფინიკტებით გარს ციმბირის ქვებით, შემოწირულია 1827 ტფილისის მოქალაქის გიორგი ქეთხუდოვისაგან, ბარძიმში არის წონით 2 გირვანქა და 18 მისხალი; ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, განსაზავებელი და პატარა თეფში 1 გირვანქა და 55 მისხალი.

№ 3. ბარძიმი ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, ფინიკტებით გარს ციმბირს ქვებით, შემოწირულია 1840 წ. მეფის ძის იულონის ასულის თამარისაგან (+6 ოქტომბერი 1857 წ. შობითგან 63 წლისა). ბარძიმი არის წონით 1 გირვანქა და 51 მისხალი; ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, 2 - თეფში 1 გირვანქა და 18 მისხალი.

№ 4. ბარძიმი ვერცხლისა, შიგნით დაფერილი ოქროთი. წონით 1 გირვანქა და 80 მისხალი; შემოწირულია დარია საბაკინასაგან: ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, განსაზავებელი და 2 თეფში - 2 გირვანქა და 62 მისხალი.

№ 5. ბარძიმი ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, შემოწირულია კათალიკოზ-პატრიარქის ანტონი მეორესაგან 1809 წ. წონით 2 გირვანქა და 24 მისხალი; ფეშხუმი, ვასკვლავი და კოვზი - 1 გირვანქა და 54 მისხალი.

№ 1. განსაზავებელი ვერცხლისა გარს წარწერით: „შემოგწირე პირის ღვთის ხატსა განსაზავებელი ესე სფირიდონ სიმონოვიჩმა 16 სექტემბერს 1861 წ.“

№ 2. ორი თეფში ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, შემოწირულნი მეფის ძის იულონისაგან, წონით 3 გირვანქა და 12 მისხალი.

№ 1. საცეცხლური ვერცხლისა, ახალი, წონით 88 მისხალი.

№ 2. საცეცხლური ვერცხლისა, შემოწირული კათალიკოზ-პატრიარქის ანტონ მეორესაგან 1809 წ. წონით 1 გირვანქა და 13 მისხალი.

№ 3. საცეცხლური ვერცხლისა წონით 94 მისხალი.

№ 1. სამ-სანთელი ვერცხლისა წონით 91 მისხალი.

№ 2. ორ-სანთელი, ვერცხლისა ოქროში დაფერილი, წონით 1 გირვანქა და 79 მისხალი.

№ 1. კანდელი ვერცხლისა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ, შემოწირულია ელიოზოვისაგან, წონით 90 მისხალი.

№ 2. კანდელი ვერცხლისა პირიღვთის ხატის წინ, შემოწირული კნეინა ორბელიანისაგან, წონით 30 მისხალი.

№ 3. კანდელი ვერცხლისა, მიხეილ ბუჭყიევისაგან შემოწირული, წონით 1 გირვანქა და 16 მისხალი.

№ 4. ვერცხლის კანდლის ძირი, შემოწირული კნეინა ეკატერინე იაკინთეს ასულის ბაგრატიონ-მუხრანსკისაგან.

№ 5. საიაზმე თასი ვერცხლისა, შემოწირული 1812 წ. იმერთა მეფის სოლომონის დის მარიამისაგან, მალხაზ ანდრონიკაშვილის ქვრივი, წონით 3 გირვანქა და 45 მისხალი.

№  6. ვერცხლის ჩარექა. შემოწირული მისგანვე, წონით 100 მისხალი.

№ 7. ვერცხლის ჩარექა. შემოწირული იულონ ბატონიშვილის მეუღლის სალომესაგან, რევაზ ამილახვრის ასულისაგან, წონით 78 მისხალი.

ხატები:

№ 1. პირი ღვთის ხატი.

№ 2. ღვთის მშობლის ხატი.

№ 3. კვირაცხოვლისა, ფიცარზედ ძველი ქართული მხატვრობისა. ვერცხლის გვირგვინი აღარა აქვს, სიგრძით 10½ და სიგანით 7½ გრე16.

№ 4. ღვთის მშობლისა, ფიცარზედ, ქართული მხატვრობისა, ოქროში დაფერილი ვერცხლით შეჭედილი მარჯვენა მხარეზედ და შუბლზედ ღვთისმშობელს აქვს დაკრული წითელი და თეთრი იაგუნდებისაგან შემდგარი ვარსკვლავები; იესო ქრისტეს შუბლზედ წითელი იაგუნდი უზის. სულ 19 წითელი, 11 თეთრი იაგუნდია, 1 მწვანე და 1 წითელიც უბრალო ქვებია. ამ ხატით დალოცა ერეკლე მეფემ 1781 წ. ახლად ჯვარდაწერილი თავის რძალი მარიამ ვახტანგის (ალმასხანის) მეუღლე, რომელმაც შესწირა ანჩის ხატის ტაძარს. სიგრძით 7½ და სიგანე 5½ გრე.

№ 5. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ფიცარზედ მშვენიერი ძველი ქართული მხატვრობისა, სიგრძე 10,5 და სიგანე 7 გრე, ვერცხლის გვირგვინით; შემოწირულია ეფემია იასე ელიოზოვის ასულის ორბელიანისაგან 12 იანვარს 1898 წ.

№ 6. ღვთისმშობლისა ფიცარზედ ოქროში დაფერილის ვერცხლის გვირგვინით. რუსული XVII საუკ. მხატვრობისაა 8 x 6 გრე.

№ 7. წმ. დავით და კონსტანტინე არგვეთელთა, ფიცარზედ ოქროცურვილი ვერცხლის გვირგვინებით და გარს არშიით. 7 x 6 გრე.

№ 8. მაცხოვრისა ფიცარზედ, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული. რუსული ხელოვნებისა, შემოწირული კნეინა ბარბარე ანდრიას ასულის ავალიშვილისაგან. 6 x 5 გრე.

№ 9. იოანე ნათლისმცემლისა ფიცარზედ ოქრო ცურვილი ვერცხლით გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირულია დიმიტრი ბუჭყიაშვილის სულის მოსახსენებლად. 4 x 3½ გრე.

№ 10. ღვთისმშობლისა, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირულია ნინო მარკოზოვის სულის მოსახსენებლად. 5 x 4 გრე.

№ 11. ღვთისმშობლისა, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირულია კნეინა ბარბარე ანდრიას ასულის ავალიშვილისაგან. 4 x 3¼ გრე.

№ 12. სამებისა ფიცარზედ, რუსული მხატვრობა. 9 x 7 გრე.

№ 13. ღვთის მშობლისა „ნუ მტირ მე, დედაო“, ფიცარზედ. ქართული ძველი მხატვრობა, ფრიად შესანიშნავი. 7 x 6 გრე.

№ 14. ივერიის ღვთისმშობლისა, რომლისაკენ წმ. გაბრიელ ქართველი მიმავლობის (ზღვაში) ათონის ივერიის ლავრაში მოსასვენებლად.

№ 15. ღვთის მშობლის ფიცარზედ, ვერცხლის გვირგვინით, ძველი ქართული მხატვრობა 1 x 3 გრე.

№ 16. პირიღვთის ხატი (ფინიქტი) ფიცარში ჩასმული ნაწილებით, ზომით 1¼ გრე.

ფრიად საინტერესოა ამ ხატის თავგადასავალი. ეს პატარა ხატი წმ. ნაწილებით სავსეა და ნაქონია დომენტი III კათალიკოზ-პატრიარქისა (1705-1723, 1738-1742 წ.), რომელსაც რუსეთში აჩუქა დარეჯან დედოფალმა (მეფის არჩილის მეუღლე); უკანა ზურგის ფირფიტა-ფიცარი მოძრავი აქვს. ამ ფირფიტას რომ გამოსწევთ, თქვენ ჰხედავთ ძველს ქაღალდს უჯრებით დახაზულს და შიგ უჯრებში წარწერებით, რომელნიც წმ. ნაწილების სახელებს აღნიშნავენ ასე

ღვთის მშო-
ბლის თმა
ძელი ჭეშმარი-
ტის ნაწილი
ნათლის მცე-
მლის ძუალი.
პეტრე და პა-
ვლეს სისხლი
წმ. თეოდორე
ტირონის ძუა-
ლი
წმ. აბიბოს
ძუალი და ქრის-
ტეს საფლავის
ქვა
წმ. ნიკოლო-
სის ძუალი
წმ. ხარლამპის
და წმ. კვირია-
კე განშორებუ-
ლის ძუალი
წმ. შიო მღვი-
მელის ძუალი
წმ. მანგლელის
ძუალი
(იოანე)
ქრისტეს პინაკის ნა-
ტეხი და კურთის ნა-
ტეხი
(ცარიელია)

დომენტიმ უანდერძა ეს ხატი ანტონ I; მის შემდეგ დარჩა ანტონ II კათალიკოზს, რომელმაც 1811 წ. ივლისის 10 სხვა მრავალ ქონებასთან ეს პატარა ხატიც თან წაიღო რუსეთში. იმ დროებაში ქ. სიღნაღის მახლობლად ს. ვაქრიში ცხოვრობდა ახალგაზრდა გლეხი სიმონ ერიაშვილი, დიდი მორწმუნე და მონატრე ეკკლესიაში სამსახურისა. მაგრამ ნათლისმცელის საყდრის კრებულმა აითვალწუნეს - შენ აქ რა ხელი გაქვსო. გულ ჩათუთქული სიმონი გამოეშურა ტფილისისაკენ ბედის საცდელად. მოვიდა ანჩის-ხატის ეზოში და ელდა ეცა - კათალიკოზი ანტონ II უკვე წასული იყო რუსეთში. დაიწყო სიარული და კითხვა-კითხვით მიაგნო ნიჟნი-ნოვგოროდში კათალიკოზის ბინას. შეეხვეწა კათალიკოზს - ეკკლესიის სამსახური მწადიან და ხელი მომიართეო. ანტონმა მიაბარა იქვე სემინარიაში და როცა სიმონმა სწავლა შეასრულა, ესტატე ციციშვილის17 რჩევით მღვდლად ეკურთხა. კათალიკოზმა ანტონმა სიკვდილის ჟამსა თავისი მხლებელნი ყველანი დაასაჩუქრა, დალოცა და გამოეთხოვა ცრემლით. ეს პატარა ხატი აჩუქა სიმონ მღვდელს ერიაშვილს და დაავალა სამშობლოში დაბრუნებულიყო. აასრულა კიდეც: აარონ დეკანოზი (მესხი), დანიელ მღვდელმონაზონი და სიმონ მღვდელი ერთად მოვიდნენ საქართველოში. ჭაღარა შერეული სიმონი მივიდა ვაქირში 1832 წელში და აბა ვიღა იცნობდა? სიმონი დანიშნეს ქრისტიანობის მქადაგებლად ლეკებში და 1851 წელში მიიცვალა. ეს პატარა ხატი სხვა ქონებასთან დარჩა სიმონ მღვდლის ერთად-ერთ ქალს ანას (ცოლი მღ. იოანე ხატიაშვილისა), რომელმაც აჩუქა თავის მამიდა შვილის შვილს ტრიფონ ივანეს ძე ჯამასპიშვილს. ამ უკანასკნელმა კი ეს წმ. ხატი შემოსწირა ანჩისხატის ტაძარს 1901 წ. იანვრის 25.

№ 17. პირი-ღვთის ხელითუქმნელი ხატი კაკლის ფიცარზედ, მშვენიერი ძველი ქართული მხატვრობა. ოქროში დაფერილ ვერცხლშია შეჭედილი გვირგვინით 1901 წ. პირველ აპრილს. სიგრძე სიგანით 5 x 4 გრე.

№ 18. ძელი ჭეშმარიტი და სხ. ნაწილები ქართული ძველი ხელოვნების ოქროს ჯვარში, რომელიც ახალი ხელოვნების ვერცხლის ოქროს ჯვარში, რომელიც ახალი ხელოვნების ვერცხლის კოლოფში ზის. კოლოფი არის სიგრძე-სიგანით 2 x 1½ გრე, ვერცხლით ყელსაკიდი ძეწკვით. თვით ჯვარი არის სიგრძე-სიგანით 1¾ x 1 გრე. ჯვარის ზევითა პირი შემკულია ძვირფასის ქვებით: შუაზედ დიდი მოგრძო სეილანი უზის, რომელსაც, აქეთ-იქით და ზევიდამ სამი ფირუზი უსხედს; მაღლა-დაბლა ექვსი იაგუნდი და ორი მარგალიტი; მაღლა ჯვრის თავშიაც ორი მარგალიტი. ზევითა პირი ჯვარისა ქვებიანათ აიხდება და მნახველი დაინახავს ძელი ჭეშმარიტის ნაწილს და წმინდათა ნაწილებს - ძვლებს - წმ. გიორგისას, ბარბარესას, სტეფანესას და სხ. ძველად ყოველ წარჩინებულს ოჯახს ჰქონდა ამისთანა გულზედ სატარებელი ნაწილებიანი ხატები, თვით მეფეებსაც კი, და ომში მიმავალს ამ ხატით დალოცავდნენ ხოლმე ოჯახის წევრნი. როგორც ანჩის ხატის ტაძრის ძველი ქონების სიიდგან ჰსჩანს, ეს ძელი ჭეშმარიტი შემოწირულია თ. იასონ ჭავჭავაძისაგან.

№ 19. ოქროში დაფერილი ვერცხლის კოლოფი შიგ წმ. ნაწილებით. სიგრძე-სიგანით 1⅛ x ¼ გრე, ვერცხლის ყელსაკიდი ძეწკვით. კოლოფში ასვენია პატარა კვიპაროსის ჯვარი წმ. ნაწილებით - წმ. მარინესი, გიორგისა, დიმიტრისა, ევსტათისა; შემოწირულია მეფე ერეკლეს ძის მირიანისაგან 1812 წ.

№ 20. გარდამოხსნა ნაკერია წითელ ხავერდზედ ოქრომკედით, რუსული ხელოვნებისა; ნასყიდია მოსკოვში 1861 წელში 245 მანეთად. ანჩის-ხატის ტაძარს ამშვენებენ ხუთი დიდი სასანთლეები. 1 პირი ღვთის ხატის წინ, 1 ბეთანიის ღვთისმშობლის ხატთან, ორი ამბიონს აქეთ-იქით, მეხუთეც გარდამოხსნის წინ. იგინი გამოუწერია განსვენებულს დიმიტრი დეკანოზს 1857 წ. 900 მან. ამავე ხანებში დაუდგამს ახალი კანკელი განსვენებულს დეკანოზსვე 2230 მან. და მეხისაგან გატეხილი დიდი ზარი ხელ-ახლად ჩამოუსხმევინებია 325 მან. ამბიონის წინ 24 სანთლიანი მშვენიერი ბროლის ხომლი, ნასყიდი 250 მან. შემოწირულია ტფილისის მოქალაქის იაგორ მარტინის ძე აკოფოვისაგან 1896 წ.

X) სპარსთაგან ტფილისის აოხრების შემდეგ (1795 წ. სექტემბერს 11-13) ანტონ II კათალიკოზმა მალე განაახლა სემინარიაც და სტამბაც. მაგრამ დიდ-დიდნი უბედურებანი და აღრეულობანი ამ დროს დაატყდნენ თავსა საქართველოს ერსა და ეკკლესიას. ჯერ მიიცვალა მეფე ერეკლე (11 იანვარს 1798 წ.) და მერე მეფე გიორგიც (27 დეკემბერს 1800 წ.). რაღაც იდუმალმა მანქანებამ არია ქვეყანა და უიმისოდაც წელში გაწყვეტილი ერი ქართველთა გონს ვეღარ ეგებოდა. ამ დროს ვიღას ეცალა საეკკლესიო საქმეებისთვის? ანტონ კათალიკოზი განაგებდა საეკკლესიო საქმეებსა როგორც კი ამ დროებას შეეფერებოდა. გაიმართა ენა-ტანიობა, ბეზღება, ერთმანეთის დასმენა. გაება დაუბოლოვებელი დავი-დარაბა, აიმღვრა წყალი - და ადვილად იჭერდნენ ალალ-მართალ თევზებსა. ამ აურზაურისა გამო ანტონ II იძულებული იყო გამგზავრებულიყო პეტერბურგისაკენ 10 ივლისს 1811 წ. და აღარც მობრუნებულა სამშობლოში; ანტონი მიიცვალა ნიჟნი-ნოვგოროდში 1827 წ. დეკემბერში. ანტონის წასვლის შემდეგ დაცარიელდა ანჩისხატის ეზო, დამცირდა თვით ტაძარიც: 1819 წ. შტატით ანჩისხატის ტაძარს დაენიშნა - ერთი დიაკონი, ერთი მღვდელი, მთავარდიაკონი და ორი მეფსალმუნე. დღეს ხომ ერთის მღვდლის, მთავრის და დიაკვნის ამარაა. ესრე წარმავალია დიდება ამის სოფლისა, ესრეთ ცვალებადია ყოველი ქმნილი ხელთა კაცთაჲთა. მაგრამ ძველ ჩვეულებას ვერ უღალატეს და მრავლნი თავად-აზნაურნი და სამღვდელონი ისევ აქ, ანჩის ხატის დეკანოზებს აბარებდნენ თავის შვილებს, ან აქვე, ეზოში აბინავებდნენ. ანჩის-ხატის ეზოში ძველიდგანვე ყოველთვის იმყოფებოდა თითო მოხუცი მოლოზანი. 1820-1848 წლებში აქ, სარდაფში სცხოვრობდა თამარ მოლოზანი, რომელთანაც ბინადრობდნენ ყმაწვილობაში სხვათა შორისთ ივანე გივის ძე ამილახვარი და განსვენებული - დიმიტრი ჯორჯაძე და იესე ადამის ძე ანდრონიკაშვილი.

XI) ზედ მიწერილი კვირაცხოვლის საყდარი

მცხეთის სამთავარეპისკოპოსი ეპარხია რომ გააუქმეს 1804 წ., ანჩის-ხატის ტაძარზედ მიაწერეს კვირაცხოვლის საყდარი, აღშენებული 1615 წ. მთავარ-ეპისკოპოსის ქრისტეფორესაგან (ამილახვარი, შემდეგ კათალიკოზი) ძველის ეკკლესიის ნანგრევებზედ, რომელიც თემურლენგმა დაანგრია 1401 წ. მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე ძმა იყო ანდუყაფარ ამილახვრისა და დედოფალის ანასი და ამათის შემწეობით აქვე აიშენა სახლიც და თავის მეტოქედ გაიკეთა 1716 წ. კვირაცხოვლის საყდარი და სასახლე განაახლა მთავარეპისკოპოსმა რომანოზმა (ერისთავი). მას აქეთ ანჩისხატის დეკანოზის ხელქვეითად  კვირაცხოვლის საყდარს ჰყვანდა საკუთარი კრებული და მხოლოდ 1843 წ. იქმნა გაუქმებული და მისი საეკლესიო ქონება18 ჩაჰბარდა ანჩის-ხატის ტაძარს. კვირაცხოვლის საყდარში დაასაფლავეს 1804 წ. მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე)19, რომელსაც უწირა და ანდერძი აუგო კათალიკოზ-პატრიარქმა ანტონ II და ტფილელ-მიტროპოლიტმა არსენმა. საყდარი დაანგრიეს 1870 წ. და ეხლა მისი საძირკველიც ძლივსღა ეტყობა; უწმიდესის სინოდის უქაზისამებრ ნასაყდრალზედ ან ნიში უნდა აშენებულიყო, ანუ შეღობილიყო და ბაღი გაემართნათ. მას აქეთ დასავლეთის შესავალი კარები ქუჩიდგან დაიკეტა და აქ ასვენია მრავალი გამურული-გამტვერიანებული წმ. ხატები. ყოველ შაბათ საღამობით აქ მოდიან ქრისტიანები, ანთებენ წმ. სანთელსა და არ ივიწყებენ მამაპაპის სალოცავსა. ანჩისხატის ტაძარზედვე იყო მოწერილი დანგრეული XV საუკ. ჩუღურეთის სასაფლაოს კვირაცხოვლის ეკკლესია, სადაც კვირაცხოვლობას ანჩის-ხატის დეკანოზნი გადიოდნენ ხატით და აგროვებდნენ მლოცველთაგან შესაწირავსა.

XII) დეკანოზნი და მღვდელნი ანჩისხატის ტაძრისა

კათალიკოზ-პატრიარქების დროს ანჩისხატის ტაძარში მსახურობდნენ: 1 დეკანოზი და 2 მღვდელი, 2 მთავარი და 2 მეფსალმუნე. ახლის 1819 წლის შტატით დადებულია: 1 დეკანოზი, 1 მღვდელი და ორი მეფსალმუნე. 1831 წ. 1 მეფსალმუნეს მაგიერ მთავარია განწესებული.

1) მღვდელი პეტრე მესი, მოჰყვა თავის ცოლშვილით სამცხედამ ხელით-უქმნელს ანჩის-ხატსა. 1674 წ. კათალიკოზმა დომენტიმ მისცა ადგილი კანდელაკისა ანჩის-ხატის ტაძარში. იყო საყვარელი თანამოსაუბრე კათალიკოზის ნიკოლოზისა, მიიცვალა 1680 წ. ჩვენამდე მოაღწია მისმა ნაწერმა მშვენიერის ხუცურის ხელით კონდაკმა, რომელიც ეხლა ჩვენს საკკლესიო მუზეუმშია დაცული.

2) დეკანოზი იოსებ პეტრეს-ძე, 1681-1711 წლებში.

3) დეკანოზი გრიგოლი, ძე იოსებისა 1711-1724 წლებში, ხელოვანი სამეფო კარის მხატვარი, მგალობელი და მწიგნობარი; ამისი შვილები - ალექსი და ნიკოლოოზ; დიდს მონაწილეობას იღებდა 1705-1721 წლებში სტამბის წიგნების ბეჭდვაში, რისთვისაც მეფე ვახტანგ VI უბოძა უფლება ესარგებლნა სოლოლაკის წყლით თავის გარეთ უბნის ბაღისათვის. როგორც მხატვარი, გრიგოლ დეკანოზი იღებდა მეფის სუფრის სარქრიდამ დღეში ორ პურსა, 2 კერასეულ ღვინოსა და ყოველ წლიურ ჯამაგირს ხაზინიდამ20. 1724 წ. გრიგოლი გაჰყვა ვახტანგ VI რუსეთში და მისი ადგილი მიებოძა მის ძმას დავითს.

4) დავით 1725-1738 წ., ძე იოსებისა, ჯერ კანდელაკი, მერე დეკანოზი. იყო აღმზრდელი ვახტანგ VI შვილებისა, რისთვისაც ეწყალობა მეფისგან 1721 წ. სოლოლაკის ბაღი.

შრომობდა სტამბაში საეკკლესიო წიგნების ბეჭდვაზედ, იყო ჩინებული მწერალი და მხატვარი. სვეტიცხოვლის საკათალიკოზო დიდს სჯულის კანონის  (№76, მუზეუმშია) ბოლოს ვკითხულობთ: „ესე სჯულის კანონი მე ანჩის-ხატის კანდელაკმა დავით, თამაზხან (ნადირშაჰი) რომ ქალაქში შემოვიდა მესამე დღეს (9 ოქტომბერი 1735 წ.) დავიხსენ თათრისაგან, სვეტის ცხოვლისა იყო და ისევ სვეტი-ცხოველს შევწირე სულისა ჩემისა სახსრად და ძისა ჩემისა მიქელის სადღეგრძელოდ. შენდობას ბძანებდეთ“. ამავე დავითს დაუხსნია სწორედ ამ დროსვე სვეტი-ცხოვლის ხელნაწერი (მუზეუმშია, № 84) ჟამნი და ესრევე შეუწირავს.

5) მღვდელი პეტრე, 1721-1734 წ. მწერალ-მწიგნობარი.

6) დეკანოზი ალექსი, 1739-1756 წ. ძე მხატვრის გრიგოლისა. ოსმალეთში ტყვეობიდამ რომ მობრუნდა დომენტი კათალიკოზი, ესე ალექსი მღვდლად აკურთხა. ალექსი იყო საუკეთესო მწერალ-მწიგნობარი და ქართველთა საზოგადოება დიდად პატივსა სცემდა. 1745 წ, შეადგინა სამადლობელი საგალობელნი ბრძოლის ველზედ21; იყო მოძღვარი მეფის თეიმურაზისა და დედოფლებისა - თამარისა და ანნახანუმისა.

ალექსი პატარაობითვე აღიზარდა კათალიკოზ ანტონთან ერთად და სიკვდილამდე დიდათ უყვარდათ ერთმანეთი. ანტონი რომ რუსეთში გააძევეს 1756 წ., ესე ალექსიც დასაჯეს და, ვგონებ, მღვდელობიდგან დააყენეს დრომდე. ანტონს ჰქონდა მიწერ-მოწერა ალექსისთან რუსეთიდგან22; მისგან გადაწერილნი წიგნნი დღესაც მრავლად მოიპოვებიან ჩვენს მუზეუმში. ჰყვანდა შვილები - ნიკოლოოზი, გიორგი, დავითი, ზაქარია, იოსები და სოლომონი. მიიცვალა 1766 წ. და დასაფლავდა ანჩის-ხატის ტაძრის დასავლეთის კარებს წინ.

7) გაბრიელ მღვდელი 1735-1746 წ., მოძღვარი თეიმურაზ მეფისა და დედოფლის თამარისა 1737 წ. ამისი ცოლი მარიამი.

8) გიორგი დეკანოზი, 1765-1779 წ. აღზრდილი კათალიკოზის ანტონ I კარზედ. იყო სიძე სახელოვანის ჯვარის მამის დეკანოზის იოანე გარსევანიშვილისა. მრავალი წიგნნი გადასწერა სკოლებისათვის მხედრულის ხელით. ჩინებული ხუცური წერა იცოდა. ერთს მისგან გადაწერილს წიგნში ვკითხულობთ: „თთუჱსა ივლისსა კბ, ქკს უნვ (1768 წ.) სრულ იქმნა მცირე ესე სჯულის კანონი ქალაქსა ტფილისს, პალატსა საპატრიარქოსა ჴელითა ანჩის-ხატის დეკანოზის გიორგისითა, მხილველთაგან შენდობის მოქენე“ 23 1766 წ. მისგანვე გადაწერილი ლოცვანი, 1767 წ. - კატეხიზმო აკვირვებენ მნახველს. მიიცვალა 1779 წ. თებერვალში, ჰმარხია ანჩისხატის დასავლეთის კარებთან, მისი ცოლი მარიამი +1770 წ.

9) ნიკოლოოზ მღვდელი, ძე ალექსისა, გადამწერი 1767 წ. 20 იანვარს ქილილა და დამანასი24.

10) მიქელ დეკანოზი 1779-1788 წ. ძე გიორგი დეკანოზისა. ამან აღზარდა შესანიშნავი მეუდაბნოე ბერი ბესარიონ ფავლენიშვილი. მიქელზედ სწერს დავით რექტორი „აღვსწერე წიგნი ესე ჰაერში მროკველი - аэростать) მწუხარებასა შინა... სიკვდილისათვის განკრძალულისა მღვდლისა და დეკანოზისა მიხაილისა გიორგი დეკანოზის ძისა. მიიცვალა სეკტენბერს 19, ცისკრის ჟამს, სამშაბათი რომ თენდებოდა ქკს უოვ (1788 წ.) მიქელის ცოლი - ქაიხოსრო შაბურიშვილის ასული ანნა +24 ივნისს, 1786 წ.

11) ზაქარია დეკანოზი, ძე ალექსი დეკანოზისა 1788-1791 წ. მიიცვალა ახალგაზრდობაში.

12) სოლომონ დეკანოზი, ალექსის ძე, 1791-1808 წ., ნიჭიერი მოწაფე ანტონ I კათალიკოზისა. იგი იყო შესანიშნავი მწიგნობარი, მწერალი, მგალობელი, მხატვარი, წიგნთა მკაზმავი. იყო საყვარელი მეფეთა, კათალიკოზისა და წარჩინებული თავად-აზნაურობისა. მისი დახატული წმ. ბარბარეს ხატი დღეს ანჩისხატის ტაძარშია.

სოლომონ დეკანოზი გულადი ვაჟკაციც იყო: 12 სექტემბერს, 1795 წ. განუშორებლივ იდგა თავის საყვარელ ანჩის-ხატის ტაძრის კარებთან და ელოდა - რითი გათავდებოდა თავგანწირული ბრძოლა ერეკლე მეფისა ყიზილბაშებთან; ვიდრე სიონთან არ მიცვივდნენ ყიზილბაშები, მანამ ფეხი არ მოიცვალა სოლომონ დეკანოზმა; მაშინ კი მოიკიდა ზურგზე ხელით-უქმნელი ანჩისხატი და გაუდგა ვერისაკენ საბურთალოზედ და ასე ზურგით აიტანა მცხეთამდე ეს ამოდენა ხატი; აქედან ურმით ანანურში წაასვენა გერგეთისაკენ. მისი რჩევით მეფე ერეკლე და გიორგი სწირავდნენ ღარიბს, ყიზილბაშთა და ლეკთაგან აკლებულს ეკკლესიებს, შესამოსელსა და საჭირო ნივთებსა: ბარძიმ-ფეშხუმსა, კანდლებსა, სასანთლეებსა, წიგნებსა და სხ. 1802 წ. იმპერატორმა ალექსანდრე I უბოძა ოქროს გულის ჯვარი და კამილავკა და 400 მან. სიკვდილამდე პენსია. იმ ხანათ რუსის ჯარებისათვის სახლები არ იყო ჯერ აშენებული და ზამთრობით ტფილისის მცხოვრებლებს უყენებდნენ ხოლმე ჯარის კაცებს საცხოვრებლად. სოლომონ დეკანოზსაც ჩაუყენეს ორი აფიცერი და ორი სალდათი, მაგრამ ძალიან უარზე დადგა. ბოლოს გამოიტანა სახლიდამ კამილავკა და აჩვენა მელიქს დარჩიას - მე ხელმწიფემ ეს პატივი-მცა და თქვენ ასეთ შეურაცხყოფას მაყენებთო? მაგრამ არა იქნა რა. აფიცრები ჩაუყენეს სახლში და სოლომონ დეკნოზს, სანამ ცოცხალი იყო, კამილავკა არ დაუხურავს. მიიცვალა 1808 წ. და დასაფლავდა ანჩის-ხატის ტაძარში. ღვთის-მშობლის ხატის წინ, ამბიონის მარცხნივ. ანტონ კათალიკოზმა უწირა და აუგო ანდერძი.

13) გაბრიელ დეკანოზი, იოანეს ძე, კანდელაკი. განათლება მიიღო ანჩისხატის სემინარიაში და პატარობიდგანვე კათალიკოზის ანტონ II კარზე აღიზარდა. მთავრად ეკურთხა 20 მარტს 1793 წ. შობიდან 60 წლისა და დასაფლავდა ჩუღურეთის ჯვარის (ეხლა ნიკოლოზის) ეკკლესიაში.

14) დიმიტრი დეკანოზი, ძე დეკანოზის სოლომონისა, დიაბადა  1778 წ. სწავლა მიიღო ანჩისხატის სემინარიაში. 1796 წ. დაინიშნა საქართველოს სასულიერო საკათალიკოზო დიკასტერიის მდივნად; მთავრად ეკურთხა 2 მაისს 1798 წ. და მღვდლად 9 დეკემბერს 1805 წ. 1808-1815 წლებში იყო დიკასტერიის წევრად, ხოლო 1815-1861 წლებში საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორისა. 1817-1852 წლებში იყო საეკლესიო გუჯართა და სხვა ძველ საბუთთა გამრჩევ კომიტეტის წევრათაც 1833-1857 წლებში დიდი დავა ჰქონდა მაღალაანთთან სახლების გამო. შრომის მოყვარეობისათვის დაჯილდოებული იყო 200 მან. პენსიით, კამილავკით, ორდენები - ანნა მე-2 და 3; ვლადიმირისა - მე-3 და მე-4; ენქერი ებოძა 1819 წ. +9 დეკემბერს 1862 წ. დასაფლავებულია ანჩის-ხატის ტაძარში, მაცხოვრის ხატის წინ, ამბიონის მარჯვნივ.

15) დავით დეკანოზი, ძე გაბრიელ დეკანოზისა. სწავლა დაასრულა ანჩისხატის სემინარიაში; 1808-1815 წლებში იპოდიაკვნად იყო ჯერ კათალიკოზ ანტონ II-თან, მერე ვარლაამ ეგზარხოსთან. მღვდლად ეკურთხა 12 მაისს 1827 წ. და დეკანოზად 21 აპრილს 1815 წ. მიიცვალა 2 მარტს 1819 წ. შობიდგან 56 წლისა

XIII) ანჩისხატის ტაძარში არიან დასაფლავებულნი:

1) წმ. ევდემოს კათალიკოზ-პატრიარქი, დიასამიძე, 1631-1638 წ., როდესაც ქრისტიანობის გულისათვის გათათრებულმა როსტომ მეფემ ჯერ დაატყვევა ტფილისის ციხეში, მერე დაახრჩობინა და გადმოაგდებინა მაღლა ციხიდან აბანოების მხრივ, მისმა თაყვანის-მცემმა სამღვდელოებამ საიდუმლოდ მოასვენეს მისი გვამი და ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხეში მიაბარეს მიწას.

2) ხელით-უქმნელის ხატის წინ ჰმარხია დავით-გარეჯის წინამძღვარი ონოფრე მაჭუტაძე.

3) ჩრდილოეთ-დასავლეთის სვეტსა და დასავლეთის კედელს შუა ჰმარხია ქვრივი მალხაზ ანდრონიკაშვილისა, მარიამ. ასული იმერეთის მეფის არჩილისა, +10 სექტემბერს 1854 წ. შობიდან 79 წლისა25.

4) უკანა სვეტებს შუა ასაფლავია ბატონიშვილის გიორგის ნაზრიი ტარიელ ჯვარაშვილი +1793 წ. და ძე მისი გიორგი +1791 წ.

5) ამბიონის მარცხნივ ასაფლავია დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე მესხი +1808 წ. 63 წლისა.

6) ამბიონის მარჯვნივ დეკანოზი დიმიტრი სოლომონის ძე +1862 წ. 84 წლისა.

7) სამხრეთ-აღმოსავლეთის სვეტის წინ ჰმარხია იოანე ბუჭყიაშვილის მეუღლე ნინო +1802 წ.

8) მის მარჯვნივ კედელთან - გენერალ-მაიორი დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი +1849 წ.

9) შემდეგ, დასავლეთით მისი ძმა პოდპოლკოვნიკი გედეონ ივანეს ძე ბუჭყიაშვილი, +1858 წ.

10) სამხრეთ კარების შესავალთან სვეტებ შა ჰმარხია პოლკოვნიკი თ. იესე იოსების ძე ანდრონიკაშვილი + 10 ოქტომბერს 1863 წ. 62 წლისა.

11) მის გვერდით ასაფლავია მისი მეუღლე სალომე, სარდლის ქაიხოსრო წერეთლის ასული + 1889 წ.

12) ბეთანიის ხატის წინ ჰმარხია ანახანუმ ზაალის ასული ბუჭყიაშვილისა +1857 წ.

13) მის დასავლეთით ჰმარხიან მისივე შვილები: პოლკოვნიკი მიხეილ ბეჟანის ძე ბუჭყიაშვილი +1887 წ.

14) ჩრდილოეთის კარებთან კონსტანტინე ბეჟანის ძე ბუჭყიაშვილი +1889 წ.

15) გენერალ-მაიორი ვახტანგ ბეჟანის ძე ბუჭყიაშვილი +1901 წ.

16) ჩრდილო-აღმოსავლეთის სვეტთან ჰმარხია პოლკოვნიკი ივანე ბეჟანის-ძე ბუჭყიაშვილი +1890 წ.

17) სამხრეთ კარების მარცხნივ ჰმარხია გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ბეჟანის-ძე ბუჭყიაშვილი +1902 წ.

18) სამხრეთ-აღმოსავლეთის სვეტთან ჰმარხია კნეინა ქეთევან დიმიტრის ასული ჯამბაკურ-ორბელიანისა +1895 წ.

19) ჩრდილო-დასავლეთის სვეტთან ჰმარხია დეკანოზი სტეფანე გუმილევსკი +1891 წ.

XIV) ანჩისხატის ტაძრის ძველ შემოწირულობათა სიგელ-გუჯართაგან ბევრი აღარა გადარჩა-რა გამუდმებულ ქვეყნის აკლებასა და აოხრებასა.

ათიოდე გუჯარია ჩვენს ხელთ, რომელნიც სიტყვა-სიტყვით მოგვყავს. ეს გუჯარნი ცხადათ ამტკიცებენ ქართველთა სარწმუნოებრივს გრძნობის ძლიერებას და სხვათა შორის, ასაბუთებენ ანჩის პირი-ღვთის ხატის სინამდვილეს, როგორც ზევიტა ვსთქვით.

№ 1. „ქ. შენ საშინელო ღვთაებაო და ხატო უცვალებელო, არსებით მიუწდომელო და ძლიერებით განუზომელო, რომელსა გმსახურებენ ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი ანგელოსნი და მთავარ-ანგელოზნი, მთავრობანი და ჴელმწიფებანი, სერაბინნი და ქერაბინნი და ყოველნი დასნი ძალთანი, შიშით მძრწოლარენი, - აქებენ ქებულებასა შენსა, ეჰა შენ შემოქმედო ჩემო ხატო ღუთაებისაო და პირო ქრისტესო, ანჩის ხატო! მეცა მიწიერი ქმნული შენ მიერი დაბადებული, თაყუანის-მცემელი და სარწმუნოებით და სასოებით შენდამი მოლტოლვილი და მთხოველი და მოქენე წყალობისა და შეწევნისა შენისა ციციშცილი ქაიხოსრო და თანა მეცხედრე ჩვენი ასული ბარათიანთი ანახანუმი და მცირენი ძენი ჩვენნი: იოანე და ნოდარ შიშით თაყვანის-მცემელნი შენ ღ~თაებისა ხატისა და პირისა სახისა თჳთ მეუფისა ჩემისა ქრისტესისა შეწევნისა და მოწყალებად ყოფისა მვედრებელნი და მოქენენი, თაყუანის-ცემით მკადრე ვიქმნებით მცირესა ამას შესაწირავსა, და ვიძღვნის-ვმრთმევლობით წმიდასა შინაჲ წმიდათასა სატრაპეზოსა სამსახურებელსა წლითი-წლადსა ზედაშესა და სეფისკვერსა. რათა ყოველსა წელიწადსა სახლისა ჩვენისაგან ათი კოდი პური და შვიდი კოკა ღვინო ჩვენისა ურმითა ქალაქს, ანჩის ხატის დეკანოზს ალექსის მიერთმეოდეს და შემდგომად ამისა, რომელიც ანჩის-ხატის დეკანოზად დადგინებულ იყოს, იმას მიებარებოდეს და თვითცა წმიდათა შინა წირვასა მოხსენებად ღჲრს ვიქმნებოდეთ საქმით რათამე აქ ამ  პურს და ღვინოს ვერ მოვიტანდეთ, თვით დეკანოზი ანუ კაცი მისი მოვიდოდეს სახლსა ჩვენსა და ათს კოდს პურსა და ათს კოკას ღვინოს მიირთმევდეს და თვით წაიღებდეს შეიწირე შენ ხატო უცვალებელო მცირე ესე შესაწირავი და ხელი წყალობისა შენისა აგვიპყარი და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან და ნაცვალ გვავე ორსავე შინა სუფევასა და ძენი ჩვენნი მცირენი დაიფარენ საფარველსა ქვეშე მოწყალებისა შენისასა! დაიწერა ქრისტეშობისათვის ოცს გასულს ქ~ეს აქეთ ათას შვიდას ოცდა ჩვიდმეტს.“

№ 2. „ყოვლისა საქართველოს კათალიკოზ-პატრარხი მეფის ძე ანტონი გიბრძანებ ყოველ წლივ ჩვენის კათოლიკე ეკკლესიის სვეტისცხოვლის კარის იჯარის ამღებთა, მეიჯარეთა; მერე ტფილისის ჩვენი ეკკლეია სანთლითა და საკლმით დიდათ ნაკლულევანია ანჩის-ხატი და ჩვენს სადღეგრძელოდ და სულიერად წარსამართებელად წელიწადში სამი თუმანი და სანთლისა და საკლმის ფასად შეგვიწირავს და მიგვირთმევია. ჩვენის კარის იჯარას ვინც აიღებდით ხოლმე, ყოველს წელს რაც ზევით დაგვიწერია რიცხვით, იმას ანჩის-ხატის დეკანოზს მისცემდეთ უკლებლად და დეკანოზი როგორც ეკკლესას ეჭირება სანთელ-საკმეველი, ისე მოიხმარებს; და როდესაც მისცემდეთ, ბარათს გამოართმევდეთ დეკანოზსა და იმ ბარათს ჩვენი მოხელენი ანგარიშში გაგიტარებენ და გიბრძანებთ კარისა ჩვენისა მოხელენო და მოსაქმენო ჩვენგან შეწირულსა და დამტკიცებულსა ამას ნურვინ წინა აღუდგებით თვინიერ შეწევნისა და თანა-დგომისა, რომ ყოველს წელს ასე უნდა ეძლეოდეს უკლებრად და ულაპარაკოდ. კათალიკოზი ანტონი.“

№ 3. „ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა. ესე წიგნი მოგართვი თქუენ დეკანოზს სოლომონს და წმინდის ანჩის-ხატის ეკკლესიის მეწისქვილე აზატამ ასე რომ ყაფლანის შვილის ქაიხოსროს ჯალაბის ანნას წილხდომილი ყმა ვიყავი, რომ მეფის ირაკლის და მსაჯულთ სამართლით დავრჩი ამას ყმათ; მანამ ეს ჩემი ბატონი ანა ცოცხალი იყო ვმსახურე და სიკუდილის ჟამს ცემი თავი ანჩის-ხატის ეკკლესიას შემოსწირა და დამადო ერთი ჩარექა ზეთი, სამი სტილი სანთელი და ორი სტილი საკმელი ყოველს წელიწადს, ეს უნდა მოგართო და ერთი საწირავიც რომ ჩემს ბატონს ანას უწიროთ. ჩემ შედეგათ ჩემმა შვილმა და შვილის შვილმა ასე მსახურონ ეკკლესიასა. მე მწერალს იოანე პენტელაშვილის დამიწერია აზატას სიტყვით იანვრის ი ქ~კს უჲც +“ (1780 წ.)

№ 4. „ქ. შენ ჩვენს სასოსა და მეოხსა პირსა მღვთისასა შემოგწირე მე მონამან შენმან ანდრონიკეს შვილმან დიანბეგმან ქაიხოსრომ, რათა მეოხ ექმნა მონასა შენსა ძესა ჩემსა სვიმონს და განათავისუფლო სნელებისა ამისგან ამინ. ერთი კომლი კაცი თავის მამულით. ქაიხოსრო“.

№ 5. „ქ. ჩვენს ს~დ ქართლისა კახეთისა და სხვათა მეფე გიორგი ამ ჩვენის სიძის ენდრონიკოვის სვიმონისაგან შეწირულობის წიგნს ამას ვამტკიცებთ მარტის ლა, ქ~კს უპვ.

„ქ. ნებითა და შეწევნითა ღ~ისა მამისა და ძისა და სულისა წმინდისათა, მეოხებითა ყ~დ წმიდისა და ღ~ის მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველ-მყოფელისა ჯუარისათა, მინდობითა წმინდათა და ყ~დ ქებულთა ათორმეტთა მოციქულთათა და მადლითა მოციქულთა სწორისა და ქართველთ განმანათლებელისა დედისა ნინოსითა, - შენ ზესთა საკჳრველსა და სასწაულთა მოქმედსა სასოსა ჩუჱნსა ანჩის ხატსა მანდილსა ზ~ა გამოწერილსა პირსა ღ~თისასა შემოგწირეთ ჩუჱნ საფარველითა შენითა დაცულმან ანდრონიკემან ქისიყის მოურავის შვილმან ელიაღასმან სჳმონმა და თან ფერცხალმან ჩუჱნმან, საქართველოს მეფის გიორგის ასულმან ბატონისშვილმან ბარბარემ, შემოგწირეთ ჩუჱნი მკვიდრი ყმა, მელაანს სოფელში მსახლობელი, ბიძინას შვილი ბიძინა ერთი კომლი კაცი თავისის მამულით სახნავ-სათესით, ვენახით და სახლ-კარით, რითაც შეძლებით მქონებელი იყოს ყოვლითავე, აღსაზრდელად და დასაცუჱლად ძისა ჩუჱნისა თომასსა, და საოხად სულთა ჩუჱნთა და შესაწევნელად ჩუჱნსა ყ~თა აღდგომასა დიდსა მას დღესა განკითხვისასა; დამამტკიცებელნი წიგნისა ამის შეწირულობისანი ღ~თმან აკურთხენ და შლად ხელმყოფნი და გამომწირველნი ამისთ იყუნენ წყეულ და შერისხულ ამინ. წელსა ქ~ს განხორციელებითგან ჩღჟჱ თუჱსა, მარტსა ია-ს. ერთს ღ~თს ვესავ სამებითს სჳმონ ვამტკიცებ წამებით +.

ქ. ჩუჱნ ქართლისა და კახეთისა და სხუატა მეფის გიორგის ასული ბატონის შვილი ბარბარე, ნებითა ჩემითა ვამტკიცებ წიგნსა ამას შეწირულობისასა მარტის ია, ქ~კს უპვ. მეფის ასული ბარბარე.“

№ 6. „ქ. უწმიდესს პირი ღ~ისას კაცი რომ შემოსწირა მის უმაღლესობის სიძემ ენდრონიკაშვილმა სვიმონ, ის კაცი ბიძინაშვილი ბიძინა, მელაანს მემკვიდრე მსახლობელი, ამ მამულის მქონებელია დღეს, თითონ ფიცით თქვა.

ქ. ოთხის დღის მიწა სახნავი შიგნითა მაქვსო.

ქ. ოთხის დღის მიწა გარეთ ტყის პირსაო.

ქ. ოთხის საპალნის ვენახი მაქვსო“.

№ 7. „ქ. შენ ყ~დ დიდებულსა ხატსა და ბრწყინვალებასა ღუთისა მამისა ანჩის-ხატისა პირსა მღ~უთისასა მოახსენე მე ენდრონიკაშვილის ბატონის სიძის ელიაღასი სვიმონისაგან მამულით შემოწირულმან მელაანს მოსახლემ ბიძინა შვილმა ბიძინამმ და გადვიკვეთე ჩემის ნებითა და ჩემის შვილის მოსესა და აბრამის ნებით თქვენი სამსახური ყოველს წელიწადს გიორგობისთვეს გიახლებოდე და რვა მინალთულს თქვენს დეკანოზს თქვენს სამსახურად მივართმევდე, და თუ მე ვერ გიახლო და ვერ მოგართვი და დეკანოზის კაცი მომივიდეს, ამ რვა მინალთულს იმას მივაბარებე, რომელიც სოლომონ დეკანოზის ნებით გამოგზავნილი კაცი იყოს. არის ამისი მოწამე თვით ჩემი მფარველი პირი მღ~უთისა და კაცთაგან მისის სიმაღლის კარის მღუდელი დიმიტრი. მონა მღუთისა დიმიტრი თურქისტანიშვილი, კ~დ მღუდელი იოსებ (იოსებ), საათაბაგოელი პეტრე ბერი + დიაკონი იოანე + და მე ბატონის მოძღუარს იოსებს დამიწერია ამ ბიძინაშვილი ბიძინას ნებართვითა და სიტყვითა და მოწამეცა ვარ. დაიწერა ივლისის ა. წელსა ჩღჟჱ ქ~კს უპვ.“

№ 8. „ქ. მე მუხრან-ბატონის ძეს ერმის შემომიწირავს ანჩის-ხატის პირის მღვთისათვის სასეფისკვერეთ წელიწადში სამი კოდი ფქვილი თავის მარილითა ... ასე, რომ შეწირულობის ფქვილი ესე ყოველწლივ და უკლებლად უნდა მიერთმეოდეს თელეთის ღალიდამ. რომელიც იმ წელს მოღალე იქმნება იმას უნდა გამოართმევდეს ხოლმე დეკანოზი. აგვისტოს ბ. წელსა ჩყივ-ს. მუხრანის ბატონის ძე ერმი“.

№ 9. „ქ. 1816 წელსა ოქტომბრის 6 დღესა. შენ კაცთა ბუნებისა ჴსნისათვის განკაცებულსა ღ~თისა სიტყვისა სახესა ხატსა მაცხოვრისასა, ტფილისს ანჩის-ხატის ღ~თის მშობლის შობის ეკკლესიასა შინა სვენებულსა ჴელითუქმნელსა ხატსა პირსა ღ~თისასა და სასოსა ჩემსა და ჩემთა მშობელთასა, ადრინდელისამებრ ჩემისა განზრახულებისა აწ შემასრულებელმან შემოგწირე საუკუნოჲთა და ყოველთა კაცთა მიერ უცილობელთა შემოწირვითა, საკუთარი ჩემი მამა-პაპეულებისა გამო, და ეგრეთვე საკუთარი ჩემი ხვედრი ძმისა გამო ჩემისა, ხატის თელეთსა შინა სოფელსა მდებარე მიწა, რომლისაც ერთს მხარეს უძევს მუხრან-ბატონის მამული, მეორე მხარეს ჩემის საკუთარი ბაღის ჴევამდინ, ზევით მხარეს ყოვლადწმიდის საყდრის გორა, ქვეით მხარეს ბოლომდინ, სადამდინაც მე ვფლობ. ამ ოთხ მიჯნათა შორის შემოგწირე ოცის დღის ნაფუძარი მიწა ხოდაბუნად, რომელიც თქვენმა კრებულმა უნდა გამიჯნოს და უნდა იყოს ეს ჩემი შემოწირული თქვენდა პირო-მღვთისაო, ვ~ა მწულილი იგი ოდესმე ქურივისა მის, და შენ შემწირველმან ამა ჩემის მცირის შესაწირავისამან მომაგე შენი უხვი წყალობაჲ სულიერად და ჴორციელადცა! და რომელმან კაცთაგანმან ამ ჩემის შეწირულობისა ცილობად ჴელჰყოს მახლობელმან ჩემმან, ანუ უცხომან - შენ მიაგე რისხუა შენი და ჩემთა ცოდუათათჳს იგიმცა განიკითხჳს დღესა სასჯელისასა. ხ~ო დამამტკიცებელნი ამისნი შენ აკურთხენ საღმრთოჲთა კურთხევითა შენითა. ამინ. თავადი ფარსადან, ძე თეიმურაზისა ციციანოვი. ეს შეწირულობის წერილი თავადის ფარსადან ციციანოვის თხოვით დავწერე, დეკანოზი იესე ჩუბინოვი. ჩემის ძმის თ. ფარსადანის შეწირულობის ყაბული მაქვს თ. დავით ციციანოვს, თეიმურაზის ძეს; ამ დავითის თხოვნით, რადგან წერა არ იცოდა, და მე ათანასეს დამიწერია პორფიროვს. მე კნეინა ანნა ამ ჩემის შვილის ფარსადანის შეწირულის თანახმა ვარ. თხოვითა ფარსადან ციციანოვისათა თანა დამსწრე და მოწამე ვარ შეწირულობის წერილისა ამის მღუდელი ეგნატი იოსელიანი.თხოვითა ფარსადან ციციანოვისათა თანა დამსწრე და მოწამე ვარ შეწირულობის წერილისა ამის მღვდელი იოსებ ბაქრაძე“.

№ 10. „არსებისა ხატო უცვალებელო ძეო, სიბრძნეო და სიტყვაო მამისაო, შემოქმედო ყოველთა ხილულთა და უხილავთაო, რომელმან შექმენ ცანი და ქვეყანა და არა არსისაგან მომიყვანენ არსებად და ყოველნი საქმენი შენნი საკვირველ არიან, რომელმან ჰქმენ კაცი ხატად და მსგავსად შენისა ღ~თაებისა, და შურითა მოძულისა ეშმაკისათა სცთა და გარდაჴდა მცნებასა ჴელმწიფებისა შენისასა, რომლისათვისცა დაისაჯა კაცთა ბუნება, გარნა შენ უსაზღვროჲთა მოწყალებითა არა უგულებელს ჰყავ დაბადებული შენი და გარდამოჴედ ქვეყანად  მიუწთომელითა განგებულებითა. და კაცთა ბუნებითა დაჰფარე ღვთაება შენი, რათა გამომიხსნა ჩვენ ტყვე ქმნილნი ჯოჯოხეთს შინა და ჩვენისა ცხოვრებისათვის დაგვიტევე თვით საუფლო სახე ჴელით-უქმნელი ხატი ღვთაებისა შენისა შესავედრებელად და მხსნელად ყოვლისა მხუარებისა ჩვენისა. ამისთვის ჩვენცა ყოვლისა კაცობრივისა შეწევნისა და ზრუნვისაგან უღონო ქმნილთა მოვმართავ შენსა საშინელსა ხატსა თვით შენსა ღვთაებასა შეხებულსა წინაშე! შენსა მიწასა ზ~ა დაცვივნულთა და ესრეთ მხურვალედ ცრემლით მთხოველთა სამკვიდროსა მამა პაპათა ჩვენთასა და აღვსთქვით აღთქმა ესე უტყუელი ჩვენ უღირსთა ქვემორე ჴელის მომწერთა: უკეთუ სათნო იჩინოს მოხედვა უსაზღვრომან მოწყალებამან შენმან და ჩვენ დასჯილნი ცოდვათა ჩვენთა სიმრავლითა ღირს ვიქმნნეთ გამოხსნად ტყვეობისაგან (?) და მამა პაპათა ჩვენთა სამკვიდროსა ზედა დამკვიდრებად. ყოველს წელიწადს მოვართმევდეთ ტაძარსა შენსა ორმოც ლიტრას წმიდას სანთელსა, ხუთ ლიტრას საკმელსა, ათ თუმანს თეთრს, ოც ხარს და ოცდა ათ სულს ცხვარს; და რომელიც საჭიროება ჰქონდეს დიდებულსა ტაძარსა შენსა აღსაშენებელი, ანუ განსაშვენებელი, ამით შეწირულობით და სხვითაცა შეძლებისაებრ ჩვენისა წარვმართებდეთ და მოვახმარებდეთ და ვინემ შვილნი და შვილის-შვილნი ჩვენნი იყვნენ თვისსა სამკვიდროსა ზედა, დაუცხრომელად მსახურებდენ საშინელსა ხატსა და ტაძარსა შენსა, ანჩის-ხატად სახელდებულსა; და ოდეს მივემთხვივნეთ სავედრებელსა და სათხოვარსა ჩვენსა სიგელიცა ესე განვაახლოთ და კახეთსა შინა ვენახიცა ერთი მოგართვათ საზედაშეო ყოვლის თავის გამოსავლით ყოვლის კაცის უცილობლად და მოუდევრად. წელსა ჩყვ მონა ღვთისა ბართლომე. გიორგი მონა ღ~თისა, მონა ღვთისა დავით (?).“

1. შუა თაღებზედ - მარცხნივ დახატულია შობა, ხარება, მიძინება ღვთისმშობლისა;  მარჯვნივ - მოციქული თადეოზი, პირი ღვთის ხატით და ავგაროზი, მისი განკურნება, ედესის ქალაქის კარის ბჭე იმავე ხატით და ანტონ მარტყოფელის მის მიერ მოსვენებული კეცის ხატით.

2. იხ. ქრონიკები. II, 190 გვ.

3. იხ. იქვე 267-258 გვ.

4. შემდე VI საუკუნეში ეს კეცი ხელითუქმნელის პირი ღვთის ხატით ესვენა ერთბუნებიანთა მწვალებელთა (ნესტორიანნი) საყდარში. წმ. მამა ანტონ ათორმეტთაგანმა ნახა იგი ხატი და შეშურდა, რომ ამისთანა დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში იყო. როცა წმ. იოანე ზედაძნელი თავისი მოწაფეებით გამოემართა საქართველოსაკენ, წმ. ანტონმა იდუმალ წამოიღო კეცი და მოასვენა საქართველოში.

5. პეტრეს შთამომავლობას (მესხიაანთ გვარს) ამილახვარმა უბოძა შემდეგ ბეითალმანი მამული გადასულის აზნაურისშვილის ფოცხვერაშვილისა ს. საკორინთლოში.

6. ეს მარგალიტი თამარ დედოფლის ყელზედ სამკაულს თურმე შეადგენდა ოდესმე.

7. ქართველთა ეკკლესია დღესასწაულობს წმ. შალვას და მისთა მოყვასთა ხსენებას 29 სექტემბერს.

8. იხ. ქ. ცხ. II, 168-169 გვ.

9. მაგ. სავედრებელი პარაკლისი და სხვა მრავალნი.

10. იხ. Изоб. жит. свят. А.Н. Бохметьевой, Августь 51-56 стр.>

11. იხ. პარაკლისი.

12. იხ. ქრონიკები II, ჟორდანია - 170 და 186 გვ.

13. მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძის ელჩი არხიმანდრიტი იოსები, თ.ვოლინსკის ამალაში აღდგომის დღეს 11 აპრილს 1637 წ. თავის ამხანაგებით ალავარდის ტაძარში იმყოფებოდა. წირვის მოსმენის შემდეგ იოსებმა უამბო ამხანაგებს - ქართველებს სახარების კითხვა არა სცოდნიათო, გალობენო. ასეც მისწერა მოსკოვში. ამ დღის მწირველი იყო ალავერდელი ზებედე მთავარეპისკოპოსი კრებულით.

14. ეს ქვა დაცულია ანჩისხატის ტაძრის სალაროში.

15. დღეს სიონის მთავარი სცხოვრობს.

16. გრე - გოჯი, ადლის მეთექვსმეტედი ნაწილი.

17. იყო სიძე ერეკლე მეფისა, მეუღლე მარიამისა. ანტონს სახლთხუცესად ჰყვანდა და 1828 წ. იქვე მოკვდა დარდისაგან დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის ჩინით. ანტონი რომ მიიცვალა, ნიჟეგოროდის ეპისკოპოსმა ათანასემ უწმ. სინოდს წარუდგინა მისი პანაგია, დაფასებული 3915 მან. და შუბლის ბრილიანტის ჯვარი, დაფასებული 3905 მან. სულ7820 მან. ეს ფული სინოდმა გამოგზავნა ტფილისში, სასინოდო კანტორაში და ჩააბარეს ესტატეს მემკვიდრეს - პრაპორშჩიკს ქართველთა გრენადერის პოლკისას, დავით ესტატეს ძე ციციშვილს ოქტომბრის 25-ს 1829 წ. რაკი ანტონმა თავისი ქონება ესტატეს უანდერძა (იხილე Д. Груз. И.С. Конторы 1829 г. № 2195).

18. ამ ქონებიდგან - ბარძიმი (1 გირვ. და 36 მისხ.), ფეშხუმი (50 მისხ.) და ორი თეფში (1 გირვ. 10 მისხ.) ოქროცურვილი ვერცხლისანი და სხ. - საქართველოს ეგზარხოსის ისიდორეს განკარგულებით გადაეცა სასინოდო კანტორას ლეკთაგან აკლებულის კახეთის ეკკლესიებისათვის 1851 წ.

19. იყო ძე დავით გარესჯის უდანოს სქემონაზონის ონისიფორესი (+1786 წ. იანვრის 6).

20. იხ. დასტურ. მეფე ვახტანგ VI, ტფილისი, 1885 წ. 15 გვ.

21. იხ. სახ. მუზეუმში № 5

22. იხ. ივერია 1879 წ.

23. იხ. წ. კითხ. სახ. მუზეუმში ხელნაწერი № 1597.

24. იხ. იქვე ხელნაწერი № 87.

25. ბატონიშვილი მარიამ სცხოვრობდა ჯერ სიღნაღის მაზრის ს. გურჯაანში, კახთუბნის ყოვლად წმიდის მონასტერში და 1840 წლიდან გადმოსახლდა ტფილისში, და ანჩის-ხატის ტაძრის ეზოში სცხოვრობდა, დღე-ღამე მლოცველი და მომსმენი წირვა-ლოცვისა.